პროგრამა „Удар“ და ყველაფერი მის შესახებ

უკვე 10 წელზე მეტია რაც დაინტერესებული ვარ რუსული პროგრამა „Удар“-ის ფარგლებში შექმნილი იარაღით და მისი ვაზნებით. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროგრამაზე სრული ინფორმაციული ვაკუუმია და იარაღის მოყვარულთათვის არაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ არცისე ბევრი რამ არის ცნობილი ამ პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ იარაღსა და მათ საბრძოლო მასალებზე. ამ სტატიით შევეცდები ჩამოვაყალიბო და ქართველ მკითხველებს გავაცნო ის ინფორმაცია, რომელსაც წლებია ვაგროვებ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილი პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ სბრძოლო მასალებზე (ვაზნებზე), რომლებსაც ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ პროგრამაში. ყველაზე დიდი გაუგებრობა და ინფორმაციის ნაკლებობა სწორედ  „Удар“-ის ვაზნებში გვხვდება, რადგანაც უამრავი სახის ექსპერიმენტული ვარიანტები შეიქმნა 90-ან წლებში. 2008 წელს მივლინებით ვიმყოფებოდი ლუბლიანაში (სლოვენია), სადაც სრულიად შემთხვევით გავიცანი რუსეთის მოქალაქე, რომელიც მონაწილეობას იღებდა პროგრამა „Удар“-ში. ამ პიროვნების გაცნობა დამეხმარა რიგ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში, რომელიც მე გამაჩნდა პროგრამა „Удар“-ის ვაზნებზე.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ
1980-ანი წლების მიწურულს რუსი სამართალდამცავების მხრიდან წამოვიდა გარკვეული უკუკავშირი, რომელშიც თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო იყო შეექმნათ მოკლელულიანი საშტატო იარაღი, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ტიპის ვაზნების გამოყენება. ვინაიდან შეიარაღებაში არსებული მოძველებული საშტატო მაკაროვის პისტოლეტი(ПМ) ვერ აკმაყოფილებდა გარკვეული ოპერაციების შესრულებისათვის საჭირო მოთხოვნებს, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (МВД РФ) 90-ანი წლების დასაწყისში მოახდინა პროგრამის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო ახალი სპეციალური იარაღების და საბრძოლო მასალების შექმნა. პროგრამა დაწყებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებით, სწორედ ამიტომ მიენიჭა აბრევიატურა „ОКР“ - (Опытно-конструкторские работы) „საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები“, კოდური სახელწოდებით „Удар“ (დარტყმა). პროგრამაში ჩაერთვნენ, როგორც სამართალდამცავები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორები (მეიარაღეები).
პროგრამის დაწყების პირველ ეტაპს (საფეხურს) წარმოადგენდა გარკვეული მოთხოვნილებების ჩამოყალიბება, კერძოდ:
·         იარაღი უნდა ყოფილიყო მოკლელულიანი (პისტოლეტი ან რევოლვერი);
·         მისი კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო მარტივი;
·         ადვილად უნდა მომხდარიყო იმ თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი, რომლებსაც საშტატოდ გადასცემდნენ იარაღს;
·         მთავარი მოთხოვნა, რომელიც სამართალდამცავებს გააჩნდათ, იყო ის, რომ იარაღში უნდა გამოყენებულიყო ვაზნების ფართო სპექტრი: ჩვეულებრივი ვაზნები, გაზრდილი შემაკავებელი (შემაჩერებელი) მოქმედების ვაზნები, სპეციალური ვაზნები, რომლებიც დამუხტულნი იქნებოდნენ კარტეჩით, ჯავშანგამტანი ტყვიებით, არალეტალური მოქმედების ტყვიებით, რომელთა დანიშნულებაც იქნებოდა არა მოწინააღმდეგის განადგურება, არამედ მისი პარალიზება.
არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე საბოლოო არჩევანი გაკეთდა რევოლვერზე, რადგანაც მისი კონსტრუქცია ბევრად უფრო მარტივი შესაქმნელი იყო. გარდა აღნიშნულისა, იარაღში უნდა გამოყენებულიყო აირის ვაზნები, ხმოვან-მანათობელი ვაზნები, რომელზეც თვითდამტენი პისტოლეტის ავტომატიკა ვერ იმუშავებდა.
ზოგადად თუკი გადავხედავთ 1990-ან წლებამდე შექმნილ საბჭოთა და რუსულ იარაღს, დავინახავთ, რომ რევოლვერების ფართო არჩევანი რუსეთში არასოდეს ყოფილა. ყველა რევოლვერი რომელიც მათ ჰქონდათ შეიარაღებაში, იყო სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი. ქრონოლოგიურად მათ შეიარაღებაში არსებულ რევოლვერებს, რომ გადავხედოთ ასეთ სურათს მივიღებთ: ფრანგული რევოლვერები რომლებიც ლეფოშეს მიერ იყო შექმნილი, ბელგიური გალანი, რუსული 4,2 ხაზიანი რევოლვერი სმიტ და ვესონი (ე.წ. რუსული სმიტ ვესონი), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუკვეთეს და ბოლოს ბელგიური ნაგანის 1895 წლის მოდელი. აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მარტივად შეძლება ითქვას, რომ მათ არ ჰქონიათ რევოლვერების შექმნის დიდი გამოცდილება, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე საცდელ და ექსპერიმენტალურ მოდელს.
ერთერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა საბოლოო არჩევანის რევოლვერზე შეჩერება, ჩემი აზრით შესაძლოა იყო აშშ-ს გავლენა, რომელთა სამართალდამცავებს წლების მანძილზე სხვადასხვა რევოლვერები გააჩნდათ შეიარაღებაში და საკმაოდ წარმატებით იყენებდნენ მას. რუსები კი როგორც ცნობილია უბადლონი არიან სხვისი გამოცდილების და იდეების კოპირება / გამოყენებაში.
რამდენადაც ცნობილია პროგრამაში ჩაერთო შემდეგი სამი ჯგუფი:
1.      ქალაქ ტულის КБП (Конструкторское бюро приборостроения);
2.      ქალაქ კლიმოვსკის ЦНИИТОЧМАШ (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения);
3.      ქალაქ ტულის ЦКИБ СОО (Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия).
ვინაიდან ახალი იარაღი უნდა შექმნილიყო კომპლექსური სახით, ანუ როგორც იარაღი ასევე მისი ვაზნა, მუშაობაც მიმდინარეობდა ორი ძირითადი მიმართულებით. გარკვეული საკონსტრუქტორო ჯგუფი დაკავებული იყო ვაზნების შემუშავებით, ხოლო გარკვეული ჯგუფი კი რევოლვერის შექმნაზე მუშაობდა.
ვაზნის საფუძვლად აღებულ იქნა სანადირო გლუვლულიანი თოფის 32 კალიბრიანი ვაზნის მასრა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ექსპერიმენტალური ვაზნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტატიის ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი განვიხილოთ რევოლვერები და მათი მოდიფიკაციები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

