Rast-Gasser M1898

1860-ან წლებში ლეოპოლდ გასერის (Leopold Gasser) მიერ დაფუძნებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი კომპანია „Waffenfabrik Leopold Gasser“, რომლის პროდუქციითაც შეიარაღებული იყო არა მხოლოდ ავსტრო-უნგრეთის არმია, არამედ ბალკანეთის ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი. ლეპოლდ გასერის კომპანია ყველაზე მეტად ცნობილი გახდა რევოლვერების ფართო ასორტიმენტის წარმოებით. 1871 წელს ლეოპოლდ გასერი გარდაიცვალა, თუმცა ამით კომპანიას არ შეუწყვეტია მოღვაწეობა და მაინც აგრძელებდა ახალი მოდელების წარმოებას, რომლებიც თავად ლეოპოლდ გასერის სახელზე გაცემული პატენტების მიხედვით იყო კონსტრუირებული. ლეოპოლდ გასერის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას ხელმძღვანელობდა მისი ძმა იოჰან გასერი (Johann Gasser). ფაბრიკაში დასაქმებული იყო აგრეთვე მესამე ძმა მაიკლ გასერი (Michael Gasser), რომელმაც 1877 წელს გაიცნო აუგუსტ რასტი (August Rast)  და შესთავაზა ერთად ეწარმოებინათ ბიზნესი. აუგუსტ რასტი დაიბადა 1846 წელს, იგი ადრეული ასკადიან დაეუფლა საზეინკლო საქმიანობას და 1868 წელს საკერავი მანქანების ქარხნა დააფუძნა. 1873 წელს მისმა საკერავმა მანქანამ ვენაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ჯილდოც კი მოიპოვა.    აუგუსტ რასტმა და მაიკლ გასერმა ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩამოაყალიბეს თავიანთი კომპანია, რომელსაც „Rast & Gasser” უწოდეს. კომპანია ძველებურად აწარმოებდა საკერავ მანქანებს, ხოლო მოგვიანებით  მიიღო  შეკვეთა იარაღის, კერძოდ კი ავსტრიული შაშხანის „Mannlicher M1888“ გარკვეული დეტალების და სათადარიგო ნაწილების დამზადებაზე.
 
1890-ანი წლების დასაწყისში ავსტრო-უნგრეთის სამხედრო პირებმა დღის წესრიგში დააყენეს ოფიცრებისთვის ახალი რევოლვერის შემუშავების და შეიარაღებაში მიღების საკითხი. ჩატარდა სხვადასხვა უცხოური ეგზემპლარების გამოცდებიც, რომელთა შორის იყო ბელგიელი ანრი პიპერის სისტემის რევოლვერი და 8მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ფრანგული რევოლვერი Mle.1892. ფრანგულმა რევოლვერმა მოწონება დაიმსახურა საგამოცდო კომისიის წევრებისგან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენ.
1890-ანი წლების მეორე ნახევარში, აუგუსტ რასტმა დაიწყო მუშაობა საკუთარი რევოლვერის შექმნაზე. მან ლეოპოლდ გასერის პატენტებიდან აიღო რამოდენიმე დეტალი, ხოლო მთავარი საკვანძო დეტალები თავად შეიმუშავა და დააპროექტა ახალი რევოლვერი.
აუგუსტ რასტის რევოლვერი Rast-Gasser M1898
1897 წელს ავსტო-უნგრეთში გამოჩნდა იმ ეპოქისათვის „ახალი ხილი“  თვითდამტენი პისტოლეტების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრო-უნგრეთი ამ კუთხით საკმაოდ მდიდარია, რადგანაც სწორედ ამ ქვეყანაში მოღვაწეობდნენ თვიტდამტენი პისტოლეტების შექმნელი ისეთი პიონერები, როგორიც იყო შონბერგერი, როტი, კრნკა, მანლიხერი, მაიორი ფონ დორმუსი და ერცჰერცოგი კარლს სალვატორი. სამხედრო კომისიამ შეისწავლა თვითდამტენი პისტოლეტები და ზედმეტად რთულად ჩათვალა მათი კონსტრუქცია, სწორედ ამიტომ საბოლოო არჩევანი ისევ რევოლვერზე შეჩერდა.
1898 წელს ავსტრო-უნგრეთის არმიამ გამოაცხადა ახალი რევოლვერის შესარჩევი კონკურსი, რომლის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნებში აღწერილი მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა აუგუსტ რასტის მიერ შემუშავებულ რევოლვერს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს 2 მოსაზრება. ნაწილი ამბობს, რომ აუგუსტ რასტის რევოლვერს წინასწარ გაეცნო კომისია და სწორედ მისი მიხედვით მოხდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების გაწერა, რადგანაც რევოლვერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ კომისიის წევრებსა და გასერის კომპანიას შორის მოხდა ფარული გარიგება. დღეს ძნელია გადაწრით ვთქვათ თუ რა მოხდა სინამდვილეში. ფაქტი კი ისაა, რომ 1899 წლის 28 თებერვალს ავსტრიის იმპერატორმა გასცა წერილობითი ბრძანება, რომლის თანახმად რევოლვერი „Rast-Gasser M1898“ ოფიციალურად იქნა მიღებული ავსტრო-უნგრეთის არმიის შეიარაღებაში.
 
