Hotchkiss Universal

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ   არმიისგან მიიღო შეკვეთა ახალ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე. არმიას ესაჭიროებოდა 9x19 Parabellum -ტიპის ვაზნაზე გათვლილი იარაღი, რომელიც ეფექტური იქნებოდა 200 მეტრამდე სასროლათ. ერთერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ერგონომიული და გამაყონებისთვის მოსახერხებელი. გარდა ზემოაღნიშნულისა ასევე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო იარაღის დაკეცვა, რაც შეამცირებდა მის საერთო გაბარიტებს და  გაადვილებდა გადატანას/ტრანსპორტირებას. ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების და მოთხოვნების მომზადეის შემდეგ გარკვეული საწარმოები და საკონსტრუქტორო ჯგუფები ჩაერთვნენ იარაღის შემუშავებაში. დაახლოებით 40-ანი წლების მიწურულს ასპარეზზე გამოჩნდა რამოდენიმე საცდელი  ეგზემპლარი. მათ შორის იყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MAT-49, რომელიც გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. კონკურსანტებს შორის იყო შატელროს საწარმოში (Manufactures d’Armes de Châtellerault) შემქნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “PM MAC 47/1“, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ  სტატიაში  > PM MAC 47/1 (MAC mle 1947), ხოლო მეორე იყო ყველაზე საინტერესო  ეგზემპლარი "Carabine Mitrailleuses Type M2", რომელიც 1949 წელს წარმოადგინა კომპანიამ „Societe des Armes a Feu Portatives Hotchkiss et Cie“. აღნიშნულ საცდელ მოდელს არაოფიციალურად მიენიჭა სახელწოდება „Hotchkiss Universal“.  
 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Hotchkiss Universal“
 
სახელწოდება წარმოადგენდა ერთგვარ გათვლას, რომლის თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მისი კონსტრუქციდან გამომდინარე იქნებოდა "უნივერსალური იარაღი", როგორც საფრანგეთის ძირითადი არმიისთვის, ასევე სადესანტო, ჯავშანსატანკო და სხვა სპეციალური დანაყოფებისთვის.
 
 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Hotchkiss Universal“ აღჭურვილი იყო საკეცი დუგლუგით, საკეცი მჭიდის მიმღებით და საკეცი ლულით. კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს იარაღის გაბარიტების შემცირების კუთხით გაეკეთებინათ მაქსიმუმი და ისე შეემუშავაბეინათ ავტომატიკის  მექანიზმი, რომ დეტალები ყოფილიყო რაც შეიძლება მოკლე.
იარაღის ლულა გარედან არის ცილინდრული ფორმის და ბოლოში შესრულებული აქვს 2 ცალი შვერილი ელემენტი. ერთი ზემოდან, ხოლო მეორე ქვემოდან. ზედა შვერილი წარმოადგენს წინა სამიზნე მოწყობილობის სამაგრს, ხოლო ქვედა შვერილი წერმოადგენს ერთგვარ დეტალს, რომელიც მჭიდის მიმღების დაკეცილ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ზღუდავს მჭიდის წინ გადაადგილებას. სავაზნის ნაწილში ლულას გააჩნია შემსხვილება, რომლითაც ჩამაგრებულია ლულის კოლოფში. აღნიშნულ გამსხვილებაზე ასევე შესრულებულია ღარები, რომლითაც ლულა ფიქსირდება მუშა მდგომარეობაში.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის კოლოფი წარმოადგენს ძირითად მილისებურ დეტალს, რომელშიც განთავსებულია საკეტი და დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა. მილისებური კოლოფის ქვემოდან დამაგრებულია ე.წ. ქვედა ლულის კოლოფი, რომელშიც ადგილს იკავებს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, ხოლო წინა ნაწილში დამონტაჟებულია მოძრვაი მჭიდის მიმღები. ლულის კოლოფის წინა ნაწილში ასევე დამარებულია მოგრძო დეტალი, რომელიც უზრუნველყოფს ლულის ფიქსირებას სამუშაო მდგომარეობაში. მილისებურ ლულის კოლოფს ბოლოში აქვს ჭიქისებური ხუფი. იარაღის მარჯვენა წინა ნაწილში შესრულებულია ამოჭრილი ფანჯარა, რომლის დანიშნულებაც არის მასრების ამოყრა.  ტრანსპორტირების დროს აღნიშნული ფანჯარა იხურება სპეციალური თავსაფარით. საკეტის უკან გადაადგილების შემთხვევაში ხუფი ავტომატურად იხდება. იარაღის ავტომატიკა მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით. საკეტი წარმოადგენს მასიურ ფოლადის დეტალს, რომელსაც ზედა ნაწილი აქვს ცილინდრული ფორმის, ხოლო ქვედა ნაწილი ფიგურული სახის. საკეტში ჩამაგრებულია საცემი და მასრების ექსტრაქტორი. საკეტის უკან ლულის კოლოფში მოთავსებულია მასიური დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა. საკეტის შესაყენებელი (გადასატენი) სახელური სროლის დროს ინარჩუნებს უძრავ მდგომარეობას.
 სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი მარკირებით A
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან შესაძლებელია, როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით ცეცხლის წარმოება. სროლის რეჟიმების გადამრთველი წარმოადგენდა ღილაკს. რომელზეც მარჯვენა მხრიდან თითით დაწოლის შემთხვევაში აქტიურდება ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი, ხოლო მარცხენა მხრიდან დაწოლის შემთხვევაში სასხლეტი მექანიზმი გადადის ერთეული გასროლების რეჟიმში. ღილაკი მარცხენა მხრიდან მარკირებულია ასოთი "A", ხოლო მარჯვენა მხრიდან ასოთი "R". იარაღის ვაზნებით კვება ხდება 32 ცალ ვაზნაზე გათვლილი კოლოფისებური მჭიდით. Hotchkiss Universal -ს აქვს მარტივი კონსტრუქციის ღია სამიზნე მოწყობილობა. წინა სამიზნე განთავსებულია ლულის ცხვირთან შესრულებულ სადგარზე და უკეთია დამცავი რგოლი. უკანა სამიზნე დამონტაჟებულია მილისებური ლულის კოლოფის უკანა ნაწილში და წარმოადგენდს საგდულიანი ტიპის სამიზნეს, რომელსა გააჩნია 2 პიზიციაზე 50 და 100 მეტრზე დამიზნების შესაძლებლობა.
იარაღის პისტოლეტისებური სახელური ვიზუალურად ჰგავს ტრადიციულ დეტალს, თუმცა იგი წარმოადგენს შუაში ცარიელ U-სებურ დეტალს, რომელსაც არ აქვს წინა კედელი. სახელურს გვერდებზე გააჩნია პლასტმასის ლოყები. ტრანსპორტირების დროს პისტოლეტისებური სახელური ღერძის მეშვეობით იკეცება წინ და მასში არსებულ სიცარიელეში იმალება სასხლეტი კავი. პისტოლეტისებური სახელურის სამაგრი ღერძი ამავდროულად წარმოადგენს მილისებური საკეცი დუგლუგის ღერძს. დუგლუგის ბოლოში შესრულებულია მეტალის მხარზე საბჯენი, რომელსაც ბოლოში  ხისგან გამოთლილი საზურგე დეტალი აქვს დამაგრებული.
 
რა მოქმედებებით ხდებოდა იარაღის დაკეცვა?
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დაკეცვა ხდება შემდეგნაირად: 1. ლულის გასწვრივ იკეცება მჭიდის მიმღები, რის შემდეგაც შესაძლებელია მასში მოთავსებული მჭიდის უკან გადაადგილება იქამდე, სანამ არ მოხდება მჭიდის მიბჯენა ლულის კოლოფზე;
 
 
2. ლულის კოლოფის წინა ნაწილში სპეციალური ბერკეტის გადაწევის შემდეგ ლულაზე ხელის დაწოლით ლულა შედის ლულის კოლოფში. აღნიშნული ოპერაციის დროს ლულა აწვება საკეტს და კუმშავს დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარას. ამ ოპერაციის შემდგომ ლულის დაფიქსირება ხდება დაკეცილ მდგომარეობაში;
 
 აღნიშნულ ფოტოზე დაკეცილია ასევე ლულაც
 
3. დუგლუგის დასაკეცად აუცილებელია მოვქაჩოთ მის უკანა ნაწილს, რაც გამოიწვევს დუგლუგის განთავისუფლებას და შემდგომ შესაძლებელია დავკეცოთ ლულის კოლოფის გასწვრივ ქვემოთა მხარეს. დუგლუგის დაკეცვის დროს ასევე იკეცება პისტოლეტისებური სახელური. როდესაც დუგლუგი დაიკეცება ბოლომდე ხდება მისი დაფიქსირება.
იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხორციელდება უკუთანმიმდევრობით.
 
