Smith & Wesson Light Rifle Model 1940 (S&W M1940)

1939 წელს სმიტ და ვესონის (Smith & Wesson) ქარხნაში შემუშავებულ იქნა პისტოლეტის ვაზნაზე 9х19 Parabellum გათვლილი თვითდამტენი კარაბინი, რომლის პროტოტიპების დამზადებაც 1940 წელს დაიწყეს.  იარაღს მიენიჭა სახელწოდება „S&W Light Rifle Model 1940“ (სმიტ და ვესონის მსუბუქი შაშხანა მოდელი 1940. შემოკლებით კი S&W M1940 ასე აღნიშნავდნენ). აღნიშნული იარაღი შემუშავებულ იქნა, როგორც საპოლიციო დანაყოფებისთვის განკუთვნილი კარაბინი. კარაბინზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა სმიტ და ვესონის კვლევების და კომპანიის განვითარების განყოფილების უფროსი ჯოზეფ ნორმანი (Joseph Norman), ხოლო მთავარი კონსტრუქტორის ამპლუაში იყო Edward S. Pomeroy.  განაცხადი კარაბინის პატენტზე დარეგისტრირდა 1939 წლის 28 ივნისს და გაიცა 1940 წლის 24 სექტემბერს. საპატენტო დოკუმენტში იარაღის გამომგონებლათ მოხსენიებულია Edward S. Pomeroy.
იარაღი იყენებდა თავისუფალი საკეტის სქემას, რომელშიც გასროლა ხდებოდა ღია საკეტით და მხოლოდ ერთეული გასროლებით (ავტომატური სროლის რეჟიმი არ გააჩნდა). შეიძლება ითქვას, რომ კარაბინის კონსტრუქციაში ყველაზე ორიგინალურ გადაწყვეტას წამოადგენდა მჭიდის დაფიქსირების და მასრების ამოყრის კონსტრუქცია. მჭიდის მიმღებს სიგანეში გააჩნდა თითქმის ორჯერ უფრო დიდი გაბარიტები, ვიდრე ჰქონდა მჭიდს და შედგებოდა ორი ერთმანეთის პარალელური განყოფილებისგან. წინა განყოფილებაში თავსდებოდა 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი კოლოფისებური მჭიდი. მჭიდის მორგება არ ხდებოდა ტრადიციული ფორმით (ქვემოდან ზევით), არამედ ჯერ მჭიდის ცხვირი უნდა შესმულიყო მიმღებში და მერე ოდნავ აწევით და შიგნით მიწოლით დაფიქსირებულიყო მიმღებში.
ფოტოზე მოცემულია მჭიდის მორგების მომენტი
მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი დამაგრებული იყო მჭიდის მიმღების ქვემოთ. მჭიდის მიმღების უკანა განყოფილებას არ გააჩნდა ფსკერი (ძირი) და სწორედ აქედან ხდებოდა ექსტრაქტირებული მასრების გამოყრა/გამოგდება. გასროლის შემდეგ საკეტზე დამაგრებულ ესქსტრაქტორის კბილს გამოჰქონდა მასრა ლულის სავაზნედან და გარკვეული მანძილი უკან გადაადგილებისას ჰორიზონტალურად იჭერდა. როდესაც საკეტი გასცდებოდა მჭიდის მიმღებს, ამომგდები ზემოქმედებდა მასრაზე და ახდენდა მის ჩაგდებას მჭიდის მიმღების უკანა განყოფილებაში. ვინაიდან ამ განყოფილებას არ ჰქონდა ფსკერი, მასრა ვარდებოდა ძირს.  
მასრების გამოგდების ასეთი კონსტრუქცია ზედმეტად ამძიმედა და ართულებდა იარაღს. თუ რაიმე მიზეზით არ მოხდებოდა მასრის ამოგდება, ამ შემთხვევაში შეფერხების აღმოფხვრას ბევრად უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, ვიდრე სხვა ანალოგიური კლასის ეგზემპლარებს.
