იტალიური რევოლვერი Bodeo M1889

1870-ანი წლების შუა პერიოდიდან 1880-ანი წლების ბოლომდე წლებში იტალიის არმიის შეიარაღებაში ძირითად მოკლელულიან საშტატო იარაღს წარმოადგენდა ფრანგული Chamelot-Delvigne M1874 -ის ბაზაზე შემუშავებული რევოლვერი, რომელიც ლიცენზირებულად იწარმოებოდა იტალიურ ფაბრიკაში Glisenti (ფაბრიკის სრული დასახელება “Metallurgica Brescia già Tempini Società Siderurgica Glisenti”). შესაბამისად რევოლვერს მინიჭებული ჰქონდა სახელწოდება „Glisenti M1874“ (ასევე ოფიცალურ დოკუმენტებში აღნიშნავდნენ როგორც "Pistola a rotazione mod. 1874"). იტალიური რევოლვერი „ფრანგული ფესვებით“ იყო საკმაოდ დიდი გაბარიტების და მძიმე, რასთან დაკავშირებითაც ფეხოსნები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

ფოტოზე გამოსახულია იტალიური წარმოების Chamelot - Delvigne M1874-ის ვარიანტი. მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: კალიბრი: 10.35×20 mm იტალიური საშტატო რევოლვერის ვაზნა; წონა: 1200 გრამი; საერთო სიგრძე: 290მმ, ლულის სიგრძე: 160 მმ; დოლურას ტევადობა: 6 ცალი ვაზნა.

80-ანი წლების შუალედში იტალიელმა კარლო ბოდეომ (Carlo Bodeo) გადაამუშავა Chamelot-Delvigne M1874-ის ბაზაზე შექმნილი რევოლვერი და 1886 წელს დააპატენტა საკუთარ სახლეზე. ამავე პერიოდში რევოლვერის გადამუშავებაზე მუშაობდნენ ასევე Glisenti-ს ფაბრიკაშიც. 

ადრეული ვარიანტი „Modelo Glisenti M1889“

საბოლოოდ კარლო ბოდეოს და გლიზენტის ფაბრიკის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა მოდელი სახელწოდებით „Modelo Glisenti M1889“. M1889-ს ჰქონდა მთლიანი ჩარჩო, რომლის წინა ნაწილშიც ჩახრახნილი იყო ლულა. დოლურაში ვაზნების ჩალაგება და მასრების ექსტრაქცია (ამოყრა) ხდებოდა აბადის (Abadie) ტიპის კარებიდან, რომელიც რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს არის დამაგრებული. 

(Abadie) ტიპის კარები გახსნილ მდგომარეობაში

ლულის ქვემოთ განთავსებული იყო ზამბარიანი ექსტრაქტორი, რომლის მეშვებოთაც თანმიმდევრულად ხდებოდა დოლურიდან მასრების ამოყრა. როდესაც აბადის კარები არის ღია მდგომარეობაში, სასხლეტი თავისუფლდება დამრტყმელი მექანიზმისგან (ჩახმახისგან და საბრძოლო ზამბარისგან). ამ დროს მსროლელი სასხლეტზე თითის მსუბუქი დაჭერით აბრუნებს დოლურას და სათითაოდ ახდენს მის კამერებში ვაზნების ჩალაგებას, ან მასრების ამოყრას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, სწრაფად ხდებოდა რევოლვერის დამუხტვა და განმუხტვა, რაც თავისთავად ზრდიდა იარაღის საბრძოლო სწრაფსროლას. რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მუშაობს როგორც ერთმაგი მოქმედებით (ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით), ასევე ორმაგი მოქმედებით. იარაღის წინა სამიზნე მოწყობილობა შესრულებულია მართკუთხა ფორმის სოლის სსხით, ხოლო უკანა სამიზნის როლს ასრულებს რევოლვერის ჩარჩოს ზემოდან შესრულებული შვერლი, როელსაც გააჩნია გრძივი ჭრილი. რევოლვერის სახელურის ლოყები ძირითადად მზადდებოდა კაკლის ხისგან, თუმცა რიგ ეგზემპლარებზე ხდებოდა ებონიტისგან დამზადებული ლოყების დამაგრებაც. რევოლვერს მარცხენა მხრიდან სახლურის ზემოთ გააჩნია დროშისებური ბერკეტი, რომელიც რამოდენიმეჯერ შემობრუნების შემდეგ გვაძლევს საშუალებას მოიხსნას ჩარჩოს გვერდითა თავსაფარი, რის შემდეგაც შესაძლებელია დავათვალიეროთ, გავწმინოდთ ან დავშალოთ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ასეთი ბერკეტის წყალობით რევოლვერის დაშლა შესაძლებელი იყო დამხმარე ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.

