რევოლვერი ОЦ-11 „Никель“

სტატიაში “სტეჩკინის და ავრაამოვის რევოლვერი ТКБ-0216 / РСА” ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ რუსეთში 1990-ან წლებში ინიცირებულ იქნა არაერთი პროექტი რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის უნდა შემოუშავებულიყო ცეცხლსასროლი რევოლვერები. აღნიშნულ სტატიაში სწორედ იმ პერიოდში შექმნილ ერთერთ რევოლვერზე ვისაუბრებთ.

1992 წელს ქალაქ ტულაში მდებარე სანადირო და სპორტული იარაღის ცენტრალურმა საკონსტრუქტორო-კვლევითმა ბიურომ (ЦКИБ СОО - Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия) მიიღო ორი დავალება, რომელიც რევოლვერების შემუშავებას ეხებოდა. ერთი დავალება იყო სრულგაბარიტიანი რევოლვერის შექმნასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე დავალება ეხებოდა ფარული ტარებისთვის განკუთვნილ მცირეგაბრიტიან რევოლვერს. მცირეგაბარიტიანი რევოლვერი სპეციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული თანამშრომლებისთვის უნდა ყოფილიყო შემუშავებული.

სრულგაბარიტიანი რევოლვერის დავალების ფარგლებში შეიქმა სტეჩკინის და ავრაამოვის რევოლვერი ОЦ-01  იგივე ТКБ-0216 / РСА. ხოლო რაც შეეხება მცირეგაბარიტიან რევოლვერს მასზე მუშაობა დაევალა ალექსანდრ ნევიჟინს (А.Н. Невижин) და სერგეი ზოტოვს (С.В. Зотовым). ასევე მათ დახმარებას უწევდა ვლადიმირ სირიოგინი (Владимир Серёгин).  მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად 1993 წელს გამოჩნდა საცდელი პროტოტიპი აღნიშვნით ОЦ-11 „Никель“, რომელიც გამოცდების შემდეგ 1994 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) შეიარაღებაში.

რევოლვერი ОЦ-11 „Никель“ ადრეული ვარიანტი ღია ჩახმახით

რევოლვერი გათვლილი იყო საშტატო მაკაროვის პისტოლეტის ვაზნაზე 9x18 ПМ და აგებული იყო მთლიანი ჩარჩოთი. ჩარჩო დამზადებული იყო ცინკის და ალუმინის შენაადნობისგან, რაც უზრუნველყოფდა იარაღის საერთო მასის (წონის) შემცირებას. დოლურაში თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა. ვაზნების ჩასალაგებლად/მასრების ამოსაყრელად დოლურა გადადის მარცხენა მხარეს. დოლურის ჩაკეტვა ხდება რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს  განთავსებული მცოცავი ღილაკით. ვინაიდან მაკაროვის ვაზნის მასრას არ გააჩნია რევოლვერის ვაზნებისათვის დამახასიათებელი რანტი (ე.წ. ქიმურა), დოლურაში ვაზნების სწრაფი ჩალაგება და მასრების ამოყრა ხდება ფოლადისგან დამზადებული ფირფიტისებური სწრაფდამტენი დამჭერი კლიპების მეშვეობით, რომელიც ერთი ბლოკის სახით აერთიანებს 5 ცალ ვაზნას. მასრების ექსტრაქცია ხდებოდა ერთდროულად დოლურას ღერძზე თითის დაწოლით. რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების. სროლა შესაძლებელი იყო როგორც ჩახმახის წინასწარ შეყენებით, ასევე თვითშეყენაბადი მოქმედებით. საინტერესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ის მომენტი, რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებული იყო ერთი მთლიანი მოხსნადი მოდულის სახით.

დაშლილი რევოლვერი, რომელიც მარტივად იშლებოდა 5 ძირითად ბლოკად. 1. ჩარჩო ლულასთან ერთად; 2. დოლურა ღერძთან ერთად; 3. მოდული (აგრეგატული) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი; 4. საბრძოლო ზამბარა მიმმართველთან ერთად; 5. სახელურის ლოყები (ფურნიტურა).

თავდაპირველად რევოლვერების გარკვეული ნაწილი დამზადდა ღია ჩახმახით, ხოლო შემდგომ რევოლვერის ჩარჩოს უკანა ნაწილს გაუკეთეს ერთგვარი კუზი, რომელიც ფარავდა ჩახმახს გვერდებიდან. ასეთი კონსტრუქციის წყალობით შესაძლებელი იყო რევოლვერის სწრაფი ამოღება ბუდიდან, ჯიბიდან ან ჩანთიდან ისე, რომ არ მოხდებოდა ჩახმახის წამოდება მატერიაზე ან რაიმე ნივთზე. ამას გარდა მსროლელს შეეძლო პირდაპირ ქურთუკის ჯიბიდანვე  გაეხსნა ცეცხლი ყოველგვარი შეფერების გარეშე. რადგანაც ჩახმახი თითქმის მთლიანად იყო დამალული ჩარჩოს მიღმა, ღია ჩახმახიანი რევოლვერებისგან განსხვავებით არ არსებობდა იმის რისკი, რომ ტანისსამოსის სარჩული ან ჯიბის შიდა მხარე / მატერია გზას გადაუღობავდა ჩახმახს და შეაფერხებდა გასროლას. ასეთ შემთხვევაში შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს იმან თუ რაიმე შეუშლის ხელს დოლურას გადაბრუნებას. ამდაგვარად რევოლვერი იმეორებდა ამერიკული კომპანია Smith & Wesson-ის მიერ წარმოებულ რევოლვერებში (Model-38 და Model-49 Bodyguard) გამოყენებულ გადაწყვეტილებას.

რევოლვერი ОЦ-11 „Никель“ გადამუშავებული ვარიანტი ნახევრად დახურული ჩახმახით

რევოლვერის წარმოება თავდაპირველად დაწყებულ იქნა ქალაქ ტულაში მდებარე სანადირო და სპორტული იარაღის ცენტრალურ საკონსტრუქტორო-კვლევით ბიუროში (ЦКИБ СОО), ხოლო შემდგომ იგეგმებოდა მათი წარმოების გადატანა. თუმცა საბოლოოდ რევოლვერების წარმოება შემოიფარგლა მხოლოდ მცირე პარტიებით. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ წარმოება მიმდინარეობდა 1994 წლიდან 2001 წლამდე. ამ პერიოდში დამკვეთმა (რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიიღო დაახლოებით 100 ცალი რევოლვერი.  

იგეგმებოდა ასევე ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9х17mm Short (9x17mm Kurz / .380ACP) გათვლილი რევოლვერის წარმოება, რომელიც დაცვის სამსახურებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, თუმცა ამ ვაზნაზე მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარი დამზადდა.

გარკვეული წყაროების თანახმად 2005 წელს რევოლვერი ОЦ-11 „Никель“ შევიდა რუსეთის ფედერაციის ჯილდოთ გასაცემი იარაღების ნუსხაში. ასევე პისტოლეტების შეზღუდული რაოდენობა 10-20 ცალი ერთეული 2006 წელს თავდაცვის მიზნით გადაეცათ პროკურატურის თანამშრომლებს.

No comments:

Post a Comment