ჩინური პისტოლეტი Type 64

1952 წელს ჩინეთმა შეიარაღებაში მიიღო გერმანული Walther PPK-ს კლონი, რომელსაც თავდაპირველად საბჭოთა კავშირის დახმარებით აწარმოებდნენ. აღნიშნულ პისტოლეტს შეიარაღებაში მიღებისას მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება 'Type 52' (სტატია Type 52 -ზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ჩინური პისტოლეტი Type 52). 1959 წელს ასევე საბჭოთა კავშირის დახმარებით ჩინეთში დაწყებულ იქნა მაკაროვის სისტემი პისტოლეტის (ПМ) ლიცენზირებული კლონის წარმოება სახელწოდებით 'Type 59'. 60-ანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა ჩინეთის სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერაზე, რის შემდეგაც ჩინელებმა უკვე დამოუკიდებლად გააგრძელეს საკუთარი იარაღების შემუშავება და წარმოებაში ჩაშვება. ამავე პერიოდში ჩინეთში დაიწყო საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ორი სახის განსხვავებული ტიპის პისტოლეტის შემუშავება. ერთი პისტოლეტი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო  უხმო და ალისგარეშე სროლისთვის განკუთვნილი ლულაზე ინტეგრირებული მოწყობილობით (ე.წ. მაყუჩით), ხოლო მეორე იარაღი კი მცირეგაბარიტიანი (როგორც იმ პერიოდში უწოდებდნენ ჯიბის პისტოლეტის სახის), რომელიც შეცვლიდა შეიარაღებაში არსებულ „Walther PPK“ -ს ჩინურ კლონს  Type 52.
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა 1964 წელს შეიარაღებაში მიიღო სპეციალური პისტოლეტი Type 64 და მისთვის განკუთვნილი ვაზნა სახელწოდებით “7,62x17 Type 64” (აღნიშნულ იარაღზე და ვაზნაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე სპეციალური პისტოლეტი Type 64), ხოლო Type 52-ის ამოცვლა მოხდებოდა ასევე ახალად შემუშავებული მცირეგაბარიტიანი პისტოლეტით, რომელიც იგივე ვაზნაზე (7,62x17 Type 64) იყო გათვლილი და ჰქონდა ჩინეთისათვის დამახასიათებელი იგივე ნომენკლატურული სახელწოდება „Type 64“ (ჩინურად 64式手枪).  ეს სტატია სწორედ ამ პისტოლეტს შეეხება.
 

მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი Type 64
ახალი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი Type 64 აერთიანებდა გერმანული Walther PPK -ს დიზაინს და საბჭოთა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.  მარტივად რომ ვთქვათ ჩინელებმა Walther PPK-დან ამოიღეს გერმანული კონსტრუქციის დამრტყმელ-სასხლეტი მენქანიზმი, შეცვალეს საბჭოთა მაკაროვის მექანიზმით და გამოიყენეს ბრაუნინგის 7,65 მმ-ანი ვაზნის ბაზაზე შექმნილი საკუთარი ანალოგი. მაკაროვის სისტემის პისტოლეტის იდენტური  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გამოყენება განპირობებული იყო იმით, რომ მისი წარმოება ხდებოდა უფრო ადვილად, ვიდრე Walther PPK -ს დარტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. აგრეთვე მაკაროვის სასხლეტი მექანიზმი უძლებდა უფრო მეტ დატვირთვას და უფრო საიმედოდ ფუნქციონირებდა რთულ  საექსპლუატაციო პირობებში.
 ისტოლეტი Type 64 მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, იყენებდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს და ღია ჩახმახს. მისი დროშისებური მცველის კონსტრუქციაც ასევე მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან (ПМ) იყო აღებული და გააქტიურების შემთხვევაში ავტომატურად ახდენდა შეყენებული ჩახმახის უსფრთხოდ დაშვებას. მცველი გააქტიურებული იყო მაშინ, როდესაც იდგა ზედა პოზიციაში. ხოლო მისი დაბლა დაწევის შემთხვევაში, პისტოლეტი იხსნებოდა მცველიდან. ცნობისთვის დავწერ, რომ Walther PPK -ში (ასევე Walther PP-ში) მცველი მუშაობს პირიქით (ზევით აწეული ბერკეტი თიშავს მცველს, ხოლო ბერკეტის დაბლა ჩამოწევის შემთხვევაში მცველი აქტიურება). ვაზნებით კვება წარმოებდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მსგავსი ერთრიგიანი მჭიდით. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი „Walther PPK“-ს იდენტურად პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან იყო განთავსებული. მჭიდში არსებული ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩებოდა ღია მდგომარეობაში. თუ ამ დროს მსროლელი პისტოლეტიდან მოხსნიდა ცარიელ მჭიდს და მოარგებდა სავსეს, ხდებოდა საკეტის ავტომატური დაშვება. შესაბამისად მსროლელს მჭიდის მორგების შემდეგ არ უწევდა საკეტის გათავისუფლება საკეტის შემაკავებელ ბერკეტზე თითის დაწოლა. ასეთი ბერკეტი გარეგანი სახით საერთოდ არ ჰქონდა პისტოლეტს.  


მიუხედავად იმისა, რომ Type 64 შეიარაღებაში მიიღეს 1964 წელს, მისი წარმოების დაწყება ვერ განხორციელდა თავის დროზე, რადგანაც ხელი შეულშალა ჩინეთში მიმდინარე კულტურულმა რევოლუციამ. პისტოლეტის წარმოება დაწყებულ იქნა შეიარაღებაში მიღებიდან 16 წლის შემდეგ 1980 წელს კომპანია Norinco -ს მიერ. პისტოლეტი თავდაპირველად იწარმოებოდა მხოლოდ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მაღალი რანგის მომსამსახურეებისთვის და სამეთაურო შემადგენლობისთვის. მოგვიანებით Type 64-მა ფეხი მოიკიდა არმიის სხვა ეშელონებში, ჩინეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში და სხვა ძალოვან უწყებებში. ასევე იარაღის საწარმო Norinco პისტოლეტს აწარმოებდა საექსპორტო მიზნითაც. ასეთი პისტოლეტები ქარხნის სავაჭრო კატალოგში (ცნობარში) აღინიშნებოდა, როგორც “M-64”.
90-ანი წლების დასაწყისში ჩინეთში გამოჩდნენ უფრო ძლიერი მოთამაშეები სხვადასხვა თვითდამტენი პისტოლეტების სახით, რამაც გამოიწვია Type 64 -ის სამხედრო უწყებებიდან აუტსაიდერებში გადასვლა. მიუხედავად ამისა იგი დღესაც შემორჩა სხვადასხვა ძალოვან უწყებებში და აგრძელებს სამსახურს ჩინეთის სამოქალაქო პოლიციის რიგებში.
 

No comments:

Post a Comment