Reising M50/M55 (ნაწ. 3)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> Reising M50/M55 (ნაწ. 1)
სტატიის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> Reising M50/M55 (ნაწ. 2)

1942 წლის შუა პერიოდიდან, აშშ-ს არმიის სხვადასხვა დანაყოფებში დაწყებულ იქნა ახალი კომპაკტური კარაბინის „M1 Carbine“ მიწოდება, რომელიც იმ დრისთვის წარმოეადგენდა ერთგვარ შუალედურ იარაღს შაშხანასა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შორის, ხოლო 1943 წელს არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა წარმოებისთვის მარტივი და იაფფაისიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი М3 “Grease Gun”. აღნიშნული იარაღი ტომპსონის სისტემის ძვირადღირებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ჩანაცვლების მთავარ ალტერნატივად განიხილებოდა. ამავე პერიოდში ასევე შეიცვალა ტომპოსნის წარმოების ტექნიკური და ტექნოლოგიური ასპექტები, რამაც საგრძნობლად გაამარტივა და გააიაფა ტომპსონის წარმოება.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსში (United States Marine Corps - USMC) რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები (Reising M50/M55) თავიდანვე მოხვდა იმ მიზეზით, რომ მათ არ ჰქონდათ ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების საჭირო რაოდენობდა და საკმაოდ დიდი შეფერხებები იყო მიწოდების კუთხით, ხოლო ახლად შემუშავებულ და აშშ-ს არმიის მიერ შეიარაღებაში მიღებულ მსუბუქ კარაბინს „М1 Carbine“ ჯერ კიდევ არ ურიგებდნენ საზღვაო ქვეითებს. მათ ჰქონდათ რეიზინგი და მცირე რაოდენობით ტომპოსნის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომელიც რეიზინგთან შედარებით იყო მძიმე და ამავდროულად ჯუნგლებში/ტყეებში პატრულირებისას უფრო მოუხერხებელი.
მეორე მსოფლიო ომი, გუადალკანალი, 1st Marine Raider Battalion -ის მებრძოლი
ისტორიას თუ დაავუჯერებთ, საზღვაო ქვეითთა მთელმა ბატალიონმა (კონკრეტულად 1st Marine Raider Battalion) ვიცე პოლკოვნიკ მერიტ ედსონის (Merritt A. Edson) ბრძანებით გუადალკანალთან მდებარე მდინარე ლუნგაში (Lunga) გადაყარა რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სანაცვლოდ მიეღოთ უფრო უკეთესი იარაღი. ხშირ შემთხვევაში ასეთი იარაღი იყო აშშ-ს საშტატო გრძივად მოსრიალე საკეტიანი Springfield-ის შაშხანა ან თვითდამტენი კარაბინი “M1 Carbine”.  
1943 წელს საზღვაო ქვეითთა კორპუსშსი დაიწყო Reising M50 / M55 -ის სანაცვლოდ ახალი იარაღების მიწოდება, მაგრამ ძალზედ შეზღუდული რაოდენობით.  მებრძოლთა მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა თვითდამტენი კარაბინი „M1 Carbine“. შესაბამისად საზღვაო ქვეითები ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე მოეშორებინათ რეიზინგი და აეღოთ სხვა იარაღი.
ნავაჰოს რადისტ-გამშიფრავები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მონაწილეობას იღებდნენ წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე გამართულ საბრძოლო მოქმედებებში. აღნიშნული მებრძოლები შერჩეული და მომზადებული/გაწვრთნილი იყვნენ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ
1943 წლის მიწურულს მრავალმხრივი უარყოფითი გამოხმაურებების, ჩივილების და საზღაო ფეხოსანთა პროტესტის შედეგად „Reising“-ის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბი მოხსნილ იქნა აშშ-ს ფლოტის საზღვაო ქვეითთა დანაყოფებიდან. თუმცა მას სრულად არ დაუტოვებია შეიარღებული ძალები. იგი გადაეცა საზღვაო სანაპირო დაცვის დანაყოფებს, სახელმწიფო დაცვის/სახელმწიფო გვარდიის და ტერტორიული დაცვის ძალების (State Defense Forces) იმ დანაყოფებს, რომლებიც აწარმოებდნენ სამხედრო ქარხნების, ხიდების და სხვ სტრატეგიული ობიექტების დაცვს.  ასევე გარკვეული ნაწილი მოხვდა გემების დანაყოფებში (ე.წ. Ship detachment), გემების სამეთაურო შემადგენლობაში, დაზვერვის სამსახურში (OSS) და პოლიციაში.
