ხიშტ-დანა თანამედროვე მოკლელულიან იარაღზე

ჩვენი ბლოგის მკითხველები შენიშნავდით, რომ მე ნაკლებად ვწერ თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მიყვარს თანამედროვე იარაღი. უბრალოდ ბევრად მსიამონებს, მივიწყებულ, არშემდგარ და ექსპერიმენტალურ ცეცხლსასროლ იარღებზე წერა. შეიძლბა ითქვას, რომ ყველაზე ნაკლებად ვარ დაინტერესებული თანამედროვე ცეცხლსასაროლი იარაღის აქსესუარებით. თუმცა ეს სტატია იქნება გამონაკლისი, რადგანაც სწორედ აქსესუარს შეეხეება. კერძოდ კი ხიშტ-დანებს, რომლებიც სპეციალურად მოკლელულიანი ხელის ცეცხლსასროლი იარაღებისთვის შეიქმნა. (აქვე ავღნიშნავ, რომ ცივი იარაღიც ნაკლებად განეკუთვნება ჩემი ინტერესის სფეროს).

ისტორიულ ასპექტებს, რომ გადავხედოთ ჯერ კიდევ კაჟიან პისტოლეტებზე  პოპულარული იყო ხიშტების დამონტაჟება / დამაგრება. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ მაშინ ცივი იარაღი ბევრად უფრო პოპულარული იყო ვიდრე ცეცხლსასროლი. ხიშტები ხშირად გვხვდებოდა ფრანგი კაზიმირ ლეფოშეს (Casimir Lefaucheux)  რევოლვერებზეც. არსებობდა სხვა კონსტრუქტორების რამოდენიმე რევოლვერის მოდელი, რომელიც ქარხნულად იწარმოებოდა მასზე დამაგრებული საკეცი ხიშტით. ხშირ შემთხვევაში, ხიშტის ფორმა იყო ტალღოვანი, რათა მეტი დაზიანება მიიყენებინა ადამიანისთვის.
ლეფოშეს რევოლვერი სარჭიან ვაზნებზე, რომელსაც გააჩნია ტალღოვანი მოყვანილობის საკეცი ხიშტი
ავტომატური (თვითდამტენი) პისტოლეტების გავრცელების შემდეგ ხიშტების გამოყენება ფაქტიურად აღარ ხდებოდა. თუმცა დღეს გამოჩნდნენ მწარმოებლები, რომლებიც ავტომატური (თვითდამტენი) პისტოლეტებისთვის  აწარმოებენ ხიშტ-დანებს, როგორც დამატებით აქსესუარს.
ამერიკული კომპანია “LaserLite”, აწარმოებს იარაღისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქსესუარებს, თანამშრომლობს ცივი იარაღის მწარმოებელ პოპულარულ  კომპანიასთან “KA-BAR”. იგი ცნობილია როგორც საბრძოლო და სპეციალური დანიშნულების დანების ერთერთი მსხვილი მწარმოებელი. სწორედ “KA-BAR”-ის და  “LaserLite”-ის ერთობლივ პროდუქტს წარმოადგენს ხიშტი-დანა სახელწოდებით "PB-3" (PB-Pistol Bayonet). ხიშტი-დანის პირი დამზადებულია ნახშირბადოვანი ფოლადისაგან, რომელიც იფარება შავი ფერის ტეფლონის საფარით. აღნიშნული საფარი უზრუნველყოფს პირის დაცვას. დანის ტარის 30% მზადდება ნეილონის მინარევებით. ნეილონის მინარევების გამოყენების წყალობით ტარი იღებს მეტ სიმტკიცეს.
დანის პირის სიგრძე 7 სანტიმეტრი (2,75 ინჩი), მთლიანი სიგრძე 14,6 სმ (5,75 ინჩი), წონა (მასა) 74 გრამი. ხიშტ-დანას კომპლექტში მოყვება პლასტმასის შესანახი ბუდე.
ხიშტი-დანის დამაგრება შესაძლებელია საშუალო და დიდი ზომის პისტოლეტებზე, რომელთაც გააჩნიათ პიკატინის (Picatinny) ტიპის სამაგრი ლიანდაგი. მისი მოხსნა ხდება მარტივად, სამაგრზე არსებულ ღილაკებზე თითის დაწოლით.
„MINI TAC-TOOL“ მოდელი PB-4
ამავე კომპანიის მიერ იწარმოება აგრეთვე ტაქტიკური ინსტრუმენტი „MINI TAC-TOOL“ მოდელი PB-4, რომლის 6,4 სმ სიგრძის პირი არის სწორკუთხოვანი ფორმის და გააჩნია სპეციალური ღარი თასმების და წვრილი ქამრების გადასაჭრელად. აღნიშნული ღარის მეშვეობით შესაძლებელია აგრეთვე მავთულის იზოლაციის გაჭრა. მთლიანი ინსტრუმენტის სიგრძე შეადგენს 14,6 სანტიმეტრს.

