ქართული ლიტერატურა ცეცხლსასროლ იარაღზე

ჩვენი ბლოგის მორიგი სტატია, იქნება განსხვავებული, რადგანაც ამ სტატიაშ არ განვიხილავთ, რომელიმე კონკრეტულ მოდელსა თუ იარაღის მარკას. აღნიშნული სტატია ეხება ქართულ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას ცეცხლსასროლ იარაღზე და ზოგადად საქართველოში არსებულ საინფორმაციო რესურსების  ნაკლებობას იარაღის შესახებ. პირველ რიგში სტატია მინდა დავიწყო შეკითხვით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში ამ კუთხით? შეკითხვაზე პასუხი ნათელია - ფაქტიურად არც არაფერი! თითქმის სრული სიბნელე და ცარიელი ადგილი. ასე შემიძლია მარტივად და თამამად ვთქვა, რადგანაც ქართულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ეხება თითებზე ჩამოსათვლელია, ხოლო მათი ხარისხი არც თუ ისე სახარბიელო. სტატიაში მიმოვიხალავ აგრეთვე რამოდენიმე ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნსაც, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ჩემს ბიბლიოთეკაში. საპატიო არა იმიტომ, რომ ჩემთვის საჭირო ინფორმაცია წერია ამ წიგნებში, არამედ იმიტომ რომ ისინი საქართველოში გამოიცა.
ჯერ კიდევ კომუნიზმის და „პერესტროკის“ პერიოდს რომ შევეხოთ რა ხდებოდა მაშინ ცეცხლსასროლი ლიტერატურის კუთხით საქართველოში? მემგონი მაშინაც არაფერი, რადგანაც საქართველოში არ იბეჭდებოდა არანაირი ლიტერატურა ქართულ ენაზე. ფაქტიურად ქართველი იარაღის მოყვარულები იყვნენ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში და რუსულ  ენაზე გამოცემული ლიტერატურაც არ იყო ხელმისაწვდომი. უცხოურ (როგორც მაშინ უწოდებდნენ „იმპორტულ“) ლიტერატურაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. იმ პერიოდში არსებულ ყველაზე ცნობილ და ალბათ ქართველი იარაღის მოყვარულებისათვის სანუკვარ წიგნებად ითვლებოდა რუსულ ენაზე გამოცემული ა. ბლაგანრავოვის ორტომეული წიგნი სახელწოდებით „სასროლო იარაღის მატერიალური ნაწილი“ (А.А.Благонравов - Материальная часть стрелкового оружия), რომელიც 1945 წელს გამოიცა და ასევე ჯერ კიდევ 1938 წელს გამოცემული  ვ.ფედოროვის ორტომეული წიგნი „სასროლი იარაღის ევოლუცია“ (В.Г. Федоров – „Эволюция стрелкового оружия“). აღნიშნული წიგნები საქართველოში ფაქტიურად აკრძალულიც კი იყო და დიდი ალბათობით კაგებეს თანამშრომლებიც კი აკონტროლებდნენ თუ ვის ჰქონდა იგი. ბუნებრივია მაშინ არ არსებობდა არანაირი ინტერნეტი და სხვა ალტერნატიული საინფორმაციო წყაროები. ზუსტად ამ ფაქტს ვუკავშირებ მე იმას, რომ საქართველოში ასაკოვან იარაღის მოყვარულთა ცოდნა ძალიან ბუნდოვანია. სწორედ ამდაგვარი ხალხის მოფიქრებულია სხვადასხვა მითები იმაზე, რომ ნაგანის რევოლვერიდან ნასროლი ტყვია ლიანდაგს (უფრო შესაბამისი იქნებოდა სიტყვა „რელსი“) ხვრეტს, ის რომ  ე.წ. „ნულავოი“ მაკაროვი ყველზე კარგად ისვრის მიზანში, ან თუნდაც დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა “СВД” ორ კილომეტრზე სასროლად გამოიყენება. ბუნებრივია ინფორმაციის უქონლობას თან ახლავს მსგავსი ალოგიკური ინფორაციის გავრცელება და დამკვიდრება.
90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში გამოჩნდა რუსულ ენაზე გამოცემული წიგნები რევოლვერებსა და პისტოლეტებზე, რომელიც რუს ავტორს ა.ბ. ჟუკს ეკუთვნის (А.Б. Жук "Револьверы и Пистолеты") მასვე მოჰყვა მისი მეორე წიგნი, რომელიც უკვე შაშხანებზე, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებზე და ავტომატებზეა. (დღეს აღნიშნული ორტომეული გაერთიანდა ერთ დიდ წიგნად და ასეთი სახით გამოდის). ფაქტიურად სანამ ინტერნეტი გამოჩნდებოდა ჟუკის წიგნები საქართველოში იყო ერთადერთი ფანჯარა, რომელშიც შეეძლო გაეხედა იარაღის მოყვარულს. ჩემი პირველი ნაცნობობა ცეცხლსასროლ იარაღთან ზუსტად აღნიშნული წიგნებით დაიწყო.
ამავე პერიოდში საქართველოში შემოაღწია გერმანულმა ორტომეულმა სახელწოდებით „Schützenwaffen heute“, რომელსაც ძირითადად გადამყიდველები („სპეკულიანტები“ J ) ყიდიდნენ. მახსოვს ბაბუაჩემმა აღნიშნულ წიგნში იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა.
დავუბრუნდეთ ისევ ქართულ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას. ვინაიდან ა.ბ. ჟუკის ცნობარი რევოლვერებსა და პისტოლეტებზე იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი ცნობარი, საქართველოში ხშირად ხდებოდა მისი ნაწილობრივი თარგმნა და გამოცემა.
მაგალითად ჩემს ბიბლიოთეკაში გამაჩნია ასეთი ბროშურა, ვაზნების შესახებ, რომელიც ფაქტიურად ჟუკის ცნობარებიდან ნათარგმნი ინფორმაციით და სურათებით არის შესრულებული. ასევე ბროშურის ნახევარი ამოკრეფილია ზემოთ ხსენებული გერმანული ორტომეულიდან „Schützenwaffen heute“. მქონდა აგრეთვე ასეთივე ბროშურის სახით ქართულ ენაზე გამოცემული ჟუკის თარგმანი, რომელშიც შედიოდა რევოლვერები, პისტოლეტები, შაშხანები, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და ავტომატები. ვინაიდან რუსულ ენაზე მაქვს ა.ბ. ჟუკის ორივე ტომი აღნიშნული ქართული გამოცემა გავაჩუქე.
 