რევოლვერის კონსტრუქციული მხარე
რევოლვერს „Rast-Gasser M1898” აქვს ფოლადისგან დამზადებული მონოლითური ჩარჩო. დოლურაში ვაზნების ჩალაგება და მასრების ექსტრაქცია (ამოყრა) ხდება აბადის (Abadie) ტიპის კარებიდან, რომელიც რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს არის დამაგრებული. ლულის ქვემოთ განთავსებულია ზამბარიანი ექსტრაქტორი, რომლის მეშვებოთაც თანმიმდევრულად ხდება დოლურიდან მასრების ამოყრა. როდესაც აბადის კარები არის ღია, სასხლეტი თავისუფლდება დამრტყმელი მექანიზმისგან. ამ დროს მსროლელი სასხლეტზე თითის მსუბუქი დაჭერით აბრუნებს დოლურას და სათითაოდ ახდენს მის კამერებში ვაზნების ჩალაგებას, ან მასრების ამოყრას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, სწრაფად ხდებოდა რევოლვერის დამუხტვა და განმუხტვა, რაც თავისთავად ზრდიდა იარაღის საბრძოლო სწრაფსროლას.
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ორმაგი მოქმდების და იძლევა სროლის საშუალებას, როგორც თვითშეყენებად, ასევე ჩახმახის წინასწარ შეყენების მეთოდით. იმ ეპოქის რევოლვერებისგან განსხვავებით „Rast-Gasser M1898”-ის ჩახმახზე არ არის დამაგრებული საცემი. ამ შემთხვევაში საცემი ჩამაგრებულია რევოლვერის ჩარჩოზე გაკეთებულ სპეციალურ ბუდეში.
ფოტოზე ჩანს აბადის ტიპის გახსნილი კარები, შეყენებული ჩახმახი და ჩარჩოში ჩამაგრებული საცემი
გასროლის დროს ჩახმახი ურტყავს საცემს, რომელიც თავის მხრივ იწვევს კაფსულ-მაალებლის აალებას. იმისათვის, რომ საცემის წვერი მუდმივად არ ედებოდეს დოლურაში არსებულ ვაზნის კაფსულ-მაალებელს და ხელი არ შეუშალოს  დოლურას გადაბრუნებას, საცემის ბუდეში ჩამაგრებულია უკან დამხევი ზამბარა. დაშვებული ჩახმახის შემთხვევაში ჩახმახი არ ებჯინება საცემის კუდს. ჩახმახი საცემს ეჯახება მხოლოდ იმ შემთვევაში, როდესაც მსროლელი ბოლომდე აწვება სახლეტს. აღნიშნული დაცვის წყალობით, მინიმუმამდეა დაყვანილი თვითნებური გასროლა რევოლვერის დავარდნის ან მყარ ზედპირზე დაჯახების შემთვევში. უნდა ითქვას, რომ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და ჩახმახის უკან დამხევის კონსტრუქცია სავარაუდოდ აღებულ იქნა ბელგიელი ჟან ვარნანის (Warnant) სისტემის რევოლვერიდან.
„Rast-Gasser M1898”-ის დოლურას გარედან არ გააჩნია ამონაჭრელები, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია სხვადასხვა რევოლვერებში იარაღის საერთო წონის შემცირების მიზნით.
Rast-Gasser M1898 -ის სამიზნე მოწყობილობა შედგება ლულის ცხვირზე დამაგრებული წინა სამიზნისგან და ჩარჩოზე ზედა მხრიდან შესრულებული ჭრილისგან, რომელიც უკანა სამიზნის დანიშნულებას ასრულებს.
უკანა სამიზნე მოწყობილობა
შეიძლება ითქვას, რომ Rast-Gasser M1898 -ის სახელურს, ლულის ღერძთან მიმართებაში ფაქტიურად არ გააჩნდა დახრის კუთხე, რაც საგრძნობლად ართულებდა სწრაფ დამიზნებას. თუმცა თვითონ სახელურის მოყვანილობა/ფორმა იყო ძალზედ მოსახერხებელი.  სახელურის ბოლოში დამაგრებული იყო ქამრის სამაგრი რგოლი. რევოლვერის სახლურს გააჩნდა ხისგან დამზადებული ლოყები, რომელზეც ხელის უკეთესი მოჭიდებისთვის შესრულებული იყო რომბისებური ნაჭდევები.
რევოლვერის მნიშვნელოვან განმანსხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მასში თითქმის არ იყო გამოყენებული ხრხანიანი შემაერთებლები, რაც აადვილებდა მის დაშლას და არ მოითხოვდა რაიმე დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებას.
იმისათვის, რომ მსროლელს ჰქონოდა დამრტყმელსასხლეტ მექანიზმთან წვდომა, საჭირო იყო სასხლეტს დამცავი კავის შემობრუნება, რის შემდეგაც მსროლელი ზევით და მარჯვნივ გადაწევდა რევოლვერის ჩარჩოს მარცხენა მხრიდან განთავსებულ ჩარჩოს კედელს.
რევოლვერის წარმოება
Rast-Gasser M1898-ის სერიული წარმოება დაიწყო 1901 წელს ვენაში მდებარე ლეოპოლდ გასერის საწარმოში „Waffenfabrik Leopold Gasser“ (Leopold Gasser Waffenfabrik), ამიტომ მათზე დატანილი იყო მარკიება «L. Gasser Patent Wien».
1903 წელს კომპანია „Waffenfabrik Leopold Gasser“ გაკოტრდა, ხოლო კომპანია Rast-Gasser-მა კიდევ უფრო გააძლიერა იარაღის და მათი დეტალების წარმოება. შესაბამისად Rast-Gasser M1898-ის წარმოებამ აღნიშნულ საწარმოში გადაინაცვლა. დაახლოებით სერიული ნომრიდან 17 000 წარმოებულ რევოლვერებზე გხვდება უკვე ახალი წარწერა «Patent Rast & Gasser Wien». 1901 წლიდან 1914 წლის ბოლომდე დამზადებულ იქნა დაახლოებით 32 500 ცალი რევოლვერი.  1914 წლის ბოლოს რევოლვერმა განიცადა მცირედი კონსტრუქციული გადამუშავება, ხოლო პირველი მსოლიო ომის დაწყებიდან გამომდინარე ფაბრიკა ვეღარ მარაგდებოდა ვოლფრამით, ამიტომ 1915 წლის გაზაფხულიდან რევოლვერის ლულები მზადდებოდა მოლიბდენის ფოლადით.  სერიული ნომრიდან 64 900 (რიგი წყაროების თანახმად 74 500 ნომრიდან) ნომრის წინ დატანილი იქნა აღნიშვნა „ML“. რომელიც  აღნიშნავდა, რომ ლულა დამზადებული იყო მოლიბდენის ფოლადით. [აღნიშვნა „ML იშიფრება როგორც Molybdan Legiertem Stahl - მოლიბდენით ლეგირებული ფოლადი].  
 