ფოტოზე მოცემულია „S&W Light Rifle Model 1940“-ის ნახაზი და აგებულება
მასრების ამოყრის ასეთი კონსტრუქცია ასევე ართულებდა სროლას მჭიდის მიწაზე, რაიმე სატრანსპორტო საშუალებაზე, ან მყარ ზედაპირზე დაყრდნობის დროს, რადგანაც ხდებოდა მასრების გამოსაყრელი ფანჯრის ბლოკირება. ასეთი კონსტრუქციაში სირთულეს ქმნიდა ისიც, რომ მსროელელი ვერ ხედავდა ლულის სავაზნეს. ალბათ იარაღისთვის, რომელიც ღია საკეტით ისვრის ეს ფაქტორი არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვაზნა არ აალდეს, ექსტრაქტორმა ვერ გამოიტანოს და ჩარჩეს სავაზნეში. ყველაფერთან ერთად კარაბინი იყო საკმაოდ დიდი და ექსპლუატაციისთვის რთული. ასევე იგი არ გამოირჩეოდა სიზუსტის კუთხით.
კარაბინის სამიზნე მოწყობილობა იყო საკმაოდ რთული კონსტრუქციის და გააჩნდა რეგულირების შესაძლებლობა. რეგულირება ხდებოდა 50 დან 400 იარდამდე, თუმცა ეს რეგულირება არ წარმოებდა ისე მარტივად, როგორც ჩვეულებრივ კარაბინებშია. რეგულირებად სამიზნეს გააჩნდა მიკრომეტრიკული ხრახნი, რომელიც ბოლომდე დაწეულ მდგომარეობაში 50 იარდამდე სასროლათ გამოიყენებოდა. მიკრომეტრული ხრახნის ერთი დაწკაპუნებით გადაბრუნებისას უკანა სამიზნე მოწყობილობა გადადიოდა 100 იარდამდე დამიზნების პოზიციაზე. შემდგომ  6 დაწკაპუნებით შემობრუნებისას ხდებოდა 200 იარდამდე სასროლი პოზიციის დაყენება. 15 დაწკაპუნებით გადაბრუნების შემდეგ  300 იარდამდე. ხოლო 22 დაწკაპუნების შემდეგ მიკრომეტრიკული ხრახნი ჩერდებოდა და ეს იყო 400 იარდამდე სასროლი პოზიცია.
მიუხედავად იმისა, რომ კარაბინი საპოლიციო დანაყოფებისთვის შეიქმნა, მან ასევე დაინტერესება მოიპოვა აშშ-ს არმიის მხრიდანაც. შესაბამისად აშშ-ს საარტილერიო ტექნიკური ჯგუფის მიერ განხორციელდა საგამოცდო სერიები. (რიგი წყაროების თანახმად გამოცდა განხორციელდა აბერდინის პოლიგონზე). გამოცდების შემდეგ კომისამ დადებითად დაახასიათა კარაბინი.  იმისათვის რომ იგი მიღებულიყო შეიარაღებაში, გაიცა რეკომენდაცია, რომ გადაეკეთებინათ აშშ-ს საშტატო ვაზნაზე .45ACP. თუმცა კომპანია Smith & Wesson ამ პერიოდში ისედაც დატვირთული იყო სამხედრო შეკვეთებით, ამიტომ არ განუხორციელებიათ კარაბინს საშტატო ვაზნაზე (.45ACP) გადაკეთება. (რიგი წყაროები კი საპირისპიროს ამბობს. პირველად საცდელ სროლებზე კარაბინმა კრახი განიცადა და სამხედროებმა უარი თქვეს მის შემდგომ გამოცდებზე).

