კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #3)


სტატიის პირველი  და მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #1)
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #2)

კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე ა.შევჩენკო და მისი ავტომატი "Смерч"

ყველაზე განსხვავებულ ეგზემპლარს წარმოადგენდა ქალაქ ტულის უმაღლესი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებლის (ТВАИУ-Тульское высшее артиллерийское инженерное училище) კურსანტის ა.შევჩენკოს (А. В. Шевченко) მიერ წარმოდგენილი ავტომატი, რომელიც „ბულპაპის“ (Bullpup) სქემაზე იყო დაფუძნებული. 1977 წელს კონკურს მოდერნში, ფინანსური დაფინანსების გარეშე საკუთარი ინიციატივით ჩაერთო ტულის უმაღლესი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებლის კურსანტთა სამხედრო-სამეცნიერო  საზოგადოება.
შევჩენკოს მიერ შექმნილი ავტომატ «Смерч»-ის  მაკეტი, რომელიც დამზადებულია ხისგან

კურსანტმა შევჩენკომ წარმოადგინა მისი ქმნილება სახელწოდებით «Смерч», რომელიც გათვლილი იყო ვაზნაზე 5,45х39. ლულის ჩაკეტვის მექანიზმი ამ იარაღში იყო აბსოლიტურად ახალი და ნულიდან შექმნილი. იმ პერიოდში ასეთი სისტემა არ გამოყენებულა არცერთ სხვა ავტომატში.

იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით და გააჩნდა დგუშის გრძელი სვლის მექანიზმი. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა რუსული Г -ასოსებრი ქანქარის მეშვეობით, რომელსაც გააჩნდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი. ლულის კოლოფს შიდა მხრიდან ჰქონდა დახრილი ჭრილები. საკეტის გადაადგილებისას სპეციალური საგები მოძრაობდა ამ ჭრილებში და უზრუნველყოფთა საკეტის ქანაქარას გადაბრუნებას.

ასეთი სქემის გამოყენების ხარჯზე იარაღი გამოვიდა კომპაქტური, რადგანაც კონსტრუქტორს მიეცა შესაძლებლობა ჩამკეტი მექანიზმი მოეთავსებინა მცირე ზომის ლულის კოლოფში.

იქიდან გამომდინარე, რომ მოძრავი მექანიზმი იყო მცირეგაბარიტიანი, სროლის დროს მისი სვლა ხდებოდა სწრაფად, რამაც გამოიწვია მაღალი სროლის ტემპი 1800 გასროლამდე. იარაღის მთავარ პლიუსს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მცირე გაბარიტებთან ერთად, ბულპაპის სისტემამ კონსტრუქტორს მისცა შესაძლებლობა, რომ იარაღის ლულა ყოფილიყო 415 მმ- სიგრძის, რაც თავისთავად უდრიდა მეტ სიზუსტეს და ტყვიის მაღალ საწყის სიჩქარეს (შესაბამისად მაღალ ენერგიას). იარაღის გამოყენება შეეძლო როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენა (ცაცია) მსროლელს. ამისათვის მსროლელს უნდა განეხორციელებინა გარკვეული მანიპულაცია, რომლის წყალობითაც მოხდებოდა არჩევა თუ რომელი მიმართულებით ამოყრილიყო სროლისას მასრები. ვინაიდან სროლის ტემპი იყო ძალიან მაღალი (1800 გასროლა წუთში), კონსტრუქტორმა იარაღის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი გარდა ერთეული და სრულიად ავტომატური სროლის რეჟიმებისა აღჭურვა, მოკლე 3 ვაზნიანი ჯერების სროლის რეჟიმით. კონკურს მოდერნის ფარგლებში ეს იყო ერთადერთი ეგზემპლარი, რომელსაც ჰქონდა სროლის ასეთი რეჟიმი.  შევჩენკოს ავტომატს აგრეთვე გააჩნდა  იმ პერიოდში საბჭოთა კავშირისთვის ერთერთი ინოვაციური გადაწყვეტილება. აირის მილაკის გარსაცმზე  იყო სპეციალური სამაგრი, რომელიც იძლეოდა მასზე სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობების დამაგრების შესაძლებლობას.  ასეთ შემთხვევაში მსროლელს შეეძლო დაეკეცა იარაღზე არსებული ღია სამიზნე მოწყობილობა, რათა ხელი არ შეშლოდა ოპტიკური სამიზნის გამოყენებისას. იმ დროს საბჭოთა კავშირში სტანდარტად ითვლებოდა გვერდიდან დასამაგრებელი სამიზნე მოწყობილობები.

