პოლონელები მაკაროვის კვალდაკვალ (P-64 , P-83)

ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ხელის ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა და კვლევა ჩემთვის ძალიან დიდ სიამოვნებას წარმოადგენს, რადგანაც უამრავი დღემდე უცნობი და საინტერესო იარაღები იქმნებოდა ამ ქვეყნებში. ხშირ შემთხვევაში კონსტრუქტორები დამოუკიდებლად, თითქმის ნულიდან იწყებდნენ იარაღის შექმნას და ცდილობდნენ ნაკლებად მიემსგავსებინათ მათი კონსტრუქცია საბჭოთა (რუსულ) იარაღს, თუმცა ისეც ხდებოდა, რომ ზოგი იარაღი საბჭოთა ეგზემპლარების პირდაპირ კლონირებას წარმოადგენდნენ. ამ სტატიაში მინდა შევეხო პოლონურ პისტოლეტებს P-64 და P-83 მოდელებს, რომლებიც მიჩნეულნი არიან Walther PP / PPK და საბჭოთა მაკაროვის (ПМ) კლონებად, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული სხვაობა მათ კონსტრუქციაში და დღემდე მიმდინარეობს კამათი აღნშნულ თემაზე, ისევე როგორც ცნობილ ვალტერ PP და მაკაროვის (ПМ) სისტემის პისტოლეტების მსგავსებაზე. სტატიის დაწერისას ყველაზე მეტად გამიჭირდა იარაღის პროტოტიპების შემქმნელი კონსტრუქტორების სახელებისა და გვარების მოძიება და დაზუსტება, რადგანაც მუშაობას ანხორციელებდნენ რამოდენიმე პიროვნებებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც  თითქმის ყველა წყაროში სხვადასხვაგვარად იყო წარმოდგენილი. იმედს ვიტოვებ, რომ მრავალჯერადი გადამოწმების შედეგად ზუსტად შევძელი იმ კონსტრუქტორების ჩამოთვლა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პისტოლეტის პროტოტიპების შემუშავებაში. აქვე ავღნიშნავ, რომ სამწუხაროდ პროტოტიპების ფოტოსურათების მოძიება ვერსად ვერ შევძელი.

