"რთული" ჯიბის პისტოლეტი Mann 1920/21

1896 წელს გერმანელმა ფრიც მანმა (Fritz Mann) ჩამოაყალიბა მანქანების, იარაღის და ინსტრუმენტების ფაბრიკა, რომელსაც გერმანელები უწოდებდნენ "The Fritz Mann Feinmaschinen – Waffen – und Werkzeugfabrik"-ს. 1925 წელს ფაბრიკას ეწოდა სახელი "Fritz Mann Maschinenfabrik" მდებარეობა Suhl -Neundorf. ფრიც მანთან ერთად ფაბრიკის საქმიანობაში ჩართული იყო მისი ძმა ოტო მანი (Otto Mann) და ფრიცის ერთერთი შვილი ვილი მანი (Willi Mann). ფრიც და ოტო მანები გარდა იარაღისა მუშაობდნენ სხვდასხვა პროექტებზე: ორტაქტიანი ძრავები, თხილამურების სამაგრები, ცირკულარული ხერხები და სხვა. 


ძმები მანები საკმაოდ ნიჭიერ კონსტრუქტორებად ითვლებოდნენ, თუმცა იარაღის წარმოების და კონსტრუირების სფეროში მაინცდამაინც დიდი კვალი არ დაუტოვებიათ. 1930 წელს მათ თავი მიანებეს იარაღის კონსტრუირბას და გადაერთვნენ სხვა სახის ბიზნესზე. ხოლო 1938 წელს მათი კომპანია ოფიციალურად იქნა ლიკვიდირებული. სწორად ფრიც მანს ეკუთვნის პისტოლეტი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ.
მას შემდეგ, რაც ბელგიურმა კომპანია FN (Fabric National) –მა დაიწყო ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის ჯიბის პისტოლეტის წარმოება, იგი მასიურად გავრცელდა, როგორც სამოქალაქო თავდაცვითი იარაღი. ბრაუნინგის პისტოლეტის ყურადღება მიიპყრო ყველა იარაღის მოყვარულმა. მცირე გაბარიტების და სუსუტი უკუცემის გამო მას წარმატებით იყენებდნენ ქალბატონებიც, რამაც მისი ზედმეტსახელი ე.წ. „დამსკი პისტოლეტი“ განაპირობა. მისმა პოპულარულობამ განაპირობა ის ფაქტორიც, რომ უამრავმა კომპანიამ დაიწყო ბრაუნინგ M1906-ის კლონირება და კოპირება. ძირითადად ესპანური კომპანიები აწარმოებდნენ მას სხვადასხვა იაფფასიანი ვარიანტების სახით, რომელთა უმეტესობაც მე-20-ე საუკუნის 20-30-ან წლებში იყედებოდა. პისტოლეტს ოფიციაურად უშვებდნენ აგრეთვე აშშ-შიც კოლტის ქარხანაში, რომელიც ცნობილია როგორც „Colt M 1908 Vest Pocket“. ბრაუნინგის 1906 წლის მოდელმა განაპირობა აგრეთვე მისი 6,35მმ-ანი ვაზნის მასიურად გავრცელებაც, რომლის გამოყენება მომცრო ზომის რევოლვერებშიც კი სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა 6,35მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების შემქმნელები იმეორებდნენ ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის სქემას, მაინც არსებობდნენ კონსტრუქტორები, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ თავიანთი ჯიბის პისტოლეტები განსხვავებული კონსტრუქციებით, რომელსაც ბრაუნინგის პისტოლეტთან საერთო მხოლოდ 6,35მმ-ანი ვაზნა ექნებოდა. ჩვენი სტატიის გმირიც ზუსტად 6,35მმ-ან ვაზნაზე შექმნილი გერმანული პისტოლეტია, რომელსაც ბრაუნინგის 1906წლის მოდელთან მხოლოდ ვაზნა აკავშირებს.
ბუნებრივა პისტოლეტი რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ მისმა კონსტრუქტორმა ფრიც მანმა შექმნა იმ იმედით, რომ კონკურენციას გაუწევდა ზემოაღნიშნულ ბრაუნინგის ჯიბის 1906 წლის მოდელს და მისი კლონების მრავალრიცხოვან არმიას. ამიტომ კონსტრუქტორის მთავარი ჩანაფიქრი მდგომარეობდა შემდეგში:
·         პისტოლეტი ყოფილიყო კონკურენტებზე უფრო მსუბუქი;
·         პისტოლეტი ყოფილიყო კონკურენტებზე უფრო პატარა და მოსახერხებელი;
·         პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიას უნდა ჰქონოდა იგივე შემაჩრებელი (შემაკავებელი) ენერგია.
იმისათვის რომ პისტოლეტი ყოფილიყო მსუბუქი, ფრიც მანმა გადაწყვიტა შეემცირებინა საკეტის მასა (წონა). მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გათვლილი იყო სუსტ 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე, საკეტის მასის შემცირება გამოიწვევდა მის ნაადრევ გახსნას. ანუ საკეტი მასრის უკუცემისაგან გაღებას დაიწყებდა მანამდე, სანამ ტყვია დატოვებდა ლულას, რაც თავისთავად გამოიწვევდა დენთის აირების სავაზნის მხრიდან გამოდინებას  და ლულაში წნევის სწრაფ ვარდნას.

სწორედ ამიტომ კონსტრუქტორმა ლულის სავაზნეში გააკთა სპეციალური ღარი, რომლის სიგანეც იყო 3 მილიმეტრი, ხოლო სიღრმე 0,1 მმ. აღნიშნული ღარის წყალობით გასროლისას მასრა წრიულად იბერებოდა სავაზნეში, რაც აფერხებდა საკეტის ნაადრევ გახსნას, ხოლო შემდეგ მომატებული წნევა უკუცემის მეშვეობით უბიძგებდა მასრას უკან. ამდროს გარკვეული ენერგია იხარჯებოდა მასრის გასწორებაზე, რაც ახანგრძლივებდა მისი უკიცემის პროცესს. საბოლოო ჯამში კი შემორჩენილი ენერგიით მასრა უბიძგებდა მსუბუქ საკეტს, რომელიც გადაადგლდებოდა უკან და ასრულებდა ვაზნის ექსტრაქციას, ხოლო შემდგომ კი სავაზნე კოლოფიდან ლულის სავაზნეში ახალი ვაზნის მიწოდების ციკლს.
6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა და მანის პისტოლეტიდან ნასროლი ვაზნის მასრები, რომელსაც სავაზნეში არსებული წრიული ღარისაგან აღბეჭდილი სახასიათო შებერილობა გააჩნია.

მანის მიერ შექმნილი პისტოლეტის სავაზნეში არსებული ღარები დაპატანტებულ იქნა გერმანული პატენტით No. 334098 (4 მარტი 1920 წელი).
დაახლოებით სმგავსი პრინციპი ბევრად უფრო ადრე გამოიყენა იტალიელმა კონსტრუქტორმა რეველიმ მის მიერ შექმნილ ტყვიამფრქვევში. დღეს მსგავსი ღარები გვხვდება სხვადასხვა იარაღებში. მაგალითად ხეკლერ კოხის“ მიერ წარმოებულ პისტოლეტებში და მოიერიშე შაშხანებში (P7, G3). რეველის და ხეკლერ კოხის შემთხვევაში ლულის სავაზნეში არსებული ღარების დანიშნულებაა პირიქით მოახდინონ მასრისა და სავაზნეს შორის ერთგვარი წნევის შექმნა, რომლის წყალობითაც შემცირდება მასრის გაბერვა + საკეტი შეძლებს ადვილად მოახდინოს მასრის ექსტრაქცია. მანის მსგავსი პრინციპი გამოიყენება მაკაროვის მოდერნიზირებულ პისტოლეტ ПММ-ში, რომელიც მაღალ იმპულსურ ვაზნებზეა გათვლილი. ПММ-ის შემთხვევაში სავაზნეში არსებული ნაჭდევები ვერტიკალურადაა განლაგებული და არა წრიულად, როგორც მანის პისტოლეტში.
არსებობს მოსაზრება, რომ მანის პისტოლეტის ლულის სავაზნეში არსებული წრიული ღარი ადვილად ბინძურდებოდა დენთის ნამწვით და მასრის სპილენძის ნაწილაკებით, რაც იწვევდა შეფერხებებს. ზოგიც საუბრობს იმაზე, რომ ხშირად მასრა სკდებოდა ან იბზარებოდა. სავარაუდოდ აღნიშნული პრობლემები კონკრეტული მწარმოებლის ვაზნების გამოყენებას უნდა უკავშირდებოდეს, რადგანაც ინტერნეტ სივრცეში მანის პისტოლეტის მფლობელების გამოხმაურება საკმაოდ დადებითია და თითქმის არცერთი შეფერხება არ შექმნიათ სროლისას. ცეცხლსასროლი იარაღის ერთერთ უცხოურ ფორუმზე მფლობელმა დაწერა საინტერესო ფაქტი. კერძოდ: მან პისტოლეტში გამოიყენა 6,35მმ-ანი ალუმინის მასრიანი ვაზნები, რასაც მოჰყვა ლულის სავაზნეში მასრის გაჭედვა. სავარაუდოდ ალუმინის მასრის კედლები ბევრად უფრო სქელია და გასროლის შემდეგ წნევა ვეღარ უზრუნველყოფს სავაზნეში არსებული ღარისაგან დეფორმირებული მასრის უკუცემას (ექსტრაქციას). შესაძლოა საქმე იყოს მომატებულ ხახუნშიც, რადგანაც ალუმინი რბილია და ზედმეტად იგლისება სავაზნეში არსებულ წრიულ ღარში.

