Carl J. Ehbets უცნობი პისტოლეტები

ტრადიციულად ჩვენი ბლოგი აგრძელებს სტატიებს ისეთ ეგზემპლარებზე, რომლებიც დიდი ხნის წინ პროტოტიპების და საცდელი ეგზემპლარების სახით იქნა დამზადებული. ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ერთერთ მეიარაღეზე, რომელმაც თავის დროზე შექმნა საკუთარი კონსტრუქციის უცნაური და ძალზედ საინტერესო პისტოლეტები. დღეს არც ამ პისტოლეტების და არც მისი შემქმნელის  შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ამიტომაც გადავწყვიტე მიკრო სტატიის სახით დავდო ის რაც ვიცი მის შესახებ და რისი მოპოვებაც შევძელი.
Carl J. Ehbets
1867 წელს სემუელ კოლტის (Samuel Colt) ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო წარმოშობით გერმანელმა, ამერიკის მოქალაქემ კარლ ებეტსმა  (Carl J. Ehbets), რომელიც მუშაობდა ფაბრიკის მიერ შესრულებული მოდელების საპატენტო დოკუმენტების მომზადებაზე და ამავდროულად ჩართული იყო იარაღის კონსტრუირების საკითხებშიც. რამდენადაც ცნობილია იგი კოლტის ფაბრიკაში მთავარ კონსტრუქტორადაც ითვლებოდა. კარლ ებეტსმა და ფაბრიკის თანამშრომელმა ვილიამ მეისონმა (William Mason) ერთობლივი ძალებით დაიწყეს მუშაობა კოლტის ახალ რევოლვერზე, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით „Colt Navy Revolver M1889“.
„Colt Navy Revolver M1889“
ეს იყო კოლტის რევოლვერებში პირველი ეგზემპლარი, რომლის დოლურაც ვაზნების ჩასალაგებლად გადადიოდა მარცხენა მხარეს. ცნობილია რომ სულ დამზადებულ იქნა აღნიშნული მოდელის 5000 ცალი ეგზემპლარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის. შემდგომ რევოლვერმა განიცადა გარკვეული მოდიფიცერება და დამზადდა ეგზემპლარი „Colt New Army & Navy Revolver M1889/1892“, რომელიც მისი გამოჩენისთანავე 1892 წელს იქნა შეიარაღებაში მიღებული. ეს რევოლვერები იმ პერიოდში არასოდეს არ ყოფილა კომერციულ გაყიდვაში. (ცნობისათვის კოლტის M1889/1892  რევოლვერის წარმოება შეწყვეტილ იქნა 1907 წელს და სულ დამზადებულ იქნა 291 000 ერთეულზე მეტი ეგზემპლარი). გარდა ამ რევოლვერისა კარლ ებეტს ეკუთვნის კიდევ სხვა რევოლვერების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის და მათი დამცველი სისტემების პატენტები, თუმცა მის ქმნილებებში ყველაზე საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კონსტრუქციის მქონე თვითდამტენი პისტოლეტი.
1994 წლის 29 ოქტომბერს კარლ ებეტსმა აშშ-ში საპატენტო განაცხადი შეიტანა საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენ პისტოლეტზე (შევსებული განაცხადის ნომერი 527,328), რომლის თანახმადაც მისი პისტოლეტი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. საბოლოოდ პატენტი გაცემულ იქნა 1996 წლის 27 ოქტომბერს, ნომრით 570,388.
