ჩუმი ბრიტანელი "WELROD"


მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დიდი ბრიტანეთის არმია (ისევე როგორც სხვა ქვეყნის არმიები) სერიოზულად დაფიქრდა დივერსიული ომის სტრატეგიაზე. დივერსიულ ოპერაციებს ხშირად ძალიან მცირე დროში მოჰქონდა დიდი დარტყმა მტრისათვის და რაც მთარია ბევრად უფრო ნაკლები რესურსით, ვიდრე პირდაპირ შეტაკებებს. დივერსიული ბრძოლის სტრატეგიით შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგესთვის „აქილევსის ქუსლში“ მიგეყენებინა  დარტყმა ისე, რომ ვერც კი გაეგო თუ ვინ და როდის განახორციელა ოპერაცია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სპეც ოპერეაციების შესრულებას ესაჭიროებოდა სპეციალური აღჭურვილობა და იარაღი. როდესაც ოპერაცია ტარდება მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე / ობიექტებზე საჭიროა მოხდეს შეუმჩნეველი მოქმდება, რასაც შესაბამისად ჩუმი (უხმო) და ალისგარეშე იარაღი ესაჭიროება. 40იანი წლების დასაწყისში არსებობდა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უმაგრდებოდა ხმის ჩამხშობი მოწყობილობა, თუმცა ასეთი ტიპის იარაღს ხშირად თან ახლავს მექანიზმის (ავტომატიკის) მუშაობის სპეციფიური ხმა, როგორიცაა:
·         ჩახმახის დაშვება;
·         საკეტის გადატენვა;
·         მასრის ამოგდება სავაზნედან და ახალი ვაზნის მიწოდება.
როდესაც ოპერაცია იმართება ისეთ ადგილას, სადაც ზევით ჩამოთვლილი ხმები გადაიფარება ბუნებაში არსებული სხვადასხვა ხმაურით, მაგალითად: წვიმის ხმა, ქარის ხმა, ფოთლების შრიალი ან თუნდაც მანქნანების/ტექნიკის ძრავის ხმები, ბუნებრივია უბრალოდ მაყუჩით აღჭურვილი იარაღიც კარგად გაართმევს თავს სპეცოპერაციას. მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც აუცილებელია სრულიად ჩუმი გასროლის განხორციელება. ღამის სიწყნარეში იარაღის საკეტის გაჩხაკუნება 200 მეტრზეც კი შეიძლება გაიგოს ადამიანმა. ომის დაწყების პერიოდში არსებობდა არა თვითდამტენი იარაღები, რომელთა აღჭურვა ხდებოდა მაყუჩებით. მათი უმეტესობა ხშირ შემთხვევებში  აკმაყოფილებდა უხმო გასროლის კრიტერიუმებს, მაგრამ კონსტრუქციულად მოიკოჭლებდნენ. გარდა ზემოაღნიშნულისა მათი გაბარიტები ვერ აკმაყოფილებდნენ ოპერაციის პირობებს, რადგანაც სიდიდს გამო ვერ მოხდებოდა იარაღის ფარული გადატანა. აღნიშნულიდან გამომდინარე დიდიბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური უხმო იარაღი დივერსიული ოპერაციებისათვის, რომლის შემუშავებაც დაევალა საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს (ISRB -Inter Services Research Bureau) სახელწოდებით „მეცხრე განყოფილება“ (Station IX). აღნიშნული განყოფილება შეიქმნა 1941 წელს პატარა ქალაქ ველვინში (Welwyn) (ჰარტფორდშირის საგრაფო), ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს (Special Operation Executive, შემოკლებით — S.O.E) მიერ. ბიუროს ხელმძღვანელობდა ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტი D.M. Nevitt.
ჩამოყალიბებულ იქნა ახალი იარაღის ძირითადი მოთხოვნები:

-         იარაღი უნდა ყოფილიყო მექანიკური მოქმდების და არა თვითდამტენი;

-         უნდა ჰქონოდო მცირე გაბარიტები;