იარაღის ერთერთ უპირატესობას წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ სიმძიმის ცენტრი გადატანილ იქნა პისტოლეტისებურ სახელურთან, რაც იძლეოდა ავტომატიდან სროლის საშუალებას ისე, რომ მსროლელს შეეძლო არც კი მიებჯინა კონდახი მხარზე. რათქმაუნდა ასეთ დროს სიზუსტე ვერ იქნებოდა მაღალ დონეზე, თუმცა იძლეოდა შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში მებრძოლს უცებ გაეხსნა ცეცხლი.

იარაღის გამოცდებზე სხვადასხვა მოუხერხებელი პოზიციიდან სროლისას ა.შევჩენკოს ბულპაპმა 300 მეტრ დისტანციამდე სროლისას აჩვენა ტყვიების უკეთესი შექუჩება, ვიდრე კალაშნიკოვის АКС-74-მა. დაკეცილი დუგლუგით და მხარზე მიბჯენის გარეშე სროლისას ოდნავ  უკეთესი შედეგი ჰქონდა АКС-74 მოდელს. 

კომისიის წევრებმა ა.შევჩენკოს ავტომატის მთავარ მინუსებზე გაამახვილეს ყურადღება და მიიღეს შემდეგი სურათი:

·         იმ პერიოდში ბულპაპის სქემას მარტივად რომ ვთქვათ არ წყალობდნენ საბჭოთა კავშირის გამომცდელები და კომისიის წევრები;

·         გასროლისას მასრის ამოგდება ხდებოდა მსროლელის სახესთან ძალიან ახლოს;

·         ჩაკეტვის ახალ და გამოუცდელ სისტემას ეჭვის თვალით უყურებდნენ კომისისს წევრები;

·         საკეტის შესამართი სახელური, რომელიც სროლისას მოძრაობდა, განთავსებული იყო იარაღის ზევითა მხრიდან და ზედმეტად ახლოს მსროლელის სახესთან. შესაბამისად არსებობდა იმის ალბათობა, რომ მოძრავი საკეტი შემთხვევით გამხდარიყო ტრავმის საფუძველი.

მჭიდი ზედმეტად ახლოს იყო მსროლელის მხართან. შესაბამისად ცარიელი მჭიდის მოსახსნელად და ახალი მჭიდის დასაყენებლად, მსროლელს უნდა მოეშორებინა იარაღი მხრიდან და ისე შეესრულებინა მჭიდის ამოცვლა. მჭიდის მხართან ახლოს განთავსებას კომისისს წევრების აზრით ახლდა კიდევ ერთი მინუსი. მჭიდის ფიქსატორი იმდენად ახლოს იყო მსროლელთან, რომ შეიძლებდა წამოდებულიყო აღჭურვილობაზე და ტანსაცმელზე, რაც გამოიწვევდა მჭიდის თვითნებურ მოხსნას იარაღიდან.

