პისტოლეტი BSW


1930-ანი წლების დასაწყისში გერმანიის სახმელეთო ძალების შეიარაღების სამმართველოს Heereswaffenamt (შემოკლებით HWA. აღნიშნავენ აგრეთვე HwaA) მoთხოვნითა და თაოსნობით გააქტიურდა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა ახალი საარმიო თვითდამტენი პისტოლეტის შერჩევა/გამოცდას. საარმიო პისტოლეტი გათვლილი უნდა ყოფილიყო გერმანულ საშტატო 9mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე. ახალ პისტოლეტი რიგ დანაყოფში სრულად, ხოლო ზოგგან ნაწილობრივ შეეცვლიდა/ჩაანაცვლებდა გეორგ ლუგერის კონსტრუქციის პისტოლეტს Luger P.08. აქვე ვიტყვი რომ საბოლოოდ ამ სამუშაოების და გამოცდების შედეგად გერმანიამ 30-ანი წლების მიწურულს შეიარაღებაში მიიღო ლეგენდარული საარმიო პისტოლეტი Walther P.38, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა Walther HP -ს გადამუშავებულ ვარიანტს. სტატია P.38 -ის შექმნის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე: Walther P.38 შექმნის ისტორია ნაწ.1  და WaltherP.38 შექმნის ისტორია ნაწ.2 

სწორედ ზემოაღნიშნული სამუშაობის ფარგლებში გამოცდას დაექვემდებარა არა ერთი საინტერესო კონსტრუქციის პისტოლეტი, რომელიც სხვადასხვა ცნობილი გერმანული კომპანიების და მათი საკონსტრუქტორო ბიუროების მიერ იქნა შემუშავებული. ზოგადად ამ სამუშაოების და კონკურსის ფარგლებში შექმნილი პისტოლეტების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. რატომ? ამის მიზეზი რამოდენიმე ფაქტს უკავშირდება: 1. იმ პერიოდში ვერსალის შეთანხმების თანახმად გერმანიას არ ჰქონდა უფლება შეემუშავებინა და ეწარმოებინა ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომლის კალიბრიც იქნებოდა 8მმ-ზე მეტი და ლულის სიგრძე ექნებოდა 100მმ ან მეტი. შესაბამისად საარმიო პისტოლეტი, რომელზეც გერმანიაში მიმდინარეობდა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე არღვევდა ვერსალის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ ყველა სამუშაო, რომელიც უკავშირდებოდა ახალი საარმიო პისტოლეტის შემუშავება-გამოცდას, ხდებოდა ფარულად და მკაცრად გასაიდუმლოებულად; 2. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პროტოტიპების ტექნიკური დოკუმენტაცია, ნახაზები, საცდელი პროტოტიპები, საგამოცდო ოქმები და ყველაფერი რაც ეხებოდა ახალ საარმიო პისტოლეტს ან განადგურდა, ან ნაალაფარის სახით იქნა წაღებული სხვა ქვეყნებში. რიგი პროტოტიპები საერთოდ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მიუხედავად ამისა, გარკვეული პროტოტიპები დღემდე შემორჩა და სწორად ერთერთ მათგანზე ვისაუბრებთ ამ მცირე სტატიაში.

1933 წლის 19 სექტემბერს  გერმანული კომპანია „Simson & Companie“-ის გარკვეული მატერიალური საშუალებები (ტერიტორია, დაზგა-დანადგარები, ჩარხები) და ასევე კომპანიაში დასაქმებული პერსონალი გადაეცა ახლად ჩამოყალიბებულ გერმანულ საწარმოს „Berlin-Suhler Waffen und Fahrzeugwerke“ (შემოკლებით BSW), რომელსაც ბიზნესმენი და ამავდროულად ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის (NSDAP) წევრი ჰერბერტ ჰოფმანი (Herbert Hoffmann) აკონტროლებდა. ამავე პერიოდში კომპანია BSW-მ მუშაობა დაიწყო საარმიო ტიპის თვითდამტენ პისტოლეტზე.

BSW-ს მიერ დამზადებული საარმიო პისტოლეტის პროტოტიპი

პისტოლეტის საცდელი პროტოტიპი იყენებდა  იმ პერიოდისათვის უცნაურ მოქმედების პრინციპს. პისტოლეტს ჩარჩოს ნაწილში ქვემოდან დამაგრებული ჰქონდა მოძრავი კაუჭის მსგავსი  ბერკეტი, რომლის წვერიც შედიოდა ლულის ცხვირთან ქვემოთა მხარეს შესრულებულ აირგამყვან ჭრილში. აღნიშნულ ბერკეტს ამავდროულად წინა ნაწილში გააჩნდა ფიგურული შვერილი, რომლითაც ახდენდა საკეტ-გარსაცმზე მოჭიდებას.

