კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 6)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
სტატიის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე >  კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
სტატიის მესამე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)
სტატიის მეოთხე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 4)
სტატიის მეხუთე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 5)
 
მიუხედავად იმისა, რომ ავტომატები АКМ/АКМС (ასევე ხელის ტყვიამფრქვევები РПК / РПКС)  ფართოდ იკიდებდა ფეხს საბჭოთა კავშირის არმიაში, მაინც არ ცხრებოდა სამუშაოები, რომელიც ახალი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის შექმნას უკავშირდებოდა. 1960-1970-ანი წლების პერიოდში საბჭოთა კავშირში პარალელურად სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა სამუშაოები:

1. შეიარაღებაში არსებული კალაშნიკოვის ავტომატების АКМ/АКМС და ხელის ტყვიამფრქვევბის         РПК/РПКС მაქსიმალური დახვეწა, წარმოების გამარტივება/ გაუმჯობესება და ტექნოლოგიურობის დახვეწა;
2. პერსპექტიული ავტომატის შექმნა შეიარაღებაში არსებულ 7,62х39მმ-ან საშტატო ვაზნაზე, რომელიც თავის საბრძოლო თვისებებით და ერგონომიულობით აჯობებდა კალაშნიკოვის ავტმატს АКМ/АКМС;
3. მცირეიმპუსლიანი ვაზნის და ახალი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის ერთიანი კომპლექსის შექმნა.
სტატიის ქვემოთ შევეცდებით, სწორედ ამ ძირითად მიმართულებებზე  ვისაუბროთ დეტალურად.
კალაშნიკოვის ავტომატების და ხელის ტყვიამფრქვევბის მაქსიმალური დახვეწა, წარმოების გამარტივება/გაუმჯობესება და ტექნოლოგიურობის დახვეწა
კალაშნიკოვის ლულის არხის და მისი ჭრილების ფორმირების ტექნოლოგია
АКМ –ის და РПК-ს წარმოებისას ყველაზე შრომატევად პროცესს წარმოადგენდა ლულის არხში ჭრილების ფორმირება, რომელსაც დორნირების ტექნოლოგიით ახდენდნენ.  დორნირების ტექნოლოგიით ჭრილების ფორმირება გულისხმობს შემდეგ პროცესს. გლუვ ლულაში ხდება სპეციალური ინსტრუმენტის-კონუსისებრი პუანსონის (ე.წ. დორნის) გატარება, რომელსაც გარე ზედაპირზე გააჩნია სპირალისებური გამონაზარდები. აღნიშნული გამონაზარდები გლუვ ლულაში გავლისას ახდენენ მეტალის პლასტიკურ დეფორმაციას იმდაგვარად, რომ გლუვ ლულაში წარმოიქმნება (ფორმირდება) ჭრილები. საბჭოთა კავშირში 1940-1960 წლებში ლულაში ჭრილების ფორმირების ასეთი მეთოდი დამაკმაყოფილებლად ითვლებოდა, თუმცა 60-ანი წლების დასაწყისში შეამჩნიეს, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვნად აფერხებდა კალაშნიკოვის ავტომატისთვის ლულის დამზადების ტემპს და ვერ უზრუნველყოფდა დამზადებისას ავტომატიზაციის სრულ პროცესს. წამყვანი სპეციალისტის ა.ა. მალიმონის (А.А. Малимон) აზრით ლულის დამზადების ავტომატიზაცია მოითხოვდა ლულის სამზადის (სამზადი არის ფოლადის გრძელი ცილინდრული ფორმის ნაჭერი რომლისგანაც მზადდება ლულა) წონის და ლულის მექანიკური დამუშავების ოპერაციების შემცირებას. დორნირების შემდეგ ასევე აუცილებელი ხდებოდა ჭრილების და ლულის შიდა ზედაპირის ხელით შესწორება, რაც დორნირებისას მეტალის დეფორმირებით იყო გამოწვეული. ჯერ კიდევ 50-ანი წლების შუალედში დორნირების ტექნოლოგიის პროცესში დანერგილ იქნა მეტალის ელექტროქიმიური დამუშავება, რომელიც მისაღები იყო 7,62 მმ-ანი ლულისთვის. გამოკვლვები ჩატარდა ასევე უფრო წვრილკალიბრიან ლულაში ჭრილების ფორმირებაზე, თუმცა ამ ტექნოლოგიის გამოყენება მცირეკალიბრიანი ლულის დამზადებისას არ იყო საკმარისი. პარალელურად საბჭოთა კავშირში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდებოდა ახალი მცირეკალიბრიანი შუალედური ვაზნის და მასზე გათვლილი ავტომატის შექმნა, რომლის ლულის არხშიც ელექტროქიმიური + დორნირების მეთოდით ჭრილების ფორმირების ტექნოლოგია ვერ გამოდგებოდა. ამიტომ საბჭოთა კავშირში სპეციალისტები კვლავ აგრძელებდნენ მუშაობას ლულაში ჭრილების ფორმირების ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე. საბოლოოდ 60-ანი წლების მიწურულს შემუშავდა ჭრილების ფორმირების როტაციული ცივი ჭედვის მეთოდი (ე.წ. რედუცირების მეთოდი), რომელიც სპეციალური საჭედი მანქანების გამოყენების მეშვეობით ხდებოდა. 70-ანი წლების დასაწყისში უკვე რეალური გახდა ამ მეთოდის მასიური დანერგვა კალაშნიკოვის ლულების წარმოების პროცესში.  ასევე ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელი იყო მცირეკალიბრიანი ლულის არხში ჭრილების ფორმირებისათვის. 1971 წელს ავსტრიული მანქანამშენებელი კომპანია СРМ -ისგან საბჭოთა კავშირის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს (МОП) მიერ შეძენილ იქნა ჰორიზონტალურ-საჭედი მანქანები მარკით 5НК-100, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ჭრილების ფორმირების დორნირების მეთოდიდან, რედუცირების მეთოდზე გადასულიყვნენ. აღნიშნული დანადგარების გამოყენებით 1972 წელს იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ (ИЖМех) დაიწყო ლულების ახალი მეთოდით დამზადება. ახალი მეთოდის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა, რომ ლულების წარმოების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულ პროცესზე გადასულიყო.  რედუცირების მეთოდის გამოყენების დროს ლულის ჭრილების და სავაზნის ფორმირება ხდებოდა ერთდროულად, რამაც გამოიწვია 1 ცალ АКМ-ის ლულის დასამზადებლად დახარჯული შრომის 40%-ით შემცირება.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1 ცალი ავტომატის (АКМ) დასამზადებლათ განკუთვნილი ნორმირებული საათი 21-დან შემცირდა 15,5 საათამდე.

ყუმბარმტყორცნის დამონტაჟება კალაშნიკოვის ავტომატზე (პირველი ცდები)
60-ან წლებში დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებაში სულ უფრო აქტიურად იკიდებდა ფეხს ლულის ცხვირზე დასამაგრებელი ყუმბარის სატყორცნი მოწყობილობები. 1960 -ანი წლების შუალედში საბჭოთა კავშირის მეიარაღეებს მიეცათ ახალი დავალება, რომელიც უკავშირდებოდა ქვეითებისთვის ინდივიდუალური ყუმბარმტყორცნის შექმნას. ლულის ცხვირზე დასამაგრებელ ყუმბარმტყორცნს გააჩნდა ერთი უარყოფითი თვისება, თუკი ყუმბარა გაკეთებული იყო ავტომატზე, შეუძლებელი იყო მასში საბრძოლო ტყვიების გამოყენება, მანამ სანამ მსროლელი არ გაისროდა ყუმბარას, ან კიდევ არ მოახდენდა ყუმბარის ხელით მოხსნას (რიგ ეგზემპლარებზე კი საჭირო იყო ყუმბარის სასროლი მოწყობილობის მოხსნა). ასევე ლულის ცხვირზე დასამაგრებელ ყუმბარმტყორცნს ესაჭიროებოდა სპეციალური ფუჭი ვაზნები, რომლის ენერგიითაც მოხდებოდა ყუმბარის გატყორცნა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვტილება, რომ ახალი ყუმბარმტყორცნი ყოფილიყო არა ლულის ცხვირზე დასამაგრებელი, არამედ, ლულის ქვეშ დასამაგრებელი. ასეთი ყუმბარმტყორცნით აღჭურვილ ავტომატს ერთდროულად შეეძლებოდა ორი იარაღის დანიშნულების შესრულება (როგორც ავტომატის, ასევე ყუმბარმტყორცნის). შესაბამისად მებრძოლი კონკრეტული საბრძოლო სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე  გადაწყვეტდა რომელი ტიპის იარაღს გამოიყენებდა.
1966 წელს ქალაქ ტულის სსპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალური საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიუროს (ЦКИБСОО - Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия) თანამშრომელმა ვ.ვ. რებრიკოვმა (В.В. Ребриков) წარმოადგინა პირველი საბჭოთა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ТКБ-048.
საბჭოთა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ТКБ-048
1967 წლის აპრილში მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომლის თანახმადაც წამოწყებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები შიფრით «Искра». სამუშაობის მიზანს წარმოადგენდა ნამსხვრევ-კუმულაციური სასროლი მოწყობილობის შექმნა, რომელიც სპეციალურად კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატისთვის (АКМ) იქნებოდა განკუთვნილი. ნამსხვრევ-კუმულაციურ ყუმბარას 60° კუთხით მოხვედრისას, მინიმუმ 90% შემთვევაში უნდა მოეხდინა 30მმ სისქის ჯავშანგატანა.  შემდგომ აღნიშნული მოთხოვნა დაკორექტირდა და ნაცვლად 60° კუთხისა მოთხოვნებში გაიწერა 45°.  რებრიკოვი 3 წლის განმავლობაში მუშაობდა მისი ყუმბარმტყორცნის ТКБ-048 და  ТКБ-048М გადამუშავებაზე.
საბჭოთა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ТКБ-048М
ТКБ-048 წარმოადგენდა ჭრილიანი ლულის წინა ნაწილიდან დასატენ მოწყობილობას. ლულის სიგრძე შეადგენდა 140 მმ-ს და უზრუნველყოფდა ყუმბარის კიდულ სროლას 50 დან 400 მეტრამდე. ЦКИБСОО –ს ინჟინერმა კ. დემიდოვმა (К.В. Демидов) სპეციალურად აღნიშნული ყუმბარმტყორცნისთვის შექმნა ნამსხვრევ-კუმულაციური ყუმბარა კოდური სახელწოდებით ТКБ-047 (ОКГ-40) (უწოდებენ ასევე ОКВ-40).
ნამსხვრევ-კუმულაციური ყუმბარა ОКВ-40
შემდგომ ТКБ-048 -ისთვის ტულის იარაღის ქარხნის თანამშრომელმა ვ.ნ. ტელეშმა  (В.Н. Телеш) შეიმუშავა ხმისჩამხშობი (მაყუჩი) ინდექსით ТКБ-069,  სახელწოდება «Факел».
ყუმბარმტყორცნი მაგრდებოდა АКМ/АКМС -ის ხიშტ-დანის სამაგრზე. მისი გამოყენება ხდებოდა კიდული გასროლით 60-80 მეტრამდე, ამაღლების კუთხით 80–85°. ყუმბარმყტორცნს გააჩნდა სპეციალური მოწყობილობა ე.წ. „კრანი“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ყუმბარის საწყისი სიჩქარის შემცირება (დაგდება) 55 მ/წამამდე.  ლულის ქვეშ დამონტაჟებული ყუმბარმტყორცნი სიგრძეში არ სცდებოდა ავტომატის ლულის სიგრძეს და იყო ზუსტად მის დონეზე, რაც აადვილებდა ავტომატით მანევრირებას. რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ  აღნიშნული ყუმბარმტყორცნიდან შესაძლებელი იყო ასევე РПГ-7 -ის თავაკის  ПГ-7 გასროლის განხორციელება (ПГ-7-ის თავაკის გასროლა ხდებოდა რეაქტიული გამშვების გარეშე და სპეციალური მუხტის მეშვეობით), რაც მე პირადად საეჭვო ინფორმაციად მიმაჩნია). 1970 წლის ივლისი-დეკემბერში გაიმართა ყუმბარმტყორცნის საპოლიგონო გამოცდები, რომელმაც არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. გასროლისას ყუმბარმტყორცნს ჰქონდა 5-ჯერ მეტი უკუცემა, ვიდრე გააჩნდა АКМ-ს საშტატო ვაზნებით სროლისას. დიდი უკუცემა იწვევდა ავტომატის დეტალების მორყევას. ასევე სროლისას ყუმბარის ტრაექტორია არ იყო დამაკმაყოფილებელი და გრუნტზე დაცემა ხდებოდა ყუმბარის გვერდითი ან უკანა ნაწილით, რაც იწვევდა ამფეთქის ამუშავებას, არა დაჯახებით, არამედ თვითლიკვიდირებით. გამომცდელებს ასვე არ აკმაყოფილებდათ ყუმბარის ჯავშანგამტანი ეფექტი. ყუმბარა ОКГ-40 30მმ-ან ჯავშანფილაზე 45°-ანი კუთხით მოხვედრისას უზრუნველყოფდა მის გახვრეტას მხოლოდ 33-57% შემთხვევაში.
ფოტოზე გამოსახულია არასრულად დაშლილი ყუმბარმტყორცნი "Искра"
საბოლოო ჯამში ყუმბარმტყორცნიც და მისი ნამსხვრევ-კუმულაციური ყუმბარა „ОКГ-40“ მხოლოდ საცდელ  ეგზემპლარად დარჩა და 1971 წლის დასაწყისში მასზე მუშაობა შეწყვეტილ იქნა.   
რამოდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში კვლავ მიუბრუნდნენ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის შექმნას და ტულის იარაღის ქარხანაში დაწყებულ იქნა საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოები (ОКР) სახელწოდებით «Костер“, რომლის ფარგლებშიც  ЦКИБСОО-ს კონსტრუქტორმა ვ.ნ. ტელეშმა (В.Н. Телеш) წარმოადგინა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი “ГП-25” (ამაზე სტატიის შემდგომ ნაწილებში ვისაუბრებთ).  ასევე 70-ანი წლების დასაწყისში შეიარაღებული ნაწილებისთვის და სპეცდანიშნულების დანაყოფებისთვის ЦНИИТОЧМАШ-ის ბიუროში  გ.ნ. პეტროპავლოვის (Г.Н. Петропавлов) მიერ შეიქმნა კიდევ ერთი ავტომატ-ყუმბარმტყორცნის კომპლექსი სახელწოდებით «Тишина», რომლის დანიშნულებაც იყო ფარული და მსუბუქად შეჯავშნული სამიზნეების განადგურება. სროლის წარმოება შესაძლებელი იყო 300 მეტრამდე.  
კომპლექსი წარმოადგენდა ავტომატს АКМС, რომელიც აღჭურვილი იყო უხმო და ალისგარეშე სასროლი მოწყობილობით (მაყუჩით) ПБС-1 და უხმო ყუმბარმტყორცნით БС-1.
ფოტოზე გამოსახულია ყუმბარმტყორცნი БС-1, მოხსნილი მჭიდი, ფუჭი ვაზნა (ე.წ. ბიძგის მიმცემი მუხტით) და ყუმბარა
БС-1 წარმოადგენდა ლულის მხრიდან დასატენ 30მმ-ან ყუმბარების სასროლ მოწყობილობას. ყუმბარმტყორცნი მონტაჟდებოდა ხიშტ-დანის სამაგრ კვანძზე. ასევე ავტომატის უკანა სამიზნის ბაზაზე დამაგრებული იყო კომბინირებული ჩარჩოსებური სამიზნე მოწყობილობა, რომელიც იძლეოდა ყუმბარის სროლისას დამიზნების საშუალებას. დამატებითი სამიზნე მოწყობილობა მაგრდებოდა  ავტომატის ლულის ცხვირზეც. ყუმბარმტყორცნის დამიზნების მანძილი შეადგენდა 300 მეტრს, ხოლო მაყუჩით (ПБС-1) აღჭურვილი ავტომატის АКМС სროლის მანძილი  400 მეტრს. ყუმბარმტყორცნის გასროლა იყო უხმო, რაც მიიღწეოდა ლულაში არსებული სპეციალური დგუშის მეშვეობით. გასროლისას გამოიყენებოდა 7,62х39 ვაზნის მასრის ბაზაზე შექმნილი სპეციალური ფუჭი ვაზნები, რომლებიც ასრულებდა ყუმბარის ბიძგის მიმცემის დანიშნულებას. ფუჭი ვაზნები ჩადიოდა 5 ცალ ვაზნაზე გათვლილ მოხსნად მჭიდში, რომელიც ყუმბარმტყორცნის პისტოლეტისებურ სახელურში თავსდებოდა. გასროლისას ხდებოდა ფუჭი ვაზნის აალება, აალების შედეგად დენთის აირები უბიძგებდა ლულაში არსებულ დგუშს, დგუში კი უბიძგებდა 30მმ-ან ყუმბარას, რომელიც ლულაში წინა მხრიდან თავსდებოდა და ფიქსირდებოდა სამი ცალი ფირფიტისებური ზამბარის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც დგუში უბიძგებდა ყუმბარას და მოახდენდა მის ლულიდან გამოტყორცნას, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩერდებოდა და ახდენდა დენთის აირების ლულაში გადაკეტვას. შესაბამისად გასროლა ხდებოდა ცვლად-ჩაკეტილობის პრინციპით და არ ჰქონდა ხმა/ალი. (მსგავსი პრინციპი გამოიყენება საბჭოთა უხმო ვაზნებში СП-2 / СП-3 / СП-4).   30მმ-ანი კუმულაციური ყუმბარა ლულას ტოვებდა 100-110მ/წამი სიჩქარით და ფრენისას სტაბილიზირებას ახდენდა ბრუნვის მეშვეობით.  ყუმბარა ახლო დისტანციაზე  ხვრეტდა 10მმ-ანი ფოლადის ფილას. ავტომატ-ყუმბარმტყორცნის მთლიანი კომპლექსი იწონიდა 5,93კგ-ს. (ყუმბარმტყორცნის გარეშე მხოლოდ АКМС + ПБС-1 იწონიდა 4,15 კგ-ს).
ახალი ავტომატების შექმნის სხვადასხვა ცდების და ექსპერიმენტების პარალელურად АКМ/АКМС –ის წარმოება სულ უფრო და უფრო დიდ ბრუნს იღებდა. სულ 16 წლის მანძილზე (1959 წლიდან - 1975 წლამდე) დამზადებულ იქნა 10 278 300 ცალი ავტომატი АКМ/АКМС. (ცნობისთვის 1959-დან 1966 წლამდე დამზადებულ იქნა 366 159 ცალი ავტომატი. ხოლო 1971-75 წლებში დამზადებულ იქნა 3 955 900 ცალი ავტომატი АКМ/АКМС).