გასროლის განხორციელებისას ებეტსის პისტოლეტში ლულის ქვემოთა მხრიდან ხდებოდა დენთის აირების გამოყვანა სპეციალურ კამერაში. აღნიშნულ კამერაში მოხვედრილი დენთის აირები უბიძგებდნენ ლულის ქვემოთ არსებულ მილაკში განთავსებულ დგუშს. დგუშის უკუგდებისას პისტოლეტის გვერდებზე არსებული ორი ცალი თამასა ახდენდა საკეტის შემობრუნებას და მის გათავისუფლებას. ტრადიციული აირების გაყვანის სისტემისგან განსხვავებით ებეტსის მექანიზმში დგუშის მიერ არ ხდებოდა საკეტის შემდგომი გადაადგილება უკან. დგუშის მიზანი იყო მხოლოდ საკეტის გადაბრუნება და გაღება, ხოლო საკეტის უკუსვლა და იარაღის შემდგომი გადამუხტვა ხდებოდა უკვე ლულაში დარჩენილი დენთის აირების მიერ მასრაზე უკუცემითი ზემოქმედებით, როგორც ჩვეულებრივ თავისუფალსაკეტიან პისტოლეტებში. სტატიის მომზადებისას შევეცადე გამეხსენებინა სხვა ანალოგიური პრინციპით მომუშავე დგუშიანი მექანიზმის მქონე პისტოლეტი, თუმცა ასეთი სხვა ვერ გავიხსენე. (შევეცდები კიდევ უფრო ჩავუღრმავდე ამ საკითხს და დავძებნო სხვადასხვა პატენტები, რომელიც ეხება ანალოგიური მუშაობის პრინციპით შექმნილ ეგზემპლარებს). თანამედროვე რეალობას რომ გადავავლოთ თვალი, თითქმის იდენტურ პრინციპს იყენებს ებრაული პისტოლეტი “Desert Eagle”, თუმცა მთლიანობაში იგი განსხვავდება, რადგანაც აირები ზემოქმედებენ მის საკეტ გარსაცმზე და არა კონკრეტულად მბრუნავ ჩამკეტზე.
კარლდ ებეტსის პისტოლეტის ერთადერთი შემორჩენილი ფოტოსურათი
ებეტსის პისტოლეტის ვაზნებით დამუხტვა ხდებოდა სპეციალური „კლიპის“ მეშვეობით, რომელშიც 5 ცალი ვაზნა თავსდებოდა. კლიპის ჩადება კი ხდებოდა სასხლეტი კავის წინ განთავსებულ მუდმივ (არამოხსნად) სავაზნე კოლოფში. შესაძლებელი იყო აგრეთვე პისტოლეტში ვაზნების სათითაოდ ჩალაგებაც. ამ შემთხვევაში მსროლელს უნდა გაეხსნა იარაღის მარცხენა მხარეს სავაზნე კოლოფის გვერდითა ხუფი, რომელიც დაბლა იწეოდა.  
ფაქტიურად კარლ ებეტსის პისტოლეტის ტარი  იმეორებდა მის მიერ მანამდე შექმნილი კოლტის რევოლვერის „M1889/1892“ ტარის გეომეტრიას, ხოლო სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინ განთავსებული სავაზნე კოლოფი და ვაზნების მიმწოდებელი ძალიან ჰგავდა ჯერ კიდევ 1892 წლის 20 აპრილს შვეიცარიელი მესაათის, ოტო ბრაუსვეტერის (Otto Brauswetter) სახელზე გაცემულ პატენტში მოყვანილი თვითდამტენი პისტოლეტის სავაზნე კოლოფის და მიმწოდებელი დეტალის იერსახეს.
ნახაზები ოტო ბრაუსვეტერის სახელზე გაცემული პატენტი (1892 წლის 20 აპრილი)
1893 წელს აღნიშნული პატენტი იქნა გამოსყიდული მეიარაღე თეოდორ ბერგმანის (Theodor Bergmann) მიერ, რომელმაც ოტო ბრაუსვეტერის პატენტის მიხედვით შექმნა პისტოლეტი „Bergmann 1893“, ხოლო შემდგომ ლუის შმაიზერთან (Louis Schmeisser) თანამშრომლობით გადაამუშავა იგი. ეს პისტოლეტი დღეს ცნობილია როგორც ბერგმან-შმაიზერის 1894 წლის მოდელი (Bergmann-Schmeisser M 1894).
Bergmann-Schmeisser M 1894
სავარაუდოდ კარლ ებეტს ნანახი ჰქონდა ოტო ბრაუსვეტერის ან ბერგმანის პისტოლეტის ნახაზები და მათი გავლენით შექმნა საკუთარი თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც ბერგმანისგან განსხვავდებოდა მუშაობის პრინციპით. ბერგმან-შმაიზერი იყენებდა ნახავრადთავისუფალი ჩაკეტვის სქემას, ხოლო ებეტსის პისტოლეტი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლულიდან აირების გაყვანის პრინციპს ეფუძნებოდა.