სამსახური ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, (1940 წლის 26 მაისი- 4 ივნისი) დიუნკერთან მომხდარი ბრძოლების დროს, ბრიტანელების საექსპედიციო ძალებს (BEF) (British Expeditionary Force), ფრანგებს და ბელგიელებს მოუწიათ სასწრაფო ევაკუაციის განხორციელება. აღნიშნულ ევაკუაციას უწოდეს „ოპერაცია დინამო“ (Operation Dynamo). ბრიტანელების მონაცემებით ამ ევაკუაციის დროს ინგლისში ევაკუირებულ იქნა 198 229 ბრიტანეთის მებრძოლი და 139 997 ადამიანი, რომელიც საფრანგეთის რიგებში მსახურობდა. რაც შეეხება შეტაკების დროს ბრიტანელების დანაკარგს, ეს ციფრები ასე გამოიყურება: 
·         297 გემი
·         106 თვითმფრინავი
·         108 111 ჯარისკაცი და ოფიცერი
·         2 472 ზარბაზანი / ქვემეხი
·         84 427 ავტომობილი
·         77 318 რონა საბრძოლო მასალა
შესაბამისად საექსპედიციო კორპუსის აღჭურვილობაში არსებული იარაღის უმეტესობა დაკარგულ/განადგურებულ იქნა. აღნიშნულის შედეგად ბევრი ჯარისკაცი დარჩა შეუიარაღებელი. რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ იარაღის დეფიციტის გამო ჯარისკაცები სანაპიროს პატრულირებისას შეიარღებულნი იყვნენ საწყობებიდან ამოღებული მხოლოდ ერთმაგი მოქმედების რევოლვერებით Colt Peacemaker M1873. შესაბამისად ბრიტანეთმა თხოვნით მიმართა ამერიკელ მონადირეებს და სპორტსმენებს, რათა შემოწირულობის სახით გადაეცათ თავიანთ საკუთრებაში არსებული შაშხანები. ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი დროებითი გამოსავალი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრიტანელებმა Smith & Wesson -თან გააფორმეს კონტრაქტი, რომლის თანახმად კომპანიას საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა მიეწოდებინა  ბრიტანეთისთვის რევოლვერები „S&W Military & Police“ (აღნიშნული რევოლვერები გათვლილი უნდა ყოფილიყო ბრიტანულ ვაზნაზე .380-200). რამდენადაც ცნობილია ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-დან მოახდინეს 500 000 ცალი რევოლვერის იმპორტირება. რევოლვერი ბრიტანეთის შეიარაღებაში წავიდა სახელწოდებით „Smith & Wesson .380/200 British Service“.
ფოტოზე გამოსახულია რევოლვერი „Smith & Wesson .380/200 British Service“. ფოტო © Digi-Shots (2009) (მოდელი ცნობილია ასევე დასახელებით Smith & Wesson Victory Model და Smith & Wesson Model 10)
ერთერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ რევოლვერის შესყიდვისთვის გამართულ მოლაპარაკებაზე, ბრიტანელებმა შეიტყვეს „S&W Light Rifle Model 1940“ -ის შესახებ და გადაწყვიტეს მცირე პარტიის სახით შეკვეთა განეხორციელებინათ. შეკვეთის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 1 000 000$. 
ბრიტანელებთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე სმიტ და ვესონის ფაბრიკამ დაიწყო კარაბინის „S&W Light Rifle Model 1940“ სერიული წარმოება 1941 წლის 6 თებერვალს. (პირველი პარტიის წარმოებისას კარაბინებზე სერიული ნომრის მინიჭება დაწყებულ იქნა 1 დან და უნდა ასულიყო 1010-მდე) სულ ამ პერიოდში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებსთვის დამზადდა 860 ცალი ეგზემპლარი ვარიანტით Mk.1. 1941 წლის აპრილის თვეში ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს გაეგზავნა 855 ცალი ერთეული კარაბინი. 1941 წლის 16 აპრილს კარაბინის „S&W Light Rifle Model 1940“ (ვარიანტი Mk.1) წარმოება შეწყევტლ იქნა და აღარ მომხდარა მისი სერიული წარმოებეის განახლება.
კარაბინი „S&W Light Rifle Model 1940“ (ვარიანტი Mk.1) ქარხნულად გათვლილი იყო გერმანულ საშტატო ვაზნაზე 9x19 Parabellum, რომელიც 4 გრანი (0.259 გრამი) დენთის მუხტით იწარმოებოდა. ბრიტანელები კი კარაბინში იყენებდნენ თავიანთი წარმოების ვაზნებს. აღნიშნული ვაზნები სპეციალურად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბის იყო დაპროექტებული და მათი დენთის მუხტი შეადგენდა 6 გრანს (0.388 გრამი). შესაბამისად ბრიტანული ვაზნები გამოირჩეოდა დასაშვებზე მეტი წნევით, რასაც მალე გამოჰყავდა კარაბინი მწყობრიდან. ბრიტანეთმა ამის შესახებ შეატყობინა სმიტ და ვსონის ფაბრიკას, სადაც შეეცადნენ გადაემუშავებინათ კარაბინი და განალხებული სახით მიეწოდებინათ ბრიტანეთისთის. ასე შეიქმნა ვარიანტი Mk.2, რომელიც სულ 100 ცალი ეგზემპლარის სახით დამზადდა და გაიგზავნა ბრიტანეთში.
სხვაობები ვარიანტ Mk.1 და Mk.2 შორის
ვარიანტში Mk.1 საცემი ნემსა იყო მოძრავი და საკეტის სარკედან გამოდიოდა სპეციალური ბერკეტის ზემოქმედებით. საცემის გამოსვლა ხდებოდა იმ დროს როდესაც საკეტი ბოლომდე მივიდოდა წინ. ვარიანტში Mk.2 გამოიყენებოდა უძრავი ტიპის საცემი ნემსა, რომელიც ხისტად იყო ჩამაგრებული საკეტში.  მცველი ვარიანტში Mk.1 იყო ბერკტის სახით, რომელიც მარჯვენა მხარეს სასხლეტი კავის უკან იყო განთავსებული. მცველის გააქტიურებისას ხდებოდა სასხლეტის ჩურჩულას ბლოკირება.
ასევე მცველის ბერკეტი გააქტიურებისას იმდაგვარად დგებოდა, რომ მსროლელი მარჯვენა მხირადნ ვერ შეძლებდა სასხლეტ კავზე თითის დაჭერას. ხოლო ვარიანტში Mk.2 აღნიშნული ბერკეტის ნაცვლად მცველის დანიშნულებას ასრულებდა ლულის კოლოფზე არსებული მოსაბრუნებელი მეტალის სახელურის სახით შესრულებული დეტალი. აღნიშნული სახელურის შემობრუნება იწვევდა საკეტის სამოძრაო ხაზის გადაკეტვას, რითაც ბლოკავდა საკეტს ან უკანა (ღია პოზიციაში) ან დახურულ (წინა) პოზიციაში.
მცველი ვარიანტში Mk.2
აღმოჩნდა, რომ განახლებული ვარიანტი Mk.2, ისევე როგორც მისი წინამორბედი Mk.1 ვერ უძლებდა ბრიტანული ვაზნების წნევას და მალე გამოდიოდა მწყობრიდან. რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ 1000 გასროლის შემდეგ კარაბინს უკვე ეწყებოდა სერიოზული პრობლემები. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ გასროლისას საკეტი იჭედებოდა უკიდურეს (უკანა) პოზიციაში. ასევე ხდებოდა ლულის კოლოფის უკანა ნაწილში ხრახნის მეშვეობით ჩამაგრებული საცობის გაბზარვა.
ბრიტანელებმა გადაწყვიტეს გაეუქმებინათ კონტრაქტი და უკან მოითხოვეს გადახდილი 1 000 000$, რაზეც სმიტ და ვესონიდან მიიღეს პასუხი, რომ 870 000$ უკვე დახარჯული იყო კარაბინების წარმოებაზე და უკან ვერ დააბრუნებდნენ ამ თანხას. სანაცვლოდ მათ შესთავაზეს ფასდაკლება ბრიტანულ ვაზნაზე (.380-200) გათვლილ რევოლვერებზე „S&W Military & Police“. 1941 წლის მაისში კი სმიტ და ვესონის ფაბრიკამ საერთოდ შეწყვიტა S&W Light Rifle Model 1940 Mk.2 -ის წარმოება.
კარაბინის საბაზისო ვარიანტი აღჭურვლი იყო ხის კონდახით, რომელსაც ნახევრად პისტოლეტისებური სახელური ჰქონდა. როდესაც კარაბინები მოხვდა ინგლისში, იგი აღჭურვეს მეტალის პისტოლეტისებური სახელურებით და მოხსნადი კონდახით. აღნიშნული სახელურები და კონდახები დამზადებულ იქნა ინგლისში მდებარე იარაღის ქარხანაში „Enfield“.
რამდენადაც ცნობილია ბრიტანეთში გაგზავნილი კარაბინების დიდი ნაწილი 1941-1942 წლებში მსახურობდა სამხედრო საზღვაო ფლოტის რიგებში. ხოლო ომის შემდგომ შემორჩენილი კარაბინები, რომელთა უმეტესი ნაწილი უკვე ვეღარ ფუნქციონირებდა სათანადოდ, ბრიტანელების მიერ იქნა განადგურებული. რამდენადაც მოცემულია რიგ წყაროებში, კარაბინები შუაზე გადახერხეს და ლამანშში გადაყარეს.  გამოდის, რომ ბრიტანელებმა 1 000 000$ გადაიხადეს 955 ცალ კარაბინში, რაც 1 ცალ კარაბინში 1047$ უდრის. მაშინ როდესაც აშშ-ს არმიას  ბევრად უფრო სრულყოფილი და ძლიერი კარაბინი „М1 Carbine“ უჯდებოდა 1 ცალი 45$. ფაქტიურად ბრიტანელებმა 1 000 000$ ლამანშში გადაყარეს. არადა ზუსტად სმიტ და ვესონთან კონტრაქტის დადების პერიოდში, ბრიტანეთში შექმნეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე იაფიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი STEN ბედის ირონიაც სწორედ ასეთია J)))).