კომპანია Laserlyte აწარმოებს აგრეთვე ამერიკული მცირეგაბარიტიანი რევოლვერებისთვის NAA (North American ARMS) უჟანგავი ფოლადისგან 3CR13 დამზადებულ  მცირე ზომის ხიშტ-დანას სახელწოდებით "NAA-PB", რომელიც დოლურას ღერძზე სპეციალური ალუმინის მომჭერით (ხამუტით) მაგრდება.
კომპანია Laserlyte-ის მიერ წარმოებული ხიშტი დანა "NAA-PB", რომელიც დამაგრებულია .22LR ვაზნაზე გათვლილ მცირეგაბარიტიან რევოლვერზე "NAA" და ხიშტის პლასტმასის ბუდე.


ხიშტ-დანას პისტოლეტებისთვის აწარმოებს აგრეთვე ცნობილი მწარმოებელი CZ (Ceska Zbrojovka), რომელიც გამოდის სახელწოდებით „CZ Tactical Block with Bayonet“
პისტოლეტზე დამაგრებული „CZ Tactical Block with Bayonet“

ერთერთ ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს ამერიკული კომპანია „Manly Innovations“-ის დანა, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანმა ჯო მენლიმ (Joe Manly) შექმნა და ცნობილია სახელწოდებით MBX (Magazine Base Interchanging System).
ამ შემთხვევაში პისტოლეტის სავაზნე კოლოფის (მჭიდის) ფსკერზე მაგრდება სპეციალური სამაგრი, რომელზეც მსროლელს შეუძლია დაამაგროს მცირე ზომის დანის პირი.
პირი დამზადებულია სპეციალური ფოლადისგან მარკით „CPM 3V“.  ფოლადი "CPM 3V" შეიქმნა კომპანია "Crucible"-ს მიერ და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გამძლე ფოლადს. იგი თავისი პარამეტრებით ახლოს დგას ცნობილ ინსტრუმენტალურ ფოლად "S7"-თან, რომელიც დარტყმაგამძლეობით და უმაღლესი სიმტკიცით გამოირჩევა. ფოლად CPM 3V-ს სიმკვრივე სტენლი როქველის მეთოდით გაზომვის შემთხვევაში (HRC) შეადგენს 58-60. მას ხშირად იყენებენ როგორც ინსტრუმენტალურ ფოლადს იმ შემთხვევებში როდესაც სისტემატიური ცვეთა ადგება ინსტრუმენტის ფოლადის დეტალს.
კომპლექტაციაში შედის აგრეთვე პრაქტიკული პირი, რომელიც ხიშტის გამოყენების დასაუფლებლად და სატრენინგოდ გამოიყენება. აღნიშნული პირი მზადდება ავიაციური ალუმინისაგან 6061-T6. იგი დაფარულია სპეციალური წითელი ფერის ანტიკოროზიული საფარით. დაფარვა ხდება ანოდირების მეთოდით. მისი ცხვირი და გვერდები უსაფრთხოების მიზნით მომრგვალებულია, რათა ვარჯიშისას შემთხვევით არ დავაზიანოთ არც სხვა და არც ჩვენ მივიღოთ სასწავლო ტრავმირება.
Manly Innovations-ის ვებ გვერდს თუ გადავხედავთ აქსესუარი "MBX" მზადდება სამი ძირითადი მარკის პისტოლეტებისთვის;
·        MBXGM9 - რომელიც განკუთვნილია ბერეტას პისტოლეტების სავაზნე კოლოფებისთვის (მჭიდებისთვის) (BERETTA M9/M9A1, 92FS/92A1, 96FS/96A1)
·        MBXG940 - რომელიც განკუთვნილია გლოკის პისტოლეტების 9მმ-ან და .40 კალიბრის ვაზნებზე გათვლილი სავაზნე კოლოფებისთვის (მჭიდებისთვის) (გარდა Glock 26 და 27 მოდელებისა).
 
