გამანთავისუფლებელი ამერიკიდან (Liberator FP45)



მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბევრი ქვეყანა ზრუნავდა პარტიზანების იარაღით მომარაგებაზე, რადგანაც პარტიზანულ დაჯგუფებებს შეეძლოთ დიდი წინააღმდეგობები გაეწიათ მტრისათვის და დაესუსტებინათ მათი საბრძოლო რესურსი. ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული სამსახურების სამმმართველომ (Office of Strategic Services, OSS, შეიქმნა 1942 წლის 13 ივნისს. სწორედ აღნიშნული სამმართველოს ბაზაზე ომის შემდგომ შეიქმნა ცნობილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო CIA - Central Intelligence Agency) ფსიქოლოგიური ომის კომიტეთთან ერთად გადაწყვიტა, რომ აღმოსავლეთის და წყნარი ოკენის კუნძულების პარტიზანების იარაღით მომარაგება დიდ დახმარებას გაუწევდა იაპონიასთან ომის მსვლელობას. (გერმანელებთან ომი იმ პერიოდში ამერიკას ნაკლებად აინტერესებდა).  იარაღის ნებისმიერი მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქმნიდა საფრთხეს, რომ იგი ჩაუვარდებოდა მოწინააღმდეგეს. მეორე მხრივ კი რაც უფრო მეტ იარაღს მიაწოდებდნენ ერთი რეისით მით უკეთესი იქნებოდა მებრძოლებისათვის (ამ შემთხვევაში პარტიზანებისათვის). აქედან გამომდინარე იარაღს უნდა ჰქონოდა საჭირო ეფექტურობა, დაბალი ღირებულება და მცირე წონა/გაბარიტები.
1942 წელს ფსიქოლოგიური ომის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  შეექმნათ იარაღი შემდეგი მოთხოვნებით:
1.      ერთმუხტიანი;
2.      მცირეგაბარიტიანი;
3.      მაქსიმალურად მარტივი;
4.      გათვლილი იმ დროისათვის აშშ-ს საშტატო ვაზნაზე .45 ACP.
მოთხოვნები გადაეცა სპეციალური ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელს პოლკოვნიკ პრესტონ გუდფელოუს (Preston Goodfellow), რომელმაც იარაღის შექმნა  დაავალა ჯორჯ ჰაიდს (George Hyde) (ამავე კონსტრუქტორს ეკუთვნის ჩემი უსაყვარლესი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი М-3, რომელსაც მისი სახასიათო ფორმის გამო ზედმეტსახელად «Grease Gun», „საზეთურს“ და „შპრიცს“ უწოდებდნენ).
იარაღის შექმნის მთავარი იდეა იყო ის, რომ მისი მიწოდება მომხდარიყო დიდი რაოდენობით ბომბდამშენებიდან ჩამოყრით.  პისტოლეტი უნდა გამხდარიყო ფსიქოლოგიური ომის ერთქგვარი PR ელემენტი. მოწინააღმდეგეს უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტულ ადგილებში მოხდა იარაღის დიდი რაოდენობით ჩამოყრა, რაც გამოიწვევდა მათში ფსიქოლოგიურ შიშს რომ „იქ ყველა შეიარაღებულია“.
პისტოლეტის შექმნის ოპერაციას მიენიჭა კოდური სახელწოდება „Flare Projector Caliber .45“ (შემოკლებით FP-45). (სასიგნალო პისტოლეტი [რაკეტნიცა] 45 კალიბრით).  ასე გაჩნდა პისტოლეტი, რომელსაც შემდგომ „გამანთავისუფლებელი“ (Liberator FP-45) უწოდეს. პისტოლეტის კონსტრუქცია აღწევდა 23 დეტალს (რიგ წყაროებში მოიხსენიება როგორც 22 დეტალი, რადგანაც საცემს და დამრტყმელს თვლიდნენ ერთ დეტალად). დეტალების უმეტესობა მზადდებოდა დაშტამპვის მეთოდით (გარდა ლულისა და დამრყმელის თავისა). შეკვეთილი პისტოლეტების შესრულება (წარმოება)  დაევალა ჯენერალ მოტორსის (“Generаl Motors Corp.” GMC) ფილიალ Guide Lamp-ს. კომპანიას იმ პერიოდისათვის არ გააჩნდა არანაირი გამოცდილება იარაღის წარმოებაში, მაგრამ ჰქონდა ისეთი დანადგარები და აღჭურვილობა, რომლითაც შეიძლებოდა ფოლადის ფურცლებისაგან დაშტამპვის მეთოდით დეტალების  წარმოება პისტოლეტებისათვის. შეკვეთის საერთო ჯამი აღემატებოდა 1,7 მილიონ აშშ დოლარს. 