პერსპექტიული ავტომატის შექმნა 7,62х39მმ-ან საშტატო ვაზნაზე, რომელიც თავის საბრძოლო თვისებებით და ერგონომიულობით აჯობებდა კალაშნიკოვის ავტმატს АКМ/АКМС
1961 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირში გახსნილად გამოცხადდა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა ახალი პერსპექტიული ავტომატების და ტყვიამფრქვევბის შექმნას. შეიძლება ითქვას, რომ თემა იყო თავისუფალი, რადგანაც არ არსებობდა კონკრეტული ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები. უბრალოდ ახალი ეგზემპლარები უნდა ყოფილიყო მარტივი კონსტრუქციის, მსუბუქი და ექსპლუატაციისას საიმედო. ამავდროულად მისი საბრძოლო თვისებები და ერგონომიულობა, უნდა ყოფილიყო შეიარაღებაში არსებულ კალაშნიკოვის ავტომატზე АКМ/АКМС უკეთესი. მთავარი ყურადღება მახვილდებოდა ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესებაზე.  ასევე სამუშაოების მიზანს წარმოადგენდა ავტომატური იარაღების ახალი სქემების და ახალი პრინციპების შექმნა-გამოცდა, პლიუს ამა თუ იმ პრინციპის დადებითი/უარყოფითი მხარეების გამოვლენა. თუ რომელიმე ეგზემპლარს აღმოაჩნდებოდა განსაკუთრებული თვისებები, დაიგეგმებოდა მისი საპოლიგონო გამოცდები, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეიარაღებაში მიიღებაზეც მიდგებოდა საქმე. ბუნებრივია აღნიშნული თემით დაინტერესდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული საკონსტრუქტორო ბიუროები და მასში დასაქმებული რიგი კონსტრუქტორები, რომელთათვისაც სტიმულის მიმცემი გახდა ახალი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების გამოცხადება. აღნიშნული სამუშაობის დაფინანსება მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტით და სულ ჯამში გამოყოფილ იქნა 2,9 მილიონი რუბლი. 1961-1968 წლამდე პერიოდში უამრავი საცდელი ეგზემპლარი შეიქმნა, რომელთა ნაწილი დღეს აღარ არსებობს და შესაბამისად მათ შესახებაც თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა გარკვეული ნაწილი დღემდე შემორჩა რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში. შესაბამისად ქვემოთ გთავაზობთ იმ მწირ ინფორმაციას რომლის მოძიებაც სხვადასხვა წყაროებიდან შევძელი.
გერმან კორობოვის საცდელი ავტომატები (ტულის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო / სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალური საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიურო ЦКИБ СОО)
ბუნებრივია ბედი კვლავ სცადა გერმან კორობოვმა, რომელიც უკვე წლებია საკუთარი ეგზემპლარებით იღებდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირში გამართულ ავტომატების გამოცდებში და კინაღამ გაიმარჯვა  მ.ტ. კალაშნიკოვთან ორთაბრძოლაში (ამაზე სტატიის წინა ნაწილებში ვწერდით). გერმან კორობოვმა 1961 წლის მიწურულს გამოსაცდელად წარმოდგენა ავტომატი სამუშაო სახელწოდებით ТКБ-022, რომელიც ტულის საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნა.
ТКБ-022
გ.კორობოვის მიერ გამოცდებზე გატანილ იქნა ТКБ-022 -ის სამი ვარიანტი №1, №2, №З, რომლებიც მცირედით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ТКБ-022  ვიზუალურად წააგავდა კოსმოსურ იარაღს. მას არ ჰქონდა ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური. სახელურის როლს ასრულებდა მჭიდის მიმღები ყელი.  ავტომატში ფართოდ გამოიყენებოდა პლასტმასის დეტალები. შეიძლება ითქვას, რომ იგი შესრულებული იყო პლასტმასის „ფუტლიარის“ სახით, რომელიც ორ ნაწილად იხსნებოდა და შიგნით თავსდებოდა მეტალის მოძრავი დეტალები. ასევე უცნაური იყო ავტომატის მუშაობის პრინციპი, რომელიც ლულიდან აირების გაყვანის და სპეცალური რგოლისებური დგუშით მუშაობდა. აღნიშნული დგუში ლულის გარშემო იყო ჩამოცმული და სროლის დროს გადიოდა საკმაოდ დიდ მანძილს, რამაც გამოიწვია სროლის ტემპის საგრძნობი შემცირება (560 გასროლა წუთში). მიუხედავად იმისა, რომ დგუში გადიოდა დიდ მანძილს, საკეტს და საკეტის ჩარჩოს უწევდა ძალზედ მცირე მანძილის გავლა. სროლის დროს საკეტის ჩარჩო და რგოლისებური დგუში გარკვეულ მანძილზე ებმებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ამ მანძილის გავლის შემდეგ დგუში დამოუკიდებლად აგრძელებდა მოძრაობას. მასრების ამოყრა სროლის დროს ხდებოდა მარჯვენა მხარეს განთავსებული ფანჯრიდან. სროლა წარმოებდა როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით. ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავაკით. ავტომატის ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატის მჭიდებით. იარაღის წონა მჭიდის გარეშე შეადგენდა 2,55-2,6 კგ-ს. საერთო სიგრძე 755მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 415მმ-ს. (შედარებისთვის კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი АКМ ცარიელი მჭიდით იწონიდა 3,1 კგ-ს, ხოლო მისი საერთო სიგრძე შეადგენდა 880მმ-ს).
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-022 №1
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-022 №3
თუ დავუჯერებთ შემორჩენილ ჩანაწერებს, გამოცდის დროს ТКБ-022 №1 -დან შეფერხებების გარეშე იქნა გასროლილი 13 350 ცალი ვაზნა, ხოლო ТКБ-022  №3 -დან შეფერხებების გარეშე გასროლილ იქნა 3036 ცალი ვაზნა. ტყვიების შეჯგუფება არ ჩამოუვარდებოდა საშტატო АКМ-ს. საცდელ სროლებზე გამოიკვეთა, რომ ცაცია მსროლელების შემთხვევაში მასრები სახეში ხვდებოდა მსროლელს, რაც გამომცდელებმა დიდ მინუსად ჩათვალეს. ასევე ავტომატში პლასტმასის კორპუსის გამოყენებას იმ პერიოდში სკეპტიკურად  უყურებდნენ და საბოლოოდ მიიჩნიეს, რომ გერმან კორობოვის ТКБ-022 №1 და №3 არ წარმოადგენდა დიდ უპირატესობას კალაშნიკოვის ავტომატთან (АКМ) შედარებით.
ТКБ-022П
1962 წელს გ. კორობოვმა გამოსაცდელათ წარმოადგინა ТКБ-022-ის ბულპაპის სქემაზე გადამუშავებული ავტომატის სამი ახალი ეგზემპლარი სამუშაო სახელწოდებით ТКБ-022П №1, №2 და №З. ავტომატი ТКБ-022П ისევე, როგორც მისი წინამორბედი ვარიანტი (ТКБ-022) დამზადებული იყო პლასტმასის კორპუსით, თუმცა მისგან განსხვავდებოდა უფრო კომპაქტური გაბარიტებით.
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-022П №2
ლულის სიგრძე შეადგენდა ისევ 415მმ-ს, მაგრამ ავტომატის საერთო სიგრძე უკვე იყო 635მმ. წონა მჭიდის გარეშე 2,5კგ. ავტომატის ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატის მჭიდებით. ავტომატი ТКБ-022П იყო ბევრად უფრო ადვილი დასამზადებელი, ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატი (АКМ), თუმცა გააჩნდა ისევ იგვე მინუსები რაც მის წინამორბედ მოდელს (ТКБ-022). სროლის დროს ТКБ-022П აჩვენებდა АКМ-ის იდენტურ შედეგებს.
ТКБ-022ПМ
მოგვიანებით კორობოვმა მოახდინა ТКБ-022П-ს მოდერნიზება  და წარმოადგინა კიდევ უფრო კომპაქტური ავტომატები სამუშაო სახელწოდებით ТКБ-022ПМ ვარიანტი №1 და №2.
ფოტოზე გამოსახულია ТКБ-022ПМ №1
ფოტოზე გამოსახულია ТКБ-022ПМ №2  პ.ს. რიგ წყაროებში აღნიშნული ავტომატების დასახელება შეიძლება შეგხვდეთ არეული და უკუღმა იყოს მითითებული. ამ შეცდომას „ფეხები ეზრდება“ ერთერთი რუსულენოვანი ჟურნალიდან, რომელშიც არასწორად იყო დაბეჭდილი ავტომატის სახელწოდებები.
ფოტოზე გამოსახულია ТКБ-022ПМ №2  (ხედი მარჯვნიდან)
ავტომატი ТКБ-022ПМ №1 ისევე, როგორც №2 იყენებდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპს და ლულაზე ჩამოცმულ რგოლისებურ დგუშს. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი სოლისებური საკეტის მეშვეობით. იმისათვის, რომ ავტომატი გამოსულიყო მაქსიმალურად კომპაქტური, კორობოვმა გამოიყენა U -სებური ფორმის ვაზნის მიმწოდებელი. წინ მოძრაობისას მიმწოდებელს ამოჰქონდა ვაზნა მჭიდიდან და აწვდიდა მას საკეტის მიწოდების ხაზზე. შემდგომ კი გახსნილი საკეტი აგრძელებდა ვაზნის მიწოდებას სავაზნეში (ლულაში). ამ გადაწყვეტილების შედეგად საკეტს უწევდა საკმაოდ მცირე მანძილის გავლა და ისიც ზევიდან ქვევით და პირქით, რის შედეგადაც ავტომატის საერთო სიგრძე მაქსიმალურად იქნა შემცირებული.
ТКБ-022ПМ №1 -ის შემთხვევაში მასრების ამოგდება ხდებოდა ავტომატის ქვედა მხარეს მჭიდის წინ არსებული ფანჯრიდან, ხოლო ТКБ-022ПМ №2 -ის შემთხვეაში, ვაზნების მიმწოდებელი ახდენდა ექსტრაქტირებული მასრების აგდებას ლულის ზევით არსებულ მასრების გამყვან მილში, რომლიდანაც შემდგომ წინა სამიზნის ფუძესთან გარეთ იყრებოდა საკუთარი წონის ან უკნიდან მოხვედრილი/დაჯახებული მომდევნო მასრის მეშვეობით. მასრების ამოყრის ასეთი გადაწყვეტილების წყალობით (ТКБ-022ПМ №1 -ის შემთხვევაში მჭიდის წინ არსებული ფანჯრიდან ქვემოთ და ТКБ-022ПМ №2 -ის შემთხვევაში მასრების გამყვანი მილის მეშვებოთ), შესაძლებელი გახდა ავტომატის გამოყენება, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე (ცაცია) მსროლელებისთვის, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. (მაგალითად დღეს ТКБ-022ПМ №2 -ის მსგავს მასრების ამოყრის მილისებურ პრინციპს იყენებს ბელგიური მოიერიშე შაშხანა FN F2000. ასევე მასრების ამოყრის ანალოგიური პრინციპია გამოყენებული ამერიკულ Kel-Tec RFB -ში).
მასრების ამოყრის სქემა Kel-Tec RFB
მიუხედავად იმისა, რომ ТКБ-022ПМ სერიის ავტომატის ლულა იყო სტანდარტული კალაშნიკოვის მოდერნიზირებული  ავტომატის (АКМ) ლულის იდენტური სიგრძის (415მმ), მისი  საერთო სიგრძე შეადგენდა სულ რაღაც 525მმ-ს. (შედარებისთვის საშტატო АКМС -ის სიგრძე დაკეცილი დუგლუგით შეადგენს 640მმ-ს). ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატის მჭიდებით.
ТКБ-022ПМ5 № 1
60-ანი წლების მიწურულს კორობოვმა წარმოადგინა აღნიშნული სერიის ავტომატი სამუშაო სახელწოდებით ТКБ-022ПМ5, რომელიც გათვლილი იყო იმ პერიოდში დამუშავების ეტაპზე მყოფ მცირეიმპულსიან ექსპერიმენტალურ ვაზნაზე 13МЖ (5,6х39). ამ ვაზნაზე ჩვენ სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ დეტალურად. ТКБ-022ПМ5 -ის კონსტრუქცია იყო  ТКБ-022ПМ -ის ანალოგიური. მისმა გამოცდამ აჩვენა, რომ დაწოლილ მდგომარეობიდან საყრდენის გარეშე ავტოატური ჯერებით სროლისას 100 მეტრ დისტანციაზე უკეთეს ჯგუფს აკეთებდა, ვიდრე საშტატო АКМ.
მიუხედავად იმისა, რომ კორობოვის ავტომატები ТКБ-022ПМ წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში იმ პერიოდისათვის საკმაოდ ინოვაციურ ეგზემპლარებს და ჰქონდა ძალზედ ბევრი პლიუსი, მაინც არ იქნა სათანადოდ შესწავლილი, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო პლასტმასის კორპუსით და ფუტურისტული იერით, რომელსაც იმდროინდელი კონსერვატიული აზროვნების მაღალჩინოსანი პირები არ წყალობდნენ. მთავარ უარყოფით მხარეებათ გამომცდელებმა დაასახელეს მოკლე სამიზნე ხაზი, სიმძიმის ცენტრის ზედმეტად უკან გადატანა და პლასტმასის კორპუსი, რომელზეც ვერავინ ამბობდა თუ გრძელვადიან პერიოდში ექსპლუატაციისას რამდენად გამძლე და საიმედო იქნებოდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტემპერატურული ცვლილებების ზემოქმედების შედეგად, პლასტმასი დაიწყებდა გამოფიტვას და დაშლას. ზუსტად ანალოგიური ბედი გაიზიარა იგივე საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნილმა ნ.მ. აფანასიევის (Никола́й Миха́йлович Афана́сьев) საცდელმა ავტომატებმა.
ნ.მ. აფანასიევის ავტომატები ТКБ-011 / ТКБ-011 М / ТКБ-011 М2
1963 წელს ნ.მ. აფანასიევმა წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის ავტომატი ТКБ-011, რომელიც „ბულპაპის“ პრინციპით იყო აგებული.  კონსტრუქიულად იგი ახლოს იდგა გერმან კორობოვის საცდელ ეგზემპლართან ТКБ-022ПМ.  ნ.მ. აფანასიევის ავტომატის ლულის კოლოფის უკანა ნაწილი იყო დახრილი და ასრულებდა კონდახის დანიშნულებას. ლულის კოლოფის წინა ნაწილი თითქმის მთლიანად ფარავდა ლულას და ამავდროულად ასრულებდა ტიბჟირის დანიშნულებას. ავტომატი გათვლილი იყო საშტატო 7,62х39 მმ-ან ვაზნაზე და მის მჭიდში თავსდებოდა 30 ცალი ვაზნა. მჭიდის ბერკეტ-ფიქსატორი განთავსებული იყო  მჭიდის მიმღები ყელის წინ და არა ისე, როგრც კალაშნიკოვის ავტომატში (მჭიდის მიმღები ყელის უკან). მარჯვენა მხარეს განთავსებული იყო ავტომატის გადასატენი  ბერკეტი. მასრების ამოყრა ТКБ-011-ში ხდებოდა მარჯვენა მხარეს განთავსებული ოვალური ფანჯრიდან. მასრის ფრენის ტრაექტორია იყო მარჯვნივ და წინ.
ფოტოზე გამოსახულია 1963 წელს დამზადებული აფანასიევის ავტომატი  ТКБ-011

