Hino-Komuro (1908)

1903 წელს იაპონელმა ავიაციის პიონერმა (იგი ასევე იყო იაპონიის არმიის ლეიტენანტი) კუმასო (კუმაძო) ჰინომ (Kumazo Hino) დააპროექტა საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენი პისტოლეტი, რომლის დასამზადებლად არ ჰქონდა არანაირი მატერიალური სახსრები. მას დაეხმარა ტომიშირო (ტომიჟირო) კომურო (Tomijiro Komuro), რომელმაც პისტოლეტის ავტორთან (კუმასო ჰინოსთან) ერთად 1904 წელს იაპონიაში დაარეგისტრირა ერთობლივი საპატენტო განაცხადი.  ანალოგიური საპატონტო მოწმობა 1908 წელს 7 თებერვალს გაცემულ იქნა  ინგლისში, ხოლო 1908 წლის 28 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში (ამერიკული პატენტის ნომერი 886211).  ვინაიდან პატენტი დათარიღებული იყო 1908 წლით,  ხშირად ამ პისტოლეტს სხვადასხვა ლიტერატურაში მოიხსენიებენ, როგორც „Hino Komuro M1908“.
 
 
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი Hino-Komuro, რომლის ლულაც გამოწეულია წინა პოზიციაში, რაც მოწმობს, რომ ისტოლეტი მოყვანილია საბრძოლო მდგომარეობაში (შეყენებულია)
 
როგორც უკვე ავღნიშნეთ პისტოლეტის კონსტრუქცია შემუშავებულ იქნა კუმასო ჰინოს მიერ, ხოლო პროექტის და წარმოების დამფინანსებელი გახლდათ ტომიშირო (ტომიჟირო) კომურო (Tomijiro Komuro). სწორედ ამიტომ კომურომ მოითხოვა, რომ საპატენტო დოკუმენტებში მისი სახელიც ყოფილიყო შესული.

იაპონური პისტოლეტი Hino-Komuro იყენებდა საკმაოდ იშვიათ ავტომატიკის მოქმედების პრინციპს. შევეცდები აღვწერო მისი კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპი.  პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდებოდა ლულის წინა ნაწილზე თითების მოჭიდებით და წინ გაწევით. ლულის წინ გაწევის დროს ლულა კუმშავდა დამაბრუნებელ ზამბარას, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა საბრძოლო ზამბარასაც.
 
 
ლულის წინ გაწევისას სპეციალურ მიმწოდებელს მჭიდიდან ამოჰქონდა პირველი ვაზნა და ათავსებდა მას ლულის ხერძის ხაზზე. შემდეგ მსროლელი უშვებდა ლულას ხელს. შეკუმშული დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარის ხარჯზე ლულა გადაადგილდებოდა უკან და ახდენდა მიწოდების ხაზზე არსებული ვაზნის შეტანას ლულის სავაზნეში, რის შემდეგაც ლულა ჩერდებოდა შეყენებულ მდგომარეობაში და ფიქსირდებოდა სასხელეტის ჩურჩულის მეშვეობით.
 
 
სასხლეტზე თითის დაწოლისას შეყენებული ლულა წყდებოდა ადგილიდან და მიემართებოდა უკან (უბრუნდებოდა საწყის პოზიციას).  ლულის უკიდურეს (უკანა) პოზიციაში დაბრუნებისას ვაზნის კაფსულ მაალებელი ეჯახებოდა პისტოლეტის ჩარჩოს უკანა ნაწილში ხისტად ჩახრახნილ ნემსას, რასაც მოჰყვებოდა გასროლა. გასროლის მომენტში ლულის არხში და ჭრილებში ტყვიის გავლის შედეგად წარმოქმნილი ხახუნის ძალა ლულას უბიძგებდა ისევ წინ. ლულის წინ გადადგილებისას ხდებოდა მასრის ექსტრაქცია და ლულა კვლავ შეყენებულ მდგომარეობას იკავებდა. სასხლეტზე შემდეგი დაწოლისას ციკლი კვლავ მეორდებოდა. მსგავს ავტომატიკის მოქმედების პრინციპს იყიდენებდა პისტოლეტი  „Steyr-Mannlicher M1894“.


პისტოლეტი Hino-Komuro აღჭურვილი იყო ავტომატური მცველით, რომელიც ტარის წინა ნაწილში განლაგებული კლავიშისებური ღლაკის სახით იყო შესრულებული. აღნიშნული ღილაკი ახდენდა სასხლეტის ბლოკირებას, ამიტომ მსროლელს გასროლამდე ხელის მტევნის მოჭერით უნდა მოეხდინა მცველის გათიშვა და მხოლოდ შემდეგ განხორციელებინა გასროლა.

პისტოლეტის ჩარჩოზე ზემოთა წინა ნაწილში განთავსებული იყო მომრგვალებული ფორმის წინა სამიზნე მოწყობილობა, ხოლო ჩარჩოს უკანა ნაწილში კი უკანა სამიზნე მოწყობილობა. ჰინო-კომუროს ტრადიციული პისტლეტებისგან განსხვავებით არ გააჩნდა სასხლეტის დამცავი კავი. ტარის ლოყები დამზადებული იყო ხისგან და მთლიანად ფარავდა პისტოლეტის ტარს და ჩარჩოს ქვედა ნაწილს. ხის ლოყები პისტოლეტის ჩარჩოზე დამაგრებული იყო 2 ცალი ხრახნის მეშვეობით.

ვინაიდან პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდებოდა ლულის წინ გაწევით, ლულის წინა ნაწილზე შესრულებული იყო ნაჭდევები, რომელიც აადვილებდა მასზე თითების მოჭიდებას და ამცირებდა თითების მოცურების ალბათობას. პისტოლეტის ტარის წინა ნაწილში ავტომატური მცველის კლავიშის დაბლა განთავსებული იყო ასევე კლავიშისებური მოგრძო ღილაკი, რომელიც მჭიდის ფიქსატორის დანიშნულებას ასრულებდა. ტარის ქვედა უკანა ნაწილში დამაგრებული იყო რგოლი, რომელზეც შესაძლებელი იყო ქამრის ყულფის ან თასმის მობმა.

Hino-komuro-ს მჭიდი ძალიან წააგავდა გერმანული პარაბელუმის პისტოლეტის P-08 მჭიდს და გააჩნდა გვერდებზე გამოშვერილი ქუსლი, რომელიც ჯდებოდა პისტოლეტის ტარის ქვედა ნაწილში.

რა კალიბრის ვაზნებს იყენებდა პისტოლეტი Hino-Komuro?

სხვადასხვა წყაროების თანახმად პისტოლეტები დამზადდა რამოდენიმე კალიბრის ვაზნაზე: 6,35მმ-ანი ბრაუნინგის (.25ACP), 7,65მმ-ანი ბრაუნინგის (.32ACP), 8მმ-ანი იაპონური პისტლეტის ვაზნაზე 8mm Nambu (8x22) და 5მმ-ან ვაზნაზე (ჩემთვის უცნობია კონკრეტულად რა ტიპის ვაზნაზეა საუბარი).

შემორჩენილი პისტოლეტებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძირითადად მზადდებოდა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარები. დღეს არ არის ცნობილი არცერთი 6,35მმ-ანი ბრაუნინგის და 5მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის ვინაობა. რაც შეეხება 8მმ-ან ვაზნაზე (8x22mm Nambu) გათვლილ ეგზემპლარს, ოფიციალურად მხოლოდ 1 ცალი ეგზემპლარია შემორჩენილი, რომლის სერიული ნომერი არის №435.
 
 
აღნიშნული პისტოლეტი 2009 წლის 9 ნოემბერს გატანილ იქნა აუქციონზე და გაიყიდა 18 975$-ად. იგი მცირედით განსხვავდება 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარებისგან. ვიზუალური სხვაობა ჩანს ტარის ლოყებში, რომელიც ნაცვლად 2 ცალი ხრახნისა, პისტოლეტის ჩარჩოზე დამაგრებულია 1 ცალი მოქლონისებური ღერძით. გარდა ამისა განსხვავებულია ტარის ლოყბზე შესრულებული ნაჭდევები.  ასევე განსხვევაბა ჩანს მჭიდის ქუსლშიც. ეგზემპლარის ჩარჩოზე ორივე მხრიდან დატანილია იეროგლიფები.


