პისტოლეტი კარაბინის ვაზნაზე Kimball

ბავშობაში ხშირად მსმენია ისტორიები რევოლვერზე, რომელიც ისროდა კარაბინის გადაჭრილ ვაზნებს. როდესაც წამოვიზარდე და ნელ-ნელა დავიწყე ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა გავარკვიე, რომ აღნიშნული რევოლვერი იყო  სმიტ ვესონის სისტემის ეგრედ წოდებული რუსული 4,2 ხაზიანი მოდელი. ვინაიდან აღნიშნული რევლოვერის ვაზნები საქართველოში და არა მარტო საქართველოში, რუსეთშიც კი დეფიციტს წარმოადგენდა, მისი მფლობელები კუსტარულად ჭრიდნენ (ამოკლებდნენ) მოსინის 7,62x54R ვაზნებს, რომელსაც შემდგომ იყენებდნენ რევოლვერში. რათქმაუნდა ამ შემთხვევაში არანაირ სიზუსტეზე არ იყო ლაპარაკი, რადგანაც იარაღის ლულის კალიბრი რადიკალურად განსხვავდებოდა კუსტარულად გადაჭრილი მოსინის ტყვიის დიამეტრისაგან. მსმენია ხატოვანი ისტორიები საქართველოში დაკავებული ვ.ყ.-ს (შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს) შესახებაც, რომელსაც ისტორიის შემთხზველების აზრით სპეც შეკვეთით დამზადებული 5,45x39 ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი ჰქონდა თან. არსებობს სხვდასხვა ჰიბრუდული რევოლვერები, რომლებიც გათვლილნი არიან ძალიან ძლიერი შაშხანების და შტუცერების ვაზნებზე. მათ შორის გვხვდება გიგანტები რომლებშიც გამოიყენება 600 Nitro Express (.600NE) და ბრაუნინგის ტყვიამფრქვევის .50 BMG ვაზნებიც.  ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი ობიექტი კი არის თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც თავიდანვე (ქარხნულად) კარაბინის ვაზნის გამოყენებისათვის იქნა კონსტრუირებული.

ყველაფერი დაიწყო 1950-ან წლებში. ამერიკელმა ჯონ უ. კიმბოლმა (J.U. Kimball) წამოიწყო მუშაობა თვითდამტენ პისტოლეტზე, რომელიც უნდა ყოფილიყო იმ დროისათვის ყველაზე ძლიერი თვითდამტენი პისტოლეტი. შესაბამისად მთავარ ნაბიჯს წარმოადგენდა სათანადო ვაზნის შერჩევა. კონსტრუქტორმა არჩევანი გააკეთა ამერიკული მსუბუქი კარაბინის М-1-ის ვაზნაზე „.30 M1 Carbine“, რომელიც აგებულებით ყველაზე ახლოს იდგა პისტოლეტის ვაზნებთან, კერძოდ: ჰქონდა ცილინდრული მასრა და ბლაგვი ტყვია. (ვაზნის დეტალებზე და ისტორიაზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ). ვინაიდან ვაზნა იყო საკმაოდ ძლიერი (18 დუიმიანი ლულის მქონე შაშხანიდან სროლისას ლულის წნევა საშუალოდ შეადგენდა 2800bar-ს) პისტოლეტის კონსტრუქცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო თავისუფალი საკეტით. თუმცა კონსტრუქტორმა მაინც ეს გზა აირჩია. ითვლება, რომ პისტოლეტი მუშაობს ნახევრად თავისუფალი საკეტის პრინციპით, რადგანაც გასროლისას ლულა დაახლოებით 5მმ-ით გადაადგილდება უკან და შემდეგ იწყება საკეტის გაღება (გახსნა). კონსტრუქტორმა პისტოლეტის ლულის სავაზნე აღჭურვა „რეველის ღარების“ მსგავსი ნაჭდევებით, რათა მომხდარიყო მასრის ექსტრაქციის შენელება. მსგავს პრინციპზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გერმანელი კონსტრუქტორის ფრიც მანის პისტოლეტის Mann 1920/21 სტატიაში. ღარები უზრუნველყოფდნენ მასრის შეკავებას სავაზნეში მანამდე, სანამ ტყვია დატოვებდა ლულას და დაიწყებოდა წნევის ვარდნა, რასაც შემდგომ მოჰყვებოდა საკეტის გახსნა და მასრის ექსტრაქცია. რათქმაუნდა ასეთი სიძლიერის ვაზნისათვის მსგავსი პრინციპი არანაირად არ იყო საკმარისი და საკეტი ძლიერი ენერგიით ეჯახებოდა პისტოლეტის ჩარჩოს ბჯენებს. ბუნებრივია ჩარჩო ვერ უძლებდა ამხელა გადატვირთვას და რამოდენიმე გასროლის შემდეგ იბზარებოდა. არსებობს შემთხვევები, როდესაც საკეტი საერთოდ წყდებოდა ჩარჩოს და მსროლელს ხვდებოდა სახეში, რასაც თავისთავად შესაძლოა სერიოზული ტრავმა გამოეწვია. გარდა აღნიშნულისა პისტოლეტის სტანდარტული ლულა იყო 127 მმ სიგრძის, ხოლო .30 M1 კარაბინის ვაზნა განკუთვნილი იყო 18 ინჩიანი (458მმ) სიგრძის ლულიდან სასროლად. მოკლე ლულის შედეგად დენთი ვერ ასწრებდა ბოლომდე დაწვას (აალებას) და პისტოლეტის ლულიდან ტყვიასთან ერთად გამოიყორცნებოდა დენთის მუხტის დაუმწვარი ნაწილაკები, რაც საბოლოოდ აისახებოდა ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებზე. დაუმწვარი დენთის ნარჩენები ჭარბი რაოდენობით რჩებოდა ლულის არხშიც და  დამატებით დისკომფორტს იწვევდა პისტოლეტის მფლობელისათვის.

პისტოლეტის პროტოტიპი დამზადდა 1954 წელს, ხოლო 1955 წლის დასაწყისში მიჩიგანის შტატში არსებულმა ამერიკულმა კომპანიამ „Kimball Arms Company”-მ წამოიწყო მისი სერიული წარმოება. რომელიც არეკლამებდა და აპიარებდა პისტოლეტს როგორც „მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თვითდამტენ (ავტომატურ) პისტოლეტს“. „The WORLD’S MOST POWERFUL AUTOMATIC PISTOLS” სწორედ ასეთი აგრესიული სათაურით გვხვდებოდა იგი ცნობარებში და სარეკლამო ბროშურებში.
127მმ-ანი სიგრძის ლულიდან გასროლილი .30 M1 Carbine ვაზნის სტანდარტული 7,1 გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 465 მეტრს წამში, ხოლო ენერგია 768 ჯოულს. (458მმ-ანი ლულის მქონე M-1 შაშხანიდან სროლისას ტყვიის საწყისი სიჩქარე აღწევდა 607მეტრს წამში, ხოლო ენერგია 1308 ჯოულს). იყო თუ არა კიმბოლის პისტოლეტი იმ დროისათვის ყველაზე ძლიერი თვითდამტენი პისტოლეტი?  ბევრი ფიქრის და გადამოწმებების გარეშე შეიძლება ვთქვა, რომ არა! ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში არსებობდა ბრიტანელი კონსტრუქტორის გაბეტ ფეირფაქსის (Gabbett-Fairfax) თვითდამტენი პისტოლეტი სახელწოდებით “Mars”, რომლის ტყვიის ენერგიაც ბევრად მეტი იყო, ვიდრე კიმბოლის პისტოლეტიდან ნასროლ .30 M1 კარაბინის ვაზნის ტყვიას გააჩნდა. პისტოლეტ "Mars"-ის  შესახებ რამოდენიმე ხნის წინ დავწერე სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ლევანის (Shooter) ბლოგზე, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ბლოგის ავტორს ლევანს (Shooter-ს).

პისტოლეტში გამოყენებული .30 М1 (7,62х33) ვაზნა
აშშ-მ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა შეექმნა მსუბუქი შაშხანა, ეგრედ წოდებული "Light Rifle". შაშხანა საცეცხლე მონაცემებით უნდა ყოფილიყო ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე უფრო ძლერი და იმდროს შეიარაღებაში არსებულ ჯონ გარანდის თვითდამტენ შაშხანა „Garand M1“-ზე მსუბუქი (სუსტი), რადგანაც მასში გამოყენებული სპრინგფილდის შაშხანის ვაზნა 7,62x63 სახელწოდებით .30-06 ზედმეტად ძლიერი იყო და ართულებდა მსუბუქი შეშხანის შექმნას მის პლატფორმაზე. ახალ ვაზნაზე მუშაობა ამერიკულმა კომპანია Winchester-მა დაიწყო 1930-ანი წლების მიწურულს. ვაზნას თავდაპირველად მიენიჭა სახელწოდება .30 SR M-1. ითვლება, რომ საფუძვლად კომპანია Winchester-მა  აიღო მისივე სანადირო ვაზნა .32 WSL (Winchester Self-Loading) (ვინჩესტერის თვითდამტენი), რომელიც წვრილ და საშუალო ცხოველებზე სანადიროდ გამოიყენებოდა. 1940 წლის დეკემბერში დამზადებულ იქნა ვაზნების საცდელი პარტია, რომლებიც დამუხტული იყო 6,9 გრამიანი ტომპაკის გარსიანი ტყვიის გულათი. 1941 წლის იანვარში და ივნისში გამოცდები გაიარა ვაზნების რამოდენიმე პარტიამ, ხოლო შემოდგომაზე დამზადებულ იქნა 300 000ცალი ვაზნა, რომელშიც გამოიყენებოდა განსხვავებული დენთის ტიპი. 1941 წლის 30 ოქტომბერს ვაზნა ოფიციალურად იქნა მიღებული აშშ-ს შეიარაღებაში სახელწოდებით ”Cartridge, Carbine Cal. .30 M-1”. (აღნიშნავენ აგრეთვე როგორც .30 Carbine, ხოლო მისი მეტრული აღნიშვნა ხდება შემდეგნაირად 7.62×33mm). სამხედროები ითხოვდნენ რომ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მისი აღნიშვნა ყოფილიყო "Short Rifle Cartridges Cal. .299 Ball M-1" რათა შემთხვევით არ არეოდათ .30-06 ვაზნაში, რომელიც გამოიყენებოდა შაშხანაში Garand M1.  ვაზნის გადამუშავება მისი შეიარაღებაში მიღების შემდგომაც გრძელდებოდა. 1942 წელს კვლავ შეიცვალა დენთის მუხტის ტიპი, ტყვია კი დამძიმდა 7,1გრამამდე.  ცვლილებების შედეგად მისი საწყისი სიჩქარე 10%-ით გაზარდა.
ფაქტიურად ვაზნა ითვლება პირველ შუალედურ (პისტოლეტის ვაზნებსა და შაშხანის ვაზნებს შორის) ვაზნათ, რომელიც ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში. თუმცა ისტორიულ წყაროებს თუ გადავხედავთ პირველ შუალედურ ვაზნად მიჩნეულია გერმანული 7.92x33mm Kurz (გამოიყენებოდა "პირველ მოიერიშე" შაშხანა „STG-44“-ში), რომელიც ამერიკული ვაზნისაგან გამოირჩევა შაშხანის ვაზნისათვის დამახასიათებელი წვეტიანი ტყვიით და ბოთლისებური მასრით. ამერიკული .30 M-1 ფაქტიურად არის პისტოლეტის დაგრძელებული ვაზნა, რადგანაც გააჩნია პისტოლეტის ვაზნისათვის დამახასიათებელი ბლაგვი ტყვია და ცილინდრული (ოდნავ კონსისებური) ფორმის მასრა.


პისტოლეტის კონსტრუქციული თავისებურებანი
ძალიან გამიჭირდება პისტოლეტის კონსტრუქციულ თავისებურებებზე ლაპარაკი, რადგანაც ვერსად ვერ მოვიძიე მისი სქემატური ნახაზები და ვერც დაშლილი პისტოლეტის ფოტოსურათებს მივაგენი.
გარეგნულად კიმბოლის პისტოლეტი ძალიან ჰგავს ცნობილ მცირეკალიბრიან პისტოლეტებს ”Colt Woodsman”  და ამერიკული კომპანია High Standard-ის მოდელს „H-D Military“.
ვიზუალური დაკვირვებისას ნათლად ჩანს, რომ პისტოლეტს გააჩნია დახრილი ტარი, რაც სავარუდოდ კომფორტულს უნდა ხდიდეს მის დაჭერას, თუმცა ჩემი აზრით მასში გამოყენებული ვაზნიდან გამომდინარე სროლისას უკუცემა იმდენად დიდი იქნება, რომ ეგრევე დაგვავიწყებს ამ კომფორტს.
სავაზნე კოლოფი არის 7 ვაზნიანი და მარჯვენა მხრიდან გააჩნია ჭრილი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავინახოთ კოლოფში არსებული ვაზნების რაოდენობა. გარდა ამისა აღნიშნულ ჭრილში ჩასმულია სლაიდერული ღილაკი, რომლსაც თითით ვაწვებით ქვემოთ რათა დავწიოთ ვაზნების მიწოდებელი, რაც  თავისთავად აადვილებს სავაზნე კოლოფში ვაზნების განთავსებას (ჩალაგებას).
პისტოლეტის მცველი ორიგინალურია და წარმოადგენს მარცხნივ სასხლეტი კავის ზემოთ განთავსებულ სლაიდერს. როდესაც პისტოლეტი მზადაა სასროლად, ჩანს წითელად მარკირებული წერტილი, ხოლო მცველის გააქტიურების შემთხვევაში წითელი წერტილი დაფარულია მცველის მიერ.
უჩვეულო ადგილასაა განთავსებული სავაზნე კოლოფის ღილაკ-ფიქსატორი, რომელიც მრგვალი ღილაკის სახით არის დამონტაჟებული პისტოლეტის ტარზე უკანა ნაწილში.
პიტოლეტის ფოტოსურათებიდან თუ ვიმსჯელებთ მისი სამიზნე მოწყობილობა იყო ორნაირი: 1. მარტივი უკანა სამიზნეთი; 2. შედარებით დიდი რეგულირებადი სპორტული სამიზნე მოწყობილობით.

სხვაობა იყო აგრეთვე პისტოლეტის წინა სამიზნეებში, რომელიც განსხვავდებოდა ფორმებით

პისტოლეტის ვარიანტები
·         პისტოლეტის ძირითადი ვარიანტი დამზადებულ იქნა .30 Ml «Carbine» ვაზნაზე და გააჩნდა 127 მმ სიგრძის (5 ინჩი) ლულა. რომელსაც ჰქონდა 8 ჭრილი 12 ინჩიანი ბიჯით.
·         შემდგომ დამზადებულ იქნა მოდელი შემოკლებული 89 მმ სიგრძის ლულით, სახელწოდებით „Air Crew”.  ჩემი ვარაუდით კონსტრუქტორს სურდა რომ პისტოლეტი შეიარაღებაში მიეღოთ პილოტებს, რადგანაც ამ სახელს მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი და არც რომელიმე წყაროშია მითითებული, თუ რატომ დაერქვა პისტოლეტის შემოკლებულ ვარიანტს ეს სახელი.

·         მცირე რაოდენობით  დამზადდა .22 hornet ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები. (სავარაუდოდ 10 ეგზემპლარამდე დამზადდა).

·        იგეგმებოდა .357 მაგნუმ და .38 სპეციალურ ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარების დამზადებაც, თუმცა მათ ვეღარ იხილეს დღის სინათლე.

·        რამოდენიმე ცალის სახით დამზადდა მოდელები, რომელთაც გააჩნდათ ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი. ასეთი მოდელი აღჭურვილი იყო ჩარჩოზე დასამაგრებელი წინა სახელურით და დაგრძელებული სავაზნე კოლოფით, რომელშიც სავარაუდოდ 15 ვაზნა თავსდებოდა.


კიმბოლის პისტოლეტი გამოდიოდა 3 წლის განმავლობაში და მათი წარმოება საბოლოოდ შეწყდა 1958 წელს. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადებული პისტოლეტების რაოდენობამ შეადგინა 238 ცალს, თუმცა რამოდენიმე ცალი შემდგომ დამზადდა მორჩენილი დეტალებისგან.  უკვე წლებია ვაკვირდები სხვდასხვა ინტერნეტ აუქციონებს სადაც იშვიათად, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაინც გამოჩნდება ხოლმე კიმბოლის პისტოლეტები, რომელთა  ფასი მათი მდგომარეობის მიხედვით 1500-2500 დოლარამდე მერყეობს.
დასკვნა / რისთვის შეიქმნა კიმბოლის პისტოლეტი
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტის კონსტრუქტორს მისი შექმნისას ამოძრავებდა რამოდენიმე მიზანი:
·        შეექმნა ყველაზე ძლიერი თვითდამტენი პისტოლეტი. თუმცა ეს ჩანაფიქრი არასწორად გათვალა, რადგანაც .30 M1 Carbine ვაზნის ტყვიის ენერგია პისტოლეტის მოკლე ლულიდან სროლისას არ გამოირჩევა მაინცდამაინც დიდი ენერგიით. თუკი ვიწრო ჭრილში განვიხილავთ მის ენერგიას და შევადარებთ ანალოგიური კალიბრის სხვა პისტოლეტის ვაზნებს როგორიცაა 7,62x25 ТТ / 7,63x25 Mauser, ამ შემთხვევაში რათქმაუნდა კიმბოლის პისტოლეტიდან ნასროლი .30 M1 Carbine ვაზნის ტყვიის ენერგია გაცილებით მეტია, მაგრამ ვაზნის სიძლიერე და იმპულსი თავად პისტოლეტისთვის მოქმედებდა ცუდად, რადგანაც მისი კონსტრუქცია ვერ უძლებდა ძლიერი ვაზნის დატვირთვას.

·        კინსტრუქტორს უნდოდა შეექმნა პისტოლეტი, რომელსაც მონადირეები გამოიყენებდნენ. თუმცა აქაც არ გამართლდებოდა მისი მოლოდინები, რადგანაც ვაზნა .30 M1 Carbine არ იყო პოულარული მონადირეთა წრეში. ვაზნის არაპოპულარულობა გამოწვეული იყო 2 ძირითადი ფაქტორით: 1. იგი გრძელლულიანი იარაღიდანაც კი არ იყო ზუსტი; 2. ტყვია ძალიან სწრაფად კარგავდა საწყის სიჩქარეს და შესაბამისად ენერგიას. შაშხანიდან 300 მეტრამდე სროლისას ტყვიის ენერგია შეადგენდა 300-317 ჯოულს.

·        პისტოლეტში კარაბინის ვაზნის გამოყენებით შესაძლო იყო დაინტერესებულიყვნენ სამხედროები და შეიარაღებაში მიეღოთ იგი, რადგანაც მსუბუქ შაშხანაში და პისტოლეტში ერთიდაიგივე ვაზნის გამოყენება გარკვეულწილად უნივერსალურს ხდიდა მებრძოლების ვაზნებით მომარაგების პროცესს. პისტოლეტის შესწავლის და მისი მოქმედების პრინციპის შედეგად, სამხედროებმა არასაიმედოდ ჩათვალეს პისტოლეტი.
კიმბოლის პისტოლეტი ორიგინალური შეფუთვით
დღეს მსოფლიოში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იწარმოება სხვადასხვა ექსპერიმენტალური და საკოლექციო პისტოლეტები, რომლებიც გათვლილნი არიან .30 M1 Carbine ვაზნაზე, თუმცა მათი მოქმედების პრინციპი ბევრად შეესაბამება ასეთი იმპულსის მქონე ვაზნას. გვხვდება რევოლვერებიც აღნიშნულ ვაზნაზე, მაგალითად Ruger-ის მოდელი "Blackhawk".    პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოდელს აღნიშნულ ვაზნაზე წარმოადგენს კონსტრუქტორ ჰარი სენფორდის (Harry Sanford) მიერ შექმნილი თვითდამტენი პისტოლეტი  AutoMag III, რომელსაც ამერიკული კომპანია AMT(Arcadia Machine & Tool) აწარმოებს.

ჰარი სენფორდის მიერ შექმნილი პისტოლეტი AutoMag III


No comments:

Post a Comment