გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.3)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.1)
სტატიის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.2)

1944 წლის 16 ივნისს OKW-მ (Oberkommando der Wehrmacht - ვერმახტის უმაღლესი სამთაურო) მოამზადა პატაკი, რომლის თანახმად პრობლემები იყო 7,92х33 Kurz ტიპის ვაზნების წარმოების კუთხით და ვერ ხდებოდა დანაყოფების/შემადგენლობების ვაზნებით მომარაგება, რაც აფერხებდა MP.44 -ის ბრძოლებში გამოყენებას.
ვაზნის (7,92x33 Kurz) მასრები მზადდებოდა ფოლადისგან და იფარებოდა ლაქით. შესაბამისად მასრის ექსტრაქციისას ხდებოდა ლაქის ნაწილაკების მოხვედრა ექსტრაქტორის კბილში, რაც ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ იწვევდა ექსტრაქტორის გაჭედვას. აღნიშნულიდან გამომდიანრე 1944 წლის შუა პერიოდში MP.44 -ის საკეტი დაექვემდება მცირედ გადამუშავებას. კერძოდ: ექსტრაქტორის კბილის პერპენდიკულარულად ფრეზირების მეშვეობით გაკთდა ამონაჭრელი. აღნიშნული ამონაჭრელის წყალობით ექსტრაქტორის კბილში აღარ იჭედებოდა ლაქის ნაფხვენები (ნამცეცები).

ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია ადრეული საკეტი სხვადასხვა რაკურსით, ხოლო მარჯვნივ გადამუშავებული საკეტი სხვადასხვა რაკურსით
1944 წლი სექტემბერში ფრონტის ხაზზე განთავსებული ნაწილებიდან მიღებულ იქნა ანგარიშები, რომელიც ეხებოდა ახალი ავტომატური კარაბინების (MP.44) რეალურ საბრძოლო გამოყენებას. ანგარიშში ეწერა, რომ MP.44 წარმოადგენდა ფეხოსანთა ჩინებულ უნივერსალურ იარაღს. იყო ასევე გარკვეული შენიშვნები, რომელიც უკავშირდებოდა შემდეგ ფაქტორებს:
·         მჭიდში განთავსებული ვაზნების მიმწოდებელი ზამბარა იყო სუსტი და მალე კარგავდა ელასტიურობას (მარტივად რომ ვთქვათ ჯდებოდა);
·         ასევე სუსტი იყო მასრების ამოსაგდებ ფანჯარასთან განთავსებული მტვრისგან დამცავი ფარის ზამბარა;
·         რიგ ანგარიშში გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ კონდახში უფრო საიმედოდ უნდა დაფიქსირებულიყო დამაბრუნებელი ზამბარა. 
StG.44 (Sturmgewehr 44)
1944 წელს საბრძოლო მდგომარეობის გაუარესების გავლენით ადოლფ ჰიტლერმა 22 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად МР.44-ს მიენიჭა ახალი დასახელება „StG.44“ (Sturmgewehr 44) (ქართულად ითარგმნება როგორც მოიერიშე შაშხანა) (ასევე შეიძლება ეწოდოს საიერიშო შაშხანა). აღნიშნული სახელწოდება ატარებდა ერთგვარ პროპაგანდისტულ ხასიათს, რათა აემაღლებინათ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება. გარდა ამისა სახელწოდება MP.44 (Mashinen Pistole 44) სწორად ვერ ასახავდა იარაღის ფუნქციურ მხარეს, რადგანაც იგი არ იყო გათვლილი პისტოლეტის ვაზნებზე და შესაბამისად ვერ ჩაითვლებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად.
 მარკირება StG.44-ის ლულის კოლოფზე
1944 წლის ოქტომბრიდან წარმოებული ეგზემპლარების ლულის კოლოფზე გაჩნდა მარკირება StG.44. რეალურად ეს იყო იგივე MP.44 მხოლოდ გარკვეული საწარმოო-ტექნოლოგიური ცვლილებებით.
