ესპანური Labora Fontbernat M-1938

გასული საუკუნის 30-ან წლებში ესპანეთში შეიმჩნეოდა საკმაოდ რთული და დაძაბული სიტუაცია. დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა ფორმირებებს შორის საბოლოოდ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ მოჰყვა სამოქალაქო ომის დაწყება. სამოქალაქო ომის დაწყებამ თავის მხრივ გამოიწვია ავტომატური იარაღის, კონკრეტულად კი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დეფიციტი და სხვადასხვა იარაღის მწარმოებლებმაც დაიწყეს გარკვეული სამუშაოები ამ ტიპის იარაღის შემუშავების და წარმოების კუთხით.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Pistola Ametrallador 'Labora' 1938“, ცნობილი ასევე სახელწოდებით „Labora-Fontbernat M-1938“ შემუშავებულ იქნა 1936 წელს, ხოლო მისი სერიული წარმოება ხორციელდებოდა 1938 წლიდან 1939 წლის ჩათვლით. სერიულ წარმოებაში ჩართული იყო ორი ფაბრიკა. ერთი ფაბრიკა მდებარეობდა ბარსელონაში, ხოლო მეორე ფაბრიკა „Industrio de Guerra de Cataluña Fabrica Nº15“ ქალქ ოლოტში (Olot ჟირონის პროვინცია). გარკვეული წყაროების თანახმად სულ 1938-1939 წლებში ორივე ფაბრიკის მიერ ჯამში დამზადებულ იქნა დაახლოებით 2000 ცალამდე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.  

მიუხედავად იმისა, რომ „Labora-Fontbernat M-1938“ დამზადებულ იქნა ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, იგი გამოირჩეოდა უმაღლესი შესრულებით. მასში გამოიყენებოდა მაღალი კლასის ფოლადი, იარაღი გადიოდა უმაღლეს დამუშავებს და დეტალების უმეტესობა ნაცვლად იაფი და მარტივი ტექნოლოგიებისა, როგორიც არის დაბეჭდვა, ჩამოსხმა და შედუღება, მზადდებოდა მანქანური დამუშავებით, რაც ბუნებრივია თავის მხრივ ზრდიდა იარაღის თვითღირებულებას და მის დასამზადებლად განკუთვნილ დროს. შეიძლება ითქვას, რომ „Labora-Fontbernat M-1938“ იყო ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული იარაღი, რომელიც ომის პერიოდში იქნა წარმოებული.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან და შესაძლებელი იყო ცეცხლის წარმოება როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში მცველის დანიშნულებას ასრულებდა ლულის კოლოფზე შესრულებული L-სებური ჭრილი, რომელშიც მსროლელს შეეძლო ხელით დაეფიქსირებინა გადასატენი სახლური. ასეთი ფორმით მოხდებოდა საკეტის ბლოკირება ღია მდგომარეობაში. პისტოლეტ-ტყვიამფრქევის მილისებური ლულის კოლოფი მზადდებოდა ერთი მთლიანი ფოლადის  ბლოკის ფრეზირებით, რაც ასევე აძვირებდა წარმოების პროცესს და ზედმეტად ამძიმებდა იარაღს. ლულა იყო მსხვილი და მასიური ფოლადისგან შესრულებული, რომელსაც უკეთესი გაგრილებისთვის ჰქონდა წრიული ნეკნები.

იარაღის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა ორრიგიანია სავაზნე კოლოფით, რომელიც იწარმოებოდა 2 ტევადობით. მოკლე სავაზნე კოლოფი იტევდა 20 ცალ ვაზნას, ხოლო გრძელი 36 ცალ ვაზნას. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი წარმოადგენდა ერთგვარ კაუჭს და განთავსებული იყო  მჭიდის მიმღების უკან. მჭიდის მიმღები ყელი იყო მოგრძო ფორმის და ამავდროულად ასრულებდა წინა სახელური დანიშნულებას. სწორედ ამიტომ მას გვერდებიდან დამაგრებული ჰქონდა ხის ლოყები, რაც უზრუნველყოფდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კომფორტულ ჭერას. უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო პრიმიტიული სახის და რეგულირდებოდა 100 დან 500 მეტრამდე სასროლად. თუმცა რიგ ეგზემპლარებზე შესაზლოა დამაგრებული ყოფილიყო არარეგულირებადი (მუდმივი) სამიზნე მოწყობილობა. რეალურად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოყენება ეფექტური იყო 200 მეტრამდე სროლისას.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გათვლილი იყო ვაზნაზე 9x23mm Largo, რომელიც წარმოადგენდა 9х23mm Bergmann-Bayard-ის ესპანურ ანალოგს. აღნიშნული ვაზნა ესპანეთში ითვლებოდა  ერთგვარ საშტატო ვაზნათ და მასზე ჯერ კიდევ 1910 წლიდან იქმნებოდა სხვადასხვა იარაღები. 8 გრამიან (127 გრეინი) მთლიანად გარსიან (FMJ) ტყვიას, 262მმ სიგრძის ლულიდან გამოსვლისას ჰქონდა საწყისი სიჩქარე 397მ/წამის ოდენობით, რაც მის ენერგიას ხდიდა 630 ჯოულს. (ცნობისთვის 150 მმ სიგრძის ლულიდან სროლის შემთხვევაში აღნიშნილუ ვაზნა საშუალოდ ავითარებდა 356მ/წამს და მისი ენერგია შეადგენდა 521 ჯოულს).

მარცხნივ ესპანური ვაზნა 9x23mm Largo, ხოლო მარჯვნივ 9x19mm Parabellum (9mm Luger)

საერთო ჯამში Labora Fontbernat M-1938 იყო ეფექტური იარაღი, შესრულების მაღალი ხარისხით, თუმცა ზედმეტად დიდი თვითღირებულების და წარმოების სირთულის გამო იგი მხოლოდ მცირე პარტიებად დამზადდა და ვერ მოიკიდა ფეხი. შესაბამისად დღეს პისტოლეტ-ტყვიამფქრვევებს შორის ერთერთ იშვიათ მოდელს წარმოადგენს.   

No comments:

Post a Comment