КПБ -ს მიერ შექმნილი რევოლვერი Т-93 „Удар“ / „У-94“.
1993 წლის მიწურულს КПБ-ს კონსტრუქტორების მიერ შემუშავებულ იქნა რევოლვერი კოდური სახელწოდებით Т-93, რომელიც წარმოადგენდა ამავე ბიუროში ერთი წლით ადრე შექმნილი რევოლვერის Р-92-ის ანალოგს, რომლისგანაც განსხვავდებოდა გაზრდილი გაბარიტებით და მასში გამოყენებული ახალი ვაზნით. (Р-92 შექმნილი იყო რუსი კონსტრუქტორ Василий Петрович Грязев-ის მიერ და გათვლილი იყო  მაკაროვის ვაზნებზე 9х18 ПМ).
 
რევოლვერ Т-93 -ის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი ისევე როგორც Р-92-ში იყო ორმაგი მოქმედების. რევოლვერს გააჩნდა ნახევრად დაფარული ჩახმახი, რომლის შემართვა (შეყენება) წინასწარ ხელითაც იყო შესაძლებელი. სხვადასხვა გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ ორმაგი მოქმედების რეჟიმით სროლისას სასხლეტ კავზე თითის დაწოლა ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, რაც დადებითათ აისახება რევოლვერის სიზუსტეზე. ნახევრად დაფარული ჩახმახის გამოყენება აადვილებდა რევოლვერის სწრაფ ამოღებას ისე, რომ არ მოხდებოდა მისი ტანისსამოსზე გამოდება და შეფერხება. დოლურაში ვაზნების ჩასალაგებლად იგი გადმოდის მარცხნივ. დოლურას ფიქსატორი ჩარჩოზე მარცხნივ არის განთავსებული. ვაზნების ჩალაგება ხდება სპეციალური ვარსკვლავისებური დამჭერის (აბოიმის) მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად ჩავდოთ დოლურას კამერებში 5 ცალი ვაზნა. მასრების ექსტრაქცია ხდება ერთდროულად, დოლურას ღერძში გაყრილ ექსტრაქტორზე თითის მიწოლით.
რევოლვერს გააჩნია მარტივი არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა, რომელიც 25 მეტრამდე სასროლად გამოიყენება.
საცდელ-საგამოცდო სროლებისას გამოვლინდა გარკვეული უარყოფითი ფაქტორები, კერძოდ: რევოლვერის ტარი ძალიან ვიწრო იყო და ძლიერი ვაზნებით სროლისას ართულებდა მის საიმედო მოთავსებას (დაჭერას) მსროლელის ხელში. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიცვალა რევოლვერის ტარის ფორმა და გაიზარდა მისი გაბარიტები. გარდა აღნიშნულისა შეიცვალა სასხლეტი კავის დამცავი რგოლს ფორმა, რომელსაც წინა მხრიდან დაემატა ნაჭდევები რევოლვერის ორი ხელით დაკავებისათვის. აღნიშნული მოდერნიზაცია განხორციელდა 1994 წელს, ამიტომ რევოლვერს მიენიჭა ახალი დასახელება „Удар -94“, შემოკლებით „У-94“.
ჩატარდა სპეციალური გამოცდები, რომელიც რევოლვერის კონსტრუქციის გამძლეობასა და ცივ კლიმატურ პირობებში გამოყენებას მოიცავდა, რასაც საბოლოო ჯამში У-94-მა კარგად გაართვა თავი. იგი არაოფიციალურად მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის შსს-ს შეიარაღებაში. თუმცა არ დამზადბულა მასიურად. რევლოვერები აგრეთვე გადაეცათ გარკვეული კატაეგორიის თანამშრომლებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ მსგავსი იარაღი. 1998 წელს რევოლვერების მცირე ნაწილი მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის შეიარაღებაში და გასამხედროებულ დაცვის სამსახურში «ВОХР» - Военизированная охрана.
მიუხედავად იმისა, რომ  რევოლვერი საიმედოდ მუშაობდა და უძლებდა სხვადასხვა რთულ მოხმარების პირობებს, მაინც არ მოიპოვა რაიმე განსაკუთრებული აღიარება, რადგანაც მისი გაბარიტები იყო საკმაოდ დიდი, რაც შეუძლებელს ხდიდა მის ფარულ ტარებას. გარდა ამისა იგი ნაკლებად ეფექტური იყო „ნორმალური“ კალიბრის მქონე ავტომატურ (თვითდამტენ) პისტოლეტებთან შედარებით. რევოლვერით არ დაინტერესდნენ აგრეთვე შეიარაღებული ძალები, რომლებმაც მისი მონაცემების შესწავლის შემდეგ არასერიოზულად მიიჩნიეს იგი.
რევოლვერ У-94 -ის ბაზაზე შექმნა აგრეთვე სამსახურეობრივი რევოლვერი  «Удар-С» У-94С. იგი განკუთვნილია შემცირებული სიმძლავრის ვაზნებით სროლისათვის 12,3х22R (ПМ-32),  რომელსაც გააჩნია დაბალი საწყისი სიჩქარე. რევოლვერში შესაძლებელი იყო არალეტალური მოქმედების ვაზნების გამოყნებაც, რომელსაც მუხტავდნენ რეზინის ტყვიით ან პლასტმასის ბურთულით. მისი დანიშნულებაა მასიური არეულობების დროს გამოყენება, მეამბოხეების და ხულიგნების წინააღმდეგ. რევოლვერი У-94С შექმნეს სპეციალურად შეიარაღებული დაცვის თანამშრომლებისთვის და უშიშროების სამსახურებისათვის.   
სასწავლო-სავარჯიშო რევოლვერი  «Удар-ТС», (У-94ТС). აღნიშნული რევოლვერით შესაძლებელია  შეღებვითი ვაზნების 12,3×46R სროლა, რომელიც გამოიენება სავარჯოშოდ. მასში შესაძლებელი იყო აგრეთვე სპეციალური რეზინის ტყვიით დამუხტული ვაზნების РП-32-ის გამოყენება. რევოლვერიდან საბრძოლო ვაზნებით სროლა შეუძლებელია. იგი არ გამოსულა სერიულად და დამზადებულ იქნა მხოლოდ რამოდენიმე ცალი ეგზემპლარი.
 2006 წელს У-94-ის ბაზაზე ქ.კავროვში არსებულ დეგტიაროვის სახელობის ქარხანაში დაიწყეს 13მმ-ანი რევოლვერ «Ратник“-ის წარმოება, რომელიც ტრავმატული მოქმედების ვაზნებს 13х45R ისროდა და განკუთვნილი იყო თავდაცვისთვის.
ЦНИИТОЧМАШ-ში შექმნილი რევოლვერი «Удар» РГ053
ЦНИИТОЧМАШ-ის კონსტრუქტორების მიერ 1993 წელს პროგრამა  «Удар» -ის ფარგლებში შეიქმნა რევოლვერი,  რომელსაც მიენიჭა კოდური სახელწოდება «Удар» РГ053. რევოლვერის მთლიანი ჩარჩო დამზადებული იყო უმაღლესი ხარისხის იარაღის ფოლადისაგან. მისი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების. სროლა შესაძლებელი იყო აგრეთვე ჩახმახის წინასწარი შეყენებითაც. რევოლვერის ლულა ჩარჩოზე დამაგრებული იყო ჩაპრესვის მეთოდით. რევოლვერის ტარი მზადდებოდა პლასტმასის ჩამოსხმის მეთოდით.  РГ053-ის უპირატესობა У-94 მოდელთან შდარებით, იყო ის, რომ მისი დოლურა სწრაფად იხსნებოდა. შესაბამისად მფლობელს შეეძლო ჯიბით ეტარებინე მეორე დოლურა, რომელიც წინასწარ იქნებოდა ვაზნებით დამუხტული და სწრაფად მოეხდინა ცარიელი დოლურის ამოცვლა. დოლურას გააჩნდა აგრეთვე ვარსკვლავისებური ზამბარიანი ექსტრაქტორი. რევოლვერის სამიზნე იყო მუდმივი, თუმცა შესაძლებელი იყო მისი გვერდითი რეგულირება, უკანა სამიზნის აქეთ-იქით გაწევით.  სასხლეტი კავის დამცავ რგოლს გააჩნდა სპეციალური შეჭრილი კუთხე, რომელიც ორი ხელით სროლისას უზრუნველყოფდა მეორე ხელის საჩვენებელი თითით დამატებით მოჭიდებას.
რევოლვერი საიმედოდ მუშაობდა, თუმცა როგორც У-94, მისი გაბარიტებიც იყო ზედმეტად დიდი. საბოოლოდ РГ053 დარჩა საცდელ ეგზემპლარად და არ იქნა მიღებული შეიარაღებაში. თუმცა გარკვეულ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ გარკვეული სერიული პარტია დამზადდა და 2001 წლის 3 აგვისტოს მცირე რაოდენიბით მიიღო შეიარაღებაში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ЦКИБ СОО -ში შექმნილი რევოლვერი "Гном" ОЦ-20
ქალაქ ტულის ЦКИБ СОО-ში პროგრამა "Удар"-ის ფარგლებში კონსტრუქტორების ნ.ა.ნევიჟინის, ვ.ი.სერეგინის  და ს.ვ. ზოტოვის (Н.А. Невижин, В.И. Серегин, С.В. Зотов)მიერ შემუშავებულ იქნა რევოლვერი კოდური სახელწოდებით ОЦ-20 "Гном". რევოლვერი დასრულებული სახით წარმოდგენილ იქნა 1994 წელს. 
ვლადიმერ ივანეს ძე სერეგინი (Серегин Владимир Иванович)
მის საფუძვლად აღებული იყო მანამდე დამზადებული რევოლვერი ОЦ-17 «Титан»,  რომელიც მაკაროვის 9х18 ПМ ვაზნებზე იყო გათვლილი. ОЦ-20-ისთვის შექმნილი იქნა სპეციალური ვაზნები, რომელიც როგორც „У-94“-ის და  «Удар» РГ053-ის შემთხვევაში, ასევე 32 კალიბრიანი სანადირო გლუვლულიანი თოფის ვაზნის მასრის ბაზაზე იყო შექმნილი. რომ არ მომხდარიყო გაუგებრობა და ვაზნების არევა, ОЦ-20-ის ვაზნების აღნიშვნა ხდებოდა როგორც 12,5 მმ და არა 12,3 მმ. თავდაპირველად დამზადდა რევოლვერები ჭრილიანი ლულით, თუმცა შემდგომ უარი თქვეს ჭრილების გამოყენებაზე და რევოლვერები აღჭურვეს გლუვი ლულით. ლულის რესურსის გახანგრძლივების მიზნით იგი დაფარული იყო ქრომით. ქრომით იფარებოდა აგრეთვე დოლურას სავაზნე კამერები.
ОЦ-20 "Гном"-ის სქემა არის ტრადიციული რევოლვერის ტიპის. დოლურაში ვაზნების ჩასალაგებლად იგი იწევა მარცხნივ. მასრების ექსტრაქცია ხდება ერთდროულად. დამრტყმელ გამშვები მექანიზმი არის ორმაგი მოქმედების და გააჩნია ღია ჩახმახი. სროლა შესაძლებელია ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებითაც.
რევოლვერის ტარი მზადდებოდა პლასტმასისაგან, თუმცა გვხვდება რევოლვერები ხის ტარითაც. სამიზნე მოწყობილობა არის მუდმივი და გათვლილია 25 მეტრამდე სასროლად. თუმცა შესაძლებელია მისი გვერდითი რეგულირება. ცუდი განათების პირობებში დამიზნების გაადვილების მიზნით სმიზნე მოწყობილობებზე შესაძლებელი იყო კაშკაშა თეთრი ფერის პლასტმასის მაჩვენებლების დამაგრება. სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინ ჩარჩოზე შესაძლებელი იყო ლაზერული მიზანმაჩვენებლის დამაგრებაც. აღნიშნული მიზანმაჩვენებლის ჩართვა-გამორთვა შესაძლებელი იყო რევოლვერის ტარზე ხელის მტევნის მოჭერით. ბოლომდე დამუხტული ლაზერული მიზანმაჩვენებელი საშუალებას იძლეოდა განხორციელებულიყო 500-მდე დამიზნებადი გასროლა.
სპეციალური მექანიზმის მეშვეობით ხდებოდა დოლურის სავაზნე კამერების ზუსტი დაფიქსირება ლულის გასწვრივ. დოლურაზე გაკეთებული იყო 5 ცალი ღარი, რომელშიც გასროლის წინ შედიოდა სასხლეტი კავის სპეციალური შვერილი, რაც უზრუნველყოფდა დოლურას მყარ დაფიქსირებას. თუკი აღნიშნულ ღარში არ მოხვდებოდა სასხლეტი კავის შვერილი, მაშინ შეუძლებელი იყო გასროლის განხორციელება. რევოლვერის ჩახმახი და ზამბარიანი საცემი წარმოადგენდა ცალკეულ დეტალს. ზამბარიანი საცემი ჩასმული იყო რევოლვერის ჩარჩოში, ხოლო შეყენებული ჩახმახი სასხლეტზე თითის დაჭერისას ურტყამდა ზამბარიან საცემს. თუკი სასხლეტ კავზე მსროლელი ბოლომდე არ მოუჭერდა თითს, ჩახმახი არ ურტყავდა საცემს, რაც გამორიცხავდა შემთხვევით გასროლას, იმ შემთხვევაში, თუკი რევოლვერი ჩახმახით დაეცემოდა მყარ ზედაპირზე, ან შემთხვევით მოხდებოდა შეყენებული ჩახმახის ადგილიდან მოწყვეტა.
ОЦ-20 "Гном"-ს გააჩნდა კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც მისი წინამორბედი ОЦ-17 «Титан»-ისგან ერგო მემკვიდრეობით. აღნიშნული თავისებურება მდგომარეობდა რევოლვერის აგრეგატულობაში. აგრეგატულობა განაპირობებდა მოდულურ პრინციპს. რევოლვერი შედგებოდა 3 ცალი ძირითადი მოდულისგან: ჩარჩო ლულით, დოლურა და მთლიანი ბლოკისებური დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. აღნიშნული კონსტრუქციის მეშვეობით რევოლვერის არასრული დაშლა ხდებოდა ძალიან მარტივად.
რევოლვერი ОЦ-20 «Гном» იყო ზედმეტად დიდი გაბარიტების და მასის (წონის), აგრეთვე გლუვი ლულა არ იძლეოდა მის გამოყენებას შედარებით შორ დისტანციაზე, თუმცა იგი არაოფიციალურად იქნა მიღებული რუსეთის ფედერაციის შსს-ს და შინაგანი ჯარების შეიარაღებაში. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადებულ იქნა 200 ცალი ეგზემპლარი.
პროგრამის ფარგლებში შემუშავებული 12,3მმ-ანი ვაზნები
როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ვაზნები, რომლებსაც ჰქონდა სპეციფიური დანიშნულება. რევოლვერებში У-94 და «Удар» РГ053-ში გამოიყენებულ ვაზნებს აღნიშნავენ როგორც 12,3მმ-ანს.  ვაზნების შექმნა ორივე რევოლვერისთვის ხდებოდა ЦНИИТОЧМАШ-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ ლ.ს დვორიანინოვი, ე.ს. კორნილოვი, ვ.ა. პეტროვი და ი.ზ. ფლოროვი (Л.С. Дворянинов, Е.С. Корнилов, В.А. Петров, Ю.З. Флоров).
12,3მმ-ანი ვაზნები მათი დანიშნულების და სიმძლავრის მიხედვით განსხვავდებოდა გაბარიტებით. სრული ნუსხა ასე გამოიყურება: ყველაზე ძლიერი და გრძელი საპოლიციო ვაზნები აღინიშნებოდა როგორც 12,3х50, შემდეგ მოდიოდა 12,3х46, 12,3х40, 12,3х35 და 12,3х22. რევოლვერებში, რომელიც გათვლილი იყო ყველაზე გრძელ 12,3х50მმ-ან ვაზნებზე, შესაძლებელი იყო 12,3მმ-ანი ვაზნების მთელი სპექტრის გამოყენება, ხოლო მხოლოდ სამსახურეობრივი და სასწავლო-სავარჯიშო რევოლვერებში იყენებდნენ მოკლე მასრიან სპეციალურ ვაზნებს.
ვაზნის მასრის შემუშავებისას კონსტრუქტორებმა აირჩიეს სანადირო გლუვლულიანი თოფის 32 კალიბრიანი ვაზნა ОМ32, რომელიც შეამოკლეს 50მმ-მდე და მაალებელი კაფსულა შეუცვალეს უფრო მგრძნობიარე პისტოლეტის კაფსულით КВ-26 (КВ- Капсюль-Воспламенитель) (ანალოგიური კაფსულ-მაალებელი გამოიყენება მაკაროვის 9х18ПМ ვაზნაში)  
როდესაც რევოლვერი У-94  მიღებულ იქნა შეიარაღებაში, მის ვაზნებს მიენიჭა სპეციალური ვაზნების ნომენკლატურა СП9 (Специальный Патрон 9).
ფინალური ნომენკლატურა კი ასე გამოიყურებოდა:
  • СП9 – ვაზნა პლასტმასის ტყვიებით;
  • СП9Б – ვაზნა ჯავშანგამტანი ტყვიით;
  • СП9Н – პიროსითხიანი ვაზნა;
  • СП9Х – ხმოვანი (ფუჭი) ვაზნა.