-         უნდა ჰქონოდა მცირე წონა;

-        მთავარი მოთხოვნა: გასროლა უნდა ყოფილიყო სრულიად უხმო და ალის გარეშე, რათა სიბნელეში არ წარმოქმნილიყო ლულიდან გამოსული ალის ნათება.
ასე გაჩნდა პირველი ბრიტანული მოდელი, რომელსაცModel-1 უწოდეს.
Model-1
პისტოლეტი გათვლილი იყო ბრაუნინგის 7,65x17მმ-ან ვაზნაზე (.32 ACP) და გააჩნდა გერმანული შაშხანის „მაუზერ 98“-ის მსგავსი საკეტი ორი საბრძოლო ბჯენით, რომლის ტარიც პირველ პროტოტიპებში იყო სწორი ფორმის და შემდგომ მოხარეს, რათა არ მომხდარიო მისი ტანისსამოსზე წამოდება. გარდა ამისა მოღუნული საკეტით აღჭურვილი პისტოლეტის ტარება უფრო მარტივია და ნაკლებად ჩანს ტანისსამოსის უკან. პისტოლეტის სავაზნე კოლოფი დამზადებული იყო თხელი მეტალის ფურცლებისაგან და იყო მუდმივი, ანუ არ შორდებოდა პისტოლეტს. მასში თავსდებოდა 5 ვაზნა ორ რიგად და ვაზნებით დამუხტვა ხდებოდა მაუზერის პისტოლეტის C96 მოდელის მსგავი კლიპით (აბოიმით). სავაზნე კოლოფს გააჩნდა აგრეთვე მეორე დანიშნულება, იგი ასრულებდა იარაღის ტარის ფუნქციას.



პისტოლეტის სასხლეტის დანიშნულებას ასრულებდა მარცხენა მხრიდან ტარზე დამონტაჟებული შვერილი ბერკეტი, რაც ძალზედ ართულებდა დამიზნებით სროლას. სასხლეტს არ გააჩნდა არანაირი დამცავი რგოლი. სავარაუდოდ მსგავსი კონსტრუქციის სასხლეტი იარაღის გაბარიტების შესამცირებლად გააკეთეს. უბრალოდ მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.
 

სხვადასხვა გამოცდების შემდეგ 1942 წლის ნოემბერში Chief of Combined Operations (CCO) განკარგულებით  დამზადდა 500 ცალი ეგზემპლარი. ამავე წელს მაირომა ჰიუ რივზმა (Hugh Reeves) შექმნა ერთმუხტიანი სასროლი მოწყობილობა ინტეგრირებული მაყუჩით, რომელიც გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32 ACP). მოწყოებილობა თასმის მეშვებოთ უნდა დამაგრებულიყო ტანისსამოსის სახელოს ქვეშ მკლავზე. გამოცდების შედეგად გამოვლინდა, რომ მსგავსი იარაღი ნაკლებად ეფექტური იყო და გადაწყვიტეს დაემატებინათ ტარი სავაზნე კოლოფით. 1943 წლის მარტში გამოჩნდა მისი მოდიფიკაცია პისტოლეტისებური  ტარით. იარაღს მიენიჭა სახელწოდება Welrod Mk.II. 1943 წლის მიწურულს მისი სერიული წარმოება დაიწყო ინგლისურმა კომპანიამ „Birmingham Smal Arms Co, Ltd“ (BSA). სულ დამზადებულ ქინა 2800 ცალი პისტოლეტი.
Welrod Mk.II.
 


