სტეჩკინის და ავრაამოვის რევოლვერი ТКБ-0216 / РСА

რუსეთში 90-ანი წლების დასაწყისში კრიმინალური სიტუაციების მომატებიდან გამომდინარე მასიურად დაიწყეს ახალ ცეცხლსასროლ იარაღებზე მუშაობა, რომელიც პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) თანამშრომლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ვინაიდან იარაღების შემუშავება სასწრაფო წესით უნდა მომხდარიყო ერთერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა შედარებით ნაკლებ დანახარჯიანი, მარტივი კონსტრუქციის და დაბალი თვითღირებულების რევოლვერების შექმნა. 1991 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაიწერა გარკვეული დავალება, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მაკაროვის პისტოლეტის საშტატო ვაზნაზე (9x18 ПМ) გათვლილი რევოლვერის შექმნა, საცდელი პარტიის დამზადება, მათი გამოცდა და გამოცდებისას მიღებული შედეგების გააანალიზების შემდგომ რევოლვერის შეიარაღებაში მიღება. ზმოაღნიშნული დავალებიდან გამომდინარე ინიცირებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „Кобальт“. სამუშაოები მიმდინარეობდა ქალაქ ტულაში მდებარე საკონსტრუქტორო-კვლევით ბიუროში ЦКИБСОО (Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия). რევოლვერის შემუშავებას ხელმძღვანელობდნენ  კონსტრუქტორი იგორ სტეჩკინი (Игорь Яковлевич Стечкин) და ბორის ავრაამოვი (Борис Васильевич Авраамов). 1992 წელს სტეჩკინის და ავრაამოვის ერთობლი მუშაობის შედეგად დღის სინათელ იხილა საცდელმა რევოლვერებმა, რომელიც 3 ცალი ერთეულის სახით დამზადდა და მიენიჭა სახელწოდება ОЦ-01 „Кобальт“ (შემდგომში ცნობილი გახდა ასევე აღნიშვნით ТКБ-0216 და РСА [Револьвер Стечкина-Авраамова].

ОЦ-01 „Кобальт“ 

გამოცდებზე რევოლვერმა კარგი შედგეები აჩვენა როგორც სიზუსტის, ასევე საიმედოობის კუთხით. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან რევოლვერის ჩარჩოს და ლულის სიმყარის მარაგი გათვლილი იყო ისე, რომ .357 Magnum -ის წნევასაც კი გაუძლებდა. ხოლო მისი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი წინასწარ შეყენებული ჩახმახით სროლის შემთხვევაში გამოუცდელ მსროლელსაც კი აძლევდა იმის საშუალებას რომ საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტთან (ПМ) შედარებით უკეთესი სიზუსტე ეჩევენებინა.    რევოლვერების გამოცდების შემდეგ 1992 წლის მიწურულს გადაწყდა, რომ დამზადებულიყო მცირე სერიული პარტია, რომელიც წავიდოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) შეიარაღებაში. ფაქტიურად სტეჩკინის და ავრაამოვის ერთობლივი ქმნილება უნდა გამხდარიყო პირველი სერიული რევოლვერი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოფიციალურად იქნა შსს-ს შეიარაღებაში მიღებული.  

1993-1994 წელს ЦКИБСОО მიერ დამზადებულ იქნა 2 საცდელი პარტია 100-100 ცალი ერთეულის სახით. ეს რევოლვერები მარცხენა მხარეს ჩარჩოზე მარკირებული იყო აღნიშვნით „ОЦ-01“ და იყენებდა პოლიგონალური ხრახნებით შესრულებულ ლულას.

აღნიშნული რევოლვერების პირველი დემონსტრირება გაიმართა 1995 წელს რა დროსაც ოფიციალურად მოხდა განცხადების გაკეთება, რომ სტეჩკინ-ავრაამოვის რევოლვერი ОЦ-01 „Кобальт“ იგივე РСА [Револьвер Стечкина-Авраамова] ოფიციალურად იქნა მიღებული რუსეთის შინაგან-საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაში.

ზემოაღნიშნული ფაქტების შემდეგ რევოლვერის საწარმოო და ტექნიკური დოკუმენტაცია ძირითადი სერიული წარმოებისთვის გადაეცა  ქალაქ ზლატოუსტში მდებარე მანქანამშენებელ ქარხანას ЗМЗ (Златоустовский машиностроительный завод). წარმოებაში ასევე ჩაერთო ყაზახეთში ქალაქ ურალსკში მედებარე მექნიკურ ქარხანა "მეტალისტ"-ი (Металлист). სწორედ მათ მიერ დამზადებული რევოლვერებით მოხდებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული თანამშრომლების შეიარაღება. ზლატოუსტის მანქანამშენებელი ქარხნის და ურალსკის მექანიკური ქარხნის მიერ დამზადებულ რევოლვერებმა გაიარეს ერთგვარი გადამუშავება, რომელიც პირველ რიგში ეხებოდა საწარმოო-ტექნოლოგიურ მხარეს და მიენიჭათ აღნიშვნა „ТКБ-0216“, რომელიც ასევე რევოლვერის ჩარჩოზე იქნა დატანილი. 

„ТКБ-0216“

როგორც უკვე ავღნიშნეთ თავდაპირველად ტულაში დამზადებულ პირველი პარტიის რევოლვერებს აღნიშვნით „ОЦ-01“ ლულაში ჰქონდა პოლიგონალური ჭრილები, ხოლო ზლატოუსტის ქარხანაში წარმოებულ სერიულ რევოლვერებს „ТКБ-0216“, ნაცვლად პოლიგონალურისა ჰქონდა მარჯვნივ მიმართული ტრადიციული სწორკუთხა კვეთის 4 ჭრილი.  

კონსტრუქცია და დეტალები

რევოლვერი ვიზუალურად არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულობით და უხეშ  ნაკეთობას მოგვაგონებს. იგი იყენებს ტრადიციულ კონსტრუქციას მთლიანი დახურული ჩარჩოთი, რომელიც ფოლადისგან ჩამოსხმის მეთოდით მზადდებოდა (გარკვეულ პარტიების მერე ჩარჩოს წარმოება დაიწყეს ალუმინის და ცინკის შენადნობისგან), დოლურა გათვლილია 6 ცალ ვაზნაზე და ვაზნების ჩასალაგებლად/მასრების ამოსაყრელად გადადის მარცხენა მხარეს. დოლურის ჩაკეტვა ხდება რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს  განთავსებული მცოცავი ღილაკით. ვინაიდან მაკაროვის ვაზნის მასრას არ გააჩნია რევოლვერის ვაზნებისათვის დამახასიათებელი რანტი (ე.წ. ქიმურა), დოლურაში ვაზნების სწრაფი ჩალაგება და მასრების ამოყრა ხდება ფოლადისგან დამზადებული ფირფიტისებური სწრაფდამტენი დამჭერი კლიპების მეშვეობით, რომელიც ერთი ბლოკის სახით აერთიანებს 6 ცალ ვაზნას. გასროლის შემდეგ დოლურას ღერძზე თითის დაწოლით ხდება მასრების ერთდროული ექსტრაქცია.

რევოლვერი იყენებს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. სროლა შესაძლებელია როგორც ჩახმახის წინასწარ შეყენებით, ასევე თვითშეყენებად (ე.წ. ორმაგი მოქმედების რეჟიმით). საბრძოლო ხვეულა ფორმის ზამბარა განთავსებულია რევოლვერის სახელურში. დამრტყმელი არ არის დამაგრებული ჩახმახზე. იგი ჩასმულია რევოლვერის ჩარჩოზე შესრულებულ სპეციალურ ბუდეში და სასხლეტზე თითის გამოკვრისას ჩახმახი გადასცემს მას დარტყმის ენერგიას, ხოლო დამრტყმელი Tავის მხრივ ინერციით ახდენს კაფსულ-მაალებლის აალებას.  

სასხლეტის დამცავ კავს წინა მხრიდან გააჩნია შეზნექილი მოყვანილობა რაც ორი ხელით სროლის შემთხვევაში თითისთვის დამატებით მოდების წერტილს წარმოადგენს. რევოლვერის სახელურის ბოლოში დამაგრებულია ქამრისთვის/თასმისთვის განკუთვნილი რგოლი.

სტეჩკინ-ავრაამოვის რევოლვერები სხვადასხვა შესრულებით

თავდაპირველად რევოლვერებს ჰქონდა ხისგან დამზადებული ვიწრო სახელური, რომელიც შემდგომ შეიცვალა პლასტმაის განიერი და ერგონომიული სახელურით. გარკვეულ ეგზემპლარებზე ასევე გვხდება ხისგან დამზადებული სახელური, რომელიც პლასტმასის განიერი სახლურის იდენტური ფორმისაა. ტულაში დამზადებული რევოლვერები „ОЦ-01“ დამუშავებული იყო ქიმიური ოქსიდირებით, ხოლო ზლატოუსტში დამზადებული სერიული პარტიის რევოლვერების „ТКБ-0216“,  შემთხვევაში ხდებოდა  დამცვალი ლაქის საფარის ცხელი მეთოდით დატანა. ასეთი დაფარვა უზრუნველყოფდა გარეგან დაცვას კოროზიისგან და აძლევდა რევოლვერს მუქ ნაცრისფერ-შავში გარდამავალ ტონს. სასაჩუქრე სახით დამზადდა ასევე გარკვეული რაოდენობა, რომელიც მთლიანად დაფარული იყო ქრომით და ხის ტარზე შესრულებული იყო ერთგვარი ორნამენტები.

სტეჩკინ ავრაამოვის რევოლვერში გამოყენებული იქნა სხვადასხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, რომელიც პატენტით იქნა დაცული. პირველ რიგში ეს გახლდათ დოლურას ლულის ღერძი გასწვრივ დამაფიქსირებელი მექანიზმი ე.წ ფიქსატორი, რომელიც განთავსებული იყო არა ჩარჩოს ქვედა ნაწილში, არამედ ზემოდან. იგორ სტეჩკინის თქმით ასეთი გადაწყვეტილება უზრუნველყოფდა დოლურის უკეთეს ფიქსირებას ლულის ღერძთან მიმართებაში და დოლურის მცირედი ფოლხვის არსებობის შემთხვევაში მინიმუმამდე ამცირებდა იმას, რომ გასროლის მოემნტში დოლურის სავაზნე კამერა გადახრილი იქნებოდა ლულის ღერძიდან. ასევე პატენტით იქნა დაცული გადმოსახსნელ ჩარჩოზე დოლურის ღერძის დამაგრების მექანიზმი და დამრტყმელ-სასხლეტის შიდა დამცველი, რომელიც იცავდა რევოლვერს შეყენებული ან დაშვებული ჩახმახის შემთხვევაში ძირს დავარდნის დროს თვითნებური გასროლისგან. ჩახმახი დოლურის ჩარჩოში განთავსებულ დამრტყმელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეჯახებოდა თუ მსროლელი სასხლეტზე ბოლომდე დააწვებოდა თითს.   

ნახაზი საპატენტო განაცხადიდან, რომელიც თარიღდება 1991 წლით

რევოლვერის სამიზნე მოწყობილობები არ არის რეგულირებადი და გათვლილია 25 მეტრამდე სროლისთვის. ცუდი გაანათების პირობებში დამიზნების გასაუმჯობესებლად სამიზნე მოწყობილობებებში ჩამაგრებულია თეთრი ფერის პლასტმასის ჩანართები, რომელიც ქმნის ერთგვარ თეთრ წერტილებს. გრძელი სამიზნე ხაზის და რბილი სასხლეტის წყალობით, ტყვიების გაფანტვის საპაპორტო რადიუსი 25 მეტრზე სროლისას შეადგენს 10 სანტიმეტრს.

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა რევოლვერი „ТКБ-0216“,  1996 წელს მოხვდა გამოსასწორებელი და პენიტენციალური უწყებების შეიარაღებაში. გარკვეული რაოდენობა მოხვდა ასევე სასჯელარსრულების ფდერალურ სამსახურში ФСИН (Федеральная служба исполнения наказаний), ინკასაციის სამსახურებში, იუსტიციის სამინისტროში და სასოფლო მეურნეობის სამინისტროში. 2005 წლის დეკემბერიდან რევოლვერი შევიდა ჯილდოდ გადასაცემ იარაღთა ნუსხაში. ამას გარდა 2006 წელს რევოლვერების მცირე ნაწილი რუსეთის პროკურატურის კონკრეტულ თანამშრომლებსაც გადაეცათ.

ყაზახეთში რევოლვერი „ТКБ-0216“, 2005 წლიდან ირიცხება საბაჟო სამსახურის და გარკვეული ძალოვანი სტრუქტურების/უწყებების შეიარაღებაში. ასევე იგი შეტანილია ჯილდოთ გასაცემი იარაღების ნუსხაში.

რევოლვერის ვარიანტები

1996 წლიდან კერძო დაცვის სამსახურებისთვის ეგრედწოდებული ЧОП-ებისთვის (Частное охранное предприятие) დაწყებულ იქნა რევოლვერების წარმოება აღნიშვნით ОЦ-01С და ТКБ-0216С (აღნიშვნის ბოლოს დანამატი ასო „C“ ნიშნავდა „Cлужебный“-ს ანუ სამსახურეობრივს), რომელიც გათვლილი იყო ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9x17mm (9mm Kurz / 9mm Short / .380ACP).  აღნიშნული რევოლვერი ვერ უწევდა კონკურენციას 9x17mm (9mm Kurz) ტიპის ვაზნაზე გათვლილ მაკაროვის ბაზაზე შექმნილ კომერციულ პისტოლეტს „ИЖ-71“ და საბოლოოდ მოხსნილ იქნა წარმოებიდან, თუმცა გარკვეული პერიოდის მანძილზე შესაძლებელი იყო რევოლვერის დამზადება სპეციალური დაკვეთით.

დაცვის სამსახურებისთვის განკუთვნილი რევოლვერი ТКБ-0216С, რომელიც გათვლილი იყო ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9x17mm Short

2005 წლის სექტემბერში ზლატოუსტის მანქანამშენებელმა ქარხანამ დაიწყო ასევე სამოქალაქო ბაზრისთვის განკუთვნილი ტრავმატული რევოლვერის წარმოება, რომელსაც მიენიჭა არნიშვნა ТКБ-0216Т „Агент“ - (აღნიშვნის ბოლოს დანამატი ასო T ნიშნავდა „Травматический“-ს. ეს რევოლვერები გათვლილი იყო რეზინის ტყვიით დამუხტულ ვაზნებზე .380 МЕ GUM. 2007 წლის მიწურულს ТКБ-0216Т „Агент“  -ის წარმოება შეწყდა.

საცდელი სახით დამზადდა ასევე მოკლეცხვირიანი რევოლვერები, რომელიც გათვლილი იყო მაღალიმპულისიან მაკაროვის მოდერნიზირებულ ვაზნაზე 9x18 ПММ და ასევე  9x19mm Luger ტიპის ვაზნაზე, თუმცა ამ რევოლვერებით არავინ არ დაინტერესდა და საცდელი ვარიანტების იქით არ წასულა სამუშაოები.

მფლობელთა გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ საერთო ჯამში რევოლვერი იყო საიმედო,  რბილი სასხლეტის ხარჯზე სროლა იყო ძალზედ კომფორტული და მისი სიზუსტე სხვა რუსულ პისტოლეტებთან / რევოლვერებთან შედარებით იყო საუკეთესო. ამავდროულად რევოლვერს ჰქონდა მთელი რიგი მინუსები. მისი გაბარიტებისთვის იგი იყენებდა  მაკაროვის პისტოლეტის სუსტ ვაზნას 9x18 ПМ, დიდი გაბარიტების გამო მოუხერხებელი იყო იარაღის ფარულად ტარება და დოლურის ტევადობა 6 ცალი ვაზნა ვერ უწევდა კონკურენციას მაკაროვის სისტემის პისტოლეტს. შესაბამისად ТКБ-0216-მა ვერ მოიკიდა ფეხი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და მხოლოდ თანამშრომელთა მცირე ნაწილი იყენებდა მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2002 წელს მაკაროვის სასშტატო ვაზნაზე გათვლილი პოლიციისთვის განკუთვნილი ТКБ-0216-ის წარმოება საბოლოდ შეწყდა. დღეს მას იშვიათად მაგრამ მაინც იყენებენ რუსეთის გარკვეული ძალოვანი უწყებები.

ТКБ-0216 არ იყო ერთადერთი რევოლვერი, რომელიც ბნელი 90-ანების დროს შეიქმნა. ამ პერიოდში რუსეთის სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროებში მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა რომლის მიზანსაც რევოლვერების შემუშავება წარმოადგენდა. გარკველ მათგანზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიებში  „პროგრამა„Удар“ და ყველაფერი მის შესახებ“ და   РСЛ-1 „Кабан“.

No comments:

Post a Comment