კონკურსზე ა.შევჩენკოს მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 1 ცალი ეგზემპლარი. ქალაქ ტულის უმაღლეს საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელს აღარ ეყო ფინანსური რესურსი რათა ბოლომდე მიეყვანათ ა.შევჩენკოს მიერ წარმოდგენილი ავტომატის პროტოტიპის გდამუშავება და დახმარება სთხოვეს ტულის ცენტრალურ საკონტრუქტორო-კვლეით ბიუროს (ЦКИБ-Центральное конструкторско-исследовательское бюро), საიდანაც მათ უარი მიიღეს.
ისევ კალაშნიკოვი
1977 წლის დასაწყისში კალაშნიკოვის მიერ გადამუშავებულ იქნა მისი პროტოტიპი „ПП-1“ და ამავე წლის მარტში გაგზავნილ იქნა ქალაქ კიროვაბადის (Кировобад)  მოტომსროლელ და საჰაერო-სადესანტო დივიზიის ბაზაზე, სადაც საარმიო გამოცდები უნდა გაევლო. საარმიო გამოცდებზე მხოლოდ კალაშნიკოვის პროტოტიპების გაგზავნა ფაქტიურად უკვე მის გამარჯვებას უდრიდა.
გამოცდებზე წარმოდგენილი რამოდენიმე ვარიანტი მარჯვნივ დასაკეცი დუგლუგით

გამოცდებში ჩაერთნენ, როგორც მოტომსროლელები, ასევე საჰაერო დესანტი. იმისათვის, რომ ზუსტად მომხდარიყო პროტოტიპების სუსტი წერტილების გამოვლენა, გამოცდები წარმოებდა რეალურთან მიახლოებულ საველე და საბრძოლო პირობებში.  

გამოცდების შედეგად გამოვლინდა შემდეგი უარყოფითი ფაქტორები:

·         ალმქრობის მოხსნა/დახრახვნის გაძნელება;

·         როგორც წინა, ასევე უკანა სამიზნე მოწყობილობა არ ფიქსირდებოდა საიმედოდ და ექსპლუატაციის შედეგად აღენიშნებოდა რყევა. აგრეთვე ცუდად ჩანდა უკანა სამიზნეზე არსებული აღნიშვნები;

·         პისტოლეტისებური სახლური არ იყო თერმოგამძლე და ცეცხლთან სიახლოვის შემთხვევაში დეფორმირდებოდა;

·         მცველზე დაყენებისას ხშირად დროშისებური გადამრთველი ლულის კოლოფის თავსაფრის ქვეშ ვარდებოდა;

·         სროლისას დუგლუგი სრიალებდა მხრიდან;

·         დუგლუგის სამხრეზე დამაგრებული პოლიეთილენის საგები რეალურად არ იყო საჭირო;

·         მარჯვენა მხარეს დაკეცილი დუგლუგის შემთხვევაში რთული იყო სროლის რეჟიმების გადამრთველთან და იარაღის შესამართ ბერკეტთან მანიპულირება;

·         დაკეცილი დუგლუგის დროს რთული და მოუხერხებელი იყო სასხლეტ კავთან თითის მოთავსება;

·         მარჯვენა მხარეს დაკეცილი დუგლუგი აგრეთვე ართულებდა მჭიდის მოსახსნელ ღილაკზე მანიპულირებას და მჭიდის ამოცვლას.

გარდა ზევით ჩამოთვლილი ფაქტორებისა, მსროლელები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ტიბჟირთან დაკავშირებით, რომელიც მოუხერხებელი იყო. ხშირად გართულებული იყო  დაკეცილი დუგლუგის გაშლა, რადგანაც ღვედი ხვდებოდა მის ზედა ნაწილს და იწვევდა შეფერხებას.  ავტომატი დაკეცილი დუგლუგით მაგრდებოდა მკერდზე, ლულით ქვემოთ. მებრძოლები აღნიშნავდნენ, რომ დესანტირებისას ხდებოდა დუგლუგის დაჯახება მკერდის არეში, რაც იწვევდა ტკივილის და დამატებით დისკომფორტს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარაშუტის რგოლი წამოედო უკანა სამიზნეს.

საარმიო გამოცდებზე არსებულ ეგზემპლარებში დუგლუგის დაკეცვა ხდებოდა მარჯვენა მხარეს. შესაბამისად კომისიამ რეკომენდაციის სახით გამოთქვა აზრი, რომ დუგლუგი დაკეცილიყო მარცხნივ, ან ზემოთ/ქვემოთ.  ეჭვქვეშ იდგა მოკლე  (20 ვაზნიან) მჭიდების საჭიროებაც. სამხედროები თვლიდნენ, რომ 20 ვაზნიანი მჭიდით იარაღის დაკომპლექტებას აზრი არ ჰქონდა და ასეთი მჭიდით უნდა დაკომპლექტებულიყო მხოლოდ ისეთი ეგზემპლარები, რომელთაც ექნებოდა ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა.   