საკონსტრუქტორო ბიუროში გამოცდის შედეგად გამოვლინდა, რომ ТКБ-011 სროლის დროს გააჩნდა მიუღებელი ლულის ხტომა. 1964 წელს კონსტრუქტორმა მცირედით გადაამუშავა მისი ავტომატი და წარმოადგინა განახლებული ვარიანტი სამუშაო სახელწოდებით ТКБ-011М.
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-011 М
აღნიშნულ ეგზემპლარს გარდა შიდა დეტალების გადამუშავებისა დამატებული ჰქონდა ლულის მუხრუჭ-კომპენსატორი. ასევე შეიცვალა მჭიდის დახრის კუთხე. ТКБ-011М-ის შემთხვევაში მჭიდი წინა ნაწილით ებჯინებოდა ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურის ქვემოთ არსებულ ღარს, რაც დამატებით საიმედოობას მატებდა მჭიდს დაფიქსირებას.  საკონსტრუქტორო ბიუროში ჩატარებული გამოცდის შემდეგ ნ.მ. აფანასიევმა გადაწყვიტა კიდევ გადაემუშავებინა ეგზემპლარი და შეექმნა ახალი მოდიფიკაცია. 1965 წელს დღის სინათლე იხილა ავტომატმა სამუშაო სახელწოდებით ТКБ-011 2М, რომელსაც გააჩნდა გადასატენი სახელურის მოძრაობის განსხვავებული კუთხე. ჩემთვის გამოცანად რჩება თუ საიდან ხდებოდა მასრების ამოყრა ამ ეგზემპლარში, რადგანაც არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არც ზემოდან და არც ქვემოდან არ გააჩნია ამისათვის განკუთვნილი ფანჯარა. (რიგ წყაროებში სახელდება, რომ მარცხნივ ხდებოდა მასრების ამოყრა, მაგრამ სად რა ადგილას?) (შეიძლება ვივარაუდოთ რომ მასში გამოიყენებოდა გერმან კორობივის ავტომატის მსგავსი მასრების მილი, რომლიდანაც წინა ნაწილში ხდებოდა მასრების გამოყრა).
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-011 2М
ТКБ-011 2М აღჭურვილი იყო დიდი ტევადებოს (დაგრძელებული) მჭიდით 50 ცალ ვაზნაზე (7,62х39). ფოტოდან ჩანს, რომ ეს მჭიდი გაკეთებულია კალაშნიკოვის ავტომატის ორი ცალი მჭიდის შერწყმით. საბოლოოდ არც აფანასიევის ავტომატებს არ გაუმართლათ და გამოცდების შემდეგ სამივე მათგანმა სამუზეუმო სტენდზე გადაინაცვლა, სადაც დღემდე იკავებენ „საპატიო“ ადგილს. 
გ. კორობოვის ავტომატები ТКБ-09 / ТКБ-1
60-ანი წლების მიწურულს და 70-ანი წლების დასაწყისში (რიგ წყაროებში მისი შექმნის პერიოდად სახელდება 1949-1952 წლები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს) გერმან კორობოვის მიერ ЦКИБ СОО -ში  დამზადდა კიდევ ორი საცდელი ეგზემპლარი, რომლებიც ნახევრადთავისუფალი საკეტის სქემით მუშაობდნენ. ეს ავტომატბი იყო ТКБ-09 / ТКБ-10, რომელიც თითქმის არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ТКБ-09
ТКБ-09 გათვლილი იყო იმ დროს ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ მცირეიმპულსიან ვაზნაზე 5,45х39, ხოლო ТКБ-10 გათვლილი იყო საშტატო 7,62х39 მმ-ან ვზნაზე. აღნიშნული ავტომატების საკეტი შედგებოდა ორი ცალი მოძრავი დეტალისგან და მოძრაობდა არა ჰორიზონტალურად, არამედ დიაგონალურად. საკეტის კონსტრუქციაში ასევე ჩადებული იყო სპეციალური გორგოლაჭი, რომელიც სროლის დროს იწვევდა საკეტის გახსნის შენელაბას
სპირალისებური დამაბრუნებელი ზამბარა ჩასმული იყო ფოლადის მილაკში, რომელიც ლულის გასწვრივ  ზედა ნაწილში იყო განთავსებული. ჩახმახიანი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი მოხსნად პისტოლეტისებურ სახელურში იყო ჩამონტაჟებული. მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი წარმოადგენდა ერთ დროშისებურ დეტალს. იგი მარცხენა მხარეს ლულის კოლოფზე იყო განთავსებული და საათის ისრის მიმართულებით ბოლომდე გადაწევისას ახდენდა ავტომატური ჯერებით სროლის გააქტიურებას. საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს ბოლომდე გადაწევისას ავტომატი დგებოდა მცველზე, ხოლო შუალედურ პოზიციაში დაყენებისას ირთვებოდა ერთეული გასროლების რეჟიმი. ავტომატის ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი სწორი ფორმის მჭიდით, რომელსაც ვაზნების ორრიგიანი გამოსასვლელი გააჩნდა. ლულის ქვემოთ დამაგრებული იყო გრძელი ხის ტიბჟირი. ხის კონდახი დამაგრებული იყო პისტოლეტისებური სახელურის მეტალის ფუძეზე ორი ცალი მილისებური მოქლონის (ე.წ. ზაკლიოპკის) მეშვეობით. სამიზნე იყო რეგულირებადი სექტორული ტიპის. ასევე რეგულირებადი იყო წინა სამიზნე მოწყობილობა, რომლიც დამცავი ლოყებით იყო შემოსაზღვრული. ТКБ-09 მოდელის ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: სიგრძე: 860 მმ; ლულის სიგრძე: 405მმ; წონა ცარიელი მჭიდით: 2,48კგ; მჭიდის ტევადობა: 30 ცალი ვაზნა; ტყვიის საწყისი სიჩქარე: 860მ/წამი; სროლის ტემპი ავტომატური ჯრებისას: 800-850 გასროლა წუთში
სამწუხაროდ ვერსად ვერ შევძელი ინფორმაციის მოპოვება ТКБ-09/ТКБ-10-ის გამოცდებთან დაკავშირებით. ან კი მოხდა საერთოდ მათი გამოცდა? ამის შესახებ არსად არაა ინფორმაცია მოცემულ.
 
გ. კორობოვის პარალელური პროექტი ზალპური ავტომატები «прибор 3Б» / ТКБ-059
ჯერ კიდევ 1951 წელს აშშ-ში წამოწყებულ იქნა საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. დღეს ეს სამუშაოები პროექტ „SALVO“-ს სახელითაა ცნობილი. პროექტის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა ცდების ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავდა ავტომატური იარაღის ეფექტურობის გაზრდას და ახალი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღების დამუშავებას. პროექტის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება, რომ უნდა მომხდარიყო ისეთი იარაღის შექმნა, რომლის სასხლეტზე თითის გამოკვრისას ძალიან მცირე დროის მონაკვეთში მოხდებოდა რაც შეიძლება მეტი ტყვიის (დამაზიანებელი ელემენტის) გასროლა. შესაბამისად ამ კუთხით პროექტ SALVO-ს ფარგლებში რამოდენიმე განსხვავებული ტიპის კონცეფცია დამუშავდა. ეს მიმართულებები იყო: 
·         ისეთი საბრძოლო მასალის შექმნა/გამოცდა რომელიც რამოდენიმე ტყვიით (დამაზიანებელი ელემენტით) იქნებოდა დამუხტული და ე.წ. დუპლექსის ტიპის (2 ტყვიიანი) ვაზნების შექმნა / გამოცდა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ერთი გასროლის დროს მოხდებოდა ლულიდან რამოდენიმე დამაზიანებელი ელემენტის (ტყვიის) გატყორცნა.
·         რამოდენიმე ლულიანი ავტომატური იარაღი, რომელიც ზალპურად (ერთდროულად) გაისროდა ყველა ლულიდან;
·         იარაღი, რომელსაც ექნებოდა ძალიან მაღალი სროლის ტემპი.
სწორედ მსგავსი რამ მოიმოქმედა საბჭოთა კავშირში გ. კორობოვმა და საკუთარი კონსტრუქციის ავტომატებზე მუშაობის პარალელურად, ატარებდა ცდებს ზალპურ ეგზემპლარზე. მან სცადა ავტომატის საცეცხლე ძალა და ტყვიების შეჯგუფება გაეუმჯობესებინა რამოდენიმე ლულიდან ერთდრული ზალპური გასროლით. 1962 წელს გ. კორობოვმა გამოსაცდელათ წარმოადგინა ბულპაპის სქემით აგებული 3 ლულიანი ზალპური ავტომატი, სამუშაო სახელწოდებით „Прибор-3Б“ (რიგი წყაროები ამბობს, რომ 1970-ანი წლების შუალედში მოხდა მისი გამოცდა, რაც პირადად მე უფრო რეალური მეჩვენება).
ზალპური ავტმატი „Прибор-3Б“
აღნიშნული ეგზემპლარი სასხლეტზე თითის ერთი გამოკვრით, ერთდროულად ისროდა 3 ლულიდან, შესაბამისად სამივე ტყვია ერთდროულად ტოვებდა ლულას და უკვე შემდეგ ხდებოდა ავტომატის მოძრავი დეტალების გადაადგილებით და დაჯახებით გამოწვეული რხევები. კორობოვის ზალპურ ავტომატში სამივე ლულა გაერთიანებული იყო ერთ ბლოკში, რომელიც ერთიან მოძრავ ლაფეტზე იყო მიმაგრებული.  რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ავტომატი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, ხოლო დგუშის როლს ასრულებდა ლულებზე ჩამოცმული რგოლისებური დეტალები. რიგი წყაროები ამბობს, რომ ავტომატს არ ჰქონია აირგამყვანი სისტემა და ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა. დამაბრუნებელი ზამბარები კორობოვის ზალპურ ავტომატში ჩამოცმული იყო ლულებზე (სულ 3 ცალი დამაბრუნებელი ზამბარა). ლულის ჩაკეტვა ხდებოდა სოლისებური საკეტით, რომელიც ვერტიკალურად გადაადგილდებოდა. მჭიდიდან ვაზნების მიწოდება და მასრების ექსტრაქცია ხდებოდა სპეციალური მიმწოდებელი კვანძის მეშვეობით. მასრები იყრებოდა ლულის ნაწილთან ახლოს. ავტომატის ვაზნებით კვება ხდებოდა 3 სექციიანი მჭიდით, რომლის თითო სექციაშიც 20 ცალი ვაზნა თავსდებოდა (სულ ჯამში 60 ცალი ვაზნა) (რიგი წყაროები ამბობს, რომ იყო მჭიდები რომლის თითო სექციაშიც 30 ცალი ვაზნა თავსდებოდა. ანუ სულ ჯამში 90 ცალი). მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი განლაგებული იყო მარცხენა მხარეს. ავტომატის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათბლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: წონა 4,3კგ; საერთო სიგრძე: 690მმ; ლულების სიგრძე: 430მმ; ავტომატური ჯერებით სროლისას ტემპი 1400-1800 გასროლა წუთში. Прибор-3Б -ს გამოცდებისას გამოვლინდა საკმაოდ მაღალი საცეცხლე ეფექტურობა და ტყვიების შეჯგუფება, თუმცა ბევრი უარყოფითი ფაქტორების გამო (დიდი წონა, მჭიდის შევსების სირთულე, რთული კონსტრუქცია) კომისიის წევრებმა ავტომატზე შემდგომი მუშაობის გაგრძელება არს სცნეს მიზანშეწონილად. მიუხედავად ამისა გ.კორობოვმა მაინც გააგრძელა მუშაობა და შექმნა ზალპური ავტომატის გადამუშავებული ვარიანტი სამუშაო სახელწოდებით ТКБ-059
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-059
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-059 (ხედი მარჯვნიდან)
ТКБ-059 მისი წინამორბედისგან განსხვავდებოდა გარკვეული ნიუანსებით. მაგალითად მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი გადატანილ იქნა მარჯვენა მხარეს. გადასატენი სახელური განთავსდა ზევითა მხრიდან. მცირედით შემსუბუქდა დეტალები და დამზადების კუთხით გახდა ურო იაფი (ტექნოლოგიური). მიუხედავად გადამუშავებისა და გატარებული ცვლილებებისა, ТКБ-059, ისევე როგორც მისი წინამორბედი მხოლოდ საცდელ ეგზემპლარად დარჩა.
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი ТКБ-059 (ხედი წინიდან)
არასრულად დაშლილი კორობოვის ზალპური ავტომატი ТКБ-059 
დღეს კორობოვის ავტომატი ТКБ-059 განთავსებულია ქ. ტულის იარაღის სახელმწიფო მუზეუმის ერთერთ სტენდზე.
 
 
ს.გ. სიმონოვის (С.Г. Симонов) ავტომატები. კოვროვის მექანიკური ქარხნის საკონსტრუქტორო ბიურო (КБ Ковровского механического завода)
ავტომატი АО-31
1962 წელს ს.გ. სიმონოვმა წარმოადგინა საკუთარი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით АО-31, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატის მსგავსად მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის და მბრუნავი საკეტის სქემით. აღნიშნულ ავტომატს ლულის ბოლოში ჰქონდა განთავსებული აირის კამერა, რომელიც ამავდროულად ასრულებდა მუხრუჭ-კომპენსატორის (ასევე ალმქრობის) როლს და თან წარმოადგენდა წინა სამიზნე მოწყობილობის სამაგრს.
ს.გ. სიმონოვის ავტომატი АО-31
სამიზნე ხაზის გაზრდის მისზნით უკანა სამიზნე დამონტაჟებულ იქნა ლულის კოლოფის თავსაფარეზე წინა ნაწილში. აღნიშნული ავტომატი (АО-31 სერიული ნომრით #3) დექვემდებარა გამოცდას 1962 წელს, თუმცა კალაშნიკოვის საშტატო ავტომატთან (АКМ) შედარებით ვერ აჩვენა საგრძნობი უპირატესობები. მეტიც საიმედოობით და საექსპლუატაციო თვისებების კუთხით იგი ჩამორჩებოდა სერიულ კალაშნიკოვის ავტომატს.

АО-31-5
მიუხედავად წარუმატებელი მოდელისა ს.გ. სიმონოვი აგრძელებდა მუშაობას ახალ ავტომატზე და ცდილობდა მისი АО-31-ის მოდერნიზებას. იგი იყო საბჭოთა კავშირში ერთერთი პირველი კონსტრუქტორი, ვინც სცადა იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ მცირეიმპულსიან ვაზნაზე (5,6х39 შემდგომში ცნობილი როგორც 5,45х39) საცდელი ეგზემპლარის შექმნა.
ფოტოზე გამოსახულია ს.გ. სიმონოვის ავტომატი АО-31-5
1963 წელს მან წარმოადგინა მოდელი სამუშაო სახელწოდებით  АО-31-5, რომელიც გათვლილი იყო მცირეიმპუსლიან ვაზნაზე. ავტომატის საერთო სიგრძე შეადგენდა 910მმ-ს,მჭიდის ტევადობა 30 ცალი ვაზნა, ხოლო წონა ვაზნების გარეშე 2.57 კგ-ს. ვინაიდან ახალი ვაზნა 5,45х39 ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაში იმყოფებოდა, ს.გ. სიმონოვმა, მოდელი АО-31-5  ჩვეულ საშტატო ვაზნაზე (7,62х39) გადააწყო და 1964 წელს წარმოადგინა მოდელი АО-31-6.

АО-31-6
АО-31-5 და АО-31-6 იყენებდა ჩვეულებრივ ლულიდან აირის გაყვანის პრინციპს და დგუშის ღერძის გრძელ სვლას. საკეტს წამყვან ნაწილზე გააჩნდა სპეციალური გორგოლაჭი რომელიც ამცირებდა ხახუნს საკეტის გახსნისას. უკანა სამიზნე მოწყობილობამ,  ორივე მოდელში (АО-31-5 / АО-31-6) ლულის კოლოფის თავსაფრის ნაცვლად (ასე იყო პირველ АО-31-ში), ტიბჟირის რგოლზე გადაინაცვლა.
ფოტოზე გამოსახულია ს.გ. სიმონოვის ავტომატი АО-31-6
ავტომატი АО-31-6 აღჭურვილ იქნა ხის საკეცი კონდახითმ რომელიც მარჯვენა მხარეს ლულის კოლოფის გასწვრივ იკეცებოდა. ავტომატის (АО-31-6) საერთო სიგრძე შეადგენდა 895 მმ-ს (დაკეცილი კონდახით 660 მმ), მჭიდის ტევადობა 30 ცალი ვაზნა, ხოლო წონა მჭიდის გარეშე 2,51 კგ. აღნიშნული მოდელი კარგად ფუნქციონირებდა, თუმცა კალაშნიკოვის საშტატო ავტომატთან (AKM) შედარებით მასაც არ გააჩნდა რაიმე განსაკუთრებული თვისებები, ამიტომ ეს მოდელიც საცდელ ვარიანტად დარჩა.

АО-31-7
1965 წელს სიმონოვმა კიდევ ერთი საცდელი ვარიანტი სამუშაო სახელწოდებით АО-31-7  წარმოადგინა, რომელიც ამჯერად ექსპერიმენტალურ 7,62მმ-ან უმასრო  (ე.წ. „ბეზგილზავოი“) ვაზნებზე იყო გათვლილი. აღნიშნული ვაზნა წარმოადგენდა ტყვიაზე მიმაგრებულ დაპრესილი დენთის მუხტს, რომელის ძირზე იყო ჩაპრესილი მაალებელი ფისტონის შემადგენლობა.
ფაქტიურად ეს ავტომატი იყო სატესტო ეგზემპლარი, რომელიც უმასრო ვაზნების გამოსაცდელად უნდა გამოუენებულიყო. საბოლოოდ ამ პროექტმაც კრახი განიცადა. დღეს ერთადერთი შემორჩენილი АО-31-7 ინახება მოსკოვში მდებარე შეიარაღებული ძალების ცენტრალურ მუზეუმში ЦМВС (Центральный музей Вооруженных Сил).