„Hotchkiss Universal“-მა გამოცდები გაიარა 1949 წელს და მიიღო დადებითი რეკომენდაცია შეიარაღებაში მიღების კუთხით. გამოცდების დროს მთავარ პლიუსად დასახელდა ტრანსპორტირების დროს მაქისმალურად კომპკატური გაბარიტები. განაკუთრებული დაინტერესება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა გამოიწვია საპარაშუტო დესანტის და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟის წევრებში. თუმცა მიუხედავად ამისა იარაღს გააჩნდა მთელი რიგი უარყოფითი მხარეები: 1. იარაღი აგებულება იყო საკმაოდ რთული და საჭიროებდა განსხვავებული კონფიგურაციის დეტალებს რაც იწვევდა სირთულეებს წარმოების კუთხით; 2. მისი წარმოებას ესაჭიროებოდა სკმაოდ მაღალი მატერიალური და დროითი რესურსი; 3. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დაკეცილ მდგომარეობაში არის საკმაოდ კომპაკტური, მას არ შეუძლია დაკეცილი დუგლუგით სროლის წარმოება, რაც ძალიან დიდ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, 1949 წელს გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად „Hotchkiss Universal“ უნდა წასულიყო საფრანგეთის შეიარაღებული ძალების  გარკვეული დანაყოფების რიგებში. საბოლოოდ კომპანიამ „Societe des Armes a Feu Portatives Hotchkiss et Cie“ შეძლო მხოლოდ მცირე პარტიის დამზადება, რამაც კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შეიარაღებაში მიღების საკითხი. რიგი წყაროების თანახმად საფრანგეთის ხელისუფლებამ არ მოისურვა კომპანიასთან თანამშრომლობა, რადგანაც იგი არ იყო სახელმწიფო ფაბრიკა.  
თუმცა „Hotchkiss Universal“ არაოფიციალურად მცირე პარტიის სახით მაინც მოხვდა საფრანგეთის არმიაში და გამოიყენებოდა ინდოჩინეთში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებში. მას ასევე იყენებდნენ სადესანტო დანაყოფები. 
ძალიან მალე „Hotchkiss Universal“-ით დაინტერესდა  სმხრეთ ამერიკა, კერძოდ ვენესუელის არმია. 1952 წელს კომპანიამ "Societe des Armes a Feu Portatives Hotchkiss et Cie“  მცირე პარტია მიაწოდა ვენესუელის არმიას. ამავე პერიოდში ვენესუალაში მიმდინარეობდა შეიარაღებული დაპირისპირებები. გარკვეული წყაროების თანახმად სწორედ ამ დაპირისპირებებში  გამოიყენეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Hotchkiss Universal“.  ვენესუელა აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი უცხო ქვეყანა, რომელმაც დაუკვეთა კომპანიას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Hotchkiss Universal“.
 
 
არცერთი სხვა ქვეყანა არ დაინტერესდა ასეთი კონფიგურაციის იარაღით, რის შემდეგაც 1955 წელს საბოლოოდ შეწყდა მათი წარმოება. ვარაუდის დონეზე არსებობს ინფრმაცია, რომ სულ საერთო ჯამში დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 7000 ცალი ეგზემპლარი.
70-ან წლებში საფრანგეთმა მოახდინა პისოლეტ-ტყვიამფრქვევის ჩამოწერა. ვენესუელაში იგი უფრო დიდხანს შემორჩა, თუმცა საბოლოოდ მათი გარკვეული ნაწილი დაექვემდებარა უტილიზაციას, ხოლო გარკვეული ნაწილი დაასაწყობეს.
 

No comments:

Post a Comment