სახელწოდება „Welrod“ წამოვიდა ქალაქის სახელიდან ველვინ (როგორც ავღნიშნეთ ამ ქალაქში მდებარეობდა „მეცხრე განყოფილება“ სადაც ხდებოდა პისტოლეტებზე მუშაობა). WELwyn-ROD (Rod - ნიშნავს ღეროს).  არსებობს ორი მოსაზრება:
1.      სახელწოდება „Rod“  ღეროსებული მაყუჩის ფორმის გამო უწოდეს;
2.      «Rod» ამერიკულ სლენგზე ნიშნავს პისტოლეტს.
(მეცხრე ბიუროში შექმნილი იქნა უამრავი სხვადასხვა დანადგარები და აღჭურვილობა, რომელთა დასახელება იწყებოდა Wel-სახელით, მაგალითად: Welgun, Welman, Welbike, Welfreighter). პისტოლეტს ჰქონდა აგრეთვე ზედმეტსახელი "The bicycle pump". (ველოსიპედის პომპა [ნასოსი])

Welrod Mk.II-ში გამოიყენებოდა ერთრიგიანი სავაზნე კოლოფი, რომელიც აღებულ იქნა იმდროს ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარული პისტოლეტიდან Colt Model 1903 Pocket Hammerless 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე, რომელსაც ზედვე მიუმაგრეს მყარი რეზინის (ებონიტის) გარსი, რათა შეესრულებინა პისტოლეტის ტარის ფუნქცია.  ამდაგვარი სქემა მოსახერხებელი იყო, რადგანაც სავაზნე კოლოფის მოხსნის შემთხვევაში პისტოლეტის გაბარიტები მცირდებოდა და ადვილს ხდიდა მის ფარულად გადატანს. 


მიუხედავად იმისა, რომ სავაზნე კოლოფში თავსდებოდა 8 ცალი ვაზნა, გაწერილი იყო მითითება რომ საიმედო მუშაობისათვის  პისტოლეტი დაემუხტათ მხოლოდ 5ცალი ვაზნით.  პისტოლეტის გადატენვა ხდებოდა ნაჭდევებიან ცილინდრზე ხელის მოჭიდებით. 



ცილინდრი უნდა გადაგვებრუნებინა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით 90 გრადუსით, გამოგვექაჩა უკან რასაც მოჰყვებოდა ლულის გახსნა და საცემი ნემსას შემართვა. შემდეგ ხელით უნდა მიგვეწია ცილინდრი საწყის მდგომარეობაში, რასაც მოჰყვებოდა ვაზნის მიწოდება ლულის სავაზნეში, გადაგვებრუნებინა ცილინდრი 90გრადუსით (ამ შემთხვევაში საათის ისრის მიმართულებით), რასაც მოჰყვებოდა საკეტის საბრძოლო ბჯენების შეჭიდება ლულასთან და ჩაკეტვა, რის შემდეგაც პისტოლეტი მზად იყო სასროლად.  



 ლულის სავაზნე და მასზე არსებული ჭრილები საკეტის ბჯენებისათვის

ციკლის გამეორებას მოჰყვებოდა მასრის ამოგდება იაღარის ზედა ნაწილში არსებული ფანჯრიდან და გასროლისათვის ხელახალი მომზადება. თითქოს ეს მანიპულაცია დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ გამოცდილი მსროლელი ძალიან სწრაფად ახდენდა მას.  მსგავსი ტიპის საკეტი საერთო ჯამში ამცირებდა პისტოლეტის გაბარიტებს, რადგანაც აღარ გააჩნდა შაშხანის საკეტის მსგავსი გამოშვერილი ტარი და პისტოლეტის გამოყენება ერთნაირად შეეძლო როგორც მემარჯვენეს, ასევე მემარცხენეს (ცაციას).

Welrod Mk.II-ს მისი წინამორბედისაგან განსხვავებით გააჩნდა კლასიკური პისტოლეტებისათვის დამახასიათებელი სასხლეტი კავი. (თუმცა სასხლეტ კავს არ ჰქონდა დამცავი რგოლი).

პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის საცემიანი და მუშაობს ერთმოქმედებიანი (SA) პრინციპით. პისტოლეტის სავაზნე კოლოფის მიმღებთან დამონტაჟებულია ავტომატური მცველი. თუკი მსროლელი არ მოახდენს მასზე ხელის მტევნის მოჭერას, გასროლა ვერ განხორციელდება.

სამიზნე მოწყობილობა არის მუდმივი (არარეგულირებადი) და გააჩნია ფლუროსცენტული (fluorescent) საღებავით დაფარული მანათობელი ადგილები, რათა სუსტი განათების პირობებში გაადვილდეს დამიზნება. უკანა სამიზნე მოწყობილობა დამაგრებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრით.

მაყუჩი და მისი აგებულება
პისტოლეტის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ინტეგრირებული მაყუჩი, რომელიც 11.8 დუიმის სიგრძის მილშია ჩამონტაჟებული. მილის დიამეტრია 3,74 დუიმი.

პისტოლეტის ხმისჩამხშობი სისტემა შეიძლება გავყოთ ორ ძირითად ბლოკად:
1. პირველადი კამარა - ლულას გააჩნია ნასვრეტები და მასში ტყვიის გავლის მომენტში ხდება დენთის აირების გამოდინება პირველად კამერაში. ზოგადად აღნიშნულ სისტემას იყენებ იმისათვის, რომ ტყვიის სიჩქარე დაეცეს ქვებგერითამდე და იმისათვის, რომ მოხდეს აირების დაწყნარება / გაციება.  ვინაიდან ბრაუნინგის 7,65х17 მმ-ანი ვაზნა ისედაც ქვებგერითია, ამ შემთხვევაში პირველადი კამერა მხოლოდ აირების დაწყნარება/გაციებას ემსახურება.
2. მეორე კამერა - შედგება მეტალის ტიხრებისაგან, რომელთა შორისაც მოთავსებულია რეზინის სეპარატორები. გასროლისას ტყვია გაივლის რეზინის სეპარატორებში და ხვრეტს მას. რეზინს აქვს თვისება ტყვიის გავლის შემდეგ ოდნავ შევიწროვდეს, მაგრამ 10-15 გასროლის შემდეგ უკვე იკარგებოდა ხმის ჩახშობის ეფექტურობა. შესაბამისად უნდა მომხდარიყო რეზინის სეპაატორების გამოცვლა, რაც არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს. ზოგადად პისტოლეტი არ იყო განკუთვნილი ბევრი გასროლისათვის, რადგანაც სპეცოპერაციებში არ არსებობს ამის აუცილებლობა. 


პისტოლეტთან ერთად მებრძოლს ჰქონდა მაყუჩის სათადარიგო ნაწილები, რომლებიც უკვე აწყობილი იყო სათანადო თანმიმდევრობით და დამაგრებული იყო ფოლადის ღეროზე, რათა სწრაფად მომხდარიო მათი შეცვლა.

სურათზე მოყვანილია  Welrod Mk IIA-ის ვიზუალური აუდიოგრამა, დაწყბული პისტოლეტის დატენვით და დამთავრებული გასროლით. 
დიაგრამიდან შეგვიძლია თვალსჩინოდ შევადაროთ გასროლის ხმა, პისტოლეტის დატენვის ხმას.


მოდიფიკაციები

ველროდ MkII-ს ექსპლუატაციისას გამოვლინდა გარკვეული უარყოფითი მხარეები, ამიტომ შეეცადნენ პისტოლეტი გადაემუშავებინათ და გაჩნდა გაუმჯობესებული მოდელი Welrod Mk.IIA


 





Welrod Mk.IIA

იგი Welrod Mk.II მოდელისგან გამოირჩეოდა უფრო მაღალი ტექნოლოგიურობით. საკეტს გააჩნდა ოდნავ სხვანაირი ფორმა. გადამუშავებულ იქნა  სამიზნე მოწყობილობა და მასრის ამოსაგდები ფანჯარა. მცირე ცვლილებები შევიდა დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმშიც. ფაქტიურად პისტოლეტმა განიცადა უფრო კოსმეტიკური მოდერნიზება. 

 



 
საბრძოლო ოპერაციებში გამოყენების გამოცდილებამ აჩვენა, რომ 7,65x17 ბრაუნინგის ვაზნა იყო ძალზედ სუსტი. არსებობს ფაქტი, რომ პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია შუბლში მოხვდა გერმანელ მცველს და იგი ნახევარსაათზე მეტ ხანს აგრძელებდა საპასუხო სროლას და წინააღმდეგობის გაწევას. პრაქტიკულად 10 მეტრის შემდეგ ტყვიის ენერგიის ეფექტურობა იდგა ეჭვქვეშ. აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ უფრო ძლიერ ვაზნაზე გათვლილი მოდფიკაცია. 1944 წლის მიწურულს შექმნეს ახალი მოდელი გათვლილი ძლიერ ვაზნაზე 9x19 Parabellum (Luger).  მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა Mk.II მოდელი, ახალ პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება Welrod Mk.I. ანუ ამ შემთხვევაში ათვლა წავიდა უკუმიმართულებით. ხშირად ლიტერატურაში ეს ყველაფერი გარკვეულ არეულობას იწვევს და მოდელი Mk.I მოიხსენიება როგორც პირველად გამოსული მოდელი, არადა ეს პირიქით იყო.

Welrod Mk.I




ახალი პისტოლეტი Mk.I განსხვავდებოდა Mk.II მოდელისაგან:

1.      დამატებითი მცველით;
2.      პისტოლეტს დაემატა სასხლეტი კავის დამცავი რგოლი;
3.      პისტოლეტი გაბარიტებით იყო უფრო დიდი ვიდრე Mk.II მოდელი;
4.      გააჩნდა მოხსნადი მოწობილობა უხმო-ალისგარეშე სროლისათვის (მაყუჩი).
5.      იარაღი გათვლილი იყო 9х19 Parabellum (Luger) ვაზნებზე.



მოხსნადი მაყუჩი საშუალებას იძლეოდა უფრო შენიღბულად გადაეტანა პისტოლეტი მფლობელს. გარდა ამისა გასროლა შესაძლებელი იყო მოხსნილი მაყუჩის შემთხვევაშიც.

მაყუჩის აგებულება განსხვავდებოდა მის წინამორბედი Mk.II მოდელისგან, რადგანაც Mk.I იყო მოხსნადი მაყუჩით.





Mk.I მოდელის მაყუჩს გააჩნია პერფორირებული სადენი, რომელსაც აქვს 12 0,068დუიმიანი ნასვრეტი. ნასვრეტები ზრუნავენ იმაზე, რომ ზედმეტი წნევა გამოთავისუფლებულ იქნას ლულის კამერიდან, რაც უზრუნველყოფს 9x19მმ-ანი ვაზნის ტყვიის საწყისი სიჩქარის დაყვანას ქვებგერით სიჩქარემდე.  Welrod Mk.I  მოდელი სულ დამზადდა 14000 ცალამდე.
 



აშშ-ს მოდელი


 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია  «Southwest Pump Company»-ს მიერ წარმოებულ იქნა  «Welrod»-ის კოპიო, რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ბრიტანულისაგან. პისტოლეტს ეწოდა  «.32 Hand Firing Mechanism, Mod. Mk.1»  და გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. გამოშვებული პისტოლეტების უმეტესობა შეადგენდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში.


1960-ან წლებში ამერიკულმა კორპორაციამ (Military Armament Corporation, MAC) მიტჩელ ვერბელთან (Mitchell WerBell) ერთად, შექმნა «Welrod Mk.IIA» მოდელის მოდერნიზირებული ვარიანტი. კერძოდ: ებონიტისგან დამზადებული პისტოლეტისებური ტარი შეიცვალა პლსატმასით და აგრეთვე შეცვლილი იქნა მაყუჩის შიდა დეტალები, რომლებიც ამ შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიით იყო დამზადებული კომპანია სიონიკსის SIONICS (Studies In the Operational Negation of Insurgents and Counter-Subversion) მიერ.
«Sleeve Gun»




