M3 "Grease Gun" (ნაწ. 1)

მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, აშშ-ს არმიის საარტილერიო დეპარტამენტის ყურადღების ობიექტი გახდა ევროპის ქვეყნებში დამზადებული სხვადასხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებოდა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ფრონტზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა გერმანული მოდელები MP.38,  MP.38/MP.40, MP.40 და ბრიტანული STEN.  გარკვეული დაკვირვებების შემდეგ აშშ-ში გადაწყვიტეს, რომ შეემუშავებინათ ბრიტანული STEN-ის მსგავსი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც რიგ დანაყოფებში სრულად, ხოლო ზოგგან ნაწილობრივ ჩაანაცვლებდა შეიარაღებაში არსებულ ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს.
1942 წელს აშშ-ს საარტილერიო დეპარტამენტმა, როგორც ფეხოსანთა, ასევე საკავალერიო დანაყოფებიდან გამოითხოვა გარკვეული ინფორმაცია ახალი იარღის საჭიროებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ინფორმაციის დამუშავების შედეგად აბერდინის საგამოცდო პოლიგონმა (Aberdeen Proving Ground) ჩამოაყალიბა კონკრეტული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც შეიმუშავებდნენ საცდელ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს სამუშაო სახელწოდებით T15”.
მოთხოვნების თანახმად უნდა შემუშავებულიყო:
·         მთლიანად მეტალის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;
·         გათვლილი აშშ-ს საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე .45 ACP;
·         იარაღის დამზადება უნდა მომხდარიყო სწრაფად, იაფად და დეტალების მინიმალური მექანიკური დამუშავებით;
·         დეტალების დამზადებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ფოლადის ფურცლისგან დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდი;
·         ცეცხლის წარმოება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით;
·         სროლის ტემპი ავტომატური ჯერებისას არ უნდა ყოფილიყო წუთში 500 გასროლაზე მეტი;
·       ფეხზე მდგომი პოზიციიდან, 50 იარდზე ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში ტყვიების 90% უნდა ჩამჯდარიყო 6x6 ფუტის (183 სმ) ზომის სამიზნეში;
·         საცდელ სროლებზე წარმოდგენილი იარაღის შედარება მოხდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ Thompson M1928A1-თან
დავალება ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებასა და მის წარმოებაში ჩაშვებაზე მიიღო კომპანია „General Motors“ -ის განყოფილებამ "Inland Division" და სანათების განყოფილებამ "Guide Lamp Division". იარაღის შემუშავება უნდა მოეხდინა კონსტრუქტორ ჯორჯ ჰაიდს (George John Hyde), რომელსაც უკვე ჰქონდა დაწყბეული გარკვეული სამუშაოები და შეიმუშავა კიდევაც საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გარკვეული სპექტრი. აღნიშნულის შესახებ ჩვენ უკვე ვისაბურეთ სტატიაში --> „Hyde-Inland M2 “. ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საწარმოო ხაზის გამართვა დაევალა ჯენერალ მოტორსის მთავარ ინჟინერს ფრედერიკ სემპსონს (Frederick W. Sampson). იარაღის შემუშავებაში ასევე ჩაერთო საარტილერიო დეპარტამენტის ოფიცერი რენე შტადლერი (René Studler).
1942 წლის ოქტომბერში მოულოდნელად „T15“ -ისთვის განსაზღვრული მოთხოვნები შეიცვალა. ახალი მოთხოვნების თანახმად იარაღიდან ამოიღეს ერთეული გასროლებით (ე.წ. Semi Auto)  სროლის შესაძლებლობა და აუცილებელ მოთხოვნად დაამატეს იარაღის სწრაფად კონვერტირება  9×19mm Parabellum ტიპის ვაზნაზე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ლულის და გარკვეული დეტალების სწრაფად შეცვლა ისე, რომ საჭიროების შემთვევაში იარაღიდან მომხდარიყო 9მმ-ანი ვაზნების სროლა. ახალი მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო პროტოტიპს მიენიჭებოდა სახლწოდება “T20”.
