ამერიკული კომპანია „O.F. Mossberg & Sons“
დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთერთ წარმატებულ და ცნობილ იარაღის მწარმოებლად ითვლება.
მისი მოდელები 500, 590 ფაქტიურად ბესტსელერები არიან. საქართველოში არსებულ
იარაღის მოყვარულთა წრეშიც ბევრი თაყვანისმცმელი ჰყავს აღნიშნული ბრენდის „პომპიან“
თოფებს, თუმცა ცოტამ იცის იმის შესახებ, რომ კომპანია Mossberg & Sons-მა
მისი იარაღის წარმოება იაფფასიანი 4 ლულიანი პისტოლეტით დაიწყო. სწორედ ამიტომ
შევეცდები ქართველ მკითხველს ჩვენი მცირე სტატიით გავაცნო აღნიშნული პისტოლეტი.
შუაში კომპანია „O.F. Mossberg & Sons“ -ის დამფუძნებელი ოსკარ მოსბერგი და მისი შვილები ჰაროლდ (Harold Mossberg) და ივერ (Iver Mossberg)
კომპანიის დაარსებიდან 1 წელი არც იყო გასული, რომ ამერიკაში
ჩასულმა შვედმა ემიგრანტმა ოსკარ მოსბერგმა მისი ოცნების განხორციელებას მოჰკიდა
ხელი. ოსკარის ოცნება იყო გამხდარიყო ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი. იმ
პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა მცირე
გაბარიტების მქონე რევოლვერები და პისტოლეტები. სწორედ ამ მიზნით მოსბერგმა 1919 წელს შეიტანა პატენტი რომელიც დათარიღდა 1920 წლის 27 ივლისის მდგომარეობით და წარმოებაში ჩაუშვა მისი 4 ლულიანი დერინჯერის
ტიპის პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იყო წრიული აალების .22 LR (Long Rifle)
ვაზნაზე. რატომ მაინცდამაინც დერინჯერის (Derringer) სისტემის და თანაც სუსტ .22LR
ვაზნაზე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია. დავიწყოთ პირველ რიგში
იმით, რომ დერინჯერის სისტემა ავტომატურ (თვითდამტენ) პისტოლეტთან შედერაბით
გაცილებით მარტივია და ახალბედა კომპანიისათვის, რომელიც პირველად კიდებს ხელს ცეცხლსასროლი
იარაღის წარმოებას, ბევრად უფრო აადვილებს შექმნა-წარმოების პროცესს, რადგანაც არ
საჭიროებს განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ ცოდნას და რესურსების დახარჯვას. რაც შეეხება
.22 LR ვაზნას, იგი დაბალ იმპულსიანია, რაც მასზე გათვლილი იარაღის კონსტრუირებას ნაკლებად
ართულებს და მოითხოვს მცირე დანახარჯებს. გარდა ამისა ვაზნა .22LR ყველაზე იაფიანი
ვაზნა იყო მაშინაც და დღესაც ასეა. მოსბერგს თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ
მისი პისტოლეტი იქნებოდა იმდენად იაფი, რომ ყველას შეეძლებოდა მისი შეძენა.
შესაბამისად იაფიან პისტოლეტში იაფი ვაზნის გამოყენებაც ერთგვარი სწორად
გადადგმული და სტრატეგიული ნაბიჯია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ პისტოლეტის წარმოება
დაწყებულ იქნა 20-ანი წლების დასაწყისში და მისი სახელწოდება გახლდათ „Brownie“. პისტოლეტის
ფასი ბაზარზე იყო სულ რაღაც 5 დოლარი. მაშინდელი ფინანსური მდგომარეობით 5 დოლარი
დღევანდელი გადმოსახედიდან შეადგენს დაახლოებით 58-67 დოლარს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პისტოლეტს მწარმოებელი სარეკლამო ბროშურებში და პლაკატებში მოიხსენიებდა როგორც "Semi-Automatic" ანუ თვითდამტენი პისტოლეტი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პისტოლეტს გააჩნდა 4 ლულიანი ბლოკი, რომელიც ჩამკეტი ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით იწევოდა დაბლა. ღილაკი განთავსებული იყო პისტოლეტის ზედა ნაწილში უკანა მხრიდან, სადაც როგორც წესი ღია ჩახმახი არის ხოლმე განთავსებული. აღნიშნულ ღილაკზე თითის დაწოლა ქვემოთ იწვევდა T-ასოს ფორმის ჩამკეტი ურდულის ბერკეტის ზევით აწევას, რისი მეშვეობითაც ლულების ბლოკი თავისუფლდებოდა და შეგვეძლო პისტოლეტის გადახსნა ისე, როგორც ხდება სანადირო თოფებში.
