1909 წელს ნორვეგიელმა კონსტრუქტორმა ჰარალდ სანგარდმა
(Harald Sunngård) შექმნა საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც დაპატენტებულ
იქნა გერმანიაში
და შემდგომ 1910 წლის 4 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში (ამერიკული პატენტის
ნომერი 972,087). პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება Sunngard-1909 (Sunngard M1909 / გვხვდება
ასევე დასახელბა Sunngaard 1909). (რიგ წყაროებში კონსტრუქტორი მოხსენიებულია როგორც
ნორვეგიელად, ხოლო რიგი წყაროები ამბობს, რომ იგი წარმოშობით იყო გერმანელი).
ჰარალდ სანგარდის აზრით ბრძოლის დროს ინტენსიური ცეცხლის
წარმოების შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა მჭიდში ვაზნების რაოდენობას, ამიტომ
შეეცადა გაკეთებინა ისეთი იარაღი, რომელსაც ექნებოდა მაღალი ტევადობის მჭიდი. გარდა
ზემოაღნიშნულისა მჭიდში არსებული ვაზნების გახარჯვის შემდეგ მსროლელს სწრაფად უნდა
შეძლებოდა ცარიელი მჭიდის ამოცვლა.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით დააპროექტა მან
საკუთარი პისტოლეტი, რომლის ტარშიც იდებოდა 25 ცალ ვაზნაზე გათვლილი 2 ცალი მჭიდი
(ანუ ჯამში 50 ცალი ვაზნა). არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ პისტოლეტიდან სროლა
წარმოებდა ჯერ ერთი მჭიდიდან, ხოლო ამ მჭიდის გახარჯვის შემდეგ პისტოლეტი ავტომატურად
ახდენდა მეორე მჭიდზე გადასვლას.
რეალურად გასროლა ხდებოდა პირველი მჭიდიდან, რომელშიც
მოთავსებული ვაზნების გახარჯვის შემდეგ, მსროლელს უნდა მოეხდინა ცარიელი მჭიდის მოხსნა
და ხელით გადაეწია პისტოლეტის ტარში არსებული მეორე მჭიდი, რომელიც პირველი მჭიდის
ადგილს დაიკავებდა. სწორედ აღნიშნული ოპერაციის შემდეგ გაგრძელდებოდა სროლა მეორე
(შეიძლება ითქვას სათადარიგო) მჭიდიდან. ამსობაში მსროლელს შეეძლო პისტოლეტის ტარში
უკანა გამონთავისუფლებულ ადგილას მოეთავსებინა კიდევ ერთი სავსე მჭიდი.
პისტოლეტისთვის შემუშავებული სპეციალური 6,5მმ-ანი ვაზნები
იმისათვის, რომ პისტოლეტის მჭიდში ჩატეულიყო ვაზნების
დიდი რაოდენობა, კონსტრუქტორმა შეიმუშავა სპეციალური ვაზნა ცილინდრული ფორმის მასრით,
რომელშიც ძალზედ მოკლე და მსუბუქი ტყვია გამოიყენებოდა. დღეს აღნიშნული ვაზნა სხვადასხვა
ლიტერატურაში მოხსენიებულია როგორც: 6,5x18mm Sunngard / 6,5x19 Sunngard / 6.55
Sunngard Selbstladepistole / 6.55 Sunngard / 6.35 Sunngard / 6.5x18 Rimless. ცნობილია,
რომ არსებობდა 2 განსხვავებული ტიპის ვაზნა. ერთი მთლიანად ცილინდრული მასრით და მეორე
ვაზნა, რომელსაც ტყვიის ჩამაგრების ადგილას გააჩნდა მსუბუქად გამოყვანილი ბოთლისებური
ყელი.
მოგვიანებით კონსტრუქტორმა შექმნა ასევე იდენტური ტიპის
8მმ-ანი ვაზნაც. 8მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტის მჭიდში ნაცვლად 25 ცალი ვაზნისა
თავსდებოდა 18 ცალი ვაზნა.
გარკვეულ წყაროებში გვხვდება ვაზნების მახასიათებლები,
რომელიც ასე გამოიყურება:
ყურადღება მინდა გავამახვილო ტყვიის საწყის სიჩქარეზე,
რომელიც 550-600მ/წამს შეადგენს. ყველა წყაროში გვხდება ინფორმაცია, რომ ტყვიის საწყისი
სიჩქარე 600 მ/წამამდე იყო, თუმცა ეს ციფრები რეალურად არ გადამოწმებულა და შესაძლოა
600მ/წამი გაზვიადებულია. და მაინც შეიძლებოდა თუ არა, რომ ტყვიას ჰქონოდა ამხელა საწყისი
სიჩქარე? თუ მივაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ტყვია საკმაოდ მსუბუქია და დენთის
მუხტის წონა ბევრად მეტია, ვიდრე გამოიყენება ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაში (.25ACP)
(მისი დენთის მუხტის წონა შეადგენს 0,090 გრამს), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტყვიის
საწყისი სიჩქარე საკამოდ სოლიდური უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად
რა მარკის დენთი გამოიყენებოდა ამ ვაზნებში. მე ასევე საეჭვოდ მეჩვენება ის ფაქტი,
რომ 8მმ-ანი ვაზნის ტყვია იწონიდა 1,88 გრამს. თუ მისი წონა (მასა) იყო მართლაც ასე
მცირე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტყვიის გულარი მზადდებოდა ან ალუმინისგან ან ხისგან,
როგორც დანიური პისტოლეტის ვაზნაში, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში
> დანიური ტყვია ხის გულარით და პისტოლეტი Schouboe
პისტოლეტ „Sunngard 1909“-ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი
საკეტის პრინციპით. მისი ლულა სროლისას უძრავ მდგომარეობას ინარჩუნებდა. ლულაზე ჩამოცმული
იყო დამაბრუნბელი ზამბარა.
1914 წელს ჰარალდ სანგარდმა მისი პისტოლეტი წარადგინა
ნორვეგიაში გამართულ კონკურსზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნორვეგიის არმიისთვის თვითდამტენი
პისტოლეტის შერჩევას. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ამერიკულმა COLT M1911-მა,
რომლის წარმოებაც ოფიციალური ლიცენზიით და უმნიშვნელო კონსტრუქციული ცვლილებებით დაწყებულ
იქნა ნორვეგიულ საწარმოში Kongsberg Vaapenfabrikk.
ფოტოზე გამოსახულია ნორვეგიული Kongsberg М/1914
რიგ წყაროებში გვხდება ცნობები, რომ ჰარალდ სანგარდი
სხვა ქვეყნებშიც ცდილობდა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტის გაყიდვას, თუმცა საბოლოოდ
არავინ დაინტერესდა მისი მოდელით. დღეს არ არსებობს ზუსტი ცნობები დამზადებული პისტოლეტების
რაოდენობის შესახებ.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ Sunngard 1909 არ წასულა სერიულ
წარმოებაში და მცირე რაოდენობით საცდელი ეგზემპლარების სახით დამზადდა, რომლებიც ერთმანეთისგან
უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ. ბუნებრივია დღეს Sunngard 1909 ერთერთ ყველაზე იშვიათ
პისტოლეტს განეკუთვნება და მხოლოდ რამოდენიმე
ცალი ეგზემპლარის ვინაობაა ცნობილი.
No comments:
Post a Comment