Karabin przeciwpancerny wzór 35

პოლონეთში 1930-ანი წლების პირველ ნახევარში  დაწყებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელის ფარგლებშიც ქვეითთა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა შეექმნათ. სამუშაო პროგრამის ერთერთ მიზანს წარმოადგენდა ერთგვარი ახლო მანძილზე სამუშაო ტანკსაწინააღმდეგო თოფების (უფრო სწორი იქნება შაშხანა ვუწოდოთ, მაგრამ ამ ტიპის იარაღი სწორედ „ტანკსაწინააღმდეგო თოფი“-ს სახელით კლასიფიცირდება) კონსტრუირება და გამოცდა. ტანკსაწინააღმდეგო თოფზე მუშაობა დაიწყო მეიარაღეთა ჯგუფმა, რომლის შეემადგენლობაშიც შედიოდნენ პ.ვილნევჩიცი (P. Wilniewczyc), ე. სცეტკე (E. Szetke) და ტ.ფელშტინი (T. Felsztyn). სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა ვარშავაში მდებარე სახელმწიფო იარაღის ქარხნის „Panstwowa Fabryka Karabinow“ ინჟინერი იოზეფ მაროჟეკი (Jozef Maroszek).

Jozef Maroszek

მთავარ საკითხს პირველ რიგში წარმოადგენდა სპეციალური საბრძოლო მასალის (ვაზნის) შემუშავება, რომელზეც მოხდებოდა ახალი იარაღის კონსტრუირება. 1931 წელს ვიცე პოლკოვნიკმა ტადეუშ ფელშტინმა ვარშავის შეიარაღების ტექნოლოგიური ინსტიტუში გამოცადა რამოდენიმე ტიპის ვაზნა. საინტერესო იყო ის მომენტი რომ გამოცდილ იქნა არა მსხვილკალიბრიანი ვაზნები, რომელიც როგორც წესი იმ პერიოდში გამოიყენებოდა ხოლმე ტანკსაწინააღმდეგო თოფებში, არამედ გამოცადეს მცირე და საშუალო კალიბრიანი ვაზნები. გამოცდებმა აჩვენა, რომ 7-8მმ ტყვიის გამოყენების შემთხვევაში თუ მისი საწყისი სიჩქარე იქნებოდა 1000 მ/წამზე მეტი, ტყვია შეძლებდა ფოლადის ფურცლისგან დამზადებული ჯავშნის გატანას. საბოლოოდ ტადეუშ ფელშტინმა არჩევანი გააკეთა გერმანული მაუზერის შაშხანის ვაზნის (7.92×57mm Mauser) 7,92მმ-ან ტყვიაზე, რომელიც მოათავსა მოგრძო ბოთლისებურ მასრაში. 

ზევით გერმანული საშტატო ვაზნა 7,92x57mm Mauser, ხოლო ქვემოთ პოლონური ტანკსაწინააღმდეგო  „7.92x107mm DS“

მოგრძო მასრის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ვაზნაში დიდი რაოდენობით დენთის მუხტის მოთავსება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს. ასე გაჩნდა პოლონური ტანკსაწინააღმდეგო თოფისთვის განკუთვნილი ჯავშანგამტანი ვაზნა, რომელიც შემდგომ შეიარაღებაში მოხვდა აღნიშვნით „7.92x107mm DS“.

ახალ ვაზნაზე ტანკსაწინააღმდეგო თოფის შემუშავებისას კონსტრუქტორები წააწყდნენ პრობლემას, რომელიც უკავშირდებოდა ლულაში წარმოქმნილ წნევას. როდესაც გასროლისას ლულის არხში წნევა აღწევდა 3500 კგ/კვ. სმ-ს მნიშვნელოვნად ქვეითთებოდა იარაღის საექსპლუატაციო თვისებები. მასრა იბერებოდა და ვერ ხდებოდა მისი საიმედო ექსტრაქცია, ასევე კაფსულ-მაალებლიდან ხდებოდა დენთის აირების გამოხეთქვა, ხოლო ლულის რესურსი შეადგენდა მხოლოდ 20-30 გასროლას.