სამწუხაროდ დღეს არაა ცნობილი თუ რა კალიბრის ვაზნებზე იყო გათვლილი ებეტსის პისტოლეტი. ჩემი ვარაუდით იგი გათვლილი უნდა ყოფილიყო კოლტის 1889/92 წლის მოდელის რევოლვერის საშტატო ვაზნაზე .38 Long Colt, რომელიც იმ პერიოდში ითვლებოდა აშშ-ს ერთერთ სტანდარტად საარმიო ვაზნებში.
დენთის აირების ლულიდან გაყვანის პრინციპზე დაფუძნებული ებეტსის პისტოლეტი საბოლოოდ მხოლოდ რამოდენიმე პროტოტიპის სახით იქნა დამზადებული. დღეისათვის უცნობია რომელიმე შემორჩენილი ეგზემპლარის ვინაობა. მხოლოდ ერთადერთი შავ-თეთრი ფოტოსურათი არსებობს, რომელიც მოწმობს, რომ პისტოლეტი მართლაც დამზადდა.
1896 წელს ებეტსმა პარალელურად სცადა სხვა თვითდამტენი პისტოლეტის შექმნა და ამავე წლის 14 თებერვალს შეიტანა განაცხადი ახალ პატენტზე (განაცხადის ნომერი 579.229). პატენტი გაცემულ იქნა 1897 წლის 20 აპრილს (პატენტის ნომერი 580,935).
ებეტსის ახალი პისტოლეტი გამოირჩეოდა იმით, რომ მჭიდი თნამედროვე ტრადიციული მოდელების მსგავსად თავსდებოდა პისტოლეტის ტარში. თუმცა იარაღის საერთო კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავდებოდა როგორც იმ პერიოდში, ასევე ახლა არსებული ყველა სხვა თვითდამტენი პისტოლეტებისგან.
კონსტრუქციული თვალსაზრისით პისტოლეტი ძალიან ჰგავდა ამერიკული ტყვიამფრქვევის „Colt–Browning M1895“-ის სქემას, რომელსაც მოძრავი ბერკეტი ლულის ქვემოდან ჰქონდა გაანთავსებული. თავდაპირველად ეს ტყვიამფრქვევი დამაგრებული იყო დაბალ დაზგაზე, რის შედეგადაც ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ტყვიამფრქვევის ბერკეტი გასროლის დროს ჩიჩქნიდა მიწას, ამიტომაც მას ზედმეტსახელად „კარტოფილისმთხრელი“  ("potato digger") შეარქვეს.
და მაინც როგორ მუშაობდა ებეტსის პისტოლეტი?
თუკი შევხედავთ იარაღის საპატენტო ნახაზებს და კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ თუ რა უცნაურ სქემას იყენებდა იგი.

იმისათვის, რომ მსროლელს პისტოლეტი მოეყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, გვერდებზე თითების მოჭიდებით უნდა აეწია პისტოლეტის ზემოთა მხრიდან  განთავსებული ბერკეტი, რაც ჩემი აზრით მისი ზომებიდან გამომდინარე ძალიან მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო. ბერკეტი დაკავშირებული იყო ლულასთან, ამიტომ მისი მაღლა აწევა იწვევდა ლულის წინ გადაადგილებას. ლულის წინ გადაადგილებას კი მოჰყვებოდა ლულის ქვემოთ განთავსებული დამაბრუნებელი ზამბარის შეკუმშვა. აღნიშნული ოპერაციის შესრულების დროს ზევით აწეული ბერკეტი ახდენდა აგრეთვე ღია ჩახმახის შეყენებას. როდესაც მსროლელი ზევით აწეულ ბერკეტს გაუშვებდა ხელს, იგი ლულის ქვემოთ არსებული შეკუმშული ზამბარის წყალობით უბრუნდებოდა საწყის პოზიციას, ხოლო ლულა კი გადაადგილდებოდა უკან და  შედიოდა მის გარსაცმში. ლულის უკან გადაადგილება და საწყის პოზიციაზე დაბრუნება იწვევდა ლულის სავაზნე ნაწილის წამოცმას მჭიდში მოთავსებულ ვაზნაზე, რომელიც ამ დროს მიწოდების ხაზზე იმყოფებოდა. გასროლისას ლულის ზედა ნაწილში არსებული ნასვრეტიდან ხდებოდა დენთის აირების გადინება ისე, რომ აირები ზემოქმედებდნენ ბერკეტზე. ბერკეტი კი დენთის აირებისგან მიღებული ბიძგით იწეოდა ზემოთ და მთელ ციკლს ასრულებდა თავიდან.
ვინაიდან გასროლის მომენტში ბერკეტი მოძრაობდა ზევით და უკან, ხოლო ლულა მიემართებოდა წინ, ვფიქრობ პისტოლეტს ამის ხარჯზე უნდა ჰქონოდა მცირე უკუცემა, რადგანაც ასეთი მექანიზმი ძალიან წააგავს დაბალანსებული ავტომატიკის სქემას. ჩემთვის უცნობია თუ რა ვაზნებს იყენებდა აღნიშნული პისტოლეტი. იარაღის გაბარიტებით თუ ვიმსჯელებთ ვაზნა არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძლიერი, რაც იძლევა დამატებით საფაძვულს ჩემი ვარაუდისა, რომ პისტოლეტის უკუცემა იქნებოდა სუსტი.
იყო თუ არა ებეტსის ბერკეტიანი თვითდამტენი პისტოლეტი, ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც მსგავსი პრინციპით მუშაობდა? ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს კიც და არაც. სტატიის მომზადების პროცესში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა საპატენტო დოკუმენტაცია, რომლის დროსაც აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ებეტსის პატაენტის გაცემის დღეს ანუ 1897 წლის 20 აპრილს, გაიცა ანალოგიური ბერკეტიანი სქემით მომუშავე თვითდამტენი პისტოლეტის პატენტი, რომელიც ჯონ ბრაუნინგს ეკუთვნის (პატენტის ნომერი 580,923).
ბრაუნინგის აღნიშნული მოდელი ებეტსის პისტოლეტისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ლულა გასროლის მომენტში არ გადაადგილდებოდა წინ. ამ შემთხვევაში ბერკეტის გადაადგილება ზევით და უკან იწვევდა პატარა ზომის საკეტის გადაადგილებას უკან. ასე რომ ებეტსის პისტოლეტის მუშაობის ძირითადი პრინციპი ეკუთვნოდა ბრაუნინგს, თუმცა ბრაუნინგისგან განსხვავდებოდა წინ მოძრავი ლულით.
რიგი წყაროების თანახმად პატენტის გაცემის შემდეგ კარლ ებეტსმა მისი კონსტრუქციის პისტოლეტი წარადგინა კოლტის ფაბრიკაში იმ იმედით, რომ მოხდებოდა მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვება. ყველაზე საინტერესო კი ამ ფაქტში იყო ის, რომ მან მისი პისტოლეტის წარდგენა ჯონ ბრაუნინგთან ერთად მოახდინა. ბრაუნინგმა თავის მხრიდან წარმოადგინა 4 ცალი სხვადასხვა პრინციპით მომუშავე თვითდამტენი პისტოლეტი, რომლიდანაც ერთერთი იყო სწორედ ზევით ნახსენები ბერკეტიანი (პატენტის ნომრით 580,923) ეგზემპლარი. (ბრაუნინგის მიერ წარმოდგენილი ოთხივე ეგზემპლარის პატენტი თარიღდებოდა 1897 წლის 20 აპრილით). სამომავლოდ აუცილებლად მოგაწვდით ამ მოდელების მუშაობის პრინციპის განხილვას და ნახაზებს.
საბოლოოდ თავად კარლ ებეტსმა აღიარა, რომ ბრაუნინგის მიერ წარმოდგენლი ეგზემპლარები ბევრად უფრო დახვეწილი იყო და შეაქო კიდევაც. რიგი წყაროების თანახმად ჯონ ბრაუნინგი და კოლტის ფაბრიკის მესვეურები ამ ამბის მერე დამეგობრდნენ, რასაც საბოლოოდ მათი ურთიერთთანამშრომლობა და ერთად მუშაობა მოყვა.
დღეს უცნობია კარლ ებეტსის პისტოლეტების ადგილმდებარეობა. მხოლოდ ორი ფოტოსურათი შემორჩა ისტორიას. ითვლება, რომ ამერიკაში დამზადებული პირველი თვითდამტენი პისტოლეტების პროტოტიპები, რომლიდანაც სროლა შეიძლებოდა სწორედ კარლ ებეტსის და ჯონ ბრაუნინგის  მიერ შექმნილი ეგზემპლარებია.

No comments:

Post a Comment