ამერიკული პროგრამა "Whisper" (ჩურჩული)

ამერიკული პროგრამა რომლის შესახებაც ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ, დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ამუნიციის (საბრძოლო მასალების) და მათი ნახაზების  99% განადგურებულ იქნა აშშ-ს მთავრობის მიერ. შესაბამისად დღეს ინფორმაცია ამ პროგრამაზე ძალიან მწირია.
რიგი წყაროების თანახმად 50-ან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა პროგრამის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავდა სპეციალური ჩუმი (უხმო) იარაღის და საბრძოლო მასალების შექმნას. მთავარი მოთხოვნა იყო შემდეგი სახის:
უნდა შექმნილიყო ან კომპლექსური სახით სპეციალური იარაღი და სპეციალური საბრძოლო მასალები (ვაზნები) ამ იარაღისთვის, ან მხოლოდ სპეციალური ვაზნები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ს შეიარაღებაში სრულად ან ნაწილობრივ არსებულ რომელიმე ხელის ცეცხლსასროლ იარაღში. მოთხოვნის თანახმად შექმნილი იარაღის და ვაზნების გამოყენების შემთხვევაში, გასროლა უნდა განხორციელებულიყო უხმოდ, ალის გარეშე და კვამლის გარეშე. საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მხოლოდ სპეციალური ვაზნების შემუშავება და არა კომპლექსურად (ვაზნა+იარაღი).

გასაიდუმლოებულ პროგრამას მიენიჭა სახელწოდება "Whisper" (ჩურჩული), ხოლო სამუშაოების შესრულება დაწყებულ იქნა Frankford Arsenal-ის სპეციალისტების მიერ. Frankford Arsenal-ი ჩამოყალბდა აშშ-ში 1816 წელს და მისი არსებობის მანილზე იგი ითვლებოდა მთავარ ცენტრად, სადაც ხდებოდა ამერიკის არმიისათვის ვაზნების შემუშავება, განვითარება და წარმოება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მასში რეგულარულად იყო დასაქმებული 1000-ზე მეტი ადამიანი. არსებობს ინფორმაცია, რომ პირველ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 22 000-მდეც კი მერყეობდა. გარდა ვაზნების შემუშავებისა ცენტრი უზრუნვეყოფდა აგრეთვე საარტილერიო იარაღს და დანადგარების შეკეთებას და დასაწყობებას.

დღეს ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე მაყუჩის გამოყენების შემთხვევაში იარაღიდან ნასროლი ტყვიის საწყისი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს ზებგერით სიჩქარეს, რადგანაც ტყვიის ჰაერთან შეჯახების მომენტში ხდება ხმოვანი ბარიერის გადალახვა და წარმოიქმნება ერთგვარი ხმოვანი ტალღა, რაც შეუძლებელს ხდის ჩუმ გასროლას. ბგერის გავრცელების სიჩქარედ მიჩნეულია 330-340 მეტრი წამში. აღნიშნული პარამეტრი უმნიშვნელოდ იცვლება სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგანაც ტემპერატურა და ჰაერის სიმკვრივე ახდენს ბგერის სიჩქარეზე გარკვეულ გავლენას. ცეცხლსასროლ იარაღში ტყვია ქვებგერითად ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ლულიდან ან მაყუჩიდან გამოსვლისას მისი სიჩქარე ნაკლებია 330 მეტრ წამზე. მაყუჩის გამოყენებისას დენთის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი მაინც აღწევს გარეთ და არც გასროლის ხმა არის ბოლომდე დახშული, შესაბამისად, მაყუჩი ვერ დააკმაყოფილებდა პროგრამა "Whisper"-ის მოთხოვნებს და კონსტრუქტორებს სხვა მეთოდები უნდა გამოეყენებინათ.

