Reising M50/M55 (ნაწ. 1)

იუჯინ რეიზინგი (Eugene Gustavus Reising)  გახლდათ ამერიკელი მეიარაღე, რომელიც თავდაპირველად ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მუშაობდა Colt -ის ქარხანაში იარაღის გამომცდელად და გამყიდველად. შემდგომ მან მუშაობა გააგრძელა ჯონ ბრაუნინგის დამხმარედ. იგი ჯონ ბრაუნინგთან ერთად მონაწილეობას იღებდა (ყურადღებით!!!) ლეგენდარული პისტოლეტის Colt M1911 შემუშავებაში. გარდა ზემოაღნიშნულისა იუჯინ რეიზინგი ასპარეზობდა სხვადასხვა სროლით დისციპლინაში, მონაწილეობას იღებდა  სასროლოსნო სპორტულ შეჯიბრებში და იმ პერიოდში აშშ-ი ითვლებოდა საკმაოდ რეიტინგულ მსროლელათ. 1925 წლის ოქტომბერში იუჯინ რეიზინგს კანონთან შეექმნა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, მან მიაწოდა იარაღები და მაყუჩები ერთერთ განგსტერულ ბანდ-ფორმირებას, რომლებმაც ნიუ-იორკში ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას. იუჯინ რეიზინგმა აღიარა დანაშაული და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 თვით. სასჯელის მოხდის შემდეგ, იუჯინ რეიზინგი კვლავ დაუბრუნდა ძველ საქმიანობას და უფრო მეტი ძალისხმევით შეუდგა იარაღის სფეროში მოღვაწეობას. საბოლოოდ კი მან დამოუკიდებლად სცადა ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუირება. ზუსტად ამ პერიოდში აშშ-ს პოლიცია და სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურები სერიოზულად განიცდიდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დეფიციტს. მათ არ ჰყოფნიდათ ჯონ ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც იყო საკმაოდ ძვირადღირებული, ნაკლებად ტექნოლოგიური და ამავდროულად მისი წარმოება მოითხოვდა დიდ დროით რესურს. აქედან გამომდინარე, პოლიციას და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მხოლოდ მცირე რაოდენობით მიეწოდებოდა. ბოროტმოქმედები და იმ პერიოდში აშშ-ში გაბატონებული დაჯგუფებები (ე.წ განგსტერები) კი არალეგალურად ნაშოვნი ფულით აძლევდნენ თავს უფლებას მოეხდინათ ეფექტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შეძენა. სწორედ ამ მიზეზით 1938 წელს იუჯინ რეიზინგმა დაიწყო მუშაობა ტექნოლოგიურ და შედარებით იაფ საპოლიციო იარაღზე, რომელიც ჩაანაცვლებდა ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. 1940 წელს იუჯინ რეიზინგმა საბოლოდ დაასრულა იარაღის პროტოტიპზე მუშაობა და ამავე წელს საკუთარ სახელზე აიღო პატენტი.
ამასობაში მეორე მსოფლიო ომი უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენდა, შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები ადრე თუ გვიან ომში ჩაერთვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუჯინ რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შეიქმნა როგორც საპოლიციო დანიშნულების იარაღი და არა როგორც საარმიო, მისით დაინტერსედა აშშ-ს არმია. დაინტერესების მიზეზი იყო ისევ და ისევ 3 ძირითადი ფაქტორი: 1. ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან (Thompson Model 1928) შედარებით, რეიზინგის წარმოება შესაძლებელი იყო უფრო მარტივად; 2. უფრო მცირე დროში; 3. უფრო ნაკლები დანახარჯით. ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ომის პირობებში ასეთი იარაღი დასჭირდებოდა ამერიკის არმიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ჩაეტარებინათ იარაღის  საპოლიგონო გამოცდები. გამოცდებისთვის საჭირო იყო რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საცდელი პარტიის დამზადება.
Reising M50
1941 წლის მარტში მასაჩუსეცის შტატში (კონკრეტულად კი ვორჩესტერში) მდებარე კომპანიამ „H & R„ (Harrington & Richardson Arms Company) მოახდინა საწარმოო ხაზის გამართვა და წარმოებაში ჩაუშვა საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე (.45 ACP)  გათვლილი იუჯინ რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პირველი საცდელი პარტია, რომელიც ამერიკელ სამხედროებს უნდა გამოეცადათ. იარაღს მიენიჭა სახელწოდება „Reising Model 50” (შემოკლებით M50).
საკეცი დუგლუგით აღჭურვილი ვარიანტი "Reising M55"

აპრილის ბოლოს ასევე მომზადდა  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვარიანტი ფოლადის მავთულისგან დამზადებული საკეცი დუგლუგით. აღნიშნულ მოდელს მიენიჭა სახელწოდება „Reising Model 55” (შემოკლებით M55). იგი საბაზისო მოდლისგან განსხვავდებოდა პისტოლეტისებური სახელურით და არ ჰქონდა ლულის ბოლოში დამაგრებული კომპენსატორი.
აგებულება და კონსტრუქციული თავისებურებანი
Reising M50 თავის კონფიგურაციით და მახასიათებლებით უფრო მეტად წააგავდა არა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, არამედ მსუბუქ თვითდამტენ კარაბინს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო ცეცხლის წარმოება როგორც ერთული გასროლებით, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით. იარაღი სხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებთან შედარბით გამოირჩეოდა რთული აგებულებით, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მიუხედავად ამისა, მისი წარმოება იყო უფრო მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი, ვიდრე აშშ-ს შეიარარებაში არსებული ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. 
იუჯინ რეიზინგის იარაღის ავტომატიკა მუშაობდა ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით. უკიდურეს წინა პოზიციაში ყოფნის დროს საკეტი ზურგის ნაწილით შედიოდა ლულის კოლოფის შიგნით შესრულებულ სპეციალურ დახრილი მოყვანილობის ღარში, რომლის წყალობითაც ხდებოდა საკეტის ზევით გადახრა. გასროლის მომენტში, როდესაც საკეტი იწყებდა ლულის სახაზინო ნაწილიდან უკუსვლას, იგი ებჯინებოდა ლულის კოლოფში შესრულებულ დახრილ ღარს და ხდებოდა საკეტის ერთგვარი დამუხრუჭება/შენელება. მას შემდეგ რაც საკეტის უკანა ნაწილი გადალახავდა ლულის კოლოფზე შესრულებულ დახრილ ღარს, მოხდებოდა მისი დაბლა ჩასრიალება და თავისუფლად გააგრძელებდა უკუსვლას. სწორედ ასეთი მექანიზმის გამო „Reising M50“ და „Reising M55“   განეკუთვნება ნახევრადთავისუფალ საკეტიან სისტემას.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სასხლეტი მექანიზმი იყნებდა ცილინდრულ ჩახმახმს, ხოლო სროლა წარმოებდა დახურული საკეტიდან. სროლის რეჟიმების მცოცავი (ე.წ. სლაიდერული) ტიპის გადმრთველი განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს და მარკირებული იყო შესაბამისი ნიშნებით: წინა პოზიცია FA — ნიშნავდა ავტომატური ჯერებით სროლას (Full Automatic), შუა პოზიცია SA — ნიშნავდა ერთეულ გასროლებს (Semi Automatic); ხოლო უკანა პოზიცია წარწერით SAFE — ნიშნავდა მცველზე აყვანას.
უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი ტპის, რომელსაც ჰქონდა 50, 100 და 300 იარდზე სასროლათ გათვლილი საფეხურებიანი თამასა.
უცნაურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა იარაღის გადასატენი სახლური, რომელიც ლულის ქვეშ ხისგან დამზადებულ სარეცელს მიღმა იყო დამალული. გადასატენად მსროლელს უნდა შეეყო თითი სარეცელის ქვემოთ გაკეთებულ ღარში და ფოლადის შვერილზე თითის მოჭიდებით მოეხდინა მისი მოქაჩვა (უკან გადაწევა). აღნიშნული შვერილი გადამცემი თამასის მეშვეობით ახდენდა საკეტის უკუნ გადაწევას და იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას. სროლის დროს თამასაც და მასზე მყარად დამაგრებული შვერილიც საკეტთან ერთად მოძრაობდა.
ხის სარეცელს მიღმა დამალული გადასატენი სახელური შვერილის სახით
 
ამავდროულად რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღჭურვილი იყო ლულის კომპენსატორით, რომელიც სროლის დროს ამცირებდა ლულის ხტომას. იარაღის სიზუსტის გაუმჯობესების კუთხით ეს დეტალი კიდევ ერთ დამხმარე ფაქტორს წარმოადგენდა.
იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა ორრიგიანი კოლოფისებური მჭიდით, რომელიც გათვლილი იყო 20 ცალ ვაზნაზე. ასევე მოგვიანებით იწარმოებოდა 12 ცალ ვაზნაზე გათვლილი ერთრიგიანი მოკლე მჭიდები (ამის საჭიროებაზე სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ). იარაღი ქარხნიდან გამოსვლისას დაკომპლექტებული იყო 6 ცალი მჭიდით.
პირველი გამოცდა
ამერიკის არმიამ იუჯინ რეიზინგის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოცდა მოახდინა 1941 წლის ნოემბერში. გამოცდები ჩატარდა ჯორჯიას შტატში მდებარე ფორტ ბენინგის (Fort Benning) სამხედრო ბაზაზე. გამოცდებმა აჩვენა, რომ იუჯინ რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, „Thompson Model 1928“ -თან შედარებით იყო უფრო მსუბუქი, უფრო ზუსტი და უკეთ დაბალანსებული. განსაკუთრებულ სიზუსტეს იარაღი აჩვენებდა ერთეული სროლის რეჟიმში, რაც განპირობებული იყო მისი ავტომატიკის მუშაობის პრინციპით (დახურული საკეტიდან სროლა) და საკმაოდ რთული კონსტრუქციის ცილინდრული ჩახმახიანი სასხლეტი მექანიზმით. იმ ეპოქის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ძირითადად იყენებდა ღია საკეტიდან სროლის პრინციპს, შესაბამისად მათ სასხლეტზე თითის დაჭერისას საკეტი წყდებოდა ადგილიდან მიემართებოდა წინ, ამოჰქონდა ვაზნა მჭიდიდიდან, შეჰქონდა სავაზნეში და შემდეგ ხდებოდა გასროლა. ბუნებრივია ეს პროცესი იწვევდა იარაღის რხევებს და ნეგატიურად აისახებოდა სიზუსტეზე.
მიუხედავად კარგი სიზუსტისა, რეიზინგის იარაღი მჭიდის ნაკლები ტევადობის გამო საცეცხლე ძალით ჩამორჩებოდა ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, რადგანაც ავტომატური ჯერებით სროლის დროს ძალიან  მალე ხდებოდა მჭიდში არსებული ვაზნების გახარჯვა და მსროლელს ხშირად უნდა მოეხდინა მჭიდის შეცვლა.
გამოცდებმა ასევე აჩვენა, რომ გარკვეული დეტალები არასწორად გათვლილი კონსტრუქციის გამო  მალე გამოდიოდა მწყობრიდან.  შესაბამისად კონსტრუქტორ იუჯინ რეიზინგს იარაღის გადასამუშავებლად მიეცა რიგი რეკომენდაციები.
შეიარაღებაში მიღება
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია თავს დაესხა პერლ-ჰარბორს, რასაც მოჰყვა აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში ჩართვა. ეს მოვლენა რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის ერთგვარ კატალიზატორად (დამაჩქარებლად) იქცა, რადგანაც აშშ-ს არმიაში მომენტალურად წარმოიქმნა ავტომატური იარაღის დეფიციტი და ამავდოროულად მკვეთრი საჭიროება. ცნობისთვის ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ამერიკული იაფფასიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 „Grease Gun” და აშშ-ს მთავარ საარმიო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს წარმოადგენდა საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე (.45 ACP)  გათვლილი ძვირადღირებული „Thompson Model 1928“ (შემდგომ უკვე Thompson Model 1928A1). განსაკუთრებული საჭიროება იდგა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის და საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის, რადგანაც ვერ ხდებოდა მათი მომარაგება ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1941 წელს სასწრაფო წესით გადაწყდა, რომ მცირე პარტიებად დაემზადებინათ რეიზინგის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და როგორც დამხმარე იარაღი მიეღოთ შეიარაღებაში. შესაბამისად კომპანია „H&R„ -მა სასწრაფოდ დაიწყო მცირე პარტიების დამზადება და მიწოდება.
ეორე დამატებითი გამოცდა 1942
მომდევნო გამოცდა გაიმართა 1942 წლის დასაწყისში მერილენდის შტატში მდებარე აბერდინის საცდელ პოლიგონზე (Aberdeen Proving Ground). სატესტო მიზნით განხორციელდა 3500 ცალი გასროლა. რის შემდეგაც გამოვლინდა ორი შეფერხება. ერთი შეფერხება გამოწვეულ იქნა ვაზნის ბრალეულობით, ხოლო მეორე შემთხვევაში კი საკეტი გაიჭედა და არ დაიკეტა ბოლომდე.  საბოლოოდ აშშ-ს არმიამ თავი შეიკავა რეზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ოფიციალურად შეიარაღებაში მიღებისგან, მაგრამ იგი შეიარაღებაში მიიღო აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა. გადაწყდა, რომ თითო დივიზიაზე გამოყოფილიყო 4 200 ცალი პისტოლეტ-ტყვიმაფრქვევი და დაახლოებით 500 ცალი თითო ქვეითთა პოლკისთვის.  თავდაპირველად „Reising M50“ გადაეცა საზღვაო ქვეითთა ოფიცრებს და სერჟანტებს.  გარკვეული რაოდენობით საკეცი დუგლუგიანი ვარიანტი „Reising М55“ მოხვდა საზვაო ქვეითთა კორპუსის პარაშუტისტთა (Paramarines) რიგებში, ჯავშანმანქანების ეკიპაჟის შეიარაღებაში და ასევე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ნაწილი  გადაეცა წყალქვეშა ნავების ეკიპაჟს.
მოვლენების ამ ფორმით განვითარების საფუძველზე, კომპანია „H & R„ -მა (Harrington & Richardson Arms Company) მიიღო დაკვეთა იუჯინ რეიზინგის 100 000 ცალზე მეტ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე. შესაბამისად კომპანიის ჩარხები/დაზგა-დანადგარები სრული დატვირთვით ამუშავდა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბმაც M50/M55 დაიწყეს საზღვაო ქვეითთა დივიზიებსა და პოლკებში შესვლა. თუმცა ჯერ არავინ იცოდა რა ბედი ეწეოდა საპოლიციო დანიშნულებით შექმნილ იარაღს, რომელიც ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, ნაჩქარევად მოხვდა სამხედროების ხელში. გაამართლებდა სამხედროების მოლოდინს? გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას? ამაზე სტატიის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.

გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> Reising M50/M55 (ნაწ. 2) 

No comments:

Post a Comment