კუმასო ჰინომ და კომურომ პისტოლეტის წარმოება დაიწყეს იმ იმედით, რომ მას შეუკვეთავდნენ სამხედროები და იაპონიის არმიის შეიარაღებაში მიიღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი იყო მარტივი კონსტრუქციის, ძალზედ ტექნოლოგიური და მისი სერიული დამზადება არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს, სამხედროების მხრიდან არ მოჰყვა დაინტერესება. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტმა გაიარა სამხედრო გამოცდები, რომელშიც არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. მთავარ უარყოფით მიზეზად დასახელდა ის, რომ უსაფრთხოების კუთხით პისტოლეტი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. პისტოლეტს არ გააჩნდა სასხლეტის დამცავი კავი, რაც კომპენსირდებოდა ავტომატური მცველის კლავიშისებური ღილაკით. ასეთ კონსტრუქციას სამხედროები ეჭვის თვალით უყურებდნენ. გარდა ზემოაღნიშნულისა იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თუ მსროლელი ბოლომდე არ გაწევდა ლულას წინ და მანამდე გაუშვებდა ხელს, არ მოხდებოდა მისი დაფიქსირება (შეყენება) სახლეტის ჩურჩულაზე, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევდა თვითნებურ გასროლას. სამხედროები ეჭვის თვალით უყურებდნენ კიდევ ერთ ნიუანსს. რამოდენიმე მჭიდის გასსროლის შემდეგ პისტოლეტის ლულა საკმაოდ გაცხელდებოდა, შესაბამისად მსროლელი ვერ მოახდენდა მის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გადატენვა (შეყენება) ცხელ ლულაზე ხელის მოკიდებით უნდ მომხდარიყო.

სამხედროების მხრიდან უარის მიღების შემდგომ მაინც გაგრძელდა პისტოლეტების მცირე სერიად დამზადება, რომელიც კომუროს გათვლებით კომერციული სახით უნდა გაყიდულიყო, თუმცა არც კომერციულ ბაზარზე არ დაინტერესდნენ „Hino-Komuro“-თი და 1912 წელს შეწყვეტილ იქნა პისტოლეტების დამზადება.

რიგ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ პისტოლეტების გარკვეული ნაწილი მცირე რაოდენობით მაინც მოხვდა იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში. რაც დასტურდება იმით, რომ 1992 წლის დეკემბერში იაპონიის ერთერთ სამხედრო საწყობში აღმოჩენილ იქნა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილი 17 ცალი პისტოლეტი „Hino-Komuro“, რომელიც დაკონსერვებული სახით ინახებოდა და არსად არ იყო რეგისტრირებული.  ცნობილია, რომ აღმოჩენილი პისტოლეტებიდან 7 ცალი ეგზემპლარი შესწავლის მიზნით გადაეცათ კრიმინალისტებს და მუზეუმებს, ხოლო 10 ცალი ეგზემპლარი უნდა დაექვემდებარებულიყო განადგურებას. საბოლოოდ უცნობია სად წავიდა ეს პისტოლეტები.
 
რამდენი პისტოლეტი დამზადდა სულ?

დღეს არ არსებობს ზუსტი ცნობები წარმოებული პისტოლეტების რაოდენობის შესახებ. სხვადასხვა წყაროების თანახმად პისტოლეტების წარმოება მიმდინარეობდა 1908 წლიდან 1912 წლამდე და სულ ამ პერიოდში დამზადაა 500 ცალამე ეგზემპლარი. რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადდა 1200 ცალამე ეგზემპლარი. (რიგი წყაროების თანახმად კი პისტოლეტები მზადდებოდა 1905 წლიდან 1912 წლის ჩათვლით და სულ დამზადდა 500 ცალი ეგზემპლარი). პისტოლეტების სერიული დამზადება ხდებოდა ტოკიოში მდებარე ტომიჟირო კომუროს მცირე ფაბრიკის ტიპის სახელოსნოში სახელწოდებით „Komuro Juhou Seisakusho“.
 
ისტორიამ არ შემოგვინახა ცნობები იმის შესახებ შექმნა თუ არა კუმასო ჰინომ ამ პისტოლეტის გარდა სხვა ცეცხლსასროლი იარაღი. რიგი წყაროების თანახმად სწორედ მას ეკუთვნის  ჯერ კიდევ 1894 წელს იაპონიის არმიის შეიარაღებაში მიღებული რევოლვერი Type 26 (Hino), რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში იაპონური რევოლვერი Type 26 (Hino). (აღნიშნულ სტატიაში კუმასო ჰინოს ერთადერთი შემორჩენილი ფოტოც შეგიძლიათ იხილოთ).  ცნობილია, რომ 1946 წლის 15 იანვარს კუმასო ჰინო 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს Hino-Komuro თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შემორჩა და კოლექციონერები საკმაოდ დიდი თანხას იხდიან მასში. კარგად შენახული პისტოლეტის ღირებულება 20 000$ - 30 000$-მდე მერყეობს. მე პერიოდულად ვამოწმებ სხვადასხვა აუქციონების ინტერნეტ გვერდებს და უკვე 8 წელია რაც Hino-Komuro არსად არ გამოჩენლა.

No comments:

Post a Comment