რევოლვერი „ЕСАУЛ“ 5,45x39

უკრაინა რომ ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ქვეყენაა ეს ინფორმაცია სიახლე არ იქნება ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის. ვერც იმას ვიტყვით, რომ უკრაინა საკუთარი კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღის დიდ სპექტრს ფლობს. 90-ან წლებში უკრაინამ ქვეყნის საჭიორებებიდან გამომდინარე დაიწყო საკუთარი კონსტრუქციის ხელის ცეცხლსასროლ იარაღებზე მუშაობა. გამოჩდნენ კონსტრუქტორები, რომლებიც ცდილობდნენ ახალი და განსხვავებული იდეები წარმოადგინათ და ხორცი შეესხათ საკუთარი კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღისათვის. ქრონოლოგიურად რომ გადავხედოთ იარაღზე მომუშავე უკრაინულ საკონსტრუქტორო და სამეცნიერო ბიუროების ისტორიას, შემდეგ სურათს მივიღებთ. ჯერ კიდევ 1986 წლის 25 მაისს, უკრაინაში, კიევის ქარხანა „ბოლშევიკ“-ის ("Большевик") ბაზაზე ჩამოყალიბდა საკონსტრუქტორო ბიურო (Конструкторское бюро) კოდური სახელწოდებით „КБ-86“. 1992 წელს  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად „КБ-86“ გადაკეთდა საარტილერიო საკონსტრუქტორო ბიუროთ (Конструкторское бюро артиллерии) აბრევიატურით „КБ-А“. 1996 წელს „КБ-А“-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა კიდევ ერთი  საარტილერიო-სასროლი იარაღის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი  „НТЦ АСО“  „Научно-технический центр артиллерийско-стрелкового вооружения“, რომელსაც 2005 წლის 28 ოქტომბერს უკრაინის მრეწველობის სამინისტროს პოლიტიკის თანახმად შეურთდა სპეციალური ტექნიკის საკონსტრუქტორო ბიურო „КБ-СТ“ (Конструкторского бюро специальной техники) და ეწოდა სახელწოდება   „КБАО“ (Конструкторское бюро «Артиллерийское вооружение»), რომელიც დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას. ზემოთ ჩამოთვლილ ბიუროებში მომუშავე კონსტრუქტორები და გამომგონებლები, ძირითად აქცენტს აკეთებდნენ საარტილერიო იარაღზე, თუმცა ამ ბიუროებში მაინც ხდებოდა ხელის ცეცხლსასროლი იარაღის დაპროექტება-კონსტრუირება. ერთერთ ასეთ ეგზემპლარს წარმოადგენს რევოლვერი სახელწოდებით „ЕСАУЛ“. დღეს ამ რევოლვერზე თითქმის არაფერია ცნობილი. მისი ფოტოსურათებიც კი არაა გავრცელებული.
რევოლვერი „ЕСАУЛ“ გათვლილი ვაზნაზე 5,45х39. რევოლვერის ჩარჩოზე დამაგრებულია ლაზერული მიზანმაჩვენებელი
რატომ დავინტერესდი მე ამ რევოლვერით? ამის მთავარი მიზეზი გახლავთ მასში გამოყენებული ვაზნა. რევოლვერი „ЕСАУЛ“ გათვლილია მოიერიშე შაშხანის (ავტომატის) ვაზნაზე 5,45х39, რომელიც კალაშნიკოვის მთელ რიგ ავტომატებში და ხელის ტყვიამფრქვევებში (AK-74, АКС-74, АКС-74У, РПК-74) გამოიყენება.
რა იყო ამ რევოლვერის შექმნის მთავარი გენერატორი? რამდენადაც სხვადასხვა წყაროებშია გავრცელებული, ეს რევოლვერი შეიქმნა სპეცდანიშნულების თანამშრომლებისთვის. ჩემი ვარაუდით ვაზნა 5,45x39 შერჩეული იყო ორი ძირითადი მიზეზით:
1. მებრძოლს ექნებოდა უნიფიცირებული იარაღი. ანუ მოიერიშე შაშხანა და მოკლელულიანი იარაღი ერთ ვაზნაზე;
2. რევოლლვერს გათვლილს ძლიერ ვაზნაზე, ექნებოდა ჯავშანგამტანი ეფექტი.  
ვიმეორებ, რომ ეს ჩემი ლოგიკური მოსაზრებაა და არა დადასტურებული ინფორმაცია. საბოლოო ჯამში რევოლვერი დამზადდა მცირე საცდელი პარტიით და არ იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში. მე არ მაქვს არანაირი ცნობები იმის შესახებ, თუ რა შედეგი აჩვენა გამოცდებისას რევოლვერმა, მაგრამ აქაც ვვარაუდობ რომ, რევოლვერის მოკლე ლულის შედეგად, ადგილი ექნებოდა მთელ რიგ უარყოფით მხარეებს:
1.      100 მმ სიგრძის ლულის წყალობით, ვაზნა ნამდვილად ვერ გამოავლენდა თავის პოტენციალს და მისი ტყვიის საწყისი სიჩქარე, იქნებოდა დაახლოებით 500-580 მ/წამი, რომელიც ენერგიის გამოთვლის ფორმულის შესაბამისად განავითარებდა სულ რაღაც 400-545 ჯოულს;
2.      სავარაუდოდ მოკლე ლულიდან გამომდინარე პრობლემები იქნებოდა ტყვიის სტაბილიზაციასთან მიმართებაშიც, რასაც მოჰყვებოდა ტყვიის ამოყირავება და ეგრედწოდებული KeyHole”-ბის წარმოქმნა; (შეიძლება პირიქითაც იყოს საქმე და ამოყირავებული ტყვიის შედეგად გაზრდილი დამაზიანებელი ეფექტის გამოც მოხდა ამ ვაზნის შერჩევა, რაც მე პირადად აბსურდულად მიმაჩნია)
3.      მოკლე ლულიდან გამომდინარე რევოლვერს ექნებოდა გაუსაძლისი ხმა და ლულიდან გამოვარდნილი ალი;
4.      ვინაიდან ვაზნა მაღალწნევიანია, რევოლვერს ზედმეტად ძლიერი უკუცემა ექნებოდა. თან ფოტოსურათიდან თუ ვიმსჯელებთ, რევოლვერის ტარი და მისი დახრის კუთხე მაინცდამაინც არ ბრწყინავს, რაც კიდევ უფრო გაართულებდა მის მოთოკვას.
5.      ვვარაუდობ, რომ 5,45x39-ის ბოთლისებური ვაზნა, რომელსაც არ აქვს რევოლვერის ვაზნისთვის სახასიათო რანტი, ნაკლებ საიმედოდ იჯდებოდა დოლურის სავაზნეებში და გასროლის შემდეგ მოხდებოდა მისი გაბერვა, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა შეფერხებები მასრის ამოღებოსას;
6.      ზედმეტად დიდი გაბარიტები და რევოლვერის მასა ნაკლებად პრაქტიკულად გამოიყურება.
უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ვაზნების მცირე ტევდობა, სულ რაღაც 5 ცალი ვაზნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი მოსაზრებებია, რომელიც ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გავწერე, ხოლო რეალობა შეიძლება განსხვავებული იყოს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთადერთ ფოტოზე, რომელიც ზევით ნახეთ, რევოლვერის ჩარჩოზე დამაგრებულია ლაზერული მიზანმაჩვენებელი (ე.წ. ლაზერული სამიზნე).
კონსტრუქიულად რევოლვერი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული თვისებით. აქვს მთლიანი ჩარჩო, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და მუდმივი (არარეგულირებადი) სამიზნე მოწყობილობა, რომელიც გათვლილია 25 მეტრამდე სროლისათვის. სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინა ნაწილს გააჩნია მეორე ხელის საჩვენებელი თითისათვის განკუთვნილი ჩაღრმავება.

რევოლვერის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახისაა:
კალიბრი: 5,45მმ / 5,45х39მმ;
დოლურას ტევადობა: 5 ცალი ვაზნა
რევოლვერის მასა ვაზნების გარეშე: 1040 გრამი
რევოლვერის საერთო სიგრძე: 270 მმ
ლულის სიგრძე: 100 მმ
პ.ს. ჩვენს ერთერთ სტატიაში მე ვახსენე, რომ მსმენია ლეგენდის შესახებ, რომლის თანახმადაც სქართველოში ერთერთ პიროვნებას ვ.ყ.-ს (შეგნებულად არ ვწერ სახელს და გვარს) დაკავებისას აღმოუჩინეს 5,45x39 ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი. შესაძლოა სწორედ „ЕСАУЛ“-ზეა საუბარია. რიგი წყაროების თანახმად რევოლვერი 5,45x39 ვაზნაზე საქართველოშიც არაერთხელ დამზადებულა კუსტარული წესით. პირადად მე ქალაქის სამმართველოში კრიმინილისტიკის პრაქტიკული მეცადინეობის გავლისას, მინახავს თვითნაკეთი რევოლვერი, რომელსაც სამწუხაროდ დოლურა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ რევოლვერის ჩარჩოზე დოლურასთვის განკუთვნილ ადგილას გრძელი ჭრილის და ლულის წვრილი კალიბრის გამო ვვარაუდობ, რომ ეს ეგზემპლარიც სწორედ ამ ვაზნაზე იყო გათვლილი.

No comments:

Post a Comment