სპეციალური პისტოლეტი Type 64

რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩინეთში შექმნილ სპეციალურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე სახელწოდებით Type 64 (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ჩინური სპეციალური იარაღი Type 64), რომელსაც ჰქონდა ლულაზე ინტეგრირებული  უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობა (მაყუჩი). ზუსტად ამავე პერიოდში და იგივე საკონსტრუქტორო-კვლევითი სამუშაოების ფარგლებში ასევე შემუშავდა სპეციალური პისტოლეტი ლულაზე ინტეგრირებული უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობით, რომელიც იგივე სახელწოდებას “Type 64” ატარებს. იგივე სახელწოდება განპირობებულია იმით, რომ სპეციალური პისტოლეტი Type 64 და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Type 64 ერთდროულად კომპლექსური სახით მიიღეს ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის (ჩინურად 中国人民解放) შეიარაღებაში 1964 წელს. აქვე ავღნიშნავ, რომ ამ პერიოდში ჩინეთში იგივე სახელწოდებით (Type 64) კიდევ ერთი პისტოლეტი მიიღეს შეიარაღებაში, რომელიც ვალტერის ცნობილი მოდელის PPK ბაზაზე იყო შემუშავებული. სტატია აღნიშნულ პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ჩინური პისტოლეტი Type 64). მოკლედ რომ არ დავიბნეთ, ჩინეთში 1964 წელს სახელწოდებით „Type 64 შეიარაღებაში მიიღეს 3 განსხვავებული სახის ცეცხლსასროლი იარაღი:
1. სპეციალური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Type 64; 2. სპეციალური პისტოლეტი Type 64; 3. ტრადიციული პისტოლეტი Type 64;
სპეციალურ პისტოლეტზე მუშაობა ჩინეთში დაიწყეს 60-ანი წლების დასაწყისში. მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობით (ე.წ. მაყუჩით). პისტოლეტის მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის სპეციალური დანაყოფები, მზვერავები და დივერსანტები, რომელთაც ევალებოდათ განსაკუთრებული დავალებების შესრულება. საკონსტრუქტორო ჯგუფმა საწყის ეტაპზე შეიმუშავა სპეციალური საბრძოლო მასალა, რომლის საფუძვლად აღებულ იქნა ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა (7,65x17 Browning / .32ACP). ჩინელებმა ვაზნის დაპროექტებისას მცირედით შეცვალეს ბრაუნინგის ვაზნის გეომეტრია. მთავარ სხვაობას ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნისგან წარმადგენდა ის, რომ მასრას ბოლოში არ ჰქონდა რანტისებური ნაწიბური.
ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია ბრაუნინგის ვაზნა 7,65x17 (.32ACP), ხოლო მარჯვნივ ჩინური ვაზნა 7,62x17 Type 64
ჩინური ვაზნა დამუხტული იყო მთლიანად გარსიანი (FMJ) ტყვიით, რომელიც 4,8 გრამს იწონიდა. ტყვია მოკლე ბალისტიკური ლულიდან სროლისას ავითარებდა მაქსიმუმ 305 მ/წამ სიჩქარეს, თუმცა ინტეგრირებული მაყუჩის გამოყენების შემთხვევაში საწყსი სიჩქარე საგრძნობლად ეცემოდა და მერყეობდა 205 დან 240 მ/წამამდე. არეულობის თავიდან ასაცილებლად ჩინელებმა ვაზნას მიანიჭეს აღნიშვნა “7,62x17 Type 64”. ვაზნის აღნიშვნა სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს შემდგი სახით: 7.62x17 Chino Tipo 64 / 7.62 Chinese Type 64 / 7.62 mm Randlos / 7.62 mm Type 64 / 7.62x17 China / 7.65 Typ 64 / SAA 1965 / XCR 08 017 CGC 010.
სპეციალური პისტოლეტი Type 64
 
1964 წლის მიწურულს საკონსტრუქტორო ჯგუფმა წარმოადგინა ჩინურ ვაზნაზე „7,62x17 Type 64“ გათვლილი სპეციალური პისტოლეტი, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ ამავე წელს, სახელწოდებით „Type 64“ მიიღეს შეიარაღებაში, ხოლო მისი წარმოება დაიწყეს 1965 წელს.  Type 64 -ს ჰქონდა ლულაზე ინტეგრირებული ორკამერიანი ტიპის ასიმეტრიული მაყუჩი. მაყუჩის პირველად კამერას წარმოადგენდა სივრცე, რომელშიც მეტალისგან დამზადებული დახვეული ბადე იყო მოთავსებული. მეტალისგან დამზადებული ხვეულა ბადე უზრუნველყოფდა გასროლის დროს ლულიდან გამოვარდნილი დენთის აირების დამუხრუჭებას და გაგრილებას. ამავე კამერიდან დენთის აირების გარკვეული ნაწილი ფართოვდებოდა მაყუჩის გარსაცმის სივრცეში. მეორე კამერაში მოთავსებული იყო რეზინის დისკისებური სეპარატორები. აღნიშნული სეპარატორები აკავებდა დენთის აირებს, რის შედეგადაც მცირდებოდა მისი ინტენსიურ გამოდინება მაყუჩს გარეთ. შესაბამისად გასროლა გამოდიოდა ჩუმი და ალისგარეშე.
Type 64 -ის ღია საკეტი. ზევით გამოსახულია პისტოლეტიდან მოხსნილი დამაბრუნებელი ზამბარა და მისი მიმმართველი ღერო
ვინაიდან მაყუჩი იყო საკმაოდ მასიური და ამავდროულად ლულაზე ინტეგრირებული, პისტოლეტის საკეტი გამოვიდა შედარებით მოკლე. ასევე მასიური ინტეგრირებული მაყუჩის გამო დამაბრუნებელი ზმბარისთვის აღარ დარჩა  ადგილი არც ლულაზე და არც ლულის ქვემოთ. ამიტომ დამაბრუნებელმა ზამბარამ გადაინაცვლა ფოლადის ღერძისებურ მიმმართველზე. აღნიშნული მიმმართველის ერთი ბოლო დამაგრებული იყო ლულის სახაზინო ნაწილის ზედა მხარეს. შემდეგ მიმმართველი გაყრილი იყო საკეტის ზედა ნაწილში შესრულებულ გამჭოლ ნახვრეტში. ამავე ნახვრეტში მიმმართველის გარშემო ჩამოცმული იყო დამაბრუნებელი ზამბარა.
დამაბრუნებელი მექანიზმის სიტყვებით აღწერა ძალზედ რთულია, ამიტომ გადავწყვიტე მარტივად დამეხაზა მისი მოქმედების პრინციპი. ნაზაზზე ფერების მიხედვით მოვნიშნე შესაბამისი დეტალები
მიმმართველს ბოლოში ჰქონდა გაბრტყელებული თავი, რომელზეს შესრულებული იყო სახრახნისისთვის განკუთვნილი ჭრილი. პისტოლეტის ჩარჩოდან საკეტის მოსახსნელად აუცილებელი იყო დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველის მოშვება სახრახნისით. სწორედ ამიტომ პისტოლეტის მჭიდის ფუძეზე წინა მხრიდან გაკეთდა ბრტყელი შვერილი, რომელიც საველე პირობებში სახრახნისის დანიშნულებას ასრულებდა.
ფოტოზე კარგად ჩანს პისტოლეტის მჭიდი, რომელის ფუძესაც გააჩნია შვერილი. სწორედ აღნიშნული შვერილი ასრულებდა სახრახნისის დანიშნულებას.
გარკვეულ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსროლელს თითს უზიანებდა აღნიშნული შვერილი. ამიტომ გარკვეული მებრძოლები მჭიდიდან აქლიბავდნენ/აჭრიდნენ შვერილს. თუმცა მჭიდიდან მოქლიბუილი შვერილის შემთხვევაში ახალი პრობლემა იჩენდა თავს, რომელიც  გამოიხატებოდა პისტოლეტის სახელურში მორგებული მჭიდის მოხსნის გართულებაში. ბანალურად რომ ვთქვათ, მსროლელი საიმედოდ ვეღარ კიდებდა თითებს მჭიდის ძირს.
პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სახელურის ზემოთ განთავსებულია დროშისებური მცველი, რომელიც ზევით აწევის შემთხვევაში აქტიურდება. დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმი წარმოადგენს ჩახმახიან ტიპს, რომელშიც ჩახმახი თითქმის მთლიანად არის დამალული საკეტის უკანა ნაწილში. პისტოლეტში გამოყენებული სამიზნე მოწყობილობა არარეგულირებადია. უკანა სამიზნე მოწყობილობა მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით არის დამაგრებულია საკეტზე, ხოლო წინა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენს ინტეგრირებული მაყუჩის გარსაცმზე დამაგრებულ დეტალს. პისტოლეტი „Type 64“ იკვებება ერთრიგიანი მჭიდით, რომელშიც 9 ცალი ვაზნა თავსდება. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებულია ტარის ქვემოთ. მარცხენა მხარეს პისტოლეტის სახელურის ქვედა ნაწილში დამაგრებულია ქამრის (თასმის) სამაგრი რკალი.
Type 64-ს გააჩნია საკმაოდ საინტერესო ფუნქციური დეტალი. მის საკეტს უკანა გვერდებზე აქვს ჩამონტაჟებულია ჰორიზონტალურად (განივად) მოძრავი ღილაკი. თუ მსროლელი გააქტიურებს აღნიშნულ ღილაკს, მოხდება საკეტის ბლოკირება წინა პოზიციაში. ასეთ დროს პისტოლეტი აღარ მუშაობს თვითდამტენ რეჟიმში. ანუ გასროლის დროს საკეტი არ გაიხსნება და არ მოხდება მასრის ექსტრაქცია მანამდე, სანამ მსროლელი ხელით არ გადატენის საკეტს. ამ ფუნქციის წყალობით გასროლას არ ახლავს საკეტის უკუგდების/პისტოლეტის მოძრავი დეტალების და მასრის ექსტრაქციის/მჭიდიდან ახალი ვაზნის მიწოდების ხმა, რაც გასროლას ხდის კიდევ უფრო ჩუმს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ პისტოლეტი ასეთ რეჟიმში მუშაობს  როგორც მექანიკური მჭიდიანი იარაღი და არა როგორც თვითდამტენი. ღილაკის გათიშვის შემთხვევაში პისტოლეტი გადადის ჩვეულებრივ თვიტდამტენ რეჟიმში. ერთერთი უპირატესობა აღნიშნული ფუნქციის წყალობით არის დამატებით ის ფაქტორი, რომ მსროლელს შეუძლია გასროლის შემდეგ ლულის სავაზნეში ჩარჩენილი მასრა საკეტის ხელით გადატენვით ამოაგდოს და არ დატოვოს იგი გასროლის ადგილზე (როგორც საქართველოში ჟარგონულად იტყვიან „ფაქტი არ დატოვოს“). როგორ ხდება საკეტის ბლოკირება ღილაკის გააქტიურებისას? თუ მსროლელი ღილაკს  დააწვება საკეტის მარცხენა გვერდიდან იგი ზემოქმედებას მოახდენს საკეტის თავაკზე, რომელიც არის მბრუნავი. შესაბამისად საკეტის თავაკის გადაბრუნებით მოხდება საკეტის „ყრუ“ გადაკეტვა. ღილაკზე საკეტის მარჯვენა მხრიდან დაწოლის შემთხვევაში საკეტის მბრუნავი თავაკი საწყისი მიმართულებით გადაბრუნდება, რითაც პისტოლეტი გადავა ისევ თვითდამტენ რეჟიმში და სასხლეტზე თითის გამოკვრისას იმუშავებს თავისუფალი საკეტიანი იარაღის პრინციპით.
ზევით მოყვანილი დადებითი თვისებების გარდა, პისტოლეტს გააჩნია ასევე რიგი უარყოფითი თვისებები: 1. მასში გამოყენებული ვაზნა არის საკამოდ სუსტი. მაყუჩიდან გამოსული ტყვიის ენერგია მერყეობს 101-138 ჯოულამდე; 2. პისტოლეტი არის საკმაოდ დიდი გაბარიტების და მისი ფარულად/შეუმჩნევლად ტარება ფაქტიურად შეუძლებელია, რაც მზვერავებისთვს და დივერსანტებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია; 3. იარაღის წონა დამუხტულ მდგომარეობაში თითქმის 2 კილომდეა; 4. პისტოლეტის ერგონომიულობა ვერ არის მაინცდამაინც მაღალ დონეზე. ასევე ამ ყველაფერს ემატებოდა დეტალების საკმაოდ უხეში შესრულება.
 პისტოლეტი Type 64 მისი საბრძოლო თვისებებიდან და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა  ვიწრო პროფილის იარაღს. შესაბამისად იგი არ მზადდებოდა მასიურად. მისი წარმოება ხდებოდა მცირე პარტიებად ქარხანა „Norinco“ -ს მიერ და ყველა დამზადებული პისტოლეტი მკაცრად აღირიცხებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა Type 64 არ გადიოდა ექსპორტზე სხვა ქვეყნებში და მხოლოდ ჩინეთის არმიის რიგებში გამოიყენებოდა. ასევე რიგი წყაროების თანახმად ცნობლია, რომ Type 64 -ის გარკვეული რაოდენობა ვიეტნამის განმათავისუფლებელი ფრონტის  (NLFSV -National Liberation Front for South Vietnam / ვიეტნამურად Mt trn Dân tc Gii phóng min Nam Vit Nam) პარტიზანების ხელშიც მოხვდა.
ჩინელებმა Type 64 -ის შეიარაღებაში მიღებიდან დაახლოებით 2 წელიწადში, დაიწყეს აქტიური მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავდა პისტოლეტის წონის, გაბარიტების და თვითღირებულების მინიმუმამდე შემცირებას. 1967 წელს დღის სინათლე იხილა გადამუშავებულმა პისტოლეტმა. აღნიშნული პისტოლეტი ცნობილია სახელწოდებით „Type 67“. (სტატია აღნიშნულ მოდელზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე Type 67).

No comments:

Post a Comment