კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #2)

მაშ ასე! დიდხნიანი პაუზის შემდეგ გთავაზობთ ჩვენის სტატიის „კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #1)“-ის გაგრძელებას (ანუ ნაწილი #2). პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე >  http://www.iaragi.com/2015/11/1.html
სტატიის დასაწყისში მინდა ავღნიშნო, რომ კონკურსი მოდერნი საკმაოდ მოცულობითი  და საინტერესო თემა აღმოჩნდა, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველა ის ნიუანსი და ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც წლებია ვცდილობ. შესაბამისად მესამე ნაწილიც ექნება ამ სტატიას, (ანუ იქნება ერთგვარი ტრილოგია).

სანამ სტატიის ძირითად თემაზე გადავალ, მოკლე გადახვევას გავაკთებე იმის შესახებ თუ კონკურს „მოდერნის“ პერიოდში რა ხდებოდა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.

- და მაინც რა ხდებოდა იმ პერიოდში სხვაგან?
- ნუთუ მხოლოდ საბჭოთა კავშირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კომპაქტური მოიერიშე შაშხანა ესაჭიროებოდა?
- ნუთი სხვა ქვეყნებში მახათის ყრით იყვნენ დაკავებულნი? 
- რათქმანდა არა!
მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 60-ან წლებში შეეცადნენ შეექმნათ M16-ის ბაზაზე მოკლე მოიერიშე შაშხანა. სწორედ ასე გაჩნდა  კომპაკტური შაშხანების ოჯახი „CAR-15“ (Colt Automatic Rifle-15).
CAR-15-ის ერთერთი ადრეული ვარიანტი
არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ლულა დამოკლებული „M-16“-ის პირველი ავტორები ვიეტნამელი მებრძოლები იყვნენ. კერძოდ, ერთერთი შეტაკების დროს ვიეტნამელ მებრძოლს აღმოუჩინეს გადაჭრილ ლულიანი ეგრედწოდებული “M-16-ის აბრეზი”, რომელიც ვიწრო მიწისქვეშა გვირაბებში ბევრად მოსახერხებელი იყო. ამერიკელები თავდაპირველად შეეცადნენ „M-16“-ის ლულა დაემოკლებინათ 254მმ-მდე. როგორც აღმოჩნდა ასეთი მოკლე ლულა ვერ უზრუნველყოფდა დენთის სრულად დაწვას და ლულიდან გამოვარდნილი ხმა ძლიერ ალთან ერთად საშინელ დისკომფორტს იწვევდა. ტყვიის საწყისი სიჩქარე კი 808მ/წამს შეადგენდა. შემდგომ გამოჩნდა ამ ოჯახის პირმშო „Colt XM177“, რომელიც სხვადასხვა საცდელი სახით დამზადდა. მაგალითად ერთერთი პირველი მოდელი იყო სახელწოდებით "609"

ამერიკელი ჯარისკაცი ხელში Colt მოდელი 609 (ვიეტნამი)

1966 წლის 28 ივნისს აშშ-ს არმიამ ოფიციალური სახელწოდებით  „XM177E1“  განახორციელა 2,815 ცალი ერთეულის შეძენა.
60-ან წლებში აშშ-ში სამხედრო საჰაერო ძალების დაკვეთით, სპეციალურად სამხედრო ვერტმფრენების და თვითმფრინავების ეკიპაჟისათვის საცდელი სახით დამზადდა CAR-15 მოდელი 608 ეგრედწოდებული „Survival Rifle“ (შაშხანა  გადარჩენისათვის).
AR-15 პლათფორმაზე შექმნილი შაშხანებიდან ჩემს სანუკვარ ოცნებას სწორედ ეს მოდელი წარმოადგენს. პარალელი რომ გავავლო ალბათ ეს იარაღი ჩემთვის არის ისეთი მნიშვნელოვანი,  როგორც ფერმწერისთვის და ხელოვნებათმცოდნესთვის „ჯოკონდა“ ან კიდევ დეგას „ბალერინები“.
CAR-15 Model 608 (Survival Rifle) გათვლილი უნდა ყოფილიყო ვერტმფრენის ჩამოგდების ან ავარიული დაშვების შემთხვევაში ეკიპაჟის თვითგადარჩენისათვის. შაშხანა ადვილად იშლებოდა 2ცალ შემადგენელ ნაწილად და 4ცალ 20 ვაზნიან მჭიდთან ერთად დაკომპლექტებული ინახებოდა საფრენი აპარატის ბორტზე.
მისი ლულა იყო 10 ინჩიანი (254მმ), ხოლო საერთო სიგრძე 737მმ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ეგზემპლარის პისტოლეტისებური სახელურიც კი დამოკლებული იყო.
 იარაღი აღჭურვილი იყო კონუსისებური (ძაბრისებური) ალმქრობით ან მოომცრო ცილინდრული ფორმის მოდერატორით. საბოლოოდ ”CAR-15 Model 608“  არ იქნა მიღებული შეიარაღებაში.
მსგავს მოდელს წარმოადგენდა აგრეთვე CAR-15-ის ერთერთი ექსპეიმენტალური „Colt Model 607
პარალელურად ევროპაშიც მიმდინარეობდა შუალედურ ვაზნაზე გათვლილი კომპაკტური მოიერიშე იარაღის შექმნაც. მაგალითად, 1975 წელს გერმანულმა კომპანია „ხეკლერ და კოხმა“ (Heckler & Koch) დაიწყო მოიერიშე შაშხანის  აღნიშვნით „HK53” წარმოება, რომელიც მისი კონცეფციით უფრო ახლოს იდგა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებთან (რიგი კლასიფიკაციით მას ბევრი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად მიიჩნევს), თუმცა იგი გამოირჩევა იმით, რომ  იყენებს შუალედურ  ვაზნას „5,56x45“.
იმ პერიოდში „HK53” საკეცი დუგლუგით იყო ყველაზე კომპაკტური გაბარიტების მქონე შუალედურ ვაზნაზე გათვლილი იარაღი, რომელიც სერიულად ჩაეშვა წარმოებაში. მისი ლულა შეადგენს 211მმ-ს, ხოლო საერთო სიგრძე კი 755მმ-ს (დაკეცილი დუგლუგით  563მმ), სროლის ტემპი შეადგენს 700-750 გასროლას წუთში. მოგვიანებით შეიქმნა „HK53“-ის ვარიანტები „HK53A2“ და „HK53A3“.
მას იყენებდნენ (ნაწილობრივ ახლაც გამოიყენება): გერმანიის საზღვრის დაცვის ჯგუფი GSG9 (Grenzschutzgruppe 9), ბრიტანეთის SAS (Special Air Service) და  აშშ-ს SWAT (Special Weapons Assault Team). სპეციალურად ჯავშანმაქანების ეკიპაჟისათვის კი შეიქმნა მოდიფიკაცია „HK53 MIC“.
ჯავშანმაქანების ეკიპაჟისათვის  განკუთვნილი „HK53 MIC“

1976 წელს შვეიცარიაში SIG-ის (Schweizerische Industrie Gesellschaft) მიერ კონსტრუირებულ იქნა „SIG SG-540“ მოდელის დამოკლებული ვარიანტის პროტოტიპები, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა სახელწოდებით „SIG SG-543“. 
„SIG SG-543“ გათვლილი იყო 5,56x45მმ-ან ვაზნებზე. მისი ლულის სიგრძე შეადგენდა 300მმ-ს, საერთო სიგრძე გაშლილი დუგლუგით 805მმ, ხოლო დაკეცილი დუგლუგით 569მმ. იგი ოფიციალურად არ მიღებულა შვეიცარიის არმიაში, თუმცა მცირე რაოდენობით ნაწილობრივ სხვა ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფებოდა. მაგალითად საფრანგეთში, ჩილეში და პორტუგალიაში.

როგორც ხედავთ საბჭოთა კავშირი არ იყო პირველი, ვინც მცირეიმპულსიან შუალედურ ვაზნაზე მოკლე მოიერიშე შაშხანის შექმნა გადაწყვიტა.
ლირიული გადახვევის შემდეგ დავუბრუნდეთ საბჭოთკავშირს და გავაგრძელოთ კონკურს „მოდერნის“  ფარგლებში შექმნილი ეგზემპლარების განხილვა.

1977 წელი

ევგენი დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატი МА (малогабаритный автомат)
ჯერ კიდევ 1975 წელს ევგენი დრაგუნოვმა (Евгений Федорович Драгунов)  დაიწყო მის ახალ მცირეგაბარიტიან ავტომატზე მუშაობა, რომელშიც გამოიყენა პოლიმერული დეტალები. დრაგუნოვი შეეცადა იმდაგვარად შეერწყა იარაღში პოლიმერული ნაწილები, რომ სროლისას მათზე ზემოქმედება რაც შეიძლება მინიმალურად მომხდარიყო, რათა გაეხანგრძლივებინა მოიერიშე შაშხანის (ავტომატის)  რესურსი.
იარაღი შედგებოდა შემდეგი კვანძებისგან:
1. მეტალის ლულის კოლოფი (რესვერი);
2. ქვედა პოლიმერული ჩარჩო პისტოლეტისებური სახელურით და მჭიდის მიმღებით;
3. პოლიმერის ტიბჟირი.
ლულის კოლოფი (რესივერი) მზადდებოდა მეტალისგნ, ხოლო მასში ჩამაგრებული იყო  ლულა და საკეტი, რომელიც მოძრაობდა სპეციალურ მიმმართველ ღარებში. ფაქტიურად იარაღის საკეტი იყო გამოკიდეული და მოძრაობისას არ შედიოდა კონტაკტში პოლიმერის ნაწილთან. ლულის კოლოფზევე იყო დამაგრებული დუგლუგი, რომელიც ზევით იკეცებოდა, შესაბამისად გასროლის დროს წარმოქმნილი უკუცემა არ ახდენდა ზემოქმედებას პოლიმერულ ნაწილზე. დაკეცილი დუგლუგის შემთხვევაში არ ხდებოდა სამიზნე ხაზის დაფარვა, რაც იძლეოდა დაკეცილი დუგლუგის შემთხვევში დამიზნების საშუალებას.  იარაღის მთლიანი ქვედა ნაწილი დამზადებული იყო მინარევი პოლიამიდისგან მარკით „АГ-4В. პოლიმერულ ნაწილშივე იყო ჩამონტაჟებული დამრტყმელ-გამშვები მექანიზმიც. მეტალის და პოლიმერის ერთმანეთთან დაფიქსირება ხდებოდა სპეციალური ღერძის მეშვეობით, რომელიც გაყრილი იყო პლასტმასით დაფარულ მეტალის რგოლში. 



მინუსები
გამომცდელების აზრით იარაღის სუსტ წერტილს წარმოადგენდა პოლიმერული ქვედა ნაწილი, რომელიც დაკეცილი დუგლუგით სროლისას თვითონ იღებდა დატვირთვას. ანუ უკუცემის ენერგია არ გადადიოდა დუგლუგიდან მსროლელის მხარზე, არამედ დატვირთვას იღებდა იარაღის პისტოლეტისებური სახელური, რომლითაც იგი ეჭირა მსროლელს. აღნიშნული პისტოლეტისებური სახელური კი პოლიმერული ჩარჩოს  ნაწილს წარმოადგენდა, რაც გამომცდელების აზრით საბოლოო ჯამში იმოქმედებდა  ჩარჩოს სიცოცხლისუნარიანობაზე. გამოითქვა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებოდა თუკი, პოლიმერულ პისტოლეტისებურ სახელურს შიდა მხრიდან სიმყარისთვის დაუმაგრდებოდა მეტალის ჩონჩხი, რომლის მეშვეობითაც იგი დაუკავშირდებოდა მეტალის ლულის კოლოფს. ევგენი დრაგუნოვმა თავი შეიკავა აღნიშნული რეკომენდაცის პრაქტიკაში განხორციელებისგან, რადგანაც მისი ეგზემპლარი მასის კუთხით ისედაც  აჭარბებდა კონკურსის მოთხოვნებს და მეტალის დეტალების დამატება კიდევ უფრო დაამძიმებდა იარაღის საერთო მასას. დრაგუნოვის აზრით საბრძოლო პრაქტიკაში ნაკლებად მოხდებოდა მცირეგაბარიტიანი შაშხანის ცალი ხელით (პისტოლეტივით) სროლა, ხოლო როდესაც მსროლელის ერთი ხელი დაფიქსირებული იქნებოდა ტიბჟირზე და მეორე ხელი პისტოლეტისებურ სახელურზე, გასროლისას ნაკლებად დაიტვირთებოდა პოლიმერის სახელური.

იარაღის გამოცდისას იგი რამოდენიმეჯერ დააგდეს პისტოლეტისებური სახელურით ძირს რის შედეგადაც არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია არც სახელურს და არც პოლიმერულ ჩარჩოს. ამბობენ რომ პოლიმერული ჩარჩოს წყალობით ძირს დაგდებული იარაღი როგორც კალათბურთის ბურთი ისე ხტუნავდა. რიგ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბეტონზე დაგდებისას იარაღი სიმაღლეში ხტებოდა 1 მეტრამდე და ჰაერში ბზრიალებდა. აგრეთვე გვხვდება სასაცილო ინფორმაცია, რომ  გამომცდელები ალაპარაკდნენ ერთ ნიუანსზე, კერძოდ, მათი აზრით დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატის ხტუნვა გახდებოდა ჯარისკაცების გართობის საგანი და შესაძლოა შეჯიბრიც კი მოეწყოთ თუ ვისი იარაღი უფრო მაღლა ახტებოდა, რაც გამოიწვევდა იარაღის სწრაფ ცვეთას და მწყობრიდან გამოსვლას. 
იარაღის ავტომატიკა ეფუძნებოდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპს, რომელშიც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტის 3 ცალი საბრძოლო ბჯენით.
ისევე როგორც დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანაში (СВД),  მცირეგაბარიტიან ავტომატშიც გამოიყენებოდა მიმწოლი დგუში, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატისგან განსხვავებით არ იყო საკეტის ჩარჩოზე მიბმული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ევგენი დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატი იყო კონსტრუქტორის უკანასკნელი ნამუშევარი, რომელიც მან დამოუკიდებლად შექმნა ნახაზებიდან-პროტოტიპამდე. აღნიშნული ეგზემპლარის შემდეგ იგი მხოლოდ თანაავტორად გვევლინება სხვადასხვა იარაღების შექმნაში, სადაც ნაწილობრივ იღებდა შემუშავებაში მონაწილეობას.
ეგზემპლარი ცილინდრული ფორმის ალმქრობით
იარაღს ლულის ბოლოში გააჩნდა კონუსისებური (ძაბრისებური) ალმქრობი,  რომელიც შემდგომ შეიცვალა ცილინდრული ფორმის ალმქრობით. ცილინდრულ ალმქრობს წინა ნაწილში გააჩნდა არასიმეტრიულად განლაგებული ნაპრალები, რომლის წყალობითაც იგი ახდენდა ერთგვარი კომპენსატორის ფუნქციასაც, რათა მინიუმუმადე ყოფილიყო დაყვანილი ლულის მარჯვნივ და ზევით ხტომა.



არასრულად დაშლილი დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატი:
1 – დუგლუგი, პოლიმერის ჩარჩო, მეტალის ლულის კოლოფი და ლულა; 2 – საკეტის ჩარჩო; 3 – მბრუნავი საკეტი; 4 – დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი; 5 – დამაბრუნებელი ზამბარა და მისი მიმმართველი მექანიზმი; 6 – მიმწოლი დგუში; 7 – აირის კამერის საცობ; 8 – ტიბჟირი; 9 – ლულის სადები; 10 – ტიბჟირის წინა საბჯენი; 11 – კონუსისებური ალმქრობი; 12 – 30 ვაზნაზე გათვლილი მჭიდი.


საინტერესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა აგრეთვე სროლის რეჟიმების გადამრთველი და მცველის ბერკეტი, რომელიც იყო რუსული ასო Г-სებური. გადამრთველს გააჩნდა სამი პოზიცია: 1. ერთეული გასროლებს რეჟიმი (მარკირებით „ОД“ ;   2. ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი (მარკირებით „АВ”); 3. მცველი (მარკირებით „П“).
გააქტიურებული მცვლისას აღნიშნული ბერკეტის მოკლე მხარე, ფარავდა სასხლეტ კავსა და მის დამცავ რგოლს შორის არსებულ სივრცეს. ამდაგვარი გადაწყვეტილების წყალობით გააქტიურებული მცველის შემთხვევაში მსროლელი ვერ მოათავსებდა თითს სასხლეტ კავზე და მომენტალურად მიხვდებოდა, რომ იარაღი მცველზე იდგა.
Г-სებური მცველის მეორე ბოლო გააქტიურებულ შემთხვევაში ახდენდა საკეტის შესამართი სახელურის (ბერკეტის) გადაკეტვას ისე, რომ მსროლელი ვერ შეძლებდა მის უკან გადაწევას (შემართვას). მემარჯვენეთათვის ასეთი კონსტრუქციის გადამრთველით მანიპულირება სწრაფად და მარტივად ხდებოდა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით, ხოლო რაც შეეხება მემარცხენეებს (ცაციებს) გადამრთველის მსგავსი განლაგება გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა.

საკეცი დუგლუგის დაფიქსირება გაშლილ მდგომარეობაში ხდებოდა ავტომატის ზურგის ნაწილში განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. ღილაკის ასეთმა განლაგებამ განაპირობა ის, რომ მსროლელს სწრაფად შეეძლო მასზე ცერა თითის დაჭერა, რაც აადვილებდა საკეც დუგლუგთან მანიპულირებას.
დაკეცილ მდგომარეობაში დუგლუგი ფიქსირდებოდა მის კორპუსის შუა ნაწილში არსებული პატარა ფიქსატორით. დუგლუგის ჩარჩო იმდაგვარად იყო აგებული, რომ დაკეცილ მდგომარეობაში არ ზრდიდა იარაღის გაბარიტებს სისქეში, რისი წყალობითაც ავტომატი იყო ძალზედ თხელი და კომპაკტური. შედარებისათვის კალაშნიკოვის მოდელებში „АКС-74“, „АКС-74У“ მარცხნივ დაკეცილი დუგლუგი სისქეში ზრდის იარაღის საერთო გაბარიტებს.
თუ არ ჩავთვლით მარჯვენა მხარეს განთავსებულ საკეტის შესამართ ბერკეტს, ავტომატს გვერდებზე არ გააჩნდა არანაირი გამოშვერილი დეტალი, რაც აადვილებდა იარაღის შენახვას და ტარებას.
დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატი არღვევდა კონკურს მოდერნის გარკვეულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს.  მიუხედავად იმისა, რომ მასში გამოიყენებოა პოლიმერული ნაწილები, მისი მასა ვაზნების გარეშე შეადგენდა 2,5 კილოგრამს. დაკეცილი დუგლუგით ავტომატი მაინც აჭარბებდა მოთხოვნებს და ვერ ჯდებოდა 450მმ-ში. მისი სიგრძე იყო 500მმ. გაშლილი დუგლუგით იარაღის საერთო სიგრძე შეადგენდა 735 მილიმეტრს, ანუ 15 მილიმეტრით მოკლე იყო ვიდრე კონკურსის მოთხოვნები გულისხმობდა.  ლულის სიგრძე იყო 212მილიმეტრი. სროლის ტემპი ავტომატური ჯერებისას შეადგენდა  800 გასროლას წუთში. იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა კალაშნიკოვის ”АК74“ მოდელის 30 ვაზნიანი მჭიდებით, თუმცა სპეცილურად მისთვის განკუთვნილი იყო აგრეთვე 20 ვაზნიანი შავი პოლიმერული მჭიდი.  მჭიდის მიმღებ ყელს უკანა ნაწილში ორივე მხრიდან გააჩნდა პატარა კედლები ფრთების სახით, რაც აადვილებდა მჭიდის ყელის მიმართვას მიმწოდებელ „შახტაში“ და შესაბამისად იწვევდა მჭიდის სწრაფად მორგებას.

დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი
დამოუკიდებელი ბლოკის სახით შესრულებული დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი დრაგუნოვის იარაღში იყო ჩახმახიანი ტიპის და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. ლულის კოლოფზე (რესივერზე) დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ბლოკი დამაგრებული იყო საბრძოლო ზამბარის ფუძის და ჩახმახის ღერძის მეშვეობით.  

სამიზნე მოწყობილობა

დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატის წინა სამიზნე მოწყობილობა არის ფიქსირებული ტიპის, ხოლო უკანა სამიზნე არის ორ პოზიციიანი დიოპტრული ტიპის, რომელსაც გაჩნია 300 და 500 მეტრზე სროლისათვის განკუთვნილი პოზიციები. რათქმაუნდა 500 მეტრი პირობითია ასეთი მცირეგაბარიტიანი იარაღისთვის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უკანა დიოპტრული სამიზნე ამავდროულად უზრუნველყოფს იარაღის ზურგის ნაწილში მეტალის რესივერის და პოლიმერული ჩარჩოს გადაბმას (დამაგრებას).

იარაღის არასრული დაშლა
იმისათვის რომ მომხდარიყო დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატის არასრული დაშლა, მსროლელს უკანა დიოპტრული სამიზნე საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა შემოებრუნებინა 90 გრადუსით, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა ლულის კოლოფის ზევით აწევა, რაც იძლეოდა იარაღის შიდა მექანიზმთან წვდომის საშუალებას.  
საგამოცდო კომისიამ იარაღის შესწავლის შემდეგ აღიარა, რომ თუკი მოხდებოდა დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატის საწარმოო ხაზის შექმნა და მისი წარმოებაში ჩაშვება, იგი ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები რესურსით დამზადდებოდა, ვიდრე იმ დროისათვის ესაჭიროებოდა კალაშნიკოვის АК-74 მოდელს.
მართალია დრაგუნოვის მცირეგაბარიტიანი ავტომატი (МА) ვერ აკმაყოფილებდა კონკურს მოდერნის გარკვეულ პირობებს, თუმცა დიდ მოწონებას იმსახურბდა შემფასებლებისგან და დღის წესრიგშიც კი იდგა მისი შეიარაღებაში მიღების საკითხი, თუმცა საბოლოოდ პოლიმერული ჩარჩოს მიმართ საბჭოთა კავშირის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ თავისი ქნა და კომისიამ გვერძე გადადო იგი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საცდელი სროლებისას დრაგუნოვის მცირეგაბარიტიან ავტომატს (МА) ხშირად ექმნებოდა პრობლემები დამრტყმელ-გამშვებ მეანიზმში, რაც ხდებოდა შეფერხებების მიზეზი. ამიტომ მისი მექანიზმი რამოდენიმეჯერ გადამუშავდა. საბოლოო გადამუშავება და იარაღის დასრულება მოხდა  1978 წელს.
ამბობენ მისი გამოცდების დროს უკვე გადაწყვეტილიც კი იყო, რომ მიხეილ კალაშნიკოვის ერთერთი პროტიტიპი გახდებოდა კონკურსის გამარჯვებული.

გაგრძელება იქნება

1 comment: