რევოლვერი Р-92 / Р-92С

90-ანი წლების დასაწყისში რუსეთში მცირეგაბარიტიანი რევოლვერების შემუშავების პროგრამის ფარგლებში გარდა რევოლვერისა ОЦ-11 „Никель“, ასევე შემუშავებულ იქნა კიდევ ერთი პროტოტიპი, რომელიც 1992 წელს იქნა დემონსტრირებული. მცირედი გადამუშავების შემდეგ 1993 წელს პროტოტიპმა მიიღო საბოლოო სახე და ცნობილი გახდა აღნიშვნით „Р-92“.

რევოლვერი Р-92

რევოლვერი „Р-92“  შეიქმნა ქალაქ ტულაში მდებარე ხელსაწყომშნებელ საკონსტრუქტორო ბიუროშო (КБП8  იგივე КБ Приборостроения). რევოლვერის შექმნაზე მუშაობდნენ ვასილი გრიაზევი (Васи́лий Петро́вич Гря́зев) და არკადი შიპუნოვი (Арка́дий Гео́ргиевич Шипуно́в). (ცნობისთვის ამ ორი კონსტრუქტორის მიერ 90-ანი წლების მიწურულს შეიქმნა რუსული თვითდამტენი პისტოლეტი ГШ-18).

მარცხნივ არკადი შიპუნოვი, მარჯვნივ ვასილი გრიაზევი

1994 წელს კიროვის მექანიკურ ქარხანაში КМЗ (Ковровский механический завод) დაწყებულ იქნა რევოლვერის „Р-92“ წარმოება. პირველ რიგში იგი უნდა წასულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) და სხვა ძალოვანი უწყებების იმ თანამშრომელთა შეიარაღებაში, ვისაც სამსახურეობრივად ესაჭიროებოდათ ცეცხლსასროლი იარაღის ფარული ტარება.

„Р-92“-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები, ასევე ლულა და დოლურა მზადდებოდა ფოლადისგან, ხოლო ჩარჩო მზადდებოდა ალუმინის შენადნობისგან ჩამოსხმის მეთოდით. შემდგომ ამ ჩარჩოში ხდებოდა ფოლადის ლულის ჩასმა. (გარკვეული წყაროების თანახმად ალუმინის ჩარჩომ ექსპლუატაციის დროს დაიწყო დაბზარვა და შემდგომ გარკვეულ პარტიებზე გადავიდნენ ფოლადის ჩარჩოების დამზადებაზე). დოლურა ვაზნების ჩასალაგებლად გადმოდის მარცხენა მხარეს. ვაზნების მოთავსება დოლურას კამერებში ხდება ერთდროულად 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მეტალის (ასევე მზადდებოდა პლასტმასის) სწრაფდამტენი დამჭერი კლიპის გამოყენებით. რევოლვერის სასხლეტი მექანიზმი არის ორმაგი მოქმდედების და ცეცხლის წარმოება შესაძლებელია როგორც ორმაგი მოქმედებით (თვითშეყენებით) ასევე ნახევრად დახურული ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით.

რევოლვერი Р-92 ქალაქ ტულის იარაღის მუზეუმის სტენდზე

რევოლვერის მოყვანილობა ისე იყო შესრულებული, რომ მისი ფარულად ტარება და სწრაფი ამოღება (ბუდედან, ჯიბიდან, ჩანთიდან) მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი. ამდაგვარად მას გამოიყენებდნენ ოპერატიული თანამშრომლები, როგორც ძირითადი იარაღის ან ეგრედწოდებული დამატებითი სათადარიგო/სარეზერვო იარაღის სახით.  