ფოტოზე გამოსახულია საიერიშო შაშხანა StG.44 -ის კლასიკური ვარიანტი
ცვლილებები მდგომარეობდა შემდეგში:
·        ლულის ტუჩიდან (ცხვირიდან) გაქრა ხრახნი და ხრახნის დამცავი ქანჩი (თუმცა რიგ მოდელებზე მაინც შეიძლება შეგხვდეს);
·        შეიცვალა წინა სამიზნე მოწყობილობის ფუძე, რომელიც გახდა უფრო ტექნოლოგიური და გამარტივდა წარმოების კუთხით;
·        პისტოლეტისებური სახელურის ლოყები ხის ნაცვლად მზადდებოდა იაფფასიანი პლასტმასისგან. (ასეთი ლოყები შეიძლება შეგვხვდეს მოგვიანებით დამზადებულ MP.44-ზეც).
 ფოტოზე მოყვანილია სერიულად წარმოებული გერმანული საიერიშო შაშხანების მოდელების შედარება ლულის, ტიბჟირის და წინა სამიზნე მოწყობილობის სხვაობებით

მიუხედავად იმისა, რომ 1944 წლის მიწურულს და 1945 წლის დასაწყისში გერმანიაში გაუარესდა იარაღის წაროების ხარისხი, StG.44 მაინც მაღალ კონტროლს გადიოდა და მისი საბრძოლო თუ საექპლუატაციო თვისებები ფაქტიურად არ გაურესებულა. 1945 წელს StG.44-ის დაფარვა შეიცვალა და გახდა ფოსფატირებული. რიგ პარტიაში კონდახი მზადდებოდა ტექსტოლიტური მასალისგან. 1945 წლის მარტში შეწყვეტილ იქნა მჭიდის სწრაფდამტენი კლიპების (ე.წ. აბოიმების) წარმოება.
ფოტოზე მოყვანილია სერიულად წარმოებული გერმანული მოიერიშე შაშხანების ოჯახი
გერმანელების „ფეხოსანთა შეიარაღების პროგრამის“ თანახმად გაწერილ იქნა გეგმა, რომლის მიხედვით თვეში 195 000 ცალი მოიერიშე შაშხანის წარმოება იგეგმებოდა. ასევე ამ გეგმის თანახმად 1946 წლის აპრილისთვის ვერმახტის შეიარაღებაში სულ ჯამში უნდა ყოფილიყო 1 380 000 ცალი მოიერიშე შაშხანა. აღნიშნული ჯამი მოიცავს სამი დასახელების იარაღს МР.43, МР.44 და StG.44.
დღეის მდგომარეობით უცნობია თუ ზუსტად რამდენი ცალი მოიერიშე შაშხანა აწარმოეს და რამდენი მოხვდა ვერმახტის შეიარაღებაში, თუმცა არსებობს გარკვეული ციფრები, რომელთაც ზურგს უმაგრებს სხვადასხვა სოლიდური წყაროები. ქვემოთ მოცემული ცხრილიც აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა. ცხრილში გაწერილია თვეების მიხედვით დამზადებული МР.43/МР.44/StG.44 მოდელების ჯამური მაჩვენებელი 1943-1945 წლებში.

რიგი წყაროების თანახმად სულ 1942 წლის ნოემბრიდან-1945 წლის აპრილის ჩათვლით დამზადებულ იქნა 446 000 ცალი ავტომატური კარაბინი (მოიერიშე შაშხანა), რომელთა შორისაც იყო Maschinenkarabiner 42 იგივე Mkb.42(h), Maschinen-Pistole 43/1 და MP.43, Maschinen-pistole 44 (MP.44) და Sturmgewehr 44 (StG.44).