ზუსტად ამავე პერიოდში ანალოგიური საკითხით დაინტერესებული იყვნენ საბჭოთა კავშირში, სადაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) დაკვეთით  მუშაობა მიმდინარეობდა #14 ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიუროში ЦКБ-14 (Центральное Конструкторское Бюро-14)  და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში НИИ-61 (Научно-Исследовательский Институт-61). მუშაობის შედეგად იგორ სტეჩკინის მიერ შეიქმნა სპეციალური უხმო ვაზნები СП-1 და СП-2. (ინფორმაცია აღნიშნულ ვაზნებთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ იქნა გამოქვეყნებული ჩვენს ბლოგზე. შეგიძლიათ იხილოთ ბმულიები СП-1 და СП-2).
ამერიკელებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ვაზნა, რომელშიც გამოყენებული იქნებოდა გასროლის შემდეგ წარმოქმნილი დენთის აირების მასრაში გადაკეტვის პრინციპი. ამ პრინციპს ეძახიან აგრეთვე „ცვლად-ჩაკეტილი რედუქტორის“ პრინციპს. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობდა სტეჩკინის მიერ შექმნილი საბჭოთა ვაზნა СП-2. დღეს იშვითად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს კამათი თემაზე, რუსები იყვნენ პირველები თუ ამერიკელები ვინც შექმნეს მასრაში აირების გადაკტვის პრინციპი. საბჭოთა ვაზნის საავტორო მოწმობა ნომრით 15840, რომელიც იგორ სტეჩკინის სახელზეა გაფორმებული, თარიღდება 1954 წლის 15 დეკემბერით. ოფიციალურად აშშ-ს არ ჰქონდა ამ პეროდში შექმნილი მასრაში აირების გადაკეტვის პრინციპზე დაფუძნებული ჩუმი ვაზნები. შესაძლოა ჰქონოდათ ნახაზები, იდეის დონეზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის მზვერავებმა ჩაიგდეს ხელთ და სტეჩკინმა დაასწრო მისი შექმნა. შესაძლოა ორივე მხარე დამოუკიდებლად მივიდა ამ იდეამდე. ეს თემა ბუნდოვანია და ალბათ ვერასოდეს ვერ მივიღებთ ზუსტ პასუხს.  იგივე პრინციპს იყენებდა ჯერ კიდევ 1900წელს შექმნილი ბიზელის (Bissell) ვაზნა, სადაც გამოიყენებოდა წყლიანი დგუშის პრინციპი. ანალოგიური სქემით მუშაობდა 40-ან წლებში შექმნილი გურევიჩის სპეციალური ვაზნები, რომელშიც წყალის დგუში გამოიყენება (გურევიჩის ვაზნებზე სტატია მომზადებული მაქვს და აუცილებლად გამოვაქვეყნებ). 1922წელს Holmes-მა შექმნა დგუშიანი ვაზნის მისეული ვარიანტი, რომელიც ტყვიის მაგივრად პატარა ფოლადის ისარს ისროდა. მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება გამაჩნია ამ პრინციპის ვაზნების შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მცდარიც იყოს. ვფიქრობ, რომ ამერიკელების და რუსების შემთხვევაშიც გავლენა მოახდინა მექსიკელი გენერლის, მანუელ მონდრაგონის (Manuel Mondragon) შაშხანის ვაზნამ, რომელიც ჯერ კიდევ 1894 წელს შექმნა შვეიცარიელმა პოლკოვნიკმა ედუარდ რუბინმა (Eduard Alexander Rubin). 
მონდრაგონის შაშხანის ვაზნა არაა ჩუმი (უხმო) და არც დენთის აირების გადაკეტვა ხდეაბ მასში. თუმცა მის ტყვიას მასრაში გააჩნია მრგვალი დგუშისებური დეტალი, რომელიც გასროლისას უბიძგებს ტყვიას და შემდეგ ჩერდება მასრის ყელთან. რუბინის აზრით აღნიშნული კონსტრუქცია უზრუნველყოფდა ტყვიის მაღალ საწყის სიჩქარეს, რადგანაც გასროლის შედეგად წარმოქმნილი დენთის აირები თანაბრად ნაწილდებოდა დგუშზე, დგუში კი უბიძგებდა ტყვიას. შესაძლოა სწორედ მონდრაგონის ვაზნა გამხდარიყო დენთის აირების მასრაში გადაკეტვის იდეის გენერატორი. ვიმეორებ ეს ჩემი მოსაზრებაა და არა უტყუარი ინფორმაცია.