საბოლოო ჯამში პროტოტიპი „ПП-1“ გადამუშავდა გაცემული რეკომენდაციების სფუძველზე და შეიქმნა ახალი მოდელი სამუშაო სახელწოდებით „АКС-74У“ (Автомат Калашникова складной укороченный).

1977 წლის სექტემბერიდან დაიწყო „АКС-74У“-ს ინტენსიური გამოცდები, რომელიც გაგრძელდა 1978 წლის აპრილამდე. იარაღი გამოიცადა როგორც ზამთრის ცივ კლიმატურ პირობებში, ასევე ნორმალურ ტემპერატურაზე და საბოლოო ჯამში აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგები.
1978 წელს დამზადებული საცდელი ავტომატი „АКС-74У“ მარცხნივ დასაკეცი დუგლუგით
გამოცდების შედეგად კონსტრუქციაში შევიდა გარკვეული ცვლილებები:

საკეცი დუგლუგი ახალ პროტოტიპში აღებულ იქნა „АКС-74“ მოდელიდან და იკეცებოდა მარცხენა მხარეს. დუგლუგის ასეთმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც შეეხებოდა ღვედის გამოდებას, სროლის რეჟიმების გადამრთველზე მანიპულირების გაძნელებას, მჭიდის ღილაკ-ფიქსატორზე მანიპულირებას და სასხლეტთან გართულებულ წვდომას.
გადამუშავებულ მოდიფიკაციაში იყო აგრეთვე სხვა ცვლილებებიც:

·         იარაის ღვედი მეტი მოხერხებულობისთვის დაწვრილდა და  წონაში შემცირდა 50-60 გრამით;

·         შეიცვალა უკანა სამიზნე მოწყობილობის ფიქსირების წესი და მასზე არსებული აღნიშვნები გახდა უფრო მკვეთრი, რაც აადვილებდა წაკითხვას და იდენტიფიცრებას, თუ რა დისტანციაზე სასროლად იყო დაყენებული;

·         პისტოლეტისებური ტარი დამზადდა უფრო მეტად თერმო გამძლე პლასტმასისგან მარკით  „ПБС-30Ц“;

·         ლულის კოლოფის ხუფზე გაკეთდა სპეციალური ჩანაჭდევი, რომელიც მცველზე დაყენებისას გამორიცხავდა სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტის შევარდნას თავსაფრის უკან;

·         მეტი სიმტკიცისთვის სავაზნე ნაწილიდან 4 სანტიმეტრის მანძილზე ლულა გასქელებულ იქნა  2,5-4მმ-ით.

იმისათვის, რომ იარაღს მოხსნილი ალმქრობის ეშმთხვევაშიც საიმედოდ ემუშავა აირგამყვანი ნასვრეტი გადაიწია უფრო უკან და მისი დიამეტრი შემცირდა 0,05მმ-მდე. რა საჭირო იყო მსგავსი ცვლილების განხორციელება? ვინაიდან  ავტომატი „АКС-74“ უნდა შესულიყო პილოტების ბორტზე არსებულ სატარებელ-საავარიო აღჭურვილობაში, ეგრედწოდებულ „НАЗ“-ში (Носимый аварийный запас) და უნდა განთავსებულიყო პილოტის კატაპულტირების სავარძელში, მოხსნილი ალმქრობით შემცირდებოდა იარაღის საერთო სიგრძე, რაც გაადვილებდა მის მოთავსებას სპეციალურ ბუდეში;

შეიცვალა აგრეთვე თვითონ ალმქორობის კონსტრუქციაც.


ფოტოზე გამოსახულია ძველი კონსტრუქციის ალმქრობი


ფოტოზო გამოსახულია გადამუშავებული ალმქრობი


საბოლოო ჯამში შეფასდა მთლიანი გამოცდების მაჩვენებლები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაემზადებინათ პირველი მცირე პარტია.  

