1951
წელს ჩინეთის პოლიციის და არმიის შეიარაღებაში მიღებულ იქნა საბჭოთა ტოკარევის
სიტემის პისტოლეტის (ТТ) კლონი, რომელიც ჩინეთში ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე იწარმოებოდა.
აღნიშნულ პსტოლეტს აწარმოებდა შენიანის (Shěnyáng)
66-ე ქარხანა. წარმოების საწყის ეტაპზე პისტოლეტისთვის
გარკვეული დეტალების დამზადება ხდებოდა ადგილობრივად, ხოლო რიგი დეტალები იჟევსკის იარაღის ქარხნიდან
მიეწოდებოდა ჩინეთს. მოგვიანებით კი სრულიად დამოუკიდებლად ხდებოდა იარაღის ყველა
დეტალის დამზადება. ვინაიდან პისტოლეტი შეიარაღებაში მიიღეს 1951 წელს მას მიენიჭა
სახელწოდება „Type 51“. პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებიდან რამოდენიმე თვეში დადგა
საჭიროება, რომ ჩინეთის პოლიციისთვის,
არმიის ოფიცრებისთვის და გარკვეული ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისთვის
შემუშავებულიყო უფრო მსუბუქი, კომპაკტური და უსაფრთხო პისტოლეტი, ვიდრე იყო საბჭოთა
ტოკარევის პისტოლეტის (ТТ) ჩინური კლონი „Type 51”.
ჩინელებმა
ძალიან მალე იპოვეს მარტივი გამოსავალი. მათ 1952 წელს დაიწყეს 7,65მმ-ან
ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი გერმანული „Walther PPK“-ს კლონის წარმოება.
პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება „Type 52“.
ჩინური პისტოლეტი Type 52
ერთერთი
ვერსიის თანახმად აღნიშნული კლონების დამზადება ხდებოდა Walther -ის ქარხნიდან
წამოღებული დაზგა-დანადგარებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა
ჩაიგდო ხელში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ თავდაპირველად ჩინური პისტოლეტების
აწყობა ხდებოდა Walther -ის ფაბრიკაში დამზადებული PPK -ს ორიგინალური
დეტალებისგან და მათი სამზადებისგან (ე.წ. ზაგატოვკებისგან), რომელიც მეორე
მსოფლიო ომის პერიოდიდან იყო შემორჩენილი.
ჩინური
Type 52 ზუსტად იმეორებდა გამოცდილი და საიმედო Walther PPK -ს კონსტრუქციას და
ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს. მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, იშლებოდა
Walther PPK -ს იდენტურად, ჰქონდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი
მექანიზმი, Walther PPK -ს იდენტური მცველი და მჭიდის ღილაკ ფიქსატორი. ტარზეც კი
ვალტერის სავაჭრო ნიშნის იდენტური ლოგო (წვრილი დროშა) იყო გამოსახული, რომელშიც
წარწერა „Walther“ -ის ნაცვლად ეხატა პატარა ვარსკვლავი და ეწერა „356“. სხვაობას გერმანულ Walther PPK -სთან
მიმართებაში წარმოადგენდა მხოლოდ
მარკირებები, როგორც საკეტზე, ასევე პისტოლეტის ტარის ლოყებზე და დეტალების
დამზადების/დამუშავების ხარისხი, რომელიც გერმანულ Walther PPK-სთან შედარებით იყო
საგრძნობლად უარესი.
ბედის
ირონიაა ის, რომ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლექციონერები ჩინურ Type 52
-ში იხდიან უფრო მეტ თანხას ვიდრე, გერმანულ Walther PPK -ში. მაგალითად ცნობილმა
აუქციონმა RIA (Rock Island Auction) საშუალო კონდიციაში მყოფი ჩინური „Type 52“ გაყიდა
2 875 ამერიკულ დოლარად. აღნიშნული ფასი გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ჩინური Type
52 დამზადდა მცირე რაოდენობით და მათი გატანა არ ხდებოდა ჩინეთის ტერიტორიიდან.
სწორედ ამიტომ იგი იშვიათობას წარმოადგენს ამერიკისა და ევროპის სამოქალაქო
იარაღის ბაზარზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე პირადად საქართველოშიც
მინახავს Type 52. რათქმაუნდა პისტოლეტის
მფლობელმა არ იცოდა იმის შესახებ, რომ მისი პისტოლეტი იყო „Walther PPK“ ჩინური
კლონი და არა გერმანული. პისტოლეტის ნახვისას პირველ რიგში დავინტერესდი
მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის მოწმობით, რადგან მაინტერესებდა თუ
რა დასახელებით იყო პისტოლეტი დარეგისტრირებული.
ყველაფერი მარტივად და ბანალურად აღმოჩნდა. მოწმობაში პისტოლეტის
დასახელების ველში ეწერა “Walther PPK”.
*ჩემს
მიერ გადამოწმებულ ყველა წყაროში მითითებულია, რომ ჩინური Type 52 -ის საერთო
სიგრძე იყო 150მმ. გერმანული Walther PPK -ს სიგრძე არის 155მმ. მეეჭვება ჩინური
პისტოლეტი ყოფილიყო უფრო მოკლე, რადგანაც იგი PPK-ს ზუსტ ასლს წარმოადგენდა.
სავარაუდოდ პირველწყაროში შეცდომაა დაშვებული.
No comments:
Post a Comment