P-64 
შექმნის ისტორია
     მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთის ძირითად შეიარაღებაში იმყოფებოდა საბჭოთა პისტოლეტი ТТ (ტოკარევი), ხოლო მასთან ერთად მცირე პარტიებად მზადდებოდა ძალზედ საინტერესო პოლონური წარმოების პისტოლეტი Radom VIS-35.
1951 წელს საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში მიიღო ახალი პისტოლეტი ПМ მაკაროვის სისიტემის პისტოლეტი და მისი 9მმ-ანი ვაზნა (9х18).  პოლონეთის იმდროინდელმა ხელისუფლებამ კარგად შეისწავლა მაკაროვის პისტოლეტი და მისი ვაზნის პოტენციალი, რის საფუძველზეც მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება 7,62მმ ტოკარევი (ТТ-33) შეეცვალათ არა მაკაროვის სისტემის პისტოლეტით, არამედ მათივე წარმოების ახალი პისტოლეტით, რომელშიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო მაკაროვის 9х18მმ-ანი ვაზნა. გარდა ზემოაღნიშნულისა 1955 წელს ხელმოწერილ იქნა ვარშავის შეთანხმება,  რომლის მიხედვითაც შეთანხმებაში შესულ ქვეყნებს უნდა მოეხდინათ ვაზნის სტანდარტიზაცია. სტანდარტულ ვაზნას წარმოადგენდა მაკაროვის პისტოლეტის 9х18მმ-ანი ვაზნა. 1958 წელს სპეციალურად გაიმართა კონკურსი, რომლის მთავარი მოთხოვნაც იყო უფრო მცირე გაბბარიტებისა და წონის(მასის) მქონე პისტოლეტის შექმნა, ვიდრე გააჩნდა ტოკარევის პისტოლეტს «ТТ». ამავდროულად პისტოლეტი ვარგისი უნდა ყოფილიყო 50 მეტრამდე სასროლად.  კონკურსზე წარმოდგენილ იქნა რამოდენიმე პროტოტიპი. ეს პროტოტიპები იყო:
  • პისტოლეტი WiR wz. 1957 – პისტოლეტის კონსტრუქტორები იყვნენ პ.ვილნევჩიცი (Piotr Wilniewczyc) და ს.როეკი (Stanisław Rojek). (სახელწოდება WiR მომდინარეობს კონსტრუქტორების გვარებიდან - Wilniewczyc Rojek). მასზე მუშაობა დაიწყო 1957 წელს ვარშავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკური დანადგარების კათედრაზე და პროექტს ხელმძღვანელობდა პ.ვილნვეჩიცი. ყველაზე დიდ სირთულეს იმ პერიოდში წარმოადგენდა მაკაროვის 9х18მმ-ანი ვაზნების უქონლობა, რადგანაც საბჭოთა კავშირი ჯერჯერობით არ აძლევდა პოლონეთს აღნიშნულ ვაზნებს. გადაწყვიტეს თავდაპირველად პისტოლეტები დაემზადებინათ ბრაუნინგის 7,65მმ-ან (7,65х17მმ) და 9მმ-ან მოკლე ვაზნებზე (9х17მმ „კურცი“), რათა შემდგომ მომხდარიყო მათი ადაპტაცია მაკაროვის ვაზნებზე. 1957 წლის დეკემბერში მზად იყო პირველი ნახაზები, რომელთაც მიენიჭათ კოდური სახელწოდება „Vis-2“. ნახაზებს და ტექნოლოგიურ მხარეებს ხელმძღვანელობდა სტანისლავ როეკი (Stanisław Rojek). 1958 წლის დასაწყისში მზად იყო პისტოლეტის სრული დოკუმენტაცია, რომელშიც პისტოლეტს მიენიჭა უკვე სახელწოდება WiR wz. 1957 და გადაგზავნილ იქნა სამხედრო ქარხანაში რათა დამზადებულიყო პირველი პროტოტიპები. პისტოლეტს გათვლილს ბრაუნინგის ვაზნაზე 9х17მმ, საკეტის წონა ჰქონდა 175გრამი. 1959 წლის 20ოქტომბერს მომზადდა ახალი დოკუმენტაცია 9მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტისათვის, რომლის მიხედვითაც დამზადებულ პროტოტიპებს ვაზნაზე 9х18მმ(ПМ), გააჩნდათ საკეტის წონა: ერთ პროტოტიპზე 225გრამი, ხოლო მეორეზე კი 275გრამი. საკეტის დამძიმება ამ შემთხვევაში განპირობებული იყო უფრო ძლიერი ვაზნის გამოყენებით ვიდრე 9х17მმ ბრაუნინგი მოკლე ვაზნა.  პისტოლეტის მოქმედების პრინციპი დაფუძნებული იყო თავისუფალ საკატზე. პისტოლეტს გააჩნდა ღია ჩახმახი, ერთრიგიან მჭიდში თავსდებოდა 6 ცალი ვაზნა (9х17მმ, 9х18მმ) ხოლო 7,65х17 ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის ერთრიგიან მჭიდში ჩადიოდა 7ცალი ვაზნა. პისტოლეტის სიგრძე იყო 160მმ, სიმაღლე 102მმ, სისქე 28მმ, ლულის სიგრძე 90მმ და ცარიელ მდგომარეობაში იწონიდა 620გრამს.
  • პისტოლეტი WZ 58 - პისტოლეტის პროტოტიპი შეიქმნა 1958წელს. მისი კონსტრუქტორები იყვნენ (Ryszard Białostocki)  და (Ryszard Chełmicki). პისტოლეტის მოქმედების პრინციპი დაფუძნებული იყო ლულის მოკლე უკუსვლაზე და გათვლილი იყო 9х18მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე. მისი მუშაობის პრინციპი წააგავდა ფინურ პისტოლეტს Lahti L-35. ერთრიგიან მჭიდში თავსდებოდა 6 ცალი ვაზნა. პისტოლეტს საცდელ სროლებზე შეექმნა შეფერხებები, კერძოდ -მისი საკეტი იჭედებოდა უკანა პოზიციაში. აღნიშნული პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. ცდებზე პისტოლეტმა აჩვენა მცირე უკუცემა (რაც ლულის მოკლე უკუსვლით იყო განპირობებული) და მაღალი სიზუსტე. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ, საკეტი რჩებოდა უკან და მისი დაბრუნება შესაძლებელი იყო მარცხენა მხარეს განთავსებული ბერკეტის მეშვეობით. აღნიშნული ბერკეტი ასრულებდა აგრეთვე მცველის ფუნქციას. 1960 წლის 7აპრილს პისტოლეტი დაპატენტებულ იქნა როგორც "9 mm pistolet samopowtarzalny wz. 1958". პისტოლეტის სიგრძე იყო 170მმ, სიმაღლე 115მმ, სისქე 28მმ, ლულის სიგრძე 95მმ და ცარიელ მდგომარეობაში იწონიდა 720გრამს. პისტოლეტს გააჩნდა ორიგინალური წინა სამიზნე რომელიც მიერთებული იყო ლულაზე. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია ზუსტად რაში მდგომარეობდა სამიზნის ორიგინალურობა, რადგანაც პისტოლეტის ფოტოსურათი და ნაზაზები ვერ მოვიპოვე. ერთადერთი რისი გარკვევაც შევძელი პოლონური ფორუმებიდან არის ის, რომ სამიზნე დაცულია პოლონური პატენტით ნომერი 58/tjn. პატენტი თარიღდება 07.05.1960 წლით და ეკუთვნის Ryszard Białostocki-სა  და Ryszard Chełmicki-ს.
  • პისტოლეტები CZAK მოდელი  P (Policja) აღნიშნავდნენ აგრეთვე როგორც მოდელი M (Мilicyjny) (საპოლიციო ვერსია) და CZAK  მოდელი W (Wojskowj) (საარმიო ვერსია).  საარმიო ვერსია საპოლიციოსგან განსხვავდებოდა:  8მმ-თ უფრო გრძელი ლულით, 20გრამით უფრო მძიმე წონით, 4მმ-თ უფრო სქელი კორპუსით.  საერთო ჯამში იგი იყო 2მმ-თ უფრო მაღალი და 5მმ-თ უფრო გრძელი. გარდა ამისა სამხედრო მოდელში ჩადიოდა 1 ვაზნით მეტი.
CZAK-ის პროტოტიპების გამოჩენისთანავე შედგენილ იქნა დამატებითი მოთხოვნების ჩამონათვალი:
  • -         თავისუფალი საკეტის პრინციპი;
  • -         ღია ჩახმახიანი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი;
  • -         ლულის სავაზნეში ვაზნის არსებობის ინდიკატორი;
  • -         მცველზე დაყენებული (გააქტიურებული მცველის შემთხვევაში)პისტოლეტის დატენვის შესაძლებლობა;
  • -         კომპაქტურობასთან ერთად პისტოლეტს უნდა შეეძლო 50 მეტრამდე დამიზნებითი სროლა;
  • -         წარმოება აუცილებლად უნდა მომხდარიყო სამამულო ნედლეულისა და მასალების გამოყენებით.
პროტოტიპების ტექნიკურმა და საექსპლუატაციო გამოცდებმა აჩვენეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნებს ყველაზე უკეთ პასუხობდა პისტოლეტი CZAK მოდელი P (M) (საპოლიციო ვერსია). სწორედ აღნიშნული პროტოტიპი გადაცემულ იქნა შემდგომ გადამუშავებაზე და მასობრივი წარმოების საადაპტაციო სამუშაობისათვის.
იარაღის საპატენტო დოკუმენტში ნომრით 54822 პისტოლეტის შემქმნელებად მოხსენიებულნი არიან პოლონეთის არმიის ოფიცრები: ვ.ჩეპუკაიტისი (Witold Czepukajtis), რ.ზიმნი (Romuald Zimny), ჰ.ადამჩიკი (Henryk Adamczyk), მ.ადამჩიკი (Mieczysław Adamczyk),  ს.კოჩმარსკი (Stanisław Kaczmarski), ჟ.პიზელი (Jerzy Pyzel). ზუსტად ჩამოთვლილი გვარებიდან მომდინარეობს პისტოლეტის სახელი "CZAK“ (Czepukajtis, Zimny, Adamczyk, Kaczmarski). (რატომღაც გამონაკლისს წარმოადგენდა Jerzy Pyzel-ი რომლის გვარის პირველი ასო „P” არ მოხვდა აბრევიატურაში). პისტოლეტი შეიქმნა საარტილერიო კვლევით ინსტიტუტში. (პოლონურად ინსტიტუტის დასახელება იყო შემდეგი სახის: Zakład Broni Strzeleckiej Centralnego Badawczego Poligonu Artyleryjskiego) შემდგომ მას ეწოდა შესაიარაღებელი ტექნოლოგიების (ტექნიკის) სამხედრო ინსტიტუტი (Wojskowy Instytut Techniczny Uzbrojenia — WITU), რომელიც დასახლება ზელენკეში მდებარეობდა.
60-ანი წლების შუალედში დაიწყო პისტოლეტების სერიული წარმოება ქ. რადომის ფაბრიკაში „Fabryka Broni Łucznik“ და ოფიციალურად იქნა მიღებული პოლონეთის არმიის, პოლიცისა და უშიშროების მიერ შეიარაღებაში სახელწოდებით “9mm pistolet wz. 1964” ხოლო შემდგომ კი მიენიჭა შემოკლებული სახელწოდება „Р-64“. პისტოლეტები არმიას საექსპლუატაციოდ გადაეცათ 1966 წელს. იგი იქცა პირველ პისტოლეტად, რომელიც პოლონეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო შეიარაღებაში.
არსებობს ცნობები, რომ პისტოლეტის შექმნის პერიოდში პოლონელები თანამშრომლობდნენ უნგრელებთან და სწორედ აქედაანა პისტოლეტ P-64-ის მსგავსება უნგრულ პისტოლეტთან FEG PR-59 იგივე R-61.

