Breda PG Model 1935

1931 წელს იტალიელმა იარაღის კონსტრუქტორმა სესტილიო (სატელიო) ფიორინიმ (Sestilio Fiorini), შეიმუშავა საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენი შაშხანის პროტოტიპი. ფიორინის შაშხანა იყენებდა ლულიდან აირების გაყვანის სისტემას და რგოლისებურ აირის დგუშს, რომელიც ლულის გარშემო წინა ნაწილში იყო განთავსებული. გასროლის დროს ლულის არხიდან დენთის აირები გადადიოდა ჭიქის ფორმის სალულეში. აღნიშნულ სალულეში ხდებოდა აირების გაფართავობა, რის შედეგადაც დგუში იღებდა ბიძგს და უკან გადაადგილდებოდა. დგუში ბიძგის მიმცემი თამასის მეშვეობით დაკავშირებული იყო საკეტის ჩარჩოსთან. შესაბამისად დგუში უკან გადადგილებისას უბიძგებდა საკეტის ჩარჩოს.
ფიორინის შაშხანიდან სროლა წარმოებდა ღია საკეტით რაც დადებითად აისახებოდა ინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს ლულის გაგრილებაზე, თუმცა ღია საკეტის ხარჯზე გარკვეულწილად ზარალდებოდა იარაღის სიზუსტე. მიუხედევად ამისა შაშხანის სიზუსტე აკმაყოფილებდა იტალიის სამეფო არმიის დოქტრინას. ცნობისათვის იტალიის სამეფო არმიის დოქტრინის თანახმად  ფეხოსანთა ბრძოლისას ცეცხლის წარმოება ხდებოდა 400 მეტრზე უფრო ახლო დისტანციაზე, ხოლო უმრავლესობა შემთხვევებში კი 200 მეტრამდე, რაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკვე ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იქნა  დამტკიცებული.
შაშხანაში ლულის გადაკეტვა განხორციელებული იყო საკეტის ვერტიკალურ სიბრტყეში გადახრის მეშვეობით. საკეტის ზედა ნაწილში შესრულებული იყო 1 ცალი მასიური საბრძოლო ბჯენი. საკეტის ჩარჩოს წინა მხრიდან ჰქონდა დახრილი კუთხე, რომლის წყალობითაც საკეტი წინა პოზიციაში დაბრუნებისას იწეოდა მაღლა. საკეტის აწევისას საბრძოლო ბჯენი შედიოდა ლულის კოლოფის ზევით არსებულ ფანჯარაში და საიმედოდ ახდენდა ლულის გადაკეტვას. გასროლის შემდეგ საკეტის ჩარჩო დგუშის მეშვეობით იწყებდა უკან გადაადგილებას. ამ დროს სპეციალური დახრილობის წყალობით საკეტის ჩარჩო ეშვებოდა დაბლა რის შედეგადაც საკეტის საბრძოლო ბჯენი გამოდიოდა ლულის კოლოფის ზევით არსებული ფანჯრიდან და ინერციით (როგორც თავისუფალი საკეტი) აგრძელებდა უკუსვლას. შაშხანის ვაზნებით კვება ხდებოდა 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდით. მჭიდს ვაზნების რაოდენობის კონტროლირების მიზნით ამოჭრილი ჰქონდა გვერდები, რაც ზრდიდა მასში ქვიშის და ჭუჭყის მოხვედრის ალბათობას. იარაღის კონდახი, სარეცელი და ლულის ზედსადები  დამზადებული იყო ხისგან. შაშხანას კონდახის და სარეცელის გასაყარზე გააჩნდა სწორი მოყვანილობის სახელური. ლულის ბოლოში შესაძლებელი იყო ხიშტ-დანის დამაგრება. შაშხანის ეფექტური სროლის მანძილი შეადგენდა 400-450 მეტრს, ხოლო რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა განკუთვნილი იყო 1500 მეტრამდე სროლისთვის.
იტალიურ საშტატო ვაზნაზე 6,5x52mm Carcano გათვლილი თვითდამტენი შაშხანა “Breda Model 1935 PG”
1935 წელს უმნიშვნელო კონსტრუქციული გადამუავების შემდეგ შაშხანის წარმოება მცირე საცდელი პარტიის სახით დაწყებულ იქნა იტალიური კომპანიის „Societa Meccanica Ernesto Breda“ მიერ. შაშხანას მიენიჭა სახელწოდება “Breda Model 1935 PG” (PG იშიფრებოდა როგორც Peso a Gaz - იტალიურად ნიშნავს აირის წნევას). შაშხანა თავდიპირველად გათვლილი იყო იტალიურ საშტატო შაშხანის ვაზნაზე „6,5x52mm Carcano“ და ცეცხლის წარმოება შეეძლო მხოლოდ ერთეული გასროლებით. საერთო ჯამში შაშხანა “Breda Model 1935 PG” იყო კომპაკტური და საკმაოდ ეფექტური იარაღი,  თუმცა გამოირჩეოდა რთული კონსტრუქციით, იყო დასამზადებლად ძვირადღირებული და დაბინძურების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე რაც უარყოფითად აისახებოდა მის საიმედოობაზე.  სწორედ ამიტომ იტალიის სამეფო არმიამ (Regio Esercito) გამოცდების შემდეგ უარი განაცხადა შაშხანის შეიარაღებაში მიღებაზე.
შაშხანას ზედა მხრიდან გააჩნდა ლულის კოლოფის თავსაფარი, რომელიც გადაადგილების დროს იხირებოდა, ხოლო საკეტის შეყენებისას ავტომატურად იხსნებოდა. ფოტოზე ზემოდან ქვემოთ: 1. დაშვებული საკეტი და დახურული თავსაფარი; 2. ღია თავსაფარი და დაშვებული საკეტი; 3. შეყენებული საკეტი და ღია თავსაფარი
მოგვიანებით კოსტა-რიკის ხელისუფლებამ კომპანია „Societa Meccanica Ernesto Breda“-ს დაუკვეთა 7x57 Mauser ტიპის ვაზნაზე გათვლილი შაშხანები. გარდა განსხვავებული კალიბრის ვაზნისა, დამკვეთმა მოითხოვა ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობა.
კოსტა-რიკული კონტრაკტით დამზადებული 7x57 Mauser ტიპის ვაზნაზე გათვლილი შაშხანა
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომპანიამ „Societa Meccanica Ernesto Breda“ კოსტა-რიკისთვის დაამზადა 7x57 Mauser ტიპის ვაზნაზე გათვლილი შაშხანის ავტომატური ვარიანტი. კონტრაქტის ფარგლებში დამზადებულ შაშხანებს ჰქონდა იმ დროისათვის საკმაოდ უცნაური და ინოვაციური მახასიათებელი. კერძოდ: შაშხანას ერთეული გასროლების გარდა შეეძლო მოკლე ავტომატური ჯერებით სროლა (4-4 გასროლა).
სროლის რეჟიმების გადამრთველი განლაგებული იყო სასხლეტის უკან. ფოტოზე ზემოდან: 1. გააქტიურებულია ფიქსირებული ავტომატური ჯერებით (4-4 გასროლა) სროლის რეჟიმი; 2. პოზიცია განკუთვნილია ერთეული გასროლებისთვის; 3. მცველის პოზიცია. აღნიშნული შაშხანა შეიძლება ჩაითვალოს ისტორიაში პირველ სერიულ ავტომატურ შაშხანათ, რომელსაც ჰქონდა ფიქსირებული მოკლე ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობა 4 გასროლის სახით. (რიგი წყაროების თანახმად გვხდბა ინფორმაცია, რომ კოსტა-რიკისთვის დამზადებულ შაშხანებს შეეძლო სრულიად ავტომატური ჯერებით სროლაც თუმცა  შემორჩენილ ეგზემპლარებს გააჩნიათ მხოლოდ ერთეული და მოკლე 4 გასროლიანი ჯერებით ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა). ფიქსირებული ავტომატური ჯერების (4-4 გასროლა) წარმოებისთვის შაშხანის სასხლეტ მექანიზმში გამოყენებული იყო კბილანებიანი მბრუნავი დისკი, რომელიც ითვლიდა საკეტის ციკლის 4 ჯერ გამეორებას და შემდეგ თიშავდა სასხლეტის და ჩურჩულას გადაბმულობას. ფიქსირებული ჯერებით სროლის შესაძლებლობა დამკვეთმა მოითხოვა იმ მიზნით, რომ მსროლელს ეწარმოებინა ავტომატური ცეცხლი ეფექტურად და ვაზნების ნაკლები ხარჯვით. კოსტა-რიკასთვის განკუთვნილ შაშხანებს ჰქონდა ასევე კოსტა-რიკული მაუზერის შაშხანის სტანდარტული ხიშტის სამაგრი.
კოსტა-რიკელი მებრძოლი ავტომატური შაშხანით Breda  Model 1935 PG
შაშხანის წარმოება
კოსტა-რიკის კონტრაქტის ფარგლებში დამზადებული ავტომატური შაშხანების საერთო რაოდენობამ შეადგინა 400 ცალი ერთეული. ხოლო რაც შეეხება იტალიურ 6,5მმ-ან ვაზნაზე (6,5x52mm Carcano) დამზადებული თვიტდამტენი შაშხანების რაოდენობას, არ არსებობს ზუსტი ცნობები. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ დამზადდა დაახლოებით 400-450 ცალი ერთეული. ანუ სულ ჯამში (კოსტა-რიკულ ვარიანტს + იტალიური ვარიანტი) წარმოებული შაშხანების რაოდენობამ შეადგინა 800-850 ცალი ერთეული.
კოსტა-რიკული კონტრაქტში დამზადებული შაშხანის ლულის კოლოფი და საკეტი
შაშხანა “Breda Model 1935 PG“ იტალიის სამეფო არმიას ” არ მიუღია ოფიციალურ შეიაარღებაში, თუმცა რიგი წყაროების თანახმად მას მეორე მსოფლიო ომის დროს (1943-1944 წლებში) მაინც იყენებდნენ.
“Breda Model 1935 PG” დღეს მხოლოდ რამოდენიმე ერთეულის სახით შემორჩა და შეიძლება ჩაითვალოს მეორე მსოფლიო ომის დროს სერიულად წარმოებული შაშხანებიდან ერთეთ ყველაზე იშვიათ მოდელათ.

No comments:

Post a Comment