M3 "Grease Gun" (ნაწ. 2)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე --> M3 "Grease Gun" (ნაწ. 1)

1943 წლის მიწურულს და 1944 წლის დასაწყისში М3 უკვე სხვადასხვა საბრძოლო შეტაკებების მონაწილე გახდა. შესაბამისად რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ ობიექტურად გამოავლინა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.
ფოტოზე გამოსახულია ჯარისკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ერთმანეთზე გადაბმული 3 ცალი მჭიდთ აღჭურვილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3
1944 წლის თებერვალში აშშ-ს სხვადასხვა დანაყოფებმა, რომლებიც იმ პერიოში გადიოდნენ წვრთნებს, დააფიქსირეს უკმაყოფილება М3 თან დაკავშირებით. მთავარი უკმაყოფილება უკავშირდებოდა საკეტის შესაყენებელ (გადასატენ) ბერკეტს. მოგვიანებით იგივე ჩივილი წამოვიდა ბრიტანეთიდან, სადაც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი М3 გარკვეული რაოდენობით ირიცხებოდა ბრიტანეთში დისლოცირებულ მებრძოლთა შეიარაღებაში. აღიშნული საკითხის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკეტის შესაყენებელ ბერკეტს ჰქონდა კონსტრუქციული ნაკლოვანება. უარყოფით მხარეს დაემატა ასევე ლულის სამაგრის და უკანა სამიზნე მოწყობილობის პრობლემა, რომელიც მარტივად იღუნებოდა, ან საერთოდ ტყდებოდა ლულის კოლოფიდან.


M3 ადრეული ვარიანტი
ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გატარდა მთელი რიგი ტექნიკური და საწარმოო ღონისძიეენი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ცვლილებებს:
გადამუშავდა საკეტის შესაყენებელი ბერკეტის კონსტრუქცია და შეიცვალა მისი ზამბარა. აგრეთვე ახალი იარაღების დამზადებისას ხდებოდა საკეტის შესაყენებელი მექანიზმის შიდა დეტალების გაუმჯობესბული თერმოდამუშავება, რაც ზრდიდად ცვეთის მიმართ მედეგობას. შეიცვალა ლულის სამაგრის დამუშავების მეთოდი. ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობას დაემატა დამცავი გვერდები, რომლის წყალობითაც მინიმუმამდე შემცირდა სამიზნე მოწყობილობის მოღუნვა ან გატეხვა.
ფოტოზე ნათლად ჩანს გადამუშავებული უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც დამცავი გვერდები დაემატა 
მოგვიანებით თავი იჩინა ასევე ახალმა პრობლემებმა, რომელიც უკავშირდებოდა მიმღებიდან მჭიდის თვითნებურ გამოვარდნას. გარკვეული დანაყოფებიდან წამოვიდა ჩივილები იმის შესახებ, რომ დაკეცილ მდგომარეობაში დუგლუგი არ ფიქსირდებოდა თავის ადგილას და გადაადგილების (მარშირების) დროს დუგლუგი  თავისით იშლებოდა. აღნიშნულ ფაქტებს მაშინვე მოჰყვა რეაგირება და 1944 წლის 31 აგვისტოს გამოცემული ბრძანების შესაბამისა წარმოებაში შევიდა რიგი ცვლილებები. ცვლილების თანახმად მჭიდის ღილაკ-ფიქსატორის გარშემო დამაგრდა ფოლადის ფურცლისგან შესრულებული დამცავი, ხოლო დუგლუგის ფიქსატორზე გაკეთდა სპეციალური დანამატი, რომლის მეშვეობითაც საიმედოდ ხდებოდა დუგლუგის დაფიქსირება დაკეცილ მდგომარეობაში.
ფოტოზე ჩანს მჭიდის ღილაკი, რომელსაც გარშემო დამატებული აქვს ფოლადის ფურცლისგან შესრულებული დამცავი

ცვლილებების შემდეგ ბრძოლის ველიდან კვლავ წამოვიდა ახალი მოთხოვნები, რის შედეგადაც 1944 წლის სექტემბერ-ოქტომბერში М3 -ის კონსტრუქციაში საბოლოოდ შევიდა გარკვეული ცვლილებები. გადამუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შეიარაღებაში მიღების დოკუმენტს ოფიციალურად 1944 წლის 11 ოქტომბორს მოეწერა ხელი, ხოლო 1944 წლის 21 დეკემბერს დაიწყო მისი სერიული წარმოება. ახალ მოდიფიკაციას მიენიჭა სახელწოდება М3А1. რიგი წყაროების თანახმად M3A1 შეიარაღებაში წავიდა 1945 წლის 22 თებერვლიდან.
М3А1
განახლებულ მოდელში ცვლილებებს დაექვემდებარა შემდეგი დეტალები:

·         საკეტის შესაყენებელი (გადასატნი) სახელური, რომელიც მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ამოღებულ იქნა კონსტრიქციიდან. მის ნაცვლად საკეტს ზემოდან გაუკეთდა მრგვალი ჩაღრმავება, რომელშიც მსროლელი ჩაყობდა საჩვენებელ თითს და მოქაჩავდა საკეტს უკან;
·         გაიზარდა ვაზნების ამოსაყრელი ფანჯრის და მისი თავსაფრის ზომა. გარდა ამისა თავსაფრის სამაგრში შევიდა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილება;

·         ფოლადის მავთულისგან დამზადებულ დუგლუგს უკანა ნაწილში გაუკეთდა პატარა შვერილი, რომელსაც მსროლელი მჭიდში ვაზნების ჩალაგებისას სწრაფდამტენის სახით გამოიყენებდა;

·         ლულის სამაგრ მილისზე (ე.წ. ვტულკაზე) გაჩნდა ორი ცალი ჩანაჭრელი, რომლის წყალობითაც მსროლელი იარაღიდან მოხსნილ დუგლუგს მარტივად გამოიყენებდა ლულის მოსახნელი ქანჩის როლში;
·         ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს განთავსებულმა ზეთის კონტეინერმა გადაინაცვლა ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში;
·         ზეთის კონტეინერის თავსაფარზე გაკეთდა პატარა დამხმარე შვერილი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო საკეტზე დამაგრებული ექსტრაქტორის ღერძის (ე.წ. პინის) გამოგდება.
ზევით მოყვანილი ცვლილებების შედეგად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გახდა უფრო მარტივი კონსტრუქციის, საველე პირობებში უფრო მარტივად გამოსაყენებელი და რაც მთავარია კიდევ უფრო შემცირდა მისი წარმოების ღირებულება. რიგ წყაროებს  თუ დავუჯერებთ ერთი ცალი М3А1 -ის წარმოება ჯდებოდა დაახლოებით 15$. (ცნობისთვის მაშინდელი 15$ დღეის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 220-225 აშშ დოლარს).
მიუხედავად იმისა, რომ М3 -ს ჯერ კიდვ გამოცდების ეტაპზე შეექმნა შეფერხებები არასათანადო მჭიდის გამო, ამ კუთხით არ განხორციელებულა არავითარი ცვლილება და წლების მანძილზე მჭიდი იწარმოებოდა პირვანდელი სახით. აღნიშნული მჭიდი შეიქმნა ბრიტანულ STEN-ში გამოყენებული მჭიდის გავლენით, რომელიც იყო ორრიგიანი და მის გამოსასვლელში ხდებოდა ვაზნების ერთ რიგად გადაწყობა. ასეთი მჭიდის დამუხტვა უფრო დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვდა, ვიდრე პირდაპირ ორრიგიანი გამოსასვლელის მქონე მჭიდების დამუხტვას ესაჭიროებოდა. ერთადერთი რამ რაც მჭიდების კუთხით გაკეთდა იყო ის, რომ 1944 წლის ნოემბერში დაიწყეს მყარი პლასტმასის (კონკრეტულად მასალას, რომლისგანაც მზადდებოდა ერქვა Tenite) პატარა საცმების (თავსაფრების) დამზადება, რომელიც სავსე მჭიდის ვაზნების გამოსასვლელ ნაწილში მაგრდებოდა და იცავდა მჭიდის ტუჩებს, როგორც დეფორმირებისგან, ასევე მასში ქვიშის და მტვრის მოხვედრისგან. ეს თავსაფარები ცნობილი იყო სახელწოდებით Т2 (Tenite cap). 1960-ან წლებში თავსაფარის დამზადება ნაცვლად პლასტმასისა ხდებოდა კაუჩუკისგან. ვიეტნამის ნესტიან პირობებში ექსპლუატაციის დადგინდა, რომ მჭიდის გამოსასვლელზე წამოცმული კაუჩიკის თავსაფარი იწვევდა მჭიდის ტუჩების ჟანგვას და მჭიდში მოთავსებული ზედა ვაზნების კოროზირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მას ნაკლებად იყენებდნენ სამხედროები.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3A1
აერთო ჯამში M3A1 უმეტესობა ჯარისკაცების და საარტილერიო გათვლების მიერ იმსახურებდა უფრო კარგ შეფასებებს, ვიდრე მისი წინამორბედი ვარიანტი M3.
ნაკლოვანენებები
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 / M3A1 მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ფლობდა გარკვეულ თანდაყოლილ ნაკლოვანებებს. ერთერთი მათგანი იყო ლულის კოლოფი, რომელიც შედარებით თხელი ფოლადის ფურცლისგან მზადდებოდა და წვეტიან ქვაზე, რაიმე მყარ საგანზე ან ზედაპირზე დავარდნის შემთხვევაში იყო მისი ჩაჭყლეტვის/დეფორმირების ალბათობა, რაც შემდეგ საკეტის შეფერხების ან გაჭედვის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. დავარდნის შედეგად ასევე იყო ვაზნების ამოსაყრელი ფანჯრის თავსაფრის დაზიანების ან გაღუნვის რისკი. ფრონტიდან მოდიოდა ასევე ჩივილები იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღი დავარდნის დროს თავისით ისროდა. არსებობს ჩანაწერები, სადაც აღწერილია თვითნებურად გასროლის მაგალითი, რომლის თანახმად მყარ ზედაპირზე დავარნდის დროს მასრების ამოსაყრელი ფანჯრის თავსაფარი თავისით იხდებოდა, ხოლო საკეტი ინერციით ნაწილობრივ გადაადგილდებოდა უკან. ვინაიდან სკეტის უკან გადაადგილება ხდებოდა ნაწილობრივ და არა სრულად, ვერ ხერხდებოდა მისი დაჭერა სასხლეტის ჩურჩულას მიერ. შესაბამისად ინერციით უკან გადაადგილებული საკეტი ნახევრად შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბაის ხარჯზე ბრუნდებოდა წინ, რის შედეგადაც მჭიდიდან აწვდიდა ვაზნას ლულაში და ახდენდა თვითნებურ გასროლას.
9x19 Parabellum -ის ტიპის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტები და კალიბრის შემცვლელი კომპლექტი
ჯერ კიდევ 1943 წელს აშშ-ს საარტილერიო სამმართველომ მოითხოვა 25 000 ცალი კომპლექტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა .45 ACP ვაზნაზე გათვლილი М3-ის კონვერტირება 9x19 Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე.  დეტალები აღნიშნული კომპლექტისთვის უნდა დაემაზადებინა ორ სწარმოს RIA (Rock Island Arsenal) -ს და „Buffalo Arms“-ს, თუმცა 1943 წლის დეკემბერში დამკვეთვმა შეცვალა დასახელებული რაოდენობა და მოითხოვა მხოლოდ 500 ცალი ნაკრბის დამზადება. 1 ცალ ნაკრებში შედიოდა შემდეგი დეტალები: 9x19 Parabellum ტიპის ვაზნაზე გავლილი ლულა, საკეტი, დამაბრუნებელი ზამბარები, ბრიტანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ STEN-ის 32 ცალ ვაზნიანი მჭიდი და მჭიდის მიმღების გადამყვანი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნებოდა იარაღზე ბრიტანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ STEN-ის მჭიდების მორგება. დღეს ზუსტად არ არის ცნობილი რამდენი ცალი ნაკრები იქნა დამზადებული. დღეს ოფიცალურად მხოლოდ ერთი ცალი М3А1-ისთვის განკუთვნილი კომპლექტი შემორჩა.
