Walther P.38 და ყველაფერი მის შესახებ (ნაწ. 2)

დიდი პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ სტატიას ვალტერის ლეგენდარული მოდელის P.38 -ის შესახებ. სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > http://www.iaragi.com/2016/07/walther-p-38-1.html

P.38 -ის კონსტრუქციული თავისებურებები და სქემა
აღნიშნულ თავში შევეცდები დეტალურად განვიხილო პისტოლეტის კონსტრუქცია და მისი თავისებურებანი. Walther Р.38 მთლიანობაში შედგებოდა 58 ცალი დეტალისგან. მთავარ კვანძს წარმოადგენდა პისტოლეტის ჩარჩო, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, ორი ცალი დამაბრუნებელი ზამბარა (თითო თითო გვერდზე), პისტოლეტის დასაშლელათ განკუთვნილი ბერკეტი, საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ბერკეტი და მჭიდის ფიქსატორი. მეორე მთავარი კვანძი იყო პისტოლეტის საკეტ-გარსაცმი, რომელზეც მაგრდებოდა ლულა თავისი ჩამკეტი (გადამბმელი) მექანიზმით და წნა სამიზნე მოწყობილობით.
ასევე საკეტ-გარსაცმზე დამონტაჟებული იყო მცველის ბერკეტი, ლულის სავაზნეში არსებული ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი, საცემი ნემსა, ექსტრაქტორის ბრჭყალი (კბილი) და უკანა სამიზნე მოწყობილობა. 
სურათზე გამოსახულია საკეტ-გარსაცმის ზედა ნაწილი, რომელსაც მოხსნილი აქვს თავსაფარი და მოჩანს ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი. ასევე საკეტ-გარსაცმიდან მოხსნილია უკანა სამიზნე მოწყობილობაც.

 პისტოლეტის საკეტ-გარსაცმში ჩამონტაჯებული იყო ლულის სავაზნეში ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი. თუკი ლულის სავაზნეში მიწოდებული იყო ვაზნა, ჩახმახის ზევით ჩანდა პატარა გამოშვერილი წკირი. აღნიშნული წკირი იძლეოდა როგორც ვიზუალურ სიგნასლ, ასევე ცუდი განათების და სიბნელის პირობებში მსროლელს შეეძლო თითს მოსმით მოეხდინა გადამოწმება იყო თუ არა ლულის სავაზნეში ვაზნა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის პირველ ნაწილში, Walther Р-38 -ის სქემა მუშაობდა ლულუის მოკლე სვლის პრინციპით, სადაც ლულისა და საკეტის გადაბმულობას უზრუნველყოფდა ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი ქანაქრისებური ბლოკი.
აღნიშნულ ბლოკს ორივე გვერდზე გააჩნდა ბჯენები, რომელიც საკეტის ბოლომდე დახურულ მდგომარეობაში ყოფნისას, უზრუნველყოფდა საკეტ-გარსაცმის და ლულის გადაბმულობას. გასროლის დროს საკეტ-გარსაცმი და ლულა გადაბმულ მდგომარეობაში ერთად გადიოდა გარკვეულ მანძილს, რის შემდეგაც ქანქარისებურ ბლოკში გაყრილი ღერძი ებჯინებოდა პისტოლეტის ჩაჩოს.
ღერძის მიბჯენა ჩარჩოზე, იწვევდა ქანქარისებური ბლოკის გადაადგილებას ვერტიკალურ სიბრტყეში. ბლოკი ისე გადაადგილდებოდა ქვემოთ, რომ მის გვერდებზე არსებული ბჯენები ათავისუფლებდნენ საკეტ-გარსაცმს. ამის შემდეგ ლულა ჩერდებოდა და მხოლოდ საკეტ-გარსაცმი აგრძელებდა უკუსვლას. ეს ყველაფერი უზრუნველყოფდა  იმას, რომ ძლიერი 9x19 Parabellum - ვაზნის ტყვია ასწრებდა ლულის დატოვებას და უკვე შემდეგ იწყებოდა საკეტის გახსნის პროცესი.
პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების და გააჩნდა ღია ჩაქუჩისებური ჩახმახი. საბრძოლო ზამბარა ჩამონტაჟებული იყო პისტოლეტის ტარში ჩარჩოს უკანა მხარეს. წინასწარ შეყენებული (შემართული) ჩახმახის შემთხვევაში სასხლეტ კავზე გასროლისათვის საჭირო დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა საშუალოდ 2,5 კილოგრამს, ხოლო თვითშეყნებადი (ორმაგი რეჟიმის) შემთხვევაში გასროლის განხორციელებას ესაჭიროებოდა 6,5 კილოგრამამდე  დაწოლა. მსროლელს შეეძლო პისტოლეტი ეტარებინა ლულის სავაზნეში არსებული ვაზნით და დაშვებული ჩახმახით. ასეთ დროს მსროლელი გასროლას განახორციელებდა ორმაგი (თვითშეყენებადი) რეჟიმით, ხოლო პირველი გასროლის შემდეგ ჩახმახი საკეტ-გარსაცმის უკუგდების ხარჯზე შეიმართებოდა. თვითშეყენებადი რეჟიმი მტყუნების (ასეჩკის) შემთხვევაში იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მსროლელს ხელმეორედ დაეჭირა სასხლეტ კავზე და განეხორციელებინა ჩახმახის განმეორებადი დარტყმა საცემ ნემსაზე, რაც ავტომატურად გამოიწვევდა საცემი ნემსის ხელახალ დარტყმას ვაზნის კაფსულ-მაალებელზე. გარდა დადებითი თვისებებისა, ორმაგი მოქმედების რეჟიმით სროლას ბუნებრივია ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც, რომელიც ეხებოდა სასხლეტ კავზე თითის დაწოლის ძალისხმევას. ფაქტიურად ასეთი გასროლა მოითხოვდა სასხლეტზე სამჯერ მეტი ენერგიით დაწოლას, რაც საბოლოოდ ცუდად აისახებოდა პისტოლეტის სიზუსტეზე. თუმცა პრაქტიკულად რამდენად ხშირად მოხდებოდა ორმაგი რეჟიმით გასროლა ეს უკვე დიდი კამათის თემაა. ერთმაგი რეჟიმით სროლისას კი პისტოლეტი იძლეოდა იმდენად კარგ რეზულტატს, რომ ხშირად გერმანელები ასე ხუმრობდნენ: „ადამიანმა სულ რომ არ იცოდეს სროლა P-38 ით მაინც გაარტყავს მიზანსო“.
ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტ-გარსაცმი დგებოდა შემაკავებელზე და რჩებოდა ღია (უკანა პოზიციაში). პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დამონტაჟებული იყო ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი ხსნიდა საკეტ-გარსაცმს შემაკავებელიდან. პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 50 მეტრამდე სასროლათ. წინა სამიზნე მერცხლის ტიპის კუდის სამაგრით მაგრდებოდა ლულის ცხვირზე, ხოლო უკანა სამიზნეს გააჩნდა სპეციალური სამაგრი ბუდე.
საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს განთავსებული იყო დროშისებური მცველის ბერკეტი, რომლის გააქტიურებაც ახდენს საცემის ბლოკირებას. თუკი მცველს გავააქტიურებთ შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში, მოხდება ჩახმახის უსაფრთხო დაშვება და ამავდროულად საცემის ბლოკირება.
საბრძოლო გამოყენებისას გამოჩნდა, რომ P-38 იყო ზუსტი, საიმედო, ხარისხიანი, უსაფრთხო და ძლიერი პისტოლეტი, რის გამოც პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო გერმანელებს შორის, არამედ სხვა ქვეყნის მებრძოლებშიც. თავისი საბრძოლო თვისებებით P-38 არ ჩამორჩებოდა გეორგ ლუგერის Parabellum-ს და რიგი პარამერებით მასზე წინ იდგა. იმ პერიოდში გერმანიის არმიის შეიარაღებაში არსებული საშტატო ვაზნების გამოყენებისას, P-38 -დან ნასროლი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 355-375 მეტრ წამს. 25 მეტრ დისტანციაზე სროლისას ტყვია ხვრეტდა 23-25 სანტიმეტრიან ფიჭვის დაფას, ხოლო 20 მეტრამდე სროლისას, ტყვიის 90 გრადუსიანი კუთხით მოხვედრის შემთხვევაში ხვრეტდა 2 მილიმეტრიან რკინის ფურცელს.