გარკვეული ცდების, გადამუშავების და დენთის მუხტებთან ექსპერიმენტების შემდეგ, 1935 წლის აგვისტოში პოლონეთის არმიის ბალისტიკური კვლევის ცენტრში გაიმართა  7.92x107mm ტიპის ვაზნაზე გათვლილი ტანკსაწინააღმდეგო თოფის გამოცდები, რომელიც იოზეფ მაროჟეკის (Jozef Maroszek) თაოსნობით იქნა კონსტრუირებული. საინტერესოა ის მიდგომა, რომ პოლონურ ვაზნაში გამოყენებულ ტყვიას არ ჰქონდა ფოლადის პენეტრატორი. გულარი დამზადებული იყო მთლიანად ტყვიისგან, ხოლო მისი პერეანგი იყო ფოლადის. ცდების შედეგად დადგინდა, რომ ლულის რესურსი გაიზარდა გარანტირებულ 300 გასროლამდე, ხოლო ტყვიის საწყისმა სიჩქარემ შეადგინა 1250-1275მ/წამი. ამავე გამოცდებზე დადგინდა, რომ 300 მეტრზე სროლის შემთხვევაში თუ ტყვიის მოხვედრის კუთხე შეადგენდა 30° -ს გარანტირებულად ხდებოდა 15მმ სისქის ფოლადის ფურცლისგან დამზადებული ჯავშან ფილის გატანა ისე, რომ ტყვიის მიერ ჯავშანფილაზე დატოვებული ნახეთქის დიამეტრი იყო ტყვიის დიამეტრის სამმაგი ოდენობის (ანუ 7,92მმ x 3 = 23,76 მმ). ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ტყვის გულა დეფორმირდებოდა და ფოლადის გარსის წყალობით იწვევდა ჯავშანფილის გატეხვას და არა გახვრეტას, როგორც ტრადიცულ ვოლფრამის ან ნაწრთობი ფოლადის გულარიან ჯავშანგამტან ტყვიებს ახასიათებთ. 100 მეტრზე სროლისა თუ ტყვიის მოხვედრის კუთხე შეადგენდა 90o -ს, ტყვიას შეეძლო 30 მმ-ანი ფოლადის ჯავშნის გარღვევა. ზემოაღნიშნული კვლევებით დადგინდა, რომ ტანკსაწინააღმდეგო თოფის გამოყენება ეფექტური იქნებოდა ვერმახტის შეიარაღებაში არსებულ 70% ჯავშანსატანკო ტექნიკის წინააღმდეგ. ვაზნის მონაცემები ასე გამოიყურებოდა: ტყვიის საწყისი სიჩქარე 1250-1275მ/წამი; ტყვიის წონა 14,6 გრამი (225 Grain); დენთის მუხტის წონა 11.15 გრამი (172 Grain); ენერგია 11 407-11 867 ჯოული. დამატებითი გამოცდების შედგეად სპილენძის მასრა შეიცვალა თითბერის მასრით (შენადნობის პროპორცია 67 % სპილენძი და 23 % თუთია[ცინკი]).

პოლონური ტანკსაწინააღმდეგო კატრაბინი "Kb ppanc wz.35“ (Karabin przeciwpancerny wzór 35)

1935 წლის ნოემბერში გაიმართა ტანკსაწინააღმდეგო თოფის სამხედრო გამოცდები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პროექტი თავდაპირველად ატარებდა გასაიდუმლოებულ ხასიათს, ამიტომ ოფიციალურ დოკუმენტებში მას მოიხსენიებდნენ როგორც „საექსპორტო ტანკსაწინააღმდეგო თოფი“ ბოლოში დამატებული ინდექსით „UR“, რაც მოწინააღმდეგე მხარეს და დაზვერვას შეუქმნიდა ერთგვარ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ იარაღი განკუთვნილი იყო ექსპორტისთვის ურუგვაიში. 

სწორედ აქედან გამომდინარე სხვადასხვა ლიტერატურაში ეს იარაღი აღინიშნება როგორც „Kb Ur wz.35“ და თავად იარაღზე შესრულებული იყო სწორედ ასეთი მარკირება.  სამხედრო გამოცდების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იარაღი წავიდოდა პოლონეთის არმიის შეიარაღებაში აღნიშვნით „Kb ppanc wz.35“ (Karabin przeciwpancerny wzór 35 – 1935 წლის ტანსკაწინააღმდეგო კარაბინი).

ტექნიკური კუთხით პოლონური „Kb ppanc wz.35“  იყო მჭიდიანი შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეტით, სადაც ყოველი გასროლის შემდეგ ხელით ხდებოდა იარაღის გადატენა. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მაუზერის მსგავსი საკეტით, რომელსაც წინა ნაწილში ჰქონდა 2 ცალი სიმეტრიული საბრძოლო ბჯენი, ხოლო უკანა ნაწილი დამატებით 1 დამხმარე საბრძოლო ბჯენი. საკეტის მექანიზმში ჩადებული იყო ერთგვარი დაცვა, რომელიც გამორიცხავდა სროლას იმ შემთხვევაში თუ საკეტი ბოლომდე არ იქნებოდა ჩაკეტილი. 

ლულა სავაზნესთან მაგრდებოდა ხრახნის მეშვებით და მარტივად იყო შესაძლებელი მისი მოხსნა. ვინაიდან ლულის რესურსი გარანტირებულად შეადგენდა 300 გასროლას, გადაწყდა რომ იარაღი დაკომპლექტებულიყო 3 ცალი სათადარიგო ლულით, რომელიც რესურსის ამოწურვის შემდეგ შეიცვლებოდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად ლულის შეცვლა პრაქტიკაში ხდებოდა დაახლოებით 500 გასროლის შემდეგ. 

ლულის ცხვირზე დამაგრებული იყო ცილინდრული ფორმის აქტიური ტიპის მუხრუჭი, რომელიც გარკვეული წყაროების თანახმად დაახლოებით 60-65%-ით ამცირებდა იარაღის უკუცემას.

შაშხანის ვაზნებით კვება ხდებოდა მოხსნადი სავაზნე კოლოფით, რომელშიც 4 ცალი ვაზნა თავსდებოდა. რიგ ლიტერატურაში გვხდება ინფორმაცია, რომ მცირე რაოდენობით დამზადდა 6 ცალ ვაზნაზე გათვლილი სავაზნე კოლოფებიც, რომელმაც ვერ მოიკიდა ფეხი და მხოლოდ 4 ცალ ვაზნაზე გათვლილი კოლოფები მოხვდა შეიარაღებაში.

იარაღის წინა სამიზნე მოწყობილობაზე შესაძლებელი იყო ჰორიზონტალური (გვერდითი) შესწორებების შეტენა, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო ფიქსირებული და გათვლილი 300 მეტრამდე სასროლათ. მაღალი საწყისი სიჩქარის წყალობით ტყვია საკმაოდ შორს ინარჩუნებდა ფენილ ტრაქტორიას, თუმცა სროლის ეფექტური მანძილი ჯავშნის დაზიანებიდან გამომდინარე შეადგენდა დაახლოებით 100 მეტრს. შაშხანა აღჭურვილი იყო ტრადიციული მოყვანილობის ხის კონდახით და სარეცელით, რომელსაც უკანა ნაწილში დამაგრებული ჰქონდა მეტალის საზურგე. სარეცელის ქვემოთ გაკეთებული იყო ღვედის სამაგრი, ხოლო ლულაზე განთავსებული იყო საკეცი ორფეხა სადგარი. 

მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ოფიციალურად 1935 წლის მიწურულს იქნა შეიარაღებაში მიღებული, პირველი პარტია პოლონეთის არმიამ მიიღო 1938 წლის ოქტომბერში. პირველი პარტიის ფარგლებში არმიაში მოხვდა 2000 ცალი "Kb ppanc wz.35", ხოლო 1939 წლის აგვისტოში არმიის მიეწოდა 3500 ერთეული, რაც შეადგენდა დაგეგმილის დაახლოებით 45%-ს. გეგმის თანახმად პოლონეთის არმიას მაგ პერიოდისთვის უნდა ჰქონოდა 7610 ცალი Kb ppanc wz.35. 

რაც შეეხება 1 ცალი იარაღის თვითღირებულებას, მისი ფასი შეადგენდა 900 პოლონურ ზლოტს (ომამდელი პოლონური ზლოტი). შედარებისთვის მაგ პერიოდში 1 ცალი საარმიო კარაბინის „Karabinek wz.29“ (Kbk wz.29 - გერმანული მაუზერის კარაბიინის კლონი) დამზადება ჯდებოდა 164 ზლოტი.

იარაღის წარმოებას ანხორციელებდა ვარშავაში მდებარე ფაბრიკა „Panstwowa Fabryka Karabinow“, რომელიც სამხედრო დანაყოფებს აწვდიდა იარაღს დაბეჭდილი ყუთით. ყუთში მოთავსებული იყო 1 ცალი იარაღი, სამი ცალი სათადარიგო ლულა და სამი ცალი მჭიდი. აღნიშნულ ყუთებს ეკეთა სპეციალური პლომბი და მისი გახსნა შეიძლებოდა მხოლოდ საყოველთაო მობილიზაციის დროს თავდაცვის მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე. ფაქტიურად პოლონელმა სამხედროებმა არც კი იცოდნენ ამ იარაღის არსებობის შესახებ 1939 წლის ივლისამდე.  1939 წლის ივლისში მკაცრი და გასაიდუმლოებული წესით მოხდა ყუთების გახსნა და ფეხოსანთა, ასევე კავალერიის პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟი.  "Kb ppanc wz.35"-სთვის თითოეული ასეულიდან და ესკადრონიდან ხდებოდა მხოლოდ 3 ჯარისკაცის მომზადება/ინსტრუქტაჟი. სასწავლო სროლები წარმოებდა შეზღუდული რაოდენობის კონტიგენტის თანდასწრებით, რომელშიც შედიოდნენ ოფიცრები და ასეულის მეთაურები. 

რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ ასეთი მკაცრი გასაიდუმლებული სწავლების გამო 1939 წლის სექტემბერში პოლონეთის არმიამ ვერმახტის წინააღმდეგ „Kb ppanc wz.35“ ვერ გამოიყენა სათანადოდ. ის ჯარისკაცები რომელთა ინსტრუქტაჟიც განხორციელდა არ იყვნენ კარგად მომზადებულები. ამას გარდა ვინაიდან მომზადებულ ჯარისკაცთა რაოდენობა ასეულში შეადგენდა მხოლოდ 3 კაცს, თუ ეს სამი ჯარისკაცი დაიღუპებოდა  ბრძოლის ველზე Kb ppanc wz.35 რჩებოდა გამოუყენებელი. 

ცარცით მონუშნული Panzer II -ის კორპუსზე პოლონური „Kb ppanc wz.35“-ის ნატყვიარი

რიგი წყაროები კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობენ, რომ საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ პოლონელი ჯარისკაცები ამ იარაღს 100 მეტრამდე Panzer I, II და III ტიპის ტანკების წინააღმდეგ.

ისტორიული წყაროების თანახმად ცნობილია, რომ პოლონეთში შეჭრის დროს ვერმახტმა ნაალაფარის სახით ხელში ჩაიგდო 886 ცალი „Kb ppanc wz.35“, რომელიც შემდგომ შეიარაღებაში მიიღო სახელწოდებით PzB 35(p) (სრული აღნიშვნა PanzerBuchse 35 polnisch). მას  „Waffen SS“ იყენებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაახლოებით 1942 წლის ბოლომდე. 

ასევე ცნობილია, რომ გერმანელებმა პოლონური იარაღისთვის შეიმუშავეს საკუთარი ვაზნა, რომლის ტყვიაც აღებულ იქნა გერმანული ტანკსაწინააღმდეგო თოფის „Panzerbüchse 39“ 7.92×94მმ კალიბრის ვაზნიდან. ეს ტყვია იყენებდა კარბიდ-ვოლფრამის და კობალტის შენადნობისგან მიღებულ ჯავშანგამტან გულარს, რომლის საწყისი სიჩქარეც პოლუნური იარაღიდან სროლის შემთხვევაში შეადგენდა 1297მ/წამს. 


პოლონური  7.92x107მმ-ანი ვაზნის სხვადასხვა ვარიანტები (ზემოთ პოლონური წარმოების, ქვემოთ გერმანული ვაზნები)

1942 წლის მიწურულს გერმანიამ 800 ცალი პოლონური PzB 35(p) მიყიდა იტალიის მე-8-ე არმიას. იტალიის არმიის რიგებში იგი შეიარაღებაში მიიღეს სახელოწოდებით „Fucile Contracarro 35 (P)“ და ძირითადად მათი გამოყენება ხდებოდა აღმოსავლეთ ფრონტზე.

ამერიკელი ჯარისკაცები აკვირდებიან პოლონურ „Kb ppanc wz.35“-ს

მთლიანობაში „Kb ppanc wz.35“ გამოირჩეოდა კარგი საექსპლუატაციო თვისებებით. მისი წონა სხვა მსგავს იარაღებთან შეადარებით იყო მსუბუქი, იარაღის მოვლა-მომსახურება იყო მარტივი, უკუცემა არ იყო ზედმეტად ძლიერი და ამავდროულად ჰქონდა კარგი სიზუსტე. მიუხედავად ამისა იყო მთავარი მინუსიც, 7,92მმ-ანი ვაზნა ვერ უზრუნველყოფდა საცეცხლე ეფექტურობას.

პოლონური wz.35 ფინელი მებრძოლის ხელში

რიგი ცნობების თანახმად ფინელებმა უნგრეთისგან შეიძინეს 30 ცალი პოლონური wz.35, რომელიც „ზამთრის ომი“-ს დროს უნდა გამოყენებინა, თუმცა ეს იარაღები ფინეთში ჩავიდა კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

ჯავშანგატანსთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროებში მოყვანილი მახასიათებლები განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ცხრილის სახით გთავაზობთ მათ:

მანძილი

მოხვედრის კუთხე

ჯავშნის გატანა

წყარო N1 ტყვიის საწყისი სიჩქარე 1220მ/წამი

100 მეტრი

90 გრადუსი

15 მმ

300 მეტრი

90 გრადუსი

14 მმ

წყარო N2 (ჟურნალი „Nowa Technica Wojskowa“ 6/95) ტყვიის საწყისი სიჩქარე 1250-1275 მ/წამი)

100 მეტრი

90 გრადუსი

33 მმ

300 მეტრი

30 გრადუსი

15 მმ

წყარო N3 მესამე რეიხის სასროლი და საარტილერიო სპეციალური შეიარაღება (ტყვიის საწყისი სიჩქარე 1280 მ/წამი)

300 მეტრი

90 გრადუსი

25-33 მმ

წყარო N4 1943 წელს ფინეთში გამართული ტესტირება:

100 მეტრი

70 გრადუსი

18 მმ

200 მეტრი

70 გრადუსი

16 მმ

300 მეტრი

70 გრადუსი

14 მმ

No comments:

Post a Comment