რამოდენიმე ქართული წიგნი ჩემი ბიბლიოთეკიდან:
პირველ რიგში რაც შეიძლება ვთქვა აღნიშნულ წიგნებზე, არის ის, რომ მიუხედავად მათში მოყვანილი ბევრი შეცდომებისა მე მათ არ გავაკრიტიკებ და არ მიმოვიხილავ კრიტიკოსის თვალით, რადგანაც ფაქტიურად ქართული წიგნები ცეცხსასროლ იარაღზე „წითელ წიგნშია“ შესატანი და დაცვა უფრო სჭირდებათ ვიდრე კრიტიკა J. შევეცდები მოკლედ ავღწერო თუ რა თემებს ეხება აღნიშნული წიგნები.

ოთარ ლომთაძის წიგნი სახელწოდებით "სანადირო თოფი". აღნიშნული წიგნი გამოიცა 2011 წელს. გააჩნია მყარი გარეკანი და გვერდების რაოდენობა არის 472. ილუსტრაციები ძირითადად შესრულებულია შავთეთრად, თუმცა რამოდენიმე ფერადი ფოტოც გამოერევა. მასში შესულია შემდეგი სახის ძირითადი თემები:
·         სანადირო თოფების კლასიფიკაცია;
·         სანადირო თოფის ძირითადი ნაწილები;
·         ტყვია-წამალი და ვაზნების დატენვა;
·         შიდა და გარეგანი ბალისტიკა;
·         სროლის ხელოვნება;
·         თოფის მოვლა პატრონობა და უსაფრთოების ზომები;
·         სანადირო თოფების მხატვრული გაფორმება.
შემდეგ წიგნში ქვეყნების მიხედვით აღწერილია სანადირო თოფების მწარმოებელი ფირმები.
 