 
1943 წლის მიწურულს კვლავ მიუბრუნდნენ ჰიუ რივზის იდეას, რის შედეგადაც შექმუშავებულ იქნა Welrod Mk.II-ის ვარიანტი, რომელიც იყო ერთმუხტიანი და არ გააჩნდა პისტოლეტისებური ტარი. მოწყობილობას უწოდეს «Sleeve Gun» - «სახელოს პისტოლეტი». მოწყობილობა განკუთვნილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე და შექმნილი იყო ბრიტანული „მეცხრე განყოფილების“ მიერ.  პისტოლეტის კორპუსი შედგებოდა მხოლოდ ლულის კოლოფისგან, რომელშიც ინტეგრირებული იყო მაყუჩი და დამრტყმელ-გამშვები მექანიზმისაგან. 
 

 
ღილაკის ფორმის სასხლეტი განთავსებულია მოწყობილობის ცხვირთან. იმისათვის, რომ შემართულიყო საცემი ნემსა, საჭირო იყო სასხლეტი ღოლაკი სანთებელასავით გადაგვეწია უკან  და შემდგომ მისი წინ მიწევით განხორციელდებოდა გასროლა. 

 
«Sleeve Gun» გათვლილი იყო ტანისსამოსის სახელოში ფარული ტარებისათვის.  მოწყობილობა რეზინის მეშვეობით მაგრდებოდა მკლავზე და გასროლის შემდეგ გაჭიმული რეზინის ძალით შედიოდა სახელოს ქვეშ. როგორც ავღნიშნეთ პისტოლეტი იყო ერთმუხტიანი და არ გააჩნდა სავაზნე კოლოფი. შესაბიმასად იგი განკუთვნილი იყო მხოლოდ ერთი „სასიკვდილო“ გასროლის განსახორციელებლად, რადგანაც მეორე გასროლა შეუძლებელი იყო მანამდე, სანამ მსროლელი:

·         არ მოახრახნიდა საკეტს,
·         არ ამოიღებდა მასრას,
·         არ მოათავსებდა სავაზნეში ახალ ვაზნას,
·         და ისევ არ დაახრახნიდა საკეტს.


მოწყობილობის გამოყენების ძირითად ობიექტს წარმოადგენდნენ ფაშისტური გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ჩინოვნიკები და ოფიცრები. შესაძლო იყო იარაღის გამოყენება, როგორც პატარა ხელკეტი.


«Sleeve Gun» ძირითადად გათვლილი იყო მიბჯენით სროლაზე ან ახლო მანძილიდან მაქსიმუმ 5 მეტრამდე. ფაქტიურად მოწყობილობიდან დამიზნებითი სროლა შეუძლებელი იყო, რადგანაც მსროლელი პირდაპირ მოულოდნელად ანხორციელებდა გასროლას. თუმცა განსაზღვრული ვარჯიშის შემდეგ, მაინც შესაძლებელი იყო მისი ეფექტური გამოყენება. 
 

 

 სრულად დაშლილი «Sleeve Gun»



მოწყობილობის გამოცდა განახორციელა აშშ-ს სტრატეგიული სამსახურების სამმართველომ (OSS) 1944 წლის თებერვლის შუა პერიოდში და შემდეგ 1945 წლის იანვრის დასაწყისში, მაგრამ ოფიციალურად არ იქნა მიღებული შეიარაღებაში. დღეს არ არსებობს რაიმე ცნობები იმის შესახებ, რომ იგი ვინმემ გამოიყენა ბრძოლისას.





«Sleeve Gun» შეტანილია სპეციალური მოწყობილობების კატალოგში  „Descriptive Catalogue Of Special Devices And Supplies“ ნომერი N 254.




