Hyde-Inland M2

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალაქის ბრძოლებში და სხვადასხვა ჩასაფრებებში, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი საკმაოდ ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების საარტილერიო დეპარტამენტმა (United States Army Ordnance Corps), მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის წარმოებაც იქნებოდა უფრო მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი, ვიდრე შეიარაღებაში არსებული ჯონ ტალიაფერო ტომპსონის (John Taliaferro Thompson) სისტემის მოდელები Thompson M1 და M1A1. ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბის გამოცდა მოხდებოდა აბერდინში (Aberdeen) მდებარე პოლიგონზე. გამოცდების დროს ეტალონურ მოდელად დამტკიცებულ იქნა ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Thompson 1928А1. შესაბამისად ყველა ახლად წარმოდგენილ ეგეზმპლარს სწორედ „Thompson 1928А1“-ს  შეადარებდნენ.
ტომპსონზე იაფი და მარტივად  სწარმოებელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შექმნით და ტესტირებებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იყვნენ დაკავებული. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ კიდევ უფრო დააჩქარა სამუშაო პროცესები. აშშ-ში 1939 წლის 5 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით გამოცადეს წარმოშობით გერმანელი კონსტრუქტორის (რამდენადაც ცნობილია იგი პროფესიით იყო მხატვარი) ჯორჯ ჰაიდის (George Hyde) მოდელი სახელწოდებით „Hyde 109“, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდები. 1939 წლის 21 ნოემბერს მოხდა მისი განმეორებითი გამოცდა და ამ შემთხვევაშიც საუკეთესო იყო „Hyde 109“.
ფოტოზე გამოსახულია Hyde Model 33
Hyde 109 წარმოადგენდა ჯორჯ ჰაიდის ადრეული მოდელების “Hyde Model 33”  და „Hyde Model 35“-ის უმნიშვნელოდ გადამუშავებულ ვარიანტს, რომელსაც დამატებული ჰქონდა ლულის კომპენსატორი და განხორციელებული იყო მცირე კონსტრუქციული ცვლილებები. „Hyde 109“ გათვლილი იყო აშშ-ს საშტატო ვაზნაზე .45ACP, უკეთესი გაგრილებისთვის გააჩნდა ნეკნებიანი ლულა, იკვებებოდა 20  და 40 ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით და ჰქონდა დამატებითი პისტოლეტისებური სახელური.
 Hyde Model 35/Hyde 109
ვიზუალურად Hyde 109 ძალიან გჰავდა ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს „Thompson M1928A1“. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ უჩვეული იყო  მისი გადასატენი სახელური, იგი მდებარეობდა მილისებური ლულის კოლოფის უკანა ნაწილში და მსროლელი გადატენვისთვის ახდენდა მის მოქაჩვას. ტესტირებების დროს აღმოჩნდა, რომ ჯორჯ ჰაიდის მოდელი რთულ პირობებს (დაბინძურება მტვრით და ტალახით) უფრო კარგად უმკლავდებოდა, ვიდრე ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. აგრეთვე ჰაიდის მოდელი უფრო მარტივად გრილდებოდა, იყო ნაკლებად რთული კონსტრუქციის და მისი დამზადება უფრო ნაკლებ მატერიალურ / დროით რესურსს მოითხოვდა. თუმცა იყო გარკვეული მინუსებიც. მისი გადასატენი სახელური მიუღებელი აღმოჩნდა კომისიისთვის, მჭიდის ზამბარა იყო ზედმეტად სუსტი და სასხლეტი მექანიზმი ვერ აკმაყოფილებდა რიგ მოთხოვნებს. გამძლეობის კუთხით იყო შემდეგი მინუსები: მალე მოირყა წინა სახელური და  გაიბზარა საკეტი. შესაბამისად გამოცდების შემდეგ ჯორჯ ჰაიდს მოუწია მისი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საფუძვლიანი გადამუშავება.
ამ ეპიზოდში ჯორჯ ჰაიდს დახმარება გაუწია კორპორაცია ჯენერალ მოტორსის განყოფილებამ (Inland Division of General Motors), რომელთან თანამშრომლობის შედეგად 1942 წლის დასაწყისში წარმოდგენილ იქნა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სამუშაო სახელწოდებით „Hyde-Inland-1“. მან 1942 წლის აპრილის დასაწყისიდან-შუა პერიოდამდე აბერდინის ბაზაზე გაიარა გამოცდები.
