ჩინური სპეციალური იარაღი Type 64

ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ჩინეთი წლების მანძილზე ძირითადად სხვადასხვა ქვეყნაში შემუშავებული ცეცხლსასროლი იარაღის კოპირებით იყო დაკავებული. 50-ან წლებში ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის (ჩინურად 中国人民解放军) შეიარაღებაში დიდი რაოდენობით ირიცხებოდა საბჭოთა კავშირში შექმნილი შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППШ-41) ჩინური კლონი სახელწოდებით “Type 50” და სუდაევის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППС-43) ჩინური კლონი “Type 54”. 1956 წელს მათ რიგებს შეურთდა კალაშნიკოვის ავტომატის მორიგი ჩინური კლონი “Type 56”. აღსანიშნავია, რომ სამივე იარაღი საბჭოთა კავშირის მიერ ოფიციალურად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მზადდებოდა ჩინეთის ტერიტორიაზე.

60-ანი წლების დასაწყისში ჩინეთში ინიცირებულ იქნა საკონსტრუქტორო-კვლევითი სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახის სპეციალური ცეცხლსასროლი იარაღის შემუშავებას. მთავარ მოთხოვნას სპეციალური იარაღის მიმართ წარმოადგენდა უხმო და ალისგარეშე სროლის შესაძლებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა იმ პერიოდისათვის საკმაოდ ინოვაციური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით „Type -64“. იარაღის შემუშავებას ხელმძღვანელობდა კონსტრუქტორი ლი ჩჟენგფანი (Li Zhengfan).  ჩვენი აზრით ეს იარაღი იმსახურებს დიდ ყურადღებას, რადგანც მისი შემუშავების პერიოდისათვის ბევრ ქვეყანას არ ჰქონია სერიულ წარმოებაში  ანალოგიური სახის კომპლექსური იარაღი, რომელიც აერთიანებდა სპეციალურ ვაზნას და სპეციალურ ავტომატურ იარაღს.
"Type 64" გაშლილი დუგლუგით და 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით
„Type-64“ შეიქმნა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის სპეცდანიშნულების დანაყოფისთვის. მისი ავტომატიკის სქემა სხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების იდენტურად აგებული იყო თავისუფალი საკეტის პრინციპით. სროლა წარმოებდა დახურული საკეტიდან. თავად საკეტი იმეორებდა “Type 54” -ში (საბჭოთა ППС-43 -ის ჩინური კლონი) გამოყენებული საკეტის ფორმას. იარაღს შეეძლო ცეცხლის გახსნა როგორც სრულიად ავტომატური ჯერებით, ასევე ერთეული გასროლებით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი წააგავდა ჩეხოსლოვაკიური მსუბუქი ტყვიამფრქვევის „ZB-26“ მექანიზმს და შესრულებული იყო დაბეჭდვის (დაშტამპვის) მეთოდით. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩეხოსლოვაკიური მსუბუქი ტყამფრქვევი „ZB-26“ გარკვეული რაოდენობით ირიცხებოდა ჩინეთის არმიის შეიარაღებაში, შესაბამისად მისი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოეწონათ ჩინელებს და გადაწყვიტეს იგივე პრინციპული სახის სქემა გამოეყენებინათ.
გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ Type-64 ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული. საწარმოო ხაზი გაიმართა ჩინეთში მდებარე სახელმწიფო ქარხანა 66-ში, რომელიც მოგვიანებით გადაეცა ქარხანას  „NORINCO“ (North Industries Group Co).
„Type -64“ არ იყო სტანდარტული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის ლულაზეც საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ მაგრდებოდა მაყუჩი (უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობა). მთავარ განსხვავებას წარმოადგენდა ის მომენტი, რომ იგი იყენებდა კომპლექსურ გადაწყვეტილებას იარაღზე ინტეგრირებული მაყუჩის და სპეციალური ვაზნის სახით, რომელთა ერთობლიობაც ეფექტურად ახდენდა გასროლის ხმის საგრძნობლად შემცირებას. ამავდროულად გასროლას თან არ ახლავდა ლულიდან გამოვარდნილი ალი, რაც ღამით სროლისას გამორიცხავდა მსროლელის დემასკირებას (აღმოჩენას).
იარაღის ლულას წინა ნაწილში კედლებზე ჰქონდა ნასვრეტებიანი (ე.წ. პერფორირებული)  მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფდა დენთის აირების გარკვეული ნაწილის გამოდინებას ინტეგრირებული მაყუჩის პირველად გამაფართოვებელ კამერაში. ნასვრეტები შესრულებული იყო 4 ცალი ჯგუფის სახით, რომლის თითო ჯგუფში შედიოდა 9 ცალი 3მმ-ანი დიამეტრის ნასვრეტი (ჯამში ნასვრეტების რაოდენობა შეადგენდა 36 ცალს).
არასრულად დაშლილი Type 64 და მისი მჭიდი
მაყუჩი იყენებდა 12 ცალ ქრომირებული ფოლადისგან დამზადებულ ტიხარს (ე.წ. სეპარატორს) და 1 ცალ დამატებით გამაფართოვებელ კამერას. აღნიშნული სეპარატორები ერთმანეთზე ცენტრირდებოდა 2 ცალი მიმმართველი ღერძის მეშვეობით. სროლის შემდეგ იარაღის მექანიზმი და მაყუჩი ზედმეტად ბინძურდებოდა ნამწვისგან, რაც Type-64-ის კონსტრუქციული თავისებურებით იყო გამოწვეული. გარდა ამისა ჩინური ვაზნები იყენებდა კოროზიულ კაფსულ-მაალებელს, რომელიც აგრესიულად მოქმედება იარაღის დეტალებზე და ითხოვდა რეგულარულ წმენდას. როგორც უკვე ავღნიშნეთ მაყუჩი იყო ლულაზე ინტეგრირებული ტიპის და იარაღი არ ითვალისწინებდა მის გარეშე სროლის წარმოებას.
ლულის კოლოფის თავსახური დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან, რომლის მოხსნის შემთხვევაში მსროლელს შეეძლო საკეტის და დამაბრუნებელი ზამბარის ამოღება ლულის კოლოფიდან. ლულის კოლოფში ასევე თავსდებოდა სინთეტიკური მასალისგან დამზადებული უკუცემის ბუფერი, რომელიც სროლის დროს ამცირებდა/შთანთქავდა ლულის კოლოფზე საკეტის დაჯახების გარკვეულ ენერგიას.
ღია სამიზნე მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ინტეგრირებული მაყუჩის გარსაცმზე, რომლის უკანა სამიზნეს ჰქონდა 2 პოზცია. პოზიცია მარკირებით „10“ - გამოიყენებოდა 100 მეტრამდე სროლისთვის, ხოლო პოზიცია მარკირებით „20“ - გამოიყენებოდა 200 მეტრამდე სროლისთვის. წინა სამიზნეს ჰქონდა ხრახნიანი სამაგრი, რისი წყალობითაც შესაძლებელი იყო მისი დარეგულირება ვერტიკალურ ხაზში (მაღლა ან დაბლა). პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან სროლის ეფექტური მანძილი შეადგენდა 135-200 მეტრს.
სროლის რეჟიმების გადამრთველი (ე.წ. სელექტორი) განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს პისტოლეტისებური სახელურის ზევით, რომელსაც ჰქონდა ჩინური იოროგლიფებით მარკირებული 2 პოზიცია. თუ სელექტორი გადაწეული იყო წინა პოზიციაში, მაშინ იარაღი ისროდა  ერთეულ რეჟიმში, ხოლო უკანა პოზციაში გადაწევისას სრულიად ავტომატური ჯერებით. სელექტორზე მანიპულირება მარტივად ხდებოდა მსროლელის მარჯვენა ხელის ცერა თითით (მემარცხენა მსროლელის შემთხვევაში კი საჩვენებელი თითით). 
ფოტოზე ჩანს ლულის კოლოფზე დამონტაჟებული კალაშნიკოვის ავტომატის მსგავსი ბერკეტისებური მცველი. ასევე ჩანს მეორე მცველი, რომელიც СКС -ში გამოყენებული მცველის მსგავსია და ახდენს სასხლეტის ბლოკირებას
ლულის კოლოფის მარჯვნა მხარეს დამონტაჟებული იყო კალაშნიკოვის მცველის ბერკეტის მსგავსი გადამრთველი, რომელიც ზევით აწეულ პოზიციაში ახდენდა სასხლეტის და საკეტის ბლოკირებას, ხოლო ქვევით დაწევის შემთხვევაში იარაღი იხსნებოდა მცველიდან. Type 64 -ს ასევე ჰქონდა დამატებითი მექანიკური მცველი, რომელიც სასხლეტის უკან იყო დამონტაჟებული. აღნიშნული მცველი წააგავს საბჭოთა კავშირში დამზადებულ სიმონოვის თვიტდამტენ კარაბინში (СКС) გამოყენებულ მცველს და იგივე პრინციპით მუშაობს.
Type 64 დაკეცილი დუგლუგით და 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით
თუ დავაკვირდებით ფოტოსურათს, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გარკვეულ კვანძებში მარტივად ამოვიცნობთ კალაშნიკოვის ავტომატისთვის დამახასიათბელ შტრიხებს. მაგალითად ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური აღებულ იქნა ჩინური კალაშნიკოვის ავტომატისგან „Type-56“. ასევე კალაშნიკოვის ავტომატის ანალოგიურად არის მოწყობილი საკეცი დუგლუგი, რომელიც ლულის კოლოფის გასწვრივ ქვემოთ იკეცებოდა. Type-64 -ის ლულის კოლოფი დამზადებული იყო ფრეზირების მეთოდით და მისი მოყვანილობა ასევე კალაშნიკოვის ავტომატის ლულის კოლოფს წააგავდა.
ვაზნა „7,62x25mm Type-64“ (7.62mm Type P)
Type-64-ისთვის შემუშავდა სპეციალური ვაზნა, რომელიც შედგებოდა ტოკარევის პისტოლეტის ვაზნის (7,62х25 ТТ) მასრისგან, მახვილ თავიანი მძიმე ტყვიისგან, რომელსაც ჰქონდა ფოლადის გულარი და შემცირებული დენთის მუხტისგან. სპეციალურ ვაზნას მიენიჭა აღნიშვნა „7,62x25mm Type-64“ (7.62mm Type P).
ვაზნა 7,62x25mm Type-64
მძიმე ტყვიის, შემცირებული დენთის მუხტის და ამავდროლულად ლულაზე არსებული ნასვრეტების წყალობით ტყვია ლულას ტოვებდა ქვებგერითი სიჩქარით, რაც გასროლას ხდიდა კიდევ უფრო ჩუმს. გამოუვალ მდგომარეობაში შესაძლებელი იყო ჩინეთის არმიის სტანდარული „7,62x25 Type-51“ (საბჭოთა ვაზნის 7,62х25 ТТ ჩინური ანალოგი)  ნომენკლატურის მქონე ვაზნების გამოყენება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ხმის ჩახშობა ვერ ხდებოდა ეფექტურად და ინტეგრირებული მაყუჩის რესურსიც უფრო მალე მცირდებოდა.
„7,62x25mm Type-64“ (7.62mm Type P) ვაზნის მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა: ტყვიის წონა (მასა): 7,78 გრამი (120 Grain); ტყვიის საწყისი სიჩაქრე: 285-305 მ/წამი; ტყვიის ენერგია ლულიდან გამოსვლისას: 316 – 362 ჯოული.
ფოტოზე ჩანს „7,62x25mm Type-64“ (7.62mm Type P) ვაზნაში გამოყენებული ფოლადის გულარი (ე.წ. პენეტრატორი)
 
სტატიის დასაწყისში ჩვენ ავღნიშნეთ რომ  „Type-64“ იმსახურებს დიდ ყურადღებას და შევეცდები განვმარტო რატომ მიმაჩნია ასე. როგორც უკვე ვისაუბრეთ სტატიის ზევით, Type-64-ის შექმნის პერიოდში მსგავსი სახის კომპლექსური იარაღი (ავტომატური იარაღი ინტეგრირებული მაყუჩით + სპეციალური ვაზნა) არცერთ ქვეყანას არ ჰქონია სერიულ წარმოებაში. ძირითადად მხოლოდ საცდელი სახით ხდებოდა მათი შემუშავება და მცირე რაოდენობით დამზადება. ალბათ ამ კუთხით ერთერთი ყვლეაზე ცნობილი და შედარებით მასიურად წარმოებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყო ამერიკული „M3“ (Grease gun) ინტეგრირებული მაყუჩით ეგრედწოდებული “OSS M3”. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას არ სჭირდებოდა სპეციალური საბრძოლო მასალა, რადგანაც მასში გამოყენებული .45ACP ტიპის ვაზნა ისედაც მძიმე ტყვიით დამუხტული და ქვებგერითი სიჩქარის მქონეა. იგივე შეიძლება ითქვას ბრიტანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ STEN -ზე, რომელიც ინტეგრირებულ მაყუჩს იყენებდა და საშტატო 9x19 ტიპის ვაზნებზე იყო გათვლილი.