1918 წელს რევოლვერის წარმოება შეწყდა. თუმცა 1918 წლის შემდგომ მოხდა მორჩენილი დეტალებისგან გარკვეული რაოდენობის დამზადება. სულ ჯამში დამზადებული რევოლვერების საერთო რაოდენობამ შეადგინა 198 000- 200 000 ცალამდე.
რევოლვერი Rast-Gasser M1898 საარმიო რევოლვერის სახით (უკვე როგორც სათადარიგო იარაღი) საწყობებში აღირიცხებოდა 1938 წლამდე.
გარდა ავსტრიისა რევოლვერის მოდიფიცირებული ვარიანტი მზადდებოდა ბელგიაში კომპანია „Manufacture d'Armes Liégeoise“ მიერ, რომელიც გათვლილი იყო ბელგიურ ვაზნაზე 7,62mm Nagant. ბელგიური რევოლვერების ლულა იყო უფრო მოკლე და გააჩნდა ნაგანის 1895 წლის რევოლვერის მსგავსი მომრგვალებული წინა სამიზნე მოწყობილობა. ასევე ბელგიურ რევოლვერს გააჩნდა მოკლე ტარი. საერთო ჯამში ბელგიური რევოლვერი ჰგავდა ნაგანის მოკლე რევოლვერს. სულ ბელგიაში დამზადებულ იქნა დაახლოებით 5000-5050 ცალი რევოლვერი.
ყველაზე იშვიათ ეგზემპლარს წარმოადგენს ვინმე Joseph Tambour-ის მიერ მოდიფიცირებული რევლოვერები Rast-Gasser M1898, რომელსაც ტარის უკანა ნაწილში გააჩნია კლავიშისებური მცველი. აღნიშნული მცველი ითიშება მსროლელის ხელის მტევნის მოჭერის შედეგად. დღეის მდგომარეობით ასეთი მოდიფიცირებული რევოლვერის 4 ცალი ეგზემპლარის ვინაობაა ცნობილი. როგორც წესი მათი ღირებულება აღემატება 5000-6000 აშშ დოლარს.
Joseph Tambour-ის  მცველით აღჭურვილი რევოლვერი
 