300 თანამშრომლის წყალობით 1942 წელის მაისიდან 3-6 თვემდე პერიოდში დამზადებულ იქნა 1000 000 ეგზემპლარი. ეს იყო ისტორიის მანძილზე ერთგვარი რეკორდი, რადგანაც პისტოლეტი მზადდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ხდებოდა მისი დატენვა მსროლელის მიერ. მას შემდეგ რაც გრიფი „საიდუმლო“ მოიხსნა პისტოლეტზე, მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება „გამანთავისუფლებელი“ ("Liberator"), რომლითაც იგი დღეს არის ცნობილი. ერთი პისტოლეტის დასამზადებლად საჭირო იყო 7,5 წამი. პისტოლეტის თვითღირებულება 1942 წლისათვის იყო 1.72 აშშ დლარი. პისტოლეტების ჩამოყრა  ხდებოდა ოკუპანტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე სპეციალური კონტეინერებით, რომელშიც 20 ცალი კომპლექტი იყო მოთავსებული. კონტეინერი იწონიდა 22,7კილოგრამს. ჩამოყრა ხდებოდა როგორც პიდაპირ დაბალი სიმაღლიდან, ასევე ტვირთის პარაშუტზე მობმის მეშვეობით. იარაღის ძირითადი რაოდენობა ჩამოყრილ იქნა ფილიპინების, ინდონეზიის და ჩინეთის თავზე. თუმცა დიდი რაოდენობის საშუალებით პისტოლეტების ჩამოყრა ხდებოდა ევროპის ტერიტორიაზე არსებული ფაშისტური რეჟიმის დანაყოფებისათვის (საფრანგეთი, იუგოსლავია და ბალკანეთის ნახევარკუნძული). ბომბდამშენების მიერ ევროპის თავზე ჩამოსაყრელად დიდბრიტანეთში მიწოდებულ იქნა პისტოლეტების ნახევარი 500 000ცალი, თუმცა მიუხედავად ამისა ინგლისელებმა ჩათვალეს, რომ მოწინააღმდეგე პარტიზანებისათვის უფრო რაციონალური იყო პისტოლეტ-ტყვიამფქრქვევების STEN გავრცელება/მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ მათში გამოიყენებოდა უფრო წვრილკალიბრიანი ვაზნები 9х19 Luger/Parabellum, იარაღი იყო თვითდამტენი (ავტომატური),  შეეძლო  ჯერებით სროლა და ვაზნების ტევადობა სავაზნე კოლოფში შეადგენდა 32 ცალ ვაზნას. რათქმაუნდა ეს ყველაფერი დიდ უპირატესობას წარმოადგენდა Liberator-თან შედარებით. მიუხედავად ყველაფრისა პისტოლეტები მაინც ჩამოყარეს ბალკანეთის მხარეში.  ომის შემდგომ ბრიტანელებმა გადაწყვიტეს მოეშორებინათ „არასაჭირო“ იარაღის მარაგები და პისტოლეტ „Liberator”-ების დიდი ნაწილი ჩაძირეს ზღვაში, ნაწილი კი ჯართში გადაადნეს. ზუსტად ამიტომაა, რომ დღეს Liberator-ები იშვიათად გვხვდება. გარდა ამისა ბევრი პისტოლეტი ჩამოგდებისას უბრალოდ ისეთ ადგილას (ჭაობი, ტბა, მდინარე, ხრამი) ეცემოდა, რომ ვერ ხდებოდა მათი მოპოვება. პისტოლეტების მეორე ნახევარი ჩამოყრილ იქნა ჩინეთის იაპონელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და წყნარი ოკეანის მხარეში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით ხდებოდა პისტოლეტების ჩამოყრა, არ არსებობს კონკრეტული ციფრი იმის შესახებ თუ რამდენი პისტოლეტი მოხვდა პარტიზანების ხელთ.
Liberator FP-45 არასოდეს არ ყოფილა არცერთი ქვეყნის არმიის ან დანაყოფის შეიარაღებაში. ინტერნეტში შეიძლება შეხვდეთ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პისტოლეტები შიარაღებაში ჰქონდათ „მფრინავი ციხესიმაგრეების“ პილოტებსა და აშშ-ს სატრანსპორტო ავიაციას, რაც სავარაუდოდ დიდი სისულელეა, რადგანაც პილოტებს უპრობლემოდ შეეძლოთ მიეღოთ სატაბელო პისტოლეტები, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური და სოლიდური იქნებოდა ვიდრე FP-45.
შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტი გათვლილი იყო ერთი მიბჯენით გასროლისათვის, რის შემდეგაც მფლობელი აიღებდა მოკლული მოწინააღმდეგის ბევრად ეფექტურ და უკეთეს იარაღს.

