Colt Open Top Pocket Model 1871

1871 წელს კომპანია COLT-მა (ამ პერიოდში კომპანიის სრული დასახელება იყო  „Colt's Patent Fire Arms Manufacturing Company“) წარმოებაში ჩაუშვა ჯიბის რევოლვერი ღია ჩარჩოთი. ეს რევოლვერი არის კოლტის ისტორიაში პირველი ჯიბის რევოლვერი, რომელიც გათვლილი იყო წრიული აალების უნიტარულ ვაზნაზე. რევოლვერის კონსტრუქტორები იყვნენ ამერიკელი ვილიამ მეისონი (William Mason) და ჩარლი ბრინკერჰოფ რიჩარდსი (Charles Brinckerhoff Richards). ცნობისთვის ზუსტად 1871 წელს კომპანია კოლტმა წარმოებაში ჩაუშვა ასევე უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი მცირე ზომის რევოლვერი სახელწოდებით Colt House Revolver. (სამომავლოდ აღნიშნულ  რევოლვერზეც შემოგთავაზებთ სტატიას).
 
 Colt Open Top Pocket Model 1871
რევოლვერმა გამოსვლის დღიდანვე მოიპოვა პოპულარულობა და დიდ მოწონებას იმსახურებდა სამოქალაქო პირებში. ამ პერიოდში იარაღის ბაზარზე  წარმოდგენილი იყო  კოლტის მთავარი კონკურენტის სმიტ და ვესონის (Smith & Wesson) იაფფასიანი ჯიბის რევოლვერი მოდელი 1, რომელის ღირებულაც 2$-ს შეადგენდა. კომპანია კოლტის პრეზიდენტის რიჩარდ ჯარვიშის (Richard Jarvis) გადაწყვეტილებით იგი არ აპირებდა კონკურენცია გაეწია იაფფასიანი რევოლვერებისთვის, რადგანაც ორიენტირებული იყო ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე. შესაბამისად მაღალი ხარისხით დამზადებული რევოლვერი Colt Open Top Pocket Model 1871 -ის ფასი შეადგენდა 8$-ს. 70-ანი წლების მიწურულს Colt Open Top Pocket Model 1871-ს კონკურენცია გაუწია ასევე ესპანეთიდან და ბელგიიდან იმპორტირებულმა იაფიანმა რევოლვერებმა.
სახელოწდება „Open Top Pocket Revolver“ მოწმობდა, რომ რევოლვერის ჩარჩო იყო ზევითა მხრიდან ღია. თავად ჩარჩოს დამზადება ხდებოდა თითბერისგან, თუმცა მცირე სერიებად იწარმოებოდა ასევე მოვერცხლილი და მონიკელებული ჩარჩოთიც. რევოლვერის დოლურა იყო გლუვი ფორმის და მასში თავსდებოდა 7 ცალი .22 კალიბრის წრიული ვაზნები (.22Short და .22Long). რევოლვერის ტარის ფორმა შესრულებული იყო ჩიტის თავის მოყვანილობით და გააჩნდა მოვარდისფერო ხისგან (palissandre) ან ბერძნული კაკლისგან  დამზადებული ლოყები. ასევე იწარმოებოდა სპილოს ძვლისგან დამზადებული ტარის ლოყებიც. რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების (SA) და გააჩნდა ჩარჩოს გამონაზრდში დამალული სასხლეტი, რაც იმ პერიოდში ერთგვარ მოდას წარმოადგენდა.
Colt Open Top Pocket Model 1871 ადრეული ვარიანტი ლულს გვერდით არსებული მასრების ამოსაგდები ღერძით
რევოლვერის ლულაზე მარჯვენა მხრიდან დამაგრებული იყო მასრების ამოსაგდები ღერძი (ზუმბა), რომელიც მხოლოდ ადრეული პარტიის მოდელებზე კეთდებოდა. დაახლოებით 1874 წლიდან მასრების ამოსაყრელი ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან.
 რევოლვერის ჩარჩოდან მოხსნილი ლულა და დოლურა
1874 წლიდან დამზადებულ რევოლვერებში მასრების ამოსაყრელად მფლობელს დოლურა უნდა მოეხსნა  ჩარჩოსგან. ცარიელი დოლურის ვაზნებით შევსება შესაძლებელი იყო, როგორც მოხსნილი დოლურის დროს, ასევე რევოლვერის ჩარჩოს ფარზე მარჯვენა მხარეს გაკეთებული ამონაჭრელიდან. რევოლვერი იწარმოებოდა 2 განსხვავებული სიგრძის ლულით: 1. 2-3/8″ ინჩი (60,33 მმ) და  2-7/8″ ინჩი (73 მმ).
რევოლვერის ჩარჩოს ფარზე შესრულებული ჭრილი, დოლურაში ვაზნების ჩასალაგებლად
ზუსტად უცნობია როდის დასრულდა აღნიშნული რევოლვერების წარმოება. რიგი წყაროების თანახმად რევოლვერის წარმოაბა შეწყდა 1877 წელს, ხოლო კომპანიის კომერციულ კატალოგებში რევოლვერი გვხდება 1880 წლამდე. ცნობილია, რომ სულ 1880 წლამდე გაყიდულ იქნა დაახლოებით 114 000-114 200 ცალი ეგზემპლარი.

No comments:

Post a Comment