1989 წელს იტალიის ცეცხლსასროლი იარაღის კომისიის ინიციატივით, რომელსაც თავად კარლო ბოდეო ხელმძღვანელობდა, ჩატარდა ახალი რევოლვერის გამოცდები. საბოლოოდ იგი შეირაღებაში იქნა მიღებული 1891 წელს აღნიშვნით „Pistola Rotazione Sistema Bodeo Modello 1889“ (შემოკლებით “M1889”). არაოფიციალურად კი მას მოიხსენიებდნენ უბრალოდ როგორც „Bodeo”. შეიარაღებაში მიღებიდან რევოლვერი M1889 იქცა იტალის არმიის ძირითად საშტატო მოკლულიან იარაღად.


იტალიური საშტატო რევოლვერი  Bodeo M1889 („Tipo A“) რომლის სრული აღნიშვნაც იტალიაში ხდებოდა  როგორც „Pistola Rotazione Sistema Bodeo Modello 1889“. რევოლვერი აღჭურვილია დასაკეცი სასხლეტით, რომელიც იკეცება წინ და ზემოთ აწევით

შეიარაღებაში ახლად მიღებული რევოლვერის „Pistola Rotazione Sistema Bodeo Modello 1889“ წარმოებაში ჩაერთო იტალიის რამოდენიმე მოწინავე ფაბრიკა. კერძოდ:

·       Reggia Fabbrica d'Armi Brescia ('FB'). აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1889 წლიდან 1891 წლის ჩათვლით;

·       Glisenti Brescia. აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1889 წლიდან 1906 წლის ჩათვლით;

·       Toschi Castelli Brescia. აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1911 წლიდან 1918 წლის ჩათვლით;

სულ 1889 წლიდან 1918 წლის ჩათვლით დამზადებულ იქნა 150 000 ცალი რევოლვერი M1889. გარდა იტალიური ფაბრიკებისა რევოლვერს 1916-1917 წლებში (რიგი წყაროების თანახმად 1915-1918 წლებში) მცირე პარტიებად აწარმოებდნე ასევე კონტრაქტორი ფაბრიკები ესპანეთში, კერძოდ ქალაქ ეიბარში მდებარე შემდეგი ფაბრიკები:

·       A. Errasti;

·       E. Arrostegui;

·       Arizmendi y Goenaga.

ითვლება, რომ ესპანეთში დამზადებული რევოლვერები გამოირჩეოდნენ შედარებით დაბალი ხარისხით, თუმცა მუშაობდნენ საიმედოდ.

ოფიცრებისთვის განკუთვნილი M1889

1891 წელს სპეციალურად ოფიცრებისთვის დაწყებულ იქნა რევოლვერის წარმოება, რომელსაც ნაცვლად დასაკეცი სასხლეტისა, გააჩნდა სტანდარტული ფიქსირებული სასხლეტი და დამატებული ჰქონდა სასხლეტის დამცავი კავი. აღნიშნული რევოლვერის გამოჩენამ განაპირობა რევოლვერებზე სახელების მინიჭიბეა შემდეგი ფორმით: დასაკეცი სასხლეტის მქონე კონფიგურაციას მიენიჭა აღნიშნა  „Tipo A“ ტიპი რიგითებისთვის (იტალიურად Tipo Truppa); ხოლო ოფიცრებისთვის განკუთვნილ მოდიფიკაციას მიენიჭა სახელწოდება „Tipo B“ - ტიპი ოფიცრებისთვის (იტალიურდა Tipo Ufficiali).

ოფიცრებისთვის განკუთვნილი რევოლვერი Bodeo M1889 „Tipo B“ 

ოფიცრებისთვის განკუთვნილი B ტიპის რევოლვერების დამზადება ხდებოდა შემდეგ ფაბრიკებში:

·       Regia Fabbrica d'Armi Brescia ('FB'); აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1891 წლიდან 1893 წლის პერიოდში;

·       Glisenti Brescia (Societa Siderurgica Glisenti). აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1891 წლიდან 1906 წლის პერიოდში;

·       Toschi Castelli Brescia. აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1911 წლიდან 1921 წლის პერიოდში;

·       Vincenzo Bernardelli Gardone. აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1928 წლიდან 1935 წლის პერიოდში;

·       Mida Gia Castelli Brescia. აღნიშნულ ფაბრიკაში რევოლვერი მზადდებოდა 1916 წლიდან 1919 წლის პერიოდში;

როგორც რიგითებისთვის გათვლილი რევოლვერების შემთხვევაში, ოფოცრების რევოლვერიც ასევე მზადდებოდა ესპანეთში (ქალაქ ეიბარში) (რევოლვერები მზადდებოდა 1916-17 წლამდე პერიოდში. რიგი წყაროების თანახმად 1915-1918 წლებში). ესპანური კონტრაქტორები იყვნენ: A. Errasti, E. Arrostegui და Arizmendi y Goenaga.