მსგავსი კლასის პისტოლეტებიდან მანი ყველაზე მეტად გამოირჩევა მისი მილისებური საკეტით, რომელიც ორჯერ უფრო პატარა და მსუბუქია ვიდრე სხვა პისტოლეტების საკეტები, რადგანაც იგი არ წარმოადგენს გარსაცმ-საკეტს და ასრულებს მხოლოდ საკეტის ფუნქციას, რომელიც მთლიან (მასიურ) ჩარჩოში მოძრაობს.

კონსტრუქცული თვალსაზრისით პისტოლეტის ერთერთ გამორჩეულ დეტალს წარმოადგენს ლულის მოხსნის მეთოდი, რომელიც პირდაპირ გარედან იხსნება მისი 90 გრადუსიანი მობრუნებით. იმისათვის, რომ ადვილად მოვახერხოთ ლულის შემობრუნება თითების მოჭოდებით, მის ცხვირზე შესრულებულია სპეციალური ნაჭდევი ღარები. 

ლულის მოხსნა-ფიქსაცია დაპატენტებულ იქნა გერმანული პატენტით. (პატენტის ნომერი: No. 332281. თარიღი: 1920 წლის 17 მარტი)

სავაზნე კოლოფში თავსდება 5 ცალი ვაზნა და გვერდითა მხრიდან გააჩნია 4 ცალი ნასვრეტი, რომლის მეშვეობითაც  მფლობელი აკონტრელებს კოლოფში არსებული ვაზნების რაოდენობას. სავაზნე კოლოფის დაფიქსირება პისტოლეტის ტარში ხდება ღილაკ ფიქსატორით, რომელიც ძალიან უცნაურ ადგილას, პისტოლეტის ტარის წინა ნაწილშია განთავსებული. სავაზნე კოლოფის კონსტრუქცია გერმანული პისტოლეტ „Ortgies -ის იდენტურია.

პისტოლეტს არ გააჩნია არანაირი სამიზნე მოწყობილობა თუ არ ჩავთვლით ზევითა მხრიდან მთელს სიგრძეზე შესრულებულ ღარს, რომლის მეშვეობითაც მსროლილი უზრუნველყოფს დამიზნებას.

მცველი და უსაფრთხოება
პისტოლეტი აღჭურვილია დროშისებური მცველით, რომელიც პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ზემოთ არის განთავსებული. გააქტიურების შემთხვევაში მცველი ახდენს მხოლოდ სასხლეტი კავის ბლოკირებას.
მცველის მარკირება თავდაპირველად ხდებოდა გერმანული წარწერების სახით „FEUER“ - გერმანულად ნიშნავს ცეცხლს და „SICHER“ - გერმანულად ნიშნავს უსაფრთხოს. შემდგომ წარწერების ნაცვლად ხდებოდა მხოლოდ პირველი ასოების დატანა. F - ცეცხლი, S - მცველი. შემდგომ მოდელებში მცველის მარკირებამ განიცადა რევერსი. (ანუ დროშისებური მცველის მარცხნივ პოზიციაზე მოხვდა ასო „S“ ხოლო მარჯვნივ „F

მანის პისტოლეტებს გააჩნიათ აგრეთვე ლულის სავაზნეში ვაზნის არსებობის ინდიკატორი. რომელიც წარმოადგენდა პატარა ღეროს. თუკი სავაზნეში მიწოდებულია ვაზნა აღნიშნული ღეროს თავი ოდნავ ამოშვერილია ჩაჩოდან. ღერო მდებარეობს დროშისებური მცველის პოზიციასთან მარკირებით „FEUER“  ხოლო შემდგომ კი მარკირებასთან “S”.
თავდაპირველად პისტოლეტებს გააჩნდათ კიდევ ერთი ვაზნის ინდიკატორი, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან. უფრო დეტალურად მის შესახებ სტატიის ქვემოთ, მოდიფიკაციების განხილვისას ვისაუბრებთ.

მოდიფიკაციები და სხვაობები
მანის პისტოლეტები შეიძლება დავყოთ ორ ძირითად მოდელად:

1.   1920 წლის მოდელი - მარჯვენა მხარეს გააჩნია გამოშვერილი მეტალის ფირფიტა, რომელიც ასრულებს სავაზნეში ვაზნის ინდიკატორის ფუნქციას. თუკი ვაზნა სავაზნეშია ამ შემთხვევაში ფირფიტა გამოშვერილია ჩარჩოს სიბრტყიდან. მსროლელს შეუძლია აგრეთვე მასზე თითის გადასმით მოახდინოს სავაზნეში ვაზნის არსებობის ინდიკაცია. თუ ფირფიტა ამოშვერილია ესეიგი სავაზნეში მიწოდებულია ვაზნა. 
      1920 წლის მოდელები თავდაპირველად აღჭურვილი იყო ალუმინისაგან დამზადებული ტარის ლოყებით, რომელიც შემდგომ შეიცვალა ებონიტის და პლასტმასის ლოყებით. ვიზუალურად 1920 წლის მოდელი განსხვავდება აგრეთვე ტარის ლოყების დამჭერი ჭანჭიკით რომელიც ტარის ლოყასთან გვერდითა ნაწილში არის განთავსებული.
 
2.   1921 წლის მოდელი - მარჯვენა მხრიდან ამოღებულ იქნა სავაზნეში არსებული ვაზნის დამატებითი ინდიკატორი. შეიცვალა ტარის ლოყების დამაგრების წესი. ამჯერად ჭანჭიკი დამაგრებული იყო ლოყების შუაში. 

    შეიცვალა აგრეთვე ტარის ლოყების მასალაც. იგი მზადდებოდა ებონიტისაგან და პლასტმასისაგან. ებონიტის და პლასტმასის ლოყები ძალიან ადვილად ტყდებოდა, რაზეც ინტერნეტში მოძიებული უამრავი ფოტოც მოწმობს.
არსებობს ძალიან ადრეული მოდელები, რომელთა ტარის ლოყები დამზადებულია ხისგან, ხოლო მოგვიანებით დამზადებულ მოდელებში გვხვდება მყარი რეზინისაგან დამზადებული ლოყებიც.


მარკირებები პისტოლეტზე

სხვადასხვა პარტიის მანის პისტოლეტების სხვაობა შესაძებელია დავინახოთ მათ მარკირებებში (დამღებში). სხვაობები გვხვდება აგრეთვე საკეტის შესამართი საზურგის დათვალიერებისას და დროშისებური მცველის ღარებშიც (ნასეჩკებში).



პისტოლეტის არასრული დაშლა
 
რამდენადაც ცნობილია პიტოლეტის მფლობელებისგან მისი არასრული დაშლა ძალიან მარტივია, ხოლო სრული დაშლის შემთხვევაში იწყება ყველაზე რთული თავსატეხი, რომლის ამოხსნასაც შესაძლოა ერთი კვირაც დასჭირდეს.
მანის პისტოლეტის არასრული დაშლა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

1.      პისტოლეტის ტარიდან ვიღებთ სავანზე კოლოფს;
2.      საკეტს ვწევთ უკან 4-5 მილიმეტრით;
3.     ვაბრუნებთ ლულას საათის ისრის მიმართულებით 90 გრადუსით ისე, რომ ლულის შვერილი გამოვიდეს ჩარჩოს ჭრილიდან;
4.      წინ გამოწევით გამოგვაქვს ლულა ჩარჩოდან;
5.     სახრახნისის მეშვეობით ვაბრუნებთ დმაბრუნებელი ზამბარის დამჭერ ღერძს და ვიღებთ მას დამაბრუნებელ ზამბარასთან ერთად;
6.   ვხსნით საკეტის სახელურს (ზურგს) რომელიც მისივე კორპუსით ჩახრახნილია მილისებურ საკეტზე და საკეტიდან ვიღებთ სარძოლო ზამბარას საცემ ნემსასთან ერთად.

სრულად დაშლილი მანის პისტოლეტი

მანის პისტოლეტი იწარმოებოდა 1920 წლიდან 1924 წლამდე.  იგი სხვადასხვა სავაჭრო ცნობარებიდან (კატალოგებიდან) გაქრა 1924 წელს და მას მერე არცერთ ცნობარში აღარ გამოჩენილა. დღეისათვის უცნობია თუ რამდენი ცალი პისტოლეტი იქნა დამზადებული. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადდა 20 000 ცალი ეგზემპლარი, თუმცა დღეს სხვადასხვა კერძო კოლექციებში გვხვდბა პისტოლეტები, როემლთა სერიული ნომერიც არის  32 838, 33 555 და 35 535-იც კი. შესაძლოა აღნიშნული ეგზემპლარები შემდგომ იქნა აწყობილი მორჩენელი დეტალებისგან.  
 
გერმანულ არქივებში შემორჩენილია ჩანაწერები, რომლის თანახმადაც ფრიც მანმა კომპანია GECO-სთან თანამშრომლობით შექმნა აგრეთვე საკუთარი კონსტრუქციის ვაზნა,  ბოთლისებური მასრით. ვაზნა შეიქმნა 9მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნის (9mm Kurz) მასრაზე, რომლის ყელიც შევიწროვებულ იქნა 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ტყვიის დიამეტრამდე. იმისათვის, რომ არ გამოწვეულიყო არეულობა, მანმა თავის ვაზნას მიანიჭა სახელწოდება  6,33mm Mann”. რიგი წყაროების თანახმად ტყვიის მასა (წონა) იყო 4 გრამი, ხოლო საწყისი სიჩქარე დაახლოებით 320 მეტრი წამში. აღნიშნული მონაცემების დათვლით ტყვიის ენერგია ლულიდან გამოსვლისას უნდა ყოფილიყო  205 ჯოული.  რიგ წყაროებში მე წავაწყდი შემდეგ მონაცემებს: ტყვიის საწყისი სიჩქარე 320 მ/წამი, ტყვიის მასა (წონა)3,24 გრამი, ენერგია 166 ჯოული.  დღეისათვის უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ პისტოლეტში გამოიყენებოდა აღნიშნული ვაზნა. მანმა 1924 წელს შექმნა აგრეთვე იმ დროისათვის ტრადიციული დიზაინისა და კონსტრუქციის  მქონე პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. გამოდიოდა მისი მოდიფიკაციაც გათვლილი 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (კურცზე). აღნიშნული პისტოლეტი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ნიშნით, ამიტომაც მის დეტალურ აღწერას აღარ დავიწყებ.
საკმაოდ დიდი ხანია ვცდილობ ვებ სივრცეში ვიპოვო მანის 6,33მმ-ანი ვაზნის ფოტოსურათები, მაგრამ არსად არ მხვდება. ერთადერთი ფოტო რომლის მოპოვებაც შევძელი, არის Peter Dannecker-ის წიგნიდან „Technikgeschichte der Firma Fritz Mann" ამოღებული ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია მარცხნიდან მარჯვნივ: 4მმ-ანი ფლობერის წრიული აალების მოკლე ვაზნა, 6,35მმ-ანი ბრაუნინგი, 7,65მმ-ანი ბრაუნინგი, 9მმ-ანი ბრაუნინგი მოკლე (9მმ „კურცი“) და 6,33მმ-ანი მანის პისტოლეტის ვაზნა.
არსებობს ფოტოები, რომლის თანახმადაც, შექმნილ იქნა ლულის ადაპტერი. ადაპტერის მეშვეობით შესაძლებელი იყო მანის პისტოლეტიდან 4მმ-ანი ფლობერის წრიული აალების ვაზნების სროლა, რომელიც გართობის მიზნით ოთახში სასროლად გამოიყენებოდა.
 

დასკვნა 
კონსტრუქტორული თვალსაზრისით მანის პისტოლეტი არის ძალზედ საინტერესო ეგზემპლარი, არის სასურველი საკოლექციო ნივთი იარაღის მოყვარულთათვის, არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ბრტყელი პისტოლეტი, რადგანაც მსგავსი სიბრტყის პისტოლეტი მე გარდა საბჭოთა  "ПСМ"-ისა არ მახსენდება, მაგრამ მთავარი!!! რათქმაუნდა მანის პისტოლეტი მისი პირდაპირი დანიშნულებისათვის არანაირად არ შეიძლება ჩავთვალოთ კარგ თავდაცვით პისტოლეტად: საშინელი ერგონომიულობა, ზედმეტად რთული მექანიზმი და სუსტი ვაზნის მიქსი ფაქტიურად მხოლოდ რარიტეტულობას  ანიჭებს პისტოლეტს. ერთი რაც თამამად შემიძლია ვთქვა მის შესახებ არის ის, რომ "მე შეყვარებული ვარ" ამ უცნაურ პისტოლეტზე, პისტოლეტზე რომელსაც შექმნის დღიდანვე არ ეწერა წარმატება!


No comments:

Post a Comment