M3 "Grease Gun" (ნაწ. 3)

სტატიის პირველი და მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:
ნაწილი პირველი à M3 "Grease Gun" (ნაწ. 1)
ნაწილი მეორე à M3 "Grease Gun" (ნაწ. 2)

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,  მორიგი საბრძოლო გამოცდა M3 -ს და M3A1 -ს ელოდა, როგორც ვიეტნამის, ასევე კორეის ომში, სადაც M3 და M3A1 გარდა ამერიკელი მებრძოლებისა, მტრის ბანაკის მხარესაც მოხვდა. ბუნებრივია ამ ეპიზოდებშიც იგივე განმეორდა და ამერიკელი მებრძოლების აზრი კვლავ ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი დადებითად ახასიათებდა  M3/M3A1-ს, ხოლო ნაწილს კი სძულდა.


როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის წინა ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატები არ ყოფილა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იყენებდა M3-ს და M3A1 -ს. მაგალითად 1944 წლის ნოემბრის შემდეგ M3 -ს იყენება ბრიტანეთის 78-ე დივიაზია. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები გადაეცა 41-ე კომანდოს დანაყოფს, რომლებიც მას კორეაში იყენებდნენ.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გარკვეული ნაწილი ლენდ-ლიზის პროგრამით მოხვდა საბჭოთა კავშირშიც. აქვე უნდა ვახსენოთ ერთი ცნბილი ისტორიული ფაქტი. 1961 წელს კუბის თავდაცვის მინისტრმა რაულ კასტრომ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს  რ.მალინოვსკის აჩუქა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3A1, რომელიც დღეს მოსკოვში შეიარაღების ცენტრალურ მუზეუმში ინახება.
მას შემდეგ, რაც 1942 წელს ბრაზილია შეუერთა ჰიტლერის საწინააღმდეგო (ანტიჰიტლერულ) კოალიციას, აშშ-სგან ბრაზილიის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3-ის გარკვეული პარტია. დახმარების სახით მიღებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბი თავდაპირველად გადაეცა ბრაზილიის არმიის საექსპედიციო კორპუსს და შემდგომ მოხდა უკვე სხვა დანაყოფების მომარაგება.  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ M3 და M3A1 დაახლოებით 1990-ანი წლების შუა პერიოდამდე წარმოადგენდა ბრაზილიის შეიარაღებული ძალებისა და პოილიციის ძირითად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს.
ნაცისტური გერმანია იყენებდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაალაფარის სახით მოპოვებულ  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. ასეთ იარაღს მათი სტანდარტული ნომენკლატურის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა სახელწოდება ინდექსის სახით „Maschinenpistole 763(a)“. ბუნდესვერის შექმნის შემდეგ აშშ-მ სამხედრო დახმარების სახით გადასცა გერმანიას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ბუნდესვერის შეიარაღებაში ირიცხებოდა სახელწოდებით „MP.52“.
ვიეტნამის ომის პერიოდში ნაალაფარის სახით მოპოვებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები M3A1 გამოიყენებოდა სამხრეთ ვიეტნამის გამათავისუფლებელი ნაციონალური ფრონტის ე.წ. „ვიეტ კონგის“ (Mt trn Dân tc Gii phóng min Nam Vit Nam) პარტიზანების მიერ და ვიეტნამის სახალხო არმიის მიერ.  სამხრეთ ვიეტნამის არმიის რიგებში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბის დიდი ნაწილი მოხვდა 1961 წლის 11 დეკემბრიდან.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იაპონიის თავდაცვის ძალებში და პოლიციის რიგებში მოხვდა სამხედო დახმარების პროგრამის ფარგლებში აშშ-ს მიერ გაგზავნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომელთა გარკვეული ნაწილი შეიარარებაში ირიცხებოდა 1980-ანი წლების დასაწყისამდე.
1950 წლიდან 1970-ან წლებამდე M3 გამოიყენებოდა კოლუმბიის ნაციონალური არმიის და ნაიციონალური პოლიციის მიერ. 70-ანი წლების მიწურულს მისი ჩანაცვლება მოხდა უზიელ გალის კონსტრუქციის ებრაული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით „UZI“.
1990-იან წლებში 1,472 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3A1 დამხარების სახით მიღო მაროკოს არმიამ. 1998-1999 წელს აშშ-მ სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას გადასცა 707 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები M3 და M3A1 1975 წლამდე იმყოფებოდა ირანის შეიარაღებაშიც. გარკვეული ნაწილი მოხვდა სამხრეთ კორეის არმიის რიგებში. ასევე M3 და M3A1 გამოიყენებოდა საფრანგეთის, საბერძნეთის, ინდონეზიის, ავღანეთის, ავსტრიის, ბოლივიის, კუბას, დომინიკის რესპუბლიკის, ეკვადორის, გრენადას, გუატემალას, ნორვგიის, ტაივანის, ტაილანდის, თურქეთის და სხვა ქვეყნების არმიისა თუ პოლიციის მიერ.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 ლულის ბოლოში დამაგრებული ალმქრობით და მჭიდების ჩასადები შალითებით. ასეთი იყო კორეის ომის დროს ამერიკელი მებრძოლის  ძირითადი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