ჯორჯ ჰაიდის, ფრედერიკ სემპსონის და რენე შტადლერის კოლაბორაცია საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რის შედეგადაც მათ დროულად შეძლეს ახალი იარაღის შემუშავება. ხოლო საცდელი სროლებისთვის კომპანია ჯენერალ მოტორსმა დაამზადა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის 5 ცალი ეგზემპლარი "T20" და მათთვის განკუთვნილი 5 ცალი ნაკრები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო .45 ACP ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონვერსია 9მმ-ან ვაზნაზე (9x19mm Parabellum).
აბერდინის საგამოცდო პოლიგონზე "T20"-მა აჩვენა ძალიან კარგი შედგები. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა 100 ბალიანი შეფასებიდან აიღო 97 ბალი. გამძლეობის ტესტზე იარაღიდან გაისროლეს 5000-ზე მეტი ვაზნა, რომლიდანაც მხოლოდ 2 შეფერხება დაფიქსირდა. ორივე შეფერხება უკავშირდებოდა ვაზნის არასათანადო მიწოდებას.
მომდევნო ეტაპს წარმოადგენდა "T20"-ის სამხედრო გამოცდები, რომელსაც დამოუკიდებლად განახორციელებდნენ სხვადასხვა დანაყოფები. მათ შორის შორის იყო: 1. საჰაერო დესანტი (Airborne Command); 2. საზღვაო დესანტი (Amphibious Warfare); 3. ფეხოსნები (Infantry); 4. ჯავშანსატანკო დანაყოფი (Armored Forces). სამხედრო გამოცდების შემდეგ, ოთხივე მიმართულებამ უარყოფით მხარედ დაასახელა შეფერხებები ვაზნის მიწოდებისას. საბლოოდ დადგინდა, რომ მჭიდში არსებული ვაზნების მიმწოდებლი იჭედებოდა ან არასათანადო კუთხით აწვდია ვაზნას.
გამოცდების დასრულების შემდეგ 1942 წლის 12 დეკემბერს, ამერიკის საარტილერიო დეპარტამენტმა (U.S. Army Ordnance) მიიღო გადაწყვეტილება "T20" -ის შეიარაღებაში მიღების შესახებ. ხოლო 1942 წლის 23 დეკემბერს იგი ოფიციალურად გაფორმდა შეიარაღების დოკუმენტში.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3
შეიარაღებაში მიღებისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სახელწოდება „M3“ (Model 3), ოფიციალურად მისი დასახელება იყო „United States Submachine Gun, Cal. .45, M3“ (შემოკლებით U.S. SMG M3). იარაღის სერიული წარმოება უნდა დაწყებულიყო 1943 წლის იანვრიდან ჯენერალ მოტორსის მიერ, კერძოდ კი Guide Lamp Division-ის საწარმოო ცეხებში, რომელიც ინდიანას შტატში მდებარეობდა.
 
კონსტრუქცია და აგებულება
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3-ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. მისი დამზადებისას გამოიყენებოდა 1,5მმ-ანი უბრალო ფოლადის ფურცლები. ლულის კოლოფი შესრულებული იყო 2 ცალი დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდით დამზადებული ფურცლისგან, რომელიც შემდგომ შედუღების მეშვეობით ერთიანდებოდა და იქმნებოდა ერთგვარი მილისებური კოლოფი. იარაღს ჰქონდა მასიური საკეტი.
არასრულად დაშლილი M3
საკეტში ჩამაგრებული იყო უძრავი საცემი ნემსა. საკეტის უკანა ნაწილში შესრულებული იყო 2 ცალი გაბურღული ნასვრეტი. აღნიშნულ ნსვრეტებში თავსდებოდა მიმმართველი ღერძები, რომელზეც ჩამოცმული იყო  დამაბრუნებელი ზამბარები. საკეტის თავაკში ჩამონტაჟებული იყო ზამბარიანი ექსტრაქტორი.  იარაღი ისე იყო შემუშავებული, რომ მილისებურ ლულის კოლოფსა და მოძრავ საკეტს შორის რჩებოდა გარკვეული თავისუფალი სივრცე, რაც ზრდიდა იარაღის საიმედოობას და ამტანობას მაღალი დაბინძურების (ქვიშა, მტვერი, ტალახი, დენთის ნამწვი) პირობებში. ლულას დამზადების შემდეგ სავაზნის ნაწილთან ხისტად უმაგრდებოდა მრგვალი ხრახნიანი მილისი (ე.წ. ვტულკა), რომლითაც შემდეგ ხდებოდა ლულის დამაგრება ლულის კოლოფზე.
 M3 -ის შიდა აგებულების სქემა ნახაზის სახით
მილისებური ლულის კოლოფის ქვემოთ შესრულებული იყო სასხლეტი მექანიზმის ბუდე. სასხლეტი მექანიზმი შედგებოდა ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული სასხლეტისგან, სასხლეტის ზამბარისგან, სასხლეტის თამასისგან და გამშვები ბერკეტისგან (ე.წ. ჩურჩულა). ლულის კოლოფის ქვემოდან, სასხლეტის დამცავის წინ დამაგრებული იყო გადასატენი მექანიზმის ბუდე. კონსტრუქტორმა აღნიშნულ ბუდეზე  განათავსა გადსატენი სახლურის (საკეტის შესაყენებელი) ბერკეტი, რომელიც ჰაირემ მაქსიმის ტყვიამფრქვევის გადასატენი სახელურის მსგავსად უკან უნდა გადმოეწია მსროლელს. გადასატენი სახელურის ბუდეში თავს იყრიდა გადასატენი ბერკეტის ზამბარა და საკეტის შესაყენებელი შიდა მექანიზმი. 
მასრების ამოსაყრელ ფანჯარას ჰქონდა ზამბარიანი თავსაფარი. დაკეტილ მდგომარეობაში მასზე არსებული შვერილი მუშაობდა როგორც მცველი. თუ საკეტი იმყოფებოდა შეყენებულ მდგომარეობაში და თავსაფარი იკავებდა დახურულ პოზიციას, მაშინ სასხლეტზე თითის დაწოლის შემთხვევაში მასრების ამოსაყრელი ფანჯრის თავსაფარზე არსებული შვერილი არ მისცემდა საკეტს დაშვების (წინ გადაადგილების) საშუალებას. ხოლო თუ საკეტი იყო დახურულ მდგომარეობაში და თავსაფარიც იკავებდა დახურულ მდგომარეობას, შეუძლებელი იყო საკეტის შეყენება მანამ, სანამ მსროლელი არ ახდიდა თავსაფარს. სამიზნე მოწყობილობა შედგებოდა ლულის კოლოფზე მიდუღებული მარტივი წინა სამიზნისგან და ლულის კოლოფის უკანა ნაწილში მიდუღებული ნასვრეტიანი დეტალისგან, რომელიც დიოპტრული სამიზნის როლს ასრულებდა. ასეთი მარტივი სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 100 იარდზე (91 მეტრი) სასროლად. პისტოლეტ-ტყვიამფრექვევს ჰქონდა ფოლადის მავთულისგან დამზადებული ტელესკოპურად გამოსაკეცი დუგლუგი. მსროლელს შეეძლო დუგლუგის მოხსნა იარაღიდან და მისი  ღეროს გამოყენება ზუმბას დანიშნულებით. ასევე დუგლუგი გამოიყენებოდა როგორც დასაშლელი ინსტრუმენტი და ლულის მოსახსნელი ქანჩი. მოგვიანებით დუგლუგს კიდევ ერთი დანიშნულება დაემატა. ამაზე სტატიის შემდგომ ნაწილში ვისაუბრებთ.
ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს სპეციალურ სამაგრში განთავსებული იყო მცირე ზომის ზეთის კონტეინერი. (მოგვიანებით ეს კონტეინერი ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში გადაინაცვლებს). ამ დეტალის და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვიზუალური იერის გამო M3 –ს შეერქვა ზედმეტსახელი «Grease gun» (საზეთური). გარკვეული წყაროების თანახმად ეს სახელწოდება ასევე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ  იარაღი საიმედოდ ფუნქციონირებდა მხოლოდ იმ შემთხვაში, თუ მისი დეტალები კარგად იყო დაზეთილი (გაპოხილი).