 განახლებულ მოდელს არ გააჩნდა წინა პისტოლეტისებური სახელური და ლულის გაგრილებისთვის საჭირო ნეკნები. წინა პისტოლეტისებური სახელური ჩაანაცვლა ხისგან დამზადებულმა ტიბჟირმა, რომელიც სარეცელის ნაწილს წარმოადგენდა. ასევე გადასატენი სახელური განთავსდა ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს. განახლებული მოდელი იყო უფრო მსუბუქი და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყენებდა თავისუფალი საკეტის პრინციპს და გააჩნდა საკმაოდ უცნაური ფორმის საკეტი.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საკეტი
საკეტის უკნა ნაწილი იყო დიდი დიამეტრის, ხოლო მისი მოგრძო წინა ნაწილი იყო ვიწრო დიამეტრის. იარაღის კონდახი, ლულის კოლოფი და ლულა განლაგებული იყო ერთ ღერძზე, რაც დადებითად აისახებოდა ავტომატური ჯერებით სროლისას იარაღის სიზუსტეზე. ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში იგი საცდელ ეგზემპლარებს შორის აჩვენებდა ყველაზე კარგ შედეგებს. 50 იარდზე ჯერებით სროლის დროს 100 გასროლიდან 99 ტყვია ჯდებოდა 15,5x15,5 სმ ზომის რადიუსში. ტომპსონის მოდელი M1928A1 აღნიშნულ ტესტში დებდა ჯორჯ ჰაიდის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ნახევარ შედეგს (ანუ 50% -ით ნაკლებ შედეგს). თუმცა ერთეული გასროლებით ჯორჯ ჰაიდის მოდელი სიზუსტეში  ჩამორჩებოდა ტომპსონს.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონდახში განთავსებული იყო კოლბის მსგავსი საზეთე კონტეინერი, რომლის თავსახურზეც მიმაგრებული იყო იარაღის დასაშლელად განკუთვნილი ღერძი
 სულ გამოცდების პროცესში ჯორჯ ჰაიდის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა განახორციელა 6080 ვაზნის გასროლა. გასროლების დროს დაფიქსირდა ჯამში 20 გაუმართაობა. უფრო ზუსტად კი ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება:
1.      ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი არ დარჩა ღია მდგომარეობაში - დაფიქსირდა 15 ჯერ;
2.      ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი დარჩა ღია მდგომარეობაში, მაგრამ ცარიელი მჭიდის მოხსნის დროს ავტომატურად დაიხურა - დაფიქსირდა 3 ჯერ;
3.      შეფერხება ვაზნის მიწოდებისას - დაფიქსირდა 1 ჯერ;
4.      საცემს არ ეყო ძალა კაფსულის ასაალებლად - დაფიქსირდა 1 ჯერ.
ტალახით და მტვრით დაბინძურების შემდეგ ჯორჯ ჰაიდის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უკეთეს შედეგს აჩვენებდა, ვიდრე ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.
ჯორჯ ჰაიდის მოდელი სრულიად ავტომატური სროლის დროს აჩვენებდა საშუალოდ 527 გასროლას წუთში (ცნობისთვის ტომპსონის მოდელის M1928A1 მაჩვენებელი ამ კუთხით იყო საშუალოდ 610 გასროლა წუთში, ხოლო Thompson M1 -ის შემთხვევაში 775 გასროლა წუთში. საერთო ჯამში გამომცდელები დადებითად ახასიათებდნენ ჯორჯ ჰაიდის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. ჰაიდმა მოითხოვა რომ გამოცდების შემდეგ ტურამდე, მიეცათ იარაღის კონსტრუქციაში მცირე ვლილებების შეტანის უფლება. ასევე იარაღის გადამუშავების კუთხით რეკომენდაციები გაიცა საარტილერიო დეპარტამენტის  მიერ, რომელთა შორის იყო ტომპსონის 20 და 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდების გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული რეკომენდაციების და ცვლილებების განხორციელების შემდეგ ჯორჯ ჰაიდმა კვლავ წარადგინა მისი მოდელი ახალ გამოცდებზე, რომელიც წარმატებით დასრულდა. 1942 წლის 30 აპრილს ჯორჯ ჰაიდის მოდელს რეკომენდაცია გაუწიეს და გადაწყდა მისი შეიარაღებაში მიღება სახელწოდებით „M2“. ვინაიდან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებაში ჩართული იყო კორპორაცია ჯენერალ მოტორსის განყოფილება "Inland Division of General Motors", პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს უწოდებდნენ „Hyde-Inland M2”-ს.
„Hyde-Inland M2”
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „M2“ იყო უფრო იაფი და იოლად დასამზადებელი, ვიდრე ტომპსონიის მოდელები M1928A1, М1 და  M1A1, საიჭირო იყო საწარმოო ხაზის მომზადება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდბოდა. აქედან გამომდინარე ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების წარმოება ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა და იგი იქნებოდა აშშ-ს სტანდარტული იარაღი, ხოლო სანამ „M2“-ის წარმოება გახდებოდა მასიური, იგი შეიარაღებაში წავიდოდა როგორც  დამხმარე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.  საბოლო ჯამში M2 იყო ტომპსონის მოდელებზე მსუბუქი, თითქმის იდეალური ავტომატური ჯერებით სროლისას, უფრო მარტივი კონსტრუქციის და შედარებით იაფი, თუმცა მისი წარმოება მაინც არ იყო მარტივი და საჭიროებდა გარკვეულ ტექნოლოგიურ ცვლილებებს.
