ნიკოლაევის საცდელი პისტოლეტი

1938 წელს საბჭოთა კავშირში სტარტი აიღო კონკურსმა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ახალი თვითდამტენი საარმიო პისტოლეტის შერჩევა. კონკურსში გამარჯვებულ მოდელს საბჭოთა კავშირი მიიღებდა შეიარაღებაში და ეტაპობრივად მოახდენდა იმ პერიოდისათვის საშტატო ტოკარევის სისტემის პისტოლეტის (ТТ-33) ამოცვლას ახალი მოდელით. კონკურსის ფარგლებში საკმაოდ ბევრმა და საინტერესო ეგზემპლარებმა მოიყარეს თავი. სამწუხაროდ დღეს ამ ეგზემპლარების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგანაც 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირი ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში და ბუნებრივია არავის აღარ ეცალა ახალი თვითდამტენი პისტოლეტისთვის. შესაბამისად კონკურსი შეჩერდა ხოლო შემუშავებული საცდელი პისტოლეტების და მათი ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილი ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან განადგურდა. გადარჩენილი პისტოლეტების გარკვეული ნაწილი კი დღეს რუსეთის სხვადასხვა  მუზეუმებშია დაცული.
ერთერთ საცდელ მოდელს კონკურსის ფარგლებში წარმოადგენდა ნაკლებად ცნობილი კონსტრუქტორის გვარად ნიკოლაევის (ალბათ გვარის სწორი წარმოთქმა იქნება ნიკალაევი) პისტოლეტი, რომელიც იჟევსკში მდებარე გასაიდუმლოებულ საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა.
 
ნიკოლაევის  საცდელი პისტოლეტი
 
ნიკოლაევის პისტოლეტს, ისევე როგორც 1938-1941 წლებში წარმოდგენილ სხვა საცდელ პისტოლეტებს, ჰქონდა ღია ლულა. ღია ლულის მოთხოვნა მოდიოდა ჯავშანსატანკო სამმართველოდან. მათი აზრით ასეთი ლულის გამოყენება გაადვილებდა ცეცხლის წარმოებას სხვადასხვა ჯავშანტექნიკს და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების ამბრაზურებიდან/ხვრელებიდან და ლუკებიდან.


რამდენადაც ცნობილია ნიკოლაევის პისტოლეტი იყენებდა ლულის ჩამკეტი მექანიზმის ორიგინალურ კონსტრუქციას და გათვლილი იყო იმ პერიოდისათვის საბჭოთა საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე 7,62х25 ТТ. ვაზნებით კვება ხორციელდებოდა 1 რიგიანი მჭიდით, რომელშიც 8 ცალი ვაზნა თავსდებოდა. მჭიდში ვაზნები მოთავსებული იყო დახრილად, რაც პისტოლეტის სახელურის დახრილი კუთხით იყო გამოწვეული. მჭიდში ვაზნების დახრილად განთავსებას ასევე გამოიწვია სახელურის დაწვრილება. ნიკოლაევის პისტოლეტს არ გააჩნდა მექანიკური მცველი ბერკეტის ან ღილაკის სახით. მცველზე დაყენაბა ხდებოდა ჩახმახის ნახევრშეყენებით (ისევე როგორც ტოკარევის სისტემის პისტოლეტში ТТ-33). ასევე ტოკარევის სისტემის პისტოლეტიდან გადმოტანილ იქნა სხვა დეტალებიც. 1. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი; 2.პისტოლეტის სახელურზე პლასტმასის ლოყების დამაგრების მეთოდი; 3. საკეტის შემაკავებელი ბერკეტი; 4. საკეტის შემაკავებელი ბერკეტის დამჭერი ბრტყელი სარჭი.


პისტოლეტის ჩარჩო შესრულებული იყო ცილინდრული მილის სახით, რომელსაც ზედა მხარეს ჰქონდა ამონაჭრელი. ცილინდრული ფორმის იყო ასევე საკეტი, რომელიც მილისებურ ჩარჩოში მოძრაობდა. გარკვეულწილად პისტოლეტის კონსტრუქცია ვიზუალურად და აგებულების კუთხით შეიძლება შევადაროთ იაპონურ Nambu Type 14 -ს, თუმცა ამ შემთხვევაში ნიკოლაევის პისტოლეტი იაპონური ნამბუსგან განსხვავებით ღია ჩახმახს იყენებას.

ნიკოლაევის პისტოლეტი აღჭურვილი იყო მაუზერის მსგავსი ხის ბუდეთი, რომელიც სპეციალური ღარის მეშვეობით მაგრდებოდა პისტოლეტის სახელურზე და კონდახის დანიშნულებას ასრულებდა.


ისტორიამ არ შემოგვინახა ცნობები იმის შესახებ, თუ  რამდენად კარგი ან ცუდი შედეგები აჩვენა პისტოლეტმა 1938-1941 წლებში გამართული კონკურსის ფარგლებში (ან საერთოდ გამოცადეს?). არც მისი ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებია ცნობილი. იგი არასოდეს არ დამზადებულა სერიულად. მხოლოდ ერთი ცალი ეგზემპლარის ვინაობაა ცნობილი, რომელიც იჟევსკის მუზეუმში ინახებოდა.

No comments:

Post a Comment