5,2×68 მმ-ანი ვაზნა მონდრაგონის შაშხანისათვის
 
Frankford Arsenal-ის სპეციალისტებმა საფუძვლად აიღეს ამერიკული 7,62მმ-ანი ვაზნა .30-06. და მის ბაზაზე შეეცადნენ გაეკეთებინათ უხმო (ჩუმი) ვაზნა. როგორც ავღნიშნეთ ვაზნის სისტემა ეფუძნებოდა დენთის აირების მასრაში გადაკეტვის პრინციპს. 

მათ მიერ შექმნილი ვაზნა შედგებოდა ორკომპონენტიანი მასრისაგან, რომლის სქელ კორპუსშიც ჩახრახნილი იყო ფსკერი კაფსულ-მაალებლით, დენთის მუხტი, სპეციალური რეზინის ობტურატორი და მიმწოლი ღერო (დგუში), რომელიც უზრუნველყოფდა გასროლის დროს ტყვიაზე ენერგიის გადაცემას (დარტყმას). დეტალაურად რომ განვიხილოთ გასროლის პროცესი იყო შემდეგნაირი:
1.   კაფსულ-მაალებელი უზრუნველყოფდა დენთის აალებას;
2.   დენთის აალების შედეგად წარმოქმნილი აირები უბიძგებდნენ მიმწოლ ღეროს, რომელიც გადაადგილდებოდა წინ და უბიძგებდა ტყვიას;
3.   ტყვია მიმწოლი ღეროს მეშვეობით იღებდა სიჩქარეს და გადაადგილდებოდა ლულაში;
4.   მიმწოლი დგუში უკიდურეს წინა ნაწილში გადაადგილების შემდეგ მასრის ყელთან იჭედებოდა (ჩერდებოდა), ხოლო მის ძირზე დამაგრებული რეზინის საფენ-ობტურატორი უზრუნველყოფდა დენთის აირების ჩაკეტვას მასრის მოცულობით კამერაში. 

      ამერიკულ ვაზნას მიენიჭა ინდექსი "XM76", ხოლო მისი მეტრული აღნიშვნა ხდებოდა როგორც 7,62х63mm. XM76 -ის გამოყენება ხდებოდა  ჯონ გარანდის შაშხანაში “Garand M1”.  აქ პირველი შეკითხვა რომელიც დაგვებადება არის ის თუ როგორ იმუშავებდა გარანდის ავტომატიკა ასეთ ვაზნებზე? გასროლები ხდებოდა როგორც მექანიკურ (Bolt Action) შაშხანებში, ანუ ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელი ხელით ახდენდა საკეტის უკან გადაადგილებას, რადგანაც შაშხანა Garand M1-ის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ლულის არხიდან აირების გაყვანას, ხოლო ვაზნა XM76 იყენებდა აირების მასრაში გადაკეტვის მექანიზმს, შესაბამისად შაშხანის ლულაში აირები საერთოდ არ ხვდებოდა.
ცნობილია, რომ საცდელი სროლებისას გამოვლინდა შემდეგი უარყოფითი ფაქტორები:
·    ხშირად ხდებოდა კაფსულ მაალებლის მასრიდან გამოგდება, რადგანაც მასრაში დარჩენილი აირების შედეგადად წარმოიქმნებოდა წნევა, რომელიც ყველზე სუსტ რგოლს, ამ შემთხვევაში კაფსულ-მაალებელს აწვებოდა და ხდებოდა აირების გარეთ გამოვარდნა. აღნიშნული ნაკლის მოსაგვარებლად, კონსტრუქტორებმა კაფსულ-მაალებლის ბუდეში გააკეთეს დამატებითი არხი, რომლის წყალობით წნევა ახდენდა კაფსულ მაალებლის გვერდების ავტომატურ დეფორმირებას ისე, რომ აღარ ხდებოდა მისი ბუდედან გამოვარდნა. მარტივად რომ ვთქვათ კაფსულ-მაალებელი დეფორმირების ხარჯზე იჭედებოდა მის ბუდეში, რაც უზრუნველყოფდა ჰერმეტულობას.
·    მეორე უარყოფითი ფაქტორი ეხებოდა გასროლის შემდეგ მასრის ექსტრაქციის მუდმივ შეფერხებას, რადგანაც მასრიდან ამოშვერილი რჩებოდა მიმწოლი დგუშის ღერო, რომელიც ზრდიდა მასრის საერთო სიგრძეს. ანუ გასროლის შემდეგ ტყვიის ადგილს იკავებდა მასრიდან ამოწეული გრძელი მიმწოლი ღერო, შესაბამისად გასროლილი ვაზნის მასრა ხდებოდა უფრო გრძელი ვიდრე გაუსროლელი ვაზნა. ვინაიდან მიმწოლ ღეროს ვერ დაამოკლებდნენ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეეცადნენ ღეროს სისქის შემცირებით. ანუ დააწვრილეს ღერო, რომ უფრო თავისუფლად ამოვარდნილიყო მასრა ლულის სავაზნედან. ამის მიუხედავად შემცირდა შეფერხებები ექსტრაქციისას, თუმცა პრობლემა ბოლომდე არ იქნა აღმოფხვრილი. შემდგომ შეეცადნენ დგუშის მაგივრად გამოეყენებინათ ჰიდრავლიკურ-სითხიანი პრინციპი, რომელზეც საბოლოოდ უარი თქვეს. ჰიდრავლიკურ-სითხიანი პრინციპი მუშაობს იგივენაირად, თუმცა გრძელი დგუშის მაგივრად მასრაში ჩამაგრებულია მოკლე დგუში და შემდეგ ჩასხმულია სითხე, (მაგალითად: წყალი ან თხელი ცვილი). გასროლისას მოკლე დგუში უბიძგებს სითხეს, სითხე კი უბიძგებს ტყვიას. ასეთი პრინციპი ზედმეტად აბინძურებს იარაღს, რადგანაც ლულაში გამოიფრქვევა სითხე. გარდა ამისა ვაზნების დამზადების პროცესი შედარებით რთულდება.

XM76 -ის ამერიკული პატენტი ნომრით 4,173,186  დათარიღებულია 1979 წლის 6 ნოემბრით. პირველ ნახაზზე მოყვანილია დგუშიანი ვაზნა გასროლამდე, მეორე ნახაზზე მოყვანილია ვაზნის მასრა გასროლის შემდეგ, ხოლო მესამე ნახაზე მოყვანილია ვაზნა მოკლე დგუშით და ჰიდრავლიკურ-სითხიანი პრინციპით.

·    ხშირად რეზინის ობტურატორი ვერ ახერხებდა დენთის წვის შედეგად გამოყოფილი აირების დროულ და  ხარისხიან (სრულ) გადაკეტვას, რაც თავისთავად იწვევდა ხმიან გასროლას.
საცდელი ვაზნები დამზადდა ორი ძირითადი ტიპის ტყვიით. ერთი ტყვია იყო მთლიანად ფოლადის და მისი მასა (წონა) შეადგენდა 4,01გრამს (62 გრეინი), ხოლო მეორე ტყვია იყო ტომპაკის გარსიანი მთლიანად ტყვიის გულათი დამზადებული, რომელიც იწონიდა 5,31 გრამს (82 გრეინი). იმისათვის რომ შემცირებულიყო ტყვიის ლულის არხზე ხახუნის პროცესი, ტყვია აღჭურვეს წამყავნი რგოლით. სწორედ აღნიშნული რგოლი ეხახუნებოდა ლულის ჭრილებს.
ვაზნის დეტალების ნახაზი შემორჩენილი დოკუმენტაციიდან

XM76-ის ტყვიის დაბალი საწყისი სიჩქარე და მისი მცირე მასა განაპირობებდა დაბალ საწყის ენერგიას, რომელიც შეადგენდა სულ რაღაც 157 ჯოულს. კონსტრუქტორები შეეცადნენ გადაემუშავებინათ ვაზნა. გადამუშავების შედეგად ფოლადის ტყვია დაამძიმეს 7,1 გრამამდე (110 გრეინი) და შეცვალეს დენთის მუხტის ტიპი. გადამუშავებული ვაზნის ტყვიის საწყისი სიჩქარე კვლავ 243 მ/წამს შეადგენდა, თუმცა მისი დამძიმების შედეგად, საწყისი ენერგია გაიზარდა 210 ჯოულამდე. 1960 წლის 13 იანვარს ახალ ვაზნას მიენიჭა ნომენკლატურა "XM115". დღეს არ არის შემორჩენილი  XM115 ნომენკლატურის არცერთი ვაზნა. მისი ნახაზები ნომრით FB 53140 თარიღდებოდა 1960 წლის 28 იანვრით და ვინაიდან იყო გასაიდუმლოებული, განადგურებულ იქნა სხვა დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. მოგვიანებით როდესაც პროგრამა "Whisper"-ზე მოიხსნა გრიფი საიდუმლო, Frankford Arsenal-მა მოახდინა ვაზნის ნახაზის რეკონსტრუქცია.
 
ვაზნა XM115-ის რეკონსტრუქციული ნახაზი

მოგვიანებით Frankford Arsenal-ის კონსტრუქტორებმა, პროგრამა Whisper-ის ფარგლებში შეიმუშავეს .38 კალიბრის მქონე რევოლვერის ვაზნა, რომელიც მუშაობის პრინციპით XM76-ის იდენტური იყო. მისი 8,1 გრამიანი (125 გრენიანი) ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 122 მეტრს წამში, ხოლო ლულიდან გამოსვლისას გააჩნდა ფაქტიურად სასაცილო ენერგია 61 ჯოული. აღნიშნული ვაზნის ნომენკლატურა (კოდური სახელწოდება) უცნობი იყო წლების მანძილზე. დღეს კი ამოტივტივდა ინფორმაცია, რომ მას მინიჭებული ჰქონდა ნომენკლატურა XM202. რამდენად შეესაბამება აღნიშნული ფაქტი სიმართლეს ამ ეტაპზე უცნობია.

მთავარი მინუსი, რომელიც გააჩნდა  XM76 და XM115 ვაზნებს იყო ის, რომ მისი გამოყენება ვერ ხდებოდა თვითდამტენ (ავტომატურ) ცეცხლსასროლ იარაღში.
საბოლოოდ ვაზნები არ იქნა მიღებული შეიარაღებაში, თუმცა გაგრძელდა მუშაობა ახალ ვაზნებზე. 1961 წელს წამოწყებულ იქნა პროგრამა სახელწოდებით “Silent Weapon System-ALPHA” (ჩუმი იარაღის სისტემა ალფა), რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ვაზნის და სპეციალური თვითდამტენი შაშხანის შექმნას.  პროგრამაში ჩართო  Springfield Arsenal- რომელსაც უნდა შეექმნა ახალი შაშხანა. Ballistic Research Laboratory-ჩართული უნდა ყოფილიყო ბალისტიკურ კვლევებში. ხოლო ვაზნის შემუშავება უნდა მომხდარიყო კვლავ Frankford Arsenal-ის სპეციალისტების მიერ. ასე გაჩნდა ახალი ვაზნა სახელწოდებით “ALPHA 3”, რომელიც თითქმის იგივე მინუსებით იყო სავსე რაც მის წინამორბედ ვაზნებს გააჩნდა. საბოლოოდ პროგრამა შეჩერდა, ხოლო  1977 წელს Frankford Arsenal დაიკეტა.

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში იწარმოება ვაზნა სახელწოდებით .300 Whisper და მისი სამხედრო/საარმიო ექვივალენტი .300 AAC Blackout (7.62x35). რათქმაუნდა ამ ვაზნებს არ აქვთ საერთო, Frankford Arsenal-ის მიერ შემნილ დგუშიან ვაზნებთან, თუმცა აღნიშნული ვაზნებიც ქვებგერითია და გამოიყენება მაყუჩით აღჭურვილ შაშხანებში.
ვაზნა XM76

No comments:

Post a Comment