პისტოლეტების მარკირება
ბრიტანულ ველროდის პისტოლეტებზე არ ხდებოდა არანაირი მარკირების დატანა, რადგანაც ითვლებოდა, რომ იგი იყო გასადუმლოებული იარაღი. პისტოლეტის ლულის კოლოფის ქვემოთ და მაყუჩის წინა მხარეს დატანილი იყო მხოლოდ სერიული ნომერი და დამღა ხუთქიმიანი ვარსკვლავის და კვადრატის სახით. გარდა ამისა არსებობდა გარკვეული ტიპის დამღები: ასო F, K, L ან წრეში ჩასმული P, სავარაუდოდ ეს არის ან ტექნიკური შემოწმების, ხარისხის კონტროლის და სარემონტო სამუშაოების დამღები ან სხვა კომპანიების დამღები, რადგანაც არსებობს მოსაზრება, რომ გარდა Birmingham Small Arms Company (B.S.A.)-ისა პისტოლეტების წარმოებაში ჩართული იყვნენ სხვა ბრიტანული კომპანიებიც, თუმცა ამის ზუსტი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. 
 

 

ამერიკაში წარმოებულ პისტოლეტებზე მაინც ხდებოდა მარკირება შემდეგი სახით:

U.S. NAVY ----- BU. OF ORD.
.32 HAND FIRING MECHANISM
MK 1. MOD.
SERIAL NO.323 (U.S. anchor)
SOUTHWEST PUMP COMPANY.






ვისთვის იყო განკუთვნილი პისტოლეტები
პისტოლეტები „ველროდ“ შეადგენდა სპეცსამსახურების შეიარაღებაში, სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებში, საჰაერო-სადესანტო დანაყოფებში და აღმოსავლეთ ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საწინააღმდეგო მოძრაობების შეიარაღებაში. პისტოლეტს წარმატებით იყენებდნენ ბრიტანული სპეცდანიშნულების დანაყოფები SAS- Special Air Service (სპეციალური ავიაციური სამსახური) და SOE - Special Operations Executive (სპეციალური ოპერაციების სამმართველო), აგრეთვე აშშ-ს OSS - Office of Strategic Services (სტრატეგიული სამსახურების სამმართველო) და ავსტრალიური SRD-Services Reconnaissance Department (სადაზვერვო სამსახურების სამმართველო).

 სასწავლო სროლები დანიაში მარცხნივ მსროლელს უჭირავს პისტოლეტი Welrod
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პისტოლეტები ველროდ დიდიხანი რჩებოდნენ ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების შეიარაღებაში. მაგალითად 9x19მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები "Welrod Mk.I" გამოიყენებოდა დიდიბრიტანეთის და არგენტინის ომის პერიოდში 1982 წელს. პისტოლეტს იყენებდნენ აგრეთვე  SAS-ის მებრძოლები ერაყის წინააღმდეგ სპარსეთის ყურეში 1991წლის მიწურულს (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ "Desert Storm").  
პისტოლეტში გამოყენებული ვაზნები
ბუნებრივია ჩუმ გასროლაში მაყუჩის გარდა ლომის წვლილი მიუძღვის იმ ვაზნებს, რომლებიც გამოიყენება იარაღში.  ველროდის შემთხვევაში კონსტრუქტორებმა გადაწყვტეს არ გამოეგონებინათ ახალი ვაზნა და შეარჩიეს 7,65х17 ბრაუნინგის და  9х19 პარაბელუმის (ლუგერის) ვაზნები. 






მიუხედავად იმისა, რომ "Welrod" პისტოლეტები "ერზაც" იარაღის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰქონდათ თავიანთი ნიშა. გარდა ამისა როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბრიტანული და ამერიკული მოდელები 90-იან წლებშიც წარმატებით გამოიყენებოდა ელიტარული დანაყოფების მიერ.  შესაძლოა გავიდეს კიდევ დიდი ხანი და რომელიმე ქვეყნის თანამედროვე ეკიპირებით აღჭურვილი მებრძოლის ხელში ამოიცნოთ სახასიათო შესახედაობის "ჩუმი ბრიტანელი- Welrod".


P.S.
ყველაზე კარგი რესურსი "ველროდებზე" და მათ განვითარების ისტორიაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://timelapse.dk/

No comments:

Post a Comment