სპეციალური პისტოლეტი Type-67

ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელმა არმიამ (ჩინურად 中国人民解放) 60-ანი წლების შუალედში შეიარაღებაში მიიღო სპეციალური უხმო (ჩუმი) პისტოლეტი Type-64. აღნიშნული იარაღზე სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე --> სპეციალური პისტოლეტი Type-64  და სპეციალური უხმო (ჩუმი) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Type 64 სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -->  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Type-64. ორივე იარაღის შეიარაღებაში მიღებიდან ძალიან მალევე დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ გადამუშავებას იმდაგვარად, რომ წარმოებისთვის ყოფილიყო უფრო მარტივი/ტექნოლოგიური და შემცირებულიყო როგორც დროითი, ასევე მატერიალური დანახარჯი. ამას გარდა ცვლილებები იყო საჭირო იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობსების კუთხითაც.

სპეციალური პიასტოლეტი Type-67

ზემოაღნიშნული სამუშაობის შედეგად  1967 წელს შეიაღებაში მიიღეს ახალი (გადამუშავებული) სპეციალური პისტოლეტი, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა Type 67,  ხოლო 1985 წელს შეიარაღებაში მოხვდა სპეციალური უხმო (ჩუმი) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Type 85 სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე --> Type-85.

აღნიშნულ სტატიაში მოგითხრობთ სწორედ  სპეციალურ ჩუმ პისტოლეტზე Type-67, რომელიც უმეტეს კვანძებს იყენებს მისი წინამორბედი Type-64-სგან, თუმცა მასში არის განხორციელებული გარკვეული ცვლილებები, რომელიც პირველ რიგში ეხება იარაღის ლულაზე ინტეგრირებული მაყუჩის აგებულებას.

Tye-67-ის წარმოება დაწყებულ იქნა 1968 წელს ქარხანაში „China North Industries Corp“ (შემოკლებით Norinco), ხოლო 1969 წელს მოხდა პირველი პარტიის პისტოლეტების მიწოდება სამხედრო რიგებში. იგი ძირითადად განკუთვნილი იყო ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის სპეციალური და სადაზვერვო დანაყოფებისთვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირმა ზუსტად ამავე 1967 წელს შეიარაღებაში მიიღო ანალოგიური ტიპის პისტოლეტი ПБ (Пистолет бесшумный - უხმო პისტოლეტი) (მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ინდექსი 6П9). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩინელებმა ჯერ კიდევ 1964 წელს მიიღეს შეიარაღებაში Type-64, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საბჭოთა-კავშირმა სწორედ ჩინეთისგან აიღო (თუ გნებავთ მოიპარა) პისტოლეტ ПБ-ს იდეა.

Type-67-ის მართვის ორგანოები, საკეტთან, პისტოლეტისებურ სახელურთან, პისტოლეტის ჩარჩოსთან და მჭიდთან ერთად გადმოტანილ იქნა Type-64-დან. მსროლელს ისევე როგორც Type-64-ში შეუძლია აირჩიოს ან თვითდამტენი (ნახევრად ავტომატური) რეჟიმით სროლის შესაძლებლობა, ან მოახდინოს საკეტის ბლოკირატორის გააქტიურება და გასროლის შემდეგ თავად მექანიკურად შეასრულოს საკეტის ხელით გაღება მისთვის საჭირო დროს და ადგილას.

არასრულად დაშლილი Type-67

როგორც უკვე ვთქვთ მთავარი ცვლილება შეეხო ლულაზე ინტეგრირებულ მაყუჩს, რომელიც არის ბევრად მსუბუქი და ტრადიციული ცილინდრული ფორმის. იგი იყენებს ფოლადის მავთულისგან შესრულებულ ბადისებურ ხვეულას, რეზინის საფენებს და სეპარატორებს. ახალი მაყუჩის წყალობით პისტოლეტის მასა მთლიანობაში შემცირდა 760 გრამით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ცნობისათვის წინამორბედი პისტოლეტი Type-64 ვაზნების გარეშე იწონის 1810 გრამს, ხოლო მისი გადამუშავებული ვარიანტი Type-67 1050 გრამს. ამას გარდა ახალი მაყუჩის დამზადება იყო ბევრად უფრო მარტივი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა იარაღის თვითღირებულებას.

Type-67 ჩინეთის სპეცსამსახურების შეიარაღებაში მოხვედრის მომენტიდან წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო აქტუალური ხდებოდა გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მორალურად მოძველების, ასევე ტექნიკური კუთხით (ერთრიგიანი მცირე ტევადობის მჭიდი, თანამედროვე იარაღებთან შედარებით მაღალი წონა და სუსუტი ვაზნა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2000-ანი წლების დასაწყისში ალაპარაკდნენ მის შეცვლაზე.

მაყუჩით აღჭურვილი პისტოლეტი „Type-06“ (QSW-06)

2002 წლის იანვარში დაწყებულ იქნა სხვადასხვა სახის კომბინირებული (პისტოლეტი+ვაზნა+მაყუჩი) გამოცდები, რომლის ფარგლებშიც გამოცდას დაექვემდებარა 2 პისტოლეტი, რამოდენიმე ტიპის ვაზნა და 15 სხვადასხვა კონსტრუქციის მაყუჩი. საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა ერთერთ პისტოლეტზე და მაყუჩზე, რომელმაც საბოლოო სახე 2005 წელს მიიღო და 2006 წელს ჩაშვებულ იქნა სერიულ წარმოებაში სახელწოდებით „Type-06“ (QSW-06). ახალი პისტოლეტის შეიარაღებაში მიღების მიუხედავად, Type-67  მცირე რაოდენობით დღესაც ირიცხება ჩინეთის სხვადასხვა სპეც-სამსახურების რიგებში, ხოლო გარკვეული ნაწილი სასაწყობე მარაგებში იქნა გადატანილი. ის პისტოლეტები რომელიც უკვე ზედმეტად გაცვეთილი და გასარემონტებული იყო დაექვემდებარა უტილიზაციას.


No comments:

Post a Comment