იდუმალებით მოცული პისტოლეტი "კესლერი" (Kessler)

ჩვენი ბლოგის მკითხველები მიხვდებოდით, რომ ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიების უმრავლსობა ეხება ისეთ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს, ან დიდიხნის წინ შექმნეს და დღეს უკვე აღარ არის აქტუალური. დღევანდელი სტატიის გმირიც რათქმაუნდა არ იქნება გამონაკლისი ამ მხრივ.
სანამ სტატიის (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ რამოდენიმე აბზაცს) ძირითად ნაწილზე გადავალთ, მინდა ავღნიშნო, რომ ეს სტატია იქნება საკმაოდ მწირი, მშრალი და შეიძლება ითქვას არაამომწურავი, რადგანაც პისტოლეტი კესლერი რეალურად რამოდენიე ადამიანს თუ უნახავს. ან სულაც შესაძლოა არც არავის არ ჰქონდეს ნანახი. საქმე იმაშია, რომ დღეს არანაირი ცნობები არ არსებობს გადარჩენილი  ეგზემპლარის შესახებ. თეორიულად შესაძლოა ვინმეს, სადმე ჰქონდეს იგი, მაგრამ მხოლოდ თეორიულად.


გერმანიის ცენტრში არსებულ ქალაქ ზულის (Suhl) არქივებში 1890 წლამდე ფიგურირებს იარაღის ოსტატი ვინმე ფრიდრიხ ვ. კესლერი ("F.W. Kessler) და მისი იარაღის საწარმო (სახელოსნო) "F.W. KESSLER, SUHL", რომელიც ძირითადად სანადირო თოფებს აწარმოებდა.
რაც შეეხება კესლერის პისტოლეტს არ არსებობს მისი არანაირი კონსტრუქციული ნახაზები. ცნობილია, რომ პისტოლეტის მუშაობის სქემა დაფუძნებული იყო თავისუფალი საკეტის პრინციპზე. პისტოლეტი რაღაცით ვიზუალურად ჰგავს ბრაუნინგის 1900 წლის მოდელს (Browning M1900) და მასში გამოიყენებოდა ამავე ბრაუნინგისათვის შექმნილი 7,65მმ-ან ვაზნები.
კესლერის პისტოლეტის გამოშვების ზუსტი თარიღი დღემდა უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი მიახლოებით 1905 წელს იქნა დამზადებული მინიმალური ოდენობით.
თუკი დავაკვირდებით პისტოლეტის ტარის ლოყებს, დვინახავთ, რომ მასზე დატანილია ფრიდრიხ პიკერტის (Friedrich Pickert) საწარმოს "Arminius waffenwerke"-ეს ლოგოტიპი. აღნიშნული ლოგოტიპი წარმოადგენს ძველგერმანული გმირის, ჰერუსკების ბელადის არმინიას სახეს (პროფილს).  

 არმინიას მონუმენტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, კერძოდ (OWL) Ostwestfalen-Lippe-ში არსებულ თოითობურგის ტყეში (Teutoburger Wald).

ანალოგიური ლოგო გააჩნია ცნობილ გერმანულ კომპანიას "ჰერმან ვაირაუხს" (მოიხსენიებენ აგრეთვე როგორც ჰერმან ვეირუხი) (HW - Hermann Weihrauch), რომლის ცეცხლსასროლი და გაზის რევოლვერების სერია "არმინიუსის" (Arminius) სახელითაა ცნობილი და მას საქართველოშიც ხშირად შევხვდებით.

Hermann Weihrauch-ის მიერ წარმოებული რევოლვერ Arminius-ის ერთერთი მოდელი
 
რიგი წყაროების თანახმად, კესლერი გახდა ფრიდრიხ პიკერტის სუბკონტრაქტორი და სწორედ ამიტომ მისი პისტოლეტის ტარის ლოყებზე დატანილ იქნა პიკერტის სავაჭრო ნიშანი არმინიუსის პროფილის სახით. 

პისტოლეტის ფოტოსურათიდან თუ ვიმსჯელებთ, მისი ჩარჩო უკანა მხრიდან არის დახურული, რომელშიც სავარაუდოდ ჩახმახი იყო დამალული. პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში შემართვა (შეყენბა) ხდებოდა საკეტის გარსაცმზე წინ ნაწილში არსებულ ნაჭდევებზე თითების მოჭიდებით და საკეტის უკან მოქაჩვით. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების (SA).
 
პისტოლეტის ვაზნებით კვება წარმოებდა მოხსნადი სავაზნე კოლოფით, რომელშიც თავსდებოდა 7 ცალი ვაზნა.

უკვე  წლებია ვცდილობ მოვიძიო რაიმე ცნობები კესლერის პისტოლეტის შესახებ, მაგრამ ამაოდ. არანაირი ინფორმაცია არც ვებ სივრცეში და არც სხვადასხვა ცნობარებში არ მხვდება მის შესახებ, თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ აბზაცს. ერთადერთი დამადასტურებელი ცნობა მისი არსებობის შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ დღემდე შემორჩენილი გახუნებული ფოტოსურათი, რომლზეც იდუმალებით მოცული კესლერის პისტოლეტია გამოსახული.


 



No comments:

Post a Comment