1978 წელს იჟმაშში (Ижмаш) დამზადებულ იქნა „АКС-74У“-ს მცირე პარტია, რომელსაც უნდა გაევლო კიდევ ერთი პოლიგონალური გამოცდები.  
1978 წელს დამზადებული საცდელი ვარიანტი „АКС-74УH“. ფიოტოზე ჩანს სამიზნის სამაგრი ლიანდაგი
ამავე პეიოდში შეიქმნა ვარიანტი „АКС74УH“, რომელსაც მარცხენა მხარეს გააჩნდა ღამის ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა „НСПУ“-ს (Ночной стрелковый прицел унифицированный) სამაგრი.
შემდგომ გამოჩნდა მისი მოდიფიცირებული ვარიანტი „АКС-74УH2“ რომელიც კომპლექტდებოდა მოდერნიზირებული სამიზნე მოწყობილობა „НСПУМ“-ით (Ночной стрелковый прицел унифицированный модернизированный).
"АКС-74УБ" ლულაზე დამაგრებული "ПБС-4"
მოგვიანებით ექსპერიმენტალური სახით დამზადდა აგრეთვე მოდიფიკაცია „АКС74УБ“ (ინდექსი 6П27), რომელზეც შესაძლებელი იყო უხმო და ალისგარეშე სროლისათვის განკუთვნილი მოწყობილობისПБС-3" -ის და "ПБС-4"-ის დამაგრება.

საპოლიგონო გამოცდის დასკვნით ავტომატი „АКС74У“ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს.  ერთადერთი უარყოფითი ფაქტი იყო ის, რომ ერთეული გასროლებით ვერ ჯდებოდა სიზუსტის ნორმატივებში და აჩვენებდა 7,62მმ-ან მოდელ „АКМС“-ზე უარეს შედეგს.  საბოლოოდ „АКС-74У" აღიარეს კონკურს მოდერნის გამარჯვებულად.

1979 წლის 10 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებულება N"0133-ის თანახმად 5,45x39მმ-ან ვაზნებზე გათვლილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „АКС-74У“ (მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ინდექსით 6П26) მიღებულ იქნა ოფიციალურ შეიარაღებაში. ამავე ბრძანებულების თანახმად შეიარაღებაში იქნა მიღებული ვარიანტი „АКС74УН“ (6П26Н), რომელსაც გააჩნდა ოპტიკური სამიზნე "НСПУ"-ს (ინდექსი 1ПН34) სამაგრი. მცირე რაოდენობით შეიარაღებაში მოხვდა ეგზემპლარი „АКС74УН2“-იც (ინდექსი 6П26Н2).


1979-1980 წლებში ქალაქ ტულის იარაღის ქარხანამ (ТОЗ) მოამზადა საწარმოო ხაზი და დაიწყო შეიარაღებაში მიღებული „АКС74У“-ს წარმოება.  წარმოების წინ იარაღმა განიცადა კიდევ ორი მცირედი ცვლილება: 

1. ხელის უკეთ მოჭიდებისათვის შეიცვალა ტიბჟირის ფორმა;
2. უკანა სამიზნემ გადაინაცვლა ოდნავ წინ. ასეთმა ცვლილებამ შეამცირა სამიზნე ხაზის სიგრძე, თუმცა საჰაერო დესანტირებისას სამიზნე მოწყობილობის გამოდება პარაშუტის რგოლზე გამოირიცხა.

იარაღის სერიულ წარმოებას მოჰყვა მისი სიზუსტის გაუარესება, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის თანახმად უნდა ყოფილიყო 100 მეტრზე 10სმ. რეალურად კი სერიული ეგზემპლარები ვერტიკალურად იძლეოდნენ 15სმ-ან, ხოლო ჰორიზონტალურად 12 სმ-ან გაფანტვას. საბოლოოდ ამ ფაქტზე მთავარმა სარაკეტე-საარტილერიო სამმართველომ თვალი დახუჭა და ჩათვალა, რომ მასიურ წარმოებაში ასეთი გადახრა დასაშვები იყო.


საბოლოოდ იარაღი დაკომპლექტდა ტილოს შალითით, 3 ცალი სათადარიგო მჭიდით, სათადარიგო მჭიდების ჩანთით, რომელშიც თავსდებოდა საწმენდი აქსესუარები, გადასაკიდი ღვედით.



კომპლექტში შედიოდა აგრეთვე 4 ცალი 15 ვაზნაზე გათვლილი „აბოიმა“ და მჭიდების სწრაფდამტენი აქსესუარი.
ავღანეთის ომის დროს სპეციალურად  „АКС-74У“-ს თვის შეიქმნა პილოტებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ბუდე, რომელიც ბარძაყზე მაგრდებოდა. საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება არაპრაქტიკული აღმოჩნდა და შეწყვეტილ იქნა მისი წარმოება.
სერიული წარმოებისას ავტომატი „АКС-74У“ მცირედი სახით განიცდიდა ტექნოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა ყველაზე შესამჩნევი იყო ის ფაქტი, რომ  90-ანი წლების დასაწყისში ხის ტიბჟირი და ლულის სადები შეიცვალა შუშანარევი პოლიამიდით „АГ-4В“, რომელიც ხესთან შედარებით უფრო გამძლე იყო.
პლასტმასის ტიბჟირს გაუკეთდა აგრეთვე სპეციალური ეკრანი მეტალის ფირფიტის სახით, რომელიც იცავდა მას გადახურებისგან.
80-ანი წლების დასაწყისში „АКС74УБ“-ს ბაზაზე ქალაქ კლიმოვსკის ზუსტი მანქანამშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ЦНИИТОЧМАШ) კონსტრუქტორების მიერ შეიქმნა სპეციალური უხმო ავტომატ-ყუმბარმტყორცნის კომპლექსი შიფრით «Канарейка» (ინდექსი 6С1), რომელიც შედგებოდა ჩუმი და ალისგარეშე სროლისათვის განკუთვნილი მოწყობილობა „ПБС-4“-სგან, ავტომატისგან „АКС74УБ“, რომელსაც დამატებული ჰქონდა სპეციალური სამიზნე ჩარჩო ყუმბარების სროლისათვის და სპეციალური სამაგრი საყურე, რომელზეც მაგრდებოდა 30მმ-ანი ყუმბარმტყორცნი „БС-1“.
იარაღის საერთო სიგრძე დამონტაჟებული ყუმბარმტყორცნით „БС-1“ შეადგენს 900მმ-ს, სიგრძე დაკეცილი დუგლუგით 650მმ-ს, წონა ყუმბარმტყორცნით 5.66კგ. ყუმბარმტყორცნის გარეშე 3,88 კგ.

 "АКМСУ" რეალური ეგზემპლარი თუ გამოგონილი?
სხვადასხვა ლიტერატურაში თუ ინტერნეტ რესურსებზე გვხდება ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირში კონკურს მოდერნის პარალელურად კალაშნიკოვის ავტომატის "АКМС" ბაზაზე შეიქმნა ექსპერმენტალური ავტომატი  სახელწოდებით "АКМСУ" (Автомат Калашникова модернизированный, складывающийся, укороченный), რომელიც გათვლილი იყო 7,62x39მმ-ან ვაზნაზე და მის ტიბჟირს გააჩნდა სპეციალური დამატებითი სახელური 


ასევე ამ მოდელს გააჩნდა გრძელი ალმქრობი, რომელზეც დატანილი იყო წრიული ნაჭდევები ნეკნების სახით. აღნიშნული ნაჭდევები ასრულებდა მის უკეთ გაგრილების (თბოგამოყოფის) დანიშნულებას.  

დღეს ამ ეგზემპლარის გარშემო დიდი გაუგებრობაა და ხალხის აზრი რამოდენიმე ნაწილადაა გაყოფილი: 1.      ნაწილი ამბობს, რომ ეს ავტომატი არასოდეს არ შექმნილა საბჭოთა კავშირში და სხვა ქვეყნის მიერ იქნა დამზადებული (ბევრი მის წარმომავლობაში ვარაუდობს ბულგარეთს ან იუგოსლავიას). 2.      მეორე ნაწილი ამბობს რომ შეიქმნა საბჭოთა კავშირში და მცირე რაოდენობით დამზადდა საჰაერო დესანტისთვის, თუმცა არასოდეს არ ყოფილა ოფიციალურ შეიარაღებაში. ერთერთ რუსულ წიგნში მის შექმნის თარიღად დასახელებულია 1959 წელი. თუმცა საბჭოთა კავშირში "АКМСУ"-ს შესახებ არ არსებობს არანაირი ოფიციალური ცნობები, დოკუმენტეცია და ნახაზები. არც იმ პერიოდის საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, სადაც ნახსენები იქნებოდა 7,62 მმ-ან ვაზნაზე გათვლილი მოკლელულიანი კალაშნიკოვის ავტომატი.
ფოტოზე გამოსახული ეგზემპლარი 80-ან წლებში ავღნეთიდან მოხვდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე და დღემდე ინახება ბრიტანეთში ქალაქ ლიდსში მდებარე მუზეუმის Royal Armories კოლოექციაში. არსებულ ეგზემპლარის დამზადების თარიღი ლულის კოლოფის საგებზე (ტრუნიონზე) უწერია 1977 წელი. ავტომატის ფოტოების შესწავლისას ნათლად ჩანს, რომ საგებზე (ტრუნიონზე) დატანილია ქალაქ ტულის იარაღის ქარხნის (ТОЗ) დამღა ვარსკვლავის სახით. მისი საკეტის ჯგუფი დამზადებულია იჟევსკის მანქანამშენებელ ქარხანაში (ИЖМАШ), ხოლო დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი აღებულია კალაშნიკოვის ავტომატის ჩინური მოდელიდან „Type 56-1“.  როგორ შეიძლება იდენტიფიცირება, რომ ჩინური ლულის კოლოფია? ჩინური ავტომატის „Type 56-1“ ლულის კოლოფის უკნა ნაწილში (საკეც დუგლუგთან) 1 ცალი მოქლონის მაგივრად (როგორც გვხვდება საბჭოთა АКМС-სზე) აქვს 2 ცალი მოქლონი. ასევე სახლეტი კავის დამცავის წინა ნაწილი ჩინურ ავტომატზე დაფიქსირებული ორივე მხრიდან თითო მოქლონით. (საბჭოთა АКМС იგი 2 ცალია). შესაბამისად გამოდის, რომ ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ეგზემპლარი დამზადებულია შერეული დეტალებისგან (საბჭოთა კავშირი + ჩინეთ). ერთერთი ვერსიის თანახმად მისი დამზადება შესაძლოა კუსტარული წესით მომხდარიყო ან ავღანელი ან პაკისტანელი ოსტატების მიერ.


 

დღეს არ არსებობს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი რისი მიხედვითაც რომელიმე მხარის არგუმენტის სიზუსტეს ან უზუსტობას დაადასტურებდა. არსებობს მხოლოდ მოსაზრებები, ფოტოები და თეორიები სხვადასხვა სახელმძღვანელოებში. არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ავტომატით მსახურობდნენ ჯარში, რაც აბსურდია.
ერთერთი ვერსიით შესაძლოა რომ ავტომატი "АКМСУ" მართლაც დამზადდა რამოდენიმე ერთეული ექსპერიმენტალური სახით, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ ალტერნატიულ გათვლას იმ შემთხვევაში თუკი კონკურს „მოდერნ“-ის ფარგლებში არ მოხდებოდა 5,45მმ-ანი მცირეგაბარიტიანი ავტომატის შეიარაღებაში მიღება. მაგრამ რატომ მოხდებოდა მისი დამზადება ჩინური ლულის კოლოფით?
სხვადასხვა ლიტერატურაში АКМСУ-ს ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: კალიბრი 7,62x39; წინა ვაზნების გარეშე 2,85კგ; საერთო სიგრძე 740მმ / დაკეცილი დუგლუგით 480მმ; ლულის სიგრძე 270მმ (აღნიშნული სიგრძე სავარაუდოდ აღებულია ალმქრობიანად, რადგანაც მხოლოდ 270მმ სიგრძის ლულა ბევრად გრძელი იქნებოდა ვიზუალურად); ტყვიის საწყისი სიჩქარე 680მ/წამი; სროლის ტემპი 650-700 გასროლა წუთში.

სახელწოდება "Krinkov"
კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული ფაქტი, რომელიც  "АКМСУ"-ს უკავშირდება, არის სახელწოდება "АКР" რაც იშიფრება, როგორც  "Автомат Кринкова" (კრინკოვის ავტომატი). რუსების თქმით ასეთი პიროვნება საერთოდ არ ყოფილა ჩართული ამ იარაღის შექმნაში. ჯონ უოლტერი (John Walter) წიგნში "Kalashnikov: Machine Pistols, Assault Rifles and Machine-guns, 1945 to the Present" წერს, რომ იან ჰოგის (Ian V. Hogg) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კრინკოვი იყო იმ საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი სადაც მოხდა აღნიშნული ეგზემპლარის დაპროექტება, თუმცა რომელი ბიუროსი? ამ შეკითხვაზე პასუხი არავის აქვს. 80-ანი წლებიდან აშშ-ში და ევროპის რიგ ქვეყნებში გავრცელდა დასახელება "Krinkov", რომელსაც ყველა შემოკლებულ კალაშნიკოვს უწოდებდნენ. ერთერთი ლეგენდის  თანახმად ბულგარეთში მოხდა ლულა დამოკლებული ავტომატების მთელი პარტია, რომელიც უცნობმა პოლკოვნიკმა გვარად "კრინკოვმა" ჩაიტანა. ერთერთი მოსაზრება ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით გაჩნდა აშშ-შიც, სადაც ფლორიდას შტატში არსებობდა კომპანია "Krinks", რომელიც დაკავებული იყო "აკაესუს" ტიპის მოკლე ავტომატების დამზადებით, რომელსაც მეტსახელად "Krinkov"-ები შეარქვეს. დღეს აღნიშნული კომპანია გაკოტრებულად ითვლება.
 
1994 წელს საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა სპეციალური მოდიფიკაციების  "АКС74У (Н)" და АКС74УН-2 (სამიზნე მოწყობილობით НСПУМ  ინდექსი 1ПН58) წარმოებაზე. ასევე უარი ითქვა ახლად შექმნილ  „АКС74УН-3“ მოდელზეც, რომელიც  კომპლექტდებოდა НСПУ-3 (1ПН51) ტიპის სამიზნე მოწყობილობით. 90-ან წლებში АКС74У-ს ხშირად იყენებდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ქალაქის პირობებში მისი გამოყენება მაღალი შეღწევადობის გამო გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მოხდა მისი ნაწილობრივი (არა სრული. იგი დღესაც მსახურობს რუსეთის პოლიციაში და სპეცდანიშნულების დანაყოფებში) ჩანაცვლება სხვადასხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით. შესაბამისად ამავე პერიოდში უარი ითქვა საბაზისო АКС74У-ს წარმოებაზეც. ოფიციალურად АКС74У-ს წარმოება შეწყვეტილ იქნა 1994 წელს, თუმცა მარაგებში შემორჩენილი დეტალებით მისი მცირე პარტიით დამზადება მაინც ხდებოდა 2000 წლამდე.
ასე დასრულდა კონკურსი კოდური სახელწოდებით "მოდერნ". ფაქტიურად მასში ჩართული სხვადასხვა კონკურსანტების შრომა (გარდა კალაშნიკოვისა) წყალში ჩაიყარა, რადგანაც თავიდანვე გამოკვეთილი იყო, რომ კალაშნიკოვს ერგებოდა წარმატება. როგორც ჩვენი სტატიის დასაწყისში ავღნიშნე ჩემთვის პირადად ეს კონკურსი არის ერთერთი ყველაზე საინტერესო კვლევა-ძიების თემა, რადგანაც მის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა ეგზემპლარი გარკვეულ წილად ორიგინალური და განსხვავებულია.

No comments:

Post a Comment