აშშ-ს საზღვაო სანაპირო დაცვის დანაყოფის პატრული რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით
მას შემდეგ რაც „M1 Carbine“ გარკვეული რაოდენობით გავრცელდა შეიარაღებულ ძალებში, რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ნაწილი დასაწყობების ნაცვლად სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცათ აშშ-ს სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნებს. მათ შორის საბჭოთა კავშირს (СССР), რომელმაც ლენდ-ლიზის პროგრამით მიიღო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები Reising M50. იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირში მებრძოლებს ესწავლათ რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, შემუშავდა რუსულენოვანი სახელმძღვანელო ინსტრუქცია (ე.წ. НСД). ცნობისთვის, საბჭოთა საექსპლუატაციო ინსტრუქციაშიც კი კატეგორიულად იქნა გაწერილი, რომ ერთი იარაღის დეტალები არ უნდა აერიათ მეორე იარაღის დეტალებში. (ამ საკითხზე ჩვენ სტატიის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ).
გარდა ზემოაღნიშნულისა კანადამ შეიძინა Reising M50-ის გარკვეული რაოდენობა რომელიც მოხვდა კანადის ორ ბატალიონში. რეიზინგებთან ერთად კანადას გადაეცა შაშხნები .30-06 M1917 Enfield და .30-06 კალიბრის ვაზნაზე გათვლილი ლუისის სისტემის ტყვიამფრქვევები. კანადის ერთერთი დანაყოფი, რომელიც იყენება რეიზინგს იყო „2 Bn Seaforth Highlanders of Canada“. ამას გარდა M-50-ის ნაწილი გადაეცა კანადის ვეტერანთა გვარდიას, რომლებიც იარაღს იყენებდნენ გერმანელი ტყვეების საყარაულოდ.
ომის შემდგომ ათასობით „Reising Model 50“ იქნა შესყიდული აშშ-ს სახელმწიფო, საოლქო და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ ამპლუაში იარაღი ბევრად უფრო წარმატებულ აღმოჩნდა და უფრო კარგი რეპუტაცია მოიხვეჭა, ვიდრე შეიაარღებულ ძალებში. რა თქმა უნდა ეს არცაა გასაკვირი, რადგან რეიზინგი სწორედ ამ დანიშნულებით შემუშავდა და არა როგორც სამხედრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. 
წარმოება
რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების M50/M55 წარმოება გაგრძელდა 1945 წლამდე. ამ პერიოდში კომპანია H&R -ის მიერ დმზადებულ იქნა დაახლოებით 100 000 ცალზე მეტი პისტლეტ-ტყვიამფრქვევი (რიგი წყაროების თანახმად 120 000 ცალი). წარმოების თვალსაზრისით, სანამ აშშ-ში გამოჩნდებოდა M3 “Grease Gun”, რეიზინგი ითვლებოდა ერთერთ ყველაზე ტექნოლოგიურ ავტომატურ იარაღად.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის განკუთვნილი 1 ცალ ლულის არხში 6 ცალი მარჯვნივმიმართული ჭრილის  ფორმირებას და ლულის საბოლოო სახით დამზადებას იმ პერიოდისთვის ახალი ავტომატიზირებული პროცესის გამოყენებით ესაჭიროებოდა 15 წუთი (რიგი წყაროების თანახმად საბოლოოდ ეს დრო შემცირებულ იქნა 12 წუთამდე). 
კომპანია H&R-ს დღეში შეეძლო მაქსიმუმ 1000 ცალი რეიზინგის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დამზადება. ამსთან ერთად გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტორიც, რომ რეიზინგის წარმოებისას  გამოყენებული ინსტრუმენტების და ჩარხების/დაზგა-დანაგარების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 50 წლის წინ იქნა დამზადებული.
გარკველი წყაროების თანახმად რეიზინგის სისტემის 1 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ჯდებოდა 50$ (შედარებისთვის ტოპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ღირებულება წლების მანძილზე იყო შემდეგი სახის: პრველი ვარიანტები ჯდებოდა 225$, გადამუშავების შემდეგ ფასი ჩამოვიდა   209$ -ზე. ხოლო საბოლოოდ გადამუშავებული მოდელი სახელწოდებით „M1A1“ 1942 წელს ჯდებოდა 70$. ომის მიწურულს 1944 წლის თებერვალში მისი ღირებულება შემცირდა 44-45$ -მდე). 1950-ან წლებში კომპანია H&R-მა მცირე პარტიებად კვლავ განაახლა  Reising M50-ის წარმოება, რომელიც გაგრძელდა 1957 წლამდე. ამ პერიოდში სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 5500 ცალი ეგზემპლარი.  
ვარიანტები და მოდიფიკაციები
როგორც უკვე ვისაუბრეთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Reising მზადდებოდა ორი საბაზისო მოდიფიკაციის სახით: 1. Reising M50, რომელსაც ჰქონდა მთლიანი ხის სარეცელი (არსებობდა ეგზემპლარები წინა დამატებითი სახლურით, თუმცა ასეთი ვარიანტი არ გავრცელდა). 2 საპარაშუტო დესანტისთვის და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ვარიანტი Reising M55, რომელიც აღჭურვილი იყო მეტალის საკეცი დუგლუგით და ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურით.
კომერციული და სამხედო მოდელები
ზოგადად გავრცელებულია მოსაზრება, რომ რეიზინგის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „M50“ და „M55“ იწარმოებოდა „კომერციული“ და „სამხდრო“ ვარიანტების სახით. თუმცა კომპანია „H&R“ არცერთ დოკუმენტში არ აკეთებდა განსაზღვრას, რომ ცალკე აწარმოებდა კომერციულ ვარიანტს და ცალკე სამხედროს. ასეთი კლასიფიცირება გაჩნდა კოლექციონერების მიერ. როგორც წესი კოლექცონერები ე.წ. „კომერციულ მოდელს“  უწოდებენ რეიზინგის ადრულ ვარიანტებს, რომელიც გამოირჩეოდა შემდეგი ნიუანსებით: 1. დაფარვა გაკეთებული იყო მუქი ფერის პრიალა (პოლირებული) სახით; 2. სამიზნე მოწყობილობა ლულის კოლოფზე დაფიქსირებული იყო კერნირების მეთოდით და არა ხრახნისებური ფიქსატორით; 3. ლულაზე ჰქონდა 28 ან 29 ცალი ნეკნი; 4. ჰქონდა მცირე კოსმეტიკური და ტექნიკური სხვაობები. ასეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სერიული ნომრები მერყეობდა 1-20000 დიაპაზონში. „კომერციული მოდელის“ ადრეულ ვარიანტებს ღვედის სამაგრები განლაგებული ჰქონდა სარეცელის და კონდახის მარჯვენა მხარეს. მოგვიანებით სამაგრებმა გადაინაცვლს სარეცელის და კონდახის ქვემოთ.
1. M50 ე.წ. კომერციული ვარიანტი; 2. M50 სამხედრო ვარიანტი; 3. M55 სამხედრო ვარიანტი. 
„სამხედრო ვარიანტები“, როგორც წესი გამოირჩეოდა შემდეგი კომპონენტებით: 1. მისი დაფარვა ძირითადად იყო პარკერიზებული სახის მონაცრისფრო ელფერით,  რომელიც არ პრიალებდა; 2. უკანა სამინზე მოწყობილობა ლულის კოლოფზე ძირითადად დამაგრებული იყო ხრახნისებური ფიქსატორით; 3. ლულაზე შესრულებული ჰქონდა 14 ცალი ნეკნი; 4. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მარკირებული იყო საკონტროლო დამღებით „PH“ ან „Pm2“ და მათი სერიული ნომრები მერყეობდა 20 000 დან 120 000 მდე დიაპაზონში.
არსებობდა ასევე ვარიანტები, რომლებიც შერეული დეტალებით მზადდებოდა, რაც გამოწვეული იყო ქარხნის საწყობში არსებული დეტალების (ლულა, ლულის კოლოფი, სამიზნე მოწყობილობები) მარაგებიდან. შესასაბამისად ასეთ ეგზემპლარებს შესაძლოა ჰქონდეს ე.წ. „კომერციული“ ტიპის ლულა და „სამხედრო“ ტიპის ლულის კოლოფი ან სხვა დეტალები.
სხვაობა იყო ასევე მჭიდების კუთხით. კომპანია H&R წლების მანძილზე აწარმოებდა მჭიდების სხვადასვა ვარიანტს. მჭიდები თაობების მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგი სახით:  I და II თაობის მჭიდებს ჰქონდა გლუვი კედლები და მასში 2 რიგად თავსდებოდა 20 ცალი ვაზნა.  პირველი თაობის მჭიდს მარცხენა მხრიდან ჰქონდა 5 ცალი ნასვრეტი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი აკონტროლებდა მჭიდში ვაზნების რაოდენობას. აღნიშნული ნასვრეტები მეორე თაობის მჭიდებიდან ამოიღეს, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო მჭიდის შიგნით ქვიშის, მტვრის და ჭუჭყის მოხვედრა, რაც ხშირად ხდებოდა იარაღის შეფერხების მიზეზი. მესამე თაობის მჭიდს გვერდებიდან სიგრძეზე ჰქონდა ჩანაჭყლეტი ღარი, რაც უზრუნველყოფდა 12 ცალი ვაზნის ერთ რიგად განთავსებას. (ამ საკითხზე და მის საჭიროებაზე უკვე ვისაუბრეთ სტატიის მეორე ნაწილში).
თვითდამტენი კარაბინი M60
განსაკუთრებით იშვით ვარიანტს წარმოადგენს აშშ-ს საშტატო ვაზნაზე .45ACP გათვლილი თვითდამტენი კარაბინის სახით შესრულებული მოდელი М60, რომელსაც არ ჰქონდა ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობა. თვითდამტენი კარაბინი “Reising M60” განკუთვნილი იყო პოლიციისთვის და ასევე გამოიყენებოდა სამხედროების და გასამხედროვებული დაცვის წევრების მოსამზადებლად.
თვითდამტენი კარაბინი “Reising М60”
გარკვეული წყაროების თანახმად “Reising М60” მცირე რაოდენობით ჰქონდათ ასევე საზღვაო ქვეითთა ოფიცრებს. “Reising М60”-ის სერიული წარმოება ხდებოდა 1944 წლიდან 1949 წლის ჩათვლით და სულ ამ პერიოდში დამზადებულ იქნა 3200 ცალი ეგზემპლარი, რომელთა გარკვეული ნაწილი გადაეცათ სახალხო გვარდიის წევრებს და სამოქალაქო სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე მცირე რაოდენობით მოხდა მათი გაყიდვა, როგორც სამოქალაქო (კომერციული) იარაღი. Reising M60-ის საერთო სიგრძე შეადგენდა 1020 მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 457მმ-ს.
რიგი წყროების თანახმად, კომპანია H&R რეიზინგ M60-ს აპიარებდა როგორც დაცვის სამსახურებისთვის (მაგალითათ ციხეებისთვის და სხვა პენიტენციალურ სისტემებისთვის, ასევე სხვადასხვა  ობიექტების დაცვის სამსახურებისთვის) განკუთვნილ იარაღს.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს და მის შემდგომ, წარმოებაში ჩაეშვა ასევე იუჯინ რეიზინგის იარაღის მცირეკალიბრიანი ვარიანტები, რომელიც წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე იყო გათვლილი.
წრიული აალების ვაზნაზე (.22LR) გათვლილი სავარჯიშო მოდელები:
Reising М65 პროტოტიპის სახით შეიქმნა 1943 წელს და იწარმოებოდა 1944 წლიდან 1945 წლის მაისამდე პერიოდში. იგი განკუთვნილი იყო საზღვაო ქვეითთა  მოსამზადებლად და სხვადასხვა წვრთნებისთვის. გარკვეული წყაროების თანახმად კომპანია “H&R”-მა მოგვიანებით მათი წარმოება მცირე სერიებად განაახლა სამოქალაქო ბაზრისთვის და ასევე მცირე რაოდენობით მოხვდა საზღვაო ქვეითთა რიგებში ახალწვეულთა მოსამზადებლად.
შაშხანა “M65”
1945 წლის მაისიდან “M65” ჩაანაცვლა გნახლებულმა მოდელმა სახელწოდებით Model 165 "Leatherneck". იგი წარმოადგენდა წინამორბედი მოდელის  (M65) შემსუბუქებულ ვარიანტს.  Model 165 "Leatherneck"-ის მჭიდში თავსდებოდა 10 ცალი წრიული აალების ვაზნა .22LR. სასხლეტის დამცავი კავი დამზადებული იყო პლასტმასისგან. H&R-ის 1953 წლის კატალოგში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანამად Model 165 "Leatherneck"-ის წარმოება შეწყდა.
პარალელურად იწამოებოდა Model 165 -ის გამარტივებული ვარიაცია სახელწოდებით Model 150 "Leatherneck". იგი დაკომპლექტეული იყო 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოკლე მჭიდით და ორმაგ სიბრტყეში რეგულირებადი დიოპტრული სამიზნის ნაცვლად ჰქონდა ჰქონდა უბრალო უკანა სამიზნე თამასა.
Model 150 "Leatherneck"
კომპანია H&R-ის 1949 წლის 1 ოქტომბრის ფასთა ცნობარში (ე.წ. პრაის ლისტში) Model 150 "Leatherneck" -ის ღირებულება შეადგენდა 49,50 $-ს.  ასევე არსებობდა მისი ვარიანტი Model 151 "Leatherneck", რომელიც გამოირჩეოდა უკეთესი სამიზნე მოწყობილობით და ღირდა 53,50$.
„Reising MC-58“ წარმოადგენდა M65-ის ანალოგს. მისი მცველი განლაგებული იყო სასხლეტის წინ და ფუქნციონრებდა  თვითდამტენი შაშხანის M1 Garand  და M14 -ის იდენტურად. მას 1959 წლიდან იყენებდნენ ჯარისკაცების მოსამზადებლად. 
მიუხედავად იმისა, რომ Reising M50/M55 იყო არასაიმედო იარაღი და საზღვაო ქვეითთა რიგებში სარგებლობდა ცუდი რეპუტაციით, მან მაინც დატოვა გარკვეული კვალი ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში. როგორც უკვე ავღნიშნეთ იგი 1942 წელს ითვლებოდა აშშ-ში საკმაოდ ტექნოლოგიურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად. ამას გარდა Reising M50 აშშ-ს, კანადის და საბჭოთა კავშირის გარდა, სხვა ქვეყნებშიც იმყოფებოდა არაოფიციალურ შეიარაღებაში. ეს ქვეყნები იყო: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კოსტა რიკა, საფრანგეთი, ფინეთი, ახალი ზელანდი, ფილიპინები, ურუგვაი, ვენესუელა. ასევე მცირე რაოდენობით გამოიყენებოდა დიდი ბრიტანეთის მიერ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაალაფარი იარაღის სახით მოპოვებულმა რეიზინგმა ნაცისტური გერმანიის რიგებშიც „ამოყო თავი“.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რეიზინგ M50/M55 აშშ საზღვეო ქვეითთა მიერ აღარ გამოიყენებოდა, თუმცა ვიეტნამის ომის პერიოდში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გარკვეული ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ მკვდრეთით აღსდგა და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საბრძოლო ეპიზოდებში.

No comments:

Post a Comment