სულ 1891 წლიდან 1935 წლის ჩათვლით დამზადებულ იქნა ოფიცრებისთვის განკუთვნილი 50 000 ცალი რევოლვერი „M1889 Tipo B“.

გარკვეული წყაროების თანახმად მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე (1939-1940 წლებში) მანამდე დამზადებული და მარაგებში შემორჩენილი დეტალებით აწყობილ იქნა რევოლვერების მცირე პარტია. გხვდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ რევოლვერებისთვის გარკვეული დეტალების დამზადება ხდებოდა ასევე ცნობილ იტალიურ ფაბრიკაში “Pietro Beretta”.

რევოლვერი Bodeo M1889, რომელსაც ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან გააჩნია მოგრძო ბერკეტი

1894 წლიდან 1895 წლამდე იტალიური რევოლვერების M1889 ჩარჩოზე, მარცხენა მხრიდან შესრულებული იყო მოგრძო ბერკეტი, რომელიც ერთგვარი მცველის დანიშნულებას ასრულებდა და იცავდა რევოლვერს დავარდნის დროს უნებლიე გასროლისგან. გარკვეულ წყაროებში გვხდება ინფორმაცია რომ 1895 წლიდან წარმოების გამარტივების მიზნით აღნიშნული მცველი ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან. რიგი წყაროების თანახმად იგი გარკვეული ფაბრიკების მიერ დამზადებულ რევოლვერებზე 1915 წლამდე შემორჩა.

გარდა ზემოაღნიშნულისა გვხდება ინფორმაცია, რომ თავდაპირველად რევოლვერებს არ უკეთდებოდა არანაირი დაფარვა და მხოლოდ 1915 წლიდან არსენალის გადამუშავების პროექტის ფარგლებში დაიწყეს რევოლვერების ფოსფატირება/გაშავება. ამავე პერიოდში გადამუშავდა რევოლვერის სასხლეტი მექანიზმი და მის კონსტრუქციაში ჩაიდო ერთგვარი შიდა მცველი, რომელიც არ აძლევდა ჩახმას წინ ბოლომდე მისვლის საშუალებას თუკი მსროლელი ბოლომდე არ დააწვებიოდა სასხლეტს. ამგვარი გადაწყვეტილებით რევოლვერი უფრო უსაფრთხო გახდა რადგან ძირს დავარდნის შემთხვევაში არ მოხდებოდა უნებლიე გასროლა.

მთლიანობაში რევოლვერი M1889 იყო საიმედო, მარტივი კონსტრუქციის, არაპრეტენზიული, ადვილად მოსავლელი და გამოსაყენებელი, რამაც განაპირობა მისი მასიური გავრცელება იტალიის არმიის და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის რიგებში. რევოლვერს სახასიათო სახელურის და მოყვანილობის გამო იტალიაში მეტსახელიც კი შეარქვეს „Coscia d’Agnello“, რაც ითარგმნება როგორც „ცხვრის ფეხი/ცხვრის ბარკალი“.

შემსუბუქებული ვარიანტი M1889 Tipo Allegerito / იგივე “Modern”

1920-ანი წლების დასაწყისსში გამოჩნდა რევოლვერის შემსუბუქლებული ვარიანტი სახელწოდებით M1889 Tipo Allegerito. მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც “Modern”. ზუსტად უცნობია დამზადებული ეგზემპლარების რაოდენობა და დამზადების პერიოდი. გარკვეული წყაროების თანახმად რევოლვერი მზადდებოდა 1921-1930 წლების პერიოდში. გარკვეული წყაროების თანახმად შემსუბუქებული რევლოვერების წარმოება დაწყებულ იქნა არა 1921 წელს, არამედ 1922 წელს.

შემსუბუქებული ვარიანტი M1889 Tipo Allegerito / იგივე “Modern”

რიგი წყაროები კი გვაუწყებს, რომ რევოლვერს აწარმოებდნენ შემდეგი ფაბრიკები, შემდეგ პერიოდებში: 

·       Metallurgica Bresciana Gia Tempini Brescia. 1921-1923 წლები;

·       N&V Castelli Brescia. 1921-1927 წლები;

·       SFARE GVT. 1925-1926 წლები;

·       V. Bernardelli Gardone. 1928-1935 წლები.

გამოყენებული ვაზნა

ზემოთ აღწერილი სამივე რევოლვერი გათვლილი იყო იტალიურ საშტატო ვაზნაზე, რომელიც ცნობილია აღნიშვნით 10,35x20mm R (ვაზნა ასევე ცნობილია შემდეგი აღნიშვნით: “10,35x21mm R”, “10,4x20mm R”, “10.4mm Bodeo”, “10.4mm Glisenti” და „10.35x22mm rimmed Ordinanza Italiana“.

ადრეული ვაზნა 10,35x20mm R, რომელიც დამუხტული იყო გარსის გარეშე ტყვიით

აღნიშნული ვაზნა წარმოადგენდა იტალიურ საშტატო რევოლვერის ვაზნას და თავდაპირველად იწარმოებოდა გარსის გარეშე ტყვიით. ვაზნის საერთო სიგრძე შეადგენდა 32,25მმ-ს. ტყვიის სიგრძე შეადგენდა 15მმ-ს, ტყვია იწონიდა 11,6 გრამს, ხოლო დენთის მუხტის წონა შეადგენდა 1,3 გრამს. ვაზნაში გამოიყენებოდა მცირემარცვლოვანი შავდი დენთი. მთლიანად ვაზნის საერთო წონა შეადგენდა 18,3 გრამს. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 192მ/წამს, რომელიც იძლეოდა ენერგიას 214 ჯოულის ოდენობით.

გადამუშავებული ვაზნა 10,35x20mm R, რომელიც დამუხტული იყო უკვამლო დენთით და გარსიანი ტყვიით. აღნიშნული ვაზნა იტალიაში ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს წარმოადგენდა  საშტატო რევოლვერის ვაზნას

1890 წლის შემდეგ ვაზნების დამუხტვა ხდებოდა უკვამლო დენთით, რომელიც შემცირებული დოზით თავსდებოდა მასრაში და იფარებოდა ბამბისებური საფენით (ე.წ. ტამპონით). აღნიშნული ბამბის საფენის გამოყენებით თანაბრად ხდებოდა დენთის მუხტის აალება. ამავე პერიოდში ტყვიას გაუკეთდა თითბერის გარსი რომელიც  აკმაყოფილებდა ჟენევის კონვენციას. გარსიანი ტყვიის წონა შეადგენდა 11,3 გრამს. ტყვიის საწყისი სიჩქარე სტანდარტული 115 მმ-ანი რევოლვერის ლულიდან სროლისას საშუალოდ შეადგენდა 255 მ/წამს, ხოლო ენერგია 367 ჯოულს, რაც იმ პერიოდის რევოლვერისთვის საკმაოდ კარგ მაჩვენებელს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური რევოლვერი შეიარაღებაში მიღების დროს 1889 წელს ასე თუ ისე ითვლებოდა დამაკმაყოფილებელ იარაღად, ძალიან მალე მოხდა მისი მორალურად მოძველება, რადგან უმრავლესობა ქვეყნებში მსხვილი კალიბრის რევოლვერებიდან საშუალო კალიბრებზე გადასვლის ტენდენცია დაიწყო, ასევე მალევე თვითდამტენი პისტოლეტები გამოჩდნენ ასპარაზზე და იტალიაშიც ალაპარაკდნენ რევოლბვერის შეცვლაზე. 

1910 წელს იტალიამ შეიარაღებაში მიიღო ფოტოზე გამოსახული თვითდამტენი პისტოლეტი „Glisenti M1910“ თუმცა იგი არ იწარმოებოდა მასიურად. შესაბამისად რევოლვერი Bodeo M1889 დაახლოებით 1945 წლამდე რჩებოდა იატალიის არმიის და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებს შეიარაღებაში, როგორც საშტატო მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.

გარდა იტალიის არმიისა რევოლვერი Bodeo M1889 ასევე მოხვდა სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად პირველი მსოფლიო ომის დროს რევოლვერების დიდი რაოდენობა ხელში ჩაიგდო ავსტრია-უნგრეთის არმიამ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1943-45 წლებში) რევოლვერი მოხვდა ასევე ვერმახტის შეიარაღებაშიც. ვერმახტმა იტალიურ რევოლვერს შეიარაღებაში მიღებისას ტრადიციულათ მიანიჭა თავიანთი ნომენკლატურა და ოფიციალურ დოკუემტებში აღინიშნებოდა, როგორც Revolver 680(i).

No comments:

Post a Comment