P-38 იყო ერთერთი ყველაზე სანუკვარი ნადავლი ყველა მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცისთვის. დღეს ითვლება, რომ Walther P-38 მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ერთერთი საუკეთესო საარმიო პისტოლეტია. თუმცა იგი არ იყო უნაკლო და გააჩნდა გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. მთავარ უარყოფით მხარედ შეიძლება დასახელეს პისტოლეტის „ზედმეტად“ რთული კონსტრუქცია. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი P-38 უფრო იაფი ჯდებოდა და უფრო ადვილი დასამზადებელი იყო ვიდრე პარაბელუმი P-08, იგი მაინც რთული კონსტრუქციის მქონე პისტოლეტს მიეკუთვნება. სულ პისტოლეტში 12 ცალი ზამბარა გამოიყენება (აქედან 2 საკეტის დამაბრუნებელი ზამბარაა), მაშინ როდესაც ლუგერის პისტოლეტში (Parabellum P-08) სულ 7 ცალი ზამბარაა. შეძილება ითქვას, რომ P-38 -ის შექმნისას „დაიკიდეს“ დეტალების მრავალფუნქციურობა.
მაგალითად რომ ავიღოთ ლულის სავაზნეში ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი. P-38 –ის შემთხვევაში ის არის ცალკე დეტალი თავისი ზამბარით, როდესაც შესაძლებელი იყო აღნიშნული ინდიკატორის ფუნქცია შეეთავსებინა ექსტრაქტორის კბილს (ბრჭყალს). დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ აგრეთვე დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის წარმოებაზეც, რომელიც მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე მოითხოვდა უმაღლესი ხარისხის ფოლადის გამოყენებას და თერმოდამუშავებას. პისტოლეტების დამზადებას ართულებდა აგრეთვე სპეციალური ჩამკეტი ბლოკი და ამ ბლოკისთვის განკუთვნილი სპეციალური ღარები ლულაზე. საბოლოოდ ამ ბლოკის  კონსტრუქციულმა სირთულემ გამოიწვია ის, რომ პისტოლეტი გამოვიდა ზედმეტად განიერი.  შეიძლება ითქვას, რომ ერთრიგიანი მჭიდის მქონე პისტოლეტებში Walther P-38 ერთერთი ყველაზე განიერი მოდელია.
პისტოლეტ P-38 -ს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ განუცდია რაიმე ძირეული გადამუშავებები და ტექნიკური ცვლილებები. ძირითადი მუშაობები მიმდინარეობდა ომის მიწურულს, რაც მოიცავდა პისტოლეტის წარმოების გამარტივების პროცესს. იყო მცდელობები იმისა, რომ პრესების და დაბეჭდვის მეთოდით დამეზადებინათ პისტოლეტის საკეტ-გარსაცმი და ჩარჩო.  ასევე ომის პერიოდში ტარის ლოყების მასიური დამზადება ხდებოდა ბაკელიტისგან დაბეჭდვის მეთოდით. 
1943 წლის ზაფხულში პისტოლეტმა განიცადა მცირედი კონსტრუქციული ცვლილება. ცვლილება შეეხო პისტოლეტის ჩარჩოს, რომელიც ჩახმახის ნაწილში ოდნავ გასქელდა. ასევე უმნიშვნელო გეომეტრიული ცვლილება განიცადა მასრის ექსტრაქტორის ჭრილმა. 
დაფარვა და გარეგანი დამუშავება
თავდაპირველად Walther P-38 -ის დაფარვა ხდებოდა გაპრიალებით და ოქსიდირებით. ასეთი დაფარვის მქონე პისტოლეტები ყველაზე მდიდრულად გამოიყურებოდა. 1941 წლის მიწირულიდან პისტოლეტების დაფარვა ხდებოდა ფოსფატირების მეთოდით. ასეთი დაფარვა იძლეოდა მონაცრისფრო ელფერს. 1943 წლიდან რიგ ეგზემპლარებზე ხდებოდა იაფი ოქსიდირების გამოყენება, რომელიც მოყავისფრო ელფერს იძლეოდა. ასეთივე დამუშავებას გადიოდა ის ეგზემპლარები, რომლებიც სარემონტო სამუშაოების შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ არმიის რიგებში.