ვაზნა ჯავშანგამტანი ტყვიით СП9Б 12,3х50R და 12,3x40R
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ერთერთ მოთხოვნას წარმოადგენდა  ჯავშანგამტანი მოქმედების მქონე ტყვიები. კონსტრუქტორების მიერ დამზადდა ორი ტიპის ვაზნა, რომელიც დამუხტული იყო ჯავშანგამტანი მოქმედების ტყვიით. ერთში ტყვია მოთავსებული იყო პირდაპირ, ხოლო მეორეში კი ტყვია ჩამაგრებული იყო მასრაზე არსებული წრიული ჭრილის მეშვეობით. ვაზნაში გამოყენებულ ტყვიას მიენიჭა სახელწოდება ПСБ-32 (Пуля Специальная Бронебойная 32).
 
კონსტრუქტორები მუშაობდნენ როგორც ერთტყვიიან ვაზნაზე, ასევე ორტყვიიანზე, რომელიც დამუტხული იყო 2 ცალი უფრო მსუბუქი ტყვით. ორტყვიიანი ვაზნის მასრას გააჩნდა მკვეთრადგამოხატული შევიწროვებული ფორმა, რომელიც იწყებოდა წინა ტყვიის დამაგრების ადგილიდან. ორტყვიიანი ვაზნების შემუშავება არ გასცდენია საცდელ ეგზემპლარებს და საბოლოოდ უარი თქვეს მათ წარმოებაზე.
ჯავშანგამტანი ტყვია შედგება ბიმეტალის გარსისაგან, რომელსაც გააჩნია წაკვეთილი თავი, ფოლადის  კონუსისებური წაკვეთილი გულა და ტყვიისაგან ჩამოსხმული პერანგი (ბოლო პერიოდში საცდელად დამზადდა პოლიეთილენის პერანგიანი ვაზნებიც). ტყვია არის 9,6 გრამიანი და მისი საწყისი სიჩქარე შეადგენს 250 მ/წამში. 25 მეტრ დისტანციამდე სროლისას მისი სიბურჯღლე შეადგენს R50 – 4,0 სანტიმეტრს. (ტყვია მყარ ზედაპირზე მოხვედრისას (კარები, შუშა, ჯავშანჟილეტი) მოქმედებს, როგორც ჯავშანგამტანი და არ აისხლიტება (რიკოშეტირდება). ჯავშანგამტანიანობასთან ერთად, ტყვიას გააჩნია კარგი შემაჩერებელი (შემაკავებელი) მოქმედება. 25მეტრზე ტყვია ხვრეტს 5მმ სისქის ფოლადის ფილას.  
1994 წელს ვაზნა ჯავშანგამტანი ტყვიით ПСБ-32 მიღებულ იქნა შეიარაღებაში და მიენიჭა ინდექსი СП9Б. აღნიშნული ვაზნები გამოდის მხოლოდ ბიმეტალის მასრით.  ვაზნები 12,3х50R და 12,3x40R არის ერთნაირი მახასიათებლების. სხვაობა მდგომარეობს მასრის სიგრძეში. 12,3x40R შემოკლებულ მასრიანი ვაზნა ძირითადად გამოიყენებოდა რევოლვერში «Удар» РГ053.
გარდა ფოლადისგულარიანი ჯავშანგამტანი ტყვიით დამუხტული ვაზნებისა. დამზადებულ იქნა ანალოგიური ვაზნა, რომელიც დამუხტული იყო მთლიანად ტყვიის გულარიანი გარსიანი ტყვიით, რომელსაც გააჩნდა მაღალი შემაკავებელი მოქმედება.
ვაზნები სხვადასხვა რაკურსით

