Philipp Sola .357 Magnum

წელიწადზე მეტია, რაც ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია ერთერთ შვეიცარიულ პისტოლეტზე, რომლის შესახებაც თითქმის არაფერია ცნობილია (ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერსად ვერ მოვიძიე რაიმე ღირებული). სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე გვხდება მხოლოდ მისი ფოტოები და მცირე ინფორმაცია რამოდენიმე ბწკარის სახით.  ასევე ინფორმაცია მის შესახებ არ შემხვედრია არცერთ სახელმძღვანელოში და ცნობარში.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ეს მიკრო სტატია, რომლითაც მინდა თქვენც გაგაცნოთ აღნიშნული პისტოლეტი და იქნებ ჩვენი გვერდის მკითხველებში გამოჩნდეთ ვინმე ხვთისნიერი, ვისაც გაქვთ ისეთი ინფორმაცია ამ ეგზემპლარის შესახებ, რაც აქ ვერ დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი იარაღის მოყვარულია, მაინც მეეჭვება ვინმეს ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია მის შესახებ. თუმცა ადამიანი იმედით ცოცხლობს. მოკლედ გელოდებით ვინც ხართ და სადაც ხართ J
პირადად მე უამრავი შეკითხვა მაქვს ამ პისტოლეტთან დაკავშირებით, თუმცა პასუხები ამ შეკითვებზე ჯერჯერობით გაუცემელი რჩება.
რა ვიცით ამ პისტოლეტზე? ვიცით ის, რომ შეიქმნა შვეიცარიაში 1970 წელს (ყოველ შემთხვევაში პისტლეტის ჩარჩოზე ასეა დათარიღებული). პისტოლეტის კონსტრუქტორად მოხსენიებულია ფილიპ სოლა (Philipp Sola) (ალბათ გვარი წარმოითქმის როგორც ზოლა). პისტოლეტი გათვლილია რევოლვერის ვაზნაზე .357 Magnum.
პისტოლეტში გამოყენებულია გეორგ ლუგერის ლეგენდარული პარაბელუმის პისტოლეტის მსგავსი მუხლისებური ბერკეტიანი საკეტი (Slide-toggle action), რომელიც პარაბელუმისგან განსხვავებით, მარჯვენა გვერდიდან არის შესრულებული და სროლის დროს მოძრაობს ჰორიზონტალურად.
როგორია პისტოლეის ავტომატკის მუშაობის პრიმციპი? ეს არის შეკითხვა, რომელზეც ყველაზე მეტად მაინტერესებს პასუხი. ბუნებრივია პისტოლეტი ძლიერ ვაზნაზეა გათვლილი და ვერ იქნება თავისუფალი საკეტის პრინციპიზე დაფუძნებული. მითუმეტეს როდესაც მუხლიანი საკეტის წონა ძალიან დაბალია, რადგანაც იგი დამოუკიდებელი დეტალია და არა საკატ-გარსაცმთან ერთად შესრულებული, როგორც ტრადიციული სქემის მქონე პისტოლეტებში გვხდება. თუკი დავაკვირდებით პისტოლეტის ლულაზე არსებულ პატარა შვერილ დეტალს და ასევე პისტოლეტის ნახაზებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დეტალიდან ხდება აირების გაყვანა და პისტოლეტის სქემაც ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით მუშაობს. ეს ერთერთი ვარაუდია და არა დაზუსტებული ინფორმაცია. შესაძლოა ვცდებოდეთ.
პისტოლეტის წინა სამიზნე  დამოუკიდებელი დეტალის სახით არის შესრულებული და ლულაზე მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით მაგრდება. უკანა სამიზნეც ასევე ცალკე დეტალს წარმოადგენს და პისტოლეტის ჩარჩოზე არსებულ სპეციალური ფორმის ღარებშია ჩამჯდერი.
ტარის ლოყები (პანელები) დამზადებულია პლასტმასისგან და ჩარჩოზე ორი ცალი ხრახნის მეშვეობით მაგრდება. დამრტყმელ გამშვები მექანიზმი არის ერთმაგი მოქმედების. პისტოლეტის ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, სასხლეტი კავის დამცავი რგოლი (რკალი) ზედმეტად მცირე ზომისა.
მჭიდი ერთრიგიანია და მასში ვაზნები დახრილად თავსდება. პისტოლეტის ტარში მჭიდის დაფიქსირება ხდება, ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან განლაგებული ღილაკ- ფიქსატორის მეშვეობით. დროშისებური მცველის ბერკეტი მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ზევით არის დამონტაჟებული და გააჩნია მარკირება „S” / „F”. მე არ მახსენდება არცერთი პისტოლეტი, რომელსაც ასეთი წვრილი და უცნაური ფორმის მცველის ბერკეტი აქვს. მრჩება შტაბეჭდილება, რომ ეს ბერკეტი საერთოდ დაუსრულებელია და მხოლოდ საცდელი სახით არის დამზადებული. ზოგადად ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს მთლიანად პისტოლეტი. ის ნამდვილად არ უნდა იყოს სერიული ეგზემპლარი, არამედ პროტოტიპს უნდა წარმოადგენდეს.
რაც შეეხება პისტოლეტის მარკირებებს: ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დატანილია წარწერა „Philipp Sola  Zürich Cal.357 Mag. 1970”. ლულის მარცხენა მხარეს ასევე დატანილია წარწერა “MAGNUM CAL .357”.
რა დანიშნულებით შეიქმნა პისტოლეტი? ყველაზე დიდი ალბათობით იგი შეიქმნა როგორც სპორტული და გასართობი სროლისათვის. ასევე მასში გამოყენებულ ძლიერ ვაზნას თუ გავითვალისწინებთ, თავდაცვის მიზნითაც გამოდგება, თუმცა მეეჭვება  იგი ამ დანიშნულებით შექმნილიყო. როგორც საარმიო ან საპოლიციო-სამსახურებრივი დანიშნულებითაც არ განვიხილავდი მას, რადგანაც 1970 წელს ბევრად უფრო ერგონომიული და წინ წასული ეგზემპლარები კეთდებოდა. შესაბამისად არავინ არ მიიღებდა ამ პისტოლეტს შეიარაღებაში.
სტატიის მომზადების მომენტში ერთერთ ინტერნეტ გვერდზე ვიპოვე იდეალურ მდგომარეობაში მყოფი გასაყიდი ეგზემპლარი, რომელიც ღირდა 6250 CHF და ფასდაკლებით სპეციალურ ფასად იყიდებოდა 3150 CHF -ად. (1.00 CHF = 0.919341 EUR).

No comments:

Post a Comment