1942 წლის ივნისსში წარმოდგენილ იქნა 5 ცალი განახლებული M2, რომელთა გამოცდაც მოხდა 19-22 ივნისს. სულ გასროლილ იქნა 2 640 ვაზნა, რომლიდანაც დაფიქსირდა მხოლოდ 2 შეფერხება. აღნიშნული გამოცდების შემდეგ გაფორმდა კონტრაქტი კომპანია „Marlin Firearms“-სთან, რომლის თანახმად მას უნდა დაემზადებინა 164 450 ცალი (რიგი წყაროების თანახმად 164 000) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „М2“.
M2-ის ნახაზები პსაატენტო დოკუმენტაციიდან
ერთი ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ფასი მჭიდის და აქსესუარების გარეშე შეადგენდა 36,76 აშშ დოლარს (ცნობისთვის იმ პერიოდში ტოპმსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M1 ჯდებოდა 44 დოლარი). კონტრაქტის დანამატად გაფორმდა მეორე ხელშეკრულება, რომლის თანახმად უნდა დამზადებულიყო 30 ვაზნიანი მჭიდები. 1 ცალი მჭიდი თითო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის.
ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დამზადება უნდა დაწყებულიყო 1942 წლის დეკემბერში, მაგრამ კომპანია „Marlin Firearms“-ს შექმნა შეფერხება. M2-ის კონსტრუქციიდან 6 ცალი კომპონენტი მზადდებოდა ფხვნილისებური მეტალისგან, რომელიც პრეს-ფორმის მეშვეობით იღებდა დეტალის ფორმას. როდესაც დამზადდა რამოდენიმე ეგზემპლარი და მოხდა მათი ქარხნული გამოცდები, აღმოჩნდა, რომ ფხვნილისებური მეტალის მეშვეობით დამზადებული 2 კომპონენტი გაიბზარა. აღნიშნულმა ფაქტმა ეჭვქვეშ დააყენა დეტალების ასთი ტექნოლოგიით დამზადება, რადგანაც არავინ არ იცოდა გრძელვადიან პერიოდში რა პრობლემები შეექმნებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის იმ დეტალებს, რომელიც ფხვნილისებური მეტალისგან იქნებოდა დამზადებული. კომპანიას წარმოების პროცესის საბოლოო გამართვისთვის და ტექნოლოგიის დასახვეწად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. სერიული წარმოების პროცესმა სტატრტი აიღო 1943 წლის გაზაფხულს, ხოლო ამავე წლის მაისის თვეში კომპანია „Marlin Firearms“-მა  ამერიკის შეერთებული შტატების საარტილერიო დეპარტამენტს მიაწოდა M2-ის პირველი სერიული პარტია. 
სერიულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მარკირება ლულის კოლოფზე
სანამ კომპანია „Marlin Firearms“ მოახდენდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების წარმოების დაწყებას, ჯორჯ ჰაიდმა ჯენერალ მოტორსის მთავარ ინჟინერ ფრედერიკ სემპსონთან (Frederick Sampson) ერთად შეიმუშავა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი, რომელიც საარტილერიო დეპარტამენტმა სასწრაფო წესით გამოცადა. ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღმოჩნდა M2 -ზე უფრო ტექნოლოგიური  და იაფი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1943 წლის 14 ივნიის აშშ-ს საარტილერიო დეპარტამენტმა გააუქმა „Marlin Firearms“ -თან დადებული კონტრაქტი M2 -ს წარმოების თაობაზე და შეიარაღებაში მიიღო ჯორჯ ჰაიდის ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელოწდებით “M3” (მას ასევე უწოდებდნენ “M3  Grease Gun“-ს. ქართულად  “Grease Gun” ითარგმნება, როგორც საზეთური).
“M3  Grease Gun“
უცნობია ზუსტად რამდენი ცალი M2-ის დამზადება მოასწორო კომპანია „Marlin Firearms“-მა. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადებულ იქნა 400-500 ცალამდე ეგზემპლარი. ისტორიამ არ შემოგვინახა ფაქტები იმის შესახებ, მოხდა თუ არა დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების რეალურ ბრძოლებში გამოყენება. დღეს M2 საკმაოდ იშვიათია და ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ 2 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვინაობა. ასევე არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ამზადებენ M2 -ს.

No comments:

Post a Comment