1944-45 წლებში დამზადებულ ეგზემპლარების გარკვეულ პარტიას შესაძლოა ეტყობოდეს ჩარხების და მექანიკური დამუშავების კვალი, (წვრილი ხაზებს სახით), რომელიც არ აისახება პისტოლეტის ბრძოლისუნარიანობაზე, თუმცა ესთეტიური თვალსაზრისით მოიკოჭლებს.
წარმოებები და მწარმოებლები
1941-1942 წლებში საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში ჩართვამ და აღმოსავლეთ ფრონტზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განვითარებამ განაპირობა მნიშვნელოვანი დანაკარგები გერმანიის შეიარაღებაში. ამ პერიოდში გერმანიამ დაკარგა ყველაზე მეტი რაოდენობის ხელის ცეცხლსასროლი იარაღი, რამაც გამოიწვია არმიის მხრიდან მოთხოვნების გაზრდა საშტატო „Walther P-38“ პისტოლეტებზე. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ Walther -ის ფაბრიკა ვერ უზრუნველყოფდა ამ რაოდენობის დაკმაყოფილებას. 1939-1941 წლებში ვალტერის ფაბრიკაში რეგულარულად დასაქმებული იყო 450-600 თანამშრომელი, რაც არარეალურს ხდიდა ამხელა შეკვეთების დაკმაყოფილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ საშტატო საარმიო პისტოლეტის წარმოებაში ჩართულიყვნენ სხვა მწარმოებლებიც.
1942 წელს პისტოლეტ Walther P.38 -ის ტექნიკური დოკუმენტაცია და პისტოლეტის წარმოების ლიცენზია გადაეცა ობერნ-დორფში მდებარე ფაბრიკას Mauser-Werke A G, რომელმაც 1942 წლის სექტემბერში უკვე დაიწყო პისტოლეტების პირველი პარტიის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მაუზერის ფაბრიკა ჩაერთო წარმოების პროცესში, გერმანიის ხელისუფლება ხვდებოდა, რომ მაინც არ იქნებოდა საკმარისი რესურსი იმ რაოდენობის პისტოლეტების წარმოებისათვს, რაც არმიას ესაჭიროებოდა. 1942 წელსვე წარმოების პროცესში ჩაერთო კიდევ ერთი ფაბრიკა Spree-Werke GmbH, რომელმაც მაუზერის ინჟინრების დახმარებით დაიწყო პისტოლეტების და მისი მაკომპლექტებელი დეტალების წარმოება ბერლინთან ახლოს შპანდაუში (Spandau) მდებარე საწარმო კომპლექსში და ჩეხოსლოვაკიის ქალაქ Hrádek nad Nisou (გერმანულად Grottau) საწარმოო კომპლექსში. 1943 წლის მაისიდან Spree-Werke GmbH -მ უკვე დაიწყო დამზადებული პისტოლეტების მიწოდება არმიის რიგებში.
1943 წლის გაზაფხულს უკვე სამი ძლიერი მწარმოებელი იყო ჩართული Walther P-38 -ის დამზადებაში: 1. მთავარი მწარმოებელი „Carl Walther Waffenfabrik GmbH“; 2. Mauser-Werke A G; 3. Spree-Werke GmbH.  პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პისტოლეტების წარმოება და მიწოდება სამი მწარმოებლისგან არ იყო საკმარისი. რადგანაც საჭირო იყო ასევე სათადარიგო და მაკოპლექტებელი დეტალების დამზადებაც. აქედან გამომდინარე გერმანიის ხელისუფლებამ წარმოების პროცესში ჩართო მათ კონტროლის ქვეშ არსებული სხვა ფაბრიკებიც. ესენი იყვნენ: ჩეხური კონცერნი Ceska Zbrojovka, რომელიც პრაღაში მდებარეობდა. ოკუპაციის პერიოდში Ceska Zbrojovka -ს გერმანელებმა შეუცვალეს დასახელება და უწოდეს „Bohmische Waffenfabrlk AG“. სწორედ ამ სახელით აწარმოებდა ფაბრიკა Walther P.38 -ის ლულებს. აღნიშნული ლულებით ხდებოდა Carl Walther Waffenfabrlk GmbH -ს და Spree-Werke GmbH -ს მომარაგება. (ამავე ფაბრიკაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელები აწარმოებდნენ ჩეხურ პისტოლეტს CZ-27 (Vz.27)  სახელწოდებით “P-27”). მეორე დისლოკაციის წერტილიც მდებარეობდა ჩეხეთში, კერძოდ ქალაქ ბრნოში არსებულ ფაბრიკა Zbrojovka Brno -ში, სადაც ახდენდნენ პისტოლეტ P.38 -ის  ჩარჩოების და საკეტ-გარსაცმების დამზადებას. ასვე ჩეხეთში იყო მესამე წერტილი ფაბრიკა Erste nordböhmische Metallwarenfabrik, რომელიც ამზადებდა P-38 -ისთვის განკუთვნილ მჭიდებს (სავანზე კოლოფებს). ამავე პერიოდში გერმანელების მოთხოვნით წარმოებაში ჩაერთო ბელგიაში, ჰერსტალში მდებარე ფაბრიკა Fabrique Nationale d'Armes de Guerre, სადაც ათვისებულ იქნა Walther P-38 -ის ჩარჩოების და საკეტ-გარსაცმების დამზადება. არმიის მჭიდებით მომარაგების პროცესში. გარდა Erste nordböhmische Metallwarenfabrik-ისა ჩაერთო გერმანული კომპანია C.G. Haenel Waffen - und Fahrradfabnk AG. 
წარმოებების რამოდენიმე წერტილში განთავსებამ და პარალელურ რეჟიმში მუშაობამ უზრუნველყო საბოლოო წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ზეპრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა ომის პერიოდში. 1944 წელს Carl Walther Waffenfabrik GmbH -მ მიაღწია იმას, რომ თვეში აწარმოებდა 10 000 ცალამდე პისტოლეტს (P.38). ფაბრიკა Mauser-Werke A.G. – თვეში ადიოდა 12 500 ცალამდე, ხოლო ფაბრიკა Spree-Werke გამოირჩეოდა ყველაზე მაღალი წარმადობით. აღნიშნულ ფაბრიკაში თვეში ამზადებდნენ 25 000 ცალ პისტოლეტამდე.
სულ ჯამში გერმანიის სამხედრო მრეწველობამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეიარაღებულ ძალებს და მესამე რეიხის სპეც-სამსახურებს მიაწოდა 1 180 000 ცალი პისტოლეტი Walther P-38. აქედან 1939-1945 წლებში კომპანია „Carl Walther Waffenafbrik GmbH“ -ს მიერ დამზადებულ იქნა 555 000 ცალი, ფაბრიკა  „Mauser-Werke A.G.“ -ს მიერ 1942-1945 წლებში დამზადებულ იქნა 340 000 ცალი, ხოლო ფაბრიკა „Spree-Werke GmbH“ -ს მიერ 1943-1945 წლებში დამზადებულ იქნა 285 000 ცალი ეგზემპლარი.
Parabellum P-08 -სთან შედარებით  P-38 –ის წარმოება ბევრად უფრო ნაკლები მატერიალური და დროითი დანახარჯებით ხდებოდა. ერთი ცალი P-38 -ის დამზადებას ესაჭიროებოდა 4,4 კგ მეტალი და 13 კაც/საათი. 1945 წლის იანვარში Mauser-Werke -ს ფაბრიკის მიერ დამზადებული P-38 -ის ღურებულება 31 მარკას შეადგენდა, მაშინ როდესაც 1942 წელს ამავე ფაბრიკას პისტოლეტი "Parabellum P-08" 35 მარკა უჯდებოდა.
P-38 -ის და ზოგადად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარმოებული გერმანული იარაღის მარკირებები და დამღები არის ერთერთი საინტერესო კვლევის ობიექტი, რადგანაც უამრავი სახის დამღები გხვდება. ქვემოთ შევეცდები ავღწერო ის ძირითადი დამღები, რომელიც შეიძლება შეგვხდეს P-38 -ის სხვადასხვა ძირითად და არაძირითად დეტალებზე.
მარკირებები და დამღები
Walther Waffenfabrik GmbH -ს მარკირებები. როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის პირველ ნაწილში, 0 სერიის პისტოლეტების შემდეგ გამოშვებულ ეგზემპლარებს მიენიჭა კოდი „480“.
ამავე წელს (1940) პისტოლეტებზე მოხდა მარკირების დატანა “ac”, 1941 წელს „ac41“, 1942 წელს „ac42“ და ა.შ.
რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, კოდური სახელწოდების მინიჭება თავდაპირველად განპირობებული იყო იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს ვერ მოეხდინათ იდენტიფიცირება თუ კონრეტულად სად და რომელი ფაბრიკის ტერიტორიაზე იყო დამზადებული პისტოლეტი.
Mauser-Werke A.G. -ს მარკირებები. პისტოლეტები, რომლებიც მზადდებოდა მაუზერის ფაბრიკაში (Mauser-Werke A. G.) მარკირებული იყო ასოებით «byf» და შემდეგ დამზადების წელი მაგალითად «byf 43», «byf 44». მაუზერის ფაბრიკის მიერ დამზადებული პისტოლეტის ფოლადის დეტალები მუშვდებოდა ფოსფატირების მეთოდით, ამიტომ გააჩნდა მონაცრისფრო ფერი. აგრეთვე მაუზერის ფაბრიკის მიერ დამზადებულ ეგზემპლარებს ხშირ შემთხვევაში გააჩნდა მოყავისფრო ბაკელიტის ტარის ლოყები (პანელები).
ითვლება, რომ ვალტერის ფაბრიკის (Walther Waffenfabrik GmbH) მერე ყველაზე გავრცელებული P-38 მოდელები არის სწორედ მაუზერის ფაბრიკის მიერ დამზადებული, რომელთაც აქვთ კოდები  «byf 42», «byf 43» და «byf 44».
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს (1945 წელს) მაუზერის მიერ წარმოებული P-38 იყო მარკირებული კოდით «svw45».
Spree-Werke GmbH -ს მარკირებები. აღნიშნული ფაბრკის ეგზემპლარებზე  დატანილი იყო კოდი «cyq», რომელიც 1945 წლიდან შეიცვალა და გახდა «cvq».
არსებობს მოსაზრება ვარაუდის დონეზე, რომ დადამღვისას გამოყენებული ინსტრუმენტი იმდენად გაცვდა, რომ აღარ ტოვებდა იგრეკის კუდს. შესაბამისად  ნაცვლად y -სა გამოდიოდა v ასო.
სურათზე ნაჩვენებია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარმოებული პისტოლეტების კოდები და Waffenamt დამღები კონკრეტული ფაბრიკების მიხედვით
სხვადასხვა მოდიფიკაციები
წლების მანძილზე გამოდიოდა Walther P-38 -ის სხვადასხვა მოდიფიკაციები, რომლებიც დღეს ძალზედ იშვიათობას წარმოადგენს. მაგალითად მცირედი პარტიებით იწარმოებოდა პისტოლეტები გათვლილი 7,65mm Parabellum (.30 Luger) ვაზნაზე, რომელიც რიგი წყაროების თანახმად კომერციული მიზნით შეიქმნა. ასევე ვარაუდის დონეზე საუბრობენ, რომ 7,65mm Parabellum ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარები ლათინოამერიკული ბაზრისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მცირე რაოდენობით არსებობდა საცდელი ეგზემპლარები გათვლილი ამერიკულ ვაზნაზე  .45 ACP. 
იშვიათი პროტოტიპი თავისუფალი საკეტით, რომელც გათვლილია წრიული აალების .22LR ვაზნაზე.
სავარჯიშოდ და სპორტული დანიშნულებით დამზადებულ იქნა ასევე თავისუფალი საკეტის სქემით მომუშავე პისტოლეტი წრიული აალების ვაზნაზე .22LR.
ფოტოზე ჩანს ღია საკეტი და ლულის უკანა მასიური ნაწილი, რომელსაც საბრძოლო P.38 -ისგან განსხვავებით არ გააჩნია მოძრავი ჩამკეტი ბლოკი. ეს იმით არის განპირობებული, რომ პისტოლეტი თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობს. 
P.38K
1944 წელს იმპერიის უშიშროების მთავარი სამმართველოს Reichssicherheitshauptamt  (RSHA) დაკვეთით დამზადებულ იქნა P-38 -ის დამოკლებული ვარიანტი ეგრედწოდებული „კურცი“ , სახელწოდებით „P-38K“. დამოკლებული პისტოლეტები შეიქმნა სპეციალურად გესტაპოსთვის, SS –ის და გერმანიის საიდუმლო სამსახურისთვის SD. დამოკლებული პისტოლეტების დამზადება მოხდა  ფაბრიკა Spree-Werke GmbH -ს მიერ, სწორედ ამიტომ პისტოლეტებზე დატანილი იყო ფაბრიკის კოდი «cyq».