როგორც ხედავთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3-ს და M3A1-ს საკმაოდ მდიდარი საბრძოლო გამოცდილება აქვს, რომელიც ბევრ სხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შეშურდებოდა. სწორედ ამიტომ M3 იმსახურებდა ჩვენი მხრიდან ამ ვრცელ სტატიას, რომელიც სიმბოლურად 3 ნაწილად დავყავით!

უცხო ქვეყნაში წარმოებული ვარიანტები

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, M3 და M3A1 მარტივი კონსტრუქციიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების ინტერესის საგანი გახდა. შესაბამისად იმ ქვეყნებში, სადაც ომის შემდგომ იდგა იაფფასიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის საჭიროება, ცდილობდნენ არ გამოეგონებინათ ველოსპიედი და პირდაპირ მოეხდინათ M3/M3A1- ის კოპირება და საკუთარი ძალებით წარმოების დაწყება.

P.A.M. 1 და P.A.M. 2 (არგენტინა)
1950 წლის ოქტომბერში არგენტინის ხელისუფლებამ აშშ-სგან შეიძინა M3-ის წარმოების ლიცენზია. გარკვეული წყაროების თანახმად აშშ-მ არგენტინას არ გადასცა სრული ტექნიკური დოკუმენტაცია და ნახაზები, ამიტომ არგენტინელებს დახმარება გაუწიეს იტალიელმა მეიარაღეებმა ბრეშადან (Brescia). ერთერთი მათგანი იყო Eduardo Sustercic, ხოლო დანარჩენი ორი დამხმარე პირის გვარებია Bergonzi და Ruggieri.        
1954 წელს  ქალაქ როსარიოში მდებარე ქარხანამ  FMAP-“DM” [Fábrica Militar de Armas Portátiles -“Domingo Matheu”] შეძლო M3A1 -ის საწარმოო ხაზის გამართვა და 1955 წელს წარმოებაში ჩაუშვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბის პირველი პარტია.
იარაღს მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება P.A.M. 1 (Pistola Ametrelladora Modelo 1). არგენტინაში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მეტსახელად შეარქვეს „La Engrasadora“ (იგივეა რაც აშშ-ში Greaser).  არგენტინული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ამერიკული წარმოების M3A1-სგან განსხვავებოდა უფრო თხელი ფოლადის ფურცლისგან დამზადებული ლულის კოლოფით. გარდა ზემოაღნიშნულისა  P.A.M. 1 გათვლილი იყო 9x19 Parabellum ტიპის ვაზნაზე და მის მჭიდში თავსდებოდა 30 ცალი ვაზნა. არგენტინული P.A.M. 1 ამერიკული M3A1 -ისგან ასევე განსხვავდებოდა რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობით, რომელსაც ჰქონდა  50 და 100 მეტრზე სასროლათ განკუთვნილი პოზიცია.
ავტომატიკის მსუბუქი დეტალების გამო სროლის ტემპი ამერიკულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვეთან შედარებით იყო უფრო მაღალი. შესაბამისად მაღალი სროლის ტემპი და იარაღის სიმსუბუქე ართულებდა ავტომატური ჯერებით სროლისას იარაღის დამორჩილებას. გარდა ზემოაღნიშნულისა თხელი ფოლადისგან დამზადებული ლულის კოლოფი ძალიან სწრაფად ხურდებოდა. ვინაიდან იარაღს არ ჰქონდა ერთეული სროლის რეჟიმებზე გადამრთველი და ამავდროულად სროლის ტემპი იყო მაღალი, სირთულეს წარმოადგენდა სასხლეტზე მსუბუქი დაჭერით ერთეული გასროლების შესრულება. ასეთი რამ თავისუფლად შეიძლებოდა ამერიკული წარმოების M3/M3A1 -ზე. P.A.M. 1 -ის წარმოება გაგრძელდა 1961 წლის ჩათვლით და სულ 1955-1961 წლებში დამზადებულ იქნა 34 600 ცალი (რიგი წყაროების თანახმად 34 636 ცალი) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.
ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე არგენტინაში განაგრძეს მუშაობა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გადამუშავებაზე და 1963 წელს შექმნეს მოდიფიკაცია P.A.M. 2. 

არგენტინული წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი P.A.M. 2. 


მას დამატებული ჰქონდა ბერკეტისებური მცველი, რომელიც მჭიდის მიმღების უკან იყო განთავსებული და მსროლელი მას ხელის მოჭერით თიშავდა. რამდენადაც ცნობილია აღნიშნული მოდელიდან უკვე შესაძლებელი იყო სასხლეტზე მოკლე დაჭერით ერთეული გასროლების განხორციელება. 
ფოტოზე ნათლად ჩანს მჭიდის მიმღების უკან დამაგრებული ბერკეტისებური მცველი

P.A.M. 2 არ იწარმოებოდა ცალკეული სახით. უბრალოდ იღებდნენ უკვე დამზადებულ მოდელს P.A.M. 1 და ახდენდნენ მის გადამუშავება/მოდიფიცირებას. 1963 -1972 წლების პერიოდში სულ მოდიფიცირებულ იქნა 16 500 ცალი (რიგი წყაროების თნახმად 16 544 ცალი) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ბოლოს კი დამატებით დამზადებულ იქნა 1100 ცალი ახალი P.A.M.2. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, სულ ჯამში ორივე ვარიანტის (როგორც P.A.M. 1, ასევე P.A.M. 2) დამზადებულმა რაოდენობამ ჯამურად შეადგინა 47 688 ცალი.
P.A.M. 1 და P.A.M. 2 შეიარაღებაში ჰქონდა არგენტის არმიის ფეხოსნებს, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალებს, სამხედრო-საჰაერო ძალებს, ჟანდარმერიას და სხვადასხვა  საპოლიციო უწყებებს. P.A.M. 1 და P.A.M. 2 გამოიყენებოდა ბრიტანეთის წინააღმდეგ 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულების ომის დროს. ამ პერიოდში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდო ბრიტანეთმა.

ჩინური კლონები Type 36 და Type 37
1947 წელს ჩინეთში მუკდენის (Mukden) პროვინციაში მდებარე ქარხანამ „Shenyang Arsenal“ დაიწყო .45ACP ტიპის ვაზნაზე გათვლილი არალიცენზირებული M3A1 -ის კლონის წარმოება. პისტოლეტ-ტყვიამფრქევი იწარმოებოდა სახელწოდებით “Type 36”. ამერიკული M3A1 -ისგან განსხვავებით მას არ ჰქონდა ლულის დამჭერ მილისზე შესრულებული სიბრტყეები, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნებოდა დუგლუგის გამოყენება ქანჩის სახით. 

ჩინური წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “Type 36”

ამას გარდა ჩინურ Type 36 –ს ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში არ ჰქონდა ზეთის კონტეინერი.  ჩინელებმა წარმოების გაიაფების კუთხით შეცვალეს შიდა დეტალების გეომეტრიაც, შესაბამისად Type 36 -ის დეტალები არ იყო თავსებადი ამერიკულ M3A1 -თან. დუგლუგი ჩინურ Type 36-ში მზადდებოდა უფრო წვრილი  და უხარისხო ფოლადის მავთულისგან, რაც ხშირად ხდებოდა დეფორმირების/გაღუნვის მიზეზი. ამერიკული M3A1 -ისგან განსხვავებით ჩინური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის კოლოფზე შედუღების ადგილები ძალიან უხეშად იყო შესრულებული და ჰქონდა არასწორი კუთხები. გარკვეული წყაროების თანახმად ჩინელებმა Type 36 –ის საწარმოო ხაზის გამართვას მოანდომეს 6 თვე. წარმოება გაგრძელდა 1949 წლამდე და სულ ამ პერიოდში დამზადებულ იქნა 10 000 ცალი Type 36.
პარალელურად 1948 წელს, ნანკინთან (Nanking) ახლოს მდებარე ნომერ 60 ქრახანა ჯინლინგ არსენალში (N60 Jinling Arsenal) მცირე პარტიებად აწარმოებდნენ 9x19 Parabellum ტიპის ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვარიანტს, რომელიც ცნობილი იყო აღნიშვნით Type 37. შემდგომ მისი საწარმოო ხაზი გადატანილ იქნა ტაივანში და იწარმოება აღნიშვნით Type 39. მოგვიანებით ტაივანში ასევე აწარმოებდნენ .45ACP ვაზნაზე გათვლილ M3A1-ის კლონებს (აღნიშვნა Type 50).
ჩინური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები Type 36 და Type 37 გამოიყენებოდა სამოქალაქო ომის პერიოდში. იგი ჰქონდათ როგორც კომუნისტებს, ასევე ნაციონალებს. გარდა სამოქალაქო ომისა, Type 36 და Type 37 ჩინელი მებრძოლების მიერ გამოიყენებდა კორეის ომის დროს.

M3 SpecOps Generation 2 (ფილიპინები)
ამაერიკაში დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების M3 გარკვეული ნაწილი ასევე მოხვდა ფილიპინებში, სადაც მას სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის რიგებში იყენებდნენ. ამას გარდა ფილიპინებში ხდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3 -ზე მაყუჩის დაყენაბაც. 


2004 წელს ფილიპინების საზღვაო ქვეითთა სპეცდანიშნულების რაზმისთვის შემუშავდა მოდერნიზირებული ვარიანტი, რომელიც 2005 წელს სახელწოდებით „M3 SpecOps Generation 2“  წავიდა შეიარაღებაში. ფაქტიურად M3-ის ისტორიაში ეს იყო ყველაზე ღრმად მოდიფიცირებული და წინ წასული ვარიანტი.

„M3 SpecOps Generation 2“ 

მოდერნიზრებული ვარიანტი შესრულებული იყო შემდეგნაირად: უკანა სამიზნე მოწყობილობას ხსნიდნენ და ლულის კოლოფზე ზემოდან ამონტაჟებდნენ პიკატინის ტიპის სამაგრ თამასას (ე.წ. „Weaver“-ს), რომელზეც დაყენებული იყო „Simmons“-ის წარმოების კოლიმატორული ან ღამის ხედვის ოპტიკური სამიზნე. ასევე იარაღს უკეთებნდნენ ლულაზე ინტეგრირებულ მაყუჩს და მთელ კორპუსს ღებავდნენ კამუფლირებულ ფერში. აღსანიშნავია, რომ 40 ცალი M3 -ის  მოდერნიზირებას ესაჭიროებოდა იმდენი თანხა, რაც დასჭირდებოდა 1 ცალი თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამრქვევის H&K UMP45 შეძენას.

ექსპერიმენტები კუთხიდან სროლისთვის განკუთვნილ მოწყობილობაზე
ისევე როგორც სხვა ხელის ცეცხლსასროლ იარაღებზე, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3 და M3A1-ზეც, ჩატარდა ექსპერიმენტები, რომელიც მიზნად ისახავდა კუთხიდან სასროლი მოწყობილობის შემუშავებას. აღნიშნული ფოტო გადაღებულია 1953 წელს და ასახავს კუთხიდან სასროლი ლულის საცმის დემონსტრირებას. 


M3 და M3A1-ისთვის განკუთვნილი ლულის საცმი სხვა მისი ანალოგების მსგვსად აზიანებდა ლულიდან გამოსულ ტყვიას და გამოირჩეოდა ძალიან დაბალი სიზუსტით, ამიტომ მისი დამზადება არ მომხდარა სერიულად. დღეს დაზუსტებული არ არის გამოიყენებოდა თუ არა იგი რეალურ საბრძოლო პრაქტიკაში, თუმცა გარკვეული წყაროების თანახმად იგი რამოდენიმე ერთეულის სახით შეიარაღებაში ჰქონდა აშშ-ს სტრატეგიული სამსახურის სამმართველოს OSS (Office of Strategic Services) და შემდგომში უკვე აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროს CIA (Central Intelligence Agency). 

ფოტო კორეის სამხედრო მუზეუმიდან

ასევე კორეის ერთერთ სამხედრო მუზეუმში ინახება ნაალაფარის სახით მოპოვებული M3A1, რომელიც კუთხიდან სასროლი ლულის საცმით არის აღჭურვილი.

M3 სამოქალაქო ბაზარზე

დღეს სხვადასხვა ქვეყნებში კოლექციონერთა საკმაოდ დიდ ნაწილს შეხვდებით, რომელიც ცდილობს შეიძინოს ომის პერიოდში წარმოებული M3 და M3A1. სამოქალაქო ბაზარზე მათი ღირებულება მდგომარეობის და კომპლექტაციის მიხედვით რამოდენიმე ათასიდან 30 000 $ -მდე შეიძლება მერყეობდეს. ასევე არსებობენ სხვადასხვა მწარმოებლები, რომლებიც სამოქალაქო ბაზრისთვის შეკვეთით ამზადებენ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის რეპლიკებს. მაგალითად გარკვეული პერიოდი (დაახლოებით 20 წლის მანძილზე) ვაშინგტონში მდებარე კომპანია „Valkyrie Arms“ აწარმოებდა M3A1 -ის რეპლიკებს სამოქალაქო ბაზრისთვის. მათ ასორტიმენტში იყო ასევე თვითდამტენი კარაბინის სახით შესრულებული M3A1 -ის ვარიანტი, რომლის ლულის სიგრძეც 16.5- ინჩს (420მმ) შეადგენდა. 

Valkyrie Arms“ -ის მიერ წარმოებული M3A1 -ის თვითდამტენი კარაბინის სახით შესრულებული რეპლიკა 

აღნიშნული კარაბინი ორიგინალური M3A1 –ისგან განსხვავებით დახურული საკეტიდან ისროდა. „Valkyrie Arms“ ასევე აწარმოებდა M3A1 –ის ვარიანტს პისტოლეტის სახით. ამ მოდელს არ ჰქონდა დუგლუგი და მისი ლულის სიგრძე შეადგენდა სტანდარტულ 8 ინჩს (203,2 მმ). ცნობისთვის „Valkyrie Arms“-ის მიერ წარმოებული M3-ის რეპლიკების ღირებულება დაახლოებით 3000 $-ს „უკაკუნებდა“.

ჯორჯ ჰაიდის მოკლე ბიოგრაფია

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ M3-ის შექმნაზე, მის შემდგომ განვითარებაზე და ისტორიულ საკითხებზე უკვე ვრცლად ვისაუბრეთ სტატიის პირველ და მეორე ნაწილში (ასევე სტატიის ზემოთ), ამიტომ ურიგო არ იქნება რომ სტატიის დასასრულისკენ, რამოდენიმე სიტყვით თავად კონსტრუქტორ ჯორჯ ჰაიდის შესახებაც დავწეროთ. ჯორჯ ჰაიდი (George J. Hyde)  დაიბადა გერმანიაში, კერძოდ აპფინგენში (Apfingen) 1888 წლის 4 იანვარს. მან თავისი სამუშაო კარიერა დაიწყო ჩარხთან და დაზგა-დანადგარებთან მუშაობით. 1917 წელს ჯორჯ ჰაიდმა ცოლად შეირთო ასევე გერმანიაში 1895 წელს დაბადებული გრეტა ლევი (Margaretta "Greta" Levy). 1918 წლის 9 მარტს მათ შეეძინათ პირველი შვილი ჯორჯ ჰაიდ უმცროსი, ხოლო 1924 წელს კი გოგონა ჟიზელი (Giselle Hyde). 1927 წელს უკვე გამოცდილმა ჯორჯ ჰაიდმა დატოვა გერმანია და წავიდა აშშ-ში, სადაც იგივე ტიპის სამუშაოზე გააგრძელა მოღვაწეობა. ერთი წლის შემდეგ კი (1928 წელს) მან აშშ-ში საცხოვრებლად გადაიყვანა თავისი ოჯახის წევრებიც. ჯორჯ ჰაიდი აშშ-ში თავდაპირველად მუშაობდა იარაღის მწარმობელ კომპანია „Griffin & Howe, Inc.“-ში, რომელიც ნიუ ჯერსის შტატში მდებარეობდა. 


მოგვიანებით იგი დაუახლოვდა ბრიტანელ მეიარაღე სემუელ ლეონარდს (Samuel A. "Harry" Leonard), რომელსაც ლონდონში, კერძოდ კი ლეგენდარულ კომპანია „James Purdey & Sons“ -ში ჰქონდა მიღებული მდიდარი გამოცდილება. 1935 წელს ჯორჯ ჰაიდმა დატოვა  „Griffin & Howe“ და სემუელ ლეონარდთან ერთად გახდა კომპანია „Leonard & Hyde“-ის თანადამფუძნებელი. აღნიშნული კომპანია, ისევე როგორც „Griffin & Howe“ ორიენტირებული იყო სანადირო და სპორტული იარაღის შეკვეთით დამზადებაზე. გარდა ამისა ჯორჯ ჰაიდი მუშაობდა მასაჩუსეცის შტატში (კერძოდ ვობურნში) მდებარე კომპანია  „Roberts & Kimball“ -ის გარკვეულ შეკვეთებზე. ამის შემდგომ ჯორჯ ჰაიდი დაინტერესდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბით და 40-ანი წლების დასწყისში გახდა ჯენერალ მოტორსის შიდა განყოფილების (Inland Division of General Motors) მთავარი მეიარაღე, სადაც შექმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M2, ჩვენი სტატიის მთავარი გმირი M3 და ერთმუხტიანი პისტოლეტი „Liberator FP45“ . აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ჯორჯ ჰაიდი პარალელურად თანამშრომლობდა კორპორაციასთან „Bendix Aviation Corporation“-თან, სადაც შეიმუშავა თვითდამტენი კარაბინი. აღნიშნული იარაღი მონაწილეობას იღებდა 40-ანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამართულ მსუბუქი საარმიო შაშხანის კონკურსში, რომლის გამარჯვებულიც გახდა ვინჩესტერის მიერ შემუშავებული კარაბინი „M1 Carbine“. საბოლოო ჯამში ჯორჯ ჰაიდის ყველაზე დიდი პოპულარობა სწორედ ჩვენი სტატიის მთავარმა გმირმა M3-მა და მისმა მოდიფიკაციამ M3A1-მა მოუტანა. 1963 წლის დეკემბერში ჯორჯ ჰაიდი გარდაიცვალა, ხოლო იარაღის ისტორიაში საკმაოდ დიდი ასოებით ჩაიწერა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში დღემდე აგრძელებს სამსახურს! (აქ ისმის მუსიკა... აპლოდისმენტები... და ფარდა იხურება).

No comments:

Post a Comment