რევოლვერის ვაზნა
Georg Roth-ის ფაბრიკაში სპეციალურად Rast-Gasser M1898 -სთვის შემუშავდა 8მმ-ანი ვაზნა, რომელიც თავისი გაბარიტებით ახლოს იდგა ფრანგული რევოლვერის Mle.1892 ვაზნასთან. ვაზნის აღნიშვნა სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხდეს შემდეგნაირად: 8 mm Gasser Infanterie Offiziers Revolver; 8 mm Gasser Revolver; 8 mm Österreichrischer Armee-Offiziers-Revolver M.1898; 8,1x27 mm; 8,2x27,5 mm Revolver Mod.98; 8 mm Rast-Gasser; GR 304
მარცხნივ რასტ-გასერის რევოლვერის 8მმ-ანი ვაზნა, ხოლო მარჯნივ 9x19 Parabellum (9mm Luger)ტიპის ვაზნა
სტანდარტული საშტატო ვაზნა დამუხტული იყო 7,8 გრამიანი წაკვეთილი ცხვირიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 240მ/წამს, ხოლო ენერგია ლულიდან გამოსლის მომენტში იყო 225 ჯოული. ვინაიდან გასერის რევოლვერები საკმაო რაოდენობით შემორჩა, სპეციალურად კოლექციონერებისთვის 8 mm Rast-Gasser ტიპის ვაზნას დღესაც აწარმოებს იტალიური კომპანია “Fiocchi”
კომპანია “Fiocchi”-ს მიერ დამზადებული ვაზნა და მისი ორიგინალური მუყაოს კოლოფის გამოსახულება
Rast-Gasser M1898 გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით და მაღალი საექსპლუატაციო თვისებებით. მისი დამზადების ხარისხი იყო უმაღლეს დონეზე, რაც ხარისხის მკაცრი კონტროლით იყო განპირობებული. ასევე მისი 8მმ-ანი ვაზნა იმ ეპოქისთვის იყო დამაკმაყოფილებელი, რისი წყალობითაც რევოლვერი ავსტრო-უნგრეთის არმიის შეიარაღებაში პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე წარმატებით გამოიყენებოდა. თუმცა ავსტრო-უნგრეთის ოფიცერთა რიგებში ბევრს არ აკმაყოფილებდა რევოლვერის ერგონომიულობა და დაბალი საბრძოლო სწრაფსროლა. ამიტომ ოფიცრები საკუთარი ინიციატივით ცვლიდნენ რევოლვერს ავსტრო-უნგრეთში წარმოებულ თვიტდამტენ პისტოლეტებში ან საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ სხვადასხვა თვითდამტენ პისტოლეტებს. ავსტრო-უნგრეთის დამარცხების შემდეგ, რევოლვერების დიდი ნაწილი ნაალაფარის სახით მოხვდა იტალიაში სადაც მას მერე მსოფლიო ომის ბოლომდე იყენებდნენ.
1922 წელს აუგუტს რასტი გარდაცვალა, ხოლო საიარაღო საქმე გააგრძელა მისმა შვილმა Josef Rast-მა. 1929 წელს კომპანია მთლიანად გადაერთო საკერავი მანქანების წარმოებაზე და შეწყვიტა იარაღის (ასევე მისი მაკოპლექტებელი დეტალების) წარმოება. მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ისევ აქტიუალური გახდა იარაღის დამზადება, ამიტომ კომპანიამ კვლავ განაახლა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. 1976 წელს კომპანია Rast & Gasser გაკოტრდა.

No comments:

Post a Comment