"HAFDASA" და "ZONDA"

COLT M1911 ლეგენდარული მოდელია და ყველა იარაღის მოყვარულის სანუკვარი პისტოლეტია. ჩემთვის კი ბევრად სანუკვარია კოლტის ბაზაზე შექმნილი არგენტინული პისტოლეტი "Ballester-Molina", რომლის წარმოებაც 1938 წელს დაიწყო არგენტინულმა კომპანიამ "HAFDASA" (Hispano Argentine Fabricas de Automoviles SA). კომპანია დაფუძნებული იყო Arturo Ballester-ის და Eugenio Molina-ს მიერ. პისტოლეტი "Ballester-Molina" 80-ან წლებამდე იმყოფებოდა არგენტინის არმიის და პოლიციის შეიარაღებაში.
 1942 წელს პისტოლეტების მცირე პარტია დიდი ბრიტანეთის შემსყიდველმა კომისიამ შეიძინა, რის შედეგადაც იგი დიდიბრიტანეთის საიდუმლო და სპეციალური ოპერაციების მართვის (Special Operations Executive - SOE) თანამშრომლებს და სხვა სპეციალურ დანაყოფებს გადაეცათ. "Ballester-Molina" ლეგენდარული კოლტისგან განსხვავდებოდა იმით, რომ არ გააჩნდა ტარის უკან განთავსებული ავტომატური მცველის ღილაკი, რომელსაც მსროლელი ხელის მტევნის მოჭერით თიშავს. გარდა ამისა არგენტინელი იყო უფრო მსუბუქი და საკეტ-გარსაცმზე გააჩნდა მცირედით წყვეტილი ნაჭდევები. სხვაობა იყო აგრეთვე სასხლეტი კავის დამაგრების მექანიზმშიც... თუმცა ამ მცირე დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს! ფაქტია, რომ პისტოლეტი მაღალი ხარისხის იყო და თავისი სიტყვა თქვა იმდროინდელი პისტოლეტების ისტორიაში!

კომპანია "HAFDASA" დღეს აღარ არსებობს, რადგანაც იგი ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. ზუსტად უცნობია თუ რომელ წელს დაასრულა კომპანიამ მოღვაწეობა. ოფიციალურად მოიხსენიებენ, რომ იგი 1953 წელს გამოცხადდა გაბანკროტებულად და ამავე წლის ბოლოს დაიკიტა. თუმცა ბუნებაში გვხვდება პისტოლეტები, რომლებიც 60-ან წლებშია დამზადებული და "HAFDASA"-ს სახელითაა წარმოებული. ერთერთ არგენტინულ ფორუმზე წავაწყდი მიმოწერას, სადაც რამოდენიმე წყაროდან იქნა ამოღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად 1953 წელს კომპანია დაიკეტა და თანამშრომლები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.  სანამ კომპანია შეწყვეტდა არსებობას, მის მიერ წარმოებულ იქნა .22 LR ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით "HAFDASA".  სწორედ ამ უცნაურ და იშვიათ პისტოლეტზე მინდა ვისაუბრო აღნიშნულ სტატიაში.
პისტოლეტი "HAFDASA“  დაშვებული საკეტით
პისტოლეტი "HAFDASA“ პირველ რიგში სხვა პისტოლეტებისგან გამოირჩევა იმით, რომ მასში სროლა წარმოებს ღია საკეტიდან. ლულის კოლოფი წარმოადგენს მრგვალ მილს, რომელშიც ხისტადაა ჩამაგრებულია ლულა. ლულის კოლოფში მოთავსებულია მრგვალი საკეტი უძრავი ნემსათი. საკეტის უკან მოთავსებულია ცილინდრული  დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა, ხოლო მილესებური ლულის კოლოფი უკანა მხრიდან დახურულია მრგვალი თავსაფარით. ლულის კოლოფს გვერდებიდან ორივე მხარეს გააჩნია ჭრილები ფანჯრების სახით, რომელშიც ჩანს მრგვალი საკეტი. საკეტს ორივე მხრიდან გაკეთებული აქვს სპეციალური ნაჭდევები, რომელსაც მსროლელი კიდებს ხელს და წევს უკანა პოზიციაში. საკეტის უკან გადაწევისას იგი ჩერდება ასეთ პოზიციაში (ანუ რჩება შეყენებული).
პისტოლეტი "HAFDASA“  შემართული საკეტით
სასხლეტზე თითის დაწოლისას საკეტი თავისუფლდება და შეკუმშული დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარის ენერგიით მიემართება წინ, რა დროსაც მჭიდიდან ვაზნა შეაქვს ლულის სავაზნეში და უძრავად დამაგრებული ნემსის მეშვეობით ახდენს კაფსულ მაალებლის აალებას.  გასროლის შემდეგ საკეტი გადაადგილდება უკან და მარჯვენა მხარეს არსებული ფანჯრიდან ახდენს მასრის ამოგდებას. ღია საკეტის პრინციპი ფართოდაა გავრცელებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში, ხოლო პისტოლეტებში მე არ მახსენდება მსგავსი სქემის გამოყენების პრეცენდენტი.
პისტოლეტ  HAFDASA-ს მჭიდის კონსტრუქციაშიც არის ერთერთი უჩვეულობა, კერძოდ მრგვალი (ცილინდრული) მიმწოდებელი ზამბარა. ასეთი ზამბარა ძირითადად გვხვდება .22LR ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტის მჭიდებში. ერთერთი მჭიდი მსგავსი მიმწოდებელი ზამბარით რომელიც უცებ გამახსენდა გამოყენებულია პისტოლეტ  “Desert Eagle”-ში. მჭიდის დაფიქსირება პისტოლეტის სახელურში ხდება ქვემოთა მხრიდან განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშევეობით. იმისათვის, რომ წრიული აალების .22LR ვაზნების ნაწიბურები მიწოდებისას არ წამოედოს ერთმანეთ, მჭიდში ვაზნები განლაგებულია დიდი დახრილობით. აბსოლიტურად ყველა წყაროში რაც კი მინიხავს მითითებულია, რომ პისტოლეტ „HAFDASA“-ს მჭიდში თავსდება 10 ცალი ვაზნა. რეალურად კი მასში თავსდებოდა 8 ცალი ვაზნა. მე ვვარაუდობ, რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ ზამბარა ჯდებოდა და შესაძლებელი იყო 10 ვაზნის ჩატევაც. ამდაგვარი რამ ხშირად ხდება .22LR ვაზნაზე გათვლილ შაშხანებში. შეიძლება ახალ 10 ვაზნიან მჭიდში არ ჩადიოდეს 10 ვაზნა სანამ არ დასუსტდება მიმწოდებელი ზამბარა.
პისტოლეტის მცველი განთავსებულია მარცხენა მხარეს. სამიზნე მოწყობილობა პრიმიტიულია და შედგება წინა მომრგვალებული ნაწილისგან, რომელიც პისტოლეტის ჩარჩოზეა განთავსებული, ხოლო უკანა სამიზნის დანიშნულებას ასრულებს, პისტოლეტის მილისებური ჩარჩოს თავსეფარზე არსებული ჭრილი.
პისტოლეტის ტარი ზედმეტად განიერი და დიდია. ეს განპირობებულია იმით, რომ  დამრტყმელ-გამშვების მთელი  მექანიზმი განთავსებულია ტარში მჭიდის უკან არსებულ ნაწილში.


მარკირებები და წარწერები პისტოლეზე
ტარის პლასტმასის ლოყებზე დატანილია მარკირება ლათინური ასოებით «HA», ხოლო პისტოლეტის ჩარჩოზე ზევითა მხრიდან შესრულებულია წარწერა: [PISTOLA H.A.CAL.22-FABRICADA POR “HAFDASA” PATENTES ”BALLESTER MOLINA” (h)-INDUSTRIA ARGENTINA].
მთლიანობაში პისტოლეტი იყო მარტივი კონსტრუქციის და რამდენადაც ამბობენ ხარისხიანად იყო დამზადებული. დღეს უცნობია დამზადებული პისტოლეტების ზუსტი რაოდენობა, რადგანაც არსებობს ეგზემპლარები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სერიული ნომრები.
თავის დროზე პისტოლეტი “HAFDASA” არგენტინაში სასაცილო თანხა ეღირებოდა, თუმცა სტატიის დაწერის მომნტში დამაინტერესა მისმა ღირებულებამ და დავიწყე ინტერნეტ აუქციონებზე მისი მოძიება. ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე იდეალურ მდგომარეობაში შემონახული ეგზემპლარის ღირებულება შეადგენდა 1750 აშშ დოლარს. დაჟანგებული და გაქუცული ეგზემპლარების შეძენა 700-800 აშს დოლარშია შესაძლებელი.

ZONDA
კომპანიის გაკოტრების შემდეგ, მისმა რამოდენიმე თანამშრომელმა დააფუძნა ახალი კომპანია სახელწოდებით «Armotor SA». ვინაიდან ამ თანამშრომლებს ჰქონდათ პისტოლეტ „HAFDASA“-ს კონსტრუირების გამოცდილება, გადაწყიტეს სწორედ მსგავსი პისტოლეტით შესულიყვნენ ბაზარზე და ეწარმოებინათ იგი სხვადასხვა სიგრძის ლულებით. 
კომპანია «Armotor SA»-ს მიერ დამზადებულ პისტოლეტს ეწოდა სახელი „ZONDA“. (მოიხსენიებენ აგრეთვე როგორც „ZONDA C-22”) პისტოლეტი „ZONDA“ კვლავ იგივე პრინციპს ეფუძნებოდა და სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. იგი ვიზუალურად ძალიან ჰგავდა მის წინამორბედ „HAFDASA“-ს, თუმცა მასში იყო  გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებებიც.
პისტოლეტ „ZONDA“-ს  მილისებურ ჩარჩოს მხოლოდ ერთი მხრიდან (მარჯვენა მხრიდან) გააჩნდა ფანჯარა. სავარაუდოდ ასეთი გადაწყვეტილება ორი ფაქტორით იქნა განპირობებული:
1.      დამზადების დროის დაზოგვა და წარმოების გამარტივება. ვინაიდან მილისებურ კორპუსზე მხოლოდ ერთ მხარეს ხდებოდა ფანჯრის ამოჭრა.
2.      სავარუოდოდ ცალ მხარეს არსებული ჭრილის შემთხვევაში, ნაკლებად დაბინძურდებოდა პისტოლეტი შემართული საკეტის შემთხვევაში. რა თქმა უნდა ეს პისტოლეტები არ იყო საარმიო ტიპის და ბრძოლებში მას არავინ გამოიყენებდა, შესაბამისად ნაკლებ პრიორიტეტული იყო მსგავს რამეებზე ფიქრი, თუმცა ასეთი კონსტრუქციით უფრო ნაკლები ალბათობა იყო, რომ რაიმე ჩავარდნილიყო პისტოლეტის ღია საკეტში და მომხდარიყო მისი შეფერხება / გაჭედვა.
ვინაიდან პისტოლეტის საკეტი მხოლოდ ერთი მხრიდან (მარჯვენა მხრიდან) იყო ხელმისაწვდომი, მისი შემართვა ხდებოდა საკეტის წინა ნაწილში ჩარჩოზე არსებული ჩაღრმავებით, რომელშიც საჩვენებელი თითი უნდა ჩაეყო მსროლელს და გადაეწია საკეტი უკან. ამდაგვარი მეთოდი გამოიყენებოდა ამერიკულ პისტოლეტ ტყვიამფრქვევ М3 «Grease gun»-ში, რომელსაც არ გააჩნდა საკეტის შესამართი ბერკეტი.
ცვლილება შეეხო აგრეთვე პისტლეტის მცველს. ზონდას მცველი არის ყველაზე უცნაური კონსტრუქციის. მე არ მახსენდება არცერთი იარაღი, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებას იყენებს. მცველის გააქტიურებისას მჭიდი ოდნავ იწევა ქვემოთ და ვაზნა აღარ არის ლულის ხაზზე განლაგებული. გამორთვისას მჭიდი იწევა ისევ მაღლა და ვაზნა ლულის მიწოდების ხაზზე აღმოჩნდება.
HAFDAS-ასგან განცხვავებით უკანა სამინზე განთავსდა პისტოლეტის მილისებურ ჩარჩოზე და აარა მის უკანა მრგვალ ხუფზე.
პისტოლეტი ZONDA“ გამოდიოდა სტანდარტული 70მმ-ანი სიგრძის ლულით, თუმცა არსებობდა მცირე რაოდენობით დამზადებული სპორტული ვარიანტი გრძელი 175მმ-ანი ლულით.
 
მოგვიანებით კი მის ბაზაზე დამზადებულ იქნა კარაბინი, რომელსაც არგენტინაში „Carabina Comando“-ს სახელით მოიხსენიებდნენ.
კარაბინს გრძელი ლულის გარდა დამატებული ჰქონდა ტიბჟირი, საკეტის შესამართი ბერკეტეი (კარაბინი გამოდიოდა ორნაირი ბერკეტით: 1. მრგვალი შვერილის სახით; 2. კაუჭისებური ფორმის), რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა და საკეცი კონდახი, რომელიც ლულის ქვემოთ იკეცებოდა. კარაბინ კომანდოს ლულის ბოლოში გააჩნდა მცირე ზომის მუხრუჭ-კომპენსატორიც.
კარაბინი "Comando" დაკეცილი კონდახით
საბოლოოდ "Zonda"-მაც მისი წინამორბედი "HAFDASA"-ს ბედი გაიზიარა და მცირე პარტიების დამზადების შემდეგ შეწყდა მისი წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ "HAFDASA" და "ZONDA" არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ იარაღს, არსებობს ხალხი ვინც დაინტერესებულნი არიან ამ პისტოლეტებით, რაც მათი კონსტრუქციული თავისებურებიდან და იერსახიდან გამომდინარეობს.

No comments:

Post a Comment