რევოლვერის სრული კომპლექტაცია, რომელიც მიეწოდებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს: 1. რევოლვერი; 2. ფარულად სატარებელი ე.წ. ოპერატიული ბუდე (კაბურა) ნეილონის ღვედებით; 3. საწმენდი ღერო (ე.წ. Протирка); 4. სწრაფდამტენი დამჭერი კლიპები; 5. აღნიშნული აქსესუარი შსს-ს ოფიციალურ დოკუმენტაციაში მონიშნულია როგორც საზეთური, თუმცა გარკვეული წყაროების თანახმად ამ კონტეინერში მსროლელს შეეძლო ჩაედო 2 ცალი სწრაფდამტენი კლიპით 5-5 ცალად შეკრული ვაზნების მარაგი და თავად ეს კონტეინერი მოეთავსებინა შალითაზე არსებულ სპეციალურ ბუდეში; 6. საექსპლუატაციო მინი ინსტრუქცია;

მწარმოებლის ოფიციალური დოკუმენტაციით რევოლვერის ქარხნული საგარანტიო რესურსი შეადგენდა 3000 გასროლას. მისი დეტალები დაშლისას ასე გამოიყურებოდა 1.ჩარჩო სასხლეტთან და ლულასთან ერთად; 2. დოლურა; 3. დამრტყმელი მექანიზმის დეტალები და საბრძოლო ზამბარა; 4. დოლურას ფიქსატორი; 5. ჩახმახი; 5. პოლიამიდის სახელური, სამაგრი ხრახნი და სახელურის დამჭერი ბრტყელი საყელური (ე.წ. შაიბა)

რევოლვერის Р-92 საბოლოო წარმოება შეწყდა 1996 წლის მიწურულს. გარკვეული წყაროების თანახმად 1992 წელს დამზადებული საცდელი პარტიიანად 1996 წლის ბოლომდე ჯამში დამზადებულ იქნა 3000 ცალამდე რევოლვერი „Р-92“.

რევოლვერ „Р-92“-ის პარალელურად იწარმოებოდა ასევე მოდელი „Р-92С“ რომელიც ასევე გათვლილი იყო  მაკაროვის პისტოლეტის საშტატო ვაზნაზე 9x18 ПМ. იგი მზადდებოდა კერძო დაცვის სამსახურებისთვის, უსაფრთხოების სამსახურებისთვის და საინკასაციო დანაყოფებისთვის. სხვაობას სტანდარტულ „Р-92“-თან შედარებით წარმოადგენდა მხოლოდ დასახელაბა და ერთი ტექნიკური დეტალი. კერძოდ: მის დოლურასა და ლულას შორის დატოვებული იყო უფრო დიდი ზომის ღრიჭო, რომლის წყალობითაც დენთის აირების გარკვეული ნაწილი გარეთ გამოიფრქვეოდა. შესაბამისად ამით ხდებოდა ტყვიის საწყისი სიჩქარის და ენერგიის შემცირება. რატომ იყო ეს საჭიროა? იმ პერიოდშ რუსეთში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე დაცვის სამსახურებისთვის განკუთვნილი სამსახურეობრივი კლასიფიკაციის იარაღიდან ნასროლ ტყვიას უნდა ჰქონოდა დაახლოებით 220-230 ჯოული ენერგია. შესაბამისად საშტატო მაკაროვის ვაზნის ენერგიას, რომელიც  რევოლვერიდან „Р-92“ სროლის დროს შეადგენდა დაახლოებით 250-260 ჯოულს, ამდაგვარი პრინციპით აქვეითებდნენ და ჩამოჰყავდათ დასაშვებ ენერგიამდე. 1996 წელს კანონი შეიცვალა და რუსეთის ფედერაციის საიარაღო კანონმდებლობით კერძო დაცვის სტრუქტრებისთვის სამსახურეობრივ-საშტატო ვაზნად განისაზღვრა ბრაუნინგის 9მმ-ანი მოკლე ვაზნა 9x17mm Short (9x17mm Kurz / .380ACP) შესაბამისად 1997 წელს სამსახურეობრივი რევოლვერის Р-92С -ს წარმოება გადავიდა ბრაუნინგის ვაზნაზე და მიენიჭა აღნიშვნა “Р-92КС”.

სამსახურეობრივი რევოლვერი Р-92С 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა 1999 წლიდან რევოლვერი Р-92  მოხვდა რუსეთის ფედერაციის პროკურატურის შეიარაღებაში. მას თავდაცვის მიზნით გადასცემდნენ პროკურორებს და გაომძიებლებს.  2002 წელს Р-92  მოხვდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის თანამშრომელთა რიგებში. ამას გარდა მცირე ნაწილი თავდაცვის მიზნით გადაეცათ მოსამართლეებს.  რუსეთში Р-92 შეტანილია სასაჩუქრედ გასაცემი იარაღების ნუსხაშიც. ბელორუსიაში 2002 წლის აგვისტოში რევოლვერი Р-92С სერტიფიცირებულ იქნა როგორც სამსახურეობრივი იარაღი. 

