3/06/2014

Radom Vis-35



პისტოლეტი რომლის შესახებაც ახლა მინდა გიამბოთ, ჩვენს ქვეყანაში არ გამოირჩევა რაიმ განსაკუთებული პოპულარულობით. პირველად მის შესახებ 9 წლის ასაკში გავიგე, როდესაც ქართველი მწერლის იორამ ჩადუნელის დეტექტივების  კრებულს,  სახელწოდებით „გვიმრის ფოთლების საიდუმლოება“-ს ვკითხულობდი. კრებულში არის მოთხრობა სათაურით „ტყვიის გულა ალაპარაკდა“ . სწორედ ამ მოთხრობის ერთერთ აბზაცში ამოვიკითხე წინადადება, რომ [გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულია „კოლტ-რადომ-ვისის“ სისტემის პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია].


 
9 წლის ასაკში მაინცდამაინც გათვითცნობიერებული არ ვიყავი ცეცხლსასროლ იარაღში, თუმცა ვიცოდი, რომ კოლტი ამერიკული პისტოლეტი იყო ხოლო  რადომი პოლონეთის ერთერთი ცენტრალური ქალაქი. რამოდენიმე ხანს დავფიქრდი რათა კავშირი მეპოვა კოლტსა და რადომს შორის, მაგრამ ამაოდ. როდესაც წამოვიზარდე  ა.ბ. ჟუკის განთქმულ წიგნში რევოლვერებისა და პისტოლეტების შესახებ აღმოვაჩინე პოლონური პისტოლეტი სახელწოდებით  “Радом Вис”,  რომელიც ვიზუალურად წააგავდა კოლტის 1911 წლის მოდელს. ზუსტად მაშინ მივხვდი, რაშიც იყო საქმე.  ალბათ ამ დეტალმა გავლენა იქონია ჩემზე და მას მერე ძალიან მიყვარს ეს პისტოლეტი.  გარკვეული პერიოდის შემდეგ ახლოდანაც გავიცანი იგი თუმცა არ მომეცა შესაძლებლობა მესროლა და სიზუსტეში გამომეცადა. მოკლედ შევეცდები სტატიის სახით გადმოგცეთ ყველაფერი რაც ვიცი რადომ ვისის შესახებ.


პისტოლეტის ისტორია
20-ანი წლების მიწურულს, პოლონელებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ნაგანის 1895 წლის რევოლვერი, უფრო თანამედროვე ეგზემპლარით.  შეიარაღების დეპარტამენტმა აწარმოა მოლაპარაკება ჩეხოსლოვაკიასთან, რომლის თანახმადაც პოლონეთს უნდა შეეძინა ლიცენზია ჩეხური პისტოლეტის CZ-24 წარმოებაზე. მცირედი პირტიით შეძენილ იქნა CZ-24-ები, რომლებიც დაურიგდა სასაზღვრო მცველებს. ექსპლუატაციისას გამოვლინდა, რომ პისტოლეტს არ გააჩნდა საარმიო მოდელისათვის დამახასიათებელი თვისებები.
ამ პერიოდში პოლონეთის არმიის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა შემდეგი სახის მოთხოვნები:
·   პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიას უნდა ჰქონოდა საიმედო შემაჩერებელი მოქმედება 50მეტრამდე;
·    პისტოლეტს უნდა ემუშავა საიმედოდ რთულ პირობებში;
· თავდაპირველად მოთხოვნა იყო, რომ პისტოლეტი დამზადებულიყო .45ACP ვაზნებზე, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეაჩერეს 9х19მმ-ან პარაბელუმის ვაზნაზე, რადგანაც ევროპაში იგი უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე .45 ACP.
·    უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო.