ფოტოსურათზე გამოსახულია ზევით უნგრული პისტოლეტი R-61, ხოლო ქვემოთ პოლონური P-64

პისტოლეტის კონსტრუქცია და მექანიზმი
როგორც ავღნიშნეთ პისტოლეტის P-64 სქემა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის პრინციპზე. დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმულია ლულაზე. პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის ორმაგი მოქმედების და გააჩნია ღია ჩახმახი. იგი ძალიან ჰგავს საბჭოთა მაკაროვის დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმს, თუმცა მაინც განსხვავდება მისგან და დაცულია პატენტით №54822. პისტოლეტს გააჩნია მოძრავი ფირფიტა გამანთავისუფლებელი, რომელიც ჩარჩოშია განთავსებული და საშუალებას იძლევა გააქტიურებული მცველის შემთხვევაში მაინც მოვახდინოთ საკეტის გადაწევა და სავაზნეში ვაზნის მიწოდება ან სავაზნეში არსებული ვაზნის ექსტრაქცია.  ხშირად პოლიციის თანამშრომლები უჩიოდნენ იმ ფაქტს, რომ თვითშეყენაბადი (ორმაგი მოქმედებით) გასროლის შემთხვევაში, სასხლეტი კავი მოძრაობს ძალიან რთულად და მოითხოვს ბევრ ძალისხმევას. ვინაიდან პისტოლეტი იყო თვითდამტენი ეს ნაკლი მაინცდამაინც სავალალო არ იყო, რადგანაც ორმაგი მოქმედებით გასროლა ძალიან იშვიათად ხდებოდა. თუმცა პირები, რომელთა სატაბელო პისტოლეტს წარმოადგენდა P-64 პისტოლეტს ატარებდნენ  სავაზნეში არსებული ვაზნით და დაშვებული ჩახმახით. აქედან გამომდინარე პირველი გასროლა უნდა განხორციელებულიყო ორმაგი მოქმედებით, ან მსროლელს თითით უნდა შეემართა (შეეყენებინა)  ჩახმახი, რაც სტრესულ სიტუაციებში შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაჯდომოდათ.


1972 წელს შეიცვალა ჩახმახის ფორმა და მოხდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის გადამუშავება, რასაც მფლობელების აზრით მოჰყვა მიზერული გაუმჯობესება და პრობლემა მაინც არ იქნა ბოლომდე აღმოფხვრილი.  ერთერთ წყაროში ორმაგი მოქმედებით სროლისას, სასხლეტ კავზე დაწოლის ძალისხმევაში განსაზღვრულია 11-12კგ-მდე დაწოლა. (რამდენად შეესაბამება სიმართლეს სამწუხაროდ ვერ გეტყვით,რადგანაც ეს ციფრები ობიექტურად უნდა გაიზომოს სპეციალური ზამბარისებური სასხლეტის სასწორის მეშვეობით). მაგალითისათვის 1895 წლის მოდელის ნაგანის სისტემის საბჭოთა რევოლვერის ჩახმახზე ორმაგი მოქმედებით სროლისას ძალისხმევა შეადგენს 10კგ-მდე დაწოლას, ხოლო მის НСД-ში (Наставления по стрелковому делу) გაწერილია, რომ წინასწარ შეყენებული ჩახმახით გამართულ რევოლვერზე დაწოლა არ უნდა აღემატებოდეს 5კილოგრამს.


დროშისებული მცველი განთავსებულია საკეტზე უკანა მხარეს მარცხნივ. ზევით აწეულ პოზიციაში იგი გამორთულია, ხოლო ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში იგი აქტიურდება. გააქტიურებული მცველი ბლოკირებას უკეთებს სასხლეტ კავს და საცემს. გარდა ამისა მცველის გააქტიურება შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში იწვევს ჩახმახის ავტომატურ უსაფრთხო დაშვებას, თუმცა გააქტიურებული მცველი არ ახდენს საკეტის ბლოკირებას. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება უკანა პოზიციაში. პისტოლეტს არ გააჩნია რაიმე ბერკეტი საკეტის დასაბრუნებლად. მისი დაბრუნება ხდება მსროლელის მიერ ხელით, საკეტის უკან მოქაჩვით.

 
სურათზე მოყვანილია პისტოლეტის P-64 სქემა და დეტალების ჩამონათვალი


პისტოლეტს გააჩნია აგრეთვე ვაზნის ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს იმყოფება თუ არა ლულის სავაზნეში ვაზნა. თუკი ვაზნა სავაზნეშია ინდიკატორი გამოშვერილია საკეტის უკანა მხრიდან. პისტოლეტის ერთრიგიან სავაზნე კოლოფს ფსკერზე მიმაგრებული აქვს პლასტმასის ქუსლი ნეკა თითისათვის, თუმცა მიუხედავად ამისა ტარი მაინც მოკლეა და მოუხერხებელია მისი სრულყოფილად დაჭერა.




პისტოლეტის მოპირკეთება
პისტოლეტის ტარის ლოყები  ქარხნულად დამზადებული იყო პლასტმასისგან და ჰქონდა შავი ფერი, თუმცა დღეს შესაძლოა შევხვდეთ ხის ტარისგან დამზადებულ ლოყებს და სხვადასხვა ფერის პლასტმასისაგან დამზადებულს მათ შორის კამუფლირებულ ლოყებს, რომლებიც უკვე კომერციულ ან მფლობელის მიერ მოპირკეთებულ  ვარიანტს წარმოადგენენ. 
 პისტოლეტსი დაფარვა ხდებოდა ქარხნული  შავი ფერის მოვარაყებით (ვარანენიე). თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს ვერცხლისფერი დაფარვითაც. აღნიშნული დაფარვა ძირითადად უკეთდებოდა კომერციულ პისტოლეტებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, როდესაც პისტოლეტების გაყიდვა დაიწყეს კომერციულ ბაზარზე, საკეტზე ელექტრო ფანქრით მოხდა დამატებითი მარკირების დატანა შემდეგი სახით: “Cal. MAKAROV”. დამატებულ იქნა აგრეთვე მარკირება Х18 რომელიც მაკაროვის ვაზნის მასრის სიგრძეს აღნიშნავს. დამატებითი მარკირებები განპირობებული იყო იმით, რომ იარაღის მომხმარებელს შემთხვევით არ გამოეყენებინა სხვა ტიპის 9მმ-ანი ვაზნა მაგალითად 9х17მმ ბრაუნინგი მოკლე(„კურცი“) ან 9х19მმ პარაბელუმი (9mm Luger). შეიარაღებაში არსებულ ეგზემპლარებს სტანდარტულად გააჩნდათ მარკირება მხოლოდ შემდეგი სახით [9mm “P-64”]. კომერციულ პისტოლეტებზე გვხვდება აგრეთვე მეორენაირი მარკირებაც [PW ARMS REDMOND WA Z.M. LUCZNIK POLAND 9mm “P-64” 9 X 18 mm].
 