იარაღის სროლის ტემპი შეადგენდა 450 გასროლას წუთში, რაც  მიღწეულ იქნა მძიმე (მასიური) საკეტის წყალობით, რომელსაც ჰქონდა შედარებით გრძელი სვლა და შედარებით მსუბუქი დამაბრუნებელი ზამბარა. ამ ყველაფერს ასევე ხელს უწყობდა .45 ACP ტიპის ვაზნის გამოყენებისას ლულაში წარმოქნლი დაბალი წნევა. მიუხედავად იმისა, რომ M3 ისროდა მხოლოდ ავტომატური ჯერებით, დაბალი სროლის ტემპის ხარჯზე შესაძლებელი იყო სასხლეტზე თითის ოდნავი დაჭერით ერთეული გასროლების განხორციელება.
წარმოების დაწყება
ფოლადის ფურცლისგან დაშტამპვის მეთოდით დეტალების დამზადების და როგორც წერტილოვანი, ასევე ნაკერული ტიპის შედუღების გამოყენებით საგრძნობლად იქნა შემცირებული იარაღის წარმოებისათვის საჭირო კაც-საათის რესურსი. მხოლოდ საკეტი, ლულა და სასხლეტის მექანიზმის გარკვეული დეტალები საჭიროებდნენ მაღალი სიზუსტით დამუშავებას. ლულის დამზადება ხდებოდა ერთი ოპერაციის მეშვვეობით და გამოიყენებოდა ცივად ჭედვის მეთოდი.
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, იარაღის საწარმოო ხაზის გამართვა მოხდა Guide Lamp Division-ის ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის საჭირო დეტალების დამზადება და აწყობა. გამონაკლის წარმოადგენდა საკეტი, რომელსაც ამზადებდა კომპანია „Buffalo Arms“ და აწვდიდა Guide Lamp Division-ს.
1 ცალი M3-ის თვითღირებულება თავდაპირველად შეადგენდა 20 დოლარს და 41 ცენტს (რიგი წყაროების თანახმად Guide Lamp Division-ს 1 ცალი იარაღის წარმოება უჯდებოდა 18,36$ რომელსაც შემდგომ ემატებოდა „Buffalo Arms“-ისგან მოწოდებული საკეტის ღირებულება 2,58$ და ჯამში გამოდიოდა 20,94$). შედარებისთვის 1942 წელს ტოპმსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M1A1 ჯდებოდა 70$, ხოლო 1944 წელს მისი ღირებულება ჩამოვიდა 44-45 დოლარზე. გასათვალისწინებელია ასევე ის მომენტიც, რომ ტომპსონის პისტოლტ-ტყვიამფრქვვთან შედარებით M3 -ის დამზადებას ესჭიროებოდა ნახევარი დრო.
გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დამზადების შემდეგ გადიოდა სიზუსტის დასადგენ ტესტს ე.წ. მისროლას. მისროლა ხდებოდა 30 მეტრზე, სადაც 5 გასროლიდან 4 უნდა ჩამჯდარიყო 76მმ-ან წრეში ან შეხებოდა წრის კონტურს. თუ იარაღი აღნიშნულ ტესტში აჩვენებდა ასეთ შედეგს, ესეიგი მისი სიზუსტე იყო დამაკმაყოფილებელი.
თავდაპირველად არ ხდებოდა იარაღისთვის დამატებითი სათადარიგო დეტლების დამზადება, რადგანაც იარაღის დაბალი თვითღირებულების გამო თუ მას დაუზიანდებოდა რომელიმე დეტალი, მოხდებოდა მისი უტილიზაცია. თუმცა მოგვიანებით გარკვეულ სამხედრო ცეხებში მაინც იქნა დაწყებული სათადარიგო დეტალების დამზადება.
1943 წლის მაისში აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდა M3 -ის პირველი სერიული ეგზემპლარები, რომლებმაც გაიარეს რეალური საბრძოლო ნათლობა. ამერიკელ  მებრძოლთა შრორის 2 ბანაკი ჩამოყალიბდა: 1. მებრძოლების კატეგორია, რომელიც  დადებითად და გარკვეულ ასპექტებში ძალიან კარგად ახასიათებდა ახალ იარაღს; 2. კატეგორია, რომელიც მიწასთან ასოწორებდა მას და პირდაპირი გაგებით ეზიზღებოდა M3.  მიუხედავად ამისა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 ნელნელა ფეხს იკიდებდა აშშ-ს არმიის რიგებში და წინ მორიგი თავგადასავალი ელოდა, რომელზეც სტატიის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.
გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე --> M3 "Grease Gun" (ნაწ. 2)

No comments:

Post a Comment