ვაზნა პლასტმასის სფეროსებრი ტყვიებით СП9 12,3х46R
კონსტრუქტორები თავდაპირველად ვარაუდობდნენ შეემუშავებინათ ვაზნა რომელსაც არ ექნებოდა  მეტალის ტყვია, ხოლო კორპუსი იქნებოდა დამზადებული პლასტმასისაგან. ფიქრობდნენ ასევე ვაზნის შექმნაზე, რომელსაც ექნებოდა საფანტის მუხტი და პლასტმასის საბჯენი კუდი, მაგრამ საბოლოდ კონსტრუქტორები შეჩერდნენ პლასტმასის ტყვიებზე.
ცნობილია, რომ პირველი ვაზნის პროტოტიპების სიბურჯღლე არ იყო დამაკმაყოფილებელი და გასროლების სერიებში იყო საწყისი სიჩქარის დიდი გაბნევა. სპეციალისტების აზრით აღნიშნული პრობლემის მიზეზი იყო ტყვიის ლულაში შესვლისას წარმოქმნილი დარტყმა.   მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღმოეფხვრათ აღნიშნული დარტყმის ძალა და ტყვიისთვის შეექმნათ ერთგვარი წინაღობა, იმ მომენტში, როდესაც იგი იწყებდა ვაზნის მასრაში მოძრაობას.   ვაზნის მასრას წინა ნაწილში გაუკეთეს შევიწროვება.
მასრის შევიწროვებული ადგილის ოპტიმალური დიამეტრი განაპირობებდა ტყვიის მიმართულ მოძრაობას მასში, რაც უზრუნველყოფდა გაუმჯობესებულ სროლის სიბურჯღლეს. გარდა აღნიშნულისა იგი უზრუნველყოფს წნევის ფორსირებას (გაძლიერებას) გასროლის დაწყების მომენტში, რაც თავისმხრივ იწვევს დენთის წვის სტაბილურობას და აუმჯობესებს ბალისტიკურ მახასიათებლებს. მასრის კონუსისებური ფორმა აუმჯობესებს აგრეთვე მის ექსტრაქციას დოლურის სავაზნედან. მასრის ცხვირთან შევიწროვება გამორიცხავს აგრეთვე ტყვის რომელიმე მხარეს გადახრას და აუმჯობესებს ტყვიის მყარად ჩამაგრებას მასრაში, რათა არ მოხდეს მისი შემთხვევითი ამოვარდნა.
პლასტმასის ტყვიებით დამზადებული ვაზნა შესრულებულია მრავალტყვიიანი სქემის პრინციპით და დამუხტულია სამი ცალი სფეროსებული ტყვიით, რომელთა ეფექტური სროლის მანძილია 5დან 15 მეტრამდე. აღნიშნულ მანძილზე ტყვიებს არ შეუძლიათ სხეულის ძლიერი დაზიანება.
1994 წელს ვაზნა მიღებულ იქნა შეიარაღებაში და მიენიჭა ინდექსი СП9. ვაზნები გამოდის მხოლოდ ბიმეტალის მასრით.

პიროსითხიანი ვაზნა СП9Н 12,3х50R
საბრძოლო მასალების შექმნის მოთხოვნა წამოვიდა აგრეთვე პიროსითხიან ვაზნებზე. ვაზნა შემუშავებულ იქნა ЦНИИТОЧМАШ-ის კონსტრუქტორთა და ტექნოლოგთა ჯგუფის მიერ.  ვაზნის კონსტრუქცია დაფუძნებული იყო ვ. ა. პეტროვის (В.А. Петров) ვაზნის БАМ -ის (Баллончик Аэрозольный Малогабаритный) მიხედვით.   
 
პიროსითხიანი ვაზნა შედგება ბიმეტალის მასრის, პისტოლეტის კაფსულ-მაალებლის, დენთის მუხტის, პლასტმასის პიჟისებური დეტალის, მიმწოლის და პლასტმაის ამპულისაგან, რომელშიც შეიცავს 2,5 სმ3  გამაღიზიანებელი მოქმედების სითხეს (ირიტანტს).  გასროლის დროს მიმწოლი უზრუნველყოფს ამპულის დაშლას და სითხის ლულის არხიდან გამოფრქვევას. უხმო ვაზნების პრინციპის მიხედვით მიმწოლი მასრაში უკიდურეს პოზიციამდე გადაადგილდება წინ და გადაკეტავს დენთის აირების, რათა არ მოხდეს მათი მასრიდან გაბნევა.  სითხის გამოფრქვევის მანძილი შეადგენს 5 მეტრს. ბიოლოგიური ობიექტის პარალიზება ხდება არა უმეტეს 10 წუთისა. ირიტანტის ჭავლი გამოიფრქვევა ლულიდან და ჰაერში მოხვედრისას ხდება მისი ღრუბლისებური გაშლა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკლები ალბათობაა მსროლელი თავად გაეხვიოს აირის მოქმედების ზონაში. (გაზის პისტოლეტების და რევოლვერების შემთხვევაში აირის ღრუბელი წარმოქმნას იწყებს იარაღის ლულაშივე)
1994 წელს ვაზნა მიღებულ იქნა შეიარაღებაში და მიენიჭა ინდექსი СП9Н. აღნიშნული ვაზნები გამოდის მხოლოდ ბიმეტალის მასრით.
 
ხმოვანი (ფუჭი) ვაზნა  СП9Х 12,3x35R
ფუჭი ხმოვანი ვაზნა შეადგენს 12,3x50 ვაზნის მასრას რომელიც 35მმ-მდეა დამოკლებული და მისი  ბოლო ვარსკვლავისებურად არის შეწვრილებული. ვაზნას გააჩნია პისტოლეტის კაფსულ-მაალებელი და დენთის მუხტი. ვაზნა უზრუნველყოფს გასროლის იმიტაციას და იძლევა ხმოვან სიგნალს, რომლის სიმძლავრეც აღწევს 150 დეციბელამდე.



1994 წელს ვაზნა მიღებულ იქნა შეიარაღებაში და მიენიჭა ინდექსი СП9Х. აღნიშნული ვაზნები გამოდის მხოლოდ ბიმეტალის მასრით.
დამატებითი ვაზნები:
რევოლვერებისთვის შეიქმნა აგრეთვე სპეციალური დამატებითი ვაზნები
  • საფანტის ვაზნა - (დამუხტულია ფოლადის კუბისებური ოთხკუთხედი ფორმის საფანტით). ვაზნა გამოიყენება ცუდი განათების პირობებში, როდესაც ოპერაციის შესრულება ხდება შენობებში არსებულ პატარა ოთხებში და დერეფნებში. კუბისებური საფანტის გამოყენების მეშვეობით, მინიმუმადეა დაყვანილი მისი რიკოშეტირება.
  • სასიგნალო მანათობელი ვაზნა.
  • მანათობელ-ხმოვანი ვაზნა - გასროლისას იძლევა ნათებას სიმძლავრით 100000 კანდელი და ძლიერ ხმას, რაც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის დეზორიენტაციას / მოძრაობის კოორდინაციის დაკარგვას.  იგი შემუშავებულ იქნა რუსეთის ფედარაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის "НИИСТ" (Научно-исследовательский институт специальной техники) სპეციალისტების მიერ.
  • ვაზნა შეღებვითი შემადგენლობით - მოხვედრისას ტოვებს საღებავის კვალს ობიექტზე. იყენებენ ტერორისტის ან ბოროტმოქმედის მონიშვნისთის. გამოიყენება აგრეთვე სავარჯიშო-საწვრთნელი სროლებისას.
  • ვაზნა სფეროსებური რეზინის ტყვიით - ტრავმატული მოქმედებით.
12,3 х 22R (ПС-32)
იგი წარმოადგენს დამოკლებულ მასრიან ვაზნას, რომელიც დამუხტულია ბრტყლეთავიანი მონოლითური ტყვიით. ტყვიას გააჩნია მაღალი შემაკავებელი (შემაჩერებელი) ენერგია, თუმცა მისი გამტანუნარიანობა (ჭავლური ენერგია) არის შედარებით დაბალი. აღნიშნულ ვაზნებს ძირითადად იყენებენ სამსახურეობრივ რევოლვერებში Удар-С.