ვინაიდან .45 АCP ვანზაზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამიზნე მოწყობილობა დარჩა უცვლელი, 9მმ-ანი ვაზნის გამოყენების დროს 100 იარდამდე სროლის შემთხვევაში ტყვია სამიზნეს ხვდებოდა ზევით. ეს გამოწვეული იყო 9მმ-ანი ტყვიის განსხვავებული ბალისტიკური მახასიათებლებით. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ .45АСР ტიპის ვაზნაზე გათვლილი საშტატო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 და მისი განახლებული მოდიფიკაცია М3А1 ეფექტური იყო 50 მეტრამდე სროლის შემთხვევაში, ხოლო 9x19 Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტების ეფექტურად გამოყენების მანძლი 90 მეტრს შეადგენდა, რაც ასევე ვაზნის უკეთესი ბალისტიკური მახასიათებლებით იყო განპირობებული.
გარდა 9მმ-ანი კომპლექტისა, ჯენერალ მოტორსში შემავალი Guide Lamp-ის ცეხში დაამზადა დაახხლოებით 1000 ცალამდე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი М3, რომელიც თავიდანვე გათვლილი იყო 9x19 Parabellum ტიპის ვაზნაზე. აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მარცხენა მხარეს მჭიდის მიმღებთან შესრულებული იყო მარკირება წარწერის სახით [U.S. 9 mm S.M.G.]. ეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები 1944 წელს მოხვდა აშშ-ს სტრატეგიული სამსახურის სამმართველოს OSS (Office of Strategic Services) შეიარაღებაში. ცნობისთვის OSS მეორე მსოფლი ომის პერიოდში გახლდათ აშშ-ს სადაზვერვო სამსახური, რომელიც მოგვიანებით ტრანსფორმირდა ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროთ CIA (Central Intelligence Agency).
რისთვის იყო საჭირო 9x19 Parabellum ტიპის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტები ან კომპლექტები? - აღნიშნულ შეკითხვაზე პიდაპირი პასუხი არ არსებობს, თუმცა მარტივად შეიძლება მივხდეთ, რომ, ის მებრძოლები რომლებიც ასრულებდნენ დივერსიულ და სადაზვერვო საქმიანობას მტრის ტერიტორიაზე და მტრის ზურგში, მარტივად შეძლებდნენ 9x19 Parabellum ტიპის ვაზნების ხელში ჩაგდებას, რადგანაც იგი გერმანელების საშტატო ვაზნას წარმოადგენდა. გარდა ზემოაღნიშნულისა  9x19მმ კალიბრის ვაზნების მიღება მოკავშირეებისგანაც შეიძლებოდა. შესაბამისად აშშ-ს მებრძოლს არ მოუწევდა თან ვაზნების დიდი მარაგის გადატანა, რადგანაც დისლოცირების ადგილზე იქნებოდა შესაძლებელი ვაზნების მოპოვება.
მაყუჩით აღჭურვილი სპეციალური ვარიანტი
ინტეგრირებული მაყუჩით აღჭურვილი M3
გარდა 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ვაზრიანტისა, OSS -ის მიერ მოხდა დაახლოებით 1000 ცალამდე M3 -ის დაკვეთა, რომელიც აღჭურვილი იყო ლულაზე ინტეგრირებული უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობით ე.წ. მაყუჩით. აღნიშნული მაყუჩი დაპროექტდა ნიუ ჯერსიში კომპანია „Bell Laboratories“ მიერ. პერფორირებული ლულა მაყუჩის სამაგრით მზადდებოდა Guide Lamp -ის მიერ, ხოლო  კომპანია „High Standard Firearms“ ამზადებდა მაყუჩის შიდა კომპონენტებს და ახდენდა იარაღის საბოლოო სახით აწყობას. გარკვეული წყაროების თანახმად Bell Laboratories მიერ შემუშავებული მაყუჩი იყო 80% -ით უფრო ეფექტური, ვიდრე ბრიტანული STEN Mk IIS -ის მაყუჩი. ინტეგრირებული მაყუჩით აღჭურვილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 იწონიდა 680 გრამით უფრო მეტს, ვიდრე სტანდარტული M3. 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3A1 ლულაზე ინტეგრირებული მაყუჩით
M3A1 -ის გამოჩენის შემდეგ ასევე დამზადდა მისი ინტეგრირებული მაყუჩით აღჭურვილი ვარიანტი.

დამზადებული ეგზემპლარების რაოდენობა
თავდაპირველად, როდესაც შექიმნა M3 იმედოვნებდნენ, რომ მისი დამზადება მოხდებოდა ფართო მასშტაბით და იმდენი რაოდენობით, რაც საშუალებას მისცემდა აშშ-ს გაეჩერებინა ძვირადღირბული ტომპოსნის სისტმის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების წარმოება, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. Thompson -ების შესყიდვა 1944 წლის თებერვლამდე გაგრძლდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს სულ ჯამში დამზადებული იყო 622 163 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (ამაში შედიოდა როგორც ადრეულ M3, ასევე განახლებული მოდიფიკაცია M3A1 და 9მმ-ანი მოდიფიკაციები). შეიძლება ითქვას, რომ M3A1 არ გამოიყენებოდა ომის პროცესში, რადგანაც მისი წარმოების დაწყებიდან მალევე დასრულდა ომი. M3A1 ძირითადად გამოიყენებოდა კოერის და ვიეტნამის ომში. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 1945 წელს დამზადებულ იქნა 15 469 ცალი М3А1. კორეის ომის პერიოდში კომპანია „Ithaca Gun Co“ -ს მიერ განახლდა M3A1 -ის წარმოება. აღნიშნული კომპანიის მიერ დამზადებულ იქნა 33 200 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვვი M3A1, რომელიც კორეის და ვიეტნამის ომის დროს გამოიყენებოდა. გარდა M3A1-ისა კორეის ომის პერიოდში გამოიყენებოდა ძველი M3-ები, რომელიც ახალი დეტალების გამოყენებით  გადამუშავებულ იქნა M3A1-ის დონეზე. გადამუშავება მოიცავდა კონსტრუქციიდან საკეტის შესაყენებელი (გადასატენი) ბერკეტის ამოღებას ისე, რომ მის შიდა დეტალებს ტოვებდნენ ხელუხლებელს.
ალმქრობი
ალმქრობი Hider Flash M9
კორეის ომის პერიოდში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3A1-ის ლულის ბოლოში გამოჩნდა მოხსნადი ტიპის კონუსური ალქმრობი ე.წ. „Hider Flash M9“, რომელიც ღამით სროლის დროს რიგ შემთხვევბში ამცირებდა მებრძოლის აღმოჩენის ალბათობას. შესაბამისად მზვერავები, გამნაღმველები და სხვადასხვა დანაყოფების წევრები აქტიურად იყენებდნენ კონუსურ ალმქრობს. ალმქრობი ცალუღისებური (ცალუღი არის ქართული ტერმინი და ნიშნავს ხამუტს) სამაგრის გადაჭერით მარტივად მაგრდებოდა ლულის ცხვირზე და ასევე მარტივად იხსნებოდა. გარკვეული წყაროების თანახმად ალმქრობი M3-ისთვის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიმუშავეს, თუმცა არ არსებობს ოფიციალური ცნობები, რომელიც დაადასტურებს მის გამოყენებას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
ალმქრობით აღჭურვილი M3A1
ომის შემდგომი კარიერა
M3 და M3A1 აშშ-ს შეიარაღებაში ქვეითთა საარმიო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სახით იმყოფებოდა 1959 წლამდე, ხოლო 1959 წლიდან და 1960-ანი წლების შუა პერიოდამდე დაიწყო მათი შეიარაღებიდან ამოღების პროცესი, თუმცა იგი ნაწილობრივ მაინც დარჩა სხვადასხვა დანაყოფების შეიარაღებაში. მაგალითად M3 და M3A1 გამოიყენებოდა კორეის და ვიეტნამის ომში. 1970-ანი წლების შუა პერიოდში აშშ-ს I ბატალიონის 67 ჯავშანსატანკო დივიზიის ტანკისტებს გადაეცათ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3A1, რაც მისი გაბარიტებით და პორტატულობით იყო განპირობებული.

1983 წელი ამერიკელი ტანკისტი ხელში უჭირავს პისტოლეტ ტყვიამფრქვევი M3A1 
საერთო ჯამში M3 და M3A1 1990-ანი წლების შუა პერიოდამდე გამოიყენებოდა აშშ-ს რიგ დანაყოფებში. ძირითადად მას იყენებდნენ ჯავშანმანქანების საბორტო იარაღის სახით. გარდა ზემოაღნიშნულისა M3A1 იყო პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც 1977 წლიდან გამოიყენებოდა აშშ-ს ლეგენდარული სპეცრაზმ Delta Force-ის მიერ.
აშშ- არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც M3 -ს იყენებდა. იგი სხვა ქვეყნის არმიის რიგებშიც წარმატებით მსახურობდა. ასევე რიგ ქვეყნებში საკუთარი ძალებითაც აწარმოებდნენ M3 –ის კლონებს, რომელთა შესახებ სტატიის დასკვნით (მესამე) ნაწილში ვისაუბრებთ.
გაგრძელება იხილეთ ბმულზე -> M3 "Grease Gun" (ნაწ. 3)

No comments:

Post a Comment