ტერმინი „კომერციული“ პისტოლეტ P-64-ის შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ სპეციალურად ცალკე მზადდებოდა გასაყიდად (როგორც რუსეთი უშვებს დღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტს ბაიკალის ან იჟის სახელწოდებით). კომერციული ეგზემპლარები წარმოადგენენ შეიარაღებაში მყოფ ან გამოუყენებელი მარაგებიდან ამოღებულ პისტოლეტებს, რომლებზეც კეთდებოდა ზემოთ ხსენებული მარკირებები და იყიდებოდა კერძო პირებზე ან გადიოდა ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში.
პისტოლეტის დაშლა ხდება ისევე როგორც გერმანულ პისტოლეტ Walther PP / PPK და ПМ მაკაროვის შემთხვევაში, სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ქვემოთ დაწევით. პისტოლეტის საკეტს ზევითა მხრიდან მთელს სიგრძეზე აქვს წვრილი ანტიბლიკური ჭრილები როგორც ქლიბს, რათა მზიან პირობებში სროლისას მისმა ზედაპირმა არ იპრიალოს და არ შეგვიშალოს ხელი დამიზნებაში. ღია სამიზნე არის მარტივი კონსტრუქციის და ქარხნულად მისროლილია 50მეტრზე. მფლობელების უმეტესობა ამბობს, რომ პისტოლეტი ეფექტურია მაქსიმუმ 25მეტრამდე სასროლად. თუმცა წამიკითხავს გამოხმაურებები, სადაც მფლობელები წერენ რომ ვარჯიშის შედეგად ისინი ძალიან კარგ ჯგუფებს აკეთებენ 70 მეტრამდე სროლისას, რაც პირადად მე სიცრუე მგონია.
პისტოლეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
როდესაც პისტოლეტი P-64 მიიღეს შეიარაღებაში, გამოჩნდა მისი შემდეგი საექსპლუატაციო დადებითი თვისებები:
  • ·         მარტივი კონსტრუქცია;
  • ·         ადვილი გამოსაყენებელია;
  • ·         ადვილია მისი შეკეთება (რემონტი);
  • ·         მცირე გაბარიტები იძლევა იარაღის ფარული ტარების საშუალებას.
უარყოფითი მხარეები:
  • ·         როგორც საარმიო იარაღი მისი 6 ვაზნიანი ტევადობის მჭიდი ფაქტიურად სასაცილოა;
  • ·         ვინაიდან პისტოლეტის ტარის გაბარიტები იყო საკმაოდ მცირე, მისი უკუცემა იყო საგრძნობლად დიდი და მსროლელს სჭირდებოდა გასროლებს შორის გარკვეული დროის დახარჯვა ხელახალ დამიზნებაზე. მაღალ უკუცემა განპირობებული იყო აგრეთვე პისტოლეტის მცირე მასის გამოც. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის ფაქტი, რომ პისტოლეტი თავდაპირველად გათვლილი იყო ბრაუნინგის ვაზნაზე 9х17მმ და შემდგომ მოხდა მისი ადაპტაცია უფრო ძლიერ 9х18მმ-ან მაკაროვის პისტოლეტის ვაზნაზე;
  • ·         თვითშეყენებადი სროლის შემთხვევაში სასხლეტ კავზე თითის დაწოლა მოითხოვს უფრო დიდ ძალისხმევას ვიდრე სხვა ანალოგიური ტიპის პისტოლეტებში. მისი თვითშეყენებადი სასხლეტი ბევრ რევოლვერის სასხლეტზე უფრო მძიმეა;
  • ·         ვაზნის სიმძლავრე იმ დროისათვის ჯერ კიდევ ითვლებოდა დამაკმაყოფლებლად, თუმცა მოკლე ლულა იწვევდა ტყვიის დაბალ საწყის სიჩქარეს რაც საბოლოოდ აისახებოდა მის ენერგიაზე. (შედარებისათვის მაკაროვის პისტოლეტიდან გასროლილი სტანდარტული ტყვიის საწყისი ენერგია შეადგენდა 303ჯოულს, ხოლო P-64-დან გასროლილი ტყვიის საწყისი ენერგია 284 ჯოულს). გარდა აღნიშნულისა მოკლე ლულა და მოკლე სამიზნე ხაზის სიგრძე იწვევდა შედარებით დაბალ სიზუსტეს ვიდრე აქვს მაკაროვის სისტემის პისტოლეტს;
  • ·         პისტოლეტის დამზადება ხდებოდა იმ დროისათვის მაღალი ტექნოლოგიური მეთოდებით, რაც საბოლოო ჯამში აძვირებდა პისტოლეტის ღირებულებასა და წარმოებას.
სხვა საინტერესი ცნობები პისტოლეტის შესახებ
2008 წელს 1000ცალი პისტოლეტი P-64 საჩუქრად გადაეცა ლიბანის არმიას. აგრეთვე პისტოლეტი P-64 ექსპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ღირებულება თავდაპირველად შეადგენდა 150 აშშ დოლარს.
სტატიის დაწერის დროს ჩემს მიერ სპეციალურად გადამოწმებულ იქნა ინტერნეტ აუქციონები, სადაც პისტოლეტ P-64 ფასები მერყეობდა 230-330$ ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ოფიციალურად ითვლება პოლონეთის შეიარაღებიდან ამოღებულად, 2009 წლის შუა პერიოდის მონაცემების თანახმად პოლონეთის პოლიციის შეიარაღებაში აღრიცხულია 81 340 ცალი პისტოლეტი P-64.
P-64-ის წარმოება შეწყდა 1977 წელს. იგი მაინცდამაინც პოპულარულობით არ სარგებლობდა სამხედროებში და ძირითადად იმ ოფიცრებს დაჰქონდათ ვისაც ეზარებოდა ტოკარევის პისტოლეტის თრევა. სულ გამოშვებული პისტოლეტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 190 000 ცალ ეგზემპლარს. დღეს P-64 აღარ გამოდის თუმცა როგორც ავღნიშნეთ, იგი მაინც რჩება პოლონეთის არმიის და პოლიციის ნაწილობრივ შეიარაღებაში.
სანამ დღის სინათლეს იხილავდა რუსული პისტოლეტი ОЦ-21 «Малыш», პოლონური P-64 ითვლებოდა ყველაზე მცირე ზომის პისტოლეტად, რომელშიც გამოიყენებოდა 9x18მმ მაკაროვის ვაზნა.

არის თუ არა პისტოლეტი P-64 საქართველოში? რამდენადაა იგი გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, სავარაუდოდ მხოლოდ რამოდენიმე ცალის სახით. ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა პისტოლეტ P-64-თან მოხდა 1997 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის სამმართველოში კრიმინალისტუკური მეცადინეობის გავლისას.
        გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტს გააჩნდა მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ, პოლონეთის ხელისუფლება შეეცადა გადაემუშავებინა P-64. გარდა ამისა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, შესაძლებელი გახდებოდა უფრო ნაკლები დანახარჯებით ეწარმოებინათ ახალი მოდელი.  იმისათვის რომ გადაემუშავებინათ პისტოლეტი P-64 დავალება მიიღო შესაიარაღებელი ტექნიკის სამხედრო ინსტიტუტმა (WITU-Wojskowym Instytucie Technicznym Uzbrojenia). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ინსტიტუტი მდებარეობდა ვარშავასთან ახლოს დასახლება ზელენკეში (Zielonce). კოლექტივს შემოუერთდა აგრეთვე ფაბრიკა „Łucznik”, რომელიც ეხმარებოდა პროექტს პროტოტიპების დოკუმენტაციების მომზადებაში. ნაციონალურმა თავდაცვის სამინისტრომ პისტოლეტის შემუშავების ოპერაციას მიანიჭა კოდური სახელწოდება „Wanad”. (სახელწოდება“Wanad“ წამოვიდა ქიმიური ელემენტის სახელიდან „ვანადიუმი“)
   ახალი პისტოლეტის შემუშავებაზე მუშაობდა ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფს ხელმძღვანელობდა ინჟინერი რ.ხელმიცკი (Ryszard Chełmicki) და რ.მიხალსკი (Ryszarda Michalski), რომლებმაც 1972 წლის მიწურულს შექმნეს საცდელი პისტოლეტი ალუმინის ჩარჩოთი და კლასიკური გარე მცველით. მცველი ბლოკირებას უკეთებდა სასხლეტ მექანიზმს. ეგზემპლარს მიენიჭა  სახელწოდება „P-70“. მის სავაზნე კოლოფში თავსდებოდა 14 ცალი ვაზნა. პისტოლეტის საკეტი მზადდებოდა დაშტამპვის მეთოდით და მასში გამოიყენებოდა სპილენძის შედუღების (მირჩილვის) ტექნოლოგია. 1976 წელს გამოჩნდა ახალი პროტოტიპი სახელწოდებით P-75, რომელსაც გააჩნდა კომპოზიტური მასალისაგან, კერძოდ იტამიდისაგან (პოლიამიდის ტიპის მსგავსი მასალა, რომელიც წააგავს პლსტმასივით მყარ რეზინას) დამზადებული ჩარჩო. ლულა ჩარჩოზე მაგრდებოდა სპილენძით შედუღების მეთოდით.
  პარალელურად ახალ პისტოლეტზე მუშაობდა მეორე ჯგუფი რომელსაც ხელმძღვანელობდა  მ.გრიშკევიჩი (Marian Gryszkiewic). ჯგუფის მიერ 1978 წელს შექმნილ იქნა ახალი პროტოტიპი სახელწოდებით „P-78“. აღნიშნულ პროტოტიპშიც ჩარჩო და საკეტი მზადდებოდა ზემოთხსენებული დაშტამპვის და მირჩილვის მეთოდით.  პისტოლეტი აღჭურვილი იყო  შიდა ავტომატური მცველით,  რომელიც ბლოკირებას უკეთებდა საცემს.
         საბოლოოდ პირველი ჯგუფის პისტოლეტი დაწუნებულ იქნა და აღარ გაგრძელდა მისი გადამუშავება. ხოლო მეორე ჯგუფის პისტოლეტმა დაიმსახურა მოწონება. ეს იყო პისტოლეტი სახელწოდებით P-78, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა სახელწოდება „Wzor 1978 (P-78).  ახალ პისტოლეტში ყველაფერთან ერთად აგრეთვე გამოყენებული იყო მოდულური ტიპის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და მის მჭიდში თავსდებოდა 12 ცალი ვაზნა.
          ამ პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ წამოაყენა ახალი მოთხოვნები, იარაღი უნდა ყოფილიყო  გაბარიტებით მიახლოვებული საბჭოთა მაკაროვთან (ПМ) და უნდა ჰქონოდა გარე დროშისებური მცველი. აღნიშნული რკომენდაციები გაითვალისწინა ფაბრიკა „Łucznik”-მა და შეუდგა განახლებულ პროტოტიპებზე მუშაობას. 
        ამავდროულად შეეცადნენ შეერწყათ ზედა ორი ჯგუფის იდეები რასაც მოჰყვა ახალი პროტოტიპის შექმნა სახელწოდებით "P-78A1".  ეს იყო მ.გრიშკევიჩის მიერ მოდელირებული პისტოლეტის ანალოგიური პროტოტიპი,  რომელსაც გააჩნდა შემცირებული გაბარიტები და ალუმინის შენადნობების მქონე ჩარჩო რომელიც რ.ხელმიცკის და რ.მიხალსკის პროტოტიპისგან P-70-დან აიღეს.  
რამოდენიმე ასეული ვაზნის გასროლის შემდეგ პისტოლეტის ჩარჩომ დაიწყო დაბზარვა ამიტომ მსუბუქი შენადნობისაგან და ალუმინისაგან დამზადებული ჩარჩოს გამოყენებაზე საბოლოდ ითქვა უარი. 
         1978 წლის მიწურულს  მ.გრიშკევიჩმა და რ.ხელმიცკიმ ერთიანი ძალებით შექმნეს ორი ახალი პროტოტიპი. პროტოტიპებს მიენიჭა შემდეგი აღნიშვნები Р- 78 მოდელი "А", რომელსაც ჰქონდა მეორე აღნიშვნა "TUL"  და Р- 78 მოდელი "B". ორივე პროტოტიპი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მცველების კონსტრუქციით. საბოლოოდ მოწონება დაიმსახურა პროტოტიპმა „P-78B“.  
     P-78B კონსტრუქციით ჰგავდა Walther PP და PP Super-ის შერწყმას. მცირედი გადამუშავების შემდგომ მოდელს მიენიჭა სახელწოდება “9მმ სამხედრო პისტოლეტი P81”. ამ პერიოდში პოლონეთში მოხდა გარკვეული სოციალური და პოლიტიკური კრიზისები, რამაც გამოიწვია ახალი პისტოლეტის წარმოების გაჭიანურება.
შემდგომ პისტოლეტის პროტოტიპი “P-81” კონსტრუქტორ რ. ხემლიცკისა (Ryszard Chełmicki) და მ. გრიშკევიჩის (Marian Gryszkiewicz) მიერ გადამუშავდა და მიენიჭა საბოლოო სახელწოდება „P-83“. არაოფიციალურად კი მას პროექტის სახელწოდება “Wanad“ შეარქვეს.
ფოტოსურათზე მოყვანილია ზევით P-83, ხოლო მის დაბლა P-64  
 
P-83
პისტოლეტი ოფიციალურად შეიარაღებაში მიიღეს 1983წელს თუმცა მათი მიწოდება შეიარაღებაში ოდნავ მოგვიანებით, 1984 წელს დაიწყო. პისტოლეტით შეიარაღდნენ როგორც  სამხედროები, ასევე  პლონეთის პოლიცია და უშიშროება. 
 
პისტოლეტის კონსტრუქცია
        P-83 კონსტრუქციით ახლოს დგას P-64 მოდელთან და მის მსგავსად  ეფუძნება თავისუფალი საკეტის პრინციპს. გააჩნია ორმაგი მოქმდების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, რომელზე დაწოლაც თვითშეყენებადი ჩახმახის შემთხვევაში მოითხოვს 50 N (Newton) ძალისხმევას. (შედარებისათვის P-64 –ის შემთხვევაში აღნიშნული ძალისხმევა შეადგენდა საშუალოდ 110N დაწოლას ორმაგი მოქმედების ანუ თვითშეყენების შემთხვევაში, ხოლო უკვე შეყენებულ ჩახმახზე დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა 30N-ს). აქვს უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ P-83 -ის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ძირეული შესწავლისას, ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ გერმანული Walther P-38 მოდელის პისტოლეტის მექანიზმთან. ისე ტარის ლოყებითაც გვანან ეს პისტოლეტები ერთმანეთს :) . დროშისებური მცველი განთავსებულია საკეტზე მარცხენა მხრიდან (ისევე როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტში) და გააქტიურების შედაგად მთლიანად უკეთებს ჩახმახის მექანიზმს ბლოკირებას. დაშვებულ ჩახმახზე ზემოქმდებისას (დარტყმა, მყარ ზედაპირზე ჩახმახით დავარდნა) არ მოხდება მისი შეხება საცემ ნემსასთან, რაც უსაფრთხოს ხდის პისტოლეტს.
პისტოლეტის ვაზნებით კვება ხორციელდება ერთრიგიანი სავაზნე კოლოფის მეშვეობით (ტევადობა 8 ცალი ვაზნა), რომლის ფიქსაციას ახდენს ტარის ბოლოში განთავსებული ღილაკი (ისევე როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტში).
ზოგადად ითვლება, რომ პისტოლეტი არასრული დაშლისას შედგება ოთხი ძირითადი კვანძისაგან:
  1. პისტოლეტის ჩარჩო; 
  2. საკეტი; 
  3. მჭიდი; 
  4. დამაბრუნებელი ზამბარა.


პისტოლეტის არასრული დაშლა შესაძლებელია მარტივად, ყოველგვარი დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე. დასაშლელად საჭიროა გადავწიოთ სასხლეტი კავის წინ არსებული დამჭერი "ბამპერი", გადავწიოთ საკეტი უკან და მოვხსნათ ისვე, როგრც ხდება მაკაროვის სისტემის პისტოლეტის დაშლისას. პისტოლეტის ლულა არის ქრომირებული და გააჩნია 4 ცალი ჭრილი ბიჯით 252მმ. ლულა ჩარჩოზე ჩამაგრებულია დაპრესვის მეთოდით. დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმულია ლულაზე.  საკეტი მთლიანად ფარავს ლულას და მასზე დამონტაჟებულია მუდმივი სამიზნე მოწყობილობები.  პრაქტიკული სწრაფსროლა შეადგენს 8 გასროლას 10-15 წამის განმავლობაში. პისტოლეტს მარცხენა მხარეს აქვს საკეტის დამაბრუნებელი ბერკეტი.   
P-83 გამოდიოდა 2000 წლამდე სანამ დაიკეტებოდა ფაბრიკა Z.M. Łucznik S.A. ჯამში წარმოების ვადამ მიაღწია 16 წელს. ეს ვადა იყო ყველაზე გრძელხნიანი ვადა პოლონეთში წარმოებული პისტოლეტების ისტორიაში. 
2009 წლის შუა პერიოდის მონაცემების თანახმად პოლონეთის პოლიციის შეიარაღებაში აღრიცხულია 8490 ცალი პისტოლეტი P-83.
 
P-83 მოდიფიკაციები

P-83 Wanad (კომერციული მოდელი გათვლილი ვაზნაზე 9×17 ბრაუნინგი მოკლე, ტყვიის საწყისი სიჩქარე  283მ/წამში, პისტოლეტის წარმოება დაიწყო 1991 წელს. კომერციული ვერსია გამოდიოდა აგრეთვე ვაზნაზე 9х18 ПМ და 7,65х17 ბრაუნინგი.

 
P-83M (მოდერნიზირებული საცდელი ვარიანტი შემუშავებულ იქნა მ.გრიშკევიჩის მიერ 1983-1984 წლებში. არაოფიციალური სახელით რიგ წყაროებში პისტოლეტს მოიხსენიებენ, როგორც  "TUL-B". ჩარჩო დამზადბულია პოლიმერისაგან, გააჩნია გაუმჯობესებული დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, დამატებული აქვს ტარის უკან ავტომატური მცველის ღილაკი(კლავიში), რომელიც ბლოკირებას უკეთებს ჩახმახს მოქმედებს, ისე როგორც კოლტის 1911 წლის მოდელში, ორრიგიანი მჭიდის მოცულობა გაზრდილია 12 ვაზნამდე. 
          P-83M მოდიფიკაციის 12 ვაზნიანი სავაზნე კოლოფი
პისტოლეტი არ გამოდიოდა სერიულად და 1991 წელს საცდელი მოდელების გამოშვების შემდეგ მათი წარმოება შეწყდა. პოლიმერული ჩარჩოს გამოყენებამ პისტოლეტის წონა შეამცირა 650გრამამდე. საერთო სიგრძე 170მმ. სისქე 34მმ. სიმაღლე 127მმ.
1982  წელს ჩეხოსლოვაკიის არმიამ შეიარაღებაში მიიღო ახალი პისტოლეტი „armadni pistol vz. 82“, რომელიც გათვლილი იყო 9x18მმ-ან ვაზნაზე სახელწოდებით „pistolovy naboj vz.82“ იგი წარმოადგენდა მაკაროვის ვაზნის ანალოგს და მისგან განსხვავდებოდა 20%-თ მომატებული დენთის მუხტით. პისტოლეტიდან სროლა ხდებოდა სტანდარტული მაკაროვის პისტოლეტის ვაზნებითაც. პისტოლეტის სერიული წრმოება დაიწყო 1983 წელს. მის სავაზნე კოლოფში ჩადიოდა 12 ვაზნა.(შემდგომ ამ პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება CZ83). ბუნებრივია ამ იარაღით პოლონელებიც დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს გაეკეთებინათ მსგავსი ტიპის პისტოლეტი. არსებობს მოსაზრება, რომ მოდერნიზირებული მოდელის P-83M შექმნა სწორედ CZ 83-ის გავლენით მოხდა.

P-83G - დამზადებულ იქნა 90-ან წლებში და წარმოადგენს გაზის პისტოლეტის ვაზნაზე 9mm PA გათვლილ მოდელს.

P-93 - იგივე  “Wanad”  wz.93  წარმოადგენს სიღრმისეულად მოდიფიცირებულ  ვერსიას. მასში გამოყენებულია ისეთი კონცეფციები და იდეები, რომელიც არ იქნა გამოყენებული P-83 მოდელში. პისტოლეტი შეიქმნა 1993 წელს და მისი კონსტრუქტორი კვლავ მ.გრიშკევიჩი (Marian Gryszkiewicz) იყო. იგი წააგავდა მოდიფიკაციას  Р- 81E, რომელიც სერიულად არასოდეს არ გამოსულა.  P-93  მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და გააჩნდა ღია ჩახმახი (ჩახმახი P-83-საგან განსხვავებით იყო მომრგვალებული ფორმის). ბოლო ვაზნის გასროლის შემდგომ საკეტი რჩებოდა უკანა პოზიციაში. დამრტყმელ გამშვები მექანიზმი მოქმედებს როგორ თვითშეყენაბადი რეჟიმით ასევე ერთმოქმედებიანით (SA / DA). პისტოლეტი იკვებება ერთრიგიანი მჭიდით, რომელშიც 8 ცალი ვაზნა თავსდება. (დამზადდა, როგორც 9х18მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე (მცირე რაოდენობით მოხვდა პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების ექსპერიმენტალურ შეიარაღებაში), აგრეთვე ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9х17mm, რომელიც კომერციული მიზნით გამოვიდა მცირე პარტიად). მის წინამორბედთან შედარებით, პისტოლეტის სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ფორმა არის შეცვლილი (გაუმჯობესებული), რათა ორი ხელით სროლისას მოხდეს მასზე დამატებითი მოჭიდება საჩვენებელი თითით. პისტოლეტი მთლიანობაში ბევრად უფრო ერგონომიულია ვიდრე P-83 და გააჩნია უფრო მეტად დახვეწილი სამიზნე მოწყობილობა კონტრასტული წერტილებით, რომელიც 25მეტრ დისტანციამდე სასროლათაა გათვლილი. ლულის სიგრძე გაზრდილია 100მმ-დე. P-93 მასიურად არ იწარმოებოდა და გამოშვებულ იქნა მცირე პარტიად. პისტოლეტის წონა 750 გრამი. საერთო სიგრძე 178მმ. სიმაღლე 125მმ, სისქე 30მმ. გრძელი ლულის წყალობით ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენს 316მ/წამში. თუკი დააკვირდებით პისტოლეტის ფოტოს, შეამჩნევთ, რომ არ გააჩნია დროშისებური მცველი, მაგრამ სასხლეტი კავის უკან დამონტაჟებულია სპეციალური ბერკეტი, რომელიც ასრულებს შეყენებული ჩახმახის უსაფრთხო დაშვებას (ანუ არის "დეკოკერი"), აგრეთვე შეთავსებული აქვს საკეტის დამაბრუნებელის ფუნქცია (ანუ უკანა პოზიციაში გაჩერებული საკეტის შემთხვევაში, ბერკეტზე თითის დაწოლით მოხდება საკეტის განთავისუფლება და საწყს პოზიციაშიდაბრუნება)

PT-83 (წარმოადგენს ინტეგრირებულ მაყუჩიან ვერსიას რომელიც სერიულად არ გამოსულა სულ დამზადებულ იქნა 10 ცალი ეგზემპლარი).

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სტატიაში განხილული ორივე მოდელი, მაკაროვის და ვალტერის პისტოლეტის კლონებად ითვლებიან, მე ვთვლი, რომ ისინი მაინც დამოუკიდებელ ეგზემპლარებს წარმოადგენენ. ცალსახაა ის ფაქტი, რომ კონსტრუქციულად ბევრ რამეში გვანან თავიანთ წინამორბედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სრულიად დუბლირებულნი არიან.

No comments:

Post a Comment