 
12,3 х 22R არალეტალური ვაზნა რეზინის ტყვიით
ვაზნას ძირითადად იყენებენ რევოლვერებში Удар-С. იგი დამუხტულია რეზინის 11,5გრამიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენს 80მ/წამს, ხოლო ენერგია შეადგენს 37 ჯოულს.
პროგრამის ფარგლებში შემუშავებული 12,5მმ-ანი ვაზნები რევოლვერ "ОЦ-20"-ისთვის
რევოლვერ  "Гном" ОЦ-20-ისთვის შექმნილ იქნა 3 სახის ძირითადი ვაზნა. ვაზნები შეიქმნა ЦКИБ СОО-ში კონსტრუქტორ ს.მ. შეინინის მიერ (С.М. Шейнин). ამ შემთხვევაშიც ვაზნის საფუძვლად აღებულ იქნა სანადირო გლუვლულიანი თოფის 32 კალიბრიანი ვაზნის მასრა.
12,5x40R ვაზნა ფოლადის ჯავშანგამტანი ტყვიით СЦ 110
მისი ტყვია დამზადებულია ნაწრთობი ფოლადისაგან და უკანა ნაწილზე მიმაგრებული აქვს პოლიეთილენის წამყვანი კონტეინერი, რათა გასროლისას ტყვია არ შეეხოს ლულას და სტაბილურად გაიაროს მის კედლებში. პოლიეთილენის წამყვანი კონტეინერი უზრუნველყოფს აგრეთვე დენთის აირების ობტურაციას. მწარმოებლის თქმით 11გრამიანი ფოლადის ტყვია ანვითარებს 400მეტრ წამამდე სიჩარეს, მისი ენერგია შეადგენს 880-900ჯოულს და 50 მეტრ დისტანციაზე შეუძლია გახვრიტოს 3მმ-მდე სისქის ფოლადის ფირფიტა. 25 მეტრ დისტანციაზე ტყვია ხვრეტს 4,5მმ-ან ჯავშანელემენტს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ტყვია СЦ 110 ხვრეტს პირველი კლასიდან დაწყებულ ყველა ჯავშანჟილეტს,  მეოთხე კლასის ჯავშანჟილეტების ჩათვლით. (აქ იგულისხმება ჯავშანჟილეტების რუსული ნომენკლატურა).

12,5x40R ვაზნა საფანტის მუხტით СЦ 110-02
 
ვაზნა დამუხტულია 16 ცალი საფანტის ბურთულით, რომელთა დიამეტრი არის 4,5მმ. მთლიანობაში საფანტის მასა შეადგენს 10 გრამს. ვაზნა გამოიყენება რთულ პირობებში, როდესაც მსროლელს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია მოწინააღმდეგეს მდებარეობის შესახებ (მაგალითად: მოწინააღმდეგე იმალება ბუჩქების ან მაღალი ბალახების უკან, კვამლის ღრუბლის უკან, კარავის უკან). ვაზნას იყენებენ აგრეთვე რამოდენიმე კაცისაგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ, რადგანაც საფანტი იშლება და ერთი გასროლით შესაძლებელია რამოდენიმე მოწინააღმდეგის დაზიანება.
 
12,5x40R ვაზნა მონოლითური ტყვიით СЦ 110-04
 
იგი დამუხტულია ფოსტერის მსგავის უგარსო მონოლითური ტყვიით. რომლის მასაც არის 12 გრამი და ანვითარებს საწყის სიჩქარეს 350მ/წამი. მისი ენერგია ლულიდან გამოსვლისას შეადგენს 735 ჯოულს. ვაზნა გამოირჩევა გაზრდილი შემაკავებელი (შემაჩერებელი) მოქმედებით. 
ვაზნა 12,5x40R СЦ 110 და მისი ფოლადის ჯავშანგამტანი ტყვია პოლიეთილენის კონტეინერით; ვაზნა 12,5x40R СЦ 110-04  და მისი უგარსო მონოლითური ტყვია; ვაზნა 12,3x50R (СП9Б) და მისი ჯავშანგამტანი ტყვია ПСБ-32

No comments:

Post a Comment