ანტიტერორისტული პისტოლეტი Type -84

თანამედროვე პრაქტიკაში არის სიტუაციები, როდესაც ერთი და იგივე იარაღი სხვადასხვა ტიპის ვაზნის გამოყენების მეშვეობით შესაძლებელია დაეხმაროს მის მფლობელს რამოდენიმე განსხვავებული ამოცანის შესრულებაში. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ჯავშანჟილეტში გამოწყობილი ბოროტმოქმედის განადგურება/ დაზიანება, რომელიც სპეციალური ჯავშანგამტანი ტყვიით დამუხტული ვაზნით უნდა განხორციელდეს. შესაძლოა იყოს შემთხვევა, როდესაც არ გვინდა ადამიანის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე და ასეთ დროს გამოყენებულ იქნას არალეტალური მოქმედების მქონე ვაზნები რეზინის ან პლასტმასის ტყვიებით. მოკლედ რომ ვთქვათ ერთი კონკრეტული იარაღიდან შევძლებთ სხვადასხვა სიტუაციებში ადექვატურ რეაგირებას. იარაღი რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებთ კომპლექსური სახით ვაზნა+პისტოლეტი შეიქმნა და მასში გამოყენებული საბრძოლო მასალიდან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს სპეციალურ იარაღად. თუმცა თავად პისტოლეტი არაფრით არ გამოირჩევა სხვა პისტოლეტებისგან. მთავარ ფაქტორს ამ იარაღში სწორედ მისი ვაზნა წარმოადგენს.
80-ანი წლების დასაწყისში ჩინეთის საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტროს მიერ მოთხოვნილ იქნა ახალი იარაღი, რომელიც სპეციალურად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი უშიშროების თანამშრომლების შესაიარაღებლად იქნებოდა განკუთვნილი. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მიზნით, რომ სამოქალაქო ავიარეისების შესრულების დროს თვითმფრინავის ბორტზე მყოფ უშიშროების თანამშრომლებს და პილოტებს საჭიროების შემთხვევაში შესძლებოდათ ტერორისტებთან გამკლავება, აგრეთვე ამავე იარაღით მოხდებოდა სამგზავრო მატარებლებში მყოფი უშიშროების თანამშრომლების შეიარაღებაც.
ახალი იარაღის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ორი ძირითადი პუნქტი:
1.      იარაღი უნდა ყოფილიყო კომპაკტური, რათა მისი ფარული (შეუმჩნეველი) ტარება შესძლებოდათ თვითმფრინავის ბორტზე მყოფ უშიშროების თანამშრომლებს;
2.      მასში გამოყენებული ვაზნა, უნდა ყოფილიყო ისეთი ტყვიით დამუხტული, რომ გასროლის დროს გამორიცხულიყო თვითმფრინავის ილუმინატორის ან სალონის კედლების (ფიუზელაჟის) გახვრეტა.
აგრეთვე ერთერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ის ფაქტორი, რომ ტყვიის შეღწევადობა ბილოგიურ ორგანიზმში (მაგალითად ადამიანის სხეულში) უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად შეზღუდული და კონტროლირებადი, რათა ბოროტმოქმედის დაზიანების შემთხვევაში მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი გამჭოლი ჭრილობა. რამ განაპირობა აღნიშნული მოთხოვნა? ვინაიდან თვითმფრინავის სალონში ან სამგზავრო მატარებელში მგზავრები ერთმანეთთან ახლოს იმყოფებიან და არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ბოროტმოქმედზე (ტეროროსტზე) ნასროლმა ტყვიამ გახვირიტოს მისი სხეული და შემორჩენილი ენერგიით დააზიანოს უდანაშაულო ადამიანი, სწორედ ამიტომ იყო საჭირო ეგრეთწოდებული „კონტროლირებადი პენეტრაციის“ (შეღწევადობის) მქონე ტყვიის გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში უკვე ჰქონდათ საკუთარი წარმოების მცირეგაბარიტიანი პისტოლეტები, რომლისთვისაც მხოლოდ სათანადო ტყვიით დამუხტული ვაზნის შექმნა / დამზადება იქნებოდა საჭირო, 1983 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახლიდან შეექმნათ პისტოლეტიც და მისთვის განკუთვნილი ვაზნაც. გადაწყვეტილების მიღებიდან ზუსტად ნახევარ წელიწადში (1984 წელს) ჩინეთის ერთერთ სპეციალურ დანაყოფს გადაეცა საცდელად დამზადებული პისტოლეტები და მისთვის შექმნილი სპეციალური ტყვიით დამუხტული ვაზნები. ახალ პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება “Type-84”, ხოლო მისი ვაზნის აღნიშნვნა ხდებოდა შემდეგნაირად „7,62x17 Type-84”
პისტოლეტი “Type-84”
პისტოლეტი “Type-84” / QS-84”
შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტი არ გამოირჩეოდა არანაირი სიახლეებით და განსაკუთრებული კონსტრუქციით. იგი იყო კომპაკტური ზომის თვითდამტენი იარაღი თავისუფალი საკეტით. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო არათვითშეყენებადი  და არ გააჩნდა ჩახმახი. დროშისებური მცველი განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს.
მჭიდის ღილაკ ფიქსატორიც მარცხენა მხარეს, სასხლეტი კავის უკან იყო დამონტაჟებული.  პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე შესრულებული იყო მარტივი არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. უკანა სამიზნე საკეტ-გარსაცმზე დამაგრებული იყო „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრით. კონსტრუქციულად ჩინური პისტოლეტი ძალიან ჰგავდა ბრაუნინგის 1906 წლის მოდელს (Browning M-1906). ჩინური პისტოლეტის საერთო სიგრძე შეადგენდა 121მმ-ს, ლულის სიგრძე 56მმ-ს, ცარიელი პისტოლეტის წონა კი შეადგენდა 380 გრამს. რაც შეეხება პისტოლეტის მჭიდს მასში თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა. რიგ წყაროებში თქვენ შეიძლება შეხვდეთ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს, რომელშიც მითითებულია 6 ცალი ვაზნა. ამგვარი აღნიშვნა გულისხმობს 5+1 ვაზნას ანუ მეექვსე ვაზნა ლულის სავაზნე არხში. თავდაპირველად პისტოლეტის ჩარჩო ლულის ქვემოთ იყო სწორი ფორმის, მოგვიანებით კი ჩარჩოს და სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ფორმა ოდნავ შეიცვალა. პისტოლეტები მზადდებოდა ჩრდილოეთით მდებარე ჩინეთის სამრეწველო კორპორაცია “Norinco”-ს“ მიერ (China North Industries Corporation)  და მარკირებული იყო, როგორც „QS-84“.
აღნიშნული პისტოლეტები ახლაც იმყოება ჩინეთის უშიშროების შეიარაღებაში, თუმცა მათი წარმოება არ ხდება მასშტაბურად. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ინფორმაცია ამ პისტოლეტებზე გასაიდუმლოებული იყო და შეიძლება ითქვას ახლაც მკაცრ კონტროლზეა აყვანილი ყველა დამზადებული ეგზემპლარი. ელემენტარული ფოტოებიც კი თითქმის არ მოიპოვება ინტერნეტ სივრცეში თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე უხარისხო ფოტოს.
 
ვაზნა „7,62x17 Type-84”
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მთავარ ნიუანსს წარმოადგენდა სწორედ ახალი ვაზნა სახელწოდებით „7,62x17 Type-84”, რომელიც ფაქტიურად იყო მანამდე შექმნილი ჩინური „7,62x17 Type-64“ ვაზნა, მხოლოდ დამუხტული სპეციალური ტყვიით. ეს ორივე ვაზნა წარმოადგენს ბრაუნინგის 7,65x17 ვაზნის ანალოგს, რომლისგანაც მთავარი განსხვავება მდგომარეობს მასრის ბოლოში არსებულ ნაწიბურში. ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნის მასრას გააჩნია ნახევრად რანტიანი ნაწიბური, ხოლო ჩინურ ვაზნებს კი ჩვეულებრივი ნაწიბური აქვთ.
ვაზნა „Type-84” დამუხტული იყო ნახევრადგარსიანი ტყვიით, რომელიც შედგებოდა სამი კომპონენტისგან:
1. ნახევარ-გარსი რომელიც იყო სპილენძის და ტომპაკის შენადნობისგან დამზადებული (არსებობდა ტყვიები, რომლის გარსიც მზადდებოდა მელხიორის და სპილენძის შენადნობისგან. ასეთი ტყვიები ძირითადად იყო ნიკელის ფენით დაფარული);
2. ტყვიის შენადნობი;
3. პლასტმასის (პოლიმერის) ცხვირი.


ტყვიის ამგვარი კონტრუქცია განაპირობებდა იმას, რომ მყარ ზედაპირზე მოხვედრისას იშლებოდა და ფრაგმენტირდებოდა. ჩატარებული ცდების თანახმად გამოვლინდა, რომ ასეთი ტყვია 2 მეტრი დისტანციის შემდეგ ვეღარ აზიანებდა თვითმფრინავის სალონს და ილუმინატორს. შესაბამისად მისი გამოყენება თვითმფრინავში იქნებოდა უსაფრთხო. საცდელი სახით დამზადებულ იქნა აგრეთვე დურ-ალუმინის შენადნობის ტყვიით დამუხტული ვაზნები, რომელიც უფრო მეტ შეღწევადობას აჩვენებდა, ამიტომაც მასზე უარი თქვეს. საბოლოოდ წარმოებაში ჩაშვებული იქნა ვაზნა დამუხტული  ნახევრად გარსიანი პლასტმასის ცხვირიანი ტყვიით.
გამომცდელების აზრით ვაზნა  „7,62x17 Type-84” ეფექტურად მუშაობდა 15 მეტრ დისტანციამდე სროლისას და გააჩნდა დამაკმაყოფილებელი შემაჩერებელი ენერგია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტყვიის წონა შეადგენს 3 გრამს, ხოლო საწყისი სიჩქარე 200-260 მ/წამს და გამოვთვლით ტყვიის  საწყის ენერგიას, მივიღებთ 60-101 ჯოულს, რაც ძალიან სასაცილო მაჩვენებელია. ამ ციფრებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყვიის კალიბრი არაა მსხვილი. შესაბამისად პირადად ჩემთვის ეჭვქვეშ დგას ვაზნის ეფექტურობა. ერთადერთი ტყვიის ფრაგმენტირების ხარჯზე თუ მოხდება სხეულის დაზიანება და შემაკავებელი მოქმედების უზრუნველყოფა. თუმცა ჩემთვის ესეც სადაო საკითხია, რადგანაც ტყვიის საწყისი სიჩქარე ძალიან დაბალია და სხეულში მოხვედრისას რამდენად შეძლებს იგი ეფექტურად ფრაგმენტირებას და ენერგიის გადაცემას გაუგებარია.
იყო თუ არა საჭირო ახალი პისტოლეტის შექმნა სპეციალურად თვითმფრინავში არსებული უშიშროების თანამშრომლების შესაიარაღებლად?  ამ კითხვაზე ჩემი პასუხი იქნება ცოტათი ვრცელი. ჩინეთში ჯერ კიდევ 60-იან წლებში ვალტერის მოდელ „PPK“-ს ბაზაზე შეიქმნა საკმაოდ კომპაქტური პისტოლეტი სახელწოდებით “Type-64” გათვლილი ჩინურ ვაზნაზე „7,62x17 Type-64“.
"Type-64“
ამ პისტოლეტში თავისუფლად ხდება „7,62x17 Type-84” ვაზნის გამოყენება. ამიტომ ჩემი აზრით საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ახალი ვაზნის შექმნა, რომელსაც „Type-64“ მოდელში გამოიყენებდნენ. შესაბამისად ახალი იარაღის წარმოების და დაპროექტების რესურსიც დაიზოგებოდა. ზუსტად ანალოგიურად მოიქცნენ საბჭოთა კავშირში, როდესაც შეიარაღებაში არსებული მაკაროვის პისტოლეტისათვის შექმნეს მხოლოდ სპეციალური ვაზნა “9x18 СП8”.
ფაქტი კი ისაა, რომ ჩინეთში შეიქმნა ახალი პისტოლეტი და მისთვის განკუთვნილი ვაზნა რომელიც დიდი ხანი იყო გასაიდუმლოებული და როგორც უკვე ავღნიშნეთ ზევით ახლაც მკაცრ კონტროლზეა აყვანილი. რეალობა კი ისაა, რომ არაფერი ახალი და გასაოცარი არც ამ იარაღში და არც მის ვაზნაში არ ყოფილა.

No comments:

Post a Comment