StG.44 –ის ავტომატიკა ისევე, როგორც მისი წინამორბედი (MP.43/MP.44) ეგზემპლარები, მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, სადაც ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის ვერტიკალურ სიბრტყეში გადახრით. საკეტის გადახრა წარმოებდა საკეტზე და საკეტის ჩარჩოზე არსებული დახრილი სიბრტყეების წყალობით. სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი მოძრობდა ჰორზონტალურად.
 ფოტოზე გამოსახულია სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი
თუკი ღილაკი გადაწეული იყო მარჯვნივ (მარკირებულია ასოთი E) იარაღი ისროდა ერთეული რეჟიმით, ხოლო თუ მსროლელი ღილაკს გადაწევდა მარცხნივ (მარკირებულია ასოთი D), მაშინ ხდებოდა ავტომატური ჯერებით სროლა. ყველა მოდელის (MP.43/1, MP.43, MP.44, StG.44) სექტორული სამიზნე მოწყობილო გათვლილი იყო 800 მეტრამდე სროლისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ იყო პრობლემები მჭიდის ზამბარასთან დაკავშირებით, მაინც არ შეცვლილა იგი და მსროლელები მჭიდს ნაცვლად 30 ვაზნისა, ავსებდნენ მხოლოდ 25 ცალი ვაზნით. 1945 წლის მარტში მოიერიშე შაშხანის აქსესუარების ჩამონათვალში შეტანილ იქნა მოკლე მჭიდი, რომლის ტევადობაც იყო 25 ცალი ვაზნა. თუმცა დღეს არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ცნობები იმის შესახებ დაწყებულ იქნა თუ არა რეალურად ასეთი მჭიდების წარმოება. ამავე პერიოდში (1945 წლის მარტი) დობრიცში მდებარე ფეხოსანთა სასწავლებელში შემუშავდა სპეციალური შემზღუდველი, რომელიც ყენდებოდა 30 ცალ ვაზნიან მჭიდში და არ აძლევდა მსროლელს მჭიდში 25 ცალ ვაზნაზე მეტის ჩადების საშულებას. ასევე 1945 წელს დამზადებულ რიგ ეგზემპლარებზე აღარ ხდებოდა ლულის კოლოფზე მჭიდის მიმღებთან სიმყარისთვის განკუთვნილი ნეკნების დატანა.
მოწყობილობები საფარიდან სროლისთვის
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტანკებს და თვითმსვლელებს გააჩნდათ ერთგვარი „მკვდარი ზონა“. თუკი აღნიშნულ ზონაში შეაღწევდა მოწინაღმდეგე მებრძოლი, მაშინ ვეღარ ხდებოდა ტექნიკაში მჯდომი ეკიპაჟის მიერ ნასროლი ტყვიით მისი დაზიანება. აღნიშნულის წყალობით „მკვდარ ზონაში“ არსებულ მოწინააღმდეგეს ადვილად შეეძლო გერმანული სამხედრო-სატრანსპორტო ტექნიკის დაზიანება მაგნიტური მინით ან ხელყუმბარით. ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრა მოახერხა მესამე რეიხის შეიაარღების და საბრძოლო მასალები საწარმოო განყოფილების ხელმძღვანელმა, წოდებით პოლკოვნიკმა ჰანს-იოჰაიმ შადემ (Hans-Joachim Schaede). მან 1943 წლის მიწურულს წარმოადგინა იდეა, რომლის თანახმად ტყვიამფრქვევი MG-34 უნდა აღჭურვილიყო ლულის ბოლოში დასამაგრებელი მოღუნული საცმით. ასეთი საცმი უზრუნველყოფდა ტყვიის გარკვეული კუთხით სროლას.
შეკვეთა ასეთი მოწყობილობის შესახებ სამხედროებისგან მიიღო ფაბრიკამ „Rheinmetall-Borsig AG“. ცდები ტარდებოდა 15, 30, 40, 60, 75 და 90 გრადუსიანი დახრის მქონე ლულის საცმებზე. ცდების შედეგად აღმოჩნდა, რომ მაუზერის საშტატო შაშხანის ვაზნა „7,92×57 Mauser“ ზედმეტად ძლიერი იყო ასეთი საცმისთვის და MG-34-სთვის საცდელი სახით დამზადებული მოღუნული საცმები დაახლოებით 100 ვაზნის გასროლის შემდეგ მწყობრიდან გამოდიოდა. სწორედ ამიტომ ყურადღება შეაჩერეს შედარებით სუსტ შუალედურ ვაზნაზე “7,92×33 Kurz”, და მასზე გათვლილ საიერიშო შაშხანებზე.
1944 წლის ივლისში გამოჩნდა საიარიშო შაშხანისთვის განკუთვნილი ლულის საცმი, რომელიც წარმოადგენდა მოღუნულ და ჭრილიან ლულას, რამოდენიმე აირგამყვანი ნასვრეტით. აირგამყვანი ნასვრეტების დანიშნულება იყო მომატებული წნევის თავიდან არიდება.  ლულის საცმის მოღუნვის კუთხე შეადგენდა 90 გრადუსს და გააჩნდა 2000 გასროლის რესურსი. თუმცა პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ხშირ შემთხვევაში საცმები მწყობრიდან გამოდიოდა 250 გასროლის განხორციელებამდე.
ამერიკელი ჯარისკაცი ნაალაფარი საიერიშო შაშხანით MP.44, რომელზეც დამაგრებულია 90 გრადუსიანი დახრილობის მქონე ლულის საცმი კუთხური სროლისთვის
1944 წლის 8 აგვისტოს ვერმახტის შეიარაღების სამმართველოს (HwaA) ხელმძღვანელობამ დაუკვეთა მესამე რეიხის შეიარაღების სამინისტროს, რომ საკმაოდ მჭიდრო ვადებში დამზადებინათ 10 000 ცალი ლულის საცმი. თუმცა ასეთი მოთხოვნა იყო ნაჩქარევი. 90 გრადუსიანი კუთხის მქონე ლულის საცმი აკმაყოფილებდა ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის მოთხოვნებს, თუმცა ფეხოსნებისთვის იგი მიუღებელი აღმოჩნდა. 1944 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ვერმახტის შეიარაღების სამმართველოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ფაბრიკა „Rheinmetall-Borsig AG“ -ის წარმომადგენლები. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემუშავებულიყო  მოღუნული ლულის საცმების ახალი მოდელები ლულის 30 დან 45 გრადუსიანი დახრის კუთხით, რომელთა წონაც არ უნდა ყოფილიყო 2 კლიგორმაზე მეტი, ხოლო რესურსი უნდა ყოფილიყო  5000 გასროლამდე.
ლულის საცმი "Vorsatz J" 45 გრადუსიანი დახრის კუთხით და სამიზნე პერისკოპული მოწყობილობით
1944 წლის 27 ოქტომბერს ფაბრიკა „Rheinmetall-Borsig AG“ -ის პოლიგონზე მოხდა ლულის საცმების რამოდენიმე ვარიანტის და პერისკოპული სამიზნე მოწყობილობების სადემონსტრაციო გამოცდა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ვერმახტის შეიარაღების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე  წარმომადგენლები იმ კომპანიებიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ლულის საცმების, მათი დეტალების და მათთვის განკუთვნილი სამინზე მოწყობილობების დამზადებაში. ეს კომპანიები იყო Rheinmetall, Bush, Zeiss და Bergmann. 
ფოტოზე გამოსახულია გამოცდის პროცესი. მსროლელს უჭირავს  საიერიშო შაშხანა MP.44 რომელიც აღჭურვილია 30 გრადუსიანი დახრილობის ლულის საცმით "Vorsatz J" და კომპანია Zeiss -ის მიერ დამზადებული პრიზმისებური პერისკოპული სამიზნე მოწყობილობით
სადემონსტრაციო გამოცდებმა აჩვენეს, რომ პერისკოპული სამიზნე მოწყობილობით აღჭურვილი 30 გრადუსიანი დახრის კუთხის მქონე მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ფეხოსანთა დანაყოფების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სამხედრო გამოცდები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 6 ცალი ლულის საცმი და სამი სხვადასხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობებისგან შემდგარი 2 ცალი ნაკრები (ჯამში 6 ცალი) გაეგზავნათ დობრიცში მდებარე ფეხოსანთა სასწავლებელში, სადაც მოხდებოდა მათი დეტალური შეფასება და პრაქტიკული ტესტირება. გარკვეული შეფერხებების შემდეგ 1944 წლის ნოემბრის შუა პერიოდში ფეხოსანთა სასწავლებელს მიეწოდა:
• 2 ცალი ლულის საცმი მარცხნივ დამაგრებული მეტალის სამიზნე მოწყობილობით და საცმის ზედა ნაწილში დამაგრებული პერისკოპული სამიზნე მოწყობილობით;
• 2 ცალი ლულის საცმი ზედა ნაწილში დამაგრებული მეტალის სამიზნე მოწყობილობით და პერსიკოპული სარკიანი მოწყობილობით, რომელიც საიერიშო შაშხანის ტიბჟირზე მაგრდებოდა;
  1 ცალი ლულის საცმი მარცხნივ დამაგრებული მეტალის სამიზნე მოწყობილობით და 1 ცალი ლულის საცმი ზემოდან დამაგრებული სამიზნე მოწყობილობით. ეს ორი ლულის საცმი იყო კომბინირებული პერისკოპული სამიზნე მოწყობილობით, რომელიც M 42 ტიპის ფოლადის  ჩაფხუტზე იყო დამონტაჟებული.
1944 წლის ნოემბერ-დეკემბერში დობრიცში (Döbritz) მდებარე ფეხოსანთა სასწავლებელში გაიმართა საცდელი ეგზემპლარების გამოცდები. გამოცდების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ლულის საცმების და სამიზნე მოწყობილობის საუკეთესო კომპლექსური ვარიანტის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებდა ვერმახტის მოთხოვნებს. გარდა ამისა იგეგმებოდა საცმების სიცოცხლისუნარიანობის, სიზუსტის და მოწყობილობების საველე ნაგებობებში დამონტაჟების შესაძლებლობების გამოკვლევა. გამოცდების დაწყებიდან 2 თვეში ფეხოსანთა სასწავლებელმა ვერმახტის შეიარაღების სამმართველოს გაუგზავნა გამოცდების ანგარიში, რომელშიც ეწერა, რომ გამოცდილი ეგზემპლარებიდან ვერცერთი ვერ იქნა რეკომენდირებული. სამიზნე მოწყობილობები არ იყო დამაგრებული საიმედოდ, რაც უარყოფითად აისახებოდა სიზუსტეზე. ასევე მათი განლაგება არ იყო სათანადო, რაც ართულებდა დამიზნებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა ფეხოსანთა სკოლა მაინც უსვამდა ხაზს, იმ ფაქტს, რომ ასეთი ტიპის იარაღი ვარგსი იყო არმიის შესაიარაღებლად.
1944 წლის 8 დეკემბერს კვლავ შეიკრიბნენ ვერმახტის შეიარაღების სამმართველოს და კომპანია „Rheinmetall-Borsig“-ის წარმომადგენლები. შეკრებას დაესწრო კომპანია Zeiss-ის რამოდენიმე წარმომადგენელიც. შეკრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა გაუმჯობესებული  ლულის საცმის „Vorsatz J“ განხილვა. შეკრების დროს მიიღეს გადაწყვეტლება ხელახალ გამოცდებზე. გამოცდას დაექვემდებარებოდა სამი მოდელი:
• ლულის მოღუნული საცმი 30 გრადუსიანი კუთხით და პრიზმისებური პერისკოპული სმიზნე მოწყობილობით, რომელიც კომპანია Zeiss -მა შეიმუშავა;
 
• 2 ცალი ლულის მოღუნული საცმი 45 გრადუსიანი კუთხით და იგივე ნაირი პრიზმისებური პერისკოპული სმიზნე მოწყობილობით, რომელსაც დამატებით ექნებოდა პრიზმისებური ლინზების ნაკრები;
45 გრადუსიანი კუთხის მქონე ლულის საცმები განკუთვნილი იყო მხოლოდ სამიზნე მოწყობილობების შესამოწმებლად და გამოსაცდელად, რადგანაც Rheinmetall -ის მიერ მანამდე ჩატარებულმა გამოცდებმა აჩვენეს, რომ 45 გრადუსიანი კუთხის მქონე საცმი ძალიან მალე გამოდიოდა მწყობრიდან და საიერიშო შაშხანას გააჩნდა ზედმეტად დიდი უკუცემა. ეს ეგზემპლარები ფეხოსანთა სასწავლებელში 1944 წლის 21 დეკემბერს უნდა მიეწოდებინათ. გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში დამზადდებოდა პირველი პარტია 3000 ცალი ერთეულის სახით. ფაბრიკა Rheinmetall  ოპტიმისტურად მიუდგა საკითხს და თავის ოფიციალურ საწარმოო გეგმაში გაწერა, რომ 1945 წლის იანვარში 1000 ცალ 30 გრადუსიანი კუთხის მქონე „Vorsatz J“ -ს დაამზადებდა. თუმცა საბოლოო გამოცდებზე 30 გრადუსიანი კუთხის მქონე გაუმჯობესებული „Vorsatz J“ ვერ აჩვენებდა კარგ შედეგებს. იგი 300 გასროლის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან, ხოლო 45 გრადუსიანი კუთხის მქონე მოდელმა უფრო ნაკლები ტყვიის გასროლა მოახერხა. ყველაზე სუსტ რგოლს კი პერისკოპული სამიზნე მოწყობილობები წარმოადგენდნე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში 7-10 გასროლის შემდეგ ზიანდებოდა. ერთერთი ლულის საცმი 170 გასროლის შემდეგ საერთოდ გასკდა და ლულის საცმის სამაგრი მოწყობილობა გაიღუნა.
ხშირი იყო ასევე ლულის გამოსასვლელი ნაწილის დაზიანება, ხოლო 7,92მმ-ანი ტყვიები ხშირ შემთხვევაში ფრაგმენტებად იშლებოდა ლულის საცმში
ფოტოზე გამოსახულია დეფორმირებული ლულის გამოსასვლელი ნაწილი საიერიშო შაშხანაზე MP.44 რომლიდანაც მოღუნული ლულის საცმის გამოყენებით განხორციელდა 150 გასროლა
მოღუნული ლულის საცმიდან გასროლილი დეფორმირებული და ფრაგმენტირებული 7,92მმ-ანი ტყვიები
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1944 წლის 24 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ, შემდგომი სამუშაოები მხოლოდ 30 გრადუსიანი კუთხის მქონე მოდელზე გაგრძელდებოდა. თავდაპირველად ფაბრიკა Rheinmetall -ს უნდა დაემზადებინა 200 ცალი ეგზემპლარი, რომლიდანაც ნახევარი შაშხანის ყუმბარების სასროლადაც იქნებოდა განკუთვნილი
პარალელურად გერმანელი მეიარაღეები მუშაობდნენ ტანკისტებისთვის განკუთვნილ ლულის საცმებზე. რაც უფრო იზრდებოდა ტანკის გაბარიტები, მით უფრო დიდი ხდებოდა ე.წ. „მკვდარი ზონა“. გარდა ამისა 1944 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელის ყუმბარმტყორცნების გამოყენების მანძილი, რისი წყალობითაც კარგად მომზადებულ ჯარისკაცს შეეძლო ტანკის დაზიანება „მკვდარი ზონიდან“ ისე, რომ მას ვერ დააზიანებდა ტანკზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევი. ზემოაღნიშნულიდან მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტანკის კოშკურაში დამაგრებულიყო საიერიშო შაშხანისთვის განკუთვნილი მოღონული ლულის საცმი. ლულის საცმს გააჩნდა 355 მმ სიგრძის ლულა, რომელიც 30 გრადუსიანი კუთხით იყო მოღონული.