სულ ჯამში დამზადებულ იქნა რამოდენიმე 1000 ცალი დამოკლებული ეგზემპლარი. დამოკლებული პისტოლეტის ლულის სიგრძე შეადგენდა 72მმ-ს. აქედან გამომდინარე პისტოლეტის წინა სამიზნე განთავსებული იყო საკეტ-გარსაცმის წინა ნაწილზე.
P.38K ენთუზიასტების მიერ დამოკლებული ლულით              
ვინაიდან დამოკლებული პისტოლეტი იშვიათობას წარმოადგენს და ფასობს საკოლექციო ბაზარზე, ენთუზისტების მიერ ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება ლულის „კუსტარული“ წესით დამოკლება. ასეთ ეგზემპლარებზე წინა სამიზნე დამონტაჟებულია ლულის წვერზე და შესაძლოა საკეტ-გარსაცმზე დატანილი იყოს, როგორც ვალტერის სავაჭრო ნიშანი ან კოდი, ასევე მაუზერის კოდიც (გააჩნია რომელი მწარმოებლის ეგზემპლარი დაამოკლეს).
ხშირად ასეთი ეგზემპლარის ლულები სხვადასხვა სიგრძეზეა დამოკლებული და მერყეობს 70-85 მილიმეტრამდე. ზოგი საკეტ-გარსაცმთან უფრო ახლოს არის გადაჭრილი, ხოლო ზოგი ოდნავ წინ. გვხდება ასევე კუსტარული წესით დამოკლებული ლულით აღჭურვილი მოდელები, რომელთაც სამიზნე ისე აქვთ განთავსებული, როგორც რეალურად უნდა ჰქონოდა ქარხნულ „Spree-Werke GmbH“ -ს მიერ დამზადებულ მოკლე ვარიანტს. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ვარიანტები დამოკლებული ლულით და ლულის წვეროზე განთავსებული წინა სამიზნით მეორე მსოფლიო ომის დროსაც გვხდებოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ მოკლე P.38 -ების თემა ცოტათი ბუნდოვანია.
მაყუჩიანი ვერსიები „P.38 SD“
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის საიდუმლო სამსახურის მიერ გამოიყენებოდა აგრეთვე სპეციალური ეგზემპლარები, სახელწოდებით „P38 SD“, რომლებსაც გააჩნდა დამოკლებული ლულა და ლულაზე არსებული სამაგრი, სპეციალურად ალისგარეშე და უხმო სროლის მოწყობილობისთვის. ასეთი პისტლეტები არ მზადდებოდა სერიულად, არამედ რამოდენიმე ერთეულის სახით მიეწოდებოდა საიდუმლო სამსახურს სპეციალურ ოპერაციაბში გამოსაყენებლად.
როგორია პისტოლეტის სწორი აღნიშვნა?
ზოგადად ლიტერატურაში პისტოლეტს აღნიშნავენ, როგორც „P-38“ და მეც არაერთხელ აღმინიშნავს ამ ფორმით, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში და ასევე პისტოლეტზე დატანილი მარკირება შესრულებულია წერტილით „P.38“.
ვის ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში P.38  შეიარაღებაში?
თავდაპირველად პისტოლეტები გადაეცათ სახმელეთო ჯარების ოფიცრებს, მძიმე ქვემეხების და საარტილერიო დანადგარების გათვლების პირველ ნომრებს, ვერმახტის უნტერ-ოფიცრების გარკვეულ ნაწილს და ესესის (SS -Schutzstaffel) საველე ჯარს. პისტოლეტების გარკვეული ნაწილი მოხვდა აგრეთვე გერმანიის საიდუმლო სამსახურში (SD –Sicherheitsdienst), გერმანიის იმპერიის უშიშროების მთავარ სამმართველოში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. არაოფიციალურად კი პისტოლეტი გააჩნდა ომში ჩართულ თითქმის ყველა ქვეყნის პარტიზანულ შეიარაღებებს და იმ ჯარისკაცებს, ვინც შეტაკებებში თუ ბრძოლებში ხელთ ჩაიგდო პისტოლეტი P.38.
ომის დასრულებისთანავე დამზადებული ეგზემპლარები (1945-1946 წლები)
მეორე მსოფლიო ომის დასრულების და გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ვალტერის ფაბრიკა ლიკვიდირებულ იქნა. იგივე ბედია ეწია Spree-Werke -საც. ორივე ფაბრიკის დაზგა-დანადგარები გატანილ იქნა საბჭოთა კავშირში, პოლონეთში ჩეხოსლოვაკიაში და იუგოსლავიაში.
1945-1946 წლებში Spree-Werke -ს ფაბრიკიდან მორჩენილი დეტალებით დამზადდა 3000 ცალამდე P-38, რომელიც შემდგომ  სახელწოდებით “Vz.46” ჩეხოსლოვაკიის სახალხო არმიას გადაეცა.  პისტოლეტების ამ პარტიას სასხლეტ კავთან მარჯვენა მხარეს გააჩნდა დამღა კოდის სახით „46“.
ასევე შეიძლება შეგვხვდეს ამ სერიის პისტოლეტები, რომელთაც დამღა "46" -ის ნაცვლად აქვს "E" ასოს სახით. შეიძლება ითქვას, რომ Vz46 არის ვიზუალურად ყველაზე უხარისხოდ დამზადებული P.38 -ის პარტია, რომელსაც ნათლად ეტყობა ჩარხის კვალი ზოლების და ნაჭდევების სახით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდში ერთადერთი ფაბრიკა, სადაც შესაძლებელი იყო P-38 -ის წარმოება გახლდათ ობერნდორფში მდებარე Mauser-Werke. 1945 წლის 20 აპრილს საფრანგეთის არმიამ დაიკავა ის ტერიტორია სადაც Mauser-Werke-ს ფაბრიკა იყო განთავსებული და საკუთარი საჭიროებისთვის დაიწყო P-38 -ის წარმოება. აღნიშნული პისტოლეტები გადაეცა საფრანგეთის საოკუპაციო ჯარს და პოლიციას. აგრეთვე მათი გამოყენება ხდებოდა საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ. საფრანგეთისთვის წარმოებულ პისტოლეტების დამზადება მოხდა ფაბრიკის საწყობებში მორჩენილი დეტალებით, ამიტომ ყველა საკეტ-გარსაცმზე დატანილი იყო მაუზერის ფაბრიკის კოდი “svw” და დამზადების წლის მანიშნებელი ბოლო ორი ციფრი 45.
 ფრანგების მიერ წარმოებულ ეგზემპლარებზე დატანილი იყო ასევე სპეციალური მარკირება ვარსკვლავის სახით, რომელიც საკეტ-გარსაცმის მარჯვენა მხარეს, ლულის მარჯვენა მხარეს და ჩამკეტ ბლოკზე იყო შესრულებული. ფრანგების მიერ დამზადებული ეგზემპლარები განსხვავდებოდა ტარის ლოყებითაც (პანელებით), რომელიც თავდაპირველად უბრლო პლასტმასისგან მზადდებოდა, ხოლო შემდეგ კი სპეციალური პრესის მეშვეობით მეტალის ფურცლისგან იბეჭდებოდა.
ფრანგების მიერ მაუზერის ფაბრიკაში დამზადებული პისტოლეტი მეტალის ფურცლისგან დაბეჭდილი ტარის ლოყებით (პანელით)
1946 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირის მიერ გამოთქმული არაერთი პროტესტის შედეგად მოხდა ობერნდორფში მდებარე ფაბრიკა Mauser-Werke A.G. -ის ლიკვიდირება. ფაბრიკის დანადგარები ისევე როგორც ვალტერის და შპრეევერკეს შემთვევაში გატანილ იქნა საბჭოთა კავშირში, ხოლო კომპლექსი სადაც ფაბრიკის აღჭურვილობა იყო განთავსებული ააფეთქეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ P-38 –ების და „Walther HP“ -ს გარკვეული ნაწილი მოხვდა აგრეთვე ავსტრიის მიერ აღდგენილ შეიარაღებულ ძალებში. ასეთი პისტოლეტების დადამღვა ხდებოდა როგორც „BH”.
გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment