Reising M50/M55 (ნაწ. 2)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> Reising M50/M55 (ნაწ. 1)

ბრძოლა გუადალკანალისთვის ანუ ოპერაცია „საყარაულო კოშკურა“ (Operation „Watchtower“)
პირველი მასიური საბრძოლო შეტაკება რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებმა გაიარა 1942 წლის 7 აგვისტოს, როდესაც I საზღვაო დივიზიის 11 000 -მა მებრძოლმა მოახდინა სოლომონის კუნძულებზე გუადალკანალის (Guadalcanal) პლიაჟის იერიში.  ამავე თარიღში პირველი საზღვაო რეიდერის (1st Marine Raiders Battalion) წევრების მიერ Reising M50 და  M55 გამოყენებულ იქნა იქვე სამხრეთით არსებულ პატარა კონძულ ტულაგისთან (Tulagi) და ტანამბოგოსთან (Tanambogo) გაჩაღებულ ბრძოლაში.
ასევე საზღვაო ქვეითთა ორი სადესანტო როტა იყენებდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ  Reising M55-ს, როდესაც თავს დაესხნენ ტულაგსა და ტანამბოგოს შორის მდებარე  კუნძულ გავუტუს (Gavutu). ამას გარდა საკეც დუგლუგიანი Reising M55 გამოიყენებოდა წყლქვეშა ნავების და ჯავშანტექნკის ეკიპაჟის წევრების მიერ. საბრძოლო პრაქტიკამ ძალიან მალე გამოავლინა  იუჯინ რეიზინგის პირველი თვალშისაცემი ნაკლოვანებები, რომელიც საკმაოდ მრავლად იყო.
უარყოფითი მხარეები და ნაკლოვანებები
სამოქალაქო და საპოლიციო დანიშნულებისთვის შექმნილი რეიზინგი თავიდანვე გათვლილი იყო ცივილურ საექსპლუატაციო პირობებზე. შესაბამისად ვერ უმკლავდებოდა რთულ საარმიო პირობებს, რაც ნათლად დადასტურდა სოლომონის კუნძულებთან ბრძოლის დროს. იგი ნაკლებად გამოდგებოდა ისეთ საბრძოლო პირობებში, როგორიც იყო წყნარი ოკეანის სანაპირო. მარიალინი წყლის და ქვიშის  კომბინაცა უარყოფითად აისახებოდა იარაღის საიმედოობაზე. შესაბამისად იარაღი საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო გაწმენდილი და გაპოხილი, რომ არ მომხდარიყო შეფერხებები. ამ ყველაფერს ასევე ემატებოდა ვულკანური წარმოშობის ფერფლი, რომელიც წყნარი ოკენაის თითქმის ყველა კუნძულზე მრავლად იყო.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სასხლეტი მექანიზმი იყენებდა საკმაოდ ფაქიზ დეტალებს, რომლებიც ნესტიან კლიმატურ პირობებში ძალიან მალე ჟანგდებოდა და წარმოქმნიდა შეფერხებებს. რიგ შემთხვევბში კი საერთოდ ტყდებოდა.  როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის პირველ ნაწილში, რეიზინგის მჭიდი იყო ვაზნების ორრიგიანი (ჭადრაკული) წყობით და ჰქონდა ვაზნების ერთრიგიანი გამოსასვლელი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვაზნების გადაწყობა მჭიდის გამოსასვლელში 2 რიგიდან ხდებოდა ერთ რიგზე. თუკი ვაზნების გამოსასვლელში მჭიდის ტუჩები გაიღუნებოდა ან რაიმე მიზეზით დეფორმირდებოდა იარაღი ვეღარ მუშაობდა სათანადოდ. ასეთი რამ საბრძოლო პირობებში საკმაოდ ხშირად ხდებოდა. გარდა ამისა სავსე მჭიდის დავარდნის შემთხვევაში ხშირი იყო მისი დაზიანება. ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარება შეიძლება ითქვას, რომ „სასაცილო“ მეთოდით გადაწყვიტეს. ადგნენ და გააკეთეს ერთრიგიანი მჭიდი, რომელიც მხოლოდ 12 ცალ ვაზნას იტევდა.
1. 12 ცალ ვაზნაზე გადაკეთებული ერთრიგიანი მჭიდი. მჭიდს გვერდებიდან გააჩია ჩანაჭყლეტი ღარები, როემლიც უზრუნველყოფდა ვაზნების ერთ რიგად ცენტრირებას; 2. 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი ორრიგიანი მჭიდი;
3. 30 ცალ ვაზნაზე  გათვლილი მჭიდი, რომელიც მოგვიანებით შემუშავდა.
 
ავტომატური იარაღისთვის 20 ვაზნიანი მჭიდიც კი ნაკლებად ეფექტურია და 12 ვაზნაზე გათვლილი მჭიდით Reising -ის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ფაქტიურად გადაიქცა თვითდამტენ კარაბინად, რომელსაც ჰქონდა ავტომატურ სროლის რეჟიმზე გადამრთველი და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთვევაში გამოიყენებდა მებრძოლი. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ასევე გაკეთდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებიც. გარკვეული წყაროების თანახმად ასევე არსებობდა ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის გათვლილი, 50 ცალ ვაზნიანი  დისკისებური მჭიდები, რომელიც გადაკეთების შემდეგ გამოყენებოდა რეიზინგის იარაღზე.
უარყოფით მხარეს წარმოადგენდა ასევე Reising-ის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის რთული კონსტრუქცია, რომელიც იყენებდა მცირე ზომის ზამბარებს, სარჭებს და ბერკეტებს. ეს ყველაფერი ბუნებრიავა ართულებდა იარაღის დაშლა აწყობას და მომსახურებას საველე პირობებში.  სროლის რეჟიმების მცოცავი გადამრთველი სიბნელეში იყო მოუხერხებელი რადგანაც მებრძოლი მასზე ხელის შეხებით და ინტუიტიურად ვერ დაადგენდა რომელ პოზიციაში (მცველი, ავტომატურუ რეჟიმი, ერთეული გასროლების რეჟიმი) იმყოფებოდა გადამრთველი. გადასატენი სახელურიც საკმაოდ მოუხერხებლად იყო ჩამალული ხის სარეცელში. ხშირ შემთხვევაში იარაღის გადასაკიდი ღვედი ფარავდა გადასატენ სახელურს და ართულებდა იარაღის საბრძლო მდგომარეობაში მოყვანას, რადგანაც მსროლელს ხელით უნდა გადაეწია ღვედი და შემდეგ გადეტენა იარაღი.

ღია სამიზნე მოწყობილობას არ ჰქონდა გვერდითი დამცავი ყურები, შესაბამისად დავარდნის ან მყარ ზედაპირზე დაჯახებისას მარტივად ზიანდებოდა. საბრძოლო პრაქტიკამ ასევე აჩვენა, რომ უკანა რეგულირებადი სამიზნე მოწყობიოლობის დამჭერი ხრახნი მარტივად ძვრებოდა ლულის კოლოფიდან და იკარგებოდა თუ საიმედოდ არ მოხდებოდა მისი მოჭერა.
მსროლელს გასაწმენდათ რომ დაეშალა იარაღი, საჭირო იყო ხრახნების დაშვება დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენებით და მჭიდის მიმღების დამჭერი ღერძების აკურატული გამოღება, რაც საველე პირობებში დამატებით „თავის ტკვილის“ წარმოადგენდა. ამას გარდა იზრდებოდა მცირე დეტალების დაკარგვის რისკი. როდესაც აწყობის დროს მოხდებოდა ღერძების თავის ადგილზე დამაგრება თუ მათი ბოლოები რომელიმე მხარეს იყო გამოშვერილი, შეუძლებელი ხდებოდა ლულის კოლოფის ჩასმა ხის სარეცელში შესრულებულ ვიწრო ჭრილში.
მთლიანობაში იარაღის კონსტრუქცია იყო საკმაოდ რთული და თან ახლავდა ხშირი შეფერხებები, რაც ლულის კოლოფის კედელზე არსებული დახრილი ღარის მტვრით და დენთის ნამწვისგან დაბიძნურებით იყო გამოწვეული. ხშირ შემთხვევაში საკეტი არ მიდიოდა (იხურებოდა) ბოლომდე და ასეთ დროს ცილინდრული დამრტყმელი რჩებოდა ბლოკირებული. შესაბამისად მსროლელი სასხლეტზე თითის დაჭერით ვერ ანხორციელებდა გასროლას. ამდაგვარი შეფერხებისას რთული იყო საკეტის ძალისმიერი მეთოდით ხელით დახურვა რადგან  გადასტენი სახელური ხისგან დამზადებული სარეცელის ქვემოთ, სპეციალურ ღარში იყო ჩამალული და მასზე ხელით ზემოქმედებით მსროლელი მარტივად ვერ დახურავდი საკეტს.

დამატებითი პრობლემა დაფიქსირდა „Reising M55“-ის შემთხვევაში. კერძოდ, დუგლუგი სროლის დროს თავისით იკეცებოდა. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ნაჩქარევად შესრულებული დუგლუგის ფიქსატორი, რომელიც სათამაშო იარაღზე თუ გამოდგებოდა. მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელსაც ასეთი პრიმიტიული დუგლუგი და დუგლუგის ფიქსტრი აქვს.
ფოტოზე (სასხლეტი კავის ზემოთ) კარგად ჩანს დუგლუგის ფიქსატორი რომელიც 2 ცალი ყურისგან შედგება

ზევით მოყვანილი უარყოფითი ფაქტორებიდან გამომდინარე Reising M50 და Reising M55 ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსში (USMC - United States Marine Corps) სარგებლობდა ძალზედ ცუდი რეპუტაციით.

საპასპორტო ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცამების თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სროლის ტემპი შეადგენა 450-550 გასროლას წუთში, თუმცა რიგი წყაროების თანახმად სერიულ წარმოებაში ჩაშვებული Reising M50 -ის რეალური სროლის ტემპი მერყეობდა წუთში 750-850 გასროლამდე, ხოლო Reising M55-ის სროლის ტემპი შეადგენდა დაახლოებით 650-750 გასროლას წუთში.

მოვლა-მომსახურება / დაშლა-აწყობა
1942 წელს აბერდინის პოლიგონზე ჩატარებულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ იარაღის დაშლა-აწყობა საველე პირობებში იყო ძალიან რთული. შესაბამისად ამ ფაქტის გამო  მებრძოლები ხშირად არ ასრულებდნენ იარაღის წმენდის და მოვლის სრულყოფილ პროცესს, რაც თავის მხრივ დამატებით აჩქარებდა იარაღის ცვეთას და ზრდიდა შეფერხბების რაოდენობას.
იარაღის დაშლა ხდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით:
  1. მჭიდის მოხსნა;
  2. სარეცელის მოხსნა (ხდება ტიბჟირის ქვემოდან მჭიდის მიმღების უკან განთავსებული მასიური ხრახნის მოშვებით);
  3. ლულის კოლოფის ზურგის მოხსნა (ზურგი შესრულებული იყო ასევე მასიური ხრახნის სახით, რომელიც სახრახნისის გამოყენებით იხსნებოდა);
  4. საბრძოლო ზამბარის და ცილინდრული დამრტყმელის (ჩახმახის) გამოღება;
  5. საკეტის ჩარჩო გადასატენი სახლურით უნდა მოვქაჩოთ ისე, რომ გამოჩნდეს დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველი ღეროს წინა ნაწილში არსებული ჭუჭრუტანა და აღნიშნულ ჭუჭრუტანაში ჩავსვათ საბრძოლო ზამბარის ბოლო ნაწილი;
  6. ლულის კოლოფიდან მჭიდის მიმღების მოხსნა ხდება მისი დამჭერი 2 ცალი სოლისებურ სარჭის გამოგდებით;
  7. საკეტის ჩარჩოს, დამაბრუნბელი ზამბარის და მისი მიმმართველის ამოღება ლულის კოლოფიდან (საკეტის გამოღებისათვის საჭიროა დავიჭიროთ იარაღი ისე, რომ ლულა მიმართული იყოს ზევით და დავაწვეთ სასხლეტს, რის შემეგაც აღნიშნული დეტალი თავისი წონის ხარჯზე ჩამოვარდება ლულის კოლოფიდან);
  8. პისტოლეტ ტყვიამფრქვევის აწყობა ხდება უკუთანმიმდევრობით.
იარაღის ინსტრუქციის თანახმად არ იყო რეკომენდირებული მისი ხშირი დაშლა, რადგანაც აღნიშნული პროცესი უარყოფითად აისახებოდა დეტალების სიცოცხლისუნარიანობაზე და აჩქარებდა მათ ცვეთას. მებრძოლს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია  იმისათვის, რომ ძალდატანების გარეშე მოეხდინა იარაღის დაშლა-აწყობა. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ინსტრუქციაში ასევე გაწერილი იყო, რომ არ უნდა მომხდარიყო დეტალების შერევა ან ერთი ეგზემპლრიდან მეორეზე გადაყენება, რადგანაც ეს მომენტი შეიძლება გამხდარიყო იარაღის არასათანადო მუშაობის მიზეზი. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ იარაღის დეტალების მორგება ქარხნაში ხდებოდა ინდივიდუალურად. მაგალითად, რომ გავიხსენოთ საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ППШ-41 -ის დისკისებური მჭიდები მორგებული იყო კონკრეტული ეგზემპლარისთვის და ერთი მჭიდის მოხსნის და მეორე იარაღზე მორგბის შემთხვევაში 70% ალბათობით არ ხდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამართულად მუშაობა. ასეთი რამ შეიძლება სამოქალაქო იარაღისთვის მეტ ნაკლებად იყოს მისაღები, მაგრამ საარმიო იარაღისთვის ძალიან რთულია საველე პირობებში ვინმემ დაიწყოს სათადარიგო დეტალების ხელით მორგება. ეს ყველაფერი დამატებით ქმნიდა ლოჯისტიკურ პრობლემას, რადგანაც რემონტის დროს არ იყო საკმარისი დაზიანებული/ნაცვეთი დეტალის უბრალოდ ახალი დეტალით ჩანაცვლება. ხშირად კონკრეტულ დეტალი საჭიროებდა ინდივიადუალურ  მორგებას.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ავტორი Eugine G. Reising
დადებითი მხარეები
რათქმაუნდა იუჯინ რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ნაკლოვანებების და უარყოფითი მხარეების გარდა, ასევე ჰქონდა რიგი დადებითი თვისბეები.  პირველ რიგში იმ პერიოდში უდიდესი ყურადღება ექცეოდა იარაღის წარმოების ფასს, სიმარტივეს და წარმოებისთვის დახარჯულ დროს. რომელიც ტომპოსნის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოებასთან  შედარებით გაცილებით მარტივად, მცირე დროითი და ნაკლები მატერიალური რესურსის გამოყენებით იყო შესაძლებელი. ამას გარდა ჯერ კიდევ საპოლიგონო გამოცდებისას დადგინდა, რომ Reising -ს, ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან შედარებით ჰქონდა შესანიშნავი სიზუსტე. იარაღი განსაკუთრებულ სიზუსტეს აჩვენებდა ერთეული გასროლების რეჟიმში.  მას დამაკმაყოფლილებლად შეეძლო ცეცხლის წარმოება 300 იარდამდე (274 მეტრამდე), რაც განპირობებული იყო საკმაოდ მოსახერხებელი შაშხანის მსგავსი ხის კონდახით (ასევე  სარეცელით) და დახურული საკეტიდან სროლის წყალობით. სასხლეტზე თითის დაჭერის დროს მხოლოდ დამრტყმელის მოქმედებით წარმოიქმნებოდა  გასროლა და არა მასიური საკეტის ადგილიდან მოწყვეტით და წინ დაჯახებით, როგორც ღია საკეტიდან სროლის მქონე პრინციპით აგებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში ხდება. ეს ფაქტი კომპანია H&R-ისთვის გახდა მთავარი საამაყო მომენტი და სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას იარაღის სიზუსტეზე. ამას გარდა რეიზინგი იყო უფრო მსუბუქი,  გამოირჩეოდა კარგი ბალანსით და როგორც უკვე ავღნიშნეთ მისი წარმოება გარდა სიმარტივისა, ჯდებოდა ბევრად იაფი. რათქმაუნდა რეიზინგს ამ სიკეთეებს ვერ დავუკარგავთ.

რაც უფრო მეტ საბრძოლო შეტაკებებში უწევდა M50 / M55-ს მონაწილეობის მიღება, მით უფრო ბევრი ნეგატიური გამოხმაურებები და ჩივილები მოდიოდა საზღვაო კორპუსის მხრიდან. თუმცა სხვა ალტერნატიული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლითაც შეცვლიდნენ Reising M50 / M55-ს აშშ-ში ჯერ არ ჩანდა. სწორედ  ამ პერიოდში აშშ-ს საარტილერიო დეპარტამენტმა დღის წესრიგში დააყენა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის საკითხი და შემდეგ მოახდინა კონკურსის ინიცირება, რომლის  ფარგლებშიც გამარჯვებული გახდა ჯორჯ ჰაიდის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი  ( სტატია აღნიშნულ იარაღზე იხილეთ მოცემულ ბმულზე M3 “Grease Gun”). თუმცა ამით Reising M50/M55-ის სამსახური აშშ-ს საზღვაო კორპუსში არ დასრულებულა, შესაბამისად კიდევ გვაქვს მოსაყოლი საინტერესო ამბები, რომელსაც სტატიის მესამე ნაწილში იხილავთ.
სტატიის გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> Reising M50/M55 (ნაწ. 3)

No comments:

Post a Comment