გასროლის დროს როდსაც ტყვია გაივლიდა ლულის არხში და მიაუხლოვდებოდა ლულის ცხვირს, დენთის აირები ლულის ქვემოდან შესრულებული ჭრილიდან უბიძგებდა რკალისებურად მოძრავ (ქანქარა) ბერკეტს, რომელიც თავის მხრივ მოახდენდა ცხვირის დაბლა დაწევას რკალისებური მოძრაობით. დაბლა დაწევისას მოძრავ ბერკეტზე შესრულებული შვერილი ახდენდა საკეტის განთავისუფლებას რის შემდეგაც საკეტი დამოუკიდებლად თავისუფალი სვლის პრინციპით აგრძელებდა უკუსვლას, კუმშავდა ლულაზე ჩამოცმულ დამაბრუნებელ ზამბარას და შემდგომ შეკუმშული ზამბარის შედეგად უბრუნდებოდა საწყის პოზიცას.

პისტოლეტის ჩარჩო შედგებოდა 3 ნაწილისგან. ერთი ცენტრალური სექსცია რომელიც ალუმინის შენადნობისგან იყო დამზადებული და 2 ფოლადის ფირფიტისგან, რომელიც ჩარჩოს გვერდებს (მარჯვენა და მარცხენა გვერდი) წარმოადგენდა. ასეთი კონსტრუქციის წყალობით მარტივად ხდებოდა პისტოლეტის სრული დაშლა და სასხლეტი მექანიზმის ამოღება.

დღეისათვის უცნობია სულ რამდენი ცალი პროტოტიპი დამზადდა. ამ სტატიის დაწერის მომენტესთვის ცნობილია 3 ცალი პისტოლეტის ვინაობა. საინტერესოა, რომ სამივე მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან.

პისტოლეტის პროტოტიპი ერთრიგიანი მჭიდით

აქედან ორი ეგზემპლარი თითქმის იდენტურია და შესრულებულია ერთრიგიანი მჭიდით, რომელიც 8 ცალ ვაზნაზეა გათვლილი (ამ პისტოლეტებიდან არცერთს არ აქვს არანაირი მარკირება. მხოლოდ ერთი მათგანის ჩარჩოზე დატანილია სერიული ნომერი 9A).

პისტოლეტი BSW სერიული ნომრით 9А. პისტოლეტის საერთო სიგრძე შეადგენდა 214მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 129მმ-ს.

მესამე ეგზემპლარი არის ორრიგიანი მჭიდით 13 ცალ ვაზნაზე, რომელსაც ვაზნების ერთრიგიანი გამოსასვლელი ყელი აქვს და მჭიდის გამოსასვლელში  ვაზნების გადაწყობა ხდება ორი რიგიდან ერთ რიგში. 


პისტოლეტის პროტოტიპი ორრიგიანი მჭიდით. აღნიშნული პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე დატანილია კომპანია BSW -ს ნიშანი, ხოლო ჩარჩოზე სერიული ნომერი 1B. 

მარკირება პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე

სამივე პროტოტიპის სიგრძე არის ერთნაირი და იყენებს 5 ინჩიან (127მმ) ლულას 6 ცალი ჭრილით. ამას გარდა სამივე პროტოტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის მხოლოდ ორმაგი მოქმედების (DAO), რომელიც იყენებს დახურულ ჩახმახს. პროტოტიპების საკეტ-გარსაცმი შესრულებულია ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით. პროტოტიპების საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს განთავსებულია დროშისებური მცველის ბერკეტი. ზემოთ აწეული ბერკეტის დროს მცველი გამორთულია, ხოლო ბერკეტის დაბლა დაწევისას ხდება მცველის გააქტიურება. ამავდროულად პროტოტიპებს აქვს მჭიდის მცველი. თუ პისტოლეტის სახლეურში არ არის მოთავსებული მჭიდი, სასხლეტზე თითის დაწოლისას არ მოხდება ჩახმახის სრული თვითშეყენება.

გარკვეული წყაროების თანახმად BSW-ს მიერ დამზადებული პისტოლეტების გამოცდები გაიმართა 1936-1937 წლებში. საბოლოოდ კომისიის წევრებმა იარაღის კონსტრუქციის  და წარმოების სირთულის გამო (რაც რთული გეომეტრიის დეტალების დამზადებას გულისხმობდა), არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა BSW-ს  პროტოტიპები და როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის დასაწყისში, უპირატესობა  Walther HP -ს მიანიჭეს, რომელიც მცირედი გადამუშავების შედეგად შეიარაღებაში იქნა მიღებული სახელწოდებით "Walther P.38".

Walther model HP (Heeres-Pistole)

No comments:

Post a Comment