Type-64 საინტერესოა კიდევ ერთი ეპიზოდის გამო. 1942 წელს საბჭოთა კავშირში ცადეს გაეკეთებინათ დეგტიაროვის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППД) ვარიანტი, რომელსაც ინტეგრირებული ექნებოდა ძმები მიტინების მაყუჩი ე.წ. "Брамит".  ვინაიდან სტანდარტული ტოკარევის პისტოლეტის ვაზნა 7,62х25 ТТ იყო ზებგერითი, შემუშავდა სპეციალური ვაზნა  (7,62х25 ТТ -ს მასრა, რომელშიც ჩამაგრებული იყო მოსინის შაშხანის 7,62მმ-ანი მსუბუქი ტყვია). სპეციალური ვაზნა გამოვიდა  ბევრად გრძელი, ამიტომ საჭირო გახდა ППД-სთვის სპეციალური მჭიდის მიმღების და ახალი მჭიდის დამზადება, რაზეც საბოლოოდ უარი თქვეს.  70-ანი წლების მიწურულს, საბჭოთა კავშირმა შეისწავლა ჩინელების მიერ შემუშავებული Type 64 და დაიწყეს საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომლის მიზანიც იყო უხმო სნაიპერული იარაღის შემუშავება. ამ შემთხვევაში მათ გამოიყენეს ჩინელების ანალოგიური გადაწყვეტილება და საცდელი იარაღის შემუშავება მოახდინეს 7,62х25 ТТ ტიპის ვაზნაზნის მასრის ბაზაზე აგებული საბრძოლო მასალით. მარტივად რომ ვთქვათ მათაც გამოიყენეს პისტოლეტის 7,62х25 ТТ მასრა, რომელსაც ჩინური ვაზნის იდენტურად დაუმაგრეს მძიმე და მახვილი ტყვია.  შემდგომ საცდელი სამუშაოები გააგრძელეს შემდეგი პრინციპით. აიღეს 5,45х39 ტიპის ვაზნის მასრა, გადაჭრეს 28 მმ-მდე, გაუკეთეს ბოთლისებური ყელი ისე, რომ მასში ჩამაგრებულიყო 7,62მმ-ანი მახვილი თავიანი ტყვია და შექმნეს საცდელი ვაზნა სამუშაო სახელწოდებით  ”7,62х28 РГ-037“. სწორედ ამ საცდელი ვაზნის ბაზაზე ЦНИИточмаш -ში  დაწყებულ იქნა პროგრამა შიფრით «Винторез».
არასრულად დაშლილი სპეციალური სნაიპერული შაშხანა ВСС «Винторез»
შემდგომ არადამაკმაყოფილებელი შემაჩერებელი ენერგიის და ცუდი ბალისტიკური მონაცემების გამო კვლავ შეცვალეს ვაზნის კალიბრი და კონსტრუქცია. საბოლოოდ კი 80-ანი წლებს ბოლოს შეიარაღებაში მიიღეს დღეისათვის ცნობილი კომპლექსი  ВСС «Винторез» ასევე АС «Валл»  და მათში გამოყენებული 9მმ-ანი სპეციალური ვაზნები 9х39 СП-5/СП-6. როგორც ხედავთ საბჭოთა კავშირს მინიმუმ 12 წლით უსწრებდა ჩინეთი მსგავსი იარაღის სერიულ წარმოებაში ჩაშვების კუთხით. მიუხედავად ამისა რუსები ჩვეული ეპატაჟით მაინც ამბობენ თავიანთ საყვარელ ფრაზას «Не имеющий аналогов в мире». მართალია საბოლოოდ შეიარაღებაში მიღებული 9х39 ტიპის საბჭოთა ვაზნა თავისი მახასიათებლებით უკვე შუალედური ვაზნების კატეგორიაში გადის, მაგრამ კონცეპტუალურად მათ იმავე გზით დაიწყეს ექსპერიმენტები, რომელიც ჩინელებს უკვე გავლილი ჰქონდათ.
Type 64 ჩინელი ჯარისკაცის ხელში
საბოლოო ჯამში ჩინური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და მისი ვაზნა ახლო დისტანციაზე ცეცხლის წარმოებისთვის იყო საკმაოდ ეფექტური კომპლექსი, თუმცა იარაღის  დამზადების ხარისხი არ აკმაყოფილებდა გარკვეულ მოთხოვნებს, რაც აისახებოდა დეტალბის დაბალ სიცოცლისუნარიანობაზე. სწორედ ამიტომ 1979-1983 წლებში სასწრაფო წესით დაიწყეს მუშაობა გამარტივებულ ეგზემპლარზე, რომელსაც ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია Type-64-ის ნაცვლად მიიღებდა შეიარაღებაში.  აღნიშნული სამუშაოები და მის ფარგლებში შექმნილი იარაღები კი უკვე ცალკე სტატიის თემაა, ამიტომ მათ შესახებ მომდევნო ნაწილში გიამბობთ. მომდევნო ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე > სპეციალური იარაღი Type 85.

No comments:

Post a Comment