მუშაობის პრინციპი 

პისტოლეტი არაა თვითდამტენი (ავტომატური). იგი არის ერთმუხტიანი. პისტოლეტის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად საჭიროა: უკან გადავწიოთ დამრტყმელი, შემოვაბრუნოთ 90 გრადუსით, ავწიოთ ზევით ფირფიტისებური საკეტი, ლულის სავაზნეში ხელით მოვათავსოთ 1ცალი ვაზნა, დავწიოთ ფირფიტისებური საკეტი ქვემოთ და დავაბრუნოთ მასიური დამრტყმელი მის ადგილას. ამ ოპერაციის შესრულებისას ხდება საბრძოლო ზამბარის შემართვა და პისტოლეტი მზადაა სასროლად. გასროლამდე პისტოლეტის მასიური დამრტყმელი, რომლის მთლიან ნაწილს შეადგენს საცემი ნემსა გაჩერებულია შემართულ მდგომარეობაში კაფსულ მაალებლის უკან და სახლეტ კავზე თითის დაწოლისას ხდება მისი განთავისუფლება. შეკუმშული (შეყენებული) საბრძოლო ზამბარის მეშვეობით დამრტყმელი(საცემი) ახდენს კაფსულ-მაალებლის გახეთქვას.  

მასრის ამოღება ხდებოდა მოცემული სქემის შესაბამისად













მსროლელს მასრის ამოსაღებად შეეძლო გამოეყენებინა ან კომპლექტაციაში არსებული ხის ღერო, ან ნებისმიერი მსგავის საგანი მაგალითად: ხის ტოტო, ფანქარი, ლურსმანი და ა.შ.
პისტოლეტის ლულა იყო ჭრილების გარეშე. მოკლე ლულა ვერ უზრუნველყოფდა დენთის მუხტის ბოლომდე აალებას. გასროლისას პისტოლეტს ახასიათებდა დიდი ხმა და ლულიდან გამოვარდნილი ალი, რაც მოკლე ლულის გამოყენებით აიხსნება. პისტოლეტს ახასიათებდა აგრეთვე ზედმეტად დიდი უკუცემა, რომელიც პისტოლეტის მცირე მასით და ტარის არასათანადო ფორმით იყო განპირობებული.
საკეტი შესრულებულია მარტივი დირფიტის სახით, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურად. ქვემოთ ჩაწეული ფირფიტა კეტავს ლულის არხს. ფირფიტას ზედა მხარეს გააჩნია ჭრილი, რომელიც ასრულებს უკანა სამიზნის ფუნქციას. ფირფიტას ცენტრალურ ნაწილსი აქვს ნასვრეტი საცემისათვის.
პისტოლეტის სახელური (ტარი) შედგება ორი სიმეტრიალად დაშტამპული ფურცლისაგან. სასხლეტი კავის დამცავი რგოლი მიერთებულია ლულის წინა ნაწილში, ხოლო მისი მეორე მხარე პისტოლეტის ტარზე. დამცავი რგოლის ლულის წინა ნაწილთან დამაგრების ადგილი ასრულებს წინა სამიზნის ფუნქციას. გარდა ამისა სახლეტი კავის დამცავი რგოლი მისი მასიურობიდან გამომდინარე უზრუნველყოფდა პისტოლეტის დამატებით სიმტკიცეს.


დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი შედგება დაშტამპული სასხლეტი კავისაგან, გამშვების გადამბმელისაგან „ტიაგა“, რომელიც დაკავშირებულია ზამბარიან მასიურ მბრუნავ დამრტყმელთან. დამრტყმელი განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში. მასიური დამრტყმელის უკანა ნაწილის ჩამოსხმა ხდებოდა ცინკისაგან. დამრტყმელი ჩახმახი იმიტომ იყო მასიური, რომ ადვილად მომხდარიყო მასზე ხელის მოჭიდება.
პისტოლეტის ტარს ქვემოთა მხრიდან გააჩნია მოსახსნელი ხუფი, რომლის მეშვეობითაც მფლობელს შეეძლო ტარში არსებულ სათავსოში ჩაელაგებინა 10ცალი სათადარიგო ვაზნა (8ცალი ჰორიზონტალურად+2 ცალი ვაზნა ვერტიკალურად). ანუ პისტოლეტის ტარი ასრულებდა ერთგვარი „პატრონტაშის“ ფუნქციას.




შეფუთვა კომპლექტაცია
პისტოლეტი იფუთებოდა მუყაოს კოლოფში, რომელიც გაჟღენთილი იყო ცვილით (პარაფინით). (პისტოლეტების რამოდენიმე ნაწილი იფუთებოდა მხოლოდ ზეთით გაჟღენთილ ქაღალდში) შეფუთვაში მოთავსებული იყო 10 ცალი ვაზნა, ნახატებიანი  ინსტრუქცია კომიქსის სახით, ხისგან დამზადებული ღერო, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა  სავაზნეში გაჭედილი მასრის ექსტრაქცია. პისტოლეტის ინსტრუქციაში არ ეწერა არანაირი სიტყვა, რადგანაც იგი განკუთვნილი იყო ნებისმიერი პარტიზანისათვის (მოწინააღმდეგესათვის), რომელსაც შეიძლება არ სცოდნოდა ინგლისურად კითხვა. პისტოლეტის მფლობელს არ ესაჭიროებოდა მისი სრული დაშლა ან წმენდის ინსტრუქცია, რადგანაც იგი არ წარმოადგენდა გრძელვადიანი შეიარაღების საგანს. სხვა დანარჩენისათვის კი დასურათებული ინსტრუქცია მშვენივრად ართმევდა თავს.
აღნიშნული კომპლექტაცია  ჯდებოდა 2,1 აშშ დოლარი. დაბალი ფასის გამო პისტოლეტს მეტსახელად ეძახდნენ „Woolworth gun“-ს, რომელიც მომდინარეობდა მაღაზიის სახელწოდებიდან „Woolworth’s Great Five Cent Store“- ეს იყო მაღაზია სადაც ყველაფერი იყიდებოდა 5ცენტად.
მოდიფიკაციები და ვარიანტები
სულ არსებობდა პისტოლეტის 3 ვარიანტი:
პირველი სერიის პისტოლეტებში ბოლომდე არ იქნა დამუშავებული დამრტყმელი მექანიზმი, რის შედეგადაც საცემი ზუსტად არ ჯდებოდა ფირფიტისებური საკეტის ღარში და წარმოიქმნებოდა შეფერხებები. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სახსლეტზე დაჭერისას დამრტყმელი გვერდით ბრუნდებოდა და საცემი ვერ ახდენდა ფირფიტისებური საკეტის ცენტრში გავლას. 





პირველი სერიის პისტოლეტი ფოტოზე ჩანს, რომ ჩახმახს არ გააჩნია ღერძი ფიქსირებისათვის
  
    მეორე სერიაში გამოსწორებულ იქნა ზევით აღწერილი უარყოფითი მხარე. კონსტრუქციაში დაემატა სპეციალური ღერძი, რომლის მეშვეობითაც, ხდებოდა საცემის ცენტრირება (დაფიქსირება) ისე, რომ ყოველთვის დამთხვეოდა ფირფიტისებურ საკეტზე არსებულ ნასვრეტს. ფირფიტისებურ საკეტს გააჩნდა ჭრილი, რომელშიც შედიოდა ზემოთ აღწერილი ღერძი.

ექსპლუატაციისას გამომვლინდა, რომ ღერძის დამაგრება იყო ძალიან სუსტი და შექმნეს მესამე ვარიანტი, რომელშიც გაძლიერებულ იქნა ღერძის სამაგრი. ძირითადად დამზადებული პისტოლეტების უმეტესობა იყო მესამე ვარიანტი.




გარდა ჩამოთვლილი სამი სერიისა გამოშვებულ იქნა რამოდენიმე საცდელი ვარიანტი:
  • 1.      პისტოლეტი გრძელი ლულით, რომელიც ზრდიდა დამიზნების მანძილს;

  • 2.   პისტოლეტი ევროპისათვის, რომელიც გათვლილი იყო 9х19 Luger/Parabellum ვაზნაზე. იგეგმებოდა, რომ ამ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები ჩამოეყარათ ევროპის ქვეყნებში;
  • 3.    პისტოლეტი მაყუჩით უხმო და ალისგარეშე სროლისათვისმ რომელსაც გააჩნდა მასიური მაყუჩი, რომელიც ზედმეტად დიდს ხდიდა პისტოლეტს და მისი გაბარიტების გამო იგი ხდებოდა არაპრაქტიკული+მაყუჩი ზრდიდა ღირებულებას;
  • 4. ორმუხტიანი პისტოლეტი (.45ACP ვაზნაზე), რომელსაც გააჩნდა ჰორიზონტალურად მოძრავი ბლოკი სავაზნეებით. ბლოკი განთავსებული იყო ლულის ზევით, პირველი გასროლის შემდეგ მსროლელის მიერ ხდებოდა  სავაზნე ბლოკის გადაადგილდება მარცხენა მხარეს, მსროლელის მიერ  შეიმართებოდა დამრტყმელი და პისტოლეტი მზად იყო მეორე ვაზნის გასასროლად.
ჩამოთვლილი ეგზემპლარები სერიულად არასოდეს არ გამოსულა, რადგანაც მათი უმეტესობა არ წარმოადგენდნენ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას, ამძიმებდნე (ზრდიდნენ გაბარიტებს) და აძვირებდნენ პისტოლეტის თვითღირებულებას.
ისტორიას არ შემორჩა არცერთი ცნობილი ფაქტი, სადაც ფიგურირებდა ან პოლულარულობით სარგებლობდა პისტოლეტი Liberator.  თუმცა ერთი რამ ცალსახაა - დღეს პისტოლეტი „Liberator FP-45“ დიდი მოთხოვნით სარგებლობს კოლექციონერებში და იარაღის მოყვარულთა წრეში. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კომპანია Vintage Ordnance Co. აწარმოებს მათ, რომლის ღირებულება ბაზარზე შეადგენს 600 აშშ დოლარს, რაც ჩემი აზრით არის სრული მარაზმი. როგორ შეიძლება ამხელა თანხა გადაიხადო პისტოლეტში რომელიც ღირდა 2,1 აშშ დოლარი?! თან 600$ ღირს რეპლიკა, რომელიც თანამედროვე პირობებეში დამზადდა და ეგრედ წოდებული „ტრაფეის“ დატვირთვა არ გააჩნია.  ორიგინალი (ანუ ომის დროს დამზადებული) პისტოლეტები პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე დასავლეთის ქვეყნების აუქციონებზე და მათი ღირებულება იწყება 800 აშშ დოლარიდან. თუკი პისტოლეტი გამოჩნდა ორიგინალი მუყაოს შეფუთვითა და ინსტრუქციით მისი ღირებულება შესაძლოა აღემატებოდეს 2500 აშშ დოლარს. 2011 წელს ერთერთ რუსულ ინტერნეტ გვერდზე წავაწყდი განცხადებას, სადაც რუსეთის მოქალაქე 2000 აშშ დოლარად ყიდიდა დეაქტივირებულ (არა საბრძოლო მდგომარეობაში მყოფ) Liberator FP-45 მოდელს, რომელსაც ლულა ჰქონდა შედუღებული რათა მფლობელს არ განეხორციელებინა გასროლა და პისტოლეტი მთლიანად დაფარული იყო ჟანგის გამონაყარით (წვრილი ჟანგის  წერტილებით), განცხადების გამოქვეყნებიდან 8 საათში პისტოლეტი გაიყიდა.
პისტოლეტების მარკირება
ოფიციალურად არცერთ პისტოლეტზე Liberator FP-45-ზე არ ხდებოდა არანაირი დამღის ან მარკირების დატანა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ პისტოლეტის დამზადება უნდა ყოფილიყო ძალიან იაფი, ხოლო მარკირების, ელექტრონული ფანქრით ანსხვა  ნებიზმიერი გზით შესრულება გამოიწვევდა თვითღირებულების გაზრდას. თუმცა არსებობს პისტოლეტის ფოტოსურათი, რომელსაც ლულაზე მარცხენა მხრიდან დატანილი აქვს მარკირება. შესაძლოა აღნიშნული მარკირება გაკეთებულ იქნა რომელიმე იარაღის გამყიდველი/გადამყიდველი კომპანიის მიერ.

პისტოლეტი დამღებით



თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო პისტოლეტის ისტორია, მაგრამ გაგიკვირდებათ და 1964 წელს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შექმნილ იქნა პისტოლეტი სახელწოდებით "Deer Gun". პისტოლეტი დამზადდა 1000 ცალი ეგზემპლარის სახით, რომელიც ვიეტნამის ომის პირველ დღეებში უნდა გამოეყენებინათ, თუმცა ძალიან მირე რაოდენობით (100-150ცალამდე) მოხდა მათი ვიეტნამში მიწოდება. რა ბედი ეწია დანარჩენ პისტოლეტებს უცნობია. Deer Gun-ში გამოიყენებოდა ალუმინის დეტალები და პისტოლეტი  გათვლილი იყო 9х19 Luger ვაზნაზე, მისი დამზადება ჯდებოდა 3,95 დოლარი შეფუთვა კი ხდებოდა Liberator-ის ანალოგიურად.
პისტოლეტი "Deer Gun" შეფუთვით და კომპლექტაციით

"გამანთავისუფლებელი" ამერიკიდან არის ერთერთი ერზაც ტიპის იარაღი, რომლიც ყველაზე დიდი რაოდენობით დამზადდა. არაპრაქტიკულობის და ცუდი ერგონომიის კუთხითაც ალბათ ნომერ პირველ ადგილზე დგას.
შესაძლოა არსებობდეს ადამიანი (ადამიანები) ვინც ერთხელ მაინც გამოიყენა იგი  წარმატებით. თუკი ეს ასეა, მაშინ 1,72 აშშ დოლარის ღირებულების პისტოლეტმა თავის საქმე შეასრულა.

No comments:

Post a Comment