90-ან წლებში ინიცირებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები სახელწოდებით „Удар“, რომელიც უკავშირდებოდა სპეციალური რევოლვერების შემუშავებას. აღნიშნული სამუშაო პროგრამის ფარგლებში ქალაქ ტულაში მდებარე ხელსაწყომშნებელ საკონსტრუქტორო ბიურო (КБП 8  იგივე КБ Приборостроения) წავიდა მარტივი გზით და წარმოებაში არსებული Р-92-ის ბაზაზე მოახდინა ახალი რევოლვერის შემუშავება. რევოლვერს მიენიჭა აღნიშვნა Р-93 „Удар“ და შემდგომ მცირე სერიაში წავიდა აღნიშვნით "У-94".

გლუვლულიანი რევოლვერი У-94 „Удар“

იგი გათვლილი იყო 32 კალიბრიანი სანადირო გლუვლულიანი თოფის მასირის ბაზაზე შექმნილ სპეციალურ ვაზნებზე აღნიშვნით 12,3×40мм R.  ამავე პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ასევე მეორე რევოლვერი У-94C „Удар-С“ რომელიც შედარებით სუსტ სამსახურეობრივ ვაზნაზე 12,3х22 мм R იყო გათვლილი. ეს რევოლვერები განკუთვნილი უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების და კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის. საბოლოოდ გლუვლულიანმა რევოლვერებმა ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვერც სხვა ძალოვან უწყებებში ვერ მოკიდეს ფეხი.  დეტალურად ამ რევოლვერების და მათში გამოყენებული ვაზნების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ სტატიაში პროგრამა „Удар“ და ყველაფერი მის შესახებ

საკონსტრუქტორო ბიურომ ასევე ცადა სამოქალაო ბაზარზეც გაეკეთებინა ორიენტირი და შექმნა რევოლვერი У-94ТС „Удар-Т“, რომელიც სავარჯიშო იარაღოს სახით დააპოზიციონერა. აღნიშნულ იარაღში გამოიყენებოდა სპეციალურ ვაზნა 12,3×46 мм R პიროსითხული მოქმედდებით (მარტივად რომ ვთქვათ ეს იყო ვაზნა, რომელიც გასროლის დროს აეროზოლივით აფრქვევდა ცრემლსადენ აირს). ასევე ამ რევოლვერში გამოიყენებოდა შეღებვითი მოქმედების ე.წ. მარკერული ვაზნა КП-32 (ისროდა საღებავს) და ტრავმატული მოქმედების რეზინის ტყვიით დამუხტული ვაზნა РП-32. მცირე რაოდენობით სამოქალაქო ბაზრისთვის დამზადდა აირის რევოლვერებიც „ГР-92“ (Газовый Револьвер 92) ვაზნაზე 9х22მმ, რომელიც გასროლის დროს ირიტანტს (გამაღიზიანებელ ნივთიერებას) აფრქვევდა.  2006 წელს ნიჟნი ნოვგოროდშ მდებარე „АКБС“ მა (Агентство Коммерческой Безопасности Специзделия) У-94ТС -ს ბაზაზე შექმნა ტრავმატული რევოლვერი „Ратник“ (გათვლილი იყო ვაზნაზე 13×45мм Т), იგი სერიულად იწარმოებოდა დეგტიარევის სახელობის ქარხნის (ЗИД) მიერ 2009 წლამდე. მოგვიანებით ასევე გამოჩნდა გლუვლულიანი მოდიფიკაცია აღნიშვნით „Ратник 410х45ТК“. იგი იყო ალუმინის ჩარჩოთი და ისროდა რეზინის ტყვიით დამუხტულ ვაზნებს .410х45мм Rubber.  საბოლოოდ არც ზემოთჩამოთვლილ რევოლვერებს ერგო წარმატება და მალევე იქნა მივიწყებული.

No comments:

Post a Comment