90-ან წლებში შექმნილი კრიმინალური მდგომარეობიდან გამომდინარე რუსეთში სასწრაფო წესით იქნა დაწყებული მუშაობა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღზე. ძირითადად ამ პერიოდში მუშაობა მიმდინარეობდა სამი მიმართულებით: 1. მარტივი და ეფექტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შემუშავება, გამოცდა, შეიარაღებაში მიღება და წარმოებაში ჩაშვება; 2. რევოლვერების შემუშავება, გამოცდა, შეიარაღებაში მიღება და წარმოებაში ჩაშვება; 3. თვითდამტენი პისტოლეტების შემუშავება, გამოცდა, შეიარაღებაში მიღება და წარმოებაში ჩაშვება. სამივე ტიპის იარაღი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისთვის. ზემოაღნიშნული ტიპის იარაღებიდან შედარებით მარტივ გამოსავალს წარმოადგენდა ბიუჯეტური რევოლვერების შექმნეა. აქედან გამომდინარე 90-ან წლებში რუსეთის საკონსტრუქტორო ბიურებში და გარკვეულ საიარაღო ცეხებში დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა საცდელ ეგზემპლარებზე, რომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ ფურცელზე შესრულებული ნახაზების და კონცეფციის დონეზე იქნა დამუშავებული, ხოლო გარკვეული ნაწილი კი რეალურად დამზადდა მცირესერიული პარტიების სახით. ასეთ რევოლვერებზე ჩვენ უკვე ვისაუბრებთ სტატიაში [პროგრამა „Удар“ და ყველაფერი მის შესახებ]
ამ
სტატით კი გვინდა კიდევ ერთი ბნელი 90-ანების პერიოდში შექმნილი რუსული რევოლვერის
შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 1996 წელს ღია სააქციო საზოგადოება „კიროვის ქარხანა
მაიაკი“-ის (ОАО «Кировский завод «Маяк») მიერ შემუშავებულმა რევოლვერმა გაიარა კომპლექსური
გამოცდები. საგამოცდო შედეგების ანალიზის და დადებითი დახასიათების შემდეგ გაიცა რეკომენდაცია
იმის შესახებ, რომ დამზადებულიყო მცირე პარტია და რევოლვერი წასულიყო შეიარაღებაში.
რევოლვერის პროტოტიპი ქარხნულ დოკუმენტაციაში აღინიშნებოდა სახელწოდებით „Кабан“
(ქართულად ტახი), ხოლო მისი სერიული წარმოების ჩაშვება და შეიარაღებაში მიღება მოხდებოდა
აღნიშვნით РСЛ-1 (Револьвер Служебный).
1996 წელს განხორციელდა რევოლვერის სერტიფიცირება როგორც სამსახურეობრივი იარაღი და დაწყებულ იქნა მისი სერიული წარმოება. დამზადება ხდებოდა 2 ძირითადი შესრულებით: 1. შავი ფერის ფოსფატირებული, რომელსაც ჰქონდა დარტყმაგამძლე პლასტმასისგან ჩამოსხმული ტარის ლოყები; 2. გარედან მთლიანად ქრომირებული (რიგი წყაროების თანახმად უბრალოდ მინიკელებული), რომელსაც ჰქონდა ხისგან დამზადებული ტარის ლოყები.
ამას გარდა სხვადასხვა პერიოდში
დამზადებული რევოლვერები РСЛ-1 შეიძლება გამოირჩეოდდეს შემდეგი დეტალით. უკანა სამიზნე
მოწყობილობა რიგ ეგზემპლარებზე სრულდებოდა ცალკეული დეტალის სახით, რომელსაც ბნელ ან
სუსტი განათების პირობებში გამოყენებისთვის გააჩნია თეთრი ფერის მარკირებები, ხოლო
რიგ ეგზემპლარებზე უკანა სამიზნეს როლს ასრულებდა რევოლვერის ჩარჩოზე ზემოდან მთელ
სიგრძეზე შესრულებული ღარი. გარკვეული პარტიის რევოლვერებს სახელურის ქვემოთ გაკეთებული
აქვს ასევე ღვედის (თასმის) სამაგრი რგოლი.