აღნიშნულ პერიოდში პოლონელ ინჟინერ პ.ვლნევჩიც (Piotr Wilniewczyc) (რომელიც იმ დროს მუშაობდა პოლონეთის სახელმწიოფო შემაიარაღებელი ქარხნის [PWU-Państwowe Wytwórnie Uzbrojenia] დირექტორის ტექნიკური მრჩეველისა და ბალისტიკის ექსპერტის პოზიციაზე) შეხვდა ქარხნის დირექტორს, რომელმაც გააცნო ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს გამოყოფილი ჰქონდა 1 300 000 ზლოტი, რათა ჩეხეთისგან შეესყიდათ CZ24-ის წარმოების ლიცენზია. ვილნევჩიცმა თქვა რომ თავად შექმნიდა უკეთეს პისტოლეტს. რამოდენიმე დღის შემდეგ მან წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი. პისტოლეტის ნახაზები, აღწერილობა და დოკუმენტაცია მომზადდა ორ დღეში. ვილნევჩიცმა გამოიყენა ერთი ეშმაკური სვლა და პისტოლეტის დოკუმენტაცია უკანა რიცხვებით დაათარიღა (გაატარა), რათა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხანი მიმდინარეობდა მასზე მუშაობა. დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადებაში ვილნევჩიცს ეხმარებოდა ინჟინერი იან სკშიპინსკი (Jan Skrzypiński) (მოიხსენიებენ აგრეთვე როგორც სკრიპინსკი), რომელიც მუშაობდა ვარშავის შაშხანების სახელმწიფო ქარხნის (Panstwowa Fabryka Karabinow) დირექტორის თანამდებობაზე. 
 
 



1930 წლის მიწურულს სახელმწიფო ფაბრიკამ დაამზადა პირველი პროტოტიპები. 1931 წლის 15 იანვარს (რიგ წყაროებში პატენტის თარიღად სახელდება 1932 წლის 8თებერვალი) კონსტრუქტორების სახელზე გაიცა პატენტი ნომრით 15 567. პირველი გამოცდები გაიმართა 1931 წელს ვარშავის პოლიგონზე. პისტოლეტმა გაისროლა 6000 ვაზნა ისე, რომ მწყობრიდან არ გამოსულა არცერთი დეტალი. ახალი პისტოლეტიდან მოხდა გასროლა 20 მეტრზე, და ტყვიების გაფანტვა იყო 50მმ. 5000 გასროლის შემდეგ გაფანტვა შეადგენდა 70მმ-ს. 1933 წლის მარტის შუა რიცხვებში (ზოგ წყაროში სახელდება 16 მარტი, ზოგგან კი 22მარტი) პოლონეთის ხელისუფლებამ კონსტრუქტორებისაგან შეიძინა პატენტი (ვილნევჩიცი ერთერთ ინტერვიუში წერდა, რომ ორივე კონსტრუქტორმა პატენტის გაყიდვისას აიღეს 50 000 ზლოტი. მაშინდელი კურსის შესაბამისად ეს იყო 9500 აშშ დოლარის ექვივალენტი) და ამავე წლის ზაფხულში პისტოლეტის სერიული წარმოებისათვის გამოყოფილ იქნა 650 000 ზლოტი. დამამზადებელი ქარხანა უნდა ყოფილიყო ქ. რადომის იარაღის ფაბრიკა. სანამ დაიწყებოდა პისტოლეტების სერიული წარმოება, რამოდენიმე ეგზემპლარი სადემონსტრაციოდ წარუდგინეს არმიის სხვადასხვა დანაყოფებს და გაითვალისწინეს მათ მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნები. მცირედი გაუმჯობესების შემდეგ 1935 წელს პისტოლეტი ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში სახელწოდებით „9მმ-ანი საარმიო პისტოლეტი Wzór 1935 VIS-35”. თავდაპირველად პისტოლეტის სახელწოდება იყო „WiS“ რაც გულისხმობდა ავტორების გვარების პირველ ასოებს „Wilniewczyc i Skrzypiński”. შემდგომ შეიარაღების დეპარტამენტის მიერ პისტოლეტის დასახელების პირველი ასო შეიცვალა  «V» -თი (ლათინურად VIS – ძალა). არაოფიციალურად პისტოლეტს უწოდებდნენ უბრალოდ „Radom Vis“-ს.  პისტოლეტი სერიულად გამოდიოდა ქ. რადომში 1936 წლიდან, ხოლო 1939 წელს პოლონეთი და რადომის ქარხანა გერმანელებმა დაიკავეს, რასაც მოჰყვა პისტოლეტის წარმოების შეჩერება. ზუსტად რამდენი პისტოლეტი დამზადდა 1936-1939 წლების პერიოდში უცნობია.
ვილნევჩიცი მოგონებებში წერს, რომ სულ დამზადა 18 000 ცალი ეგზემპლარი, თუმცა არსებობს 1939 წელს დამზადებული ეგზემპლარები, რომლებზეც სერიული ნომერი უახლოვდება 50 000-ს. საერთოდ განსხვავებული ციფრი მოჰყავს შეიარაღების დეპარტამენტს, რომელიც ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას პოლონეთს შეიარაღებაში გააჩნდა 60 216 ცალი პისტოლეტი VIS-35. 
არმიას ერთი ცალი პისტოლეტი უჯდებოდა 117ზლოტი.