 Vorsatz Pz (Panzer)  90 გრადუსიანი დახრის კუთხით
ასევე დამზადდა 90 გრადუსიანი კუთხის მქონე საცმები „Vorsatz Pz“ (Panzer) მისი სიგრძე შეადგენდა 476მმ-ს, გარეგანი დიამეტრი 25მმ-ს და მაგრდებოდა სფეროსებურ მოწყობილობაში, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იყო მსროლელს სწრაფად მოეხდიანა ცეცხლის წრიული გადატანა. ასეთი კონსტრუქციის წყალობით „მკვდარი ზონა“ შემცირდა 15 მეტრამდე. იმისათვის, რომ ტანკის ვიწრო სივრცეში გაადვილებულიყო საიერიშო შაშხანით მანევრირება, დაამზადეს სპეციალური 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოკლე მჭიდები.
Vorsatz Pz (Panzer)  90 გრადუსიანი დახრის კუთხით
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი კვლევებისა და ცდების შედეგად ორი ძირითადი ტიპის მოწყობილობა იქნა მიყვანილი მცირესერიულ წარმოებამდე: 1. Krummlauf Vorsatz J, რომელიც ქვეითთა (ფეხოსანთა) დანიშნულებისთვის იყო და მისი დახრის კუთხე 30 გრადუსს შეადგენდა;
Krummlauf Vorsatz J 30 გრადუსიანი დახრის კუთხით ხედი მარცხნიდან
Krummlauf Vorsatz J 30 გრადუსიანი დახრის კუთხით ხედი მარჯვნიდან
2. სატანკო დანიშნულებისთვის შექმნილი მოწყობილობა Vorsatz Pz (Panzer) დახრის კუთხით 90 გრადუსი. იგი გამოიყენებოდა სანგრიდან ან ტანკიდან გასროლის განსახორციელებლად.
Vorsatz Pz (Panzer) 90 გრადუსიანი დახრის კუთხით
მოღუნული ლულის საცმით ასევე შესაძლებელი იყო შაშხანისთვის განკუთვნილი ყუმბარების სროლა. ასეთ შემთხვევაში მოღუნულ ლულის საცმზე არსებული სავენტილაციო ნასვრეტები სპეციალური შალითით იფარებოდა, რათა ყუმბარის სატყორცნ ფუჭ ვაზნას მოღუნულ ლულის საცმში წარმოექმნა ყუბარის სატყორცნად განკუთვნილი სათანადო წნევა.
Krummlauf Vorsatz J  და მასზე დამაგრებული ყუმბარების სასროლი მოწყობილობა
ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი ჯარისკაცი ნაალაფარი Krummlauf Vorsatz J  -თი რომელიც აღჭურვილია ყუმბარების სასროლი მოწყობილობით
რიგი წყაროების თანახმად მოღუნული ლულის საცმიდან 100 მეტრ დისტანციაზე სროლისას ტყვიების გაფანტვა შეადგენდა 35სმ-ს. სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 100–150 საცმი „Vorsatz J“ და 550 ცალი „Vorsatz Pz.“
პარარელურად ასევე დამზადდა მოწყობილობა „Deckungszielgerät 45“ – რომელიც იძლეოდა საიერიშო შაშხანის გამოყენების შესაძლებლობას სრულფასოვანი საფარიდან ან სანგრიდან. იგი შედგებოდა ჩარჩოსგან, რომელზეც ორი ცალი ფიქსატორის მეშვეობით მაგრდებოდა საიერიშო შაშხანა.
მოწყობილობა „Deckungszielgerät 45“
მოწყობილობას გააჩნდა საკუთარი კონდახი და პისტოლეტისებური სახელური, რომლის სასხლეტიც დაკავშირებული იყო საიერიშო შაშხანის სასხლეტ მექანიზმთან. დამიზნებისთვის გამოიყენებოდა პერისკოპული სამიზნე მოწყობილობა. იგი შედგებოდა 2 ცალი სარკისგან, რომელიც 45 გრადუსიანი დახრის კუთხით იყო დამონტაჟებული. ასეთი მოწყობილობები გარდა საიერიშო შაშხანებისა, შეიქმნა მთელი რიგი იარაღებისთვის (Kar.98k, Gewehr 41, 43, MG 34).
მოხვდა თუ არა რეალურ ბრძოლებში ლულის საცმების გამოყენება? ამ შეკითხვაზე არ არსებობს დადასტურებული პასუხი. რიგ ფოტოქრონიკებში გვხვდება ლულის საცმით აღჭურვილი საიერიშო შაშხანით შეიარაღებული ჯარისკაცები. რიგი წყაროების თანახმად ქალაქ გრაფენვორფში მდებარე ქვეითთა სასწავლებელს, სატანკო სასწავლებელს, სამთო-საეგერო სასწავლებელს და ესე ესის (SS) სატანკო სასწავლებელს მიაწოდეს ინფომაცია, რომლის თანახმად 31 მარტის შემდეგ სამხედრო გამოცდებისთვის უნდა მიეღოთ თითოს 25 ცალი ლულის საცმი, ხოლო  ფაბრიკა Rheinmetall -ს გამოცდების საბოლოო ანგარიში 1945 წლის მაისისთვის უნდა ჩაებარებინა, თუმცა ამ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
ახალი კონკურსის ინიცირება
1944 წლის მიწურულს და 1945 წლის დასაწყისში საგრძნობლად გაუარესდა მდგომარეობა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში. დიდი დანაკარგების და დაბალი საწარმოო ტემპის ფონზე ვერ ხერხდებოდა არმიის სათანადო მომარაგება ცეცლხსასროლი იარაღით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასწრაფო წესით  იქნა გამოცხადებული ახალი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მარტივად საწარმოებელი ავტომატური იარაღის შექმნა, რომელიც გერმანულ შუალედურ ვაზნაზე 7,92x33 Kurz უნდა ყოფილიყო გათვლილი. ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
1.     იარაღის მუშაობის პრინციპი თავისუფალი საკეტის სქემაზე (როგორც გერმანელები უწოდებდნენ Massen verschluss. პირდაპირ თარგმანში ნიშნავს მასით/წონით დახურვა);
2.      სროლა უნდა განხორციელებულიყო დახურული საკეტიდან;
3.     შესაძლებელი უნდა ყოფილიყო Mkb.42(H) და MP.43/MP.44/StG.44 -ის მჭიდების გამოყენება;
4.      სროლის ტემპი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 500 გასროლა წუთში;
5.     სროლის წარმოება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით;
6.      იარაღის წონა ვაზნების გარეშე უნდა ყოფილიყო 4 კგ. (ან უფრო ნაკლები);
7.      იარაღის საერთო სიგრძე (ასევე ლულის სიგრძე) უნდა ყოფილიყო Mkb.42(H) და MP.43/MP.44/StG.44 -სთან მიახლოებული;
8.     იარაღში უნდა გამოყენებულიყო დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული დეტალები;
9.     იარაღის თვითღირებულება უნდა ყოფილიყო Mkb.42(H) და  MP.43/MP.44/StG.44 მოდელებზე იაფი.
აღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად 1 ცალი იარაღის დასამზადებლად განკუთვნილი დრო უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები, ვიდრე ესაჭიროებოდა Mkb.42(H) და MP.43/MP.44/StG.44 მოდელებს.
 
გაგრძელება იქნება! 

No comments:

Post a Comment