ოთხკუთხა ლულების ბლოკში გაერთიანებულია 4ცალი ლულა,
რომელთა სავაზნეშიც სათითაოდ ხდება ვაზნების ჩალაგება. პისტოლეტს არ გააჩნია
არანაირი ექსტრაქტორი, რომელიც შეძლებს მასრების ამოგდებას. სწორედ ამიტომ
პისტოლეტის კორპუსში ინახება მოხსნადი ღერო (ზუმბა), რომლითაც შესაძლებელია
მასრების ამოღება.
პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის მხოლოდ ორმაგი
მოქმედების (DAO - Double Action Only). სასხლეტზე დაწოლისას ხდება ჩახმახის შეყენება და ამავდროულად მისი
გადაბრუნება 90 გრადუსით, რათა ყოველ დაწოლაზე ჩახმახმა მოახდინოს თანმიმდევრული
გასროლა ოთხივე ლულიდან. ანუ სასხლეტზე ერთი გამოკვრა იწვევს გასროლას ერთი
ლულიდან, შემდგომი გამოკვრა მეორე ლულიდან და ასე გრძელდება ციკლი.
პისტოლეტის ლულიების ბლოკზე ცხვირის ნაწილში
განთავსებულია მომრგვალებული ფორმის წინა სამიზნე, ხოლო უკანა სამიზნე
მოწყობილობის ფუნქციას ასრულებს ჩამკეტი ბერკეტის მთელს სიგრძეზე არსებული ჭრილი.
ტარის ლოყები დამზადებულია ხისგან და გააჩნია ვერტიკალური ნაჭდევები. ლოყები
პისტოლეტის კორპუსზე მაგრდება ჭანჭიკის (ხრახნის) მეშვეობით. შესაძლოა შეგვხვდეს
პისტოლეტი, რომელსაც სხვა მასალისაგან შესრულებული ტარის ლოყები გააჩნდეს.
მაგალითად სპილოს ძვალი. თუმცა ქარხნულად პისტლეტი მხოლოდ ხის ლოყებით გამოდიოდა.
სხვა მასალის ტარი მფლობელების მიერ კუსტარულად იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გათვლილი იყო .22LR ვაზნაზე, მასში შესაძლებელი იყო მისი წინამორბედი .22 Short და .22 Long ვაზნების გამოყენებაც.
მფლობელების გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ პისტოლეტი არ გამოირჩევოდა სიზუსტით და დამზადების ხარისხით. გარდა აღნიშნულისა მისი სასხლეტი იყო ძალიან მძიმე, რაც სროლისას მოითხოვდა დიდ ძალისხმევას (დაწოლას). რათქმაუნდა ასეთი პატარა პისტოლეტი, რომელიც არაკომფორტულად ზის ხელში და ამას ემატება მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, რომელის ჩახმახიც მსროლელის მუსკულატურის (თითის დაწოლის) ხარჯზე უნდა შემობრუნდეს 90 გრადუსით, არ იქნება სროლისას კომფორტული და სიზუსტეზეც არ უნდა გვქონდეს პრეტენზია.
რაც შეეხება პისტოლეტის მარკირებებს მარცხენა მხრიდან ლულის ნაწილში დატანილი იყო შემდეგი სახის წარწერა "O.F. MOSSBERG & SONS NEW HAVEN. CONN.U.S.A". მარცხენა მხარესვე, ჩარჩოს ნაწილში ხდებოდა მარკირება წარწერის სახით "Brownie".
პისტოლეტის მარჯვენა მხარეს გვხვდება ორნაირი წარწერა: "PAT. JULY 27. 1920." ან "PAT. APPL'D. FOR"
რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან პისტოლეტის წარმოება შეწყდა 1932 წელს და სულ დამზადებული ეგზემპლარების საერთო რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 33 400 - 34 000 ცალი. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი თავის დროზე ღირდა 5 აშშ დოლარი, დღეს მათი ღირებულება ინტერნეტ აუქციონებზე მერყეობს 250 დან 700 აშშ დოლარამდე. რათქმაუნდა ყველაზე მეტად ფასობს ისეთი პისტოლეტები, რომლებიც კარგად არიან შენახულნი, რაც ძალზედ იშვიათია, რადგანაც 5 დოლარაიან პისტოლეტს არავინ არ უვლიდა. შესაბამისად შემორჩენილი ეგზემპლარების უმეტესობა არასახარბიელო მდგომარეობაშია.
სტატიის ბოლოს აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩემი სუბიექტური აზრით პისტოლეტს მართლაც გააჩნია საკოლექციო ღირებულება, რადგანაც იგი პირველი იარაღია რომლითაც ლეგენდარული კომპანია "Mossberg & Sons" იარაღის ბაზარზე გამოჩნდა.
No comments:
Post a Comment