მწარმოებლის ინფორმაციით არსებობს მსგავსი აქსესუარი კოლტის 1911 წლის მოდელების სავაზნე კოლოფებისათვის.
გარდა დანის პირისა, MBX-ზე შესაძლებელია დამაგრდეს აგრეთვე პიკატინის ლიანდაგი, რომელზეც უკვე მფლობელი სურვილის შესაბამისად შეძლებს სავაზნე კოლოფის ფსკერზე  სხვა საჭირო აქსესუარების დამაგრებას.
კომპანია Manly Innovations-ის ვებ გვერდზე განთავსებულია სარეკლამო ფოტოსურათი, სადაც ინსტრუქტორი ახდენს დემონტრირებას თუ რამდენად სწრაფად ხდება დანის პირის ჩამაგრება სავაზნე კოლოფის ფსკერზე ხელის მარტივი მოძრაობით.
პისტოლეტზე დამაგრებული ხიშტ-დანის პრაქტიკული დანიშნულება
რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პისტოლეტზე დამაგრებული ხიშტი-დანა? მე პირადად ამ საკითხს არ ვუყურებ სერიოზულად. შეიძლება იყოს სიტუაცია სადაც გასროლის მაგივრად ხელჩართულ ბრძოლაში მოწინააღმდეგეს დანით მიაყენებ ჭრილობას, თუკი ვაზნები ამოგვეწურა პისტოლეტზე დამაგრებული ხიშტით დავიცავთ თავს. ამდროს შესაძლებელია ცალკე მქონდეს შალითაში (ბუდეში) მოთავსებული უფრო სერიოზული ცივი იარაღი, ვიდრე პისტოლეტზე დამაგრებული მომცრო ზომის ხიშტი-დანა, მაგრამ წამები წყვეტს ყველაფერს და სანამ მე ამოვიღებ დანას ბუდიდან შესაძლოა სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. პისტოლეტზე დამაგრებული ხიშტი-დანა კიდევ მუდმივად მზადაა გამოყენებისათვის და ვაზნების ამოწურვის (გამოლევის) შემთხვევაში მომენტალურად არის შესაძლებელი მოწინააღმდეგესაკენ მიშვერილი დანის გამოყენება. გარკვეული სიმართლე არის რათქმაუნდა ზევით ჩამოთვლილ პრაქტიკულ საკითხებში, თუმცა როგორც ავღნიშნე მე არ ვუდგები ხიშტ-დანის პრაქტიკულ გამოყენებას სერიოზულად და ჩემი სუბიექტური აზრით დანის პისტოლეტზე დამაგრებას უფრო აქვს ერთგვარი ვიზუალური ეფექტი, რომლითაც მფლობელი შეეცდება თავი მოაწონოს სხვებს, რომ "ჩემი პისტოლეტი უფრო მრისხანეა ვიდრე იმის ვისაც არ უყენია ზედ ხიშტი-დანა". აღნიშნული მიზეზი მე საქართველოში ხშირად მომისმენია პისტოლეტზე დამაგრებულ ფანარზეც (ვიცი რომ "ფარანსაც" უწოდებენ და ტვინს ნუ გაღუნავთ ფანარი გიწერია და ფარანი უფრო სწორიაო) შემდეგი ტექსტით; „მაგარ ვიდუხას აძლევს“, "ფანრიან იარაღს რომ გააძრობ უკვე სხვა დონეა" J. ჩემი აზრით პისტოლეტზე სახლის პირობებში თავდაცვითი მიზნისთვის ფანარის გამოყენება ბევრად უფრო პრაქტიკული და მნშვნელოვანი საკითხია ვიდრე ხიშტი-დანის დამაგრება. შეიძლება სტერეოტიპული ხედვაა, მაგრამ ძირითადად თავდასხმა ღამე (სიბნელეში) უფროა მოსალოდნელი. გარდა ამისა მოწინააღმდეგეს თვალებში მოულოდნელად თუ მიანათებ ძლიარ ფანარს მისი დეზორიენტაციის ალბათობა ბევრად დიდია.
უარყოფთი მხარე რომელიც გააჩნია ხიშტი-დანის პისტოლეტზე დამაგრებას არის ის, რომ იარაღის მთლიანი გაბარიტები იზრდება და პისტოლეტის  სტანდარტულ ბუდეში მას ვერ მოათავსებ სანამ არ მოხსნი პისტოლეტიდან. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ის, რომ იცვლება პისტოლეტის სიმძიმის ცენტრი, რასაც დამატებითი შეჩვევა სჭირდება.
როგორც ცნობილია რიგ შაშხნაბეზე ხიშტის დამაგრებისას იცვლება ტყვიის ფრენის ტრაექტორია, რაც ტყვიასთან ერთად ლულიდან გამოვარდნილი აირების და ჰაერის ნაკადის ხიშტზე დაჯახებით არის გამოწვეული. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი: 1. ხალხი რომელიც ამბობს, რომ საგრძნობლად იცვლება ტყვიის ფრენის ტრაექტორია; 2. ხალხი რომელიც ამბობს, რომ იმდენად უმნიშვნელოა ეს გავლენა, რომ მსროლელი ვერ ამჩნევს მას. შესაძლოა თუ არა მსროლელმა ტყვია ააცილოს მიზანს იმ მიზეზით, რომ  პისტოლეტზე ხიშტი-დანაა დამაგრებული და აირები ახდენენ ტყვიაზე ზემოქმედებას?  ვინაიდან პისტოლეტი არაა შორ მანძილზე სასროლად გათვლილი, შესაბამისად ტყვიის ტრაექტორიის გადახრა არამგონია გახდეს იმის საფუძველი, რომ მსროლელმა ააცილოს სამიზნეს ან მოხდეს ტყვიის ტრაექტორიის შესამჩნევი ცვლილება. გარდა ზემოაღნიშნულისა თანამედროვე პისტოლეტებზე დამაგრებული ხიშტი-დანა არაა ლულის ხაზთან ისე ახლოს, როგორც ეს ხდებოდა გასული საუკინის საარმიო შაშხანებზე.
ფაქტია ერთია, დღეს რამოდენიმე სერიოზული კომპანია  აწარმოებს და უშვებს იარაღის ბაზარზე პისტოლეტებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ტიპის, ფორმის და მასალის ხიშტ-დანებს, რომლებსაც უდაოდ ჰყავს მუშტარი, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად იყენებენ მას პრაქტიკაში.

No comments:

Post a Comment