პოლკოვნიკ გაიოზ არჩილის ძე ხუცშვილის წიგნი სახელწოდებით "ცეცხლსასროლი იარაღი". წიგნი არის მყარი გარეკანით. გვერდების რაოდენობა 312. ილუსტრაციები შესრლებულია შვთეთრად და აქაც გვხდვდება რამოდენიმე ფერადი ილუსტრაცია. წიგნი გამოცემულია 2005 წელს.
წიგნში ქვეყნების მიხედვით ძალიან მოკლედ განხილულია შემდეგი ტიპის იარაღები:
·         რევოლვერები;
·         პისტლეტები;
·         პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები;
·         შაშხანები;
·         ავტომატები;
·         ტყვიამფრქვევები;
·         ყუმბარმტყორცნები;
·         გლუვლულიანი იარაღი.
წიგნს გააჩნია აგრეთვე დანართები სადაც განხილულია: დანართი #1 ხელყუმბარები; #2ვაზნები; #3 ხიშტები; #4 ოპტიკური სამიზნეები.

სანადირო იარაღის დიდი სახელმძღვანელო. აღნიშნული წიგნი წარმოადგენს ქართულ ენაზე გამოცემულ თარგმანს, რომლის ავტორებიც არიან დეივ პეტცელი (David E. Petzal)  და ფილ ბურჯეილი (Phil Bourjaily).
წიგნი ინგლისურ ენაზე გამოცემულ იქნა 2012 წელს, ხოლო 2013 წელს მისი ოფიციალური ქართული თარგმანი გამოიცა საქართველოში. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ზემაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი სახელმძღვანელო, რომელიც დასურათებულია ფერადი ილუსტრაციებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ასეთი მაღალპოლიგრაიფიულ დონეზე გამოცემული წიგნისათვის იგი შედარებით იაფია. მისი ოფიციალური ღირებულება  შეადგენს 29 ლარს და 95 თეთრს. რაც შეეხება მის კონტენტს, ინფორმაცია უფრო ზოგადია და შეიძლება ითქვას დამწყებთათვისაა, თუმცა ძალიან საინტერესო წასაკითხია. ვინაიდან მთელი წიგნი თითქოს რჩევების დიდი კრებულია. წიგნში განხილულია, თუ რომელი ვაზნა შევარჩიოთ კონკრეტულ ცხოველზე სანადიროთ; როგორ მოვუაროთ იარაღს; როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი იარაღი და ბევრი სხვა მრავალი საინტერესო საკითხები. წიგნი მოეწონება, როგორც მონადირეს, ასევე უბრალოდ იარაღის მოყვარულს.
ცალკე თემაა კიდევ ქართული ჟურნალები, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ეხება, რადგანაც აქაც არაფერი არ ხდება. 90-ან წლებში გამოდიოდა საკმაოდ მდაბიო ჟურნალი სახელწოდებით „გისოსებს მიღმა“, რომელშც რამოდენიმე გვერდი ეთმობოდა იარაღს და იყო აგრეთვე კონკურსები, სადაც გამოქვეყნდებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ფოტო და მკითხველს უნდა გამოეცნო იგი. ბავშობაში მახსოვს რამოდენიმეჯერ გავხდი გამარჯვებული და პრიზის სახით „ბოევიკების“ ვიდეოკასეტა უნდა გადმოეცათ, რომლის ასაღებათ არც კი მივსულვარ J. თუ არ ვცდები დღეს გამოდის სამხედრო თემატიკის ჟურნალი „არსენალი“, რომელშიც ცეცხლსასროლ იარაღზეც იწერება სტატიები. მე გამიჭირდება შევაფასო ეს ჟურნალი, რადგანაც მის არცერთ ნომერს არ გავცნობივარ და არვიცი თუ კონკრეტულად რა იწერება მასში და როგორია მისი შიგთავსი (კონტენტი).

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქართულ ენაზე გამოიცა თითებზე ჩამოსათვლელი წიგნი თუ ბროშურა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, ვთვლი, რომ ძალიან შორს ვართ სრულყოფილებისაგან. აქვე ისმის კითხვა თუ რა უნდა გავაკეთოთ ქართველმა იარაღის მოყვარულებმა, რომლებსაც გვიყვარს კითხვა? ჩემი აზრით გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში შესაძლებელია მოვიძიოთ ვებ გვერდები, რომლებიც ვაჭრობენ უცხოურ ენაზე გამოცემული კარგი წიგნებით და შესაძლებელია მათი გამოწერა. კარგი იქნება თუკი საქართველოში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრე მაღაზიები დაიწყებენ ლიტერატურის შემოტანა-გაყიდვას, მაგრამ აქ რათქმაუნდა წარმოიქმნება ის პრობლემა, რომ წიგნები უცხო ენაზეა და ბევრმა შეიძლება არ იცოდეს აღნიშნული ენები. გარდა ამისა ქართველებს არ გვიყვარს წიგნებში ფულის გადახდა და ვთვლით, რომ წიგნიდან ვერ ვისწავლით. დღეს საქართველოში არსებობს რამოდენიმე ფორუმი სადაც ფორუმის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი ცეცხლსასროლი იარაღის თემებში, თუმცა რასაც ვუყურებ ამ კუთხითაც ძალიან შორს ვართ სხვა ქვეყნებისგან, რადგანაც საქმე გვაქვს ისევ უცოდნირობასთან და ისეთი კატეგორიის ხალხთან, რომლებიც „კალაშა მამაა“-ს ძახილით და ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ხშირია როდესაც რომელიმე წევრი მეორეს უმტკიცებს რაღაცას უსაფუძვლოდ. ქართველებს გვგონია, რომ თუკი სხვამ რაღაც იცის ის ჩვენი კონკურენტია და გვინდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ უფრო მაგარი ვართ.  თუმცა ამას ვერ ვიტყვი ყველაზე, რადგანაც არსებობენ სვადასხვა ქართული ფორუმების წევრები, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევიან ცეცხლსასროლ იარაღში და საკმაოდ ობიექტურ პოსტებსაც წერენ. გამოსავალი არსებობს აგრეთვე უცხოურ ვებ გვერდებშიც, სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია იწერება. რომ არა აღნიშნული ვებ გვერდები და უცხოური ფორუმები, ალბათ ძალიან დიდ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიქნებოდით დღესაც. ვინაიდან წიგნის გამოცემა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება და მათი მყიდველების რაოდენობაც არაა საქართველოში, ყველაზე სწორი გამოსავალი ალბათ ისევ ბლოგის შექმნა რჩება. კარგი იქნება თუკი იარაღის მოყვარულები გააკეთებენ ბლოგებს სადაც გამოაქვეყნებენ თავიანთ სტატიებსა და მიმოხილვებს (რევიუებს). სტატიის დასასრულს აუცილებლად მინდა ავღნიშნო ერთერთი ქართულ ენოვანი ბლოგის შესახებ shooterscentral.ge (ლევანის იგივე Shooter-ის ბლოგი), რომელიც უკვე წლებია არსებობს და ვთვლი, რომ დღეს საქართველოში აღნიშნული ბლოგი არის ძალიან კარგი რესურსი სადაც საინტერესო და საჭირო ინფორმაცია იწერება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მის ავტორს ლევანს კარგი საქმისთვის.
 
როგორც ვხედავთ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვართ ქართველი იარაღის მოყვარულები და ჩვენით თუ არ მივხედეთ ჩევნს თავს ასე მოლოდინში ვიქნებით, რომ რაღაც შეიცვლება. ამიტომ ბლოგები არის ყველაზე პრაქტიკული გამოსავალი დღეს საქართველოსთვის. შესაბამისად თუკი იარაღის მოყვარული ხარ, ახლა ამ სტატიას კითხულობ და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, მის შესახებ წერაც გიყვარს დაარეგისტრირე ბლოგი, რომელიც ფაქტიურად რამოდენიმე წუთის საქმეა და დაწერე შენი სტატიები. თუკი გადაწყვიტეთ ბლოგის შექმნა, რჩევის სახით შემიძლია გითხრათ, რომ არ შეგეშინდეთ არანაირი კრიტიკის რადგანაც, საქართველოში ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც სხვის გაკეთებულ საქმეს დაიწუნებს და შეეცდება უსაფუძვლოდ გაგაკრიტიკოთ. მთავარია გიყვარდეთ ის საქმე რასაც გააკეთებთ.
იმედი მაქვს ბოლომდე გადმოვეცი ის რისი თქმაც მინდოდა და ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვებით მინდა დავასრულო სათქმელი.

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

თუ 2-3 კაცი მაინც წაიკითხავს შენს ბლოგს და რაიმე ახალს გაიგებს ცეცხლსასროლ იარაღზე ჩათვალე, რომ უკვე კარგი საქმე გააკეთე!
 
პატივისცმით ბლოგის ავტორი.

No comments:

Post a Comment