ავტომატი АГ-35
ს.გ. სიმონოვმა 1965 წელს წარმოადგინა კიდევ ერთი საცდელი ეგზემპლარი სახელწოდებით АГ-35,  გათვლილი იმ პერიოდში ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ 5,45х39 მმ-ან ვაზნაზე. აღნიშნული ეგზემპლარი წარმოადგენდა მისი კარაბინის СКС-45 -ის მსგავს ეგზემპლარსს, რომელსაც ჰქონდა მოხსნადი მჭიდი და ისროდა ავტომატური ჯერებით.
ავტომატი АГ-35 (ფოტო ამოღებულია А.Б. Жук -ის წიგნიდან)
ეს ეგზემპლარიც საცდელ პროტოტიპად დარჩა და დღეს მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ ეგზემპლარის რეალური ფოტოც ვერსად ვერ მოვიძიე. რიგ წყაროებში გვხდება ინფრომაცია, რომ იგი შეიქმნა არა 1965 წელს, არამედ 1975 წელს.

ა. კონსტანტინოვის საცდელი ავტომატები
1963-1965 წლებში პერსპექტიულ ავტომატზე მუშაობდა ასევე კოვროვის ქარხნის კონსტრუქტორი ა.კონსტანტინოვი, რომელმაც რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარი შეიმუშავა.
ნახაზზე გამოსახულია ა. კონსტანტინოვის ავტომატი СА-1
ერთერთ ეგზემპლარს წარმოადგენდა საშტატო 7,62х39 ვაზნაზე გათვლილი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით СА-1, რომელსაც გააჩნდა ძალზედ უცნაური კონფიგურაცია. კერძოდ ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის ზევით.
ამდაგვარი გადაწყვეტილებით კონსტანტინოვი შეეცადა ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესებას. თუმცა ასეთი კონფიგურაცია ზედმეტად უცნაურად გამოიყურებოდა და კონსტანტინოვიც შეეშვა მას. ჩემთვის უცნობია დამზადდა თუ არა ასეთი ავტომატი რეალურად, მაგრამ მისი ნახაზები დღემდე შემორჩენილია. ასევე გვხდება 3D გამოსახულების სახით შექმნილი სურათები.
 მოგვიანებით კონსტანტინოვმა წარმოადგინა ავტომატი სამუშაო სახელწოდებით СА-001 და СА-01, რომელიც ბულპაპის კონფიგურაციით იყო შესრულებული და გააჩნდა წინა დამატებითი სახლური.
საცდელი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით СА-01 (კალიბრი 7,62х39)
საცდელი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით СА-001 (1965 წელი. კალიბრი 7,62х39)
რამდენადაც ცნობილია აღნიშნულმა ეგზემპლარებმა წარმატებით გაიარეს ქარხნული გამოცდები, თუმცა შემდგომი სამუშაობი აღარ გაგრძელებულა და საცდელ ეგზემპლარებად დარჩნენ.

იჟევსკის მანქანამშენებელი ქარხნის (ИжМаш) საკონსტრუქტორო ბიუროს ეგზემპლარები
სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში ჩაერთო ასევე იჟევსკის მანქანამშენებელი ქარხნის «ИЖМаш» (დღევანდელი «Концерн «Калашников») საკონსტრუქტორო ბიუროს რამოდენიმე ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელთა მუშაობის შედეგადაც შეიქმნა რიგი ავტომატები სამუშაო სახელწოდებით „ЛА“ (იშიფრება როგორც лёгкий автомат) და „АЛ“ (автомат лёгкий). 
ავტომატი ЛА-2 - შემუშავებულ იქნა 1961 წელს ა.ი. ნესტეროვის (Азарий Иванович Нестеров) მიერ. კონსტრუქტორმა ავტომატის შექმნისას გამოიყენა იმ პერიოდში დამუშავების პროცესში მყოფი დრაგუნოვის კონსტრუქციის სნაიპერული შაშხანის (СВД) გარკვეული გადაწყვეტილებები.
ა.ი. ნესტეროვის ავტომატი ЛА-2
დამაბრუნებელი ზამბარა აღნიშნულ ეგზემპლარში განთავსებული იყო საკეტის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს, რისი წყალობითაც შემცირდა, როგორც საკეტის ჩარჩოს, ასევე მთლიანად ავტომატის სიმაღლე. წინა სამიზნე მოწყობილობა დამაგრებული იყო აირგამყვან მილზე. იმისათვის, რომ გაზრდილიყო სამიზნე ხაზი, უკანა სამიზნე ლულის კოლოფის თავსაფრზე უკანა ნაწილში იქნა დამონტაჟებული. ЛА-2 -მა სადემონსტრაცო სროლისას ერთეული გასროლებით აჩვენა ძალზედ მაღალი სიზუსტე.  ასევე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა წონის კუთხით. ЛА-2-ის წონა მჭიდის გარეშე შეადგენდა 2,15 კგ-ს.

ავტომატი ЛА-3 - შემუშავებულ იქნა ბ.მ. ზორინის (Б.М. Зорин)  მიერ 1962 წელს. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნებოდა ლულის წინ სვლის სქემას. (ანუ გასროლისას ლულა გადაადგილდებოდა წინ და შემდგომ ბრუნდებოდა საწყის პოზიციაზე). საერთო ჯამში ავტომატი ЛА-3 იყო მარტივი კონსტრუქციის, თუმცა სროლის დროს აჩვენა ტყვიების დიდი გაფანტულობა, რაც წინ მოძრავი ლულისგან წარმოქმნილი დამატებითი იმპულსებით იყო განპირობებული.
ბ. მ. ზორინის ავტომატი ЛА-3

ავტომატი ЛА-4 ასევე ა.ი. ნესტეროვის (А.И. Нестеров) მიერ იქნა შემუშავებული 1963 წელს. თავდაპირველად ავტომატი გრიფით საიდუმლოებას წარმოადგენდა. (საიდუმლოების სტატუსი მოიხსნა 1964 წელს). ავტომატი ЛА-4 აგებული იყო ბულპაპის სქემით, ხოლო მუშაობის პრინციპი ეფუძნებოდა ლულის გრძელ სვლას. ზემოაღნიშნული სქემის  წყალობით მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული სროლისას ავტომატის უკუცემა.

ორიგინალურ გადაწყვეტას წარმოადგენდა მოძრავი ლულის დამაბრუნებელი და საკეტის ჩარჩოს დამაბრუნებელი ზამბარები, რომლებიც განთავსებულ იქნა ერთ მიმმართველ ღეროზე (შიგნით ლულის დამაბრუნბელი ზამბარა, გარედან საკეტის ჩარჩოს დამაბრუნებელი ზამბარა). ზამბარების მიმმართველი ღერო ცალკეული სახით ასრულებდა ზუმბას (ე.წ. შომპოლის) დანიშნულებას.

ა. ნესტეროვის მიერ წარმოდგენილ იქნა 2 ერთმანეთის იდენტურად მომუშავე ავტომატი, რომელიც მცირე დეტალებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ავტომატის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მას არ ჰქონდა ტრადიციული წამყვანი ელემენტი ლულის კოლოფის სახით, რადგანაც ლულა არ იყო უძრავად დამაგრებული. ლულის კოლოფის როლს ასრულებდა კარკასული ტიპის გარსაცმი (ჩემი აზრით ეს გარსაცმი ითვლება ჩვეულებრივ ლულის კოლოფად, უბრალოდ მას ტექნიკურ დოკუმენტაციაში გარსაცმის სახელით აღნიშნავნენ). გარსაცმის შუა ნაწილში ჩამაგრებული იყო მჭიდის მიმღები საგები და ვაზნის მიმმართველი დეტალი, რომელიც საკეტის მიერ მჭიდიდან ამოტანილ ვაზნას ლულის სავაზნიზკენ აძლევდა მიმართულებას. გარსაცმის უკანა ნაწილი ასრულებდა კონდახის დანიშნულებას. გარსაცმის ცხვირის ნაწილზე მიდუღებული იყო მილი, რომელიც ლულის წინა ნაწილის მიმმართველს წარმოადგენდა.
ამავდროულად აღნიშნულ მილზე განთავსებული იყო ტიბჟირის სამაგრი წინა რგოლი და წინა სამიზნე მოწყობილობის ფუძე. (ЛА-4 –ის მეორე ეგზემპლარის ცხვირზე დამაგრებული იყო სპეციალური საგები, რომელზეც შესაძლებელი იყო АКМ -ისთვის განკუთვნილი ხიშტ-დანის, ყუმბარების სასროლი მოწყობილობის ან ფუჭი ე.წ. „ხალასტოი“ ვაზნების სასროლი სალულე ცხვირის დაყენება). ავტომატის მეორე ეგზემპლარში საწმენდი აქსესუარები განთავსებული იყო ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში (პირველ ეგზემპლარში ეს აქსესუარები ავტომატისგან განცალკევებით ინახებოდა). ასევე პირველ ეგზემპლარს გარსაცმის ბოლოში დამაგრებული ჰქონდა ალმქრობის მსგავსი მოწყობილობა.
ავტომატის ლულას გააჩნდა სპეციალური საგები, რომელიც სავაზნესთან იყო დამაგრებული. ასევე თითქმის ლულის შუა ნაწილში დამაგრებული იყო  სპეციალური ლულის საყელური. ლულის საგები და ლულის საყელური სროლის დროს იღებდა დატვირთვას მოძრავი დეტალების წინ დაჯახებისას. ლულის წინა ნაწილში შესრულებული იყო სპეციალური ღარები ჭრილების სახით (მათ დანიშნულებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ).

ავტომატის მბრუნავ საკეტს გააჩნდა ორი ცალი საბრძოლო ბჯენი. იგი ვიზუალურად ჰგავდა АКМ-ის საკეტს, თუმცა მისგან განსხვავებით ჩაკეტვას ახდენდა საპირისპირო მხარეს გადაბრუნებით.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია, მაინც შევეცდები ავხსნა თუ როგორ მუშაობდა ავტომატის ЛА-4 სქემა: გასროლის დროს მოძრავი დეტალები (რომელშიც შედიოდა  ლულა, მასზე გადაბმული საკეტის ჩარჩო და  თავად საკეტი) ლულასთან ერთად გადაადგილდებოდა უკან.  უკან მოძრაობის დროს ლულის საგები და საკეტის ჩარჩო დასრიალებდა გარსაცმზე შესრულებულ სპეციალურ ღარებში, ხოლო ლულის წინა ნაწილი კი ავტომატის გარსაცმის წინა ნაწილზე მიდუღებულ მილში. გასროლის დროს ლულის წინა ნაწილში არსებული ღარებიდან (ნასვრეტებიდან) გამოედინებოდა დენთის აირები, რომელიც ზემოქმედებდნენ გარსაცმზე მიდუღებულ ლულის მილზე და ამუხრუჭებდნენ ლულის უკუსვლას. უკუსვლისას მოძრავი დეტალები გადიოდა 100 მმ სიგრძის მანძილს, შემდეგ ლულა ჩერდებოდა და შეკუმშული ლულის დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით აგრძელებდა საწყის პოზიციაზე დაბრუნებას. რა მომენტშიც ხდებოდა საკეტის და ლულის გადაბმულობის შეწყვეტა. ამ დროს საკეტის ჩარჩო და საკეტი ინერციით კვლავ განაგრძობდა უკუსვლას. შემდეგ საკეტის ჩარჩო ეჯახებოდა გარსაცმზე დამაგრებულ შემაკავებელ ფიქსატორიან სარჭს და მცირე ხნით რჩებოდა ღია მდგომარეობაში. ლულის წინ გადაადგილებისას ხდებოდა მასრის ექსტრაქცია და ამრეკლის მიერ მასრის ამოგდება. მასრის ფრენის ტრაექტორია იყო ავტომატის ქვემოთ მარჯვენა მხარეს. როდესაც ლულა უბრუნდებოდა საწყის პოზიციას, არ მისული უკიდურეს წინა წერტილამდე (მაშინ როდესაც დარჩენილი იყო 10მმ სიგრძის გასავლელი მანძილი), ლულის სავაზნეზე არსებული საგები თიშავდა საკეტის ჩარჩოს შემაკავებელ სარჭს, რა დროსაც საკეტის ჩარჩო თავისუფლდებოდა და შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის წყალობით საკეტთან ერთად იწყებდა ისევ წინა პოზიციაში დაბრუნებას. გზათ საკეტს ამოჰქონდა მჭიდიდან ვაზნა, აწვდიდა ლულის სავაზნეში და გადაბრუნებით ახდენდა ლულის გადაკეტვას.
ავტომატის მუშაობის ასეთი სქემის გამოყენებით მასრა იარაღს ტოვებდა მაშინ, როდესაც ლულის არხში წნევა ბოლომდე იყო დავარდნილი და მოძრავი დეტალების სიჩქარე იყო შენელებული. ამ ყველაფერთან ერთად ავტომატის ლულას არ გააჩნდა აირგამყვანი მილაკი, შესაბამისად დენთის დაწვისას წარმოქმნილი აირები ტყვიასთან ერთად თითქმის მთლიანად გადიოდა ლულის წინა ნაწილიდან. შესაბამისად შენობიდან, ტანკიდან ან ბრონეტრანსპორტიორიდან სროლის შემთხვევაში, დენთის აირები მინიმალური რაოდენობით ხვდებოდა ოთახში / ტანკის შიდა პერიმენტრზე, სადაც მსროლელი იყო განთავსებული.
ავტომატის ატიბჟირი შედგებოდა ორი ცალი „ფანერკის“ ნაჭრისგან (ქვედა ტიბჟირი და ლულის ზედსადები). ზედსადები დამაგრებული იყო ტიბჟირის სამაგრი რგოლით, ხოლო ქვედა ნაწილის წინა მხარე მაგრდებოდა ტიბჟირის რგოლის მეშვეობით, ხოლო უკანა ნაწილი სასხლეტი კავის დამცავი რკალის მიერ იყო დაფიქსირებული.
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის მუშაობა იყო АКМ -ის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის იდენტური და მისი ყველა დეტალი (მათ შორის ჩახმახიც) დამზადებულ იქნა ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით. სროლის რეჟიების გადამრთველი და მცველის ბერკეტი წარმოადგენდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დეტალს.
800 მეტრამდე სასროლათ გათვლილი დიოპტრული ტიპის უკანა სამიზნე მოწყობილობა ჩამონტაჟებული იყო ლულის კოლოფის ზემოდან განთავსებულ ავტომატის გადასატან სახელურში. გადასატანი სახლური გვერდიდან მარკირებული იყო ციფრებით ერთიდნ-რვამდე. (1=100 მეტრს, 2=200 მეტრს და ა.შ.). ЛА-4 -ზე შესაძლებელი იყო ლულის ცხვირზე დასამაგრებელი ყუმბარების სასროლი მოწყობილობის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ხდებოდა მოძრავი ლულის ბლოკირება. იმისათვის, რომ მოხერხებული ყოფილიყო ავტომატის ხელში დაჭერა, ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური მცირედით გადახრილი იყო მარჯვნივ. ავტომატი ЛА-4 გათვლილი იყო საშტატო 7,62х39 ვაზნაზე. ვაზნებით კვება ხდებოდა АКМ -ის სტანდარტული მჭიდებით. გადაადგილების დროს ავტომატის შიდა დეტალები მთლიანად დაცული იყო მასში მტვრის და ჭუჭყის მოხვედრისგან
ავტომატის არასრული დაშლა ხდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: 1. უნდა განხორციელებულიყო მჭიდის მოხსნა; 2. მოხსნილიყო ზედა თავსაფარი, რომლისთვისაც მსროლელს უნდა მოეხდინა სპეციალურ ფიქსატორზე თითის დაწოლა და თავსაფარის წინ/ზემოთ აწევა;  3. შემდგომ ხდებოდა დამაბრუნებელი მექანიზმის ამოღება, რომელიც მიმმართველ ღერძზე იყო წამოცმული. აღნიშნული მიმმართველი ღერძის მოხსნის შემდეგ იგი გამოიყენებოდა, როგორც ზუმბა (ე.წ. შომპოლი); 4. შემდგომ იხსნებოდა საკეტის ჩარჩო, რომელიც უკან და ზემოთ აწევით ამოდიოდა; 5. მთავარ საფახეურს დაშლაში წარმოადგენდა ლულის მოხსნა, რომელიც მსროლელს ბოლომდე უკან უნდა გამოექაჩა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ლულის საგების დეტალის გამოსვლა მისი მიმმართველებიდან. შემდგომ კი ლულა  უკან და  ზევით აწევით ამოდიოდა; 6. საკეტის განცალკავება საკეტის ჩარჩოსგან ხდებოდა სპეციალური ფიქსატორის გათავისუფლებით. აწყობა იწარმოებოდა უკუთანმიმდევრობით.
თავდაპირველად ავტომატი ЛА-4 დაექვემდებარა გარკვეული ტიპის საბრძოლო და საექსპლუატაციო გამოცდებს, თუმცა ეს გაოცდები არ იყო სრულფასოვანი საშტატო სახის გამოცდები. გამოცდები მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: სროლა ტყვიების შეჯგუფების დასადგენად 25 მეტრზე (სროლა წარმოებდა დახურულ სასროლეთში), სადაც ავტომატმა ЛА-4 აჩვენა კალაშნიკოვის ავტომატზე (АКМ) მცირედით უკეთესი შედეგები. მრავალი გასროლის შემდეგ შემოწმდა ცხელი სავაზნის შემთხვევაში, ხომ არ ხდებოდა სავაზნეში არსებული ვაზნის თვითაალება მაღალი ტემპერატურისგან. აღნიშნულ ტესტში ავტომატმა დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა.  ასევე ავტომატი შემოწმებულ იქნა საიმედოობის კუთხით. მშრალი (საპოხის გარეშე) დეტალებით განხორციელდა 1500 გასროლა; მოხდა დამუხტული ავტომატის 1,5 მეტრის სიმაღლიდან დაგდება ცემენტის იატაკზე რა დროსაც არ მომხდარა თვითნებური გასროლა; უსაფრთხოების კუთხით ჩატარებულმა გამოცდებმა აჩვენეს, რომ ავტომატი არ ისროდა ბოლომდე დაუკეტავი საკეტის შემთხვევაში; ასევე გამომცდელებმა ხელოვნურად შექმნეს ორმაგი მიწოდების (როდესაც გაუსროლელი ვაზნა იმყოფება ლულის სავაზნეში და მჭიდიდან მიეწოდებოდა მეორე ვაზნა) ფაქტი. მიწოდებული ვაზნის ტყვიის წვერი არ ახდენდა სავაზნეში მყოფი ვაზნის კაფსულ-მაალებლის აალებას; ავტომატი შემოწმდა საცემის მიერ კაფსულ-მაალებელზე ინერციული დაჯახებით, რა დროსაც ასევე საიმედო შედეგები აჩვენა. ბოლოს შემოწმებას დაექვემდებარა ჩამკეტი მექანიზმი და ლულა. აღნიშნული შემოწმებისას ავტომატიდან გასროლილ იქნა გაძლიერებული ვაზნები, რომელიც წარმატებით მოინელა, როგორც  ჩამკეტმა მექანიზმმა, ასევე ავტომატის ლულამ.
ЛА-4 -ის გამოცდისას მთავარ საკონტროლო ეგზემპლარს წრმოადგენდა საშტატო კალაშნიკოვის მოდერნზირებული ავტომატი (АКМ). ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ЛА-4 -ის და АКМ -ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების შედარება.
რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ საბჭოთა კავშირის თავდაცვითი ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის (ГКОТ - Государственни комитет по оборонной технике) თავმჯდომარემ, 1963 წლის 17 აპრილის გასცა გრიფით საუდუმლო ბრძანება №266, რომლის თანამხად ЦНИИТОЧМАШ-ში უნდა გამართულიყო კონკურსი მსუბუქი ავტომატის შესარჩევად და გამოსაცდელათ. საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობდა თავდაცვითი ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი ინჟინერი ლ. მოჩალინი (Л. Мочалин). სწორედ აღნიშნულ კონკურზე მოხვდა ავტომატი ЛА-4. (მე ვერსად ვერ შევძელი დეტალური ინფორმაციის მოძიება იმის შესაახებ, თუ კიდევ რომელი ავტომატები იქნა წარდგენილი ამ კონკურსზე).

მიუხედვად იმისა, რომ ЛА-4 -მა პირველად გამოცდებზე დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, ეს გამოცდები მაინც არ იყო სრულფასოვანი. გამოცდების დასრულების შემდეგ ЦНИИТОЧМАШ-მა 1963 წელს იჟევსკის მანქანამშენებელ ქარხანას გაუგზავნა შუალედური დასკვნა, რომლის თანახმად ავტომატ ЛА-4 -ის დაპროექტებისას დაშვებული იყო გარკვეული ტექნიკური შეცდომები. შეცდეომები ეხებოდა უკუცემის ენერგიის გათვლის არასწორ ფორმულას, ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელშიც იყო გარკვეული უზუსტობები და ტერმინები არეაულად იყო გაწერილი (მაგალითად როგორც უკვე ავღნიშნეთ ზევით, ლულის კოლოფის მაგივრად, ამ დეტალს ЛА-4-ში უწოდებდნენ გარსაცმს). ასევე შეცდომები იყო დაშვებული ავტომატის დამზადებისთვის დახარჯული შრომატევადობის გათვლებში. ЛА-4-ის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ეწერა, რომ АКМ-თან შედარებით  ЛА-4-ის დამზადება 20-30% ნაკლებ შრომატევადობას მოითხოვდა. კომისიის აზრით ეს პროცენტული მაჩვენებელი ვერ ჩაითვლებოდა ობიექტურად, რადგანაც ЛА-4 მხოლოდ 2 ცალი ეგზემპლარის სახით დამზადდა და საწარმოო შრომატევადობის კუთხით მისი შედარება სერიულ კალაშნიკოვის ავტომატთან (АКМ)  ვერ იქნებოდა კორექტული და რეალური სურათის მომცემი. კომისიას ეჭვი ეპარებოდა ასევე ტექნიკურ დოკუმენტაციაში გაწერილ ЛА-4-ის რესურსზე (10 000 გასროლა).
საკონკურსო კომიის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავდაცვითი ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი ინჟინერი ლ. მოჩალინი (Л. Мочалин),  ЛА-4 ვერ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს და გააჩნდა მთელი რიგი ნაკლოვანებები. კომისიის დასკვნის თანახმად იგი არ მუშაობდა საიმედოდ და სტაბილურად. ЛА-4-ის მოძრავი დეტალებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას თუ როგორ დაიჭერდა მსროლელი ავტომატს ხელში, რადგანაც ავტომატური ჯერებით სროლისას სხვადასხვანაირი დაჭერის შემთხვევაში მოძრავი დეტალების მუშაობა (დეტალების დატვირთვა,  დეტალების მოძრაობისას გადაადგილების სიჩქარე) იცვლებოდა, რაც ავტომატის დაპროექტების დროს არასწორი გათვლებით და დაშვებული შეცდომებით იყო გამოწვეული. კომისიის დასკვნაში ეწერა, რომ ЛА-4 -ზე შემდგომი სამუშაობის გაგრძელება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგანაც იგი ვერ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს და არ წარმოადგენდა პერსპექტიულ ეგზემპლარს.

ავტომატი АЛ-2, წარმოდგენილ იქნა კონსტრუქტორ იური კონსტანტინეს ძე ალექსანდროვის (Ю.К. Александров) და რ.ს. პოვარენკინის მიერ  (Р.С. Поваренкин) 1960 წლის მიწურულს. აღნიშნული ავტომატი თავდაპირველად გათვლილი იყო საშტატო ვაზნაზე 7,62х39, ხოლო შემდეგ გადაწყობილ იქნა იმ პერიოდისათვის ახალ მცირეიმპულსიან ვაზნაზე (5,45х39).
იგი აგებული იყო bull-pup -ის სქემით და მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციით. კონსტრუქციაში ჩადებული იყო საკეტის ჩარჩოს უკან გადაადგლების შემზღუდველი, რომლის წყალობითაც შემცირებული იყო სროლისას საკეტის ჩარჩოს ლულის კოლოფის უკანა ნაწილზე დაჯახების ენერგია, რაც ამცირებდა უკუცამას და დადებითად აისახებოდა ავტომატური ჯერებისას ტყვიების შეჯგუფებაზე.  ისევე როგორც ЛА-2-ში АЛ-2-ის დამაბრუნებელი ზამბარაც განთავსებული იყო საკეტის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს, რისი წყალობითაც შემცირდა, როგორც საკეტის ჩარჩოს, ასევე მთლიანად ავტომატის სიმაღლე. აირის კამარეს გააჩნდა ორპოზიციიანი აირის რეგულატორი, რომლის მეშვებითაც შესაძლებელ იყო სხვადასხვა წნევის ვაზნების გამოყენების შემთხვევაში შერჩეულიყო აირის დგუშის ოპტიმალური მუშაობა. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დეტალები დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით. აირის კამერას გააჩნდა ორპოზიციიანი აირის რეგულატორი.
კალაშნიკოვის საცდელი პროტოტიპი ე.წ. „ბალანსირებული ავტომატიკით“
1964 წელს კალაშნიკოვის ჯგუფმა წარმოადგინა საცდელი ავტომატი, რომელიც ე.წ. „ბალანსირებული ავტომატიკის“ პრინციპით მუშაობდა.  აღნიშნულ ავტომატს ლულის თავზე (ლულის პარალელურად) ვერტიკალურ ღერძზე დამაგრებული ჰქონდა ორი ცალი მბრუნავი ინერციული ელემენტი, რომლებიც თამასის მეშვებით იყო დაკავშირებული საკეტის ჩარჩოსთან. აირის კამერას გააჩნდა 2 ცალი მილაკი, რომლებშიც განთავსებული იყო მბრუნავი ელემენტის ბოლოები.
გასროლის დროს წარმოქნილი დენთის აირები უბიძგებდა მბრუნავ ელემენტებს ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით. უკიდურეს წერტილში მისვლისას ორივე ინერციული ელემენტი სინქრონულად ეჯახებოდა მოძრაობის შემზღუდველს, რაც აბალანსებდა დარტყმის იმპულსს. ასეთი სქემის წყალობით გამოირიცხა საკეტის ჩარჩოს უკან გადაადგილებისას მისი მაღალი სიჩქარით დაჯახება ლულის კოლოფის უკიდურეს უკანა და წინა წერტილებში, რამაც შეასუსტა უკუცემა და ავტომატის რხევები ჯერებით სროლისას. შესაბამისად გაიზარდა ტყვიების შეჯგუფების მაჩვენებელი.
ასეთი პრინციპის გამოყენებას მოჰყვა საკეტის ჩარჩოს მიერ გასავლელი მანძილის შემცირება, რამაც სროლის ტემპი გაზარდა წუთში 880 გასროლამდე. კალაშნიკოვის საცდელი ავტომატი ბალანსირებული სქემით ვაზნების გარეშე იწონიდა 3,3 კილოგრამს. საერთო სიგრძე შეადგენდა 860მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე იყო სტანდარტული 415მმ. საბოლოოდ "ბალანსირებული" კალაშნიკოვის ასეთ ვარიანტზე უარი თქვეს, რადგანაც მისი მბრუნავი ინერციული ელემენტებისთვის განკუთვნილი კორპუსი ზედმეტად დიდი იყო. ფაქტიურად ავტომატს აირის მილაკის ადგილას ტაფის მსგავსი აგრეგატი ედგა.
კალაშნიკოვის ბალანსირებული ავტომატი სამუზეუმო სტენდზე

ორლულიანი ექსპერიმენტალური ავტომატი АО-36
1965 წელს პ.ტკაჩოვმა და ს. სიმონოვმა წარმოადგინეს თავიანთი ორლულიანი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით АО-36, რომელიც საცდელ მცირეიმპულისიან ვაზნაზე 5,6х39 13МЖВ (კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ამ ვაზნაზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ) იყო გათვლილი.
ავტომატი მუსაობის სქემა ეფუძნებოდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპს, სადაც ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის გადახრით (ისევე როგორც სიმონოვის თვითდამტენ კარაბინში СКС). ავტომატის მოძრავი დეტალები შედგებოდა ერთი მთლიანი საკეტის ჩარჩოსგან და ერთი მთლიანი საკეტისგან, რომელიც ერთდროულად ორივე ლულას კეტავდა. სასხლეტზე თითის დაწოლისას ორივე ლულიდან ერთდროლად ხდებოდა გასროლა.
გამოცდების შედეგად გამოვლინდა, რომ ფეხზე მდგარი პოზიციიდან სროლისას, АО-36-დან გასროლილი ტყვიების გაფანტვა 3,2 ჯერ აღემატებოდა კალაშნიკოვის საშტატო ავტომატიდან (АКМ) გასროლილ ტყვიებს. საბოლოოდ АО-36 საცდელ ეგზემპლარად დარჩა.

მცირეიმპუსლიანი ვაზნის შექმნა საბჭოთა კავშირში

ჯერ კიდევ 1958 წლის მიწურულს, საბჭოთა კავშირში მიიღეს ცნობები აშშ-ში ჩატარებულ ექსპერიმენტებზე, რომელიც ეხებოდა კომპანია Remington-ის მცირეიმპულსიან საცდელ ვაზნებს. დღეისათვის არ არსებობს ზუსტი ცნობები იმის შესახებ,  თუ კონკრეტულად ვინ (КГБ, СВР, ГРУ ?) მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, 1959 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კომიტეტის თავდაცვითი ტექნიკის მეათე განყოფილების ხელმძღვანელმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკული კომპანია „Remington“-ის მიერ დამზადებული 5,6მმ-ანი (სწორედ ასე იყო მითითებული დოკუმენტში) ვაზნების გამოკვლევას.  ჩემთვის პირადად უცნობია თუ კონკრეტულად რომელ ვაზნაზე საუბრობდნენ. სავარაუდოდ ეს იქნებოდა საცდელი ვაზნები .222 Remington Special, რომელსაც შემდგომ მიენიჭა აღნიშვნა .223 Remington და შემდგომ საბოლოო გადამუშავებისას 5,56x45.  გეგმაში გაწერილ იქნა სამოქმედო ჩამონათვალი, რომელიც შემდეგი სახით იყო ფორმულირებული:
1)      მოხდეს ჩვენს ხელთ არსებული 2 ცალი ამერიკული ვაზნის მასრის კედლების, ასევე ტყვიის და მისი გარსის გაზომვითი სამუშაობი. გაზომვა განხორციელდეს 1 ცალი ვაზნის დაშლის და გაჭრის მეშვეობით. გაზომვის შემდეგ შესრულებულ იქნას ვაზნის კომპონენტების ნახაზები. ასევე ვაზნის დაშლის შემდეგ განისაზღვროს:
-         ვაზნის ყველა ელემენტის წონა;
-         მასრის მოცულობა;
-         ტყვიის გარსის და გულარის მასალა;
-         დენთის მარცვლების ზომა და მარკა.
2)      განისაზღვროს მეორე ვაზნის ტყვიის სიჩქარე და მაქსიმალური წნევა;
3)      შემუშავდეს მთლიანი ვაზნის და ლულის სავაზნის ნახაზი;
4)      დამზადდეს ბალისტიკური ლულა, რომელიც მახასიათებლებით მიახლოებული იქნება ამერიკულ საცდელ ავტომატთან Армолит (სწორედ ამ სახელწოდებით იყო დოკუმენტში მოხსენიებული ამერიკული მოიერიშე შაშხანა. ალბათ მარტივად მივხვდებით, რომ AR-15-ზეა საუბარი);
5)      მომზადდეს ტყვიის დასამზადებლად განკუთვნილი სამუშაო და აზომვითი ინსტრუმენტის ნახაზები და დამზადდეს ინსტრუმენტი;
6)      დამზადდეს რემინგტონის ანალოგიური 5,6მმ-ანი ტყვიის პარტია 1000 ცალი ოდენობით;
7)      1000 ცალიანი პარტიის სახით დამზადდეს ვაზნები, რომლის მასრაც აღებულ იქნას საბჭოთა 7,62х39 М43 ტიპის ვაზნისგან, შეუვიწროვდეს ყელი ისე, რომ მასში ჩამაგრდეს 5,6მმ-ანი ტყვია;
8)      განისაზღვროს ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი და ტყვიის ფრენის დრო 300, 600 და 1000 მეტრზე;
9)      განისაღვროს ტყვიის ენერგია და ეფექტური დამაზიანებელი თვისებები ჩაფხუტზე, ასევე სხვა საგნებზე/წინაღობებზე მოხვედრისას.
საგამოცდო კვლევების განხორციელება დაევალა НИПСВО-ს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს „НИИ-61“. თავდაცვითი მრეწველობის (МОП) ნომერ 711-ე ფაბრიკას დაევალა ვაზნის აზომვითი სამუშაოები, ნახაზების შედგენა, ვაზნების და შესაბამისი ბალისტიკური ლულით აღჭურვილი იარაღის დამზადება.
ფაქტიურად უნდა მომხდარიყო საბჭოთა საშტატო ვაზნის 7,62х39 შეჯვარება, მცირეკალიბრიან ტყვიასთან, რომლის პრაქტიკაც უკვე არსებობდა საბჭოთა კავშირში. კერძოდ საბჭოთა შუალედური საშტატო ვაზნის (7,62х39 М43) მასრის ამდაგვარი გადაკეთებით (ყელის შევიწროვებით 5,6მმ-მდე) ჯერ კიდევ 1950-ანი წლების დასაწყისში დაკავდა ЦКИБСОО-ს წამყვანი კონსტრუქტორი მიხაილ ნიკალას ძე ბლიუმი (М. Н. Блюм), რომელმაც 1955 წელს მოსკოვში გამართულ სამონადირეო გამოფენაზე პირველად წარმოადგინა ვაზნა აღნიშვნით 5,6х39А.
ს ვაზნა შეიქმნა სპეციალურად ძვირფას ბეწვიან ცხოველებზე (ასევე ფრინველებზე) სანადიროთ, რომელთა მოპოვებაც ხდებოდა 100 მეტრზე ცოტათი უფრო შორ დისტანციაზე და საჭიროებდა უფრო ძლიერი ვაზნის გამოყენებას, ვიდრე წრიული აალების .22LR. ვაზნა 5,6х39А წარმოადგენდა 7,62х39 ვაზნის მასრას, რომელსაც ყელი შევიწროვებული ჰქონდა ისე, რომ მასში ჩამაგრებულიყო ნახევრად გარსიანი 5,6მმ-ანი ტყვია. ტყვიის სიგრძე შეადგენდა 15,3მმ-ს და იწონიდა 3,5 გრამს. ვაზნა დამუხტული იყო 1,21 გრამი დენთით (დენთის მარკა ВУфл), რომლის წყალობითაც ტყვია ავითარებდა 925მ/წამ საწყის სიჩქარეს. აღნიშნულ ვაზნაზე 1960 წელს შემუშავდა (1967 წელს წავიდა სერიულ წარმოებაში) სანადირო კარაბინი „КО-5,6-60“ იგივე «Барс-1» (აქედან გამომდინარე ამ ვაზნებს ხშირად უწოდებენ „5,6х39 Барс“). შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში სამხედრო დანიშნულებით შექმნილი ახალი საცდელი ვაზნაც წარმოადგენდა 5,6х39А ტიპის ანალოგს, მაგრამ მისი ტყვია იყო განსხვავებული გეომეტრიული ფორმის და მთლიანად გარსიანი.
ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია ამერიკული ვაზნა .223 Remington (5,56x45), ხოლო მარჯვნივ საბჭოთა მცირეიმპულსიანი საცდელი ვაზნა 5,6х39
ცნობისთვის 60-ანი წლების დასაწყისში მ.ნ. ბლიუმმა შექმნა 5,6х39 ვაზნის ვარიანტი მთლიანად გარსიანი მომრგვალებული ფორმის ტყვიითაც. ამ ვაზნას მიენიჭა სახელწოდება 5,6х39Б, მისი ტყვია იწონიდა 3,5 გრამს.  
ასევე შეიქმნა ვაზნა მახვილი ტყვიით, რომელიც სპეციალურად სპორტული სავარჯიშო დისციპლინის „გაქცეული ირემი“-ს შესასრულებლათ იყენებდნენ. სწორედ ამიტომ ამ ვაზნას ეწოდება 5,6х39 МБО (5,6х39 бегущий олень), რომლის ტყვიაც იწონის 2,8 გრამს, ხოლო საწყისი სიჩქარე შეადგენს 1080მ/წამს.
დღეს სამოქალაქო ბაზრისთვის რუსეთში იწარმოება 2 ტიპის 5,6х39 კალიბრის ვაზნა: 1. მთლიანად გარსიანი 2,8 გრამიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარეც შეადგენს 1200 მ/წამს; 2. ნახევრად გარსიანი (SP ტიპის) 3,5გრამიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენს 1000მ/წამს.
1959 წლის 1 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართა საცდელი სროლები. 5,6მმ-ანი ტყვიის საწყისმა სიჩქარემ გაზომვისას შეადგინა 885 მ/წამი. სროლა წარმოებდა სხვადასხვა წინაღობებზე. ერთერთ წინაღობას წარმოადგენდა პეტროლატუმის 10სმ სისქის ბლოკი, რომელზე მოხვედრისასაც აღმოჩნდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში (თითქმის 60-70%) ტყვია ბლოკს ხვდებოდა არა ცხვირის ნაწილით, არამედ გვერდულად და მასზე ტოვებდა მოგრძო (ოვალური) ფორმის შემავალ ნაპრალს. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ტყვია წვერის ნაწილით ხვდებოდა ბლოკს და შედიოდა სიღრმეში, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ყირავდებოდა, რაც ზრდიდა ტყვიის გამავალი არხის დიამეტრს. ასევე ბლოკის უკანა მხარეს არსებული გამომავალი ნასვრეტი იყო დაახლოებით 3-ჯერ უფრო დიდი. ამავე ბლოკზე წარმოებდა საშტატო 7,62х39 ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატიდან სროლა. 7,62მმ-ანი ტყვიის შემავალი და გამომავალი ნასვრეტი იყო აკურატული მრგვალი ფორმის.
ფოტოზე მარცხნივ 1. აღბეჭდილია პეტროლატუმის ბლოკზე ნასროლი 7,62х39 კალიბრის ტყვიის გამომავალი ნასვრტები, ხოლო მარჯვნივ 2. აღბეჭდილია საცდელი მცირეიმპულსიანი 5,6х39 კალიბრის ტყვიის გამომავალი ნასვრეტები
სხვადასხვა მყარ წინაღობებზე სროლისას შეღწევადობის კუთხით უკეთეს შედეგს აჩვენებდა საშტატო ვაზნის 7,62х39 ტყვია, თუმცა 5,6მმ-ანი ტყვიის მიერ პეტროლატუმის ბლოკზე დატოვილი გამჭოლი არხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ასეთი ჭრილობა  უფრო მეტი ზიანს მიაყენებდა ცოცხალ ორგანიზმს.  5,6მმ-ანი ტყვია ბლოკში ცხვირის ნაწილით შესვლისას გაივლიდა დაახლოებით ერთ მესამედ მანძილს და შემდგომ იწყებდა ამოყირავებას. შესაბამისად საბჭოთა კავშირში მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენდა ტყვია, რომელიც სტაბილურად იწყებდა შესვლას ცოცხალ (ბიოლოგიურ) სამიზნეში და გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ ყირავდბოდა (კარგავდა სტაბილურობას). თუმცა საბჭოთა 5,6მმ-ან ტყვიას ახასიათებდა სამიზნეზე მოხვედრამდე არასტაბილური ფრენა, რაც ლულის ჭრილების ბიჯის და ტყვიის წონის არასათანადო გათვლით/შერჩევით იყო გამოწვეული.
1959 წლის ოქტომბერში НИИ-61-ში შეეცადნენ გაეგრძელებინათ შემდგომი სამუშაოები არა ამერიკული ვაზნის უფრო დეტალური შესწავლის კუთხით, არამედ უკვე არსებული საბჭოთა პროტოტიპის (5,6х39) გადამუშავებით. გადამუშავების შედეგადაც შეიქმნა საცდელი ვაზნები 5,6х39  შედარებით მძიმე და გრძელი ტყვიით, რომლის წონაც 5 გრამს შეადგენდა და გარსის შიგნით გააჩნდა მთლიანად ტყვიის გულარი.
ასევე საცდელი სახით დამზადდა ვაზნა ფოლადის გულარიანი ტყვით, რომელიც 4,2 გრამს იწონიდა. პარალელურად მუშავდებოდა იდეა მგეზავი (ე.წ. „ტრასირი“) ვაზნის შექმნაზე.  საცდელ ვაზნებს 5,6х39, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მიენიჭა სამუშაო ინდექსები 13МЖ, მოგვიანებით შეიქმნა ვარიანტი 13МЖВ (ფოლადის გულარიანი ტყვიით) და 15АМЖВ (მგეზავი ტყვიით).
ცდები ჩატარდა დენთის მუხტის ვარირებით (მომატება/დაკლებით), რომლის მიზანიც იყო გაეზარდათ და შეემცირებინათ ტყვიის საწყისი სიჩქარე. სულ გამოცდებს დაექვემდებარა სხვადასხვა საწყისი სიჩქარის მქონე ეგზემპლარები, რომელთა სიჩქარეც შეადგენდა 600, 850, 1000 და 1200 მ/წამს. ასევე დამზადებულ იქნა ბალისტიკური ლულები სხვადასხვა ჭრილის ბიჯებით (350, 250, 200, 160 და 120 მმ-ანი ბიჯებით). აღნიშნული ლულები მაგრდებოდა კალაშნიკოვის ავტომატის АКМ ლულის კოლოფზე და ისე ხდებოდა სროლის წარმოება.
ერთერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა, გასროლისას უკუცემის შემცირება, რაც ტყვიის წონის და დენთის მუხტის ოპტიმალური შეფარდებით უნდა მომხდარიყო. საშტატო 7,62х39 ვაზნის უკუცემის ენერგია შეადგენდა 0,78 კგძ/მწ-ს (იგივე kgf m/s) (კილოგრამ-ძალა/მეტრი წამში. აღნიშნული არასისტემური საზომი ერთეული დღეს თითქმის აღარ გამოიყენება), ხოლო საცდელი 5,6х39 ვაზნებს უკუცემა მერყეობდა 0,60-0,65 კგძ/მწ-ს შორის, რაც დადებითად აისახებოდა ავტომატური ჯერებით სროლისას ლულის სტაბილურობაზე. ასევე მსუბუქი და მაღალი სიჩქარის მქონე ტყვიის გამოყენებით გაიზარდა პირდაპირი დამიზნების მანძილი  426 მეტრამდე (7,62х39 -ის პირდაპირი სროლის მანძილი შეადგენდა 350 მეტრს).
ფოტოზე გამოსახულია ლიდია ბულავსკაია (Лидия Ивановна Булавская)
 
1961-1963 წლამდე ტარდებოდა ინტენსიური გამოცდები და კვლევები, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა ისეთი ვაზნის შექმნა, რომლის ბალისტიკური იმპულსი (უკუცემა) გასროლის დროს შეადგენდა არაუმეტეს 0,50 კგძ/მწ-ს. ახალი ვაზნის შემუშავებას ხელმძღვანელობდა ვ.მ საბელნიკოვი, რომლის ჯგუფშიც შედიოდნენ ქალბატონი ლ.ი. ბულავსკაია, ბ.ვ. სემინი  (ალბათ სწორი წარმოთქმა იქნება სიომინი. აღნიშნული პიროვნების მიერ შეიქმნა მაკაროვის პისტოლეტის ვაზნა 9х18), მ.ე. ფიოდოროვი, პ.ფ. საზანოვი, ვ.ი. ვოლკოვი, ვ.ა. ნიკოლაევი. ე.ე. ზიმინი, პ.ს. კოროლევი და სხვა სპეციალისტები. სწორედ ქალბატონმა ლიდია ბულავსკაიამ,  წარმოადგინა იდეა, რომ შემცირებულიყო ვაზნის მასრის დიამეტრი (ე.წ. სამუშაო კამერა) და შიდა მოცულობა, რადგანაც მცირეიმპულსიანი ვაზნისთვის არ იყო საჭირო 7,62х39 ვაზნის მასრის მოცულობა. მასრის დიამეტრის შემცირება გამოიწვევდა წარმოებისას მეტალის დანახარჯის შემცირებას და ასევე შეამსუბუქებდა ვაზნის საერთო მასას (წონას). აღნიშნულმა იდეამ მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად ლიდია ბულავსკაიამ მის ჯგუფთან ერთად შეიმუშავა საცდელი ვაზნები ახალი მასრით. მასრის გაბარიტების შემცირებამ გამოიწვია სხვა მარკის დენთის გამოყენების საჭიროება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვაზნაში გამოყენებულიყო ჯერ კიდევ ახალი შემუშავბული სფეროიდული მარცვლოვანი ფლეგმატიზირებული დენთი მარკით Сф033фл. ოპტიმალურ მუხტად დასახელდა 1,44 გრამი. ვაზნას მიენიჭა სამუშაო სახელწოდება 13МЖВ. 
ფოტოზე გამოსახულია მარცხნიდან მარჯვნივ 1. საბჭოთა მცირეიმპულსიანი ვაზნის 5,6х39 პირველი საცდელი ვარიანტი; 2. მეორე საცდელი ვარიანტი 5,6х39 13МЖ: 3,4 და 5. საცდელი ვაზნები 5,6х39 13МЖВ (მოგვიანებით ამ ვაზნებს მიენიჭა აღნიშვნა 5,45х39)

5,6х39 13МЖВ -ს ტყვიის წონა შეადგენდა 3,42 გრამს. ბალისტიკური იმპულსი გასროლისას შემცირდა 0,49 კგძ/წ-მდე. პირდაპირი დამიზნების მანძილი კი გაიზარდა 440 მეტრამდე.  ტყვიის გარსი დამზადებული იყო საკმაოდ მყარი ბიმეტალისგან, რაც მანამდე არსებულ პროტოტიპთან შედარებით უფრო უკეთეს შეღწევადობას აჩევენბდა. შეღწევადობას ზრდიდა ასევე ტყვიის პერანგის ქვეშ მოთავსებული ფოლადის ცილინდრული გულარი. სტანდარტული კალაშნიკოვის ლულის სიგრძის მქონე ბალისტიკური ლულიდან სროლის დროს ახალი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 900მ/წამს. ვინადიან საბჭოთა კავშირში ლულის დიამეტრი იზომებოდა ველებს შროსი (და არა ჭრილებს შორის), ვაზნას მიენიჭა მეტრული აღნიშვნა 5,45х39.  რეალურად მასრის სიგრძე შეადგენდა 39,82 მმ-ს, ამიტომ თავიდაპიველად იყო საუბარი, რომ ვაზნას მინიჭებოდა აღნიშვნა 5,45х40, თუმცა საბოლოოდ მიენიჭა 5,45х39. (მიუხედავად ამისა რიგ ლიტერატურაში ამ ვაზნას აღნიშნავენ როგორც 5,45х40, რაც ჩემი აზრით უფრო ზუსტი აღნიშვნაა). 5,45х39 კალიბრის ვაზნაში გამოყენებულ იქნა კაფსულ-მაალებელი მარკით „КВ-16“, რომლის დიამეტრიც 5,06მმ-ს შეადგენდა. მოგვიანებით აღნიშნულ კაფულ-მაალებელს მიენიჭა საარმიო ინდექსი „7КВ1“.  თავდაპირველად ვაზნის მასრა მზადდებოდა ბიმეტალისგან, ხოლო 1967 წელს მასრების დამზადება მოხდა ლაქირებული ფოლადისგან, რაც ეკონომიური თვალსაზრისით უფრო გამართლებული იყო.
გარდა სტანდარტული ფოლადისგულარიანი ტყვიისა, პარალელლურად მუშავდებოდა 5,45х39 ვაზნის მგეზავი ტყვიით დამუხტული ვარიანტის და მაყუჩისთვის განკუთვნილი შემცირებული საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიით დამუხტული ვაზნების შექმნის იდეა.
7,62х39 -დან ახალ 5,45х39 კალიბრზე გადასვლას, გარდა ნაკლები უკუცემისა, ჰქონდა ასევე მთელი რიგი უპირატესობები. ერთი ცალი ვაზნის მასა (წონა) შემცირდა 1,5-ჯერ. შესაბამისად ჯარისკაცის მიერ გადასატანი (სატარებელი) საბრძოლო კომპლექტი ვაზნების კუთხით გაიზარდა, ისე, რომ არ გაზრდილა მათი საერთო წონა. გაიზარდა ტყვიის საწყისი სიჩქარე, რაც უზრუნველყოფდა ტყვიის ფრენის უფრო სწორხაზოვან ტრაექტორიას, ასევე ტყვიის საწყისი სიჩქარის გაზრდამ გამოიწვია ტყვიის მიზნამდე ფრენის დროის შემცირება და გვერდითი ქარის შემთხვევაში ქარის ზემოქმედების შედეგად ტყვიის გადახრის შემცირება.

1965 წელს საბჭოთა კავშირის დავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემუშავებულიყო ახალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც გათვლილი იქნებოდა ვაზნაზე 5,45х39. პროტოტიპების შექმნის შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა ეგზემპლარების გადარჩევა და გამოცდა.
1966 წელს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) მიერ უკვე გაწერილ იქნა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები №008068, რომელიც ეხებოდა ახალ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. მთავარ მოთხოვნას ახალი კომპლექსის (ვაზნა+ავტომატური იარაღი) მიმართ წარმოადგენდა საშტატო АКМ -თან შედარებით სროლის ეფექტურობის გაუმჯობესებას 1,5 ჯერ. ასევე ახალი კომპლექსის გამოყენება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო 1000 მეტრამდე. ავტომატის წონა (მასა) უნდა შემცირებულიყო 2,5კგ-მდე. წარმოების თვითღირებულება АКМ-თან შედარებით უნდა შემცირებულიყო 25%-ით და ამავდროულად ყოფილიყო უფრო ტექნოლოგიური.
უკვალოდ არ ჩაუვლია ასევე 1960-დან 1968-წლამდე გამოცდილ ავტომატებს და ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებს, რომლის შედეგად გამოვლენილ იქნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
1.      კალიბრის შემცირება 7,62მმ-დან 5,45მმ-მდე და ზოგადად მცირეუმპულსიან ვაზნაზე გადასვლა ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა პერსპექტიულ ავტომატებზე მუშაობის გაგრძელებას;
2.      ЦНИИТОЧМАШ – ის უფროსი მეცნიერ-მუშაკის პეტრე ტკაჩევის (ტკაჩოვის) მიერ წამოვიდა მოსაზრება, რომ პერსპექტიული ავტომატი უნდა ყოფილიყო „მოძრავი დეტალების (ნაწილების) გაწონასწორებული იმპულსით მომუშავე სქემაზე“ დაფუძნებული. ეს რთული წინადადება მოგვიანებით შეცვალეს, როგორც „ბალანსირებული ავტომატიკა“. პეტრე ტკაჩევის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად,  ტრადიციული აირ-დგუშიანი პრინციპით მომუშავე ავტომატურ იარაღში გასროლის დროს წარმოიქმნებოდა მთელი რიგი იმპულსები როგორიცაა: გასროლის უკუცემა, ლულის არხიდან აირის კამერაში დენთის გადინების დროს წარმოქნილი რეაქცია (რომელსც აირის კამერის რეაქცია უწოდა), მოძრავი დეტალების დაჯახება უკიდურეს უკანა და შემდგომ წინა წერტილებში. აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით პეტრე ტკაჩევის აზრით ყურადღება უნდა გამახვილებულიყო სწორედ მოძრავი დეტალების დაჯახების შედეგად გამოწვეული იმპულსების შემცირებაზე და განაიტრალებაზე.
3.      უნდა შექმნილიყო ეფექტური ლულის მუხრუჭ-კომპენსატორი, რომელიც შეძლებდა გასროლის დროს წარმოქნილი უკუცემის შემცირებას.
საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროებში მივიდა ინფორმაცია, რომ იწყებოდა ახალ მცირეიმპულსიან ვაზნაზე (5,45х39) გათვლილი ავტომატების შექმნის საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები სახელწოდებით „სიმსუბუქე“ («Лёгкость»), რომლის ფარგლებში წარმოდგენილ და გამოცდილ ავტომატებზე უკვე სტატიის შემდგომ ნაწილში ვისაუბრებთ! 

გაგრძლება იქნება!

No comments:

Post a Comment