არსებობს ცნობები, რომ სმიტ & ვესონის ფაბრიკაში ცადეს კარაბინის (M1940) სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმის მქონე ვარიანტის შექმნაც, თუმცა სამუშაოები ამ მიმართულებით ექსპერიმენტების იქით არ დაძრულა.

ფოტო ამოღებულია ბრიტანული ინსტრუქციიდან
 
წარმოების გარკვეული თავისებურებანი
მიუხედავად იმისა, რომ კარაბინი ფუნქციონალურ ნაწილში მოიკოჭლებდა, იგი გამოირჩეოდა დამზადების და გამოყენებული მასალების უმაღლესი ხარისხით. ლულა და დამრტმელ-გამშვები მექანიზმი დამზადებული იყო ქრომ-ნიკელის ფოლადისგან, ხოლო საკეტის ნიკელის ფოლადისგან. მისი ღვედიც კი უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავისგან იყო დამზადებული.
საბოლოო ჯამში მაღალი ხარისხის დამუშავებამ, გამოყენებულმა მასალებმა და წარმოების სირთულეებმა, კარაბინის ფასზე დიდი გავლანა იქონია.  ლულას მთელს სიგრძეზე ჰქონდა 12 ცალი ამონაზარდი ნეკნის სახით, რომელიც ფრეზირების მეთოდით კეთდებოდა და საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო.
ფოტოზე გამოსახულია კარაბინის ლულა, რომელზეც კარგად ჩანს ნეკნებისებური გამონაზარდები

ასევე უცნაური ტექნოლოგიის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, ლულის კოლოფის დამზადებაშიც. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ყველა ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მარტივ და იაფიან ტექნოლოგიაზე (დაბეჭდვის მეთოდი, ჩამოსხმის მეთოდი, ან საერთოდ უბრალო მილების გამოყენება) გადასულიყვნენ და ეს განსაკუთრებით ეხებოდა ლულის კოლოფებს. S&W M1940 -ის შემთხვევაში კი ლულის კოლოფი კეთდებოდა მანგანუმური (მარგანეცი) ფოლადისგან ჭედვის მეთოდით დამზადებული 3 ცალი ნაწილისგან, რომლებც შემდგომ ერთიანდებოდა მილის სახით.
სამომხმარებლო ინსტრუქციაში ეწერა, რომ კარაბინი შედგებოდა 46 ცალი დეტალისგან, რომელთა დიდ ნაწილს წარმოადგენდა ჭედური მეთოდით დამზადებული სხვადასხვა პატარა ღერძები და სარჭები. რამდენადაც ცნობილია ყველაზე მცირე დეტალის დამზადებასაც კი 3-4 ოპერაციის შესრულება სჭირდებოდა.
საკეტის ჯგუფი და ლულის კოლოფი
სულ ჯამში რამდენი ცალი ეგზემპლარი იქნა დამზადებული?
რაც შეეხება დამზადებული ეგზემპლარების საერთო რაოდენობას, რიგ წყარიოებში მოცემულია შემდეგი ციფრები: 1000 ცალი კარაბინი ვარიანტი Mk.1 (აქ იგულისხმება ბრიტანეთის კონტრაქტის დროს დამზადებული 860 ცალი + პროტოტიპების ჩათვლით და იმ ეგზემპლარების ჩათვლით, რომლებიც საგამოცდოთ გამოიყენებოდა), ხოლო ვარიანტი Mk.2 100 ცალი, რომელიც ბრიტანეთში გაიგზავნა.
S&W M1940 შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე იშვიათ ეგზემპლარად, რომელიც კომპანია Smith & Wesson -მა სერიულად დაამზადა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კარაბინები მცირე რაოდენბით დამზადდა და დღეს მიზერული, თითებზე ჩამოსათვლელი რაოდნობით შემორჩა, მასზე კოლექციონერები გამწარებული ნადირობენ. მაგალითად ერთერთ აუქციონზე გამოტანილ იქნა კარაბინი ვარიანტით Mk.1 (სერიული ნომერი 423), რომლის საწყისი ფასიც 6000$ შეადგენდა.

No comments:

Post a Comment