პისტოლეტის კონსტრუქცია


ვიზუალურადაც და მოქმედების პრინციპითაც VIS-35 წააგავს კოლტის 1911 წლის მოდელს (M1911). მუშაობის პრინციპი ეფუძნება ლულის უკუცემს მოკლე სვლას. თუმცა იგი მაინც განსხვავდება კოლტის 1911 წლის მოდელისაგან იმით, რომ არ გააჩნია „ბრაუნინგის საყურე“. მისი სქემა და პრინციპი ძალიან ჰგავს ბრაუნინგ High Power -ის სქემას. გასროლისას ლულა გადაადგილდება უკან საკეტთან ერთად, შემდეგ ლულის სავაზნის დაბლა არსებული დახრილი ჭრილი ხვდება ჩარჩოზე განთავსებულ ღარში, რაც ლულის უკანა ნაწილს აიძულებს ქვემოთ დაიწიოს, რის შედეგადაც ლულა და საკეტი თავისუფლდებიან ერთმანეთისაგან და მხოლოდ საკეტი განაგრძობს უკუსვლას. 



საკეტი საწყის პოზიციას უბრუნდება დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით და გზად ახდენს ვაზნის მიწოდებას სავაზნეში. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებულია ლულის ქვემოთ სიგრძეზე. ბოლო ვაზნის გასროლისას საკეტი ჩერდება უკანა პოზიციაში და მისი დაბრუნება შეგვიძლია მარცხენა მხარეს ჩარჩოზე დამონტაჟებული შემაკავებელი ბერკეტის მეშვეობით. 


William J. York -ს აქვს დაწერილი სქელტანიანი წიგნი სახელწოდებით “VIS Radom”- სადაც მოცემულია ესპანური პისტოლეტი „Ruby“-ს ფოტოსურათი და სქემა შედარებული პოლონურ „რადომ ვისთან“. სურათიდან ნათლად ჩანს, რომ კონსტრუქცია თითქმის იდენტურია.   



ზუსტად არაა ცნობილი თუ რომელ წელს გამოვიდა ესპანური პისტოლეტი “Ruby”. იგი გამოჩნდა ესპანურ კატალოგებში დაახლოებით 1927 წელს. ეს მოწმობს იმას, რომ პისტოლეტი 20-იანი წლების დასაწყისში (მიახლოებით 1922-1924 წლებში) შეიქმნა. ჯონ ბრაუნინგმა მისი პისტოლეტ High Power -ის სქემა დააპატენტა 1922 წელს და პირველი პროტოტიპები დაამზადა 1923-1924 წლებში. აქედან გამომდინარე შეიძლება გაგვიჩნდეს სამი სახის შეკითხვა:
1.      ესპანელებმა სწრაფად „მოიპარეს“ ბრაუნინგის ახალი სქემა?
2.      ესპანელებმა და ბრაუნინგმა ერთდროულად შექმნეს სქემა?
3.      ბრაუნინგზე ადრე შექმნეს ესპანელებმა სქემა და ბრაუნინგმა „მოიპარა“?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგანაც არვიცით თუ კონკრეტულად როდის დამზადდა პირველი ესპანური პისტოლეტი “Ruby”.

დავუბრუნდეთ ჩვენი სტატიის მთავარ ეგზემპლარს.
იმისათვის რომ პისტოლეტის ლულას ნაკლებად ჰქონოდა ლუფტი, საკეტის წინა ნაწილი სადაც ლულის ბოლოა, წარმოადგენს საკეტის კორპუსის მთლიან შემადგენელ ნაწილს და არ არის ცალკე დეტალი, როგორც კოლტის 1911 წლის მოდელში და საბჭოთა ტეტეს (ТТ) პისტოლეტში. აღნიშნული დეტალი კონსტრუქტორების აზრით ზრდიდა პისტოლეტის სიზუსტს, ამარტივებდა დაშლას და აადვილებდა წარმოების პროცესს. 

პისტოლეტი იკვებება ერთრიგიანი სავაზნე კოლოფით, რომელშიც თავსდება 8ცალი ვაზნა. სავაზნე კოლოფის ფიქსაცია ხდება ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან განთავსებული ღილაკის მეშვეობით. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ, სავაზნე კოლოფის მიმწოდებელი ზევით წევს საკეტის შემაჩერებელ ბერკეტს, ბერკეტი კი ტოვებს საკეტს უკანა პოზიციაში.
პისტოლეტის ტარს უკანა მხრიდან გააჩნდა სპეციალური ჭრილი, რომელზეც შესაძლებელი იყო კაბბურა-კონდახის გაკეთება. 



კაბურა-დუგლუგი(კონდახი) სერიულად არ გამოსულა და დამზადდა მცირე პარტიად. შესაძლებელი იყო მფლობელს გამოეყენებინა Mauser C-96-ის კაბურა(ბუდე). ოფიციალურად არცერთი სამხედრო პირი არ ატარებდა პისტოლეტს კაბურა(ბუდე)-კონდახით, რადგანაც პისტოლეტები შეიარაღებაში მიდოდა ტყავის ბუდით.
პისტოლეტის მუდმივი სამიზნე მოწყობილობები გათვლილი იყო 50 მეტრამდე სასროლად.
მთლიანად პისტოლეტი შედგებოდა 43 დეტალისაგან.




დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი
პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის ერთმოქმედებიანი (SA) ღია ჩახმახით. ცილინდრისებული საბრძოლა ზამბარა განთავსებულია ტარის უკანა ნაწილში ქვედა მხარეს. ვილნევჩიცის მიერ თავდაპირველად შეთავაზებულ იქნა პისტოლეტი თვითშეყენებადი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით (DA), მაგრამ სამხედროებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს იმოქმედებდა პისტოლეტის საიმედოობაზე. ვილნევჩიცი აღარ შეეწინააღმდეგა და გადაწყვიტა ერთმაგი მოქმედებით გაეკეთებინა იგი.

მცველი
სამხედროები ითხოვდნენ, რომ პისტოლეტს ჰქონოდა ხელით გადასართავი მცველი. ვილნევჩიცი კი თვლიდა, რომ ღია ჩახმახის შემთხვევაში დროშისებური მცველი არ იყო საჭირო, რადგანაც თუკი მსროლელი დაუშვებდა შეყენებულ ჩახმახს, აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი ბერკეტი მცველის სახით. ვილნევჩიცი ამბობდა, რომ სტრესულ სიტუაციაში შესაძლოა ადამიანს დაავიწყდეს მცველიდან მოხსნა (ან დაავიწყდეს თუ რომელ პოზიციაშია ჩართული და რომელში გამორთული) და ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა პისტოლეტის მფლობელს. ამიტომ კონსტრუქტორებმა პისტოლეტს გაუკეთეს ავტომატური მცველის კლავიში, რომელიც ტარის უკან იყო განთავსებული და მსროლელი ხელის მტევნის მოჭერით თიშავდა, როგორც კოლტის 1911 წლის მოდელში.
გარდა ავტომატური მცველისა, პისტოლეტის საკეტზე მარცხენა მხრიდან გაკეთდა ჩახმახის უსაფრთხო დამშვები, ეგრედ წოდებული „დეკოკერი“, რომელის ქვემოთ დაწევის შემთხვევაში ხდება ჩახმახის უსაფრთხოდ დაშვება. როგორც კი ხელს გავუშვებთ ჩახმახის უსაფრთხო დაშვების ბერკეტს (დეკოკერს), იგი ზამბარის მეშვეობით ავტომატურად აიწევა ზევით. აღნიშნული მცველი თავდაპირველად არ გააჩნდა პროტოტიპებს. იგი სადემონსტრაციო ჩვენებების დროს მოთხოვნილ იქნა კავალეერიის დეპარტამენტის მიერ. ცხენზე შემჯდარ კავალერისტებს სროლის შემდეგ უწევდათ პისტოლეტის ბუდეში შენახვა ცალი ხელით, რადგანაც მეორე ხელი ეკიდათ აღვირზე. სწორედ ამიტომ მათი რეკომენდაცია იყო დაემატებინათ კონსტრუქციაში ჩახმახის უსაფრთხო დამშვები, რათა ცხენზე ამხედრებულ კავალერისტს მარტივად შესძლებოდა თითის მოძრაობით ჩახმახის დაშვება.
პისტოლეტის მექანიზმში ჩადებულია აგრეთვე უსაფრთხოების ერთი დეტალი კერძოდ, ჩახმახის ხელით ნელა დაშვებისას იგი არ შედის კონტაქტში საცემ ნემსასთან.
პისტოლეტის ჩარჩოზე უკან მარცხენა მხრიდან დამონტაჟებული იყო კოლტ 1911 ის მსგავსი დროშიებური გადამრთველი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო საკეტის დაკეტვა ნახევრად უკან მდგომარეობაში. იგი გამოიყენებოდა პისტოლეტის დაშლის დროს. 




ომამდე წარმოებული პისტოლეტების სტანდარტული კომპლექტაცია იყო:
1. პისტოლეტის ტყავის შალითა (კაბურა);
2. დამატებით 2ცალი სათადარიგო სავანზე კოლოფი (ომის პერიოდში მხოლოდ 1ცალი საადარიგო სავაზნე კოლოფი მოჰყვებოდა);
3. თითბერის ზუმბა;
4. სასწავლო ვაზნები.

პისტოლეტის ვარიანტები და განმანსხვავებელი ნიშნები

VIS-35-ები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

-         ომამდე გამოშვებული პოლონური პისტოლეტები
რადომის ქარხანაში გამოშვებული პირველი 3000 ეგზემპლარი - იყო ლეგირებული ფოლადისაგან დამზადებული, ხოლო შემდგომ მათი დამზადება დაიწყეს ნახშირბადოვანი ფოლადისაგან. ტარის ლოყები დამზადებული იყო პლასტმასისაგან. სახასიათო დამღა იყო  არწივი საკეტზე, რომელიც ხშირად თეთრი საებავით იღებებოდა რათა უფრო კარგად გამოკვეთილიყო. 

მარკირება: «F.B. RADOM [გამოშვების წელი] [არწივი] VIS Mo 35 Pat Nr 15567»

-         ომის დაწყების პერიოდში გამოშვებული (გერმანელების მეთვალყურეობის ქვეშ პოლონური დეტალებით)
პლონეთის ოკუპაციის შემდეგ პისტოლეტის დასახელება VIS-35 შეიცვალა დასახელებით Pistole 35 (p).  მარკირება(«F.B. RADOM VIS Mod 35 Pat Nr 15567 / P.35(p). გამოდიოდა ავსტიული კონცერნის „Steyr-Daimler-Puch“-ის მეთვალყურეობით და კონტროლით. პისტოლეტები მზადდებოდა არსებული დეტალებისგან და ნედლეულისგან. პისტოლეტი განკუთვნილი იყო გერმანული სამხედრო საჰაერო ძალებისათვის, სამხედრო სამეზღვაურო ძალებისათვის, პოლიციისათვის და ესესის საველე ნაწილებისათვის. თავდაპირველად ეს იყო პოლონეთის მიერ ომამდე გამოშვებული პისტოლეტები, რომლებსაც ჰქონდათ პოლონური დამა თეთრი არწივის სახით. პისტოლეტს ჰქონდა კაბურა-კონდახის სამაგრი. პისტოლეტის ყველა დეტალი და  დამუშავება იყო უმაღლესი ხარისხის. ლულა შეიცავდა ფოლადს, ქრომის და ვანადიუმის დიდ შემცველობით.  
-         1939 წლის სექტემბრიდან - 1941 წლის გაზაფხულამდე გამოშვებული პისტოლეტები
ძირითადად მათი აწყობა ხდებოდა ძველი მარაგებიდან არსებული დეტალებით. ხარისხი იყო შედარებით ცუდი. დეტალებზე გამოჩნდა გერმანული დამღები. პისტოლეტის უმეტესობას აღარ გააჩნდა კაბურა-კონდახის სამაგრი.

-         1941 წლის მიწურულიდან -1943 წლის დასაწყისამდე გამოშვებული პისტოლეტები
იწყობოდა ძირითადად ახალი დეტალებით. დამზადების ხარისხი არის დაბალი, ლულას გააჩნია ნაკლები სიმკვრივე. ეტყობა მექანიკური დამუშავების კვალი. აწყობის ხარისხი არის დაბალი.  1942 წლის შემდეგ გამოშვებულ იარაღებზე საერთოდ გაქრა ჩარჩოზე დამაგრებული საკეტის ნახევრად უკანა პოზიციაში ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც პისტოლეტის დასაშლელედ გამოიყენებოდა. 




არცერთ პისტოლეტს აღარ გააჩნდა კაბურა-კონდახის სამაგრი ჭრილი. ბეკალიტის ტარის ლოყები შეიცვალა ხის ლოყებით. პისტოლეტებს ჰქონდათ აღნიშვნა Pistole 35/1 (p). პისტოლეტებზე გარდა გერმანული დამღებისა გამოჩნდა საინსპექციო დამღა “WaA77”.
იარაღი დამზადებული 1943 წლის მეორე ნახევრიდან გამოირჩეოდა ყველაზე საშინელი ხარისხით მათი დეტალები არ გადიოდა არანაირ წრთობას.

სულ გერმანელების მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე დამზადებულ იქნა 310000 ეგზემპლარი.


-         1944 წელს ავსტრიაში გამოშვებული პისტოლეტები
1944 წელს პოლონეთში არსებული ქარხანა აღმოჩნდა საშიშროების წინაშე, რადგანაც საბჭოთა კავშირის არმია მოუახლოვდა პოლონეთს.  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოება გადაეტანათ ავსტრიაში Steyr-Daimler-Puch -ში. მათი აწყობა ავსტიაში მიმდინარეობდა მცირე პარტიებად. პისტოლეტი იმ დროისათვის იყო შედარებით მაღალი ხარისხის, თუმცა მაინც ვერ აკმაყოფილებდა იმდროინდელ სტანდარტებს. ძირითადად იწყობოდა პოლონეთიდან გატანილი დეტალებით. პისტოლეტებზე გააჩნდა საინსპექციო დამღა “WaA623”. ავსტრიაში დამზადებულ მოდელებ ხშირ შემთხვევაში  არ გააჩნდათ არანაირი დამღა. გვხვდება მოდელები, რომელსაც საკეტზე აწერია უბრალოდ „bnz”.

პისტოლეტები იწყობოდა აგრეთვე იატაკქვეშა პარტიზანული ორგანიზაციების მიერ. ხარისხი იყო საშუალო. 

არსებობს ინფორმაცია, რომ დამზადებულ იქნა რამოდენიმე პისტოლეტი ვაზნაზე .45 ACP რომლის სავაზნე კოლოფშიც თავსდებოდა 7 ცალი ვაზნა და გრძელლულიანი მოდელი გათვლილი წრიული აალების .22LR ვაზნაზე (სავაზნე კოლოფში თავსდებოდა 10 ცალი ვაზნა).

პისტოლეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

არ არსებობს სტატია ან ნაშრომი "რადომ ვისზე", რომ მას ცუდად მოიხსენიებდნენ. თითქმის ყველა ვისაც შეხება ჰქონია პისტოლეტთან, მხოლოდ დადებითი აზრისაა მის შესახებ. 

ეს მართლაც ასეა, რადგანაც პისტოლეტი იმ პერიოდში იყო ერთერთი საუკეთესო და გააჩნდა მაღალი საბრძოლო თვისებები. განსაკუთრებით დადებითი გამოხმაურება ჰქონდა პისტოლეტს გერმანელების წრეში, რადგანაც ყველაზე მეტი რადომ-ვისი სწორედ მათ ჰქონდათ შეიარაღებაში. გარდა ამისა უნდა ავღნიშნოთ, რომ მსგავსი კონცეფციის პისტოლეტი გერმანელებს ომამდე ან ომის პერიოდში არ ჰქონიათ. პისტოლეტი რომელსაც ჰქონდა თანამედროვე ფორმა, მაღალი ერგონომიულობა, ავტომატური მცველი და "დეკოკერი". 
არსებობს ფაქტი, რომ 1941 წელს ერთერთი გერმანელი იარაღის ექსპერტი წერდა: „ჩემს განკარგულებაში იყო პისტოლეტი Vis.35 Radom, რომელიც შესანიშნავად ისროდა. 25 მეტრზე ხშირად 5 გასროლით ვაკეთებდი 5სანტიმეტრიან წრეს. ყველაფერთან ერთად პისტოლეტს აქვს ძალიან რბილი სასხლეტი"
ცნობილმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა "Guns & Ammo"-მ პისტოლეტს უწოდა "ერთერთი ყველაზე საუკეთესო ხელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შექმნილა".

ძირითადი უარყოფითი გამოხმაურება პისტოლეტს ჰქონდა, გაბარიტებთან და წონასთან დაკავშირებით. მფლობელები ამბობდნენ, რომ ზდმეტად მძიმეა და გააჩნია მოუხერხებლად დიდი ზომა. უარყოფითი გამოხმაურება იყო აგრეთვე პისტოლეტის დაშლა-აწყობასთან დაკავშირებით, რომ იგი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მეეჭვება გერმანელებს თავიანთი პარაბელუმის "P-08" შემდეგ Radom VIS -ის დაშლა-აწყობა გართულებოდათ. თუკი რადომ-ვისს შევადარებთ ვალტერის P-38 მოდელს, რათქმაუნდა მასთან შედარებით პოლონელის დაშლა-აწყობა მართლაც რთულია.

ეგზემპლარი, რომელიც მე ახლოდან გავიცანი იყო გერმანული ოკუპაციის პერიოდში დამზადებული, ჰქონდა ხის ტარი, მაგრამ იყო კარგი ხარისხით შესრულებული, თუმცა კორპუსიც და ლულაც ალაგალაგ დაფარული იყო მცირე კოროზიით. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ჩემი პატარა ხელისათვის მოუხერხებელი ტარი და ავტომატური მცველის კლავიში, რომელიც თითქოს დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სავარაუდოდ ეს სიძველით და არასათანადო მოვლით იყო განპირობებული.


1992 წელს  ქალაქ რადომის ქარხანაში "Łucznik Arms Factory" შემონახული დეტალებისგან დამზადდა 27 ცალამდე პისტოლეტი, რომლებიც კერძო კოლექციონერებისათვის იყო განკუთვნილი.

სტატიის დაწერის მომენტში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა ინტერნეტ აუქციონები, სადაც ომის დროს წარმოებული რადომ-ვის პისტოლეტების ფასები მისი მდგომარეობის მიხედვით მერყეობდა 850-6900 აშშ დოლარის ფარგლებში. მხოლოდ ერთგან წავაწყდი ომამდე გამოშვებულ პისტოლეტს, რომლის საწყისი ფასიც იყო 7885 აშშ დოლარი.


No comments:

Post a Comment