РСЛ-1-ის
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებს ღია ჩახმახს და არის ორმაგი მოქმედების (SA/DA).
სროლა შესაძლებელია როგორც ჩახმახის წინასწარი შეყენებით (ერთმაგი მოქმედებით), ასევე
თვითშეყენებით (ორმაგი მოქმედებით). თვითშეყენბით (ორმაგი მოქმედებით) სროლის შემთხვევაში
სასხლეტზე დაწოლის ძალისზმევა შეადგენს 6,6 კგ-ს, ხოლო წინასწარ შეყენებული ჩახმახის
შემთხვევაში 3,1 კგ-ს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაში ჩადებულია ერთგვარი
ავტომატური მცველი და ჩახმახის უკან დამხევი მექანიზმი. შესაბამისად თუ სასხლეტზე ბოლომდე
არ მოხდა თითის დაჭერა, ისე დამრტყმელი ვერ მიწვდება დოლურაში არსებულ კაფსულ მაალებელს.
თუ რევოლვერი შეყენებული ჩახმახით დავარდება მყარ ზედაპირზე და შემთხვევით მოხდება
ჩახმახის თვითნებური დაშვება, გასროლა არ განხორციელდება. ასევე დაშვებული ჩახმახის
შემთხვევაში თუ რევოლვერი მყარ ზედაპირზე დაეცემა ჩახმახით, ამ დროსაც არ მოხდება თვითნებური
გასროლა.
რევოლვერი РСЛ-1 იყენებს მთლიან ჩარჩოს. დოლურაში ვაზნების ჩალაგებისათვის საჭიროა მისი გადმოწევა მარცხენა მხარეს. დოლურას მცოცავი ფიქსატორი აგებულია ამერიკული სმიტ ვესონის რევოლვერების მსგავსად. დოლურაში ვაზნების მოთავსებისას გამოიყენება 5 ცალ ვაზნიანი ფირფიტისებური დამჭერი (ე.წ. კლიპი). აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ რევოლვერი გათვლილია პისტოლეტის ვაზნაზე 9х17mm (.380 ACP), რომელსაც არ გააჩნია რევოლვერის ვაზნებისთვის დამახასიათებელი რანტი (ე.წ. ქიმურა). დოლურიდან მასრების ერთდროული ამოყრა ხდება ვარსკვლავისებური ექსტრაქტორის მეშვეობით, რომელზეც ზემოქმედებს დოლურას ღერძში გაყრილი საექსტრაქციო ღერძი.
რუსეთში 90-ან წლებში არ შეიძლებოდა, რომ
დაცვის სამსახურებს, კერძო დეტექტივებს და გარკვეულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ჰქონოდათ
9x18mm მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი იარაღი. შესაბამისად ბრაუნინგის 9მმ მოკლე ვაზნა (9x17mm Kurz) სერტიფიცირებულ
იქნა, როგორც სამსახურეობრივი ვაზნა და სწორედ მასზე გათვლილ იარაღებს იყენებდნენ დაცვის
სამსახურები. აღნიშნული კანონი დღემდე მოქმედებს რუსეთის ფედერაციაში.
სამსახურეობრივი
რევოლვერი РСЛ-1 "Кабан" შეზღუდული რაოდენობით წავიდა სხვადასხვა ძალოვანი
სტრუქტურის უწყებებში. ცნობილია, რომ იგი იწარმოებოდა 1996 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.
სხვადასხვა წყაროების თანახმად რევოლვერების გარკვეული ნაწილი დღემდე აგრძლებს სამსახურს
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახურში (ФГУП
"Охрана" МВД РФ), რომელიც ახლა ექვემდებარება როსგვარდიას. ასევე ფედერალურ
საფოსტო სამსახურში, სატყეო და გარემოს დაცვის სამსახურში (Росприроднадзор)
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რიგებში. ამას გარდა რევოლვერი РСЛ-1
"Кабан" 2002 წლის აგვისტოდან სერტიფიცირებულია ასევე რესპუბლიკა ბელორუსში,